სამშაბათი, მარტი 5, 2024
5 მარტი, სამშაბათი, 2024

მეხსიერების ინფორმაციის გადამუშავების მოდელი. მუშა მეხსიერება

სენსორულ მეხსიერებაში დაგროვილი ინფორმაციის გადამუშავება შესაძლებელია მაშინვე, როგორც კი ის აღიქმება და ტრანსფორმირდება ხატებისა და ხმების პატერნებად (ან სხვა სახის სენსორულ კოდებად). მუშა მეხსიერება მეხსიერების სისტემის „სამუშაო დაზგაა“, შეხების წერტილი, სადაც ახალი ინფორმაცია დროებით ინახება და მერე ხანგრძლივ მეხსიერებაში დაგროვილ ცოდნას უერთდება პრობლემების გადასაჭრელად ან გაკვეთილის უკეთ გასაგებად. მუშა მეხსიერება შეიცავს იმას, რაზეც მოცემულ მომენტში ვფიქრობთ. ამის გამო ზოგი ფსიქოლოგი მუშა მეხსიერებას „ცნობიერების“ სინონიმად მიიჩნევს. სენსორული მეხსიერებისგან ან ხანგრძლივი მეხსიერებისგან განსხვავებით, მუშა მეხსიერების მოცულობა ძალზე შეზღუდულია.

შესაძლოა, გაგიგონიათ ხანმოკლე მეხსიერების შესახებ. ეს მოძველებული სახელწოდებაა ინფორმაციის გადამუშავების სისტემაში არსებული მეხსიერების მოკლე კომპონენტისა. ხანმოკლე მეხსიერება არ არის ზუსტად იგივე, რაც მუშა მეხსიერება. მუშა მეხსიერება მოიცავს ორივეს – დროებით შენახვას და აქტიურ გადამუშავებას – მეხსიერების სამუშაო დაზგას, სადაც აქტიური გონებრივი ძალისხმევა გამოიყენება როგორც ახალი, ისე ძველი ინფორმაციის გადასამუშავებლად. ხანმოკლე მეხსიერება კი, როგორც წესი, ნიშნავს შენახვას, უშუალო დამახსოვრებას ახალი ინფორმაციისა, რომელიც შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ 15-10 წამით. ადრეული ექსპერიმენტების მიხედვით, ხანმოკლე მეხსიერების ტევადობა/მოცულობა ერთბაშად დაახლოებით 5-დან 9 ახალ ერთეულამდე იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ შეზღუდვის გადალახვა შესაძლებელი ყოფილა ისეთი სტრატეგიების მეშვეობით, როგორებიცაა დაჯგუფება ან ინფორმაციის ბლოკების წარმოქმნა, მაგრამ 5-დან 9-მდე შეზღუდვა ყოველდღიურ ცხოვრებაში, წესისამებრ, ძალაში რჩება. ადვილია ტელეფონის ნომრის დამახსოვრება, როცა მას უცებ პოულობ წიგნაკში და ოთახის მეორე ბოლოსკენ მიდიხარ დასარეკად. მაგრამ რა ხდება, როცა ზედიზედ ორ ადგილას უნდა დარეკო? ორი ახალი ტელეფონის ნომრის მეხსიერებაში ერთდროულად შენახვას ალბათ ვერ შეძლებთ.

თანამედროვე თვალთახედვით, მუშა მეხსიერება, სულ მცირე, სამი ელემენტისგან შედგება. ესენია ცენტრალური აღმასრულებელი, რომელიც აკონტროლებს ყურადღებასა და სხვა გონებრივ რესურსებს (მუშა მეხსიერების „მუშა“), ფონოლოგიური ყულფი, რომელიც ინახავს ვერბალურ და აკუსტიკურ ინფორმაციას და ვიზუალურსივრცითი ხატები (გრაფიკული ინფორმაციის შეყვანისა და რედაქტირების სისტემა) ვიზუალური და სივრცითი ინფორმაციისთვის.

ამოხსენით შემდეგი მაგალითი და ყურადღება მიაქციეთ, როგორ ხსნით მას:

(4+5) X 2

13 + (12/4)

ცენტრალური აღმსრულებელი. როცა ზემოთ მოყვანილ მაგალითს ხსნიდით, თქვენი მეხსიერების ცენტრალური აღმასრულებელი ყურადღებას ამახვილებდა თქვენთვის იმ მომენტში საჭირო ფაქტებზე (რამდენია 4+5? 9X2?), იხსენებდა, რომელი მოქმედება სრულდება პირველად და როგორ ხდება გაყოფა. ცენტრალური აღმასრულებელი ზედამხედველობს ყურადღებას, ადგენს გეგმებს, იხსენებს ინფორმაციას და ახდენს მის ინტეგრაციას. ენის სწავლა, ლოგიკური აზროვნება, ინფორმაციის შემოწმება გრძელვადიან მეხსიერებაში გადასაცემად – ყველა ეს ქმედება და ბევრი სხვაც იმართება ცენტრალური აღმასრულებლის მიერ. ცენტრალურ აღმასრულებელს ეხმარება ორი სისტემა – ფონოლოგიური ყულფი და ვიზუალურ-სივრცითი ხატები.

ფონოლოგიური ყულფი. ფონოლოგიური ყულფი ხანმოკლე მეხსიერებისთვის სიტყვებისა და ხმების გამეორების სისტემაა. ეს არის ადგილი, სადაც ათავსებთ „18-ს“ (4+5=9X2=18) მაგალითის ზედა სექციაში, სანამ ანგარიშობთ 13+(12/4)-ს მის ქვევით. ბადელეი მიიჩნევდა, რომ შეგვიძლია, იმდენი რამ შევაკავოთ ფონოლოგიურ მეხსიერებაში, რამდენის გამეორებაც (საკუთარი თავისთვის თქმა) შეგვიძლია 1,5-2 წამის განმავლობაში. 7-ნიშნა ნომერი ჯდება ამ შეზღუდვაში. მაგრამ რა მოხდებოდა, რომ გვეცადა გონებაში ამ 7 სიტყვის შენახვა: „გამოხსნა“, „მითვისება“, „აბლაბუდა“, „ანტიინტელექტუალი“, „პრევენციული“, „კონფისკაცია“, „დოკუმენტაცია“? გარდა იმისა, რომ ამ სიტყვების წარმოთქმისას ენა მოგტყდებათ, მათ გამეორებას 2 წამზე მეტი ხანი სჭირდება და უფრო ძნელი შესანახია სამუშაო მეხსიერებაში, ვიდრე 7 ციფრი ან 7 მოკლე სიტყვა.

გახსოვდეთ, – ჩადეთ თქვენს ოპერატიულ მეხსიერებაში, – რომ განვიხილავთ ახალი ინფორმაციის დროებით შენახვას. ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთ ჯერზე შეგვიძლია შევინახოთ ინფორმაციის 5-9 ერთეულზე მეტი ან 1,5 წამზე მეტი ხნით. როცა კრეფთ 7-ნიშნა ნომერს, რომელიც ახლახან მოძებნეთ, გონებაში – მეხსიერებაში – სხვა რამეებიც გიტრიალებთ: როგორ გამოიყენოთ ტელეფონი, ვის ურეკავთ და რატომ. ამ ყველაფრისთვის ყურადღების მიქცევა არ გჭირდებათ, ეს არ არის ახალი ცოდნა. ზოგი პროცესი, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა ნომრის აკრეფა სატელეფონო აპარატზე, თქვენთვის უკვე ავტომატური გახდა. მაგრამ, ოპერატიული მეხსიერების შეზღუდულობის გამო, უცხო ქვეყანაში რომ ყოფილიყავით და უცხო სატელეფონო სისტემის გამოყენება გეცადათ, გაგიჭირდებოდათ ნომრის დამახსოვრება, რადგან თქვენი ცენტრალური აღმასრულებელი იმავდროულად სატელეფონო სისტემაში გარკვევასაც ეცდებოდა. ახალი ინფორმაციის მცირე ნაწილიც კი ძნელი დასამახსოვრებელი იქნება, თუ ეს ინფორმაცია რთული და უცხოა ან საჭიროა რამდენიმე ელემენტის შეერთება/შეკავშირება მისგან აზრის გამოსატანად.

ვიზუალურსივრცითი ხატი. განვიხილოთ მაგალითი: თუ p-ს 180 გრადუსით მოატრიალებთ, რას მიიღებთ – b-ს თუ d-ს?

ადამიანთა უმრავლესობა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას დაიწყებდა p-ს ვიზუალური წარმოდგენით და მისი შემობრუნებით. ვიზუალურ-სივრცითი ხატი არის ადგილი, სადაც ამ ხატზე მანიპულიაციას ახდენთ (ცხადია, მას შემდეგ, რაც თქვენმა ცენტრალურმა აღმასრულებელმა აღიდგინა ინფორმაცია 180 გრადუსის შესახებ). ვიზუალურ-სივრცით ხატში მუშაობას იგივე ასპექტები აქვს, რაც რეალური სურათის ან რაიმე სხვა ობიექტის ყურებას. თუ “p” ამოცანა გაქვთ ამოსახსნელი და იმავდროულად უყურებთ გამოსახულებას ეკრანზე, თქვენი მოქმედება შენელდება, ისევე როგორც შენელდებოდა ორი სხვადასხვა ობიექტის წინ და უკან ყურებისას. მაგრამ “p” ამოცანა რომ გქონოდათ ამოსახსნელი და თან ციფრები გასამეორებელი, ეს პროცესი ასე ძლიერ არ შენელდებოდა. შეგიძლიათ, ერთდროულად გამოიყენოთ ფონოლოგიური ყულფი და ვიზუალურ-სივრცითი ხატი, მაგრამ ორივე მათგანი სწრაფად ივსება და გადაიტვირთება. ეს ორი სახის სამუშაო – ვერბალური და ვიზუალური – ტვინის სხვადასხვა უბანში სრულდება.

მუშა მეხსიერების ხანგრძლივობა და შინაარსი. ცხადია, მუშა მეხსიერების სისტემაში ინფორმაცია მოკლე ხანს, დაახლოებით 5-20 წამს რჩება, თუ არ იმეორებთ მას ან პროცესს რაიმე სხვა სახით. შესაძლოა, 20-წამიანი მეხსიერების სისტემა არც ისე მოხერხებული მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ სისტემის გარეშე სანამ წინადადების ბოლომდე მიხვიდოდით, დაგავიწყდებოდათ ის, რაც მის პირველ ნაწილში ამოიკითხეთ, ეს კი აშკარად გააძნელებდა წინადადებათა გაგებასა და აღქმას.

მუშა მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის შინაარსი შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ხმების ან ხატების სახით, რომლებიც სენსორული მეხსიერების რეპრეზენტაციების მსგავსია. ისიც შესაძლოა, ინფორმაცია უფრო აბსტრაქტულად იყოს სტრუქტურირებული მნიშვნელობის შესაბამისად.

ინფორმაციის შენარჩუნება მუშა მეხსიერებაში. ვინაიდან მუშა მეხსიერებაში ინფორმაცია ძალიან ცოტა ხანს რჩება და ადვილად იკარგება, შესანარჩუნებლად ის გამუდმებით უნდა გააქტიურდეს. გააქტიურება მიმდინარეობს მანამდე, სანამ ამ ინფორმაციაზე ხართ კონცენტრირებული, ყურადღების სხვა რამეზე გადატანის შემდეგ კი აქტივაცია მალევე ქრება. მუშა მეხსიერებაში ინფორმაციის შენარჩუნება წააგავს ერთ-ერთ საცირკო ნომერს – გრძელ ჯოხებზე თეფშების ტრიალს. ამ ნომრის შემსრულებელი ჯერ ერთ ჯოხზე დაატრიალებს თეფშს, მერე – მეორეზე, მესამეზე და ა.შ., მაგრამ ისევ უნდა დაუბრუნდეს პირველს, სანამ თეფშის ბრუნვა იმდენად შენელდება, რომ ჯოხიდან ჩამოვარდეს. თუ არ განვაგრძობთ მუშა მეხსიერებაში ინფორმაციის „ტრიალს“, ესე იგი თუ მას გააქტიურებულ მდგომარეობაში არ შევინარჩუნებთ, ის „ჩამოვარდება“. აქტივობის შეჩერებას თან სდევს დავიწყება.

არსებობს გამეორების ორი ტიპი. ნასწავლის შენარჩუნება გულისხმობს ინფორმაციის გონებაში გამეორებას. სანამ ინფორმაციას იმეორებთ, ის განუსაზღვრელი ხნით ნარჩუნდება მუშა მეხსიერებაში. ასეთი გამეორება სასარგებლოა იმის შესანარჩუნებლად, რის გამოყენებასაც გეგმავთ და შემდეგ ივიწყებთ, მაგალითად, ტელეფონის ნომრისა ან ადგილის მდებარეობისა რუკაზე.

გადამუშავება/გამეორება გულისხმობს დასამახსოვრებელი ინფორმაციის დაკავშირებას იმასთან, რაც უკვე იცით – ხანგრძლივ მეხსიერებაში არსებულ ცოდნასთან. მაგალითად, თუ წვეულებაზე თქვენი ძმის სეხნია გაიცანით, არ დაგჭირდებათ დასამახსოვრებლად მისი სახელის გონებაში გამეორება – მხოლოდ დაკავშირება მოგიწევთ. ასეთი გამეორება მხოლოდ ოპერატიულ მეხსიერებაში კი არ აკავებს ინფორმაციას, არამედ მის ხანგრძლივ მეხსიერებაში გადანაცვლებასაც უწყობს ხელს. გამეორება ისეთი პროცესია, რომელსაც აკონტროლებს ცენტრალური აღმასრულებელი, რათა ინფორმაციის გადამუშავების სისტემის საშუალებით ინფორმაციის შემოდინებას გაუმკლავდეს.

მუშა მეხსიერების შესაძლებლობათა შეზღუდულობა შეიძლება დაიძლიოს გამსხვილებითაც – ინფორმაციის ბლოკების წარმოქმნით. ვინაიდან ინფორმაციის ცალკეული ნაწილების რაოდენობა (და არა მათი მოცულობა) მუშა მეხსიერებისათვის შეზღუდულია, ინფორმაციას უფრო ადვილად შეინარჩუნებთ, თუ მის ცალკეულ ნაწილებს დააჯგუფებთ. განვიხილოთ მაგალითი. ვთქვათ, გჭირდებათ ექვსი ციფრის დამახსოვრება: 3, 5, 4, 8, 7 და 0. ამ ციფრებს უფრო ადვილად დაიმახსოვრებთ მათი გაერთიანებით – სამ ჯგუფად, რომელთაგან თითოეულში ორ-ორი ციფრი იქნება: 35, 48, 70, – ან ორ ჯგუფად, რომლებშიც იქნება სამ-სამი ციფრი: 354, 870. ამ ცვლილებების წყალობით მეხსიერებაში ერთდროულად ინფორმაციის მხოლოდ სამი ან ორი ნაწილის შეკავება მოგიწევთ და არა ექვსისა. ინფორმაციული ბლოკების წარმოქმნა ტელეფონის ნომრის დამახსოვრებაში გვეხმარება.

დავიწყება. ინფორმაცია მუშა მეხსიერებიდან შესაძლოა შერევის ან გაქრობის გზით დაიკარგოს. შერევა პირდაპირი მნიშვნელობისაა: ახალი ინფორმაცია გადამუშავებისას შეერევა ძველს ან ძველ ინფორმაციაში აირევა. როცა ახალი აზრები გროვდება, ძველი ინფორმაცია მუშა მეხსიერებიდან ქრება. ინფორმაცია ასევე იკარგება თანდათანობითი გაქრობის გზით. თუ ინფორმაციისთვის ყურადღების მიქცევას არ გააგრძელებთ, მისი აქტივაციის დონე დასუსტდება და ბოლოს იმდენად დაიწევს, რომ ინფორმაციის ხელახლა გააქტიურება შეუძლებელი გახდება – ის სრულიად გაქრება.

სინამდვილეში დავიწყება ძალიან სასრგებლოა. უამისოდ ადამიანის მუშა მეხსიერება ძალიან მალე გადაიტვირთებოდა და სწავლაც შეწყდებოდა. პრობლემური იქნებოდა ისიც, თუ გვეხსომებოდა ყველა ის წინადადება, რომელიც კი ოდესმე წაგვიკითხავს, ყველა ხმა, რაც კი ოდესმე გაგვიგონია, ყველა სურათი, რაც კი ოდესმე გვინახავს. ინფორმაციის ზღვაში განსაზღვრული ინფორმაციის მოძიება შეუძლებელი გახდებოდა. ძალიან მოხერხებულია, რომ არსებობს სისტემა, რომელიც დროებით ინახავს და „გამოაცალკევებს“ განსაზღვრული სახის ინფორმაციას იმ ყველაფრისგან, რაც კი ოდესმე მიგვიღია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი