სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როგორი გაკვეთილი მოსწონთ ბავშვებს

ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს პედაგოგი, რომელსაც არ სურდეს, რომ მის მიერ ჩატარებული გაკვეთილებით ბავშვები კმაყოფილი რჩებოდნენ და სიხარულით მიიჩქაროდნენ მის მოსასმენად. საკუთარი მოსწავლეების ცნობისმოყვარე, ინტერესით და სიყვარულით სავსე თვალების დანახვა სწავლების პროცესში ნებისმიერი პედაგოგისთვის სერიოზული სტიმულის მიმცემია. ამდენად, მათთვის საინტერესო იქნება იმის ცოდნა, თუ როგორი გაკვეთილები მოსწონთ ბავშვებს, რა მოთხოვნებს უყენებენ ისინი მასწავლებლებს გაკვეთილის ჩატარების პროცესში და რა ზრდის მათ სასწავლო მოტივაციას.

     როგორც ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე ბავშვები განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებენ მასწავლებლებს გაკვეთილის ჩატარების პროცესში. განსხვავებულია ის კრიტერიუმებიც, რომლითაც ისინი ამა თუ იმ პედაგოგის გაკვეთილს აფასებენ. დაუსრულებელ წინადადებას, „მე ძალიან მომწონს ისეთი გაკვეთილი…….“,  დაწყებითი კლასების მოსწავლეები შემდეგნაირად ასრულებენ: „სადაც ბევრს გვასწავლიან და გვათამაშებენ“; „რომელიც ხალისიანი და მხიარულია“; „სადაც ვხატავთ“; „სადაც მასწავლებელი კარგად მექცევა“; „სადაც მაქებენ“; „სადაც ბევრს ვთამაშობთ და ამასთან ვსწავლობთ კიდეც“; „სადაც თამაში დაშვებულია“; „სადაც თან ვმუშაობთ და თან ვერთობით“; „სადაც საინტერესოდ გვესაუბრება მასწავლებელი“; „სადაც ზომიერად ვთამაშობთ და ვსწავლობთ“; „სადაც მასწავლებელი არ გვიბრაზდება“; „რომელსაც კეთილი და მხიარული მასწავლებელი ატარებს“; „სადაც თამაშით ვსწავლობთ“; „სადაც სახალისოდ გვიხსნიან იმას, რაც ჩვენ არ ვიცით“; „სადაც გვამხიარულებენ“; „სადაც მარტო კი არ გვასწავლიან, გვასვენებენ კიდეც“;  „სადაც მასწავლებელი კარგ გუნებაზეა“;  „სადაც ხალისიანად გვასწავლიან“.

     როგორც გამოთქმული მოსაზრებებიდან ჩანს, დაწყებით სასკოლო საფეხურზე ბავშვებში განსაკუთრებით დიდ მოწონებას იმსახურებს ისეთი გაკვეთილები, სადაც თამაშის ელემენტები აქტიურად არის ჩართული. ვფიქრობ, ეს ძალიან ბუნებრივია, ვინაიდან ამ ასაკის ბავშვისთვის სულ ცოტა ხნის წინ ქცევის წამყვანი ფორმა თამაში იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სწორედ თამაშის პროცესში ვითარდებოდა. მართალია, სასკოლო ცხოვრების დაწყებასთან ერთად ქცევის წამყვანი ფორმა სწავლა ხდება, მაგრამ ბავშვისთვის ყველაზე საყვარელ საქმიანობაზე, თამაშზე ერთბაშად უარის თქმამ და მისმა მთლიანად სასწავლო საქმიანობით ჩანაცვლებამ შესაძლებელია, უმცროსკლასელს სრულად დაუკარგოს სწავლისა და სკოლისადმი ინტერესი. ამდენად, თამაშის ელემენტების აქტიურად და ამასთან სწორად გამოყენება, მხოლოდ გაზრდის მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციას დაწყებით სასკოლო საფეხურზე და ჩვენ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს პატარებისთვის მიმზიდველს და საინტერესოს გახდის.

     გარდამავალ ასაკში მყოფ მოსწავლეებთან ერთგვარად შეცვლილია ის კრიტერიუმები, რომლითაც ისინი მათთვის მოსაწონ გაკვეთილს აფასებენ. ზემოაღნიშნულ წინადადებას „მე ძალიან მომწონს ისეთი გაკვეთილი….“, ისინი შემდეგნაირად ასრულებენ: „რომელიც საინტერესოა, დამაფიქრებელი და ამასთან მხიარულიც“; „სადაც დაძაბული არ ვარ“; „სადაც ჯგუფურად ვმუშაობთ“; „სადაც ისე გვიხსნიან რამეს, რომ მოსაბეზრებელი არ იყოს“; „სადაც აქტიურობაა“; „სადაც ბევრს არ გვაწერინებენ და ცოტა დავალებას გვაძლევენ“; „რომელსაც ხალისიანი და მხიარული მასწავლებელი ატარებს“; „სადაც ჩვენს აზრს ითვალისწინებენ“; „სადაც საინტერესოდ და გასაგებად გვიხსნიან ჩვენთვის უცხო საკითხებს“; „სადაც მასწავლებელი არ გვიყვირის და როგორც თანატოლს ისე გველაპარაკება“; „სადაც ბევრ დავალებას არ გვაძლევენ“; „სადაც უსამართლოდ და მკაცრად არ მეპყრობიან“; „სადაც მასწავლებელი მკაცრია, მომთხოვნი, მაგრამ სამართლიანი, კეთილი და ხანდახან დამთმობიც“; „სადაც მასწავლებელი გაკვეთილს წყნარად, მშვიდად, საინტერესოდ და გასაგებად ხსნის“; „სადაც ცუდი ნიშნები არ იწერება“; „სადაც მასწავლებელი მეგობრულია და არ ყვირის“; „სადაც მასწავლებელი ცდილობს ჩვენს ასაკში დაბრუნდეს და ჩვენი თვალით შეხედოს სიტუაციას“; „სადაც მასწავლებელი ცდილობს შეგვაყვაროს თავისი საგანი“; „რომელსაც გაგებული მასწავლებელი ატარებს“; „სადაც მასწავლებელი ისე გვეპყრობა, როგორც დიდ ადამიანს“; „სადაც მასწავლებელი მარტო იმაზე კი არ გველაპარაკება, რაც ჩვენს სახელმძღვანელოშია, არამედ ბევრ სადისკუსიო თემას გვთავაზობს“; „სადაც საშუალება გვეძლევა ყველამ ჩვენი საკუთარი აზრი დავაფიქსიროთ ამა თუ იმ საკითხზე“; „სადაც მრავალფეროვან დავალებებს ვასრულებთ“;“სადაც კომფორტულად ვგრძნობ თავს და არ მეშინია, რომ ვინმე ჩემს ნათქვამზე გაიცინებს“; „სადაც კარგი ვითარებაა და მასწავლებელს თბილი ურთიერთობა აქვს ჩვენთან“; „სადაც მასწავლებელი მაქებს“; „სადაც ჩემი აზრის გამოთქმა თავისუფლად შემიძლია“; „რომელსაც კარგ ხასიათზე მყოფი, კეთილი მასწავლებელი ატარებს“; „სადაც სააზროვნო დავალებები მეძლევა“; „სადაც მაქებენ და კარგ ნიშანს მიწერენ“; „სადაც არ ვნერვიულობ იმაზე, რომ მასწავლებელმა ისეთი შეკითხვა არ დამისვას, რომელზეც პასუხი არ მაქვს“; „სადაც გაკვეთილი კარგად ვიცი და არ მეშინია მასწავლებელი გამომკითხავს თუ არა“; „სადაც ახსნილ მასალას კარგად ვიგებ და მასწავლებელი ყველა შეკითხვაზე მპასუხობს“; „სადაც მასწავლებელი არ მიყვირის და დამსახურებულ ნიშანს მიწერს“; „სადაც ყველა კარგადაა ჩემ მიმართ განწყობილი“; „სადაც მასწავლებელს მოსწონს ჩემი პასუხი“; „სადაც ჩემი შრომა ფასდება“; „რომელიც მრავალფეროვანია და სულ ერთსა და იმავე დავალებაზე არ ვმუშაობთ“; „რომელიც ხალისიანად და მხიარულად მიმდინარეობს“; ‘სადაც უფრო მეტი პრაქტიკული სამუშაო ტარდება“; „სადაც მასწავლებელი მხოლოდ წიგნზე არ არის დამოკიდებული“; „სადაც მასწავლებელი ბავშვებს არ არჩევს და ყველასთან ერთნაირი დამოკიდებულება აქვს“; „სადაც ვიცი, რომ არავინ დამცინებს“; „სადაც მასწავლებელი ჩემი პასუხით კმაყოფილია“; „სადაც არ მეშინია ვუთხრა მასწავლებელს, რომ დავალების შესრულება ვერ მოვასწარი, რადგან ვიცი, რომ ის მე გამიგებს“.

     როგორც აღნიშნული ფრაზებიდან ჩანს, გარდამავალ ასაკში მყოფი მოსწავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საგაკვეთილო პროცესში მასწავლებელი მისთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემების მოგვარებაში ეხმარებოდეს – შეეძლოს „დიდობის გრძნობის“ და სოციალური უსაფრთხოების მოთხოვნილების დაკმაყოფილება, თანატოლებთან ურთიერთობის მოგვარება, მათგან აღიარების მოპოვება და ჯგუფში სასურველი მდგომარეობის დამკვიდრება.

     რაც შეეხება უფროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებს, მართალია მათი მოსაზრებები მოსაწონ გაკვეთილთან დაკავშირებით დიდად არ განსხვავდება წინა სასკოლო პერიოდის მოზარდთა შეხედულებებისაგან, მაგრამ ერთგვარი სპეციფიკურობა მაინც ფიქსირდება. აი, რას ვკითხულობთ მათ ნაწერებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით – მე ძალიან მომწონს ისეთი გაკვეთილი…….. „სადაც მასწავლებელი საინტერესო,  სააზროვნო და დასაფიქრებელ შეკითხვებს სვამს“; „სადაც მასწავლებელი მრავალფეროვანი პროგრამით მუშაობს და გაკვეთილი ერთფეროვანი და მოსაწყენი არ არის“; „სადაც მასწავლებელი მეგობრულად გვეპყრობა და ყველას უგებს, ამასთან საინტერესო თემებზე საუბრობს“; „სადაც მასწავლებელი ცდილობს გაიგოს მოსწავლის აზრი მისი და მის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შესახებ, რა მოსწონთ  და რა არ მოსწონთ ბავშვებს და ცდილობს გააუმჯობესოს გაკვეთილი“; „სადაც მასწავლებელი არ ცდილობს მოსწავლეების დიდი ინფორმაციით დატვირთვას, არამედ ცდილობს განუვითაროს მათ აზროვნება და ასწავლოს, როგორ უნდა ისწავლონ“; „სადაც მასწავლებელი მიხსნის, თუ რაში გამომადგება ის ცოდნა, რასაც გაკვეთილზე ვიღებ“; „სადაც მასწავლებელი იუმორის გრძნობით უდგება ბევრ რამეს, არც თვითონ იშლის ნერვებს და არც ბავშვებს უფუჭებს ნერვულ სისტემას“; „სადაც არ მაიძულებენ იმის კეთებას, რაც არ მინდა ან ნაკლებად  მაინტერესებს“; „სადაც საკუთარი თავის რეალიზება შემიძლია“; „რომელიც არ არის ერთფეროვანი, მოსაწყენი და მოსაბეზრებელი“; „სადაც მეძლევა საშუალება ვისწავლო და გავაკეთო ის, რაც მაინტერესებს“; „სადაც ნიშნებით არ გვთრგუნავენ და ტექსტებს არ გვაზუთხებენ“; „რომელიც ახალი მეთოდით და საშუალებით ტარდება“; „სადაც ბავშვები სწავლის მიზანს ხვდებიან“; „სადაც დავალებებს ზომიერად გვაძლევენ“; „სადაც ეწყობა დისკუსიები და ტარდება ექსპერიმენტები“; „სადაც ვეცნობი სიახლეებს და რომელიც საინტერესო და გასართობი აქტივობებითაა დატვირთული“; “სადაც ვარ თავისუფალი, ვიკეტები საკუთარ თავში და შემოქმედებითად ვიხილავთ საკითხებს, ვსაუბრობთ თავისუფალ თემებზე, ჩემს აზრს უშიშრად და თავისუფლად გამოვთქვამ“; „არ ვარ დაძაბული და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება მაქვს“; „სადაც მაფასებენ“; „სადაც ვმსჯელობთ და ერთმანეთს ვუზიარებთ აზრებს“; „სადაც ვგრძნობ, რომ მასწავლებელი ჩემს შრომას სათანადოდ აფასებს“.

     როგორც წარმოდგენილი ფრაზებიდან ჩანს, სასკოლო ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მოსწავლეებს გაკვეთილის შეფასების სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებული კრიტერიუმები აქვთ, თუმცა, არის რაღაც საერთოც, რაც გაკვეთილის შეფასების პროცესში ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის არსებითი და მნიშვნელოვანია – პედაგოგის კეთილგანწყობა, სითბო, სიყვარული, ბავშვის პატივისცემა, გულისხმიერება, ობიექტურობა, სამართლიანობა, საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული მეთოდებისა და აქტივობების მრავალფეროვნება – ყოველივე ეს არის ის, რაც სასკოლო ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე გაკვეთილს ბავშვისთვის მოსაწონს და საინტერესოს ხდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“