ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ავადმყოფობამოშიშთათვის

 

ადრეც მითქვამს: აკვიატების ადამიანი ვარ. ზოგი აკვიატება მოვიშალე, ზოგიც შემრჩა. აი, დილით, გზაზე, ერთი მოურჩენელი ახირება გამახსენდა. ერთხელ, ვიქნებოდი ხუთი-ექვსი წლის, ჩემს სოფელში, სურებში, მე და მამიდაშვილი, გელა, რომელიც ახლა მამა დავითია, ანუ მღვდელი, შუაცეცხლზე ტყვიას ვადუღებდით და მიწაში ამოთხრილ ჯარისკაცის ფორმებში ვასხამდით. სათამაშოები რომ გვქონოდა. ჰოდა, მოპირდაპირე მთაზე მოძრავი შუქი დავინახეთ. გელამ მითხრა, მიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავის ნაწილიაო. ეს უბრალო ამბავი მძაფრი კინოკადრივით ჩამრჩა მეხსიერებაში. ყოველდღე მახსენდება და გულუბრყვილოდ ვფიქრობ: რა იყო ის ნათება – მართლა მნათობის ნატეხი თუ ფარნიანი კაცი, რომელიც ტყეში დაკარგულ ძროხას ეძებდა? ალბათ, ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი კითხვა.

მაგრამ არსებობს სხვა, ერთი შეხედვით – უფრო წვრილმანი, მაგრამ მეორე, უფრო დაკვირვებული შეხედვით – უმსხვილმანესი აკვიატებანი.

ამას წინათ პატარა, იოლი ოპერაცია გადავიტანე და
აწ დამტკიცებულად მინდა გითხრათ, რომ დაწყევლილია იპოქონდრიკთა ანუ ავადმყოფობის მოშიშთა ბედი, რაც google გაჩნდა და უფრორე – რაც მას ათასი ჯურის სამედიცინო გზამკვლევი დაემატა. ჩაწერ სიმპტომს და გხვდება მონდომებით და თითქოს მზაკვრულად მოღიმარი ექიმი და დიაგნოზად დამკრძალავი ბიუროს მისამართს გაძლევს. შენ არ ჩერდები, ქექავ და ქექავ – იმახსოვრებ სნეულებათა ლათინურ სახელებს და წამლების ფარმაკოლოგიურ ჯგუფებს, ეპიდემიათა გენეზისებს და ჰისტამინებს და ანტიჰისტამინებს და სხვათა და სხვათა. საბოლოოდ, ძლივს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მკურნალ ექიმთან დიპლომიან კოლეგასავით წარდგები: „იცით, შესწავლილი მაქვს მისი ეტიოლოგია და პათოგენეზი და წუხელ თირკმლის ფიბროზული კაფსულის გაჭიმვა ვიგრძენი. ვფიქრობ, მსუბუქი კოლიკაა…“

ექიმი გამშვიდებს და გირჩევს, ინტერნეტში ძებნაზე მორატორიუმი გამოაცხადო. შენ არ ნებდები და საღამო ხანს უფრო რთულ და მრავლისმომცველ იერიშს იწყებ – სხვადასხვა ენაზე და განსხვავებულ ჩვენებათა სინთეზით. ბოლოს დაავადებათა ისეთი კომბინაციების ძებნას მიჰყოფ ხელს, რომ სამედიცინო საიტის მაგივრად ჰორორ-ლიტერატურის გვერდზე აღმოჩნდები: „უფსკრულის მეფეს მარჯვენა ფეხი და კბილი ერთად ასტკივდა და მოსარჩენად უფროსი ვეზირი დაუკლეს“.

ახლა კი დავცინი საკუთარ თავს, მაგრამ ხომ ვიცი – რომელი ამ საქმის დამვიწყებელი ვარ. ჩვევა ჯანმრთელობაზე უმტკიცესია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი