კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ნაცნობი ისტორია, როგორც სასწავლო რესურსი

სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოსხევის საჯარო სკოლის შენობა ტყვეთა ბანაკის ადმინისტრაციისათვის აუშენებიათ  მეორე მსოფლიო თუ სამამულო ომის ტყვეებს. ბანაკი აქვე  ყოფილა.

სულ მეგონა, რომ შემაღლებული ეზოს თავში წამომართული  სკოლის შენობა, დიდი აივნითა და ხის რიკულებით, რომელიღაც ქართველი თავადის საკუთრება იყო. თურმე სინამდვილე ბევრად განსხვავებული ყოფილა.

–  მეორე მსოფლიო ომამდე ეს ადგილი დასახლებული არ იყო. მე-12 საუკუნის შემდეგ აქაურობა აბანოსხევად იწოდება. სკოლის შენობის უკან დღესაც შემორჩენილია თიხის ღია ღარები, რომლითაც გადმოცემით ამ ხევის წყალი მიედინებოდა მცხეთამდე. წყალი გზადაგზა თბებოდა და ამარაგებდა  აბანოს, რომლითაც თამარ მეფე სარგებლობდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, მეთორმეტე საუკუნემდე ამ მიდამოს ხიდარი ერქვა და იცით, რატომ? ეს იყო გზათა კვეთის ადგილი ქართლსა და კახეთს შორის, ერთი გზა გადადიოდა კევლიანი-ცხვარიჭამიისაკენ, ერთი – ერწოსკენ, ერწოდან – ახმეტისაკენ. გზას მდინარე კვეთდა, რომელზეც იყო ხიდები. ადგილის სახელწოდებაც აქედან წარმოიშვა. წლების წინ  ჩვენმა ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლებმა ეს თემა საკონფერენციოდ დაამუშავეს, მოიძიეს წყაროები, – გვიამბობს ფიზიკის მასწავლებელი და ამ სკოლის მემატიანე მედეა ბექაური.    

– ომის დროს აქ ჩამოიყვანეს ტყვეები. მათთვის ააშენეს ბარაკის ტიპის სახლები. უფროსი თაობის  მოგონებებით, ტყვეები გერმანელები და უნგრელები იყვნენ. სოფლის ერთ უბანს სახელად „ლაგირი“ შემორჩა.  ბანაკი დაახლოებით 1950 წლამდე, ტყვეების გაცვლის პროცესები დასრულებამდე არსებობდა. აქ მდებარე  არაგვის ხეობის წყალსადენიც, რომლიდანაც სასმელი წყლით თბილისი დღესაც მარაგდება, იმ ტყვეების აშენებულია. მაშინ ტექნიკა არ იყო, ხელითა და ნიჩბებით მუშაობდნენ საწრეტი არხების მოწყობაზე. სოფლის ბოლოში არის ადგილი, რომელსაც „პლენების“ სასაფლაოს ვეძახით. ეს არის იმ ტყვეების სასაფლაო, რომლებიც აქ ყოფნისას გარდაიცვალნენ. როგორც ჰყვებიან,  გერმანელ და უნგრელ ტყვეებს კონფლიქტი მოუხდათ, უნგრელები დაუპირისპირდნენ გერმანელებს, ჩვენ არ გვინდოდა ეს ომი და თქვენ გვაიძულეთო… ისეთი ამბავი ყოფილა… სანამ სპეციალური ნაწილი არ მოიყვანეს, ეს დაპირისპირება ვერ ჩააქრეს. როგორც ამბობენ, იყო მსხვერპლიც. კარგა ხნის წინ ჩვენმა გერმანულის მასწავლებელმა საღამო მოაწყო, გოეთეს ინსტიტუტისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები მოიწვია. მათაც გააცნეს ეს ისტორია. 1948 წელს აბანოსხევში პირველი დაწყებითი რუსულენოვანი სკოლა გახსნილა. ყოფილა პარალელური კლასები. დასახლებაში იყო  მაღაზია, აფთიაქი, აბანო, მოწყობილი იყო გაზონები, ტროტუარები… ბანაკის გაუქმების შემდეგ დასახლება დაცარიელდა. წყალსადენში უმუშავია მიშა ფალავანდიშვილს, რომელსაც უზრუნია, რომ ზემო სოფლებიდან მოსახლეობა ჩამოსახლებულიყო. აქ იყო სამუშაო, იყო ინფრასტრუქტურა და გაჩნდა კიდეც  200-ზე მეტი კომლი, ანუ – ახალი სოფელი. ახლა შეიცვალა მდგომარეობა, 50 სახლზე მეტი გამოკეტილია. გაიკრიფნენ საზღვარგარეთ, ვინ – სად, და ვინ – სად… აქაური ბავშვები სკოლებში სხვადასხვა სოფელში დადიოდნენ,  1963 წელს კი  აბანოსხევში გაიხსნა არასრული საშუალო სკოლა,  შემდეგ ის სრულად გადაკეთდა. 78 მოსწავლე გვყავს და გვიხარია, რომ წელს პირველკლასელები მოგვემატებიან.

ამ ისტორიამ საკმაოდ სევდიანი შთაბეჭდილება დატოვა. როგორღაც მეხამუშა ტყვეთა ბანაკის ადმინისტრაციის ნაფუძარზე ბავშვების ყოფნა. ალბათ მკითხველსაც არ გავიმეტებდი ამავე განცდებისათვის, მაგრამ ამ ისტორიებში საინტერესო სასწავლო რესურსის არსებობა ისე ნათლად გამოიკვეთა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თითოეული სკოლის სოციუმი, მისი ისტორიები რამდენად ეფექტურად შეიძლება გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში. ასეთი მიდგომის მაგალითები ქალბატონი მედეას ნაამბობიდანაც იკვეთება: ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლების ერთობლივი კვლევა, რომელიც ბავშვების ჩართულობასაც გულისხმობდა, გერმანულის მასწავლებლის ორგანიზებული შეხვედრა. მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო ამ ისტორიების გამოყენებას სამოქალაქო განათლების საგნის სწავლებაში.

მოქ.X.10. მოსწავლეს შეუძლია საქართველოს მოქალაქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობების კვლევა და გამოყენება.

ირჩევს მისთვის ან რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფისთვის აქტუალურ კონკრეტულ პრობლემას (მაგ.: განათლების მიღება, დასაქმება, ადამიანის უფლების დარღვევა, სამოქალაქო დავა, საგადასახადო კონფლიქტი, სოციალური უსაფრთხოება, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა, პოლიტიკური ან რელიგიური დისკრიმინაცია და ა.შ.); მოიპოვებს ინფორმაციას, რომლის ანალიზის საფუძველზე წერს კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გეგმას (შესაძლოა რამდენიმე ვარიანტს) მხარეთა უფლებების დაცვისა და კანონიერი მოქმედებების გათვალისწინებით.

ამ სტანდარტით დასახული შედეგის მისაღწევად, საგნის მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს შიდა და გარე მიგრაციის პრობლემა, რომელიც მათივე თემში იკვეთება (200 კომლიდან 50 სახლი გამოკეტილია). მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, ახდენენ პრობლემის ანალიზს და ამუშავებენ მისი მოგვარების ალტერნატიულ გეგმებს, რომელსაც შემდეგ წარადგენენ და არგუმენტირებულად იცავენ. ამასთან ერთად, შეიძლება გამოიყენონ ომის შემდეგ წლებში მთის სოფლებიდან ჩამოსახლების ისტორია და იმსჯელონ, რა ფაქტორებმა განაპირობა ახალი დასახლებული პუნქტის წარმოშობა, როგორ უკავშირდებოდა ის ეკონომიკურ ფაქტორებს, დასაქმებას და ასე შემდეგ. მოსწავლეებს შორის დებატები პროცესის მართებულობა- არამართებულობის შესახებ კარგი შესაძლებლობა იქნება ბლუმის ტაქსონომიის ზედა სააზროვნო უნარების განვითარებისთვის.

მოქ.X.2. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანური ღირსების არსი.

მსჯელობს შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლის ღირსების პატივისცემის შესაძლებლობებზე.

ამ შედეგთან და მოცემულ ინდიკატორთან მიმართებაშიც პედაგოგს შეუძლია ეფექტურად გამოიყენოს ტყვეთა ბანაკის ისტორია თავისი შიდა დაპირისპირებით, ტყვეთა სასაფლაოს თემით. ადეკვატური სტრატეგიის, აქტივობებისა და მეთოდების გამოყენებით დაეხმაროს  მოსწავლეებს მშვიდობის არსისა და მნიშვნელობის გაცნობიერებაში. ამ ცოდნისა და უნარების

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი