სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

სპორტის გაკვეთილები ფანჯრიდან

ნაძვები

თბილისში მუდმივად გადატვირთული ქუჩებიდან ერთ-ერთის, დადიანის ქუჩის, სიახლოვეს ვცხოვრობ. თითქოს ტრანსპორტის აუტანელი ხმაურით შეწუხებული უნდა ვიყო, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ არის. ჩემს კორპუსს წინიდან აფარებული კიდევ ერთი უსაშველოდ გრძელი კორპუსი და თბილისური ეზოებისთვის უკვე „ფანტასტიკის სფეროდ“ ქცეული ხეები, რომელთა უმეტესობა ნაძვია, ისე კარგად ახშობენ მანქანების ხმაურს (მტვერსა და გამონაბოლქვს ხომ თავისთავად ისრუტავენ) რომ ხანდახან აგარაკზეც კი მგონია თავი. განსაკუთრებით ქარის დროს, როცა ნაძვები მწვანე თითებს ააფხაჭუნებენ ფანჯრის მინებზე და, ანას ცნობილი თუთის ხისა არ იყოს, სახლში შემოჭრას ლამობენ. თითქმის დაუჯერებელ რამეს ვამბობ, მაგრამ, წეღან, სახლიდან გაუსვლელად, მარტო ფანჯრიდან, არც მეტი, არც ნაკლები, 23 ძირი ნაძვი დავითვალე ეზოში.

 

კორპუსებს შორის

ორ კორპუსს შორის მოქცეული სპორტული მოედანიც მწვანეა ნაძვებივით. უფრო მწვანეც კი, იმიტომ რომ ხელოვნური საფარითაა დაფარული. კარიც მტკიცე აბია და მაღალ მილებზე შემოხვეული მავთულის ბადითაც საიმედოდაა დაცული. ოღონდ, ჩიტი ვერ გადაფრინდება კი არა, ჩიტებიც და შინაური მტრედებიც ხშირად სტუმრობენ აქაურობას. ვინ იცის, მაღლიდან მწვანედ მოხასხასე მინდორს რომ დაჰყურებენ, გაზაფხული ჰგონათ. „აეროდრომადაც“ გამოსადეგი ადგილია მათთვის და, იმედია, პატარა ჩიჩაყვების გასაბერად, რაიმე საკვებსაც პოულობენ ამ ვითომბალახში.

თავად სტადიონის არსებობის გარდა, რაც მე მახარებს, ისაა, რომ ყოველდღიურად  აქ ჩიტებზე ბევრად მეტი ბავშვი დახტის, თამაშობს და ჟრიამულობს. საღამოობით, ამ ორ კორპუსში მცხოვრებთა გარდა, სხვა ბავშვებიც მოდიან სავარჯიშოდ „ტრენერების“ თანხლებით და ლამპიონებით განათებულ მინდორზე ხან ოვალური ბურთი დაგორავს, ხან მრგვალი; დილაობით კი, კვირაში რამდენჯერმე, რომელიღაც ახლომდებარე სკოლის, ალბათ, მე-4-მე-6 კლასელებს, სპორტის გაკვეთილებსაც უტარებს ერთი ახალგაზრდა სპორტის „მასი“.

 

ლურჯი ქუდი და სხვა

ყვითელი სასტვენი სულ თან დააქვს. მწვანე და შინდისფერ სპორტულ ქურთუკებს ამინდის შესაბამისად იცვლის. სპორტულ ფეხსაცმელებსაც ქურთუკის ფერი თასმებით იკრავს. ყველაზე ხშირად თვალში მაინც მისი ლურჯი ქუდი მხვდება ხოლმე, რომელიც მუდმივად ახურავს. უქუდო  მასი ჯერ არ მინახავს. დათბება  და მოიხდის ალბათ.

საშუალო სიმაღლისაა, ასაკით, ყველაზე ბევრი, 27-28 წლის იქნება. თხელ, მოდურად შეკრეჭილ წვერს ატარებს. სიარულსა და მიხრა-მოხრაზე ეტყობა, რომ სპორტის მასწავლებლობამდე სპორტსმენის გზა გაიარა, ან იქნებ, ჯერაც ისევ  აქტიურად მისდევს სპორტს. ჩემი აზრით, უფრო ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო (ან არის), ფეხბურთელებმა იციან ასე აქეთ-იქით ქანაობით და მსუბუქი რწევით სიარული. ზოგჯერ გაკვეთილის დაწყებამდე მარტო მოდის ხოლმე სტადიონზე. შევა, ხან მოედნის ცენტრში გაჩერდება, ხან კიდეებში, ფეხით საფარს  მოსინჯავს, დაზიანებული ხომ არ არის, შუშა ან ქვა ხომ არ გდია, ბავშვები თამაშის დროს რომ არ დაეცნენ და რამე არ იტკინონ… ყველაფერს რომ შეამოწმებს,  მოედნის კარს გაიხურავს და ცოტა ხანში ბავშვებთან ერთად  ბრუნდება ისევ უკან – მათსავით  ხალისიანი და ბედნიერი.

 

გაბრაზებული მასი

ერთხელ გაბმულმა სასტვენის ხმამ გამახედა ფანჯარაში. მანამდე, ბურთის ტყაპატყუპზე და შეძახილებზე ვხვდებოდი, რომ ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ, „მასი“ კი მსაჯობდა. გოგონების უმეტესობა სტადიონის გარეთ დამონტაჟებულ ტრენაჟორებზე ვარჯიშობდა, რამდენიმე მათგანი კუთხეში მიმჯდარიყო და კლასელ ბიჭებს გულშემატკივრობდა. მასი თან მსაჯობდა, თან მოვარჯიშე გოგონებს აძლევდა მითითებებს, სიფრთხილისკენ მოუწოდებდა. ერთი სიტყვით, გაკვეთილზე „სიტუაციას სრულად აკონტროლებდა“.

სასტვენის გაბმულ სტვენას მასის გაბრაზებული ხმა მოჰყვა. პირველად მოხდა, რომ ბავშვებთან ურთიერთობაში ხმას აუწია. როგორც მივხვდი, ბიჭები თამაშის დროს წაკინკლავდნენ და ვერც სასტვენის ხმამ და ვერც ძახილმა – „გეყოფათ… მორჩა… შეწყვიტეთ…“ – ვერ დააშოშმინა, სანამ ახლოს არ მივიდა და თვითონ არ გააშველა. ეს მცირე ინციდენტი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ სულ რაღაც 10-12 წუთის დაწყებული გაკვეთილი დაესრულებინა და ბავშვები თავჩაქინდრულები წაესხა სკოლისკენ. აქა-იქ უკმაყოფილო შეძახილები გაისმა. „სულ ტყუილად ბუზღუნებთ, რადგან დააშავეთ, კეთილი ინებეთ და სასჯელიც ღირსეულად მოიხადეთ“, – ეს იყოს პორტის მასის ბოლო წინადადება, რომელმაც ჩემს ყურამდე მოაღწია.

ეზოში შემოდგომის თბილი მზე იღვრებოდა. ცხვირჩამოშვებული ბავშვები ძალისძალად მიათრევდნენ ფეხებს კლასისკენ, გულიც და თვალებიც სტადიონზე რჩებოდათ, მაგრამ  სიტყვა არცერთს აღარ შეუბრუნებია, მორჩილად მიჰყვებოდნენ გაბრაზებული მასის მწვანე ზურგს.

 

გუნდაობა

თბილისში ლამის გაზაფხულის პირას მოსული თოვლი – რაც უნდა „ერთდღიანი, სასაცილო და ტალახიანი“ ვეძახოთ მას უფროსებმა – ბავშვებს მაინც ყოველთვის უხარიათ. ალბათ სწორედ ამიტომ არის ბავშვობა უნიკალური, რომ ყველაფრიდან  შეიძლება სიხარულისა და ბედნიერების გამოდნობა.

ასეთი ბედნიერი და გამორჩეული დღე იყო ორი კვირის წინანდელი ოთხშაბათიც ბავშვებისთვის, როცა თბილისში, ბოლოს და ბოლოს – სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ არცთუ ურიგო – თოვლი მოვიდა. მთელი ღამე ბარდნა და დილითაც ისეთი პირი უჩანდა, რომ კარგა ხანს არ გადაიღებდა. უმეტესად აჟრიამულებული მწვანე მოდანი ახლა თეთრად გაყურსულიყო კორპუსებს შორის და ბავშვების გამოჩენას ელოდა.

გამოჩნდნენ კიდეც, წინ მასი მოუძღოდათ, მაგრამ შიგნით შესვლა აზრადაც არ მოსვლიათ,  წინ გაიჭრნენ და განიერ ეზოში  გაიშალნენ. აი, „გაკვეთილი“ და ურთიერთობა ეს იყო, თუ იყო! ყოველგვარი ასაკობრივი ზღვარი  და ცენზი გამქრალიყო სპორტის მასსა და ბავშვებს შორის. მასი, მგონი, ბავშვებზე მეტი მონდომებითა და აღტყინებითაც კი გუნდაობდა და კოტრიალობდა თოვლში; ბავშვებს უფლებას აძლევდა, მიპარვოდნენ და შიგ კისერში ჩაეხალათ, ან სახეში ესროლათ ცივი და სველი გუნდები. არანაირი წყენა, არანაირი აკრძალვა, დროდადრო მარტო იმას იხვეწებოდა, მაცადეთ, ამომასუნთქეთ, კისრიდან თოვლი გადმომაყრევინეთო. ამ დროს ბიჭები ცოტა უხერხულად შედგებოდნენ ხოლმე, გოგონებიდან უფრო თამამები კი მიდიოდნენ და მასს თავიანთი პატარა ხელებით კაპიუშონიდან თოვლის გადმოფერთხვაში ეხმარებოდნენ. შიგადაშიგ ნაძვებიც დაიქნევდნენ ხოლმე თოვლით ავსებულ მძიმე მუჭებს და რამდენიმე წამით ბავშვებიც, მასიც და ეზოც, თეთრ, ზღაპრულ კორიანტელში ეხვეოდა.

„ყოჩაღ, მას!“ – ასეთი გაკვეთილები და „მასები“ მთელი ცხოვრება ამახსოვრდებათ ბავშვებს“ – გავიფიქრე და ჩვენი ეზოს ოთხ ერთმანეთის მსგავს შავ-თეთრ ძაღლს გავხედე, რომლებიც მაღლა აპრიხილი კუდებით გაუნძრევლად იდგნენ  თოვლში და ჩემთან ერთად ადევნებდნენ თვალს ამ ჟრიამულს.

 

„გაცნობა“

„ჰა ბურთი, ჰა მოედანი და სპორტის მასი და ჰა შენი ვორდის დოკუმენტი!“ – ვუთხარი ჩემს თავს, როცა, ბოლოს და ბოლოს, მივხვდი, რომ სწორედ ასე, „ფანჯრიდან“, ყოველგვარი საუბრისა და ინტერვიუს გარეშე, ვაპირებდი მასზე წერილის დაწერას. და მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს კინაღამ გადავიფიქრე და უარი ვთქვი საკუთარ გამოწვევაზე, გადაწყვეტილება აღარ შემიცვლია. თან, როგორც იტყვიან ხოლმე, ერთგვარი „სპორტული ინტერესიც“ გამიჩნდა, მით უმეტეს, რომ დამთხვევაც საინტერესო გამოვიდა – აბა, ვისზე უნდა წერო სპორტული ინტერესით, თუ არა, სპორტის მასწავლებელზე!

ადამიანის უფლებებზე რაღაც-რაღაცეები კი წამიკითხავს, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, ჩემი წერილით დავარღვევ თუ არა იმ ადამიანის პიროვნულ თუ პროფესიულ უფლებებს, ვისზეც ახლა  ვწერ. ის რომ „უსახელო“ სპორტის მასად დარჩენილიყო ჩემს ამბავში (და ასეც ვაპირებდი), ალბათ არანაირი პასუხისმგებლობა არ დამეკისრებოდა. თუმცა მოხდა ისე, რომ ახლობლისგან მისი სახელი და გვარი გავიგე, გავიგე რომელ სკოლაში ასწავლის, ვნახე მისი ფბ-გვერდიც, და მიუხედავად იმისა, ვარღვევ თუ არა კანონს, მაინც გადავწყვიტე, სწორედ ასე, ამ ფორმით და საჯაროდ მეთქვა: სპორტის მასი, რომელზეც გიამბეთ, და რომელსაც,  მხოლოდ ჩემი ოთახის ფანჯრიდან ვიცნობ, კერძო სკოლა „ოაზისის“ სპორტის მასწავლებელი, ფეხბურთელი (არ შემცდარვარ!) და მძლეოსანი აჩიკო(აჩი) მუხიგული აღმოჩნდა.

 

მიხარია, რომ გაგიცანით, აჩიკო მას!..

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“