სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

დახურული სივრცის მაგია  

ეპიგრაფივით:

მოდილიანი არაფერ შუაშია, მაგრამ ამ სტატიას რომ ვწერდი, თვალწინ მაინც მისი პორტრეტები მედგა: ჩახურული,სადღაც შიგნით, სულში მაყურებელთვალებიანი და მაღალყელიანი  ადამიანებით, ან  ჩაკეტილი კარის ფონზე ან კუთხეში რომ სხედან. ეს ყველაფერი ქმნის საოცარ მაგიას,რომელიც ძალიან გიზიდავს.

მ

ბავშვობიდან არ მიყვარდა ,,ღია გაკვეთილები“ და დამსწრეები. მაშინ მიზეზი სხვა მეგონა, მაგრამ ახლა ვხვდები, რატომ: ღია გაკვეთილებზე და დამსწრეებთან არც ჩვენი არაჩვეულებრივი მასწავლებელი იყო ისეთი, როგორიც სინამდვილეში იყო და არც ჩვენ ვიყავით ჩვენ… ახლა, როცა მასწავლებელი ვარ, კიდევ უფრო  აღარ მიყვარს. ,,ღია გაკვეთილს“, თუნდაც არაჩვეულებრივს, კარმიხურული და ჩვეულებრივი გაკვეთილი მირჩევნია. ეს ის უცნაური მომენტია, როცა ღია სივრცეს ნამდვილად სჯობს დახურული სივრცე. იმიტომ, რომ იმ სივრცეში, რომელშიც მხოლოდ მასწავლებელი და მოსწავლეები შედიან, უფრო მეტი თავისუფლებაა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის მაინც)!

ამ თავისუფლებაზე დიდი ხანია ვფიქრობ და ჩემთვის ,,დახურული სივრცის მაგია“ შევარქვი. ახალი სამყარო მაშინ იხსნება, როცა ზარის დარეკვის შემდეგ მასწავლებელი შედის კლასში, კარი იხურება და იწყებს უცნაურ მაგიას. ეს მაგია რაიმე განსაკუთრებულსა და არაჩვეულებრივს სულაც არ გულისხმობს (ოღონდ არც გამორიცხავს), ეს თითოეული ბავშვის გულთან, ან ყველასთან ერთად, უხილავი ნდობის ძაფების გაბმაა, ასე ძალიან რომ სჭირდება მასწავლებელს იმისთვის, რომ ჯერ თავი და მერე საგანი (პირიქით, მგონი, არ არსებობს, ან ძალიან იშვიათადაა) შეაყვაროს მოსწავლეს… თუ ეს დახურული სივრცე არ იქნება, არც ნდობა იქნება, თუ ნდობა არ იქნება, სიყვარული არ იქნება, თუ სიყვარული არ იქნება, ინტერესი არ იქნება, არც სიტყვა იქნება, არც ფიქრი, არც კამათი და ა. შ. მოკლედ ყველაფერი არაფერი გახდება მასწავლებელ – მოსწავლეებისთვის… ამას სულ ვგრძნობდი, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ დავრწმუნდი, როცა ჩემი ერთ- ერთი მოფიქრალი მოსწავლის რჩევით ვნახე არაჩვეულებრივი ფილმი ,,მკვდარი პოეტების საზოგადოება“. ფილმი ერთ უცნაურ მასწავლებელზე, მისტერ კითინგზე, რომელიც თავის გაკვეთილებზე ბავშვებს ახევინებს პოეზიის თეორიის წიგნებს  და სპორტის დახმარებით აყვარებს პოეზიას. ნებისმიერი უცხო თვალისთვის ეს სიგიჟე და უფრო მეტიც, დანაშაულია, ბავშვებისთვის – მთელი სამყარო. არასოდეს დამავიწყდება ის სირცხვილის განცდა, ამ ფილმის ყურებისას რომ გამიჩნდა, რადგან არ ვიყავი და ვერასოდეს ვიქნებოდი ასეთი თავისუფლების მიმცემი მასწავლებელი ჩემი მოსწავლეებისთვის. მერე კლუბში რომ ვუყურეთ ერთად და ბავშვების აღფრთოვანებულ სახეებს რომ ვუყურებდი, კიდევ უფრო შემრცხვა და დავღონდი. მოკლედ, ამას არაფერი ეშველება, მაგრამ ის კია, რომ დავრწმუნდი, რა აუცილებელია ეს ,,დახურული სივრცის მაგია“.

ტოლათსოფელში მასწავლებლობდა ვაჟა-ფშაველა.უკლებლივ ყველა გენიოსივით ახირებული იყო ისიც. თბილისიდან მივლენილი ინსპექტორი დარსკი კლასში არ შეუშვა, გარეთ დაუდგა სკამი, აქედან მისმინეო. მამამისთან, პავლე მღვდელთან, დაუჩივლია დარსკის: შემიშვას, მისთვის უფრო ცუდია, არაფერს დავაშავებო. მხოლოდ მამის თხოვნის შემდეგ შეუშვია გაკვეთილზე ვაჟას ( აკა მორჩილაზე ,,ქართულის რვეულები“).

ინტერნეტში შემთხვევით გადავაწყდი ყველაზე წარმატებული, ფინური განათლების სისტემის  უმნიშვნელოვანეს პრინციპებს. ერთ-ერთია ნდობა:

,, სკოლაში მომუშავეთათვის არ არსებობს შემოწმებები, მეთოდისტები. განათლების სისტემა ქვეყანაში ერთიანია, მაგრამ მხოლოდ საერთო რეკომენდაციებს მოიცავს და ყოველი პედაგოგი სწავლების იმ მეთოდს იყენებს, რომელსაც შესაფერისად თვლის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მოსწავლეებისადმი ნდობა“–  და მაშინ ვთქვი, აჰა, ფინელებს ღრმად სწამთ ,,დახურული სივრცის მაგიის“!

მხოლოდ კლასის არა, პატარ – პატარა, შიდა ,,დახურული სივრცეების მაგიაც“ ამუშავდება ხოლმე მასწავლებელსა და მხოლოდ ერთ, ან მხოლოდ ორ, ან მხოლოდ სამ მოსწავლეს შორის.

ბევრი რამის გახსენება შეიძლება ამ ,,დახურული სივრცის მაგიაზე“ ლიტერატურიდან,  მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო ჩოხელის უუცნაურესი მოთხრობა ,,ნადირობა ოზანოს მთაში“ მგონია. ამ მოთხრობის მთავარი გმირი სამოცდაათი წლის ახირებული, მეზობლებისაგან ლამის გიჟად მიჩნეული ღრუბელა მექობაურია. ის სრულიად მარტო ცხოვრობს გალავანშემოვლებულ სახლში,ხანდახან თვეობით იკარგება ხოლმე და უკან უამრავი წიგნით დატვირთული ბრუნდება. მერე ან ამ წიგნებს კითხულობს, ან ღამღამობით გრძელი დურბინდით ცას შეჰყურებს. ერთი პატარა ბიჭი, გუჯია გაბედავს ღრუბელას სამანს გადააბიჯოს და პატარა ლეკვივით მიიჩვევს ღრუბელა. ასწავლის, როგორ იმოგზაუროს წარმოსახვით. დაანახვებს,რომ წარმოსახვის სამყარო გადაჯაჭვულია წიგნების სამყაროსთან. ასე უცნაურად, წარმოსახვით, მოხუცი ღრუბელა და გულადი ბიჭი გუჯია ყოველ დღე ხან მთებში მოგზაურობენ, ხან შხარას დაიპყრობენ, ხან ვარსკვლავებს ესტუმრებიან…იმისთვის, რომ მათი წარმოსახვა ,,რეალური“ იყოს,ზედმიწევნით სწავლობენ გეოგრაფიასა და ასტრონომიას, გულდასმით შეისწავლიან რაკეტის აგებულებას, თითო წელს თითო უცხო ენის შესწავლას უთმობენ…ხდება ღრუბელა მასწავლებელი და გუჯია მოსწავლე. ბოლოს ოზანოს მთებში მიდიან და წარმოსახვით ნადირობენ…ასე გრძელდება  მანამ,სანამ ერთ დღესაც გუჯია არ უღალატებს წარმოსახვას და მართლა არ მოკლავს ბელებიან დედა დათვს. აქ ყველაფერი მთავრდება.

ეს არის მართლა საოცარი მოთხრობა სამი რამის მაგიურ ძალაზე: წარმოსახვის მაგია, წიგნის მაგია და ეს ჩვენი ,,დახურული სივრცის მაგია“. და საუკეთესოდ ჩანს, რა ძალა აქვს მასწავლებელი- მოსწავლის  დასაკავშირებლად ჩარაზულ თავისუფლებას.

მეორე, რაც ამ თემაზე მახსენდება, ჯემალ ქარჩხაძის ერთ-ერთი  მოთხრობაა ,,სასწაული“. მათემატიკის მოხუც, ,,მტარვალ“  მასწავლებელსა და ოროსან 13  წლის ბიჭზე, გია ბარბაქაძეზე, იგივე გიორგი ნიკიფოროვიჩზე. ამ მოთხრობაში ისეთი სასწაული ხდება, რომელიც, როგორც წესი,  ოროსნებს არ შეემთხვევათ ხოლმე.გამოსაცდელად დაბარებული  გია მოხუცი მასწავლებლის ერთადერთი მხსნელი აღმოჩნდება და გარდა იმისა,რომ შემსწრე გახდება ფაქტის, როგორ ამბობს უარს მისი მწვალებელი მასწავლებელი თავის პროფესიაზე უკვე მოხუცებულობის გამო, ასევე მას  საჩუქრად სწორედ იმ საძულველ უბის წიგნაკს გადასცემს,რომლის ხელში ჩაგდებაზეც მუდამ ოცნებობდა, რათა გაენადგურებინა. ჰოდა,როცა მარტო დარჩენილი წიგნაკს გადაშლის, იქ აღმოაჩენს, რომ წერია მხოლოდ სახელები და გვარები და მათ გასწვრივ ჯერ ორიანები,მერე სამიანები,მერე ოთხიანები და სულ ბოლოს ერთი 5. აქედან ახალი სახელი და გვარი იწყება და ისევ ხუთიანით მთავრდება ნიშნების მწკრივი. მაშინ მიხვდება ბიჭი, რატომ უწოდა მასწავლებელმა უბის წიგნაკის გადაცემისას ,,გამოუსწორებელი მეასე“.

მაგრამ მთავარი ეს კი არა,ისაა,როგორ აღწერს მწერალი, უხილავი ნდობის ძაფების გაბმას ერთმანეთის პირისპირ მარტო დარჩენილ ,,მწამებელ“ მასწავლებელსა და წამებულ მოსწავლეს შორის. ქარჩხაძეს არ უყვარს მოკლე მოთხრობები  და არც ეს მოთხრობაა მოკლე,მაგრამ დრო და სივრცე უცვლელია,მხოლოდ მოსწავლე-მასწავლებლის ემოციები,ფიქრები იცვლება. მოთხრობას რომ დაასრულებ, ტკბილად გეღიმება ამ სასწაულებრივი მაგიით მოხიბლულ, გამოსწორების გზაზე დამდგარ ოროსან ბიჭს რომ ხედავ,როგორ მიაბიჯებს მეტიჩარა ნათიას სახლისკე: ,,გიამ ამ დღეს მრავალი რამ გამოსცადა: სიმწარეც და სიტკბოც.და ყოველივე ამას მხოლოდ ნათიას თუ ეტყოდა, რადგან სხვები ამ ამბის ვერც სიმწარეს დაინახავდნენ და ვერც სიტკბოს“…

ასეა, თითქოს ადვილია, მაგრამ ამ საოცარი და აუცილებელი მაგიის შექმნას დიდი სიყვარული, მოთმინება სჭირდება.და კიდევ, ასე მგონია,მასწავლებელი გენიოსი თუ არ იქნება, ახირებული მაინც უნდა იყოს, უყვარდეს თავისი დახურული სივრცე, ოღონდ შეძლოს ამ კარმიხურულ თავისუფლებაში ბავშვები ღია გულებით (გურიაში განსაკუთრებული სტუმრის მოლოდინში ფართოდ გაღებულ ჭიშკარს რომ ჰგავს ), ღია თვალებით ( რომელთა სწრაფი ხამხამი ძალიან მაგონებს ქარიან ამინდში ღიად დატოვებულ ფანჯრების ფართქუნს) და თუნდაც გაოცებისაგან ღიად დარჩენილი პირებით ისხდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“