გერმანული ჟურნალის „ბრიგიტეს” კოლუმნისტმა სონია ნიმანმა მეგობრების წრეში ისეთი გამოკითხვა ჩაატარა, როგორსაც 90-იანი წლების ედინბურგში იყენებდა ნეიროფიზიოლოგი დევიდ ვიკსი. ორივე მათგანის ყურადღების ცენტრში იყვნენ ახირებული ჩვევებით გამორჩეული ადამიანები. ნიმანის ერთი მეგობარი თავის ველოსიპედს ისე არ მიამაგრებს ტროტუარის მოაჯირს, რომ არ გამოელაპარაკოს: „ლილი, აბა, შენ იცი, აქ იყავი და დილით გნახავ!” მეორეს შოკოლადის ასორტის კოლოფიდან ერთი განსაკუთრებული სახის პრალინი აქვს ამოჩემებული და თუ სხვამაც წაავლო ხელი გემოს გასასინჯად, ნერვები ეშლება, ერთ ნაცნობს კი პლასტმასის ბოთლიდან კეტჩუპის გადმოსვლის ხმა აგიჟებს.
სონია ნიმანი წერს, რომ ამ პატარ-პატარა, ღიმილის მომგვრელ ახირებათა გამოაშკარავება იოლია. რაც შეეხება დიდ ხუშტურებს, მათზე საუბარს ერიდებიან, რადგან, თუ გამოამჟღავნეს, შესაძლოა, არანორმალური უწოდონ და ფსიქიატრთან წასვლაც კი ურჩიონ.
მაგალითად, მართვის მოწმობის მქონე ადამიანი ვერ ჯდება საჭესთან, რადგან გამუდმებით ერთ კრიტიკულ სიტუაციაზე ფიქრობს: რა მოხდება, მთელი სიჩქარით მიმავალს, საგზაო ნიშანმა უეცრად მარცხნივ გადახვევაზე რომ მიუთითოს? შეძლებს მოხვევას თუ პირდაპირ განაგრძობს გზას და რამეს შეეჯახება?
ზოგ ახალგაზრდა ქალს ღილების დანახვა ზიზღს ჰგვრის და შესაძლოა, ხმამაღლაც კი გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება, როცა სხვები ღილებს იკრავენ. ვიღაცებს ამორჩეული აქვთ სალონში ჩასაცმელი ტანსაცმელი, რომელსაც, შინ დაბრუნებულები, სასწრაფოდ რეცხავენ და ამ ტანსაცმლით არასდროს ჩამოჯდებიან საკუთარ სკამსა თუ სავარძელზე. ვიღაცები შინიდან გასვლამდე რამდენიმეჯერ ამოწმებენ ონკანს და, გარეთ გასულები, უკანაც კი ბრუნდებიან შესამოწმებლად, თუმცა ონკანი დაკეტილი ხვდებათ. ვიღაცები ასევე ამოწმებენ ბინის კარს.
ეს სახუმარო ამბავი აღარაა. ასეთ ადამიანებს ეჭვის თვალით უყურებენ, რადგან მათი ქცევა არანორმალურად აღიქმება და ამ ადამიანებზეც ასეთივე შთაბეჭდილება რჩებათ.
ფსიქიატრმა (თანაც პროფესორმა) იოზეფ ალდენჰოფმა გამოაქვეყნა წიგნი სათაურით „Bin ich Psycho… oder geht das von aleine weg?” („ნორმალური ვარ… თუ მარტო მივუყვები გზას?”), რომელიც სწორედ ასეთ ქცევებს ეძღვნება. ფსიქიატრს შეუძლია თქვას, ნორმალურები არიან თუ არა ზემოხსენებული ადამიანები. პროფ. ალდენჰოფი კი ასეთ შეფასებას აკეთებს: „რას გულისხმობს სიტყვა „ნორმალური”? ნორმალურობას საზოგადოება განმარტავს. განმარტება დროსთან ერთად იცვლება. ამიტომ მართებული იქნება კითხვის ამგვარად დასმა: „მაწუხებს ეს ახირებული ჩვევა?” ან ასე: „მე ან ვინმე სხვას ხომ არ აწუხებს ჩემი ახირება?” თუ სხვას ვაწუხებთ ჩვენი აკვიატებული ქცევით, დახმარება უნდა ვითხოვოთ. თუ არა, მაშ, სასწრაფოდ რამის შეცვლა აუცილებელი არ ყოფილა.
კაპრიზები ადამიანის ხასიათს ზოგჯერ უფრო საინტერესოს ხდის. ასეთ ადამიანებს ექსცენტრულებს უწოდებენ.
ნეიროფიზიოლოგმა დ. ვიკსმა ძალიან საინტერესო ადამიანები გაიცნო სტატიის დასაწყისში ხსენებული კვლევის დროს. ისინი შეშლილებს სულაც არ ჰგავდნენ. ერთი მამაკაცი „უკან-უკან” მიდიოდა, ანუ ცდილობდა, გაცილებით ახალგაზრდულად მოქცეულიყო, ერთ ქალბატონს შინ 7500 ბაღის ჯუჯა ჰქონდა, ვიღაცა კარტოფილით იყო ისე გატაცებული, რომ ყველაფერი იცოდა მისი ჯიშების, გამრავლების, მოშენებისა და მომზადების შესახებ, ვიღაცა რობინ ჰუდივით იცვამდა და ტყეში ათევდა ღამეებს, ვიღაცა თავის გამოგონილ ენაზე ლაპარაკობდა და ვიღაც ხის ჯვარცმით დადიოდა სასაფლაოზე, რომ მიცვალებულები ვამპირებისგან დაეცვა.
ვიკსმა დაადგინა, რომ ყველა ამ უცნაურ ადამიანს საშუალოზე მაღალი ინტელექტი ჰქონდა. ისინი შემოქმედებითი პიროვნებები იყვნენ და ცნობისმოყვარეობით გამოირჩეოდნენ. უმთავრესი კი ისაა, რომ თავიანთ ახირებულ ჩვევებს აცნობიერებდნენ, თავს ბედნიერად გრძნობდნენ და სხვის შეფასებებს მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ.
ვიკსის აზრით, ექსცენტრული ადამიანები არსებითად განსხვავდებიან ნევროზულებისგან. ნევროზულები განიცდიან თავიანთ ახირებულ ხასიათს და რაკი „ნორმალური” ადამიანებისგან განსხვავდებიან, თავს არასრულფასოვნებად გრძნობენ. ექსცენტრულებმაც იციან, რომ სხვებს არ ჰგვანან, მაგრამ ეს საკუთარ ძალად მიაჩნიათ.
80-იანი წლების ბრიტანეთში ექსცენტრულობა იდეალურ თვისებადაც კი აღიქმებოდა. საინტერესოა, დღეს როგორ უყურებენ ექსცენტრულ ადამიანებს.
თანამედროვე ბიუროებში ახირებული ხასიათის ადამიანების დასაქმებისგან თავს იკავებენ. უკან-უკან მოსიარულე ადამიანებს და რობინ ჰუდებს სამსახურის შოვნაც უჭირთ და ცხოვრების თანამგზავრისაც. გარშემო მყოფები უარყოფითად აფასებენ გადაჭარბებულ ემოციებს და ქმედებებს. მიუღებელია საუბრის დროს წამოწითლება, სიყვარულისგან ავად გახდომა, სკოლაში გაკვეთილის მოსმენის ნაცვლად ხატვა. სამივე შემთხვევაში გვირჩევდნენ, ფსიქოლოგთან ვიზიტზე გვეფიქრა.
ფსიქიატრი იოზეფ ალდენჰოფი კი წერს, რომ საზოგადოება, რომელიც ერთგვაროვნებას ამჯობინებს, უკეთესი ვერ გახდება. განვითარების ერთადერთი სწორი გზა საზოგადოებრივი ნორმებისთვის საზღვრების გაფართოებაა.