სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

აღზრდა – საგანმანათლებლო სივრცის უწყვეტი პროცესი

„პროფესიული განვითარება გულისხმობს მასწავლებლის დაინტერესებას საკუთარი პროფესიული განვითარებით; კოლეგებთან თანამშრომლობას მოსწავლეთა სასწავლო და აღმზრდელობითი პრობლემების დაძლევის, პროფესიული საჭიროებების დადგენისა და პროფესიული განვითარებისათვის” (მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი).

ბავშვის სწავლება და აღზრდა ძირითადად ისეთ სოციალურ ინსტიტუტებში ხორციელდება, როგორიცაა ოჯახი, საბავშვო ბაღი, სკოლა…

მართებული არ იქნება ვიფიქროთ, რომ აღმზრდელობითი პროცესი მხოლოდ კლასგარეშე გაკვეთილების შემდეგ უნდა წარიმართოს და მასზე პასუხისმგებლობას მხოლოდ კლასის დამრიგებელი უნდა ატარებდეს, სხვა მასწავლებლები კი გაკვეთილებზე მხოლოდ საგნობრივი შინაარსის ათვისებაზე უნდა ზრუნავდნენ. მცდარია ის მიდგომაც, რომ საგნობრივი სწავლების დროს აღმზრდელობითი მუშაობა ხელს უშლის კონკრეტული გაკვეთილის შინაარს, რადგან შინაარსთან დაკავშირებულ აქტივობებს ართმევს დროს.

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში კლასგარეშე მუშაობას ყველაზე მოკრძალებული დრო ეთმობა, ძირითადი დრო გაკვეთილებზე მოდის. განმავითარებელი სწავლება, რომელსაც ესგ პრიორიტეტად აღიარებს, შეუძლებელია არ იყოს აღმზრდელობითი. ხარისხიან საგანმანათლებლო პროცესში გაკვეთილის გეგმაში აღმზრდელობითი მიზნებიც უნდა აისახოს, ისევე როგორც კითხვის საათსა თუ სხვა კლასგარეშე აქტივობაში. გაკვეთილზე დიდი შესაძლებლობა იქმნება მოსწავლის პიროვნული თვისებების გამოკვეთა-განვითარებისათვის და ეს სულაც არ ითხოვს დროის განსაკუთრებულ ხარჯვას, რადგან პროცესი საგნის სწავლების პარალელურად მიმდინარეობს. მაგალითისათვის, როცა კონკრეტული თემის სწავლებისას (ნებისმიერ საგანში) პედაგოგი იყენებს განმავითარებელი შეფასების ისეთ მნიშვნელოვან ფორმას, როგორიც თვითშეფასება ან ურთიერთშეფასებაა, ამ ინსტრუმენტების გამოყენებით, არა მარტო საგნის სწავლებას ეწყობა ხელი, არამედ მოსწავლის პიროვნული განვითარების გზაზეც იდგმება ნაბიჯები. მთავარია, პედაგოგმა თვალი მიადევნოს პროცესს, დროული მინიშნებები გააკეთოს და ამით თავისი წვლილი შეიტანოს სამართლიანი, ობიექტური, პირუთვნელი პიროვნების ჩამოყალიბების საქმეში. ჯგუფური მუშაობის დროს, ქართულსა თუ მათემატიკაში, იწრთობა თუ არა გუნდური მუშაობის, პასუხისმგებლობის, სხვათა აზრის პატივისცემის თვისებები? განა ნებისმიერ საგანში კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის გაწეული ძალისხმევა მომავალ მოქალაქეს მეტად ღირსეული უნარის გამოცდილებით სწავლას არ უწყობს ხელს, რომ აღარაფერი ვთქვათ, კონკრეტული საგნის (ბიოლოგია, ქიმია, გეოგრაფია) გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ეკოლოგიური წიგნიერების კომპეტენციად ჩამოყალიბებაზე.

სქემაში ჩართული მასწავლებლის პორტფოლიოში თავმოყრილ დოკუმენტებში ამგვარი სააღმზრდელო მიზნებისა და მისი გაკვეთილზე მიღწევის გზების გამოკვეთა პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, პატარა კვლევები ამ მიმართულებით, კოორდინირებული მუშაობის დაგეგმვა და განხორციელება სხვა კოლეგებთან (კლასის დამრიგებელი, სხვა საგნის პედაგოგები) პედაგოგის პროფესიული დონის კარგი მახასიათებელი იქნება.

მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ჩამოყალიბებას, მისი პიროვნული განვითარების ხელშეწყობას გააზრებული დაგეგმვა სჭირდება. განსხვავებით ჩვეულებრივი სასწავლო მიზნებისაგან ეს მიზანი უფრო გრძელვადიანია და შედეგზე გასასვლელად მეტი მოთმინება და დროა საჭირო. აქ სხვადასხვა საგნის გაკვეთილზე, კლასგარეშე აქტივობებზე მიღებული გამოცდილება ერთმანეთს ემატება და საბოლოო შედეგთან აახლოებს მოსწავლეს. თუმცა აღზრდასთან დაკავშირებით სიტყვა ,,საბოლოო” ძალიან პირობითია, რადგან ეს მუდმივი და განახლებადი პროცესია.

სპეციალისტები ასაბუთებენ, რომ აღზრდა წარმოუდგენელია ცოდნის გარეშე, რადგან იმ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რითაც აღზრდის შედეგებს ვაფასებთ, აუცილებელია გარკვეული სახის ცოდნა. მათივე აზრით, ერთნაირად საშიშია უზნეო პროფესიონალი და კეთილშობილი უვიცი. ანუ სწავლება და აღზრდა, როგორც ერთი მთლიანობის ორი მხარე, ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

მოსწავლისათვის გაკვეთილი მარტო სწავლის ორგანიზების ფორმა ხომ არ არის, ეს მისი ცხოვრების ნაწილიცაა, მისი გამოცდილებაა ურთიერთობებში. მასწავლებლის ამოცანაც ის არის, რომ ყოველი 45 წუთი ეთიკური ურთიერთობების არეალად აქციოს. კლასში მასწავლებელი მარტო სწავლების ორგანიზებას კი არა, მოსწავლეთა შორის ურთიერთობების ორგანიზებასაც ახდენს.

რამდენიც არ უნდა ისაუბრონ მეცნიერებმა ჰუმანური განათლების, თანამშრომლობითი სწავლების, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების თეორიებზე, ფაქტი ფაქტად რჩება, სასკოლო სივრცე პრაქტიკულ გარდაქმნას მოითხოვს და ამ გარდაქმნის აუცილებლობა მთავარი მოქმედი პირის – მასწავლებლის – ახალ მოთხოვნებთან ჰარმონიზაციაა. ანუ კონკრეტული სკოლისა და კონკრეტული საკლასო ოთახის ,,კლიმატი” იმ პედკოლექტივისა და პედაგოგის მიერ ცოდნაზე, უნარ-ჩვევების შეძენასა და ღირებულებების აღიარებაზეა დამოკიდებული, რომელიც პროცესის წარმმართველია.

პედაგოგებთან ხშირად აღგვინიშნავს, რომ ათასგვარი პრობლემებით თავმობეზრებულები, როცა გადაწყვეტილების მიმღები პირების უნიათობაზე, უსამართლობასა და ძალადობრივ ქცევაზე საუბარს ვიწყებთ, გვახსოვდეს, რომ მათ აღზრდაში პედაგოგების ,,წვლილიცაა” – ისინი ჩვენი სკოლების კურსდამთავრებულები არიან და მათში არეკლილია სკოლაში გატარებული დროის შედეგებიც. ამიტომაც, რამდენად დემოკრატიულად და კეთილგანწყობით მივუდგებით მოსწავლეებთან ურთიერთობას, იმდენად გავზრდით სრულფასოვანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების შესაძლებლობას. ესეც აღზრდის ნაწილია, მაგალითით აღზრდის ნაწილი.

ძალადობის მსხვერპლი ხომ პოტენციური მოძალადეა. წარმოიდგინეთ, კლასში ჩვენ მიერ გამოყენებული მიდგომა: არაკეთილმოსურნეობა, არაკორექტული მიმართვები, „ყურის მოწიწკვნა”, სხვადასხვა სასჯელები ბუმერანგივით უბრუნდება გარემოცვას, საზოგადოებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“