ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები

 

აკრედიტაცია არის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა. ავტორიზაციისგან განსხვავებით, აკრედიტაცია სკოლისთვის ნებაყოფლობითია.

თუ ნებაყოფლობითია აკრედიტაცია, მაშინ რა საჭიროა საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია? სკოლების ბრენდირების შემთხვევაში, კანონის მიხედვით უმაღლესი შეფასება მიენიჭება აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის მქონე სკოლას. ამასთანავე, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებისგან თავისუფლდება მოსწავლე, რომელმაც ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით დაძლია.

აკრედიტაციის მიღების სურვილის შემთხვევაში, სკოლის საგანმანათლებლო პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სტანდარტებს:

 

  1. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

  1. საგანმანათლებლო პროგრამა დაწესებულების მისიაში ასახული საერთო პრინციპებისა და პრიორიტეტების, ასევე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, ითვალისწინებს ამ მიზნის მიღწევის გზებს;
  2. საგანმანათლებლო პროგრამა სწავლების შესაბამისი საფეხურისათვის უზრუნველყოფს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას;
  3. საგანმანათლებლო პროგრამა ხელს უწყობს თითოეული მოსწავლისათვის კვლევისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, აძლევს მათ ცოდნისა და უნარების გამოყენების შესაძლებლობას;
  4. უზრუნველყოფილია სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებისა და შეფასების პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობა.

  1. სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

  1. დაგეგმილი სასწავლო პროცესი ორგანიზებულად ხორციელდება და არსებობს დაწესებულების რესურსების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა;
  2. საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისას გამოყენებული სწავლების მეთოდები უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას, მორგებულია ცალკეული მოსწავლის, მოსწავლეების ჯგუფებისა და მთელი კლასის საჭიროებებზე;
  3. მოსწავლის შეფასების მეთოდები საგანმანათლებლო პროგრამის თითოეულ კომპონენტში უზრუნველყოფს ამავე კომპონენტით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას, რაც დასტურდება შეფასების შედეგებით;
  4. მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები უზრუნველყოფს მოსწავლის ინფორმირებულობას მიღწეული შედეგების, ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესების გზების შესახებ.

III. მოსწავლეების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

  1. გათვალისწინებულია თითოეული მოსწავლის განვითარების საჭიროებები, მოსწავლეს შეუძლია მიიღოს მისი მიღწევების გაუმჯობესებისათვის საჭირო კონსულტაცია და დახმარება;
  2. სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეების მიერ მათი ცოდნისა და უნარებიდან გამომდინარე წარმატებების მიღწევას;
  3. მოსწავლეებს აქვთ თვითრეალიზაციის საშუალება, დაწესებულება ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელებასა და მოსწავლეთა მიღწევების წახალისებას.

  1. სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

  1. საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი მონაწილეობს მათი საჭიროებების შესაბამისი პროფესიული განვითარების ღონისძიებებში;
  2. სკოლაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობის, სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის რაოდენობა და ხარისხი შეესაბამება მოსწავლეთა საჭიროებებს სხვადასხვა საგნობრივი პროგრამების ასათვისებლად, ხელმისაწვდომია მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, გამოიყენება მოსწავლეების ასაკობრივი ჯგუფის და მათი განვითარების დონის შესაბამისად;
  3. სკოლას შემუშავებული აქვს მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმაში განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების მექანიზმები.

  1. სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

  1. მოქმედებს და საჯაროდ ხელმისაწვდომია ხარისხის ამაღლების სისტემა, რომელიც ითვალისწინებს “დაგეგმე – განახორციელე – შეამოწმე – განავითარე“ ციკლს;
  2. შიდა- და გარეშეფასება გამოყენებულია სასკოლო გარემოსა და საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების მიღწევის გასაუმჯობესებლად.

აკრედიტაციის სტანდარტები დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის N65/ნ ბრძანებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი