რა წავიკითხე ზაფხულის არდადეგებზე?
1920-იან წლებში, ალაბამის შტატში მდებარე ქალაქ უისელ სტოპში ორმა მეგობარმა ქალმა იჯიმ და რუთმა კაფე გახსნეს. ერთი შეხედვით ეს კაფე არაფრით განსხვავდებოდა იმ კაფეებისგან, რომლებსაც მსოფლიოს ბევრ ქალაქში გადაეყრებით. ჩვეულებრივი, სადა კედლებით, შელახული მაგიდებითა და სკამებით, ჭურჭლითა და სამზარეულოთი. ერთ შეხედვას თუ არ დასჯერდებით და კარგად დააკვირდებით, კაფეში ჯადოქარ ადამიანებს შეხვდებით, რომლებმაც ბევრი სხვა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, ბევრს ხელი გაუმართეს, საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდების ფასად და თავად კაფე – უკან მდებარე პაწაწინა ბოსტანში მოსული ბოსტნეულითა და ხილით, წინასწარ მომარაგებული ხორცითა და პურით, მუდამ მზად არის კარი გაათოს იქ მისული ნებისმიერი სტუმრისთვის. განურჩევლად ასაკისა და სქესისა. ასევე, კანის ფერისა. დიახ, კანის ფერისა – 1920-იან წლებში. ალაბამის შტატში.
ფენი ფლეგის წიგნში “შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე იუსელ სტოპში” კაფესთან, იჯისა და რუთთან დაკავშირებულ ძველ ამბებს 1980 წელს ნინი ტრედგუდი ეველინ ქაუჩს უამბობს. ნინი ტრედგუდი თავად ამ ამბების შემსწრე, უკვე ღრმად მოხუცებული ქალი გახლავთ, რომელიც კარზე მომდგარ გარდაცვალებას მოხუცთა პანსიონატში ელოდება. ეველინ ქაუჩი შუა ხნის ქალია, რომელსაც მწვავე დეპრესია და ბევრი ზედმეტი კილოგრამი სტანჯავს. მას შემდეგ, რაც ორი შვილის – ბიჭისა და გოგონას აღზრდას მორჩა და შვილები გაიზარდნენ, ეველინმა საკუთარი თავი დაკარგა. უსამსახურობის, უფორმობისა და ქმართან უინტერესო თანაცხოვრების გადამკიდე, ქალი შვებას, ახალ ინტერესებსა და მოტივაციას ნინნი ტრედგუდთან ურთიერთობისას აღმოაჩენს. ეველინი მოხუცთა პანსიონატს კვირაში ერთხელ, კვირა დღით, დედამთილის მოსანახულებლად მეუღლესთან ერთად სტუმრობს. სანამ მისი ქმარი დედამისთანაა, ეველინი ტრედგუდთან საუბრით იქცევს თავს.
ცხადია, ამ წერილში სპოილერებს მოვერიდები. არ გეტყვით, თუ ვინ არის ბადი, სტამპი, დიდი ჯორჯი, სიპსი და სხვა პერსონაჟები, რომლებსაც საოცარზე საოცარი ისტორიები აკავშირებს ერთმანეთთან. არც იმას გეტყვით, სად გაქრა ფრენკ ბენეტი და როგორ ამზადებს დიდი ჯორჯი ასეთ გემრიელ ბარბიქიუს.
გრძელი და ტკბილ-მწარე ისტორიები, ადამიანური თავგანწირვა, სიყვარული და მტრობა ფენი ფლეგის მიერ დაწერილი, ერთი დღით მოგწყვიტავთ ყოველდღიურ საქმეებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს და ალაბამაში გადაგისვრით.
წიგნი არც კინომატოგრაფების ყურადღების გარეშე დარჩენილა და 1991 წელს ტექსტის მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს, სადაც მთავარ როლებს ქალები – ქეით ბეიტსი, ჯესიკა ტენდი, მარი სტიუარდ მასტერსონი, მარი ლუიზა პარკერი და სისლი ტაისონი თამაშობენ.
დღეს კი ალაბამაში, იმავე ადგილას, სადაც უწინ, ისევ დგას იმავე ზომისა და ფორმის კაფე, იმავე მენიუთი და სახელით – შემწვარი, მწვანე პომიდვრები. კაფეებს მსგავსი სახელით, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც შეხვდებით.