სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ტყუპების აღზრდის თავისებურებები

ბავშვის დაბადება, როგორც წესი, ყოველთვის დიდ სიხარულს უკავშირდება. ტყუპების დაბადება და მათი მშობლობა კი ორმაგად სასიხარულოა. თუმცა, ორმაგი სიხარული ორმაგი პასუხისმგებლობაცაა. ტყუპების აღზრდა, ნებისმერი ოჯახისთვის, ორმაგ შრომას მოითხოვს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლები კარგად ერკვეოდნენ მათი აღზრდის თავისებურებებში. მართალია, ტყუპი ბავშვების ფსიქიკური განვითარება ექვემდებარება იმავე კანონებს, რასაც სხვა ბავშვების განვითარება, თუმცა მას რიგი სპეციფიკური ნიშნები მაინც ახასიათებს, რაც აუცილებლად საჭიროებს გათვალისწინებას ტყუპების აღზრდის და მათი პიროვნების ფორმირების პროცესში.

ტყუპები, როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს. თუმცა, ეს მსგავსება მხოლოდ გარეგნულია. მათ ჩვეულებრივ განსხვავებული ხასიათი და ინტერესები აქვთ. ის ფაქტი, რომ მუცლადყოფნის პერიოდიდან მოყოლებული ტყუპები სულ ერთად არიან, ისმენენ ერთმანეთის გულისცემას, ინსტიქტურად „ზრუნავენ“ ერთმანეთზე, ეჩვევიან მშვიდობიან თანაარსებობას – მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მათ განვითარებას. გარკვეული მიზეზების გამო, სიცოცხლის პირველ წლებში, ტყუპების კოგნიტური და ფსიქიკური ფუნქციების განვითარება, საშუალოდ 6-10 თვით ჩამორჩება ჩვეულებრივი ბავშვის განვითარებას აღნიშნული მიმართულებით. ტყუპები უფრო გვიან იწყებენ საკუთარი თავის ცნობას სარკეში, გვიან ეუფლებიან მეტყველებას, გვიან სწავლობენ აბსტრაქტულ აზროვნებას და ა.შ. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტყუპების და ჩვეულებრივი ბავშვების განვითარების ტემპის შედარება დაუშვებელია. ბუნებრივია, ყველაფერი სხვანაირად ხდება, როდესაც გვერდით ტყუპისცალი გყავს. კონკრეტულად, „შეფერხება“ შემეცნებითი უნარების დაუფლებაში აიხსნება იმით, რომ გარკვეულ პერიოდამდე, ტყუპები საკუთარ თავს დამოუკიდებელ პიროვნებად ვერ აღიქვამენ. აქედან გამომდინარე, ისინი ისე აქტიურად ვერ ურთიერთქმედებენ გარემომცველ სამყაროსთან, როგორც ერთმანეთთან. ტყუპებს შორის ყოველთვის არსებობს მჭიდრო ემოციური კავშირი. ისინი ძალიან კარგად გრძნობენ ერთმანეთს და ესმით ერთმანეთის. ადრეულ ბავშვობაში, თითოეული მათგანი საკუთარ თავს ერთი მთლიანის ნაწილად აღიქვამს. ერთმანეთთან ასეთ ძლიერ მიჯაჭვულობას საფუძველი ჯერ კიდევ მათ დაბადებამდე, მუცლადყოფნის პერიოდში  ეყრება. როდესაც ბავშვი ერთია, ის ორიენტირებულია დედაზე,  ესმის მისი გულისცემა, სწავლობს მის ემოციებზე გამოხმაურებას. დაბადების შემდეგ ეს ყოველივე ეხმარება ორივეს, უკეთესად შეიგრძნონ ერთმანეთი. ტყუპების შემთხვევაში კი სულ სხვა სიტუაციაა. ადრეულ ბავშვობაში ტყუპისცალი იდეალური პარტნიორია თამაშისა და ურთიერთობის პროცესში, როგორც მისი მეორე, განუყოფელი ნაწილი. ეს არა მხოლოდ სრულიად ბუნებრივია, არამედ აუცილებელიცაა გადასარჩენად. საინტერესოა ის ფაქტი, რომ, როგორც წესი, მშობლებიც ისე ეპყრობიან ტყუპებს, როგორც ერთ მთლიანს და ასევე მოიხსენებენ ყოველდღიურ ურთიერთობაში, მაგ: „ტყუპებს სძინავთ“, „ტყუპები სასეირნოდ უნდა წავიყვანო“, „ტყუპები თამაშობენ“ და ა.შ. მშობლების ასეთი დამოკიდებულება ტყუპების მიმართ ფსიქოლოგიურად გაუმართლებელია. თუ იმ ოჯახებში, სადაც ჩვეულებრივი და-ძმა იზრდება, საჭირო ხდება ბავშვების ემოციურად დაახლოება, ტყუპებთან პირიქით არის: ბავშვების ფსიქიკური წონასწორობა დამოკიდებულია მათ განცალკევებაზე. ტყუპებს ძალიან უჭირთ ცხოვრება, როგორც ორ განსხვავებულ არსებას. თითოეული მათგანი გვერდით ხედავს ადამიანს, რომელიც ფიზიკურად ძალიან ჰგავს მას და რომელსაც იგივე პრობლემები აქვს, რაც მას. ასეთ ბავშვებს აუცილებლად ესაჭიროებათ ერთმანეთისაგან განსხვავების სწავლება. რაც უფრო ადრე დაიწყებენ მშობლები ამის გაკეთებას, მით უფრო ადვილად გადალახავენ ტყუპები ერთმანეთზე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას და პრობლემებსაც ნაკლებად შევხვდებთ მათი აღზრდის პროცესში.

რეკომენდაციები  სირთულეების თავიდან ასაცილებლად ტყუპების აღზრდის პროცესში:

  • შევეცადოთ განუხრელად დავიცვათ აღზრდის ძირითადი პრინციპი – ბავშვის დამოუკიდებლობისა და ინდივიდუალურობის წახალისება. ყოველი ბავშვი ინდივიდუალურია საკუთარი ფიზიკური, ემოციური და ზნეობრივი მახასიათებლებით. საჭიროა ტყუპისცალში დავინახოთ დამოუკიდებელი ადამიანი და არა მთელის ნახევარი. ტყუპების ერთნაირობაზე მუდმივად ხაზგასმამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს მათ განვითარებაზე. თითოეული ტყუპისცალის პიროვნების უნიკალურობის აღიარება აუცილებელი პირობაა მათი ნორმალური ფსიქიკური განვითარების უზრუნველსაყოფად;
  • ვუყიდოთ ბავშვებს განსხვავებული ტანსაცმელი, სათამაშოები, პირადი ნივთები. ნუ ჩავაცმევთ მათ ერთმანეთის ტანსაცმელს. თითოეულის ნივთები შევინახოთ კარადის სხვადასხვა თაროზე;
  • გავითვალისწინოთ თითოეულის გემოვნება, ინტერესები. ვატაროთ სხვადასხვა სპორტულ სექციაზე და სხვადასხვა წრეზე. ვუყიდოთ სხვადასხვა საჩუქარი. მოვერიდოთ ორისთვის ერთი საჩუქრის ყიდვას. თითოეული ტყუპისცალისთვის სასიამოვნოა მშობლების ყურადღების საკუთარი წილის მიღება;
  • მაღაზიებში ვიზიტის დროს ნება მივცეთ ბავშვებს, დამოუკიდებლად შეარჩიონ თავიანთთვის რაიმე ნივთი ან სათამაშო. თუ ისინი ერთნაირ სათამაშოებს შეარჩევენ, კომენტარს ნუ გავუკეთებთ მათ არჩევანს და ვუყიდოთ შერჩეული ნივთი. მაგრამ, თუ განსხვავებულ სათამაშოებს შეარჩევენ, შევაქოთ მათი არჩევანი;
  • მივმართოთ თითოეულ ბავშვს სახელით და არა უბრალოდ „ბავშვებო“ ან „ტყუპებო“;
  • სახლში ნება მივცეთ თითოეულ ბავშვს, შეარჩიოს მისთვის საყვარელი ადგილი მაგიდასთან, საყვარელი თეფში ან ფინჯანი;
  • კარგი იქნება, თუ ოჯახური ფოტოების პარალელურად თითოეულს საკუთარი ფოტოსურათების ალბომი ექნება;
  • შევეცადოთ, როგორც ერთ, ისე მეორე ტყუპისცალს მოვუწყოთ საკუთარი კუთხე, სადაც ის დროის მარტო გატარებას შეძლებს;
  • შევეცადოთ არ დავყოთ ბავშვები პრინციპით „ცუდი-კარგი“, „ჭირვეული-დამჯერი“ და ა. შ. მითუმეტეს ნუ გავაკეთებთ ამას მათი თანდასწრებით. იარლიყების მიკერებამ შეიძლება ბავშვში კომპლექსების ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანოს. აღვნიშნოთ თითოეული ბავშვის დადებითი თვისებები და ნუ შევადარებთ მას ტყუპისცალს;
  • ხშირად ტყუპები იწყებენ მეტოქეობას ერთმანეთში მშობლების ყურადღების მოსაპოვებლად. კარგი იქნება, თუ აღვკვეთავთ ეჭვიანობის ნიადაგზე ასეთ დაპირისპირებას მათ შორის. კონფლიქტური სიტუაციის შეფასებისას ვიყოთ ობიექტური და ნუ დავიცავთ ღიად ერთ-ერთი ტყუპისცალის პოზიციას. ვასწავლოთ ბავშვებს, დამოუკიდებლად გაარკვიონ ურთიერთობები, გამოხატონ თავიანთი გრძნობები და ემოციები „მე“-შეტყობინების ფორმით: მაგ. „მე ძალიან გულნატკენი ვარ, რომ შენ დააზიანე ჩემი ნახატი“;
  • ვასწავლოთ ბავშვებს ერთმანეთის გარეშე გაართვან თავი პრობლემას, ვინაიდან ისინი ვერ შეძლებენ მომავალში მუდმივად ერთად ყოფნას;
  • თითოეულ ტყუპისცალს აუცილებლად ესაჭიროება საკუთარი დრო მშობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობისათვის. ეს დაეხმარება ბავშვს, შეიგრძნოს თავისი ინდივიდუალურობა;
  • თითოეულ ბავშვთან დროის ცალკე გატარებისას ვესაუბროთ მას მის პირად პრობლემებზე, გამოვკითხოთ მეგობრებზე; მხარი დავუჭიროთ, თუ მათ სურვილი აქვთ დაკავდნენ განსხვავებული საქმიანობით, მაგ. ერთი ხატავდეს, მეორე ტელევიზორს უყურებდეს. რაც უფრო ადრე გავამახვილებთ ყურადღებას ტყუპების განსხვავებულ ინტერესებსა და მიდრეკილებებზე, მით ნაკლებ პრობლემებს შევხვდებით მათთან ურთიერთობისას.

ბევრი მშობლისთვის ტყუპების ერთნაირებად აღზრდის პროცესში ერთნაირი სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყენება გაცილებით იოლი და მოსახერხებელია. თუმცა, ამ გზამ შეიძლება ჩიხში შეგვიყვანოს. ამიტომ, უმჯობესია დავეხმაროთ თითოეულ ბავშვს, იგრძნოს და გააცნობიეროს საკუთარი უნიკალურობა, განავითაროს საკუთარი უნარები და მიდრეკილებები, მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების და მისწრაფებების რეალიზება და იპოვოს საკუთარი  ადგილი ცხოვრებაში.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“