ხუთშაბათი, ოქტომბერი 23, 2025
23 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2025

თუ ემპათია სწავლებადია, როგორ შეიძლება მისი სწავლება სკოლებში

“ადამიანური თანაგრძნობის უნარი კაცობრიობის წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორია”

მართა ნუსბაუმი, ამერიკელი ფილოსოფოსი

 ხშირად, როცა სოლიდარობისა და  თანაგრძნობისა მნიშვნელობაზე საუბარი მესმის ხოლმე, გამიგონია, რომ ფინურ სკოლებში ემპათიას სკოლებში სპეციალურად ასწავლიან ბავშვებს. ამ ინფორმაციის გადამოწმებას თუ გადაწყვეტთ ჩემსავით, ნახავთ, რომ ემპათია მართლაც ისწავლება, თუმცა არა ცალკე საგნად, არამედ პრაქტიკად, ცხოვრების წესად,  ყოველდღიურ სასწავლო პროცესში ინტეგრირებულად ისეთი აქტივობებით, როგორიცაა სპეციალურად შერჩეული ლიტერატურული ნაწარმოებების განხილვები, როლური თამაშები, კონფლიქტური ვითარებების მედიაციური მიდგომით გადაწყვეტის მცდელობები და ჯგუფური სამუშაოები, რაც სოციალური და ემოციური უნარების განვითარებას და დახვეწას უწყობს ხელს. ამ მიდგომის მიზანია ემოციურად მდგრადი ინდივიდების ჩამოყალიბება, ბავშვმა სიამოვნება უნდა მიიღოს თვითშემეცნებით, შეძლოს ემოციური რეგულირება და კონფლიქტების მოგვარებისას ინიციატივის გამოჩენა,  თანმიმდევრული მოქმედება.

საქმე იმაშია, რომ ფინეთი განათლებას არ უდგება როგორც მხოლოდ სახელმწიფო სერვისს, რომელსაც საკუთარ მოქალაქეებს სთავაზობს – ფინეთის სახელმწიფოსთვის განათლებული, ემოციურად მდგრადი და სოლიდარული საზოგადოება ქვეყნის რესურსად აღიქმება, როგორც ამბობენ ხოლმე, “ჩვენ დიდი არაფერი გვაქვს, მხოლოდ ტყეები და საკუთარი ხალხი გვაქვსო.” ამ მიდგომის ნაწილია ერთი მხრივ მოსწავლეების მაქსიმალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა, მეორე მხრივ კი ყოფითი უნარების განვითარება აკადემიური განათლების მიღების პარალელურად. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, მაგალითად მათემატიკისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე ასევე ისწავლება კონცენტრაცია, თანამშრომლობა და ემოციების მართვა, საბუნებისმეტყველო საგნების გაკვეთილებზე გარემოსა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობების საკითხები, აქტიური მოქალაქეობისა და მოხალისეობის პრინციპები, კრიტიკული აზროვნების გავარჯიშება კი მუდმივი პროცესია.

ამ მოდელში კითხვები არანაკლებ ღირებულია, ვიდრე პასუხები.

კონკრეტული საკითხის შესწავლისას მნიშვნელოვანია ინფორმაციის წყაროების ფილტრაციისა და შედარების უნარების მუდმივი წრთობა.

არგუმენტირებული და გააზრებული პოზიციების ქონა არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე “სწორი პასუხის” ცოდნა.

უნდა არსებობდეს სივრცე სხვის მოსასმენად, საკუთარი თავის გვერდიდან შესაფასებლად, პოზიციების გადასახედად.

„განათლების მიზანია  დაეხმაროს მოსწავლეებს, ჩამოყალიბდნენ კაცობრიობისა  და საზოგადოების ეთიკურად პასუხისმგებლიან წევრებად“ – წერია 2016 წელს მიღებულ ფინეთის ეროვნული სასწავლო გეგმა.

 ემოციური უნარების განვითარება პრაგმატული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია – გარდა იმისა, რომ ემპათიური ადამიანები კვლევების მიხედვით უკეთეს აკადემიურ მოსწრებასაც აჩვენებენ, პოლარიზებულ საზოგადოებებში, სადაც ტექნოლოგიები უფრო და უფრო დიდი დოზით იჭრება ყოველდღიურობაში, უკიდურესად ადამიანური უნარები შესაძლოა გადარჩენის, განვითარებისა და წინსვლის ერთ-ერთი მთავარ ფაქტორად ჩამოყალიბდეს. თანაგრძნობის უნარი თვითშემეცნების უნარის გარეშე არ არსებობს – იმისათვის, რომ სხვა ადამიანებს გაუგო, მათ მდგომარეობაში შეხვიდე და მათი მხარდაჭერა შეძლო, შენ თავს უნდა იცნობდე, შენს ემოციებს აკონტროლებდე.

ამგვარ მსჯელობებს კონკრეტული მაგალითები უხდება ხოლმე. აი რამდენიმე მათგანი ფინური სკოლებიდან:

 

  • მათემატიკის ან ბიოლოგიის გაკვეთილზე ბავშვები ადგენენ მთელი კვირის კვების გეგმას, ქმნიან საყიდლების სიას, სასურსათო ბიუჯეტს და სწავლობენ დაბალანსებული კვების პრინციპებს. ეს მათ საკუთარ თავზე ზრუნვას, ყოფით ეკონომიკას, ნუტრიციოლოგიის საბაზისო პრინციპებს და რაც მთავარია, პასუხისმგებლობას ასწავლის და ცხოვრებისთვის ამზადებს.
  • ლიტერატურის გაკვეთილზე ბავშვები მსჯელობენ კონკრეტული პერსონაჟის მოტივაციებზე, მისი ქცევის მოდელებზე, განიხილავდნენ, როგორ მოიქცეოდნენ თვითონ ანალოგიურ მდგომარეობაში და ეხებიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა მორალი, პასუხისმგებლობა, სიყვარული, მეგობრობა და ა.შ.
  • ბუნების გაკვეთილზე ბავშვები ღია ცის ქვეშ თავშესაფრის აგებას სწავლობენ, გარეთ ამზადებენ კერძებს და ცდილობენ, თანამედროვე გაჯეტების გარეშე ისწავლონ ნავიგაცია უკაცრიელ გარემოში. ასე სწავლობენ ისინი გუნდურ მუშაობას, ერთმანეთზე ზრუნვას, რისკების შეფასებას და დაზღვევას და უცხო გარემოში ადაპტირებას.
  • პროექტებზე დაფუძნებული სწავლება იძლევა საშუალებას, შედარებით უფროსკლასელებმა რომელიმე დიდ თემასთან ან მათთვის მნიშვნელოვან პრობლემასთან დაკავშირებით მოაწყონ ღონისძიება, შექმნან პოდკასტი ან ჩაატარონ თემში სამოყვარულო კვლევა. ამ გზით ისინი უფრო მრავალმხრივად ხედავენ საკითხს, მასთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობას და სწავლობენ სხვების გამოცდილების გაზიარებისა და გაცნობის შემდეგ საკუთარი სათქმელის ფორმირების გზებს.
  • უფროს კლასებში შესაძლოა მოსწავლებლებმა მცირე გუნდებით პატარა ბიზნესიც წამოიწყონ, რათა იცოდნენ, როგორ კეთდება ბიუჯეტი, მარკეტინგის გეგმა, ინვესტიციების მოზიდვა, ადამიანური რესურსების სწორად განაწილება და დროისა და მოლოდინების მართვა. ამგვარ პრაქტიკაში მათი მხარდამჭერები სკოლის გარდა შეიძლება იყვნენ ადგილობრივი სოციალური საწარმოები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მოსწავლე როგორც მოქალაქე

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“