სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

შემოქმედებითი აზროვნება

1.შემოქმედებითი, დიზაინერული და გამომგონებლობითი პროცესები და მთი სტიმულირება

 

მაღალი მოტივაციის მქონე მოსწავლეებს სთხოვეთ, დააკონსპექტონ ნარკომანიის საფრთხეები და ისინი თავაზიანად დაგთანხმდებიან. იმ შემთხვევაში კი, თუ მათ სთხოვთ შეადგინონ ბუკლეტი ამავე თემაზე, ნახავთ, როგორი ენთუზიაზმით შეუდგებიან დავალების შესრულებას. შემოქმედებითი დავალებები სახალისოა, ამაღლებს მოსწავლეთა თვითშეფასებას და ზრდის საკუთარი თავის პატივისცემას. რომელ დისციპლინასაც არ უნდა ასწავლიდეთ, არ ღირს იგნორირება გაუკეთოთ ამგვარი დავალებების ეფექტურობას.

შემოქმედებას, ხშირად განიხილავენ სახელოვნებო საგნებთან მიმართებაში. შედით თანამედროვე სუპერმარკეტში და მიმოიხედეთ, გარშემო უამრავი, შემოქმედებითი წარმოსახვის პროდუქტია. რეალურ სამყაროში, შემოქმედებითი უნარები სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენენ. ისინი აუცილებელია, საქონლის შესაქმნელად, მისი დიზაინისათვის, მარკეტინგის, მენეჯმენტის სფეროსთვის, ბავშვის აღზრდისა და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, ინჟინერინგისთვის, არქიტექტურისა და დიზაინისთვის, ვიტრინების გაფორმებისას, სავაჭრო ფართების მოწყობისას, კულინარიაში, სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებისას, სამეწარმეო საქმიანობისას და ა.შ.

ჭეშმარიტად შემოქმედებითი უნარები,  აუცილებელია ყველასათვის, ვისაც სჭირდება ახალი იდეები, მოღვაწეობის ახალი საშუალებები, ანდა პრობლემების  გადაჭრა. შემოქმედება – უმთავრესი აზროვნებითი ინსტრუმენტია და არა სასწავლო საგანი. შემოქმედებით აზროვნებას სჭირდება ვარჯიში.

სასწავლო მოღვაწეობის უმეტეს ნაწილში საჭიროა ცოდნის მიღება, უნარების გამომუშავება,  მოცემული აზრის გაანალიზება და სხვებისთვის მიწოდება. შემოქმედებითი მუშაობა – იმ მნიშვნელოვან გამონაკლისს წარმოადგენს, რომელიც ხშირად სათანადოდ არაა გაგებული და შეფასებული მასწავლებლების მხრიდან.

ნებისმიერი საგნის პედაგოგის შემოქმედებითი მუშაობის აუცილებლობას  სამი ძირითადი მიზეზი აქვს:

  • მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნებისა და პრობლემების ამგვარად გადაჭრის უნარების განვითარება;
  • მოტივაციის ამაღლება. შემოქმედება აკმაყოფილებს ადამიანის სიღრმისეულ მოთხოვნილებას, შეითვისოს სიახლე და ამ გზით მოიპოვოს აღიარება. მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქია, თვითაქტუალიზაციასა და თვითშეფასების ამაღლებაზეა დაფუძნებული. ერთიცა და მეორეც, სწორედ შემოქმედებითი მოღვაწეობით მიიღწევა;
  • მოსწავლეებში თვითგამოხატვის უნარების განვითარება. განათლება, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ფაქტების დასწავლა და პროფესიონალური უნარების გამომუშავებაა. მოსწავლეებმა წარმოსახვა უნდა განავითარონ. მათთვის მნიშვნელოვანია საკუთარი აზრის ფორმირება და მიღებული გამოცდილების მნიშვნელობა.

მართალია, შემოქმედება საიდუმლოთი მოცული პროცესია, მაგრამ ის ჩვენი გაგების ზღვარს არ სცდება. შესაბამისი მომზადებისა და სწორად დაგეგმილი დავალების მეშვეობით მოსწავლეთა შემოქმედებითი მუშაობის გაუმჯობესება სავსებით  შესაძლებელია.

რა მოეთხოვებათ მოსწავლეებს, როდესაც ისინი შემოქმედებით სამუშაო პროცესში არიან ჩართულნი? თავდაპირველად ისინი უნდა გაეცნონ ძირითად ხერხებსა და ჩვევებს; უნდა გაერკვნენ, როგორ გამოიყენონ ხის საჭრელი ჩარხი, საღებავები ან ბრჭყალები, რომლებიც მათი შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალებებია (რა თქმა უნდა, შემოქმედებითი მუშაობა, ამ უნარების ასათვისებლადაც შეიძლება გამოიყენონ). ჩავთვალოთ, რომ პირველი ეტაპი გაიარეს.

 

შემოქმედებითი უნარის სტიმულირება

შემოქმედებითი პროცესი შეიძლება ექვს ეტაპად დავყოთ: შთაგონება, სიცხადე, დისტილაცია, ინკუბაცია, პერსპირაცია და შეფასება (ამ სტადიების საწყისი ასოებისგან, დგება აბრევიატურა – შსდიპშ). შემოქმედებითი პროდუქტის შექმნის პროცესში, შესაძლოა ყოველ სტადიაზე რამდენჯერმე აღმოჩნდეთ,  აუცილებლი არაა თანმიმდევრობის მკაცრად დაცვა. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

 

შთაგონება

ეს კვლევითი სტადიაა, რომელზეც მიმდინარეობს იდეების არაკრიტიკული ძიება. პროცესი შეუზღუდავია და ხასიათდება სპონტანურობით, ინტუიციურობით, ექსპერიმენტული მომენტებით, უსაზღვრო წარმოსახვით და რისკიანი იმპროვიზაციით. აქ მთავარია, რაც შეიძლება მეტი იდეის გენერირება, როგორ არაადექვატურად  და  არაპრაქტიკულადაც უნდა მოგეჩვენოთ ისინი. ხელოვნების სფეროში, ამ სტადიას უკავშირებენ ახალი, ინდივიდუალური სტილის ძიებას, აღმაფრენას და ადარებენ მხატვრული საგნის ძიებას.

თუ მოსწავლეს არ შეუძლია „მოიფიქროს რაიმე”,  როგორც ჩანს, მას ამ სტადიაზე აქვს სირთულე. შესთავაზეთ მოსინჯოს რაიმე „ძველი“.  ამ სტადიაზე არ ღირს ვინერვიულოთ კომპოზიციის ფორმაზე, რითმზე ან რითმაზე და ა. შ.  მიზანია – რაც შეიძლება მეტი შემოქმედებითი იდეის გაცემა. თუკი იდეების უმეტესი ნაწილი გამოყენებადია, ესე იგი, რისკის მომენტი ნაკლებად იყო.

მოქანდაკე ენრი მური ხშირად სეირნობდა სანაპიროზე და აგროვებდა ნაირგვარ კენჭებსა და ნიჟარებს. მისი სკულპტურები გვაგონებს ზღვის  ტალღების  მიერ დამუშავებულ ქვებს. პიკასოს სტილი აფრიკული ხის ნიღბების გამოფენის შთაბეჭდილებით გაჩნდა. მან მიატოვა რეალისტური ფერწერის სტილი და გადავიდა ნიღბების სიმბოლისტურ-აბსტრაქტულ ფორმებზე. ეს იყო რევოლუცია მხატვრობაში და მან იმ დროს საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

 

სიცხადე

ამ სტადიის მთავარი მიზანია – სამუშაოს მიზნებისა და ამოცანების ცხადად წარმოდგენა.  ამ დროს მთავარი შეკითხვა  ასეთია – „კონკრეტულად რისი გაკეთება და თქმა მსურს?“ როცა მოსწავლე თხზულების წერისას ვერ ახერხებს შემდეგ აბზაცზე გადასვლას, ჰკითხეთ მას: „რისი თქმა გსურს შემდეგი აბზაციდან?“ ხშირად მათ წარმოდგენაც არა აქვთ ამაზე. ამ სტადიაზე მოსწავლემ უნდა შეძლოს ლოგიკური აზროვნება, გაანალიზება, უნდა იყოს მიზანდასახული და უნდა გაჰყურებდეს ჰორიზონტს.

 

დიტილაცია

ამ დროს ხდება შთაგონების სტადიაზე შემოთავაზებული იდეების (ან პერსპირაციის სტადიაზე. იხ. შემდეგი) გაცხრილვა და შეფასება იმ დასკვნების ჭრილში, რომლებიც სიცხადის სტადიაზე გაკეთდა. ირჩევენ  საუკეთესო იდეებს შემდეგში განსახორციელებლად. დისტილაცია გახლავთ თვითკრიტიკული რედაქტირების სტადია. ის მოითხოვს  ცივი გონებით გაანალიზებასა და საღ აზრს, და არა იდეების სპონტანურ გენერირებას. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ არ ღირს ზედმეტად კრიტიკულად მივუდგეთ სამუშაოს, რადგან შესაძლოა ასე მისი ნაყოფიერება დავბლოკოთ.

 

ინკუბაცია

როგორც წესი, ამისი მიღწევა პრაქტიკაში რთულია, მაგრამ ზემოთ განხილულ სტადიებს შორის, რამდენიმედღიანი ინტერვალია საჭირო. ეს საშუალებას აძლევს ქვეცნობიერს,  გაერკვეს წარმოქმნილ პრობლემებში და ახდენს მოსწავლის დისტანცირებას საკუთარი იდეებისგან, რითაც მას საშუალება ეძლევა მშვიდად შეაფასოს ისინი.

ინკუბაცია განსაკუთრებით სასარგებლოა შთაგონების ან პერსპირაციის სტადიების შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სტადია არ მოითხოვს სპეციალური ნაბიჯებს, შესთავაზეთ მოსწავლეებს, გაიაზრონ, თუ რას აკეთებენ ისინი. შემოქმედებითი ადამიანები არ ეკიდებიან თავში მოსულ იდეებს. ისინი ელიან სანამ მოუმწიფებელი იდეები და ურთიერთწინააღმდეგობები არ გადავა ქვეცნობიერში და არ გამოდნება რაღაც ღირებული.

ყოველ ჯერზე,  როცა სერ ისააკ ნიუტონი განსაკუთრებული სირთულის პრობლემას აწყდებოდა, ძილის წინ იაზრებდა სიტუაციას. ის ამტკიცებდა, რომ მეორე დილით იღვიძებდა მზა გადაწყვეტილებით.

 

პერსპირაცია

როცა იდეები უკვე გადარჩეულია, უკვე უნდა დაიწყოს მათზე მუშაობა, რომ მოხდეს შავი ვარიანტის ფორმირება. ამისათვის შეიძლება დაგვჭირდეს შთაგონებაც, სიცხადეც და პერსპირაციაც.

გენიოსი – ეს არის ერთი პროცენტი შთაგონება და ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი ოფლის ღვრა.

 

შეფასება

ამ სტადიაზე, თქვენ აფასებთ  მიღებული შავი ვარიანტის ძლიერ და სუსტ მხარეებს და განიხილავთ მისი გაუმჯობესების შესაძლებლობებს. შემდეგ ამას მოჰყვება პერსპირაციის კიდევ ერთი სტადია, როცა შავ ვარიანტში შედის ცვლილებები და მისი მეორე ვარიანტი იქმნება. ვიდრე სამუშაოს დასრულებულად ჩათვლით, შესაძლოა ბევრი ვარიანტი შეიმუშაოთ.

გახსოვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ აქ შემოქმედებითი პროცესის სტადიები თანმიმდევრულადაა მოცემული, მათი განხორციელება ნებისმიერი სპონტანურობითაა შესაძლებელი. აქვე უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ შემოქმედებით პროდუქტზე მუშაობისას, თითოეული სტადიის გავლის აუცილებლობა შესაძლოა არაერთჯერადად მოგიწიოთ.

 

შემოქმედებითი პროცესის დაყენება და ბლოკირება

ამ პროცესის ერთ-ერთი ძირითადი სირთულე ის გახლავთ, რომ ყოველი სტადია რადიკალურად განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს.

შთაგონება – ღრმად გატაცება, არაკრიტიკულობა, სპონტანურობა, უშიშრობა, რისკი, საკუთარი თავის რწმენა, ინტუიცია, თავქარიანობა, სიცოცხლის სიყვარული, იმპროვიზაცია. განსჯის უნარი ამ სტადიაზე მხოლოდ ხელისშემშლელია;

სიცხადე –  მიზანდასახულობა, ჩაღრმავება, სირთულეების წინაშე შიშის არქონა;

შეფასება – კრიტიკული, მაგრამ დადებითი დამოკიდებულება იდეისადმი;

დისტანცია – სტრატეგიული მიდგომა;

ინკუბაცია – საკუთარი თავის რწმენა, ჩაფიქრება და განყენებულობა;

პერსპირაცია – ძალისხმევა, არაკრიტიკულობა, ენთუზიაზმი.

ადამიანების უმრავლესობას უჭირს ერთი დადგენილი წესიდან მეორეზე გადართვა, მით უფრო, თუ მათ გააჩნიათ ერთი რომელიმე დომინანტი დადგენილება. ცოტა მათგანი თუ იაზრებს ამ გადასვლების აუცილებლობას.

თუ მოსწავლეები, რომელიმე სტადიას შეუსაბამოდ უდგებიან, მათი სამუშაო აუცილებლად უშედეგო იქნება. ახალი იდეის ძიებისას, კრიტიკა და პერფექციონიზმი სრულიად უსარგებლოა. თავქარიანობა და კრიტიკული მომენტის არქონა დაუშვებელია, როდესაც საქმე საუკეთესო ვარიანტის შერჩევას ეხება. ყოველთვის იქნებიან ისეთი მოსწავლეები, რომლებიც ერთ სტადიაზე კარგად მუშაობენ, მეორეზე კი ცუდად. ერთ მოსწავლეს უამრავი იდეა აქვს, მაგრამ არ შეუძლია მათი კრიტიკულად შეფასება. მეორეს კი პირიქით, არ ჰყოფნის იდეები კრიტიკული ანალიზისათვის. „შემოქმედებითი პროცესის ბლოკირების“ მიზეზი უმეტესად ისაა, რომ ადამიანები ამა თუ იმ სტადიას შესაბამისად არ უდგებიან.

როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მოსწავლეებს ზემოთ განხილული სტადიების გავლასა და ამ გზით მათი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებაში? ამ საკითხებს მომდევნო სტატიაში განვიხილავთ.

 

 

 

 

წყარო:

 

1.Geoff Petty.Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher: Oxford University Press.2009, p. 368-372.

  1. Geoff Petty.How to Be Better at … Creativity. London:Kogan Page.2017. ISBN 9781326955427
  2.  Vernon P. E. Creativity. Selected Readings. Paperback.1970
  3. https://www.unh.edu/it/six-phases-of-process-improvement

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი