სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ჩემი მოსწავლეების დაკვირვებები – ორი ალეგორიის ერთი მიზანი

წინა წერილში ნანუკა გოგუაძის დაკვირვებები შემოგთავაზეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მის მიერ ჩატარებულ კვლევაში რამდენიმე საინტერესო ასპექტი გამოიკვეთა, ამიტომაც მეორე წერილში ამ დაკვირვებების შესახებ მოგითხრობთ.

1ა) გოდრის ალეგორია

ოთარ ჭილაძე ალეგორიების შექმნის დიდოსტატია. მისი რომანი „გოდორი“ დატვირთულია ალეგორიებით, ერთ-ერთი საკვანძო ალეგორიული სახე კი სათაურშივე გვხვდება.  ნაწარმოების სათაური მნიშვნელოვან როლს თამაშობს რომანის სიღრმისეულად გააზრებაში. იგი გარკვეულ მინიშნებას აძლევს მკითხველს, რაზე გაამახვილოს ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ “გოდორი” ჭილაძის ბოლო რომანია და დაიწერა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, იგი ალეგორიულად ასახავს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა ერის გადაგვარება და ამ სენისგან თავის დახსნის ძიება. როდის დაიწყო ერის გადაგვარება, საბჭოთა ეპოქაში თუ ბევრად უფრო ადრე? ამ შეკითხვაზე პასუხი უნდა ეძიოს მკითხველმა მწერალთან ერთად. როდესაც რომანს პირველად ვიღებთ ხელში, სათაურის მიხედვით ვერც კი ვხვდებით, რომ სიტყვა „გოდორი“ ალეგორიაა, ხოლო ტექსტის წაკითხვა და გაანალიზება გვარწმუნებს, რომ „გოდორს“, როგორც სიტყვას და როგორც სათაურს, ალეგორიული დატვირთვა აქვს.

რომანის მთავარი გმირი, პატარა რაჟდენი, რომელიც თავის თანატოლებთან ერთად მინდორში უნდა თამაშობდეს, დედამისს გოდორში ჰყავს დამწყვდეული, რადგან ხელი არ შეეშალოს სამარცხვინო საქმეში და რაჟდენიც უნებლიეთ დედის ჭაშნაგირთან  ღალატის მოწმე ხდება. მოცემული სიუჟეტიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გოდორში დამწყვდეული რაჟდენი საქართველოს ალეგორიაა, რომელიც საბჭოთა კავშირმა მოსწყვიტა დანარჩენ მსოფლიოს. თუმცა მოღალატე დედის გაიგივებაც შეიძლება საქართველოსთან, რომელიც ეროვნებით რუს ჭაშნაგირთან ღალატობს მოსულელო ქმარს. ამ ამბის გაგების შემდეგ რაჟდენის მამა, რომელიც ცხვრების ნაცვლად ძროხებს მწყემსავდა,  მოღალატე ცოლს კლავს, თვითონ მუცელს იფატრავს, პატარა რაჟდენზე კი მეზობლებს მიუთითებს, რომ მოკლან, რადგან “მისგან კაცი მაინც აღარ გამოვა.” ამ ამბის შემდეგ იწყება რაჟდენის – ერის გადაგვარება.  გოდორში გამოკეტვა, დედის ღალატი, მამის შემზარავი რეაქცია – რაჟდენის ფსიქიკაზე მოქმედებს და იწვევს მის დეგრადაციას. სიუჟეტის განვითარებასთან ერთად ვხედავთ, რომ რაჟდენ კაშელი ვითარდება როგორც სასტიკი, დაუნდობელი ადამიანი, რომელსაც ხალხის სისხლი სწყურია. ერთადერთი მშობლიური გარემო მისთვის გოდორია. მეზობლებმა, რომლებმაც სასიკვდილოდ ვერ გაიმეტეს ბავშვი, ვერაფრით ვერ ამოიყვანეს გოდრიდან, სანამ არ შემოატყდათ. მოზრდილი რაჟდენი რუსეთში გარბის, სადაც ცოლად კაზაკი კლავა მოჰყავს. სიმბოლურია, რომ ისინი 25 თებერვალს ბრუნდებიან თბილისში წითელ არმიასთან ერთად.

1 ) გოდრიდან გამოსული მამების ალეგორია

ოთარ ჭილაძის რომანში „გოდორი“  ერთი თვალშისაცემი კანონზომიერება გვხვდება.  კაშელების გვარის მქონე მამრებში ორი სახელი დომინირებს: რაჟდენი და ანტონი.  რაჟდენი იწყებს „გოდრის“ მოდგმას, ანტონი კი ამ მოდგმას ამთავრებს. ოჯახის პატრიარქის, პირველი რაჟდენის შვილს ანტონი ჰქვია, ხოლო ანტონის შვილს – რაჟდენი. აქ მკითხველმა აუცილებლად უნდა გაიაზროს, რომ „გოდრის თაობის“ ყოველ მომდევნო წევრს მემკვიდრეობით გადაეცემა კაშელების გენი, რომელიც დაავადებულია. ახალი თაობის წარმომადგენელმა ღირსეულად უნდა შეითავსოს და გააგრძელოს წინა თაობის დაწყებული „საპატიო“ საქმე – იყოს „გოდრის უკანა ხვრელიდან გაჩენილი“, „გოდრის გაგდებული კაცი“. სამი თაობის ცვლა სჭირდება იმას, ვიდრე მხოლოდ მეოთხე ეტაპზე ანტონი არ დაამსხვრევს ამ პროგრესიას.

რომანში ისიც სიმბოლურია, რომ რაჟდენ კაშელს, „გოდრის კაცების“ პირველი თაობის წარმომადგენელს, კაზაკმა ცოლმა კლავამ ანტონი თბილისის წითელი არმიის მიერ აღების დღეს, თბილისის დაცემისთანავე გაუჩინა: “ თავისუფლად შეიძლება ითქვას, საბჭოთა ხელისუფლება პირველი ანტონ კაშელის ჩხავილით შემოვიდა ახალ საქართველოში…“ კლავამ შარაგზაზე ყოველგვარი გაჭირვების გარეშე იმშობიარა, ფურგონში მჯდარი ჯარისკაცები დასცინოდნენ და უწმაწურ სიტყვებს ეუბნებოდნენ, რაჟდენი კი იჯდა და წეკოს აბოლებდა. დიახ, ალეგორიულია ანტონ პირველის, ახალი საქართველოს დაბადება: მას საქართველოს ოკუპანტები დასცინიან. დასაცინია ის ქვეყანა, რომელსაც ეჩქარება ახალი სტატუსით დაბადება, რომელსაც ვერც და არც იცავს მამა, რადგან ვერ იაზრებს, რა აქვს მის ცოლს ან შვილს დასაცავი. ანტონ პირველი ნამდვილად საამაყო „ვაჟკაცად“ ჩამოყალიბდა მამამისის ხელში. თხუთმეტი წლისა უკვე ხალხს ხოცავდა.  უმძიმესი წასაკითხია ის ეპიზოდი, რომელიც გვიამბობს, თუ როგორ წამოაგდო შუაღამისას მამამ ანტონი, ჯერ კიდევ ბავშვი, და გვამებით დატვირთულ მანქანაზე შესვა „გვამის შიშის დასაძლევად.“ რაჟდენ პირველმა აღზარდა შვილი, რომელსაც „ ადამიანის სისხლი სწყუროდა განუწყვეტლივ.“ ანტონის სიკვდილით კაშელების „გოდრის თაობა“ არ დასრულებულა, როგორც ავტორი ამბობს „ახალი კვერცხიდან (თუ გნებავთ გოდრიდან) ახალი მატლი იჩეკება…“, ანტონის სიკვდილმა, რაჟდენ მეორე კაშელის სახით, კაშელების ახალი წრის დაწყება განაპირობა. რაჟდენ მეორე კაშელი აღარ გამოირჩევა მემკვიდრეობრივი სისასტიკით.  რაჟდენ მეორე თავის „კაშელობას“ წინაპრებისგან განსხვავებული საქციელით ავლენს: მის ყურადღებას „რძლის დაბზეკილი ძუძუები“ იპყრობს. მას არ ადარდებს ანტონ მეორის გრძნობები ლიზიკოს მიმართ და კაშელებისთვის დამახასიათებელ თვისებებს მალევე გამოავლენს. სწორედ აქ გამოიკვეთება რაჟდენ პირველის, ანტონ პირველისა და რაჟდენ მეორის – გოდრის გაგდებული მამების – მსგავსება. რაჟდენ პირველმა გააუპატიურა საკუთარი გამზრდელი,  ანტონ პირველმა მოკლა კნიაჟნა ქეთუსიას – მომავალი მეუღლის – მამა და ქმარი, რაჟდენ მეორე კი რძალს იხდის საყვარლად. რაჟდენს უნდა, ანტონიც წინაპრებს ჰგავდეს, ნამდვილი კაცი იყოს. იგი უშლის შვილს ბიბლიოთეკიდან წიგნების გამოტანას, რადგან ფიქრობს, რომ შვილმა ეს დრო სხვა რაიმე უფრო „კაცურ“ საქმიანობას უნდა მოახმაროს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სწორედ მაშინ, როდესაც ანტონი იწყებს „კაცურ“ ცხოვრებას – მოჰყავს ცოლი, მაშინ ავლენს მამამისი კაშელურ ცხოველურ ბუნებას. ერთი ოჯახის წევრები შეუმჩნევლად ანადგურებენ ერთმანეთს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ლიზიკო არის მწერლის შვილი, რომელსაც სამშობლოზე რაჟდენისგან განსხვავებული აზრი გააჩნია. მკითხველს უცნაურადაც კი შეიძლება მოეჩვენოს ის ფაქტი, რომ რაჟდენ მეორე კაშელმა, წინაპრებისგან განსხვავებით, რომლებიც იდეურ მტერს „კედელთან მიაყენებდნენ“, მწერალი დაინათესავა და, უფრო მეტიც, მის შვილს ქვიშხეთის „რეზიდენციაში“ დართო ცხოვრების ნება. მკითხველი რაჟდენის ამ ქმედებაზე პასუხს მოგვიანებით იგებს: „კარგ ხელისუფალს გულში სხვა უდევს, ენაზე სხვა აკერია. ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს და ყველაზე ძალიან სწორედ ეს აბნევს სულელ ხალხს.“ განსხვავებით წინაპრებისგან, რაჟდენ მეორე მტრის გასანადგურებლად სხვა სტრატეგიას სახავს. მას სურს, რომ „შიგნიდან დაანგრიოს ციხესიმაგრე“ და მტრის გრძნობებზე ითამაშოს. რაჟდენი ალეგორიულად შუა პერიოდის საბჭოთა საქართველოს წარმოადგენს, რომელიც კვლავ და კვლავ იმონებს უახლოეს საქართველოს მწერლის ჯერ უმწიკვლო ქალიშვილი ლიზიკოს სახით: „ რაჟდენი რძლის გაბზეკილ ძუძუებზე კი ფიქრობს, რაც თქვენთვის, მწერლებისთვის, მორალისტებისთვის, დასაგმობი საქციელია, მაგრამ ჩვენთვის, კაშელებისთვის, კაციჭამიებისთვის, ესეც ომია – დაუნდობელი, მძვინვარე, სამკვდრო-სასიცოცხლო – ხოდა, თუკი ქალი ქვეყნის სახეა, როგორც თქვენ ამტკიცებთ, როგორც წერილობით, ისევე კერძო საუბრებშიც, ვნახოთ, როგორი სახე ექნება ხვალ და ზეგ თქვენგან შეკოწიწებულ ქვეყანას.“ ელიზბარს, როგორც ლიზიკოს მამას, ევალება თავის შვილზე ზრუნვა. ოთარ ჭილაძე რიტორიკული კითხვას უსვამს თავისივე პერსონაჟს – ელიზბარს: „სირცხვილი თქვენ, ამხანაგო მწერალო! იცოცხლე, კარგია, ტრაკზე ხელებდაწყობილი სეირნობა ცაცხვების ხეივანში, მაგრამ ახლა რა ვუშველოთ თქვენს ქალიშვილს?!“ სწორედ ელიზბარს, როგორც ლიზიკოს მამას, ევალებოდა გაფრთხილებოდა საკუთარ შვილს და ეხსნა კაშელების კლანჭებიდან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქვიშხეთში მხოლოდ მთავრობისთვის „გამორჩეული“ მწერლები ისვენებდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ელიზბარი ქვიშხეთში ისვენებდა და რაჟდენ მეორის მიერ გამართულ საღამოებს ესწრებოდა, შეიძლება ითქვას, რომ ისიც უნიათო და არაფრისმაქნისია. ამიტომაც ლიზიკოს უკვე „ მამის ენა დიდი ხანია, დაავიწყდა. დიდი ხანია, აღარ ესმის. მაგრამ ესეც ელიზბარის ბრალია და არა ლიზიკოსი. ლიზიკო მსხვერპლია. ხოლო თუკი ვინმეა ამაში  დამნაშავე, პირველ რიგში, ელიზბარია, რადგან თავის დროზე, არასოდეს აუხსნია მისთვის (მსხვერპლისთვის), მიკიბულ-მოკიბულად კი არა, ნათლად და გარკვევით, კაშელებთან ნებისმიერი ურთიერთობა ისევე რომ არის სახიფათო, როგორც მაღალი ძაბვის დენთან თამაში…“ სწორედ იმ ფაქტმა, რომ ელიზბარმა არ შეასრულა თავისი მამობრივი მოვალეობა, ლიზიკო კრახამდე მიიყვანა. ელიზბარი არ გამოდის ოთახიდან კაშელებიდან სახლში მობრუნებული შვილის სანახავად, ზის თავის საწერ მანქანასთან. ნაწარმოების ეს სცენაც სიმბოლურია: ქართველთა უმეტესობისთვის სამშობლოს ხსნა მხოლოდ სიტყვიერად მისდამი სიყვარულის გამოხატვაში აისახება. ელიზბარი მოგვიანებით ნანობს უმოქმედობას, თუმცა იგი სასტიკად დაისაჯა, რადგან მის ხელში კვდება ანტონ მეორე, მეოთხე თაობის გოდრის გაგდებული კაშელი, რომელიც თითქოს განწმენდის გზაზე იყო შემდგარი. ელიზბარმა ხომ ყველაფერი იცოდა კაშელების საქმიანობების შესახებ. ამისდა მიუხედავად, მან უფლება მისცა ლიზიკოს, დანათესავებოდა გოდრის შთამომავლებს. ლიზიკომ კი ვეღარ გაარკვია, ვინ იყო  მტერი და ვინ – მოყვარე. ელიზბარს შეეძლო თავისი შვილის გადარჩენა, მაგრამ მან არ იმოქმედა. მან ფაქტობრივად მოკლა საკუთარი შვილი.

2) პეპლის ალეგორია

ერთ-ერთი გამოკვეთილი მომენტი, რომელიც არაერთხელაა გამეორებული ოთარ ჭილაძის რომანში „გოდორი“, არის პეპლის მეტამორფოზი. გამეორება, რომელიც მწერლის წერის ტექნიკას ახასიათებს, ხაზს უსვამს შინაარსის მნიშვნელობას. მეტამორფოზი – ციკლი, რომლის შედეგადაც ხდება გარდაქმნა მატლიდან პეპლამდე, ნაწარმოებში სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. მატლი, რომელიც ნეგატიურ დამოკიდებულებას აღძრავს ადამიანში, მეტამორფოზის დროს რამდენიმე ფაზას გადის, რათა საბოლოოდ ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ არსებად გარდაიქმნას. თუმცა ხოხვიდან ლაღად ფრთების გაშლამდე დიდი გზა არის გასავლელი. მეტაფორულად ამ გზას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ზოგი ადამიანიც გადის, რათა უკეთესობისკენ გარდასახვა მოხდეს მასში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მეტამორფოზს ერიც განიცდის და ოთარ ჭილაძის პეპლის სიმბოლიკა უკავშირდება ქართველი ერის განწმენდის ხანგრძლივ და რთულ გზას: მატლი უნდა “მოკვდეს”, პეპელა რომ გახდეს. გოდრის თაობებს, რომლებსაც “აღარც მიწა-წყალი აქვთ, აღარც თავიანთი ენა ახსოვთ და მაინც ქართველობენ, მაინც პატრიოტები არიან არარსებული ქვეყნისა”, ავტორი მეტაფორულად მატლს უწოდებს. გოდრის პირველი თაობა, რომელსაც ავტორი ახასიათებს, როგორც რუსეთის იმპერიის ხვრელიდან წარმოშობილ საქართველოს ახალ სახეობას, რაჟდენის სახით არის ახლად გამოჩეკილი მატლი, რომელიც პეპლობას ვერ მოესწრება. რაჟდენ კაშელისგან იწყება ის რთული გზა, რომელიც ერმა უნდა გაიაროს. რაჟდენ კაშელი, სახელგანთქმული თავისი დაუნდობლობითა და შეუპოვრობით, სოციალ-დემოკრატებმა თავიანთ პარტიაშიც კი მიიწვიეს “ძმობის, ერთობისა და თანასწორობის” სახელით. სწორედ “გოდრისკაცები” აძლიერებდნენ პარტიულ ამხანაგობას.  ანტონ პირველი კაშელი, მამის, ანუ პირველი თაობის მიმდევარი, ისევე, როგორც მისი შემდეგი შთამომავალი – რაჟდენ მეორე, აგრძელებს ზრდას როგორც მატლი. სწორედ კაშელების მეოთხე თაობაში, რომელსაც ანტონ მეორის სახე აქვს, იგრძნობა მეტამორფოზი – განწმენდა ან უფრო მასშტაბურად, ერის განწმენდა. ანტონი არის გარდამავალი რგოლი მატლსა და პეპელას შორის. ანტონი მამას სამზარეულოს ცულით კლავს. მის ასეთ ქმედებას ავტორი შემდეგი სიტყვებით განმარტავს: „ ყოველ შემთხვევაში ჭუპრიდან პეპლის ამოფრენა, უპირველეს ყოვლისა მატლის სიკვდილის მაუწყებელია.“ შეიძლება ითქვას, რომ ოთარ ჭილაძეს ასეთი საქციელი გამართლებულად მიაჩნია იმ შემთხვევაში, თუ ამას პეპლის წარმოშობა მოჰყვება, ანუ გარდასახვა უკეთესობისკენ. ანტონი არა მარტო თავისი პირადი წყენისთვის „კლავს“ მამას. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ვერ იაზრებს, საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის რაჟდენის სიკვდილი სავალდებულოა: „მამის მკვლელობა ანტონისთვის საზოგადოებრივი მოვალეობის, ყველასათვის ერთნაირად სანუკვარი ოცნების აღსრულებაა და არა მარტო პირადი ურთიერთობის გარკვევა…“ მამის სიკვდილი ერის წმენდისთვის გადადგმული ნაბიჯია. ანტონი მთელი თავისი ოცდასამი წლის „პატიმრობისას“ ცდილობდა, წიგნებში ეპოვა სამშობლოს ნაადრევი სიკვდილის მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ რაჟდენი შვილს უკრძალავდა წიგნების გამოტანას ბიბლიოთეკიდან და მისი „კაცად“ გაზრდაც უნდოდა, ანტონი მაინც აგრძელებდა მიზეზების ძიებას. მამის მოკვლა, შეიძლება ითქვას, ანტონის აღმოჩენილი პრობლემის გადაჭრის გზა არის. იმ მიზნით რომ ერი გადარჩეს, მატლი უნდა მოისპოს. აქ ჩნდება კითხვა, რომელსაც თავად ავტორი სვამს ერთ-ერთი პერსონაჟის პირით: „ესე იგი, მშობლებს თუ დავხოცავთ, უკეთ წავა ჩვენი საქმე, არა?!“ კითხვაზე პასუხიც ნაწარმოებში იმალება, რომელსაც მკითხველი ცოტა მოგვიანებით ეცნობა: „ეს მკვლელობა კი არ არის, ბუნებრივი პროცესია. შვილი ამთავრებს მამას, როგორც პეპელა – მატლს…“ ანტონი სინამდვილეში ფიზიკურად არ კლავს მამას. იგი ამარცხებს ავტორიტეტს, რომელიც მასში მამის სახით ცოცხლობდა. თუ აქამდე ანტონი მამის დარიგების გარეშე ქალსაც კი ვერ ეხებოდა, მეტამორფოზის შემდეგ მან შეძლო და აღმოაჩინა თავისი ჭეშმარიტი სახე, რომელიც მამისგან დამოუკიდებლად მოქმედებს. იგი აღარ ექვემდებარება მამის ბრძანებებს და აღარ არის მისი კონტროლის ქვეშ. ანტონის „გაპეპლების“ შემდეგ ნაწარმოებში ისახება ახალი თავსატეხი: ლიზიკოს ფეხმძიმობა. ლიზიკო ბავშვს – პოტენციურ „გოდრის კაცს“ – ელოდება თავისი მამათილი რაჟდენ კაშელისგან, რომელიც ისევ ახალ დიდ საფრთხეს წარმოადგენს ერისთვის. ერთი მატლის პეპლად გარდასახვა არ ნიშნავს მომავალი საფრთხის სრულად აღმოფხვრას. ბავშვი არის კაშელების მოდგმის გამგრძელებელი. ალეგორიულად ბავშვი ასახავს იმდროინდელი „გოდრის კაცების“ მომავალ თაობას, მაშასადამე, „გოდრის თაობის“ არსებობის გაგრძელებას. ჭილაძე პრობლემის გადაჭრას შემდეგ მეთოდში ხედავს: „ აუცილებელია, არა მარტო ანტონის ცოლმა, არამედ ყველამ, სრულიად საქართველომ, სასწრაფოდ მოიშალოს მუცელი, უფრო გასაგებად თუ ვიტყვით, გაიკეთოს აბორტი დაუნანებლად, როგორც არ უნდა დაირღვას ჩვენი გენეტიკური ფონდი, გამოიფხიკოს თავისი წიაღიდან, იგივე წარსულიდან, ანუ, გონებიდან, სულიდან – საიდანაც გნებავთ – კაშელის თესლი, ერთხელ და სამუდამოდ, უკუნითი უკუნისამდე, თუკი მართლა აპირებს გადარჩენას.“ კაშელობის „სენი“ ერთხელ და სამუდამოდ უნდა განადგურდეს – ესაა სამშობლოს გადარჩენის ერთადერთი გზა. ანტონმა გზა გახსნა ამ „დაავადების“აღმოსაფხვრელად. დანარჩენი კი მკითხველზე და მის სინდისზეა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“