სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

პატრიოტიზმი პირველ კლასში – „შენ სისხლო ჩემო …“

ჩემი თითქმის 13-წლიანი პედაგოგობის პერიოდში ორჯერ ვასწავლიდი პირველ კლასს. ვისაც ამ ასაკის მოსწავლეებთან ჰქონია შეხება, კარგად მოეხსენება, თუ როგორი ურთულესი საქმეა პირველკლასელთა მასწავლებლობა, რამდენნაირ უნარსა და კომპეტენციას მოითხოვს ადამიანისაგან. ამ საკითხზე ბევრი შეიძლება ვწერო, თუმცა დღევანდელი საუბრის თემა მაინც სხვაა – საპირველკლასოდ 6 წლის ბავშვების მამულიშვილური მუხტით აღჭურვის საკითხი.

2005 წელია, მე – მართალია საროს არმჯობნი, მაგრამ „ჯერთ უწვერული“ და უნივერსიტეტდაუმთავრებელი, სკოლის დირექტორის აშკარად თამამი და რისკიანი გადაწყვეტილებით, „ვიყვან“ პირველ კლასს. აქ აღარ აღვწერ ჩემს მდგომარეობას, შფოთვისა და ღელვის ყველა ზღვარს აცდენილ ნიშნულს, თუმცა აღგიწერთ მოსამზადებელ პროცესს. პირველ სართულზე განწესებულ საკლასო ოთახს დილის 7 საათზე ვაკითხავ სკოჩითა და გასაბერი ფერადი ბურთებით შეიარაღებული. სკოლის დარაჯის თვალებსა და ნერვულ ჩახველებას ყურადღებას არ ვაქცევ და ვიწყებ ბუშტების ბერვასა და შემოსასვლელიდან ოთახამდე კედელზე მიმაგრებას. ახლა კი მეცინება, მაგრამ მაშინ ჩემზე სერიოზული სახით მომუშავე ადამიანი დედამიწის ზურგზე არ დაიარებოდა. ალბათ ჩემმა შემართულობამ და ბუშტების საკმაო რაოდენობის გაბერვის შედეგად გალურჯებულმა ტუჩებმა ჩვენს დარაჯშიც გამოიწვია თანაგრძნობა, უხმოდ მომიახლოვდა, 3 ბუშტი გამომართვა და მოწადინებით დაიწყო ბერვა. მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო და მით უფრო ბუშტების ბერვაში. როგორც იქნა, კლასის გზის მაჩვენებლები სრულად მივაკარით დერეფნის კედელზე. ახლა სხვათა და სხვათა დარიგების მიხედვით, დაფაზე ლამაზად უნდა გამომეყვანა რიცხვი, თვე და სასწავლო წლის დაწყების მილოცვა. ვინც ჩემს კალიგრაფიულ უნარებს იცნობს, მიხვდება რაოდენი ძალისხმევა დამჭირდა ამ საქმის შესასრულებლად, თითქმის 20 წუთი გამომყავდა ასოები. მოკლედ, 9-ის ნახევრისათვის ნაჯაფარი მორცხვად ვიდექი ოთახში და ველოდი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უცნაურ ამპლუაში საზოგადოების წინაშე წარდგომას. მოვიდნენ გაბაბთულ-გაკრახმალებულ-გულმოდგინედ დავარცხნილ-დამშვენებული პატარები, იყურებიან დიდი თვალებით და მშობლებთან ერთად ეძებენ „ზოგჯერ უშვილო, მაგრამ მრავალი შვილის მშობელ“ მასწავლებელს. ჰოდა შევრჩი მე –  საკლასო ოთახის შუაგულში უხერხულად მდგარი, ჭრელპერანგიანი 20 წლის ბიჭი. ხელში ყვავილებმომარჯვებული მშობლები შემომცქეროდნენ, უხეხულად იღიმებოდნენ, ჩემ გამო ფუნქციადაკარგული თაიგულები კი, ალბათ, კარგს არაფერს მისურვებდნენ. დავიწყე პირველკლასელთა პირველი გაკვეთილი. გაცნობის შემდეგ, როგორც დარიგებული ვიყავი, ვკითხე პატარებს, რაიმე ლექსი ხომ არ უნდოდათ, რომ წაეკითხათ და მოვემზადე საბავშვო ლიტერატურის მოსასმენად. აი, სწორედ აქ ვიგემე პირველად პირველკლასელთა მშობლების მიერ გულდაგულ მომზადებული მამულიშვილურ-პატრიოტული ალიყული – მე ვიცი ლექსი და ვიტყვიო, ასწია საოცარი მართი კუთხით მარჯვენა პატარა ბიჭმა. ამოვისუნთქე, მაინც ვღელავდი, ვაიდა, არავინ ხმა არ ამოიღოს, მერე რაღა ვქნა-მეთქი. შევუქე გამბედაობა, ისიც დიდი კაცის ნაბიჯებით გამოვიდა ოთახის შუაში, გაშალა ხელი, მაგრამ რა გაშალა და დაიწყო მჭექარედ – „ შენ შიშხლო ჩემო სად არ დაღვრილო, სად არა გხვრეპდა შავი ყორანი…“ და ასე ბოლომდე მიმიკა-ჟესტიკის ნოყიერად გამოყენებით მაჟორით დაასრულა – „ … ვაი, ვაი რომ კიდევ ხმაურობ.“ ცოტა დავიბენი, ცოტა გამეღიმა, ბევრიც შევაქე და საბავშვო ლექსის მოსმენის იმედით კვლავ მივუტრიალდი ბავშვებს. ლექსის წაკითხვის მსურველები გამოჩნდნენ და ჩემი მოლოდინიც გაამართლეს, მაგრამ  მამულიშვილურ-პატრიოტული ალიყული ასე იოლად არ აპირებდა დანებებას, ჯერ თორნიკე ერისთავის შესავალი მოვისმინე და შემდეგ ერთ-ერთმა შავტუხა, ეშმაკუნათვალებიანმა გოგონამ გალაკტიონის მესაფლავე ვიციო, რომ მითხრა, იქ კი საპირველგაკვეთილო ღელვაც დამავიწყდა.

ჩემი გამოცდილება, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა გამონაკლისი, ბევრ ჩემს კოლეგას უგემია მამულიშვილური შემართება, რასაც, ძალადობის ერთგვარი ფორმადაც კი განვიხილავ. კლასიკოსი, ეგრეთ წოდებული, სადიდო პოეზიის ავტორების შემოქმედების ზუთხვა და გულში მჯიღის ცემით წაკითხვა არ არის მცირეწლოვანი მოსწავლეების საქმე, ისეთი ფრაზებისა  თუ ლექსიკური ერთეულების წარმოთქმა, რომლებიც არ ესმით, ვერ გრძნობენ, ვერ იგებენ და ვერ გაგებინებენ. მათი საფიქრალ-საზრუნავი და სათქმელი სწორედ გულუბრყვილო დათუნია დრუნჩას, ორყურდაცქვეტილი ბაჭიასა და ქაცვია ზღარბის მოქმედებების ანალიზის შედეგი უნდა იყოს და არა კრწანისის ყაყაჩოების პოეტური ხატისა და ოჟა ჟურხაის ფარის ჟღრიალის მხატვრული სახის გააზრების.  ჩვენს პირველკლასელებში მამულიშვილობის  აღზრდა სავსებით შესაძლებელია ქართული საბავშვო ლიტერატურის კითხვითა და სწავლებით, ზედმეტი საკმაზი მხოლოდ ავნებს მათს სწავლის შედეგსა და გემოვნებას. სიმართლე გითხრათ, იმავე პრობლემის გამოხატულებად მიმაჩნია პირველკლასელთა სახელმძღვანელოებში გიორგი ლეონიძის ლექსიდან „დედა ენა“ მოცემული ნაწყვეტი –  „ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა, ჩვენი ენა ქართული, ვარდნაბამი ფურცელი, ჩვენს ყრმობაში ჩართული! დედის ძუძუ მეორე, სიყვარული პირველი, ჩვენს აკვანს შემომჯდარი მგალობელი ფრინველი.“ დამერწმუნეთ, ნამდვილად რთულია, ყრმობაში ჩართული ვარდნაბამი ფურცლის ახსნა ამ ასაკისათვის, იგივე სათქმელი გაცილებით იოლადაც შეგვეძლო მიგვეწოდებინა. აღარაფერს ვამბობ მეორე სტროფზე – „ დედის ძუძუ მეორე, სიყვარული პირველი“. ვფიქრობ, დედა ენის ასეთი მხატვრული გააზრება ასევე უადგილოა პირველ კლასში და დედა ენის სიყვარულის დაძალების მცდელობა უფროა.

დედა ენის ხელოვნური სიყვარული, ხელოვნური მამულიშვილური სულისკვეთება და, ზოგადადაც, ნებისმიერი ხელოვნურობა ათამაგად უფრო საშიშია პირველკლასელებთან. საბავშვო ლექსსაც უნდა ვერიდოთ, თუ კი იგი ხელოვნურია. ცოტა ლოზუნგივით კი გამომდის, მაგრამ მაინც – ვასწავლოთ სამათასაკო ლექსები, ვამსჯელოთ მათთვის გასაგებ და საინტერესო სიუჟეტებზე, ვუკითხოთ ბისეტი, ლინდგრენი, როდარი, ქართველი საბავშვო ავტორები და არ შეგვეშინდეს, რომ მამულიშვილურ, პატრიოტულ გრძნობებს ვერ ვუღვივებთ. ჩემი აზრით, სწორედ ასაკისა და ინტერესის  შესაფერი ლიტერატურაა ჭეშმარიტი მამულიშვილების აღზრდის წინაპირობა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი