ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ალმა და  ჩალის ქუდი

 

-არ გიკვირს, ყველამ რომ ყველაფერი იცოდა?

-არ მოსწონდათ და ცნობებს აგროვებდნენ.

-როგორც ჩანს, თავიდანვე აითვალწუნეს.

-თვითონაც შეუწყო ხელი. უცხო სიტყვებს ხმარობდა – საგანგებოდ ნასწავლ ტერმინებს. „ნიმფეტამინი“ დაირქვა და თავისი შიშველი მუხლების ფოტოებს აქვეყნებდა ხოლმე. შიშველი ზურგის ფოტოებსაც.

-გახსოვს, რას ვაკეთებდით მის ასაკში?

 

უმზეო ცის ქვეშ ზღვის ზედაპირი ვერცხლისფრად ლივლივებდა. ზაფხულის ბოლო დღის დასასრული თხელი ღრუბლებიდან გამოღწეულ შუქს რაღაც ისეთად ექცია, რასაც მხოლოდ გრძნეული მთხრობლის გამოგონილი, ზღაპრული საღამო ეთქმოდა. ეს მოელვარე წყალი ნამდვილი ვერ იქნებოდა. წყლიდან ამოსრიალებული თევზები და ძვირფასი თვლებივით მიმობნეული წვეთები კიდევ უფრო უძლიერებდნენ განცდას, რომ გაცოცხლებულ სურათს ხედავდა – სხვის თავში დაბადებულს, შელამაზებულს. მოციმციმე უსასრულობა. ზედაპირის ქვეშ ჩამუქებული დრო, რომელიც სხმარტალა თევზებს აჩენდა. ამ სურათის შემქმნელს სანაპიროს თითოეული კენჭის მშვენიერებაზეც ისევე ეზრუნა, როგორც ჰორიზონტის ხაზის იდუმალებასა თუ მეთევზეების ტანსაცმლის ზომიერად გახუნებაზე.

აქ მდინარე ზღვას ერთოდა და სწორედ ამის სანახავად წამოვიდნენ – შესართავის თევზებისა და ფრინველების. ორმოც წელს მიტანებული ორი ქალი ხალხმრავალ სივრცეს გამოერიდა და გეზი უცნობი მიწისკენ აიღო.

ფეხშიშველი მეთევზეები თავიანთ საქმეს აკეთებდნენ – ბადეები ჩაგდოთ, უხვი ნადავლის იმედით იდგნენ და ხმამაღალი გადაძახილებით ამხნევებდნენ ერთმანეთს. დროდადრო უხამსი ხუმრობაც გაისმოდა. იქაურები იყვნენ – მეტყველებაზე ეტყობოდათ. ბადეში მოყოლილების აღსასრული არავის აღელვებდა. მთავარი მათი ამოყვანა იყო – უკვდავების წყლიდან, უსასრულობის ბნელი წიაღიდან. მშვიდად მოლივლივე სივრცე წამიერად იფატრებოდა და ერთად შეყრილი თოლიებიც უმალვე ახმაურდებოდნენ ხოლმე – თავიანთ წილ სიხარულს, ცოცხალი თევზით დანაყრებას ელოდნენ. კაცებს თავს უტიფრად დასტრიალებდნენ, წრეებს ხაზავდნენ, მსხვერპლის გასატაცებლად ხელსაყრელ დროს ელოდნენ. ზოგჯერ მეტისმეტად მსუქან თევზს სტაცებდნენ ნისკარტს და ორიოდე წამში ძირს უვარდებოდათ, იმას კი – იღბლიანს, წყალში დაბრუნებულს – კუდის მოქნევით სიცოცხლის გაგრძელების სურვილის აღნიშვნაღა რჩებოდა.

ღირდა ამის სანახავად წამოსვლა, – თქვა მოწითალოდ თმაშეღებილმა ქალმა, რომელსაც სურათის სრულყოფილება უკვე მობეზრებოდა და ზღვაში შესასვლელად ემზადებოდა.

მეორე ქალს – ჩალისქუდიანს – არაფერი უთქვამს. წიგნი გადაშალა და ერთხანს თვალგაშტერებული ჩასცქეროდა. კითხვის გაგრძელება არც უცდია. სიტყვები ერთმანეთის მიყოლებით უჩინარდებოდნენ იმ აბზაციდან, რომლის პირველ წინადადებასაც გულში მეათედ იმეორებდა. სანიშნად შერჩეული ჭრელი ბალახის ღერი იქვე ეგდო, კენჭებზე.

მეხუთეკლასელები აფორიაქებულები და შეშინებულები დამდევდნენ, სულ რაღაცებს მეკითხებოდნენ. ჩემი მეხუთე. უცნაურად გულმოდგინეები. ძალიან პატარებს მოუწიათ რთულ კითხვებზე პასუხების ძებნა. ამ ამბავზე მარტო ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. სხვა მასწავლებლებისთვის შეკითხვების დასმა არც უფიქრიათ. სიმართლე უნდა მეთქვა, ოღონდ ისე, რომ დამნაშავის ძებნა და ასეთი რამეები არ დაეწყოთ. თუ ვინმეს დაადანაშაულებდნენ, იმწამსვე გაწირავდნენ კიდეც, დაუფიქრებლად.

-მაინც რას გეკითხებოდნენ?

-მართლა ორსულად არის თუ არაო? უკეთესი არ იქნება, რომ თავი რომ მოიკლასო? თქვენს გაკვეთილზე რომ დაეწყოს მშობიარობა, რა უნდა ქნათო? სკოლის სახურავიდან რომ გადმოხტეს, მოკვდება თუ არაო? თოთხმეტსართულიანის სახურავიდან თუ გადმოხტა, ხომ ნამდვილად მოკვდებაო?

-ადანაშაულებდნენ.

-არა, უფრო თანაგრძნობა ჩანდა – გამოუვალი მდგომარეობიდან გამოყვანის სურვილი.

რა უნდა ეძებნა უზადო პეიზაჟში? რას ეუბნებოდა მნახველს თხელი ღრუბლებით დაფარული ცა, მიწაზე დაფენილი ნაზი შუქი და წყლის ზედაპირი, ზეციურ სიმშვიდეს, წონასწორობას, მიუკერძოებლობას რომ ირეკლავდა?

არ არსებობს არავითარი ღვთაებრივი მიუკერძოებლობაო, გაიფიქრა და წიგნი დახურა. ამ საღამოს ვერაფერს წაიკითხავდა. შემოქმედს ეს საღამო სხვაგვარად ჩაეფიქრებინა – გულისგამაწყალებელი აღწერებისა თუ ბრძნული შეგონებების გარეშე. ბაცი ფერები, კაცებისა და ფრინველების არეული ხმები, ზღვის ნაცნობი სუნი, მუჭში მოგროვილი კენჭების სიგლუვე – ყველაფერი თავისკენ იხმობდა და საბოლოო დასკვნის გამოტანის აუცილებლობას ახსენებდა.

შეიძლებოდა თუ არა, ბოლო თვეების ყველა კითხვა პასუხგაცემულად ჩათვლილიყო? მალე ყველაფერი თავიდან დაიწყებოდა და კიდევ ერთი წელი ისე გავიდოდა, სარკეში ორ-სამჯერ მშვიდად ჩახედვასაც ვერ მოასწრებდა. საქმე საქმეს დაემატებოდა, საფიქრალი – საფიქრალს. ბადესავით გაშლილი დრო კი შეთვალიერებული მსხვერპლის მოლოდინში გაირინდებოდა.

მის თავზემოთ რაღაც აფარფატდა, ქაღალდის ნაკუწივით. ხელი აიქნია და  უცებ ყველაფერი ცხადი გახდა: ბოლო სურათს ხედავდა, ფილმის ბოლო კადრს. წამიც და, ტიტრები გამოჩნდებოდა ღრუბლიან ცაზე, საბოლოოდ დამშვიდებულ ზღვაზე კი მსხვილი ასოებით დაიწერებოდა: „დასასრული“. ამას მათი სახელებისა და გვარების გრძელი ჩამონათვალი მოჰყვებოდა, წლების მანძილზე რომ გარჯილიყვნენ, ებრძოლათ, ეშრომათ, წყალი ღვინოდ ექციათ, ახალი ღვინო ახალ ტიკებში ჩაესხათ, ყველაფერი – თითქმის ყველაფერი – სწორად გაეკეთებინათ და რა?

სურათი ყველაფერს ასრულებდა. ცხოვრებას. სირთულეებს. ხმებს.

დავიფიცე, რომ არასდროს დამავიწყდებოდა. როცა დიდი ვიქნებოდი, ყველა წვრილმანი მემახსოვრებოდა, არც ისე მნიშვნელოვანიც და სულ უმნიშვნელოც. ხშირად ვიფიქრებდი, ხშირად გავიხსენებდი, რომ მაშინდელი გაბრაზებისა თუ უბრალო უკმაყოფილების მიზეზები მეხსიერებას ცოცხლად შემოენახა. მაშინებდნენ, მატყუებდნენ, მაიძულებდნენ, უბალიშოდ დამეძინა და რუსულის კერძო გაკვეთილებზე მევლო. ფორტეპიანოზეც. წამების იარაღად ყველაფერი გამოდგება, ყველაზე უწყინარი ნივთებიც კი. ხანდახან მეგონა, რომ მარტო მოსაფერებლად ვუნდოდი – როცა დროს გამონახავდნენ, მაშინ რომ ჩავესვი კალთაში. კატასავით. საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობას ვინახავ და ეს მეხმარება ხოლმე. მართლა ყველა წვრილმანი მახსოვს. იმ ჩვენს გადარეულ გოგოსაც რომ ვუყურებდი, ჩემი გადარევის წლები მახსენდებოდა – აფორიაქება, დაუფიქრებლად მიღებული გადაწყვეტილებები, საყვარელ ადამიანებზე ზემოქმედების სურვილი, რაღაც ისეთის თქმა, რაც სხვებს ჩემკენ მოახედებდა.

-ყურადღების მიქცევა უნდოდა და ამიტომ გააკეთა?

-ალბათ.

კიდევ კარგი, ზღვაში ჩამავალი მზე და გაწითლებული ჰორიზონტის ხაზი არ ჩანდა – სჯეროდა, რომ ასეთ დასასრულს არავინ იმსახურებდა. მერვე ა კლასის დამრიგებელიც კი, რომელმაც მოსწავლის დედას პირში მიახალა: „თქვენი შვილი ორსულადაა. აქამდე როგორ ვერ მიხვდით?“

ამის მერე აღარაფერი იქნებოდა. გაგრძელების შეუძლებლობა ცხადად მოჩანდა. დრო აქ და ახლა მთავრდებოდა. მეთევზეებს შინ დაბრუნება არ ეწერათ. არც ეს ღრუბლები გაიფანტებოდნენ და აღარც დიდრონი ტალღები აგორდებოდნენ ზღვაზე.  თვითონაც ბოლოჯერ ასცქეროდა ცას, რაღაც დიდს, ნათელსა და მშვენიერს რომ მალავდა.

იმ მდგომარეობისთვის მიეღწია, როცა სურვილები უწინდებურად აღარ გაწამებენ – იცი, რა უნდა გსურდეს და დიდი ძალისხმევის გარეშე ახერხებ ასრულებას. სიხარულის სიმარტივე თუ სიმარტივით გამოწვეული სიხარული დამამშვიდებლად მოქმედებს. თვითგანვითარება. თვითკონტროლი. ჯანსაღი ცხოვრების წესი. ხელმისაწვდომი ჯილდო – ზღვისპირა ქალაქში მეგობართან ერთად გატარებული კვირა.

ალმა – წითლად თმაშეღებილი ქალის სახელი.

ისწავლა, როგორ უნდა დაეზოგა ფული; როგორ უნდა ეზრუნა დედაზე ისე, რომ ზედმეტ ყურადღებას ქალი არ შეეწუხებინა; რომელ თაროებზე უნდა ეძებნა დიაბეტიანებისთვის განკუთვნილი პროდუქტები სუპერმარკეტებში და შინ მისულს როგორ უნდა დაეთანხმებინა დედა საყვარელი ტკბილეულობის ნაკლებად მავნებლით ჩანაცვლებაზე.  ხანდახან გაჯიუტდებოდა და არ უჯერებდა ხოლმე, თუმცა ერთხელაც არ აჰყოლია ცდუნებას, რაიმე ფორმით დაესაჯა – საყვარელი თოქ-შოუს ყურების უფლება არ მიეცა ან შორეულ სამოციან წლებში შავი ზღვისა თუ ბალტიის ზღვის სანაპიროებზე მომხდარი დაუჯერებელი ამბები ბოლომდე არ მოესმინა.

-გახსოვს, რა ფერი დაედო დედამისს?

-კარი რომ გაგვიღო, არა? ვერც კი მიხვდა, ჩვენ რაღა გვინდოდა.

-ბოდიში იმავე დღეს უნდა მოგვეხადა. არ ვიცი, რას ველოდებოდით. მაშინაც შევაშინეთ – არ გვინდოდა, მაგრამ ასე გამოვიდა. ამდენი დრო გავიდა და მაინც სულ იმაზე ვფიქრობ, ყველამ რომ ორ წუთში იცოდა, რა და როგორ უნდა მომხდარიყო. ნებისმიერ მძიმე დანაშაულს მიაწერდნენ, დამნაშავის მოძებნის აუცილებლობა რომ გაჩენილიყო.

-ხომ გითხარი, თვითონაც შეუწყო ხელი-მეთქი. თავის შიშველ მუხლებს, შიშველ ზურგს სურათებს უღებდა და ნაცნობს თუ უცნობს აჩვენებდა. კიდევ რაღაც საშინელ ამბებს ჰყვებოდა – ვითომ მეგობრის მამა გაუპატიურებას უპირებდა და გაექცა.

-იქნებ ეს არ გამოუგონია?

-სულ რაღაცას იგონებს. სულ რაღაც არარსებულ საფრთხეებზე ლაპარაკობს.

მარჯვნივ გაიხედა. ვიღაცები შენიშნა – მათკენ მოაბიჯებდნენ. ჯერ ძალიან შორს იყვნენ საიმისოდ, რომ უსათვალოდ კარგად გაერჩია. სათვალის მოძებნა და მორგება კი ზაფხულის ამ მშვიდ, ზღვის სუნით გაჯერებულ, მარტივი მიგნებების იმედით სავსე საღამოს არ უნდოდა. ისევ ტიტრებისა და იმ ერთადერთი სიტყვის გამოჩენას ელოდა. ჩალისქუდიანი გმირის ლოგიკური, ბრწყინვალე აღსასრული. უმოძრაო ღრუბლები. თითქოს უხილავ ხელს ბოლო კადრი მანამდე გაეყინა, სანამ ეს – ქვემოდან მიშტერებული – რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს, ყველაზე არსებითს არ დაინახავდა.

-თვითმკვლელობა?

-როგორ უნდა მოკვდეს ზღვის ნაპირას წამომჯდარი ქალი, რომელიც ჰორიზონტისკენ ნაბიჯის გადასადგმელად ერთ მიზეზსაც კი ვერ პოულობს?

-ლ. უ. – მისი ინიციალები.

– იმასაც მეკითხებოდნენ, თქვენი შვილი რომ ყოფილიყო ორსულად, რას იზამდითო. მეხუთეკლასელები. ეგენი მისვამდნენ ყველაზე გულისგამხეთქ კითხვებს. როგორ ვცდილობდი, ყველაფერი კარგად ამეხსნა, მაგრამ არ გამომდიოდა. ერთ გოგოს ვიცნობდი, რომელმაც თავი სწორედ ამის გამო მოიკლა ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში. მაღალსართულიანი შენობიდან გადმოხტა. კარგი, ჭკვიანი გოგო იყო. ძალიან გამიჭირდა ამის გადატანა. ყველას გაგვიჭირდა. სკოლა დამთავრებული ჰქონდა. ცხრამეტი წლის იყო. წარმოგიდგენია? ალბათ მშობლების შეეშინდა, მითქმა-მოთქმის, ცხოვრების…

 – ის ქალი მომეწონა. დედამისი.  

– შენი შვილი – ცამეტი წლის ბავშვი – რომ ყოფილიყო ორსულად, რას იზამდი?

 

თავიდან სამივე ქალი ეგონა. როცა მოუახლოვდნენ, კიდევ ერთხელ გახედა. იმავე წამს გამხიარულდა – როგორ შეესაბამებოდა ეს სამი ახალმოსული ყველაფერს, რაც სურათს თითქმის ხელშესახებ ჩარჩოში მოექცია! მათი ადგილი თითქოს იმთავითვე განსაზღვრული იყო. შორიახლო ჩამოსხდნენ, ზუსტად იქ, საიდანაც ხმის მოწვდენას შეძლებდნენ. ესეც თითქოს ვიღაცას გაეთვალისწინებინა, ყველა წვრილმანი გულმოდგინედ გაეთვალა. უკვე ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მათ გარეშე სრულყოფილი ვერაფრით იქნებოდა ეს საღამო – ზაფხულის ბოლო ზღაპარი, მოულოდნელი სიმარტივითა და მოსალოდნელი ილუსტრაციებით.

ანაფორიანი მღვდელი რაღაცას ახრამუნებდა. მუხლებზე ვარდისფერი ცელოფნის პარკი ედო – იმ რაღაცით სანახევროდ სავსე. მის თანმხლებ ქალს წვრილი ყვავილებით მოჩითული შავი კაბა აეწია და წყალში შესულიყო. ჩამოშლილი მუქი თმა თეძოებამდე სწვდებოდა. წამდაუწუმ უკან იხედებოდა და ამათ უღიმოდა – მაღალ, ტანსრულ კაცსა და თორმეტი-ცამეტი წლის გოგოს, ერთიანად ჭორფლიანს, ჭრელ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილს, კენჭებისა და ერთი ბეწო თეთრი ნიჟარების შეგროვებით გართულს. თითოეული ზუსტად იმას აკეთებდა, რაც არაერთხელ გაეკეთებინა – უბრალოდ, ჩვევის ძალით, დიდი ფიქრისა და გონებაში გამკრთალი ყოველი აზრის გაანალიზების გარეშე.

მოეწონა ისინი. გულის სიღრმეში ამართლებდა კიდეც მღვდელს, რომელსაც ალბათ სურდა, ხალხმრავალი სანაპიროსთვის, უცხო თვალის სიხარბისთვის გამოერიდებინა ცოლ-შვილი. და თვითონ რატომღა გამოერიდა სხვებს? მართლა შესართავთან დატრიალებული დრამატული ამბების სანახავად მოვიდა? იქნებ სულაც მისი – განმარტოების მოყვარული კაცის – იყო ეს სურათი: ცა, ზღვა, გაუმაძღარი ფრინველები, ბედისწერასთან მებრძოლი თევზები, ხმაურიანი მეთევზეები, მთელი გულისყური რომ ბადეებისკენ მიემართათ? იქნებ სხვისი ფილმის ბოლო კადრებს შეესწრო და იმით, რასაც აქამდე ფიქრობდა, ყველა სინამდვილეს ასცდა?

კარგა ხანია, იცოდა: სუსტ მხედველობას არ უნდა ნდობოდა, არც სახელდახელოდ შექმნილ წარმოდგენებსა და  ნაჩქარევად გამოტანილ დასკვნებს, არც საკუთარ თავს, მაშინ, როცა ეს უკანასკნელი მონდომებით არწმუნებდა: ცხოვრების თავიდან დაწყება შესაძლებელიაო.

– წავიდეთ?

– სიმართლემ ყველას იმედი გაუცრუა. თითქოს გოგოს დანაშაული კიდევ უფრო დაამძიმა იმან, რომ ორსულად არ აღმოჩნდა. კიდევ უფრო აუტანელი გახდა ვიღაც-ვიღაცებისთვის. სხვათა შორის, მასწავლებლებისთვისაც. დედამისზეც რას აღარ ამბობენ – თითქოს მეორედ გათხოვება დიდი ცოდვა იყოს. იმას კი სხვა სკოლაში გადაყვანა არც უფიქრია – გაივლის დრო და დაავიწყდებათო. დაავიწყდებათ?

– უბრალოდ, ამდენს აღარ ილაპარაკებენ.

– თუ ისევ რაღაც არ მოხდა…

– რა უნდა მოხდეს…  მეტ  ყურადღებას მივაქცევთ. ამ გოგოსთვის თავიდანვე უფრო მეტი დრო უნდა დაგვეთმო. მერე რა, რომ კარგად სწავლობს და უცხო ტერმინებით ლაპარაკობს. „ნიმფეტამინი“. ნეტა ეს რომ მობეზრდება, რას დაირქმევს?   

– იქნებ, უბრალოდ, თავს ვიმშვიდებთ?   

– მივეჩვიეთ თავის დამშვიდებას.

– ჩემი შვილი რომ ყოფილიყო… არა, რა აზრი აქვს წარმოდგენას… წავიდეთ.

 

გულაღმა იწვა და სულ მცირე უხერხულობასაც კი არ გრძნობდა იმის გამო, რომ ასეთ შეუფერებელ ვითარებაში ესაუბრა უცნობებს უცნაურ სახელიან ნისლეულებსა და მარადიული ბუნდოვანებისთვის განწირულ საკითხებზე. არა, სულის უკვდავებაზე არ ულაპარაკიათ. მღვდელმა ვარდისფერი ცელოფნის პარკი გამოუწოდა – ხელისგულისოდენა ორცხობილები შინ გამომცხვარს ჰგავდა. უარი არ უთქვამს – ამასობაში მოშივებოდა კიდეც.

ისეთს ვერაფერს მიაგნო, საბოლოო დასკვნის გამოსატანად რომ გამოადგებოდა.

ადგომა და წასვლა – საკუთარ ცხოვრებაში დაბრუნება – იმაზე რთული გამხდარიყო, ვიდრე წარმოედგინა. ერთხელ ალმამ – სწორედ ამან, მოწითალოდ თმაშეღებილმა – ახლა უკვე წასასვლელად გამზადებულმა და მის ჩალის ქუდთან საყვედურნარევი მზერით დამდგარმა – რომელიღაც ციხის ნანგრევებზე აიყვანა და იქ მცირე ხნით დატოვა. ის წუთები უსასრულოდ გაგრძელდა. ზემოდან გადმოჰყურებდა უზარმაზარ ველს და ფიქრობდა, რომ გაჩენის დღიდან ამ ადგილას იდგა. არავის იცნობდა, არაფერი ენახა ადრეული შემოდგომის ნათელი ცის, სასიამოვნოდ შემთბარი მიწის, გაშავებული საუკუნოვანი ლოდებისა და ბალახის ღეროზე აცოცებული ჭიანჭველების გარდა. გრძნობდა, როგორ სუნთქავდა. ცოცხალი იყო – არ იცოდა, რატომ, რისთვის, როდემდე, მაგრამ ეს გაურკვევლობა სულ ოდნავაც არ ანაღვლებდა. მთავარი ციხის ნანგრევებზე დგომა იყო, ველის  დამკვირვებლად ყოფნა, ყველა სულიერისა თუ უსულოს ხმის მოსმენა.

ახლაც იგრძნო, რომ საფრთხე ხელშესახები გამხდარიყო. საფრთხედ იქიდან ჩანდა, მეორე მხრიდან. აქედან მხოლოდ იმას ხედავდა, რაც ყოველმხრივ ხიბლავდა და თითქოს არწმუნებდა კიდეც, სამყაროს მშვენიერება, თვალშისაცემი კანონზომიერებები შემთხვევითობის შედეგი ვერ იქნებაო. ეს აზრი გულს სიმშვიდით უვსებდა, ორიოდე წუთით მაინც. სულერთი იყო, ვინ მოაწერდა ხელს ამ სურათს, ვინ აღიარებდა, რომ სანაპიროს კენჭების თვლას გადაჰყვა და მომლოდინე ადამიანების სახეები სულ გადაავიწყდა.

რამდენჯერმე სცადა წამოდგომა, მაგრამ თითქოს სხეული უწინდელ მორჩილებაზე უარს უცხადებდა. მის რომელიღაც ნაწილს სურათში სამუდამოდ დარჩენა უნდოდა.

თავი გააქნია.

ცხოვრებას თავიდან დაიწყებდა.

გაბნეულ ნივთებს ნაჩქარევად წამოკრეფდა და უკანასკნელად გახედავდა ზღვის ვერცხლისფერ ზედაპირს – ზაფხულის ბოლო საჩუქარს; უკაცრიელ სანაპიროს, სულ მალე ბინდბუნდის სიგრილეში რომ გაეხვეოდა; დახურულ წიგნს, რომლის მთავარი გმირიც უპასუხო სიყვარულს მოეკლა და ხელის გაწვდენაზე დაგდებულ სანიშნეს – ჭრელი ბალახის ღერს.

– მაშინვე ვთქვი – მგონი, სულაც შენ გითხარი – ბიჭის გამო გააკეთებდა-მეთქი. ისიც ვიცოდი, რომელი ბიჭის გამოც. ორ წელზე მეტია, მაგათ კლასს ვასწავლი. არა, ისეთი არაფერი შემიმჩნევია, აღნიშვნა რომ ღირდეს. მხოლოდ და მხოლოდ ვვარაუდობდი.

– ყველაზე საშინელი მაინც დამრიგებლის სიტყვები იყო.

– ჰო.

– იცი, სტუდენტობისას, ერთი ბიჭის ყურადღების მისაქცევად რა გავაკეთე? ხელი მაჯიდან იდაყვამდე ბინტით შევიხვიე, რომ მოსულიყო და ეკითხა, რა მოგივიდაო? რაღაც სისულელეც მქონდა მოფიქრებული, ჩემი წარმოდგენით, დამაჯერებელი და ამაღელვებელი.

– მერე?

– არაფერი უკითხავს. საერთოდ არ გამოუხედავს ჩემკენ.

– ამას მეტისმეტი მოუვიდა. თავის თავზე ასეთი ხმები როგორ გაავრცელა! თანაც იცოდა, რომ კლასელები ისედაც ალმაცერად უყურებდნენ.

–  გახსოვს, რას ვაკეთებდით მის ასაკში?

– როცა სახლიდან ყველა წავიდოდა, თვალებზე შავ ფანქარს ვისვამდი ხოლმე და ეგ იყო.

– კარგად გაიხსენე.

 

ჩუმად მიდიოდნენ. საღამოს სიგრილეც სიამოვნებდათ და ზღვისპირა ქალაქის პატარა სახლების დანახვაც. იმაზე მეტი ახსოვდათ, ვიდრე სურდათ, ვიდრე სწორი პასუხების პოვნისთვის იყო აუცილებელი.  ერთს უზარმაზარი საზაფხულო ჩანთა ეკიდა მხარზე, ძირითადად გამოუსადეგარი ნივთებით სავსე, მეორე კი უბრალო, წვრილზონრიან ჩალის ქუდს მარცხენა ხელით მიაქანავებდა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი