ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

უხილავი მშობლები

როგორ ცხოვრობენ ბავშვები საქართველოში?

გაეროს ბავშვთა ფონდის, იუნისეფის, მონაცემებით, საქართველოში 16 წლამდე ასაკის ბავშვების 27 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს.

სიღარიბესთან ერთად, საქართველოში მცხოვრები ბავშვებისა და მათი მშობლების დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე, რეგიონში მცხოვრები მოსწავლეები სწავლის პარალელურად ჩართულები არიან საოჯახო საქმიანობაში, დედაქალაქის მკვიდრებს მძიმე ეკოლოგიურ პირობებში უწევთ ცხოვრება. გასართობი და დასასვენებელი, თავისუფალი (უფასო) საგანმანათლებლო და სპორტული სივრცის ნაკლებობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვების განვითარების შემაფერხებელ გარემოებად შეიძლება განვიხილოთ, მოუხერხებელი და არაადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი უფრო მეტად უშლის ხელს არსებული სერვისების წვდომას.

ჩვენ არ მოგვწონს მანქანებისგან ოკუპირებული ტროტუარები, რომლებზეც ბავშვთან ერთად სიარული შეუძლებელია, გვაწუხებს, რომ სკოლებსა და ბაღებში რეგისტრაციისთვის გამოყოფილია ერთი დღე, რომელსაც ერთსა და იმავე დროს შიშითა და იმედით ელის ათასობით მშობელი, გვაწუხებს დაბინძურებული გარემო და საკვები, არ გვაკმაყოფილებს მასწავლებლების კვალიფიკაცია, ვსხედვართ და ვლაპარაკობთ იმაზე, რაც არ მოგვწონს და ასე გადის წლები, ბავშვები იზრდებიან, მმართველი ძალები იცვლებიან, რეალობა თითქმის იგივე რჩება.

აი, მაგალითად, ჩემი უფროსი შვილი რამდენიმე დღეში 4 წლის გახდება და ამ ოთხ წელიწადში გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ოდნავაც არ გამხდარა მის მიმართ მეგობრული. ისევ შორს გვიწევს სიარული მის გასასეირნებლად, ოდნავ მაინც სუფთა ჰაერი რომ ისუნთქოს, ისევ მხოლოდ რამდენიმე ბიბლიოთეკას აქვს ბავშვებისთვის ცალკე ოთახი (და მათ შორის რამდენიმე ფასიანი გახდა), ავტობუსებში, რომლებიც მისი დაბადებისას უკვე მწყობრიდან იყო გამოსული, ახლა უკვე წვიმს და სკამების უმეტესობა მონგრეულია, გასართობ ცენტრებში ისევ მხოლოდ ინგლისურენოვანი პრიმიტიული სიმღერებია ჩართული და აგრესიულ, დაღლილ ანიმატორებს აბარიათ ბავშვების გართობა… წლები გადის, ბავშვები ეჩვევიან მანქანებს შორის ძრომიალს, მტრულად განწყობილი უფროსებისგან თავის დაცვას, გამონაბოლქვით გაჯერებულ ჰაერს და მერე გვიკვირს, რატომ არის მათი ქცევა ზოგჯერ უკონტროლო, რატომ იმატებს წლიდან წლამდე დაავადებების რიცხვი, რატომ არის ისე, როგორც არის.

დრო სწრაფად გადის და ვხვდები, რომ ამას ვერაფერი შეცვლის. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ის არის, რომ ჩვენვე, უხილავმა მშობლებმა, ვიაქტიუროთ. ვუთხრათ სახელმწიფო მანქანას, რომ ჩვენც და ჩვენ შვილებსაც ცუდად გვექცევა, დემოგრაფიასა და გენოფონდის შენარჩუნებაზე გულის ამაჩუყებელი ნარატივის მიღმა არაფერი დგას, ჩვენ კი, უკვე გაჩენილი ბავშვების მშობლებს, ყოველდღიურად გვიწევს ომი, რომელსაც მარტო ვერაფრით მოვიგებთ. მეტი კერძო ინიციატივა, მეტი აქტიურობაა საჭირო გადარჩენისთვის.

აი, მაგალითად, ერთი ახალგაზრდა წყვილია, ორ ბავშვს ზრდის. მიხვდნენ, რომ პატარებს სისტემატურად სჭირდებათ ბუნებასთან კავშირი და მოგზაურ ბავშვთა კლუბი დააარსეს. ახლა უკვე სხვა ბავშვები დაჰყავთ უქმე დღეებში ქალაქგარეთ.

სხვა დედაც ვიცი – შვილებს ძველი ნივთებისგან, მუყაოს, პლასტიკატის, რკინის დეტალებისგან, ნაჭრებისგან სათამაშოების გაკეთებას ასწავლიდა. ახლა ბავშვებისა და მოზარდების ინტერაქტიული მუზეუმის დაარსება უნდა და ვორკშოპებს მართავს დაინტერესებული პატარებისთვის.

სხვებიც ვიცი – ტანსაცმელში ბევრი ფულის გადახდა არ უნდოდათ და მაღაზია გახსნეს. მიდიხარ, ტოვებ ტანსაცმელს, რომელიც აღარ გჭირდება და მოგაქვს სხვა, რომელიც მოგწონს. ასე ცდილობენ რესურსების შენარჩუნებას.

ერთ გოგოსაც ვიცნობ – შვილი დაბადების დღის ცენტრის ხმაურისთვის არ გაწირა და თვითონვე მოაწყო შინ თოჯინების თეატრი მუყაოს ყუთისა და ნაჭრის სათამაშოებისგან. შრომატევადია, მაგრამ შესაძლებელი.

ცალკეული ინიციატივებია, მაგრამ დასაწყისისთვის ესეც საკმარისია. მომდევნო შეიძლება დღის ცენტრები, წიგნების გაცვლის სერვისები, გასართობი ადგილები, ქართულენოვანი აპლიკაციები ან ახალი საბავშვო წიგნები იყოს. მთავარია, დავინახოთ, რომ შეგვიძლია. მთავარია, ერთმანეთს მაინც ვხედავდეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი