სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის შეთავაზებული გაკვეთილი შესაფუთი მასალებით გარემოს დაბინძურების თემის განხილვას ისახავს მიზნად.
სამოქალაქო წიგნიერება მოიცავს გლობალურ წიგნიერებასაც, რომელიც ეკოლოგიური წონასწორობის გააზრებასა და მის დაცვაზე პასუხისმგებლობის განვითარებასაც გულისხმობს.
საგნის სწავლება ესგ-ის სტანდარტით მიმდინარეობს, თუმცა დასახული შედეგების მისაღწევად პედაგოგს თავისუფალი არჩევანი ეძლევა. შემოთავაზებული გაკვეთილი და მისი მოდიფიცირებული ვარიანტიც წიგნიერებებს შორის არსებულ ელასტიკურ საზღვრებს ხშირად ეკონომიური (და არამარტო ეკონომიური) წიგნიერებისკენ გადაქაჩავს. ის ინტეგრაციისა და ცოდნის ტრანსფერის გასააქტიურებლადაც შეგვიძლია გამოვიყენოთ.
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა | შესაფუთი მასალები და ჩვენი გარემო |
საგანი
მასწავლებლის სახელი და გვარი |
სამოქალაქო განათლება
… |
სწავლების საფეხური / კლასი | საბაზო, IX კლასი |
მოსწავლეთა პროფილი | … |
აქტუალობა | დაბინძურებული გარემო ყოველ ნაბიჯზე გვახსენებს თავს. მოსწავლეებმა უნდა დაინახონ პირდაპირი კავშირი ადამიანების პასუხისმგებლობიან ქცევასა და გარემოს დაბინძურებას შორის; დაფიქრდნენ, როგორ შეიძლება დაიცვან საკუთარი გარემო შესაფუთი მასალებისგან? |
სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები | მოსწავლეები გაიგებენ შესაფუთი მასალების მნიშვნელობასა და ფუნქციებს; გააცნობიერებენ რა პრობლემას უქმნის გარემოს შესაფუთი მასალების გაუაზრებელი გამოყენება; გაეცნობიან საერთაშორისო გამოცდილებას გარემოსდაცვითი მიმართულებით (სტუდენტის ინოვაცია), თავადაც იმსჯელებენ როგორ შეიძლება, გარემოს აარიდონ არალიკვიდირებადი ნარჩენები. დაფიქრდებიან ალტერნატიული საშუალებების გამოძებნის საკითხებზე.
განივითარებენ მსჯელობის, კომუნიკაციის კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს. განუვითარდებათ გარემოსადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება და ნეგატიური განწყობა გარემოს დაბინძურების მიმართ; ესგ მოქ. IX .5. „მსჯელობს ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობაზე ადამიანის/საზოგადოების კეთილდღეობისათვის; აღწერს, თუ რა სახის ქმედებები უქმნის საფრთხეს ჯანსაღ გარემოს; აღწერს იმას, თუ რა სახის ქმედებებს შეაქვთ წვლილი გარემოს დაცვაში“; |
მოსწავლეთა წინარე ცოდნა | მოსწავლემ უნდა იცოდეს თემასთან დაკავშირებული საკითხები ბიოლოგიიდან და ქიმიიდან; სამოქალაქო ეკონომიკის საკითხები, რომელიც მეწარმეთა და მომხმარებელთა პასუხისმგებლობას უკავშირდება. |
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი | ინტერესის გასაღვივებლად მოსწავლეებს წინასწარ ვაძლევთ დავალებას: ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდნენ, რა შესაფუთი მასალა რჩება ოჯახში შეძენილი ნივთებისა და პროდუქტისგან? სად მიდის ეს მასალა? გაკვეთილზე მოაქვთ ჩანაწერები.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მასწავლებელი წინადადებას დაფაზე წერს, ან ეკრანზე ხსნის – „ ოკეანეში 2050 წელს თევზზე მეტი პლასტიკატი იქნება!“ სიტყვა „პლასტიკატი“ თავიდან გამოტოვებულია. მასწავლებელი სვამს კითხვას: მათი აზრით, რა იქნება ოკეანეში თევზზე მეტი? შემდეგ ამატებს გამოტოვებულ სიტყვასაც და დასძენს, რომ ასეთია ეკოლოგთა პროგნოზი. აცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს. 2 წთ. მასწავლებელი მოსწავლეებს გონებრივი იერიშის მეთოდით სთხოვს ჩამოთვალონ დავალებაში აღრიცხული შესაფუთი მასალები და ჩამონათვალი გადააქვს დაფაზე ან ქაღალდზე. გამორჩეული ფერის მარკერით მონიშნავს მოსწავლეების მიერ დასახელებულ მასალებს, რომლებიც პლასტიკატისგან მზადდება. 3წთ. შემდეგ მოსწავლეებს უსვამს კითხვას: რა მიზნით გამოიყენება შესაფუთი მასალები? ცდილობს მინიშნებებით, დამატებითი კითხვებით დაეხმაროს მათ, დაასახელონ შეფუთვის ძირითადი მიზნები (პროდუქტებისა და სხვათა დანაწევრება წონისა და რაოდენობის მიხედვით; პროდუქტებისა და სხვა ნაწარმის დაცულობა, ტრანსპორტირებისთვის მოხერხებულობა, მარკირება/იდენტიფიცირება; ინფორმირებისა და რეკლამირების ფუნქცია;) 5წთ. მასწავლებელი კითხულობს, გაუგიათ თუ არა ბავშვებს ვაკუუმით შეფუთვის შესახებ? ისმენს პასუხებს და გადადის მინილექციაზე, რომელიც სასურველია, საპრეზენტაციო ფაილით იყოს უზრუნველყოფილი. ინტერაქციული ლექცია „შესაფუთი მასალები და ჩვენი გარემო დღეს“. 7 წთ. (დანართი 1. ინფორმაცია მასწავლებლისათვის, რომელიც თავისი სურვილისამებრ შეუძლია შეცვალოს, შეავსოს…). შემდეგ მასწავლებელი კლასს ყოფს 4 ჯგუფად და აცნობს დავალებას: „აღწერეთ შესაფუთი მასალებით დაბინძურებული გარემო (თემში, თემის გარეთ) და წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ შეუზღუდავი რესურსები, როგორ მოაგვარებდით ამ პრობლემას. 15წთ. მასწავლებელი აკვირდება მუშაობის პროცესს. ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს და იღებენ უკუკავშირს ერთმანეთისგან და მასწავლებლისგან.10წთ. მასწავლებელი სვამს კითხვებს: რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენთვის? არსებობს თუ არა შეფუთვის ალტერნატიული ფორმები? რა შეგვიძლია გავაკეთოთ გარემოს დასაცავად? ამ კითხვებით აჯამებს გაკვეთილს და ახდენს მოსწავლეთა შეფასებას. 2 წთ. საშინაო დავალება: მოიფიქრონ საკლასო პროექტის იდეა გარემოს დაცვის პრობლემაზე.1წთ. |
შეფასება და თვითშეფასება | ჯგუფები აკეთებენ ურთიერთშეფასებას კედელზე გაკრული ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკის მიხედვით, რომელიც მათთვის ცნობილია. მასწავლებელი გაკვეთილზე იყენებს განმავითარებელი შეფასების ფორმებს – კომენტარსა და უკუკავშირს. განმსაზღვრელ შეფასებას აძლევს 2-3 მოსწავლეს. შეფასების კრიტერიუმები: აზროვნებს კრიტიკულად, აყალიბებს საინტერესო მოსაზრებებს, ამყარებს არგუმენტებით, ავლებს პარალელებს საკუთარ გამოცდილებასთან. არის კრიტიკული და კრეატიული. |
სასწავლო რესურსები | კომპიუტერი, პროექტორი, საპრეზენტაციო ფაილი, ფლიპჩარტები, მარკერები, დაფა, ცარცი. ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა. |
დანართი 1.
„საქონლის შეფუთვა იცავს გასაყიდ საქონელს დაზიანებისაგან, იძლევა საქონლის გაფორმების საშუალებას, რაც მომხმარებლისთვის მას უფრო მიმზიდველს ხდის. თუმცა საქონლის შეფუთვის შემდეგ მთელი ეს შესაფუთი მასალა ნაგავში ხვდება, რაც ზრდის დატვირთვას ნაგვის გატანის თუ გადამუშავება-გაუვნებელყოფის სამსახურებზე, საბოლოოდ კი იმ ნაგავსაყრელის გარემოზე, სადაც ნარჩენები ხვდება.
ისეთ ქვეყნებში, სადაც მომხმარებელს დიდი არჩევანი აქვს და პასუხისმგებლობის გრძნობაც გააჩნია, ბევრი მომხმარებელი ერიდება საქონელს, რომლის წარმოება, რეალიზაცია ან მოხმარება გარემოს ზიანს აყენებს და ცდილობს შეიძინოს ნაწარმი, რომელიც ,,გარემოსადმი მეგობრულია“. ასეთი პროდუქტების გამოსარჩევად იყენებენ ეკომარკებს -სპეციალურ ნიშნებს პროდუქტის ეტიკეტზე ან შეფუთვაზე. …მის მისაღებად საქონლის მწარმოებელმა მაქსიმალურად უნდა შეამციროს, როგორც საწარმოს, ასევე პროდუქტის უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე: არ დააბინძუროს ჰაერი, წყალი, მინიმალურად წარმოქმნას ნარჩენები, შეძლებისდაგვარად შეამციროს მავნე ქიმიკატების გამოყენება, გამოიყენოს ისეთი ტარა და შესაფუთი მასალა, რომელიც რეციკლირებადია (შესაძლებელია მისი გადამუშავება და ხელახლა გამოყენება) ან ბიოდეგრადირებადია (გარემოში მოხვედრისას იოლად იშლება)“. დამხმარე სახელმძღვანელოდან ,,მოქალაქე და ეკონომიკა“
შეფუთვა ეს არის საშუალება ან საშუალებათა კომპლექსი სარეალიზაციოდ გამოტანილი საქონლის დასაფასოებლად, დასაცავად, ტრანსპორტირებისთვის, იდენტიფიცირებისთვის.
უკანასკნელ ხანებში დაიწყეს შეფუთვის პროცესში ვაკუუმის გამოყენებაც.
ბევრი საკვები პროდუქტის შენახვის პროცესში ხდება ქიმიური და მიკრობიოლოგიური ცვლილებები, რაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჟანგბადი, სინათლე და ტემპერატურა. განსაკუთრებით მგრძნობიარეა ამ მხრივ ხორცში არსებული ცილები. ჟანგბადის უარყოფითი ზემოქმედებისგან პროდუქტების დასაცავად მიმართავენ სხვადასხვა ხერხს: ჟანგბადის გამოდევნას, დამცველი აირების გამოყენებას, პროდუქტების გაყინვას. შედარებით ხელმისაწვდომი ხერხია ჟანგბადის ვაკუუმით გამოტუმბვა. ძირითადად, ამ სიტუაციისთვის იყენებენ სხვადასხვა ტიპის პოლიმერულ ფირებს, ასევე მაღალი ბარიერული თვისებების მქონე კომბინირებულ მასალებს.
პროდუქტების გამოყენების შემდეგ შესაფუთი მასალები იქცევა ნარჩენებად. ნარჩენები იყოფა საყოფაცხოვრებო და საწარმოო ნარჩენებად. საყოფაცხოვრებო ნარჩენები – ნაგავი, რომლებიც გროვდება ბინებში, სახლებში, დიდ მარკეტებში; და საწარმოო ნარჩენები – ნაგავი, რომელიც გროვდება საწარმოებში. შესაფუთ მასალებს დიდი ზიანი მოაქვთ გარემოსათვის. ყოველწლიურად იზრდება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ოდენობა, რომლის ნახევარზე მეტს გამოყენებული შესაფუთი მასალები (ქაღალდი, პლასტმასი, ნაკლებად – მეტალი და ხე) შეადგენს. ამ ნარჩენებიდან მხოლოდ მინიმალური ნაწილის გადამუშავება ხდება. დანარჩენი გააქვთ ნაგავსაყრელებზე, სადაც წვავენ. ეს უარყოფითად მოქმედებს ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაზე. გარდა ამისა, ნაგავზე იყრება ძვირფასი მეორადი ნედლეულის დიდი მარაგი, რომელიც დახარისხებისა და გადამუშავების შემთხვევაში, შესაძლებელია ისევ სასარგებლო ნივთებად (სამშენებლო მასალები, მცირე არქიტექტურული ფორმები, შესაფუთი მასალები…) დაუბრუნდეს სამომხმარებლო სფეროს.
პროდუქციის შეფუთვის პროცესი და გამოყენებული შესაფუთი მასალის გადამუშავების პროცესი სრულიად საწინააღმდეგო მიზნებს ისახავს. მწარმოებელსა და მომხმარებელს სურთ, რომ შეფუთული მასალა არ იმსხვრეოდეს, არ ტყდებოდეს, არ იშლებოდეს, არ იწვოდეს, არ დნებოდეს, არ იხსნებოდეს წყალში, ნარჩენების გადამამუშავებელი ყველა დანადგარი კი ისეა გათვლილი, რომ შესაფუთი მასალები უნდა იშლებოდეს, დნებოდეს, იწნიხებოდეს ან ქიმიურად იშლებოდეს. ამიტომ გადამამუშავებლები ცდილობენ, მიაგნონ კომპრომისულ გადაწყვეტილებას – რაც შეუქმნით პირობას, ეფექტურად გადამუშავდეს გამოყენებული შესაფუთი მასალა.
ასეთი ინოვაციების პერსპექტივა არსებობს. აი, მაგალითიც:
ისლანდიის სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა არი იონსონმა, რომელიც ბევრს ფიქრობდა პლასტმასის ნარჩენების გარემოსადმი მავნე გავლენაზე, მწარმოებლებს შესთავაზა მათი მოცულობის შემცირების გზა. მან შეიმუშავა წყალმცენარეებისგან დამზადებული ბიოდეგრადირებადი ბოთლები. ეკოლოგიურად უსაფრთხო ჭურჭლის შესაქმნელ მასალად გამოიყენა წითელი წყალმცენარეები, რომლებიც მთელი მსოფლიოს ზღვებშია გავრცელებული. მათი მრავალი სახეობა გამოიყენება საკვებში. სტუდენტმა გამხმარი წყალმცენარეების ნაფხვენი შეურია წყალს და მიიღო ერთგვაროვანი სქელი ნარევი, რომლიდანაც გამოძერწა ბოთლები. მანამ, სანამ შიგნით არის სითხე, ბოთლი ინარჩუნებს ფორმას, დაცლილი კი შრება, დეფორმირდება, პატარავდება და ბუნებისათვის ზიანის მიუყენებლად იშლება.
წყალმცენარეების ბოთლები გამომგონებელმა ისლანდიაში დიზაინის ფესტივალზე წარადგინა. ინოვატორი დარწმუნებულია, რომ ამგვარი ტარის სერიული წარმოება სრულიად დასაშვებია შესაბამისი ტექნოლოგიური ხაზის ამუშავებით. ამასთან, წყალმცენარეების, როგორც ძირითადი მასალის გამოყენებას, არი არ იჩემებს, რადგან იმასაც აღიარებს, რომ ამ ბოთლებში წყალი გარკვეულწილად გემოს იცვლის. სამაგიეროდ, თავად იდეამ შეიძლება კაცობრიობას ახალი ანალოგიური გამოგონებისაკენ უბიძგოს.
ისე რომ, ალტერნატიულ ვარიანტებზე შეიძლება თქვენც იფიქროთ.