სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ტექნიკური კულტურების გეოგრაფია

დედამიწაზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დიდი ნაწილი ტექნიკურ ანუ სამრეწველო კულტურებს უკავია. მათ ის მცენარეები მიეკუთვნება, რომლებსაც ისე იყენებენ, როგორც სამრეწველო ნედლეულს. ტექნიკური კულტურები შემდეგ ჯგუფებად იყოფა: ბოჭკოვანი (ბამბა, სელი, ჯუთი, კანაფი და სხვ.), ზეთოვანი (მზესუმზირა, არაქისი, სოიო, მდოგვი, ქოქოსი, ზეთისხილი, ტუნგო და სხვ.), სახამებლის შემცველი (კარტოფილი, ბატატი და სხვ.), შაქრის შემცველი (შაქრის ჭარხალი და შაქრის ლერწამი), ეთერზეთოვანი (პიტნა, გერანი, ბაზილიკა, ვარდი და სხვ.), კაუჩუკოვანი (ჰევეა), ნარკოტიკული (თამბაქო, ყაყაჩო და სხვ.), სამკურნალო (კატაბალახა. ჟენშენი, ქინაქინა და სხვ.), სანელებლები (მუსკატი, პილპილი, ვანილი და სხვ.). განვიხილოთ ზოგიერთი მათგანის გეოგრაფია.

ზეთოვანი მცენარეები

ცხიმები და ზეთები, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტია, ამავე დროს მათ ფართოდ იყენებენ მრეწველობასა და მედიცინაში. მაგ; მცენარეული ზეთები გამოიყენება პარფიუმერული პროდუქტის დასამზადებლად. ბოლო პერიოდში მცენარეული ზეთების წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზეთს იღებენ მცენარის თესლებიდან (ქოქოსის, ბამბის, არაქისის, სოიოს და მზესუმზირას ზეთი) და ნაყოფისგან (ზეთისხილი და პალმა).

არაქისის გავრცელების გეოგრაფია

ქოქოსის გავრცელების გეოგრაფია

მცენარეული ზეთების მთავარ მწარმოებელ ქვეყნებს შორის აღსანიშნავია ჩინეთი, ინდოეთი, ნიგერია და პაკისტანი.

ბოჭკოვანი მცენარეები

ნატურალური ქსოვილების მთავარი წყარო, შალოს გარდა, მცენარეული ბოჭკოებია. ისინი ასობით მცენარისგან მიიღება, თუმცა მწარმოებლური მცენარეების რიცხვი შეზღუდულია. მათ მიეკუთვნება თესლის ბოჭკოები, მაგ; ბამბა. ასევე არსებობს ლაფანის ბიჭკოებიც, როლებიც მცენარის შიდა ქერქისგან მიიღება, მაგ; სელი, კანაფი და ჯუთი. ყველაზე მნიშვნელოვანი ნატურალური ბოჭკო ბამბა ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი მრავალი სახეობა არსებობს, თუმცა ყველაზე პოპულარული Gossypium-ია. ბამბას გასაზრდელად უყინვო 180 -დღიანი პერიოდი სჭირდება, რომლის დროსაც საშუალო ტემპერატურა +20 გრადუსს აღემატება, ხოლო ნალექების რაოდენობა ზომიერია. ზოგან, განსაკუთრებით მშრალ რეგიონებში, მაგ; კალიფორნიასა და ნილოსის ხეობაში, ბამბას ზრდა-განვითარებისათვის ირიგაციული სისტემებს უყენებენ. ბამბის მწარმოებელი უდიდესი ქვეყნებია: ჩინეთი, აშშ, ცენტრალური აზიის ქვეყნები, ინდოეთი და პაკისტანი.

ბამბის გავრცელების გეოგრაფია

შაქრის შემცველი

შაქრის ლერწმის სამშობლოს სამხრეთ აზიაა. ის ჯერ კიდევ 5 ათასი წლის წინათ იყო ცნობილი ინდოეთსა (დასავლეთ ბენგალიისა და ბიჰარის შტატები) და ჩინეთშიც. მსოფლიოში შაქრის ლერწმის ფართობი 12 მლნ. ჰა-ს აღემატება. შაქრის ლერწამი ნაყოფს მხოლოდ ტროპიკებში (ტროპიკული აფრიკა, ოკეანეთი, აზია და ლათინური ამერიკ) ივითარებს. მისი ძირითადი მწარმოებელი ქვეყნებია ინდოეთი, ინდონეზია, ბრაზილია და კუბა. ევროპაში შაქრის ლერწამი მხოლოდ ესპანეთსა და პორტუგალიაში (კ. მადეირაზე) მოჰყავთ. XIX საუკუნეში ალაზნის ველზე შაქრის ლერწმის გაშენებას ცდილობდნენ, მაგრამ შედეგები საიმედო არ აღმოჩნდა.

შაქრის ლერწმის გავრცელების გეოგრაფია

შაქრის ლერწმის მოსავლიანობა ჰა-ზე 400—2000 ც-ს აღწევს. ღეროს წვენი 18%-მდე შაქარს შეიცავს. წვენის მიღების შემდეგ ღეროსა და ფოთლებს პირუტყვის საკვებად იყენებენ.

ნარკოტიკული მცენარეები
თამბაქოს სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. ევროპაში, ჯერ ესპანეთსა და პორტუგალიაში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც ამერიკიდან XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის I ნახევარში შემოიტანეს. პირველად მოაშენეს, როგორც დეკორატიული და სამკურნალო მცენარე. საქართველოში თამბაქო XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. თუმცა ეს მხოლოდ დაბალი ხარისხის წეკო იყო. მაღალხარისხოვანი საპაპიროსე თამბაქოს კულტურა კი ჩვენს ქვეყანაში XIX საუკუნის I ნახევარში გავრცელდა. პირველად იგი აფხაზეთში გააშენეს, შემდეგ – აჭარაში, ბოლოს, აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებშიც – მარნეული, ბოლნისი, ყვარელი, ლაგოდეხი და სხვა).
თამბაქოს სავეგეტაციო პერიოდი 135-170 დღეა. იგი სითბოს მოყვარული და ტენის მომთხოვნი მცენარეა. კარგად ხარობს მსუბუქ და საშუალო შავმიწებზე, რუხსა და წაბლა ნიადაგებზე. ფოთლის ნაწარმის ხარისხი დამოკიდებულია ცილებისა და ნახშირწყლების შეფარდებაზე, ნიკოტინისა და ეთეროვანი ზეთების შემცველობაზე. თესლი შეიცავს 30-35% ცხიმოვან ზეთს, რომელსაც ტექნიკური მიზნებისათვის (საცხები მასალისათვის) იყენებენ.

თამბაქოს გავრცელების გეოგრაფია

სანელებლები

ვანილის სამშობლო მექსიკაა. სწორედ აქ, შტატ ვერაკრუსის ტერიტორიაზე მცხოვრები ინდიელები – ტოტონაკები გაწაფული ყოფილან ვანილის მოყვანასა და მისი ნაყოფის დამუშავებაში. ვანილს აცტეკები მისი გამომშრალი ნაყოფის ფერიდან გამომდინარე „tlilqsoCitl”-ს, ანუ შავ ყვავილს უწოდებდნენ. ვანილს ისინი კაკაოზე დამზადებული სასმელისთვის, „ქსოკოლატლის” ანუ შოკოლადისთვის, სასიამოვნო გემოსა და არომატის მისაცემად იყენებდნენ. ამბობენ, რომ 1520 წელს დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე აცტეკების გამგებელმა, მონტესუმამ, ეს სასმელი ესპანელ კონკისტადორს, ერნან კორტესს, დაალევინა. კორტესმა კი კაკაოს მარცვლები და ვანილის ნაყოფი ევროპაში შემოიტანა. ვანილით შენელებული ცხელი შოკოლადი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევროპის სამეფო კარზე.

ევროპაში ვანილის მოყვანა მხოლოდ XIX საუკუნის დამდეგიდან დაიწყეს, ხოლო შემდგომ ის ევროპიდან ინდოეთის ოკეანის კუნძულებზე გავრცელდა. მაგრამ მრავალი მცდელობის მიუხედავად, მებაღეები უმეტესწილად ვერ იღებდნენ ამ მცენარის ნაყოფს. ამიტომ, XVI-დან XIX საუკუნემდე მხოლოდ მექსიკა ფლობდა ვანილით ვაჭრობის მონოპოლიას. 1841 წელს საფრანგეთის კუნძულ რეიუნიონზე ყოფილმა მონამ, ედმონ ალბიემ, ყვავილების ხელოვნურად დამტვერვის მეთოდი შეიმუშავა, რამაც შესაძლებელი გახადა ვანილის ნაყოფის მიღება. ამ ტექნოლოგიის წყალობით, მექსიკის გარეთაც დაიწყეს კომერციული მიზნით ვანილის მცენარის მოყვანა.
სინამდვილეში მცენარე, რომელზეც ვანილის ნაყოფი იზრდება, ჯადვარს წარმოადგენს. და ერთ-ერთია ჯადვარისებრთა ოჯახის იმ 20 000-ზე მეტი წარმომადგენლიდან, რომლებიც საჭმელად ვარგის ნაყოფს იძლევიან. ეს მცენარე მცოცავი ლიანაა და დაბლობის ტენიან ტროპიკულ ტყეებში გვხვდება, სადაც ხეებზეა შემოხვეული. დღესდღეობით ვანილის ძირითადი მწარმოებლები არიან ძველად საფრანგეთის კუთვნილებაში მყოფი კუნძულები რეიუნიონი და კომორი, ხოლო ყველაზე დიდი რაოდენობით ვანილი კუნძულ მადაგასკარზე იწარმოება.

ვანილის გავრცელების გეოგრაფია
საინტერესოა, რომ თავად ვანილის ქორფა ნაყოფს არანაირი გემო ან არომატი არ აქვს. მან უნდა გაიაროს დამუშავების საკმაოდ ვრცელი პროცესი, რომლის შედეგადაც გამოიყოფა ვანილინი, ნივთიერება, რომელიც განსაკუთრებული სურნელებითა და გემოთი გამოირჩევა. ასეთი სახით დამუშავებისა და ხელოვნური დამტვერიანების აუცილებლობის გამო, ვანილი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სანელებელია. მას ასევე იყენებენ პარფიუმერიულ და კვების მრეწველობაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“