შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ყოველი მეორე – ათი წლის შემდეგ

მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, სტეფანი სენეფის მოსაზრებით, 2025 წელს აუტიზმი ყოველ მეორე ბავშვს ექნება. მან წარმოადგინა მონაცემები, სადაც ჩანს კავშირი აუტიზმის გავრცელების სიხშირესა და ჰერბიციდის – გლიფოსეიტის მომწამვლელობას, ასევე გენმოდიფიცირებული თესლის გამოყენების ზრდას შორის. საქმე ისაა, რომ გლიფოსეიტს ფართოდ იყენებენ სხვადასხვა მარცვლეულისა და სოიოს შესაწამლად. სწორედ ამ გზით ხვდება ის ადამიანის ორგანიზმში. ჰერბიციდების მწარმოებელი, თავის მხრივ, იშველიებს კვლევებს, რომლის მიხედვითაც მისი პროდუქტი უსაფრთხოა.

kudava 1

სენეფის კვლევის გამოქვეყნებისთანავე გამოჩნდა საპირისპირო მოსაზრებები. მოწინააღმდეგეები მიუთითებენ, რომ ამ მეცნიერს არანაირი პროფესიული კავშირი არ აქვს ეპიდემიოლოგიასთან, ბიოქიმიასა და მედიცინასთან. სენეფის პასუხად მათაც ააგეს მსგავსი გრაფიკი, სადაც აუტიზმის მქონე პირების რაოდენობის ზრდა ნატურალური, სასუქების გარეშე მოყვანილი ბოსტნეულის გაყიდვების სიხშირის პარალელურადაა ნაჩვენები.

kudava 2 (1)

მომატებული მაჩვენებლები შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოსტირება დაიხვეწა, მშობლებიც მეტად ინფორმირებული არიან და დროულად მიმართავენ ექიმებს.

ფაქტია, რომ ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, 2000-2002 წლებში აუტიზმი გვხვდებოდა ყოველ 150-ე ბავშვში; ორი წლის შემდეგ, 2004 წელს, აუტიზმი 125-დან ერთ 8 წლის ასაკის ბავშვს ჰქონდა; 2006 წელს მაჩვენებელი გაიზარდა 110-ში ერთამდე; 2008 წლის მონაცემებით – ყოველ 88 ბავშვში ერთამდე, 2014 წელს კი – ყოველ 68-ში ერთამდე. 2015 წელს პარალელურმა კვლევამ ამერიკაში უკვე 45-ში ერთი შემთხვევა დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ეს თანაფარდობა საქართველოშიც და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც თითქმის იდენტურია, ანუ აუტიზმი არ ცნობს რასას, რელიგიას ან სოციალურ მდგომარეობას. თუ ამავე ტემპით გაგრძელდა, მათემატიკური პროგრესიით, სამწუხაროდ, თითქმის იმავე დიაგრამას მივიღებთ, რაც სტეფანი სენეფმა წარმოადგინა.

kudava 2 (2)

და მაინც, რა იწვევს აუტიზმს? ბევრი მშობელი, განსაკუთრებით ამერიკაში, აუტიზმის გავრცელებას აცრებს უკავშირებს. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის კავშირზე ალაპარაკდა, მკვეთრად შემცირდა ბავშვების იმუნიზაციის სიხშირე, რამაც მსოფლიო მასშტაბით წითელას მძიმე შემთხვევების დაფიქსირება გამოიწვია.

ბავშვთა ნევროლოგი და ფსიქიატრი მედეა ზირაქაშვილი უერთდება მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების პოზიციას და გვირჩევს, რომ ბავშვი აუცილებლად უნდა ავცრათ:

„ვაქცინაციის გზით ხდება ბუნებრივი იმუნიტეტის გაძლიერება, რომლის მიზანია, თავიდან ავიცილოთ ზოგიერთი მეტად საშიში დაავადება და მათი გართულებები. პირველი ვარაუდი აუტიზმსა და ვაქცინაციას შორის კავშირის შესახებ 90-იანი წლების ბოლოს გამოქვეყნებულ კვლევებში გამოითქვა. 1998 წელს ცნობილმა გასტროენტეროლოგმა და მკვლევარმა ენდრიუ უეიკფილდმა სამედიცინო სამყაროში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. მან დააკავშირა წითელა-წითურა-ყბაყურის აცრა და აუტიზმი, როგორც მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთდამოკიდებულება. მისი მოსაზრებით ვაქცინის კომპონენტები იწვევდნენ ნაწლავების გარსის ანთებას, რის გამოც სისხლში ცირკულირებას იწყებდნენ მავნე პეპტიდები, რომლებიც, თავის მხრივ, თავის ტვინის დაზიანებას იწვევდნენ. ეს ჰიპოთეზა ვერცერთმა მომდევნო კვლევამ ვერ დაადასტურა. უფრო მეტიც, ეს ცნობილი მეცნიერი მოგვიანებით დისკრედიტებულ იქნა, რადგან გამოაშკარავდა მისი ფინანსური კავშირი იმ ადვოკატებთან, რომლებიც ვაქცინის მწარმოებელთა წინააღმდეგ მუშაობდნენ. აღმოჩნდა, რომ სწორედ ისინი აფინანსებდნენ უეიკფილდის მიერ წარმოებულ კვლევას. უეიკფილდი მაშინვე ჩამოაცილეს სამედიცინო საქმიანობას გაერთიანებულ სამეფოში, ხოლო 2010-ში სამეცნიერო ჟურნალმა “The Lancet“ ნაშრომი უკან გაიწვია. მიუხედავად ამისა, ამ ამბავმა მაინც მნიშვნელოვანად ავნო საზოგადოებაში ვაქცინაციის იმიჯს.

მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი ვაქცინაციაზე უარის თქმისა დაკავშირებულია მისი შემადგენელი კომპონენტის, ვერცხლის წყლის შემცველი ინგრედიენტის, თიმეროსალის გამოყენებასთან. მას აქვს ბაქტერიებისა და სოკოების საწინააღმდეგო მოქმედება და იცავს ვაქცინას ინფიცირებისგან. მისი გამოდევნა ორგანიზმიდან ძალიან მარტივად ხდება და ამ ინგრედიენტის ორგანიზმზე ზემოქმედების მავნებლობა და მიდრეკილება აუტიზმის გამოწვევისადმი არცერთი მყარი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო კვლევით არ დადასტურდა. მოსახლეობაში რომ მეტად გაეზარდათ ნდობა ვაქცინაციისადმი, 2001 წლიდან თიმეროსალი ამოღებულ იქნა ბავშვთა ვაქცინებიდან. ვაქცინაციის სარგებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს იმ ინფექციური დაავადებებით დასნებოვნებით გამოწვეული გართულებების განვითარების საფრთხეს, რომლის თავიდან ასაცილებლადაც ტარდება ვაქცინაცია“.

წითელა-წუთურა-ყბაყურას ერთობლივი (და არა ცალ-ცალკე) ინექციით აცრისა და აუტიზმის კავშირის შესახებ 2016 წლის გაზაფხულზე გამოსულმა დოკუმენტურმა ფილმმა –“Vaxxed“ – კვლავ გამოიწვია ხმაური. მისი რეჟისორი სწორედ ზემოთ ნახსენები ლიცენზიაჩამორთმეული ექიმი ენდრიუ უეიკფილდია, პროდიუსერი კი – დელ ბიგთრი. ფილმი ეყრდნობა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერის, უილიამ ტომპსონის აღიარებას, რომ მან და მისმა კოლეგებმა 2004 წლის სტატიაში არ შეიტანეს უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია სტატისტიკური მონაცემების შესახებ, რომლის თანახმადაც 36 თვის ასაკამდე აცრილი აფროამერიკელი ბიჭები აუტიზმის დიდი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ. ფილმში უამრავი მშობელი საუბრობს სავალალო შედეგებზე (პარალიზება, აუტიზმი, მწვავე გამონაყარი), რაც მათ შვილებზე ვაქცინაციის შემდეგ აისახა. რობერტ დე ნირომ, რომელიც ტრიბეკას კინოფესტივალის ერთ-ერთი დამაარსებელია, განაცხადა, რომ ის, როგორც წესი, არ ერეოდა ხოლმე ფესტივალის პროგრამის შედგენაში, თუმცა, რადგან აუტიზმის თემა მისი ოჯახისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, მიიჩნევს, რომ ეს ფილმი ბევრმა უნდა ნახოს და დისკუსია ამ საკითხებზე აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. საქმე ისაა, რომ ცნობილმა მსახიობმა ახლახან განაცხადა, რომ მის 18 წლის ვაჟს – ელიოტს – აუტიზმი აქვს. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ნაერთი თიმეროსალი კვლავაც რჩება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შემადგენლობაში. ასევე მრავლადაა შემთხვევა, როცა ბავშვს არც ერთი აცრა არ აქვს ჩატარებული და მაინც აუტიზმის მქონეა.

და ისევ საზარელი სტატისტიკა. შესაძლოა 2025 წელს აუტიზმი ყოველ მეორე ბავშვს ჰქონდეს!.. ათი წელი მალე გაირბენს. ჩემი აუტიზმის მქონე ბიჭი მაშინ 15 წლის იქნება და ალბათ მეტი მშობელი შემეხმიანება იმისთვის, რომ გამოცდილება გავუზიარო. მეტ მოქალაქეს შეხვდება ქუჩაში განსხვავებული ბავშვი. გაცილებით ადვილად, ერთი შეხედვითაც გაუგებს მას და მის საჭიროებებსაც გაითავისებს. არ იფიქრებს, რომ თავხედია ან ცუდ ოჯახში აღზრდილი. მეტიც, ფაქტობრივად ყველას ეყოლება ოჯახის წევრი თუ არა, ბიძაშვილი მაინც ამ მდგომარეობით. გაცილებით ბევრი ადამიანი დაფიქრდება გამოსავლის ძიების გზებზე, მიხვდება, რომ ნიჭიერების პარალელურად აუტიზმს უამრავი სირთულე ახლავს.

იმედი ვიქონიოთ, რომ სცენარი ასე არ განვითარდება და მედიცინა მიაკვლევს აუტიზმის გამომწვევ მიზეზებს, შესაბამისად, მისი დაძლევის გზებსაც. გენეტიკის კვლევები მოწმობს, რომ აუტიზმთან ასობით გენია დაკავშირებული. მათგან ნებისმიერის მუტაციამ შეიძლება ეს მდგომარეობა გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ უკვე გვხვდება ღეროვანი უჯრედების გადანერგვის წარმატებული ერთეული შემთხვევებიც, რომლის შემდეგაც აუტიზმის მქონე ბავშვებში მდგომარეობის გაუმჯობესება შეიმჩნევა. თუმცა ჯერჯერობით ეს პრაქტიკა მსოფლიოში აქტიურად დანერგილი არ არის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი