ქართულ სოციალურ ქსელში ბოლო დროს ხშირად განიხილება სკოლის ფორმის შემოღების საკითხი. სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმების მომხმარებლები აქტიურად წერენ და საუბრობენ ფორმების დადებით და უარყოფით შედეგებზე.
სკოლის ფორმის შემოღების მომხრეთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ იქ სადაც ერთნაირი სამოსი აცვიათ ბავშვებს, ბულინგი არ არის, მოსწავლეები უკეთესად სწავლობენ, უკეთ იქცევიან და უფრო თანასწორი გარემოა. მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტები კი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ერთნაირ ჩაცმულობას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ.
საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს საკითხი აწუხებთ. სკოლის ფორმების შესახებ ათწლეულებია არგუმენტირებული დებატები მიმდინარეობს. საქართველოსგან განსხვავებით, მოწინავე ეკონომიკისა და განვითარებულ ქვეყნებში ამ თემაზე არაერთი მკვლევარი მუშაობს. წლების განმავლობაში ტარდება კვლევები, რომლებიც სიღრმისეულად სწავლობს ჩაცმულობის გავლენას მოსწავლეთა ქცევასა და მიღწევებზე.
არსებობს მცირემასშტაბიანი კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ იმ სკოლის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება, სადაც ფორმების ტარება სავალდებულოა, აღემატება სხვა სკოლების მოსწავლეთა სწავლის შედეგებს. თუმცა, ასევე, არსებობს უფრო სიღრმისეული ნაშრომები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ზემოთთქმულ შედეგებს და განმარტავს, რომ მაღალ აკადემიურ შედეგებს არა ტანსაცმელი, არამედ სხვა მოცემულობები განაპირობებს. ცალკე აღებული სკოლის ფორმა არ წარმოადგენს მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესების საიმედო ბერკეტს. მკვლევარების ნაწილი იმასაც ამტკიცებს, რომ სკოლის ფორმას საზიანო გავლენა აქვს ბავშვების თვითშეფასებასა და სკოლისადმი მიკუთვნებულობაზე. ამერიკის ზოგიერთ შტატში ამ საკითხზე დავების სასამართლო განხილვის პრეცედენტებიც არსებობს. მომჩივანი პირები და ორგანიზაციები სკოლის ფორმის დაწესებას განიხილავენ, როგორც ბავშვის გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.
ბოლოდროინდელმა მსხვილმასშტაბიანმა კვლევებმა ცხადყო, რომ მასწავლებლების, დირექტორებისა და მშობლების ნაწილს სკოლის ფორმების მიმართ ნამდვილად გადაჭარბებული მოლოდინი აქვთ. 2022 წელს გამოქვეყნდა ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის გრძელვადიანი კვლევის შედეგები, რომელიც მიზნად ისახავდა დაედგინა კავშირი სკოლის ფორმებსა და ბავშვების ქცევას შორის. კვლევა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მეხუთე კლასის ჩათვლით 6 320 მოსწავლე მონაწილეობდა. ამ ხნის განმავლობაში მასწავლებლები აფასებდნენ თითოეულ მოსწავლეს სამი განზომილების მიხედვით: ქცევითი პრობლემები მოსწავლეებში (როგორიცაა შფოთვა და სოციალური იზოლაცია), მიდრეკილება აგრესიისადმი, სოციალური უნარები. კვლევამ აჩვენა, საერთო ჯამში, სკოლის ფორმებს არანაირი გავლენა არ მოუხდენია ქცევის სამი განზომილებიდან არცერთზე. ამით მკლევარებდა დაადგინეს, რომ სკოლის ფორმა არ აუმჯობესებს ბავშვების ქცევას და უმეტეს შემთხვევაში დადებით გავლენას არ ახდენს მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელზე. მცირე გამონაკლისს წარმოადგენდა დაბალშემოსავლიანი მოსწავლეთა წილი. ეს ერთადერთი ჯგუფია, სადაც დასწრების მაჩვენებელი წელიწადში ერთი დღით მაღალი იყო იმ სკოლებში, სადაც ფორმის ტარება სავალდებულოდ ითვლებოდა. მკვლევარებმა ასევე შეაფასეს იმავე მოსწავლეების თვითშეფასების მაჩვენებლები. მოსწავლეებმა ისაუბრეს სკოლისადმი მიკუთვნებულობის გრძნობაზე და აღწერეს ბულინგის და სოციალური შფოთვის გამოცდილება. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სასკოლო ფორმები არ იყო დაკავშირებული ბავშვებში ბულინგის ან სოციალური შფოთვის რაიმე განსხვავებასთან. ამავე დროს, მკვლევარები საუბრობენ ერთ საყურადღებო მიგნებაზე. უნიფორმის ტარების ვალდებულების მქონე მოზარდებმა სკოლისადმი მიკუთვნებულობის უფრო დაბალი დონე აღნიშნეს, ვიდრე მათ, ვინც სწავლობდა სკოლებში, სადაც ფორმის ტარება არ იყო სავალდებულო. ამ კვლევით, დღის წესრიგში დადგა კიდევ ერთი საკითხი, როგორიც არის, უკუეფექტი და ზიანი, რაც შეიძლება სკოლის ფორმამ მიაყენოს მოსწავლეს.
სკოლის ფორმების შემოღებას მთელ მსოფლიოში მკაფიო ადვოკატირებას უწევენ სამოსის მწარმოებელი კერძო კომპანიები. ამ დროისათვის ფორმის ერთი კომპლექტის ღირებულება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 25-დან 500 დოლარამდე მერყეობს. სასკოლო ტანსაცმლის წარმოებაში მსოფლიოში ცნობილი ატელიეებიც არიან ჩართული. ისინი ცალკეული სკოლისთვისაც ქმნიან დიზაინს და მასიურ წარმოებაშიც მონაწილეობენ. ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე კერძო სექტორი აქტიურ რეკლამირებას უწევს სკოლაში ფორმების ტარებას. მათი დამკვეთების უმრავლესობაც კერძო სკოლები არიან, ვისთვისაც სამოსი სკოლის ბრენდინგის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ დასავლურ სამყაროში სკოლის ფორმების გამოყენების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება და დამოუკიდებელი ასოციაციებიც კი არსებობს, ევროპისა და ამერიკის სკოლებში უნიფორმის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი 30-35 %-ს არ აღემატება, მაშინ როცა აზიასა და აფრიკაში ფორმის ჩაცმა სავალდებულოა სკოლების 80-90 %-ში. საერთაშორისო კვლევებს თუ გადავხედავთ, მარტივად დავინახავთ, რომ ევროპული/ამერიკული განათლების ხარისხი მნიშვნელოვნად აღემატება აზიურ და აფრიკულ განათლების ხარისხს. ეს, ალბათ, ყველაზე ნათელი დადასტურებაა, რომ სკოლის ფორმა პანაცეა არ არის.
უნიფორმის შესახებ დებატები მეტყველებს, რომ სასკოლო საზოგადოებას სურვილი აქვს რთული საგანმანათლებლო გამოწვევების გადასაჭრელად მარტივი გადაწყვეტილებები იპოვოს. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა ჩაცმულობის სტანდარტიზაცია უსაფრთხოების, სწავლაზე ფოკუსირებისა და თანასწორობის გარანტიად გამოიყურება, არ არსებობს მყარი მტკიცებულებები რომელიც მიუთითებს რომ ფორმა ნამდვილად ახდენს გავლენას განათლების ხარისხზე.
ჭეშმარიტად ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა მოითხოვს უფრო ყოვლისმომცველ მიდგომებს, რომლებიც საგანმანათლებლო გამოწვევების ძირეულ მიზეზებს ეხება.
წყაროები: