შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ალო ანუ ალესანდრა ლოლიტა ოსვალდო

კახეთში ვარ… სიმართლე რომ ვთქვა, მირჩევნია სადმე მალდივის კუნძულებზე ვიყო, მაგრამ მწარე რეალობა სწორედ ეს არის, რომ კახეთში ვარ და მეზობლის ბიჭისთვის ელექტროდამაგრძელებელს დავეძებ. მეზობლად ცხოვრობს და ეზოს კარების საკეტის გამოცვლაში გვეხმარება. ელექტროდამაგრძელებელიც სწორედ ამიტომ უნდა, რომ, ე.წ. „ბარგალკა“ შეაერთოს.

– სიგრძე საკმარისი იქნება? – ვეკითხები,

– მაი, – ანუ კი საკმარისი იქნებაო.

იგივე „მაი“ შეიძლება უარყოფით კონტექსტშიც განვიხილოთ. აქ მთავარი ხმის ინტონაცია და ტონია. აერთებს და მეკითხება, ხომ არ შემაკანკალებსო. ანუ დენს ხომ არ დამარტყამსო. იქვე ამატებს, ამას წინათ მაკანკალა მაგრადო, ანუ სადღაც ეტყობა უხარისხო დამაგრძელებელი გამოიყენა და დენმა ოდნავ წაკბინა (ესეც მისებურად რომ ვთქვათ).

მაშინვე რჩევას ვაძლევ, უნდა აფთიაქში გაქცეულიყავი, A ვიტამინი გეყიდა  და ათი დღე გესვა-მეთქი. პასუხი კვლავ „მაი“-ია, ანუ ამ შემთხვევაში ნიშნავს, მეტი საქმე არ მქონდაო.

ისე აქ დავწერ, რომ დენის დარტყმის, ანუ წაკბენის შემთხვევაში, A ვიტამინი მართლაც აუცილებელია, რადგან პირველ რიგში თვალის ბადურა ზიანდება და ვიტამინიც სწორედ მის აღსადგენად არის საჭირო (დაზიანებასაც გააჩნია).

მეზობლის ბიჭის ტელეფონი რეკავს.

  • ალო, ჰო, შაქრო ძია, გადმოვალ საღამოსკენ.

ალო კი არა, ალესანდრა ლოლიტა ოსვალდო… სწორედ ასე ერქვა თურმე ტელეფონის გამომგონებლის სატრფოს. ტელეფონი გამართა თუ არა, პირველად რჩეულს დაურეკა და უთხრა – „ალესანდრა ლოლიტა ოსვალდო“… ანუ – ალო. მოგვიანებით ყველამ მას მივბაძეთ და ჩვენც ვიმეორებთ და ვიმეორებთ: ალო… გისმენთ…

დამავიწყდა მეთქვა, ალესანდრა ლოლიტა ოსვალდოს თავისი სახელის გაგონება, ტელეფონის აპარატის იქეთა მხრიდან ისე გახარებია, რომ უნებურად საყვარელი მინის ლარნაკი ხელიდან გავარდნია და გაუტეხავს.

მინა ერთ-ერთი პარადოქსული მასალაა. ერთი მხრივ, ძალიან სათუთია. ჩვეულებრივი ფანჯრის ან თუნდაც ლარნაკის  გატეხას არაფერი უნდა. მეორე მხრივ, ბუნებაში არსებული ერთ-ერთი მაგარი მასალაა. მინა შეიძლება გატეხოთ, მაგრამ მისი დაკაწრვა პრაქტიკულად შეუძლებელია. მხოლოდ ისეთი ბუნებრივი მინერალებით მოახერხებთ მის დაკაწრვას, როგორიც კორუნდი და ალმასია,.

სამეცნიერო თვალსაზრისით კი საერთოდაც სითხეს წარმოადგენს. ბლანტი  და გადაციებული სითხეა. მინის წკირი, რომ სპირტქურის ალზე დავიჭიროთ, ცეცხლზე მიფიცხებული ადგილი ჯერ დარბილდება და ბოლოს მის გაწელვასაც შევძლებთ. მინის ძაფებისგან მინის ქსოვილსაც ამზადებენ, რომელსაც რაღაც ნივთებს შემოაკრავენ სიმაგრისთვის (მაგ. ჰოკიჯოხს). მინის ბამბაც არსებობს, რომელსაც მილების შესაფუთად იყენებენ, ასევე სახლების თბოიზოლაციისთვისაც.

მაღალი ხარისხის მინის ფორმულა SiO2, ანუ სილიციუმის ოქსიდია. ბუნებაში იგივე ოქსიდი მინერალის სახით გვხვდება, რომლის სახელწოდებაც  კვარცია. როდესაც საქმე წვრილი კრისტალების ერთობლიობასთან გვაქვს, მაშინ მას ქვიშას ვუწოდებთ. როგორ არის მოწყობილი კვარცის კრისტალური მესერი. სილიციუმის ატომი წარმოქმნის ოთხ ქიმიურ ბმას და მესერში სილიციუმის ატომები ერთმანეთთან ჟანგბადის მეშვეობით არიან დაკავშირებული. კვარცისგან, რომ მინა გავაკეთოთ, უნდა გავაცხელოთ მანამდე, სანამ არ გალღვება, შემდეგ კი ძალიან სწრაფად გავაციოთ. გაცხელებისას სილიციუმის და ჟანგბადის ატომები სტრუქტურაში მოძრაობას იწყებენ. თუ ნელა გავაციებთ, მაშინ ატომები თავის ადგილზე დაბრუნებას მოასწრებენ. მყისიერი გაციებით კი ბრუნვის ადგილზე რჩებიან და კრისტალური მესერიც სახეს იცვლის. სწორედ ასეთი სახეცვლილი მესერი წარმოადგენს მინას, რომლისგანაც ტელესკოპის ლინზებს ამზადებენ. მას ძალიან კარგი ოპტიკური თვისებები აქვს, მაგრამ ძალიან სათუთია. ყოველდღიური გამოყენებისთვის კი რაიმე უფრო გამძლეა საჭირო. ასეთი მინა ქვიშისგან მზადდება. როდესაც ქვიშას ალღობენ, მას მცირე რაოდენობით სოდას უმატებენ, რაც უფრო მაგარი მინის მიღების საშუალებას გვაძლევს. მისი სტრუქტურაც უფრო მოწესრიგებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.

მინა ამორფულია, ანუ ფორმა არ აქვს. სხვათა შორის, ასეთ მდგომარეობაში არა მხოლოდ სილიციუმის ოქსიდს შეუძლია არსებობა, არამედ ბორის და ფოსფორის ოქსიდებს, ალუმინის ფტორიდს და ა.შ.

სიტყვა მინა ინგლისურად „Glass“  არის, ლათინურად – “Vitro” . აქედან მოდის  სიტყვა ვიტრინა და ვიტრაჟი.

ზემოთ დავწერე მინას სოდას უმატებენ-მეთქი. ორი ნივთიერება არსებობს და ორივეს სოდა ჰქვია. მოდი გავერკვიოთ. ჩვეულებრივი სოდა, იგივე ტექნიკური, ნატრიუმის კარბონატია Na2CO3. წყალში კარგად იხსნება და წყალხსნარს  ტუტე გარემო აქვს. ანუ სოდის წყალხსნარში ინდიკატორი ფენოლფთალეინის დამატებისას მოვარდისფრო შეფერილობას მივიღებთ, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ხსნარში ჰიდროქსილ იონები ჭარბობენ. სოდა წყალში გახსნისას იშლება ნატრიუმის დადებით და კარბონატის უარყოფით იონებად. წყალიც გარკვეული ხარისხით იშლება  წყალბადის დადებით და ჰიდროქსილის უარყოფით იონებად. კარბონატის იონები წყალბადის იონების გარკვეულ რაოდენობას იკავშირებს და ჰიდროქსილის იონები ხსნარში ჭარბად რჩება. ეს კი წყალხსნარს ტუტე გარემოს ანიჭებს.

მეორეს  საკვები სოდა ეწოდება და ის ნატრიუმის ჰიდროკარბონატია NaHCO3. ამ სოდასთანაც იგივე რომ გავიმეოროთ, ანუ ფენოლფთალეინი ჩავამატოთ, ის ოდნავ შესამჩნევად შევარდისფრდება. რატომ? ეს ჰიდროკარბონატია და ერთ წყალბადს შეიცავს. წყალში გახსნისას სწორედ ეს წყალბად იონი დაუკავშირდება ჭარბად მყოფ ჰიდროქსილის იონებს და ნაწილობრივ კომპენსაცია ხდება. შესაბამისად, ტუტე გარემო ისეთი ძლიერი აღარ იქნება, როგორც ეს ტექნიკური სოდის შემთხვევაში გამოვლინდა.

კიდევ ერთ ნივთიერებას უწოდებენ სოდას, ოღონდ კაუსტიკურს. „კაუსტიკუს“ ძველ ბერძნულად მწვავეს ნიშნავს. ამ სოდის თანამედროვე დასახელება ნატრიუმის ტუტეა.

სამი სხვადასხვა ნივთიერება ერთ სახელს ატარებს. რატომ? Sodium ნატრიუმის ძველი ლათინური სახელწოდებაა. ნატრიუმი სამივე ნივთიერების შემადგენლობაში შედის.

ამასობაში სამზარეულოდან ეზოში  ვანილის გემრიელმა სურნელმა  გამოაღწია.

0,00000000002გრ/1ლ. ჰაერში, სწორედ ასეთი მცირე რაოდენობაც კი შეიძლება შევიგრძნოთ. პირველად მისი გამოყენება ძველმა აცტეკებმა დაიწყეს. მას მცენარე Vanila Planifolia-სგან იღებენ. თვითონ მცენარეს დიდი არაფერი სუნი აქვს. რანაირად მიხვდნენ აცტეკები, რომ სწორედ ამ მცენარისგან შეიძლებოდა ასეთი სურნელოვანი საკაზმის მიღება, არ ვიცი. მაგრამ ვანილის მიღების რთული ტექნოლოგია რომ მოიფიქრეს, ეს ფაქტია. თავიდან უმწიფარ ნაყოფს 20 წამის განმავლობაში ცხელ წყალში ათავსებდნენ, შემდეგ შალის გადასაფარებელში ახვევდნენ და ინახავდნენ. 24 საათის შემდეგ ნაყოფი მზეზე გაჰქონდათ, ოღონდ მხოლოდ ერთი საათით. მეორე დღეს საათი და ათი წუთით, შემდეგ კიდევ ათ წუთს უმატებდნენ და ასე გრძელდებოდა ერთი თვე. შემდეგ უკვე ჩრდილში აშრობენ მანამდე, სანამ თეთრი ფიფქი არ დაედებოდა.  ვანილის ნაყოფში გაცხელებისას ფერმენტაცია, ანუ ბუნებრივი კატალიზატორების თანხლებით დაშლის პროცესები იწყება. ამ დროს იშლება გლიკოვანილინი და წარმოიქმნება ვანილინი. თეთრი ნაფიფქი სწორედ ესაა. 1874 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა ვილჰელმ ჰაარმანმა ვანილინი სინთეზურად მიიღო. ხელოვნური გზით სინთეზს 15 საათი სჭირდება.

ღამეა უკვე. თბილისში მთვარეს ვერ ვხედავ ხოლმე, აქ კიდევ ყოველ ღამე ჩანს. ჯერ ეზოს ბოლოშია დაკიდული, შემდეგ აი იმ ხის თავზე მოექცევა ხოლმე, ბოლოს კი სახლის მოპირდაპირე მხარეს ამოყოფს თავს. ასე ღამის სამ-ოთხ საათზე კიდევ პირდაპირ შუშაბანდის თავზე მოკალათდება და ისე ანათებს, დღე გეგონება.

მშვენიერია, შუქი ჩაქრა. ამ ქვეყანაში მგონი შუქის ჩაქრობას ვერასდროს გადაეჩვევიან. მთვარის იმედად და უმოქმედოდ ვერ ვიჯდები, ამიტომ ვრეკავ იმ კაცთან, ვისაც სოფელში შუქის ამბები ევალება. საქმეში ხარ? ვინ იღებს. ტელეფონის ელემენტი მართალია, სულს ღაფავს, მაგრამ იმდენს ვახერხებ, რომ მეგობარს მივწერო თბილისში, დაურეკე მაქედან „შუქის კაცს“, იქნებ შენი ნომერი მოეწონოს და აიღოს-მეთქი. მეგობრის პასუხი მომდის, არ იღებს. როგორც ჩანს, მტკიცე ხასიათის კაციაო. მაინც ვერ ვწყნარდები და ახლა ქვითრიდან ამოკითხულ ენერგოდისტრიბუციის ცხელ ხაზზე ვრეკავ. იქ ჩანაწერია ჩართული, ხმადაყენებული ქალბატონი მეუბნება, რომ სიგნალის შემდეგ ვილაპარაკო და იქნებ,  როდისმე ვინმემ  ჩემს ხმას მოუსმინოს. ჰმ…

გამწარებული ფანჯარას ვაღებ და მთვარის იმედად დარჩენილ  სოფელს გავცქერი… გზაზე ვიღაც კაცი მიდის და  ტელეფონში ყვირის – ალო, ალო-მეთქი.

მერე იქვე გამწყრალი ხმით ხმამაღლა ამბობს – სიგნალი არა, ისა კიდე…

ეტყობა, მაგანაც ცხელ ხაზზე დარეკა. ბოლოს ემოციებს ვეღარ იკავებს და მისი ყვირილი უკვე გზის იქიდან  ისმის:

ელასა მელასა

ჭიქა მეკიდა ყელასა

მთქმელსა და გამგონებელსა

შუქი ჩაგიქრეთ ყველასა…

ჰო, გამოდის, რომ ლექსშიც  შუქჩამქრალებში მოვხვდი. იმ წუთას ლექსი მგონი მხოლოდ მე მესმოდა.

ცხოვრებაშიც ასეა, თუ სადმე რამე უნდა გაფუჭდეს, ამ ამბით დაზარალებულთა სიაში განგება უეჭველად მომახვდრებს ხოლმე….

ტელეფონი რეკავს…

ალო…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი