კვირა, მარტი 3, 2024
3 მარტი, კვირა, 2024

მასწავლებლობის ალგორითმი: წინ მოსწავლეებთან ერთად!

 

რით განსხვავდებიან მთიანი სოფლის მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლისა და დედაქალაქის კერძო სკოლის მოსწავლეები? ამ კითხვით ვიწყებთ საუბარს რუსუდან ალიბეგაშვილთან, დაწყებითი კლასების მასწავლებელთან, რომელმაც სნოს საჯარო სკოლაში თითქმის 20-წლიანი საქმიანობის შემდეგ მასწავლებლობა თბილისში, კერძო სკოლა „კანდიდში“ გააგრძელა.

– ბავშვი ყველგან ბავშვია, საინტერესო და საყვარელი, მაგრამ გარემო პირობები, რა თქმა უნდა, თავის ნიშანს ადებს თითოეულს. სნო მთის სოფელია, თავისი მკაცრი კლიმატური პირობებით, საკმაოდ რთული სოციალური ყოფით. ოჯახები ყოველდღიურ პრობლემებთან ბრძოლაში არიან ჩართულნი. ეს იოლი არ არის, ვერც უძლებს ყველა, და ამიტომაც თანდათან ცარიელდება იქაურობა. შეთხელებული სოფელი, დაცარიელებულ სკოლას ნიშნავს, ასეც ხდება. კლასში ორი-სამი მოსწავლე ზის. შემდგომ შევსებას შიშით ველოდებით… იქაური მოსწავლეები ასეთ გარემოში იზრდებიან. მათ არ აქვთ ამდენი ინფორმაცია, ამდენი ხელშეწყობა, მაგრამ არიან მოწადინებულები, ზრდილობიანები, მორიდებულები, რადგან ხედავენ – მასწავლებელს სოფელიც გამორჩეულ პატივს სცემს. აქვთ ერთი დიდი კომფორტი, მუდმივ შეხებაში არიან ბუნებასთან: მცენარეებთან, ცხოველებთან, მთასთან, კლდეებთან, თოვლთან… ამიტომაც უფრო ჩაფიქრებულნი თუ დაფიქრებულნი არიან. სამყაროს უფრო ახლოს აღიქვამენ. რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ მოსწავლეებს, ისინი უფრო თამამები, გალაღებულები არიან, ქალაქური გარემო მათ ზღვა ინფორმაციით „ამარაგებს“, მეტიც, საჭირო და არასაჭირო ინფორმაციის წნეხში აქცევს. მათ „ბევრი“ იციან. ეს მკაცრ კლიმატზე ნაკლები გამოწვევა არ არის. მადლობა ღმერთს, მატერიალურად ამ ბავშვებს  არ უჭირთ, მაგრამ ამისთვის მათ ოჯახებსაც დაძაბული ბრძოლა უწევთ ცხოვრებასთან. ეს სხვა პრობლემებს წარმოშობს… ჯერ მარტო ბეტონის კორპუსებს შორის გამომწყვდეული ყოფა რამდენს ნიშნავს? ეს დამთრგუნველი გარემოა, ბუნებრივისგან განსხვავებული. თუმცა, საერთოც ბევრი აქვთ იქაურ და აქაურ ბავშვებს, ერთნაირად გულწრფელები, ცნობისმოყვარეები არიან, სითბოს სითბოთი პასუხობენ, უყვართ შექება, ხან ყოჩაღები არიან, ხან ზარმაცობენ…

– მასწავლებელსაც განსხვავებული მიდგომა სჭირდება იქ და აქ…

– სწავლა-სწავლებაში იქ და აქ არ არსებობს. არსებობს აქ… ანუ კლასი და მასწავლებელი. კლასი, რომელთანაც გიწევს მუშაობა. კლასში მხოლოდ მათთან ერთად, მათთვის უნდა იფიქრო და იმოქმედო, სადაც გინდა ასწავლიდე. სულ ასეა: ყოველ დილას „ვიპრანჭები“ (გარეგნულადაც და შინაგანადაც) მათთან შესახვედრად. იწყება კიდევ ერთი სცენა, რომელიც დაგეგმილი გაქვს და თან გზადაგზა ცვლი, ბავშვების რეაგირების მიხედვით. ასეთ გაკვეთილებში მოგდევენ ბავშვები. თუ შენთვის ილაპარაკე და წინ წახვედი, უკანმოუხედავად, ანუ მათ თვალებში ჩაუხედავად, მიგატოვებენ, ჩამოგრჩებიან და დარჩები წინგაქცეული უმიზნოდ და სასაცილოდ. ხელი უნდა ჩასჭიდო ყველას (თვალით, შეხებით, ხმით, თვალსაჩინოებით…) და გაიყოლო. მე ასე მესახება მასწავლებლობის  ალგორითმი. დანარჩენს სტანდარტები გკარნახობს. ამგვარი მიდგომით ვმუშაობდი იქაც და აქაც. რა თქმა უნდა, კერძო სკოლას თავისი დამატებითი სტანდარტები აქვს და შესრულებაზეც უნდა იზრუნო. სიახლეს უნდა მიჰყვე. სკოლასაც და მშობლებსაც მეტი მოთხოვნები აქვთ. ახლახან გვქონდა საინტერესო პროექტები გარემოს დაცვაზე, წიგნის მნიშვნელობასა და მისი ბეჭდვა-გამოცემის პროცესზე, გვაქვს ახალი ჩანაფიქრი სხვა სკოლასთან ერთობლივ პროექტზე. პროექტში „ხე ჩემი მეგობარია“ სხვა აქტივობებთან ერთად, ბავშვებმა წერილები მიწერეს ხეებს, პრეზენტაცია ეზოში მოვაწყეთ, მშობლებიც მოვიწვიეთ, წერილები ხეებზე და ბუჩქებზე მივაბით. მოკლედ მიზანი, რომ მათ მეტი ეფიქრათ ბუნებაზე, შეხებოდნენ მცენარეებს, მიღწეულია. მეორე პროექტით სტამბას ვეწვიეთ, უნდა გენახათ რა ცნობისმოყვარედ ათვალიერებდნენ იქაურ პროცესს, კითხვები არ ელეოდათ.

– რუსუდან, სნოდან მიგრაციის პრობლემა ძალიან გაწუხებთ, მაგრამ თქვენც წამოხვედით…

– ასეა. ოთხი შვილის დედა და 3 შვილიშვილის ბებია ვარ. ყველა აქეთ ცხოვრობს და მინდა, მათთან ახლოს ვიყო, შვილიშვილებსაც მივხედო. სიახლეები მიყვარს და პროფესიულადაც ახალ გარემოში ვიმკვიდრებ თავს. ვფიქრობ, ცუდად არ გამომდის. საერთოდ, ადვილად არ ვყრი ფარ-ხმალს, წინააღმდეგობა ძალას მმატებს. 19 წლისა – პირველი შვილის დედა გავხდი. ეს იყო ყველაზე მძიმე წლები, სინათლე რომ გვენატრებოდა. მხარდამჭერი არ მყავდა, ჩემი მშობლები საგარეჯოში ცხოვრობდნენ, მე – ყაზბეგში, სნოში. სხვა გარემო, სხვა პირობები… ბავშვები რომ დაიძინებდნენ, მერე ვიწყებდი სადილის მომზადებასა და რეცხვას. სარეცხს რომ ვფენდი ხელები მავთულებზე მეყინებოდა. სოფლის საქმესაც ვასწრებდი. ოთხი შვილის გაზრდა კარგ პირობებშიც ძნელია. მომთხოვნი დედა ვარ, ადამიანი ბავშობიდანვე უნდა მიეჩვიოს პასუხისმგებლობას. ჩემს პირველ მოსწავლეებში ჩემი შვილიც იყო. ყველა საქმის დაწყებისას დიდი მნიშვნელობა აქვს  კოლეგების მხარდაჭერას. სკოლის დირექტორის ტარიელ ფირანიშვილისგან და დაწყებითის მასწავლებლის სანათა ვარდუკაშვილისგან ბევრი რამ ვისწავლე. თავადაც ვაკვირდებოდი ყველაფერს, ვსწავლობდი. მიყვარს ჩანაწერების გაკეთება – კითხულობ და ცოცხლად იხსენებ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვნად მიიჩნიე. მერე, კიდევ ცვლი რაღაცას. სნო ძალიან ძვირფასია ჩემთვის და თავისუფალ დროს ისევ იქით მივდივარ. მიგრაციის საკითხი კი არ მაწუხებს, მტკივა. სახელმწიფომ უნდა მიხედოს ამ პრობლემას.

– შვილები? მასწავლებლობა არ მოინდომეს?

– არა, სხვა არჩევანი გააკეთეს. ვერიკომ მხოლოდ  სპორტის სიყვარულში მომბაძა, თუმცა მე ფრენბურთს ვთამაშობდი, მან უფრო ექსტრემალური სახეობა – მეკლდეურობა აირჩია. საუკეთესო ათეულში იყო, მის შეჯიბრებს ვერ ვუყურებდი, მიმძიმდა… ნათიამ წარჩინებით დაამთავრა სკოლა. სწავლის გარდა, ანსამბლ ,,ნაკადულის“ წევრი იყო.  ანა სნოს სკოლაში მიღებული ცოდნით გახდა სტუდენტი. გოგონები დაოჯახდნენ, პატარებს ზრდიან. ნაბოლარა ვაჟი სამედიცინოს მესამეკურსელია, თან იაშვილის სახელობის კლინიკაში მუშაობს. ახლახან გავიგე, რომ პრობლემების მქონე ბავშვს დაეხმარა თავისი ხელფასით. გამიხარდა. რასაც ცდილობდი, რასაც ასწავლიდი შვილებს თუ მოსწავლეებს, ამის შედეგს რომ დაინახავ, ეს არის იმ დიდი შრომის ნაყოფი, რაც მათ აღზრდა-სწავლებაში ჩადე.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი