ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

86

„ომებზე თუ დაწერთ, სისხლზე თუ დაწერთ, მოკლულ, დასახიჩრებულ, დაობლებულ ადამიანებზე, გვამებზე და შიშზე, თქვენს ნაწერს არავინ არ წაიკითხავს!“ – მითხრა ერთმა ნაცნობმა ახალგაზრდა პოეტების „100 ლექსის“ წარდგენაზე. ეტყობა ამდენი დამთრგუნველი ემოციისგან დაგროვილი სიმძიმე ვეღარ დაიტია და ჩემთან დაიცალა.

– უნდა მოეშვათ ამ ჭრილობის გაღიზიანებას, უნდა შეეშვათ! რა გახდა, ომი და დევნილობა ვის არ გამოუცდია, ბიჭო! მოიცა რა, დეპრესიაც ჩვენზე კარგად იციან და კრიზისებიც.

– ჩვენ ჩერნობილის თაობა ვართ, არ დაგავიწყდეს. – მხოლოდ ეს ვუთხარი პათეტიკამოსხმულმა, სხვა ვერაფერი მომაფიქრდა, და იმწამსვე ვინანე: არ იყო დამაჯერებელი არგუმენტი, მასთან ვერ გაჭრიდა.

ბირთვული კატასტროფიდან ყოველდღიურ ტერორისტულ აქტებამდე გაწოლილ დროში ჩვენ გაზრდა და რაღაცის ნახვა კი მოვასწარით, მაგრამ დაკარგვითაც იმდენი დავკარგეთ, ალბათ არ გაგვემტყუნება, იუმორი თუ დაგვიჩლუნგდა. სილაღე, სიმსუბუქე დაგვაკლდა, ჩვეულებრივი, ადამიანური განცდები გაგვიუცხოვდა და იმდენად სერიოზულები გავხდით, მეტი რომ არ შეიძლება. ვინც სტრესმა, გაჭირვებამ და უმუშევრობამ ვერ მოცელა, ძალიან სერიოზულ თემებს ვალაგებთ უკვე ან ძალზე მოდურ ტკივილებზე ვწერთ.

90-იანი წლები ოცი წლის წინ იყო, მაგრამ ეტყობა მუდმივ მძევლებად დაგვიტოვა თავისთან, რომ სხვა რამეზე (უკეთესზე ან უარესზე, სულერთია) ფიქრიც კი ამოვიგდოთ თავიდან. მისი სიტყვებით ვილაპარაკოთ, მისი სცენები განვასახიეროთ, მისი იარაღი ვაჟღარუნოთ. როცა ტრავმა თუ ტრაგიკული გამოცდილება ხელოვნებად გარდაიქმნება, ის თავისთავს ამოჭამს ხოლმე და ამის შემდეგ მისი მუდმივი გამოძახება, გაღიზიანება მაზოხისტურ სეანსებს უფრო ემსგავსება.

ეტყობა რთულია რაღაც მოინელო – ტანჯული, სასოწარკვეთილი, უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნილი ხალხის სტატუსი ისე მშობლიური, მგრძნობიარე გახდა ჩვენთვის, სულ რომ განვითარების აღმავალი ხაზით ვიაროთ, ეგ სასოწარკვეთა სისხლში გვექნება ყოველთვის.

სხვაზე რა უნდა ვთქვა, რამდენიმე წლის წინ ნოველების წიგნი „ყიფლიბანდი“ რომ გამოვეცი, ისე შავ-თეთრი, დამთრგუნველი სიუჟეტებითა და განწყობებით ავავსე, ზოგიერთი რიგიანი ნოველა გადაყლაპა ერთიანად. ისინი ხომ დავკარგე (დაიჩაგრა და დაიჩრდილა ამ ერთფეროვნებაში) და მეც ვერ გამოვთავისუფლდი ამ ტრავმებისგან. ჩემი და სხვისი ამერია ერთმანეთში, რასაც ვწერდი ან რის დაწერასაც ვაპირებდი, ყველაფერი ერთმანეთს ემსგავსებოდა.

არა, არ ვართ ჩერნობილური 86-ის, კონფლიქტების, გადატრიალებებისა და ომში მამებდაღუპული ბავშვების თაობა. უფრო სწორად, მარტო ეს არ ვართ. მე პირადად ის თაობაც ვარ, ორ თვეში, სულმოუთქმელად რომ წააკითხა ასტრიდ ლინდგრენის მთელი შემოქმედება ნანი მოსიძემ, სანთლის შუქზე; გერონტი ნაჭყებია რომ ცდილობდა ერთი ჩვენგანისგან მაინც ფეხბურთელი გამოეყვანა, რომელიც მერე ატალახებულ სტადიონის წუმპედან ქართულ ფეხბურთს ამოათრევდა; ის თაობაც ვარ, მორიდებული ძმაკაცების საჩუქრების მიტანას რომ რისკავდა მათი შეყვარებულების სახლში, მათი მშობლებისა და ურიცხვი ცნობისმოყვარე ადამიანის თვალწინ; ის ცხრამეტი-ოცი წლის ბიჭებიც, მონასტერში რომ წავიდნენ, ოღონდ მხოლოდ იმის გამო კი არა, „ცხოვრებაში თავისი ადგილი რომ ვერ იპოვეს“ ან „ერში წამლის გადაგდება არ გამოვიდა“, არამედ რაღაც ისეთი წმინდა და ყველაზე ნამდვილი ნახეს მონასტერში, რამაც „უკან“ დაბრუნება არ დაანებათ.

სხვაც ბევრია – ვინც და რამაც გაგვაძლებინა, და ჩვენს თავზე, პრობლემებზე, კრიზისზე ფიქრისას/წერისას უსამართლოდ მიგვავიწყდა. ტრაგედიამ უფრო მეტი მუშტარი შეიძინა, ვიდრე შვებამ, ამ ტრაგედიიდან თუნდაც ხანმოკლე გამოსავალმა, რაც დღემდე ძალას გვმატებს და ჰარაკირის გაკეთებას არ გვანებებს.

ნიჰილიზმს რომ ვეჭიდავებით და სიყალბისგან თავის დაღწევას ვცდილობთ – ალბათ ეგ ორია ჩვენი თაობის მთავარი გამოწვევა. დანარჩენი ტექნიკის, იღბალისა და ნებისყოფის საქმეა. ან 90-იანების მძევლებად დავრჩებით, ან რამენაირად გადავალთ შემდგომ კლასში. როგორც სხვა დროს გადავსულვართ არაერთხელ, „ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი“ დაგვიმარცხებია ჩვენს თავში, პირადზე მაღლა ქვეყანა დაგვიყენებია. გვაქვს ამის მონაცემები, ოღონდ ტრავმამოშუშებული ფეხბურთელივით, კარგად უნდა გავიხსენოთ, თამაში და ბრძოლა როგორ უნდა და ამის გაკეთება ვცადოთ.

მაშინ კი, ეჭვი არ მეპარება, მალევე შევეშებით გადაღეჭილ თემებს, ძალიან სერიოზულადაც არ ვიფიქრებთ ყოველი მეორე ნიჭიერი ახალგაზრდის პოლიტიკაში შეთრევაზე, ახალ ნაკადებს შემოვუშვებთ და 90-იანების უსათაურო პარაგრაფსაც დროზე დავარქმევთ სახელს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი