შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ბიომრავალფეროვნება – ჩვენი მასწავლებელი

„სკოლის ექსკურსიების საბჭოთა ფორმატმა თავისი დრო მოჭამა. ჩვენ შეგვიძლია ბავშვებს, მშობლებსა და მასწავლებელს გაცილებით საინტერესო რამ შევთავაზოთ – შთაბეჭდილებით სავსე ლაშქრობები, აქტიური დასვენება ბუნების წიაღში, სადაც შენი სიცოცხლეც დაცულია და პატარ-პატარა თავგადასავლებიც გარანტირებული. საქართველოს დაცული ტერიტორიები იდეალურია საგანმანათლებლო კუთხით. აქ ნებისმიერი ასაკის ადამიანს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა იმისა, რომ საკუთარი თვალით ნახოს გარემო, რომლის დაცვასაც ვითხოვთ და რაც ასევე, პირდაპირ კავშირშია გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობასთან“, – ამ სიტყვებით გვეპატიჟება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის მწვანე ეზოში მისი ხელმძღვანელი, პროფესიით ბიოლოგ-გენეტიკოსი გიორგი სულამანიძე.

თბილისიდან ლაგოდეხამდე ორსაათიანი გზაა. აქ ისე ჩამოხვალთ, დაღლასაც ვერ მოასწრებთ. ეს რეგიონი მდიდარია არა მხოლოდ კულტურის ძეგლებითა და ისტორიული მნიშვნელობის ქალაქებით, არამედ იმ საოცარი სამყაროთი, რომელსაც ბუნება ჰქვია.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე მდებარეობს. ადმინისტრაციის მთავარ შესასვლელს დიდი ჭიშკრით შორიდანვე ამოიცნობთ. ტერიტორიაზე ხეირიანად შესულებიც არც კი იქნებით (შესვლა უფასოა), რომ მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადი ფილტვებს „გაგიხსნით“ და სტრესს დაგავიწყებთ.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორია ერთ-ერთი პირველია კავკასიის მასშტაბით, როგორც დაარსების თარიღით (პირველი ნაკრძალი აქ 1912 წელს დაარსდა), ისე ბიომრავალფეროვნებით. ეს კი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სახეობების გადაშენება და ბიომრავალფეროვნების შემცირება დედამიწის დღის წესრიგში დიდი ხანია მოწინავე პოზიციებს იკავებს. ბიომრავალფეროვნების გაღარიბება ჩვენმა მიწიერმა სამყარომ უკვე ხუთჯერ განიცადა, ბოლოს 65 მლნ წლის წინ. მკვლევართა გაფრთხილებით, რიგით მეექვსე მასობრივი გადაშენება გაცილებით სწრაფი ტემპით, ადამიანის როლის გააქტიურებით მიმდინარეობს.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მთავარი შესასვლელიდან საინფორმაციო ზონაში ხვდებით, სადაც ვიზიტორთა ქცევის წესებსაც გაეცნობით. ერთ-ერთი ტერიტორიაზე ხმაურსა და ხმამაღალ საუბარს კრძალავს. სწორედ ამ დროს აცნობიერებ, რომ ადამიანი ბუნების ნაწილი ხარ და არა პირიქით, რომ ჩვენ გარშემო უამრავი ცოცხალი არსება ცხოვრობს, რომელიც მხოლოდ იძულებით თუ დაარღვევს ადამიანის პირად საარსებო სივრცეს.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ კორპუსში მოწყობილია საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზი, სადაც სტუმარს დაცული ტერიტორიების სპეციფიკისა და უსაფრთხოების წესების გაცნობა შეუძლია.

აქ მოსული სტუმარი აღმოაჩენს, რომ ბიომრავალფეროვნების კუთხით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მკვეთრად გამოირჩევა მსგავსი ადგილებისგან. ეს ნამდვილი სამოთხეა,  ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი, რომელიც ევროპის შუაგულში რომ  ყოფილიყო, ალბათ მილიონებით ვიზიტორი ეყოლებოდა. ამჟამად ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მოიცავს სახელმწიფო ნაკრძალსა და აღკვეთილს. სწორედ აღკვეთილშია მოწყობილი თვალწარმტაცი ტურისტული მარშრუტები.

Фото5589

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების უპირველესი დანიშნულებაა იმ ქალწულებრივი ბოიომრავლფეროვნებისა და ეკოსისტემების დაცვა-შენარჩუნებაა, რომლის წყალობით ჯერ კიდევ შეგვიძლია ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი, დავლიოთ სუფთა წყალი, მივირთვათ სუფთა პროდუქტი და განვავითაროთ ეკოტურიზმი.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე შენარჩუნებული და დაცულია 1100 სახეობის მცენარე, საიდანაც 15 სახეობა (კაკალი, წაბლი, მაღალმთის მუხა, ლაფანი, უთხოვარი თუ კავკასიური ხურმა და სხვ.) „წითელ ნუსხას“ ამშვენებს. ნაკრძალსა და აღკვეთილში ბინადრობს 126 სახეობის ცხოველი. ფაუნის ყველაზე დიდ სიამაყეს წარმოადგენენ რუხი მგელი, ევრაზიული ფოცხვერი, მურა დათვი, გარეული ტახი და კეთილშობილი ირემი, რომელიც საქართველოში მხოლოდ სამ დაცულ ტერიტორიაზე შემოგვრჩა – გარდაბნის აღკვეთილში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. აქაურობის სავიზიტო ბარათი მცირერიცხოვანი კავკასიური ჯიხვია. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მათი ფოტოგადაღებაც კი აღარ არის დიდი პრობლემა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გავრცელებული ძუძუმწოვრების 40% სწორედ ლაგოდეხის ნაკრძალისა და აღკვეთილის ბინადარია, ადგილობრივ რეინჯერთა თქმით, ვიზიტორთა სიცოცხლეს, მით უფრო ბავშვების, ცხოველთა და ფრინველთა მხრიდან საფრთხე არასოდეს დამუქრებია.

დავაზუსტებ: ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 19 რეინჯერი მუშაობს. მათ გიდის როლის შეთავსებაც უწევთ. ტერიტორიების პატრულირება, ფლორა-ფაუნის აღრიცხვა და უკანონო ნადირობასთან ბრძოლა შრომატევადი და რისკიანი საქმეა. რეინჯერები ტერიტორიაზე ფეხით, მანქანით და ცხენით გადაადგილდებიან (სამსახურს 15 ცხენი ჰყავს). ცხენის დაქირავება ვიზიტორებსაც შეუძლიათ. მაგალითად, თუ რომელიმე საშუალო სირთულის მარშრუტის დალაშქრვას მოზარდების ჯგუფი უფროსებთან ერთად მოისურვებენ, ცხენის დაქირავება ბარგის სატარებლადაც შეეძლება.

გიორგი სულამანიძე აღნიშნავს, რომ გარემოს დაცვის სფეროში დაბალი ცნობიერების დასაძლევად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი განათლება. ბავშვს ის ადრეული ასაკიდანვე უნდა ჰქონდეს.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბავშვთა დასვენებისთვის შესანიშნავი ადგილები და მარტივი მარშრუტია, სადაც ისინი დროს არა მხოლოდ აქტიურ დასვენებაში, არამედ გარემოს შესახებ ახალი ინფორმაციის მიღებაში გაატარებენ.

საშუალო სირთულის ტურისტული ბილიკების გარდა (როჭოს და ნინოსხევის ჩანჩქერებისკენ, მაჭის ციხისა და შავი კლდეების ტბისკენ), ბავშვებისათვის გამოყოფილია   ბუნების შემეცნების ბილიკი. მისი გავლისას მოლაშქრეებს ბევრი სახალისო რამ ელით: წონასწორობის სავარჯიშო, ტყის წიგნი, ტყის საკუჭნაო, ბეწვის ხიდი, ხის ტელეფონი, ცხოველთა საბინადრო ადგილების გაცნობა და სხვ. საინტერესოა, რომ ბილიკთან ახლოს  ბინადრობს ჯიხვი სახელად ტონი, რომელიც არ თაკილობს ბავშვებსა და ცნობისმოყვარე უფროსებს აჩვენოს, რამდენად საინტერესოა ბუნების წიაღში დროის გატარება. ბუნების შემეცნების ბილიკის სიგრძე 600 მეტრია და ის სათავეს ვიზიტორთა ცენტრიდან იღებს.

Фото5600

ასეთ „საველე“ პირობებში ბავშვი უკეთ იმახსოვრებს ახალ ინფორმაციას, რომლის თვალსაჩინოებას თავად ბუნება წარმოადგენს. ის ხედავს, რას წარმოადგენს ცოცხალი ფლორა და ფაუნა, რატომ არ არის ბუნებრივი რესურსები უსაზღვრო, აცნობიერებს, რომ  ბუნებას დაცვა სჭირდება. ასეთ გარემოში არცერთ მასწავლებელსა და მშობელს არ გაურთულდება, განუმარტოს ბავშვს, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი, რასაც ხედავენ, ერთმანეთზეა დამოკიდებული. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ჯაჭვური თანაარსებობა. ვთქვათ, ტყე, რომელიც უზრუნველყოფს მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნებას, შეიძლება ასევე გამოვიყენოთ საკვებად, თავშესაფრად, სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად და სხვ.

ბიომრავალფეროვნების შემცირების გამომწვევ ფაქტორებს შორის დღეს არა მხოლოდ გარემოსდაცვის სფეროში არსებული დაბალი ცნობიერება, არამედ სიღარიბე და ადამიანების უპასუხისმგებლო ქმედებები სახელდება. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მართალია, ბოლო წლის განმავლობაში შედარებით შემცირდა უკანონოდ ტყით სარგებლობისა და ჭარბი ძოვების პრობლემის მასშტაბი, მაგრამ ხშირია ნარჩენებისა და ბრაკონიერობის შემთხვევები.

65 წლის რეინჯერი გოგი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 22 წელია მუშაობს. ამბობს, რომ ბრაკონიერები რეინჯერებს ხშირად ემუქრებიან ანგარიშსწორებით, უზიანებენ მანქანებს. 5 წლის განმავლობაში ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბრაკონიერობის 70-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ამ ადამიანებს კანონი არ აშინებს. სასამართლო მხოლოდ ჯარიმებს უწესებს და საპროცესო გარიგებებით ათავისუფლებს, სანადირო თოფსაც კი არ ართმევს, მხოლოდ ნანადირევის კონფისკაციით შემოიფარგლება. რამდენიმე ხნის წინ გარეული ღორი მოგვიკლეს. ეს ადამიანი დავაკავეთ, მაგრამ უკვე გვიანი იყო… ამ ტერიტორიებზე 300 წლის განმავლობაში არავინ ცხოვრობდა, ვიდრე შაჰ-აბასმა ადამიანები არ ჩამოასახლა. შესაბამისად, აქ არც ნადირობის ტრადიცია არსებობდა“, – გვიყვება ლაგოდეხის ასაკოვანი რეინჯერი. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 20-ზე მეტი ფოტომახეა დამონტაჟებული, მაგრამ ახალი ტექნოლოგიების პარალელურად ბრაკონიერებიც „ვითარდებიან“.

შარშანდელი მონაცემებით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს 45 ათასი ვიზიტორი ეწვია. აქედან 35 ათასამდე საქართველოს მოქალაქე იყო. ყველაზე ბევრი მნახველი აქაურობას ზაფხულსა და სექტემბერში ჰყავს. როგორც წესი, ბევრი ვიზიტორი კემპინგით ინტერესდება. ტურისტული სერვისებიდან შემოსული თანხა 2%-ს შეადგენს. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს განვითარებაში უცხოელი პარტნიორები და საერთაშორისო ფონდები  ეხმარებიან. ბიუჯეტის 49%-ს კი სახელმწიფო აფინანსებს.

დღეს ბევრს საუბრობენ მდგრადი განვითარების კონცეფციაზე – ადამიანმა თავისი მოთხოვნილებები ისე უნდა დაიკმაყოფილოს, რომ მომავალ თაობას საფრთხე არ შეუქმნას. ალბათ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი განათლებისა და მდგრადი განვითარების კონცეფციის შერწყმა.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მსოფლიოში ერთ-ერთი კარგად შემონახული, პირველყოფილი ბუნებრივი ლანდშაფტების მქონე საუკეთესო ადგილია უფროსი თაობისთვის გარემოს მიმართ მგრძნობელობის გასაზრდელად. ახალი თაობისთვის კი ეს უზარმაზარი ლაბორატორიაა, სადაც ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია ნებისმიერი ინფორმაცია ცოცხალი არსებისა თუ მიკროორგანიზმის სათუთი ურთიერთდამოკიდებულების შესახებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი