ოთხშაბათი, ივლისი 17, 2024
17 ივლისი, ოთხშაბათი, 2024

გარდასახვის მისტიკა -პაოლო იაშვილის  “დარიანულის” სწავლებისათვის

“და მღერის, მღერის კალამის წვერი, კალამის წვერი – ბულბულის ნისკარტი”. პაოლო იაშვილს გამორჩეული ხმა აქვს პოეზიაში. სწორედ ასე წარმოუდგებოდა მას პოეზიის მიზანი – მკითხველი მშვენიერებისთვის ეზიარებინა, თანაც, ეს მშვენიერება უნდა ყოფილიყო იდუმალი, მიუწვდომელი, როგორც ბულბულის ნამღერი, რომელიც მიწას მოგწყვეტს, ფრთებს გამოგასხამს და მეცხრე ცაზე აგიყვანს.

საოცრად ლამაზი სულის პატრონი იყო პაოლო, მეგობართა წრეში გამორჩეული სილაღით, სითამამით, მისი გადამდები სიცოცხლის ხალისი უცებ აქარწყლებდა დარდსა და ნაღველს.  1916 წელს სწორედ მისი თაოსნობით ქუთაისში გამოვიდა ჟურნალი “ცისფერი ყანწები”, რომელმაც ქართული პოეზიაში მოიტანა ახალი სუნთქვა. პაოლო იაშვილი ჟურნალის “პირველთქმაში”, საოცარი ენერგიით რომ არის დამუხტული, წერდა: `საქართველოს მგოსნებს! ყველა მეოცნებეს! ქართველ ხალხს! ისმინეთ ყველამ ჩვენი ქადაგება! მრავალის სასიკვდილოდ გავჩნდით ჩვენ ბინძური მზით გამთბარ ქვეყანაში, სადაც ხალხმა დაკარგა მშვენება სითამამისა. საქართველოს ლანდურ არსებას მოვევლინეთ ჩვენ ახალი სხივმოსილებით და ოცნებადაკარგულ ხალხს ვასწავლით განწმენდილ გზას მომავლის ცისფერი ტაძრისაკენ!”. “საქართველოს შემდეგ უწმინდესი ქვეყანა არის პარიზი, ადიდე, ხალხო, ეს ჩვენი მრისხანე ქალაქი, სადაც გიჟური გატაცებით ჯამბაზობდნენ ჩვენი ლოთი ძმები: _ ვერლენი და ბოდლერი, მალარმე, სიტყვების მესაიდუმლე და არტურ რემბო, სიამაყით მთვრალი, დაწყევლილი ჭაბუკი”. ასეთი სითამამით დაიბადა საქართველოში სიმბოლისტური სკოლა. პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, სანდრო ცირეკიძე და სხვა ცისფერყანწელები ქმნიდნენ ახალ ესთეტიკას, ახალ პოუტურ კულტურას ამკვიდრებდნენ. სწორედ ამ ჟურნალში მან თამამად განაცხადა ლექსით, რომ აღარ სურდა ძველ კერპთა მსახურება:

“პაოლო იაშვილს მომეწყინა ყვითელი დანტე,

ვაქებდი შექსპირს, მაგრამ ფარდა, შექსპირს უარი,

რა ვქნა, რომ ჩემთვის ბეთჰოვენი მხოლოდ ყრუ არი

და რომ წარსულმა ვერ გადმომცა მე ანდამატი”.

ცისფერყანწელებმა ქართული პოეზიის ევროპის რადიუსით გამართვა მოიწადინეს, როგორც ტიციან ტაბიძე წერდა, მომავალ დიდ ქართველ პოეტში უნდა “შეერთებულიყო რუსთაველი და მალარმ”.

ისინი თამამ პარალელს ავლებდნენ ასურელ მამებთან. მათსავით ცამეტნი ვართ, და თუ ისინი ორთოდოქს ქრისტიანობას ამტკიცებდნენ საქართველოში, ჩვენ ჭეშმარიტი პოეზიის იდეალებს ვამკვიდრებთო.

ჟურნალ “ცისფერ ყანწებში” მხოლოდ ერთი ქალის სახელი გამოჩნდა: ელენე დარიანი _ ულამაზესი ლექსით “პირამიდებში”. ვინ იყო ეს ქალი “ასეთი ცისფერი”, გალაკტიონის ცნობილი სტრიქონები რომ მოვიხმოთ? თანაც, რა უცნაური და ლამაზი გვარი ჰქონდა _ დარიანი.  მეხის გავარდნას ჰგავდა მისი ლექსები. არავინ იცოდა მისი ვინაობა. ზოგი გაოცებულიყო მისი სითამამით, რადგან მის ლექსებში ისე შიშვლად იყო საუბარი ქალის ვნებებზე, ინტიმურ განცდებზე, ზოგი აღტაცებულიყო და ზოგიც მზად იყო ინკვიზიციის ცეცხლზე საჯაროდ დაეწვა ქართველ ქალთა შემარცხვენელი.

მხოლოდ მეგობრებმა იცოდნენ, რომ ელენე დარიანის მშვენიერი ნიღბის მიღმა იმალებოდა პაოლო იაშვილი. სწორედ მან შექმნა დარიანული ლექსების ციკლი, რომლის ავტორად ელენე დარიანი გამოაცხადა. გვარი დარიანი აიღო სახელგანთქმული ესთეტის,   ოსკარ უაილდის პერსონაჟის, დორიან გრეის, სახელიდან, დორიან –დორიანული_  დარიანული.  უფრო მჟღერი და ლამაზია დარიანული.

პაოლო იაშვილს აღმოაჩნდა გასაოცარი გარდასახვის უნარი. მან ქალის სამყარო ხელისგულზე გადმოშალა, თუმცა ეს არც არის გასაკვირი. მსოფლიო ლიტერატურაში ქალთა სახეების შემქმნელნი ხომ უმეტესად კაცები არიან. `მადამ ბოვარი _ ეს მე ვარ~, _გავიხსენოთ გუსტავ ფლობერის სიტყვები. მოპასანის `წუთისოფელი~, სტეფან ცვაიგის მოთხრობები. შიო არაგვისპირელის ნოველებშიც გამოჩნდა ქალის ფსიქოლოგია, მაგრამ პაოლო იაშვილის ელენე დარიანი მაინც პირველი თამამი ქალია ქართულ პოეზიაში.

გრიგოლ რობაქიძემ ლექსი მიუძღვნა ელენე დარიანს:

“ვიჩქაროდი შენკენ, ტურფა… გული ტოკდა, სული მღეროდა, –

სისხლი ტანში ხალისობდა, თვალ-წამწამი აგიშერდა~.…

ცნობილია, როცა  ქუთაისის საზოგადოების წინაშე პირველად წაიკითხა პაოლომ ეს ლექსები, რამდენიმე ქალი პროტესტის ნიშნად დარბაზიდან გავიდა. .ამის შესახებ წერდნენ მაშინდელი გაზეთები. ეს იყო სრულიად უცხო პოეტი ქალი, რომელიც ლექსებში წერდა თავის შიშველ სხეულსა და ვნებებზე, ლტოლვებზე. სატრფიალო პოეზიის ფასი კარგად იცოდა ქართველმა მკითხველმა _ ბესიკის მიერ მხატვრულად გარდასახული ხორციელი თუ ბარათაშვილის სულიერი, ამაღლებული სიყვარული, მაგრამ ელენე დარიანის ლექსებში სულ სხვანაირი განცდები აისახა:

“იქ, სადაც სდუმან პირამიდები,

მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,

იქ, სადაც სდუმან პირამიდები,

შენ მომინდები, შენი თვალები, შენი მკლავები,

შენი სინაზე. შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,

თვალ დანაბული, საყვარელ ხელებს მივეცემი

როგორც ნაზ საწოლს და შენ დამკოცნი

ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.

ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,

მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება…

პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში

ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.

სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით

მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;

გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,

დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს (“პირამიდები”).

ამიტომაც იყო რომ ჟურნალ გაზეთებში გამოჩნდა, როგორც უარმყოფელი, ასევე მაქებარი შეფასებები: `ელენე დარიანი საშიშია. მას ტემპერატურა აწეული აქვს.… სულიერი საუნჯე ელენე დარიანს არ გააჩნია. მას არ მოეპოვება ქალური მოკრძალება, არც სინაზე. ტლანქია და ის ჩვენს პოეზიას არაფერს მატებს”, – აცხადებდა გაზეთი “სამშობლო” 1916 წელს.

გრიგოლ რობაქიძე წერდა: “ჩვენში ბევრი ლექსი იწერება ვნების შესახებ, მაგრამ სულ ცოტა მათგანი თუ მოგვცემს ნამდვილი ვნების გრძნობას. ეს ლექსები კი ნამდვილი გრძნობის ვნებას გადმოგვცემს და არა მშრალ სიტყვას” (“სახალხო ფურცელი”).

“ცისფერყანწელი” შალვა აფხაიძე ჟურნალ “ბახტრიონის” ფურცლებზე ამბობდა: “ქართულ პოეზიაში არ არის ქალური სინაზე უდავოდ. ერთადერთია ელენე დარიანი, რომელმაც ქართულ პოეზიაში ეს შეიტანა”.

ტიციან ტაბიძე ჟურნალ “ცისფერი ყანწების” ფურცლებიდან ქართულ საზოგადობას პირდაპირ ადანაშაულებდა ქართული ლექსის ჩარჩოში ჩაკეტვის გამო და დარიანული ლექსების პორნოგრაფიად გამოცხადებისთვის: “ვინ არის დამნაშავე, რომ ქართული პოეზია ისე დაასაჭურისეს, რომ პორნოგრაფიად ითვლება გრიგოლ რობაქიძისა და ელენე დარიანის ლექსები?!”

ვალერიან გაფრინდაშვილი ჟურნალ “მეოცნებე ნიამორებში” საქართველოში პირველი კლასიკური სონეტის ავტორად პირდაპირ ელენე დარიანს ასახელებდა: “ელენე დარიანმა დაწერა პირველი კლასიკური სონეტი ჩვენში”.

ლიტერატურის ისტორიამ იცის ბევრი დავა ამა თუ იმ საკითხზე. სკანდალს ვერც ელენე დარიანი გადაურჩა. მის გამოჩენისთანავე გაიმართა დიდი სჯა-ბაასი, აღშფოთებულნი იყვნენ მისი ამორალურობით.

შემდეგ, მოგვიანებით, ამას დაემატა  ახალი სკანდალი _ გამოჩნდა ქალი ელენე ბაქრაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ელენე დარიანი არ იყო მისტიფიკაცია, ე.ი. გამოგონილი და თვითონ, რეალური ელენე იყო მის ნიღაბს ამოფარებული. გაირკვა მისი და პაოლოს სამიჯნურო ურთიერთობაც _ მათი სიყვარულის წერილებით. ამ თემაზე საინტერესო გამოკვლევები დაიბეჭდა, გამოვარჩევთ ლალი ავალიანისა და გიორგი ჯავახიშვილის წერილებს _ მათ შორის გამართულ ერთგვარ პოლემიკას. ლალი ავალიანი _ პაოლოს ინტერესთა დამცველი (წიგნი `პაოლო იაშვილი~ და სხვა წერილები), გიორგი ჯავახიშვილი _ ელენე ბაქრაძისა.

გიორგი ჯავახიშვილი ზედმიწევნით გაეცნო ელენე ბაქრაძის პირად არქივს. მან აღნიშნულთან დაკავშირებით გამოსცა წიგნი `ელენე დარიანის ლეგენდა და სინამდვილე~. ელენე ბაქრაძე იმით ხსნიდა შენიღბვას, რომ უკვე გათხოვილი ქალი იყო და არ სურდა `აღვირახსნილი~ დაეძახათ _ სწორედ ამგვარად მოიხსენიებდნენ ეროტიკული ლექსების ავტორს. ელენე ბაქრაძე, მართლაც, იყო პაოლოს მუზა. პოეტი მას ლექსებში ელლიდ მოიხსენიებდა. მათ ერთმანეთი დაოჯახებამდე გაიცნეს,  1912 წელს. პირველი შეხვედრისთანავე ერთმანეთის მიმართ საოცარი ლტოლვა გაუჩნდათ, მაგრამ დაშორდნენ და შემდეგ შეხვედრაზე ორივე დაოჯახებული იყო.

პაოლოს წერილიდან: “არა მაქვს უფრო მშვენიერი ფიქრები, ვიდრე ფიქრები შენზე და რაც უფრო შორს ხარ, მით მეტად ვგრძნობ, რომ სიცოცხლე უშენოდ არის გამოუთქმელ სევდათა სასაფლაო”. პაოლოს სიყვარულს ირეკლავს ეს ლექსიც: “სონეტი ელლის”:

“სონეტით მინდა ჩემი გრძნობა შენდამი, ელლი,

შენს სულს გადავცე… მაგონდება სოფელი შორი;

ერთმანეთს შევხვდით; ყვავილებით ხარობდა ველი;

იყავი ნაზი ისე, როგორც ტყის ნიამორი.

მე შემიყვარდი… და მიყვარხარ… და მარად გელი,

მე მინდა შენი სიახლოვე, შენი ამბორი;

შენთვის ვოცნებობ მე სონეტით მადიდებელი,

და შენით, ელლი, ანთებული მზის თანასწორი…

ყვავილებია ჩემ გარშემო!.. მაისი მინდა…

ჩემო ბაღებო, აყვავილდით, იმხიარულეთ!..”

მიუხედავად საგულისხმო მტკიცებულებებისა, ჩვენც პაოლო მიგვაჩნია ამ ლექსთა ავტორად.

დარიანულ ციკლში სულ 14 ლექსია, რომლებიც წარმოაჩენენ მშვენიერ ქალს, რომელმაც იცის პოეზიის ფასი, გატაცებით კითხულობს ფრანგი, რუსი თუ ქართველი პოეტების ლექსებს, განსაკუთრებით მოსწონს ანა ახმატოვა და მასთან სულიერ ნათესაობას გრძნობს და, რაც მთავრია, თამამად, მაგრამ დახვეწილად, არაჩვეულებრივი მხატვრული სახეებით გადმოსცემს თავის ფიქრებს.

ეს ლექსი `დარიანული~ სწორედ ამ ციკლიდანაა:

“დაიტანჯა

მაჯა

მარჯნის

მძიმე ჯაჭვის

ტარებით.

მე ლოყაზე

დამრჩა ფარჩა

ცხელი პირის

მიკარებით.

დაიტანჯა

მაჯა

მარჯნის

მძიმე ჯაჭვის ტარებით.

ბევრი ცრემლი

დამეხარჯა

ერთი პირის მიკარებით.

დაიტანჯა

მაჯა

მარჯნის

მძიმე ჯაჭვის ტარებით.

ჩემს დამტანჯველს

ღმერთი დასჯის

ქაჯად გადაგვარებით”.

ლექსის ლირიკული გმირი ქალია, რომელიც შთამბეჭდავად გადმოგვცემს სიყვარულით გამოწვეულ ტანჯვას. ლექსის მუსიკალურობას  იწვევს ალიტერაციები.

`დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით~. აქ ალიტერაცის ქმნის ჯ  და ტ თანხმოვნების გამეორება. თანაც, ეს სტრიქონი სამჯერ არის გამეორებული.

ლექსის ხერხემალია ტანჯვის განცდა _ რომელმაც მოიყოლა სიტყვები _ მაჯა, მარჯანი, ჯაჭვი, დაიტანჯა.

მარჯნის ჯაჭვი ქალის ულამაზესი სამკაულია, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მარჯნის ეს სამაჯური ქალს სატრფომ დაუტოვა სახსოვრად. ეს  მისთვის ერთდროულად სიხარულისა და ტანჯვის მომგვრელია. შეიძლება ამიტომაც სამაჯურის  ნაცვლად პოეტი იყენებს სიტყვა ჯაჭვს, თითქოს ამ მარჯნის ჯაჭვით არის დაბმული, დატყვევებული და არ შეუძლია მისგან გათავისუფლება: ეს ტყვეობა ტკბილ-მწარეა. ალექსანდრე ჭავჭავაძე რომ წერს ლექსში: `სიყვარულო ძალსა შენსა“: `თუ შენ ხარ ვნების მიზეზი, ლხენაც შენგან არ გვეძლევის?~ სიყვარულთან დაკავშირებული ტანჯვით სავსეა მსოფლიო ლიტერატურა, მათ შორის, ქართულიც და უპირველესი წიგნი სიყვარულისა _ `ვეფხისტყაოსანი~. როგორ შეიძლება ვინმეს დაავიწყდეს სატრფოს დაკარგვით დატანჯული ტარიელის მდუღარე ცრემლები და გლოვა.

აქ ყურადღებას იქცევს ის, რომ ამ სიტყვათა ავტორი ქალია, თუმცა ისიც შეიძლება ვთქვათ, რომ სიყვარულის გამჟღავნებაში ქალთა სითამამის მაგალითი `ვეფხისტყაოსანში~ გვაქვს: გავიხსენოთ, როგორ ხვდება თინათინი ავთანდილს, როდესაც პირველად დაიბარებს და სიყვარულს გაუმხელს:

“გაძრცვილსა ტანსა ემოსა ყარყუმნი უსაპირონი, ებურა მოშლით რიდენი….”.

გაძრცვილი ნიშნავს, რომ ის არ არის სამეფო სამოსით შემოსილი, არამედ მსუბუქად აქვს მოსხმული ყარყუმის ულამაზესი მოსასხამი, რომლის მიღმაც ალბათ  ნათლად ილანდება მისი უმშვენიერესი სხეული.

ელენე დარიანის ლექსების ლირიკული გმირი  საუბრობს თავის ვნებასა და ლტოლვაზე, მას არ ერიდება მკითხველისა: `მე ლოყაზე დამრჩა ფარჩა ცხელი პირის მიკარებით~. ეს მეტაფორაა,  ლოყაზე დარჩენილი ფარჩა _ ცხელი კოცნის კვალია. რომელიც წითელი აბრეშუმივით ატყვია თეთრ პირისკანს. ეს ნაკვალევი ტანჯავს ქალს.

“ბევრი ცრემლი დამეხარჯა ერთი პირის მიკარებით~ _ მკითხველს გულისნადებს უმხელს ქალი. ბევრი ცრემლის დახარჯვა მიანიშნებს მის დაბრკოლებით, წინააღმდეგობით აღსავსე სიყვარულზე. ეს ყოველივე კი აღვიძებს მკითხველის ცნობისწადილს, ვინ შეიძლება იყოს მისი სატრფო, რომელმაც მიატოვა და ასე დატანჯა. მიტოვებული ქალის გულში შურისძიების გრძნობა იღვიძებს.

მსოფლიო ლიტერატურა სავსეა მიტოვებული ქალების ტკივილითა და თუ მათი სასტიკი შურისძიების უამრავი მაგალითით (მხოლოდ კოლხი მედეას გახსენებაც კმარა, რომელმაც, ევრიპიდეს პიესის მიხედვით, მოღალატე იაზონზე შური იმით იძია, რომ შვილები დახოცა). მაგრამ ამ სტრიქონის წაკითხვაზე ჩვენ უმალ `ვეფხისტყაოსნის~ ნესტანი გვახსენდება: თათბირის შემდეგ რომ დაიბარებს ტარიელს. ამ თათბირზე, როგორც გახსოვთ, მეფე-დედოფალმა, ტარიელის უტყვი თანხმობით, ნესტანის ხვარაზმშაზე გათხოვება გადაწყვიტა. არადა, ნესტანსა და ტარიელს არა მხოლოდ  უკვე გამხელილი ჰქონდათ ერთმანეთისთვის სიყვარული, არამედ _ ერთგულებაც შეფიცული. წარმოვიდგინოთ, როგორ შედის ტარიელი ნესტანთან და რას ხედავს: `ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული, /არცა მზე ჰგავდა, არც მთვარე ხე ალვა ედემს ხებული~. ნესტანი ერთდროულად სამოთხის ხესავით მშვენიერი იყო და თან ვეფხვივით სასტიკიც. მათ დაძაბულ საუბარში კი გამოჩნდა, რას უპირებდა ნესტანი მოღალატე ტარიელს, დაემუქრა, გადაიკარგე ინდოეთიდან, თორემ არ გაცოცხლებო და თან იმის თქმაც არ დაავიწყდა: `ჩემისთანას ვერსად ნახავ, ცათამდისა ხელი აჰყოვო~. მთელი ქვეყნიერება რომ მოიარო, მეტაფორულად, ზეცაშიც რომ მოძებნო, ჩემს შესადარებელს ვერ იპოვიო.

პაოლო იაშვილის ლექსშიც ასეთი მუქარაა, ღმერთი დასჯის ჩემს დამტანჯველს და ქაჯად გადააქცევსო. პოეტი ალუზიებით ამძაფრებს და აღრმავებს სათქმელს. სწორედ  ქაჯები  მოიტაცებენ ნესტანსაც  და კოშკში გამოამწყვდევენ, რაც ლირიკული გმირის დიდ ტანჯვას  იწვევს. ასე რომ, ქაჯის ხსენებასაც ისე `ვეფხისტყაოსნის~ გმირებთან მივყავართ.

ცხადია, ელენე დარიანის სიყვარული შთაგონებულია `ვეფხისტყაოსნის~ გმირთა სიყვარულით, ოღონდ მეტი სითამამეა. ნესტანისა და თინათინის სითამამე  შუა საუკუნეებისთვის იყო ერთგვარად გასაოცარი, მეოცე საუკუნეში კი მათი შთამომავალი და მემკვიდრეა ელენე დარიანი, რომელიც თავისუფალია და ამაყი.

დარიანული ციკლის ლექსები მკითხველს არწმუნებს პაოლო იაშვილის  პოეტური გარდასახვის დიდ ოსტატობაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“