სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მუსიკალური სმენა: როგორ შევამოწმოთ სმენა

როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს, მუსიკალური სმენა ყველას აქვს, თანაც საკმაოდ კარგი. სხვაგვარად ადამიანებს ხმით ხომ ვერ ვიცნობდით?! ვინც აცხადებს, რომ ყურზე დათვმა დააბიჯა ფეხი და ამიტომ არ სურს მუსიკის შესწავლა, უნდა ავუხსნათ: მუსიკალური სმენა არ არის დეფიციტური რამ. ის ყოველ ადამიანს აქვს, ოღონდ ზოგს – უკეთესი, ზოგს – უარესი, თუმცაღა საკმარისი იმისთვის, რომ მუსიკა ისწავლოს და შესანიშნავი შედეგიც მიიღოს. მუსიკალური სმენა ყველას მიეცემა, ვინც მოისურვებს. მისი განვითარება შესაძლებელია, როცა არსებობს სურვილი და სიბეჯითე ამის მისაღწევად.

მშობლებს ხშირად აწუხებთ კითხვა, აქვს თუ არა მათ შვილს მუსიკალური სმენა, შეძლებს თუ არა მუსიკის სწავლას. როდესაც ბავშვს კარგი სმენა აქვს, ეს ნათლად ჩანს ინტონაციურად სუფთა სიმღერაში, შესრულების რიტმულ სიზუსტეში, ახალი მელოდიის სწრაფად დამახსოვრების უნარში, მუსიკალურ საკრავზე სიმღერების სმენით გარჩევაში. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, როდესაც მუსიკალური შესაძლებლობები ნაკლებადაა გამოხატული?

ხშირად ადამიანს ესმის მუსიკა, მაგრამ სიმღერას ვერ ახერხებს. ეს არ ნიშნავს, რომ მას მუსიკალური სმენა არ გააჩნია. აქ ხმასა და სმენას შორის დისკოორდინაციასთან გვაქვს საქმე, რომლის გამოსწორებაც სავსებით შესაძლებელია ვარჯიშით (იხ. წერილი „მუსიკალური სმენა: კოორდინაცია“). ასე რომ, მუსიკალური უნარების განსაზღვრისას სმენის მხოლოდ სიმღერით შემოწმება არ არის საკმარისი.

მაინც, რა არის ბავშვის მუსიკალური ნიჭიერების მაჩვენებელი?

  • მუსიკის მოსმენის სურვილი;
  • მუსიკის მოსმენისას სხვადასხვა განწყობისა და მაღალი ემოციური მგრძნობელობის გამოხატვა;
  • მუსიკალური საკრავების ტემბრის მიმართ მძაფრი ინტერესი.

საკითხი, ვასწავლოთ თუ არა ბავშვს მუსიკა, დადებითად უნდა გადაწყდეს, განურჩევლად იმისა, გვწამს თუ არა შორს მიმავალი პროფესიული მიზნების მიღწევისა. ბავშვს უნდა შევურჩიოთ გამოცდილი მასწავლებელი, რომელიც მას მუსიკის საკვირველ სამყაროში შეიყვანს.

მუსიკალური სმენის შემოწმება

სმენის შემოწმების პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება, რომელთა გავლის შემდეგ შესაძლებელი ხდება განსაზღვრული დასკვნების გამოტანა, მაგრამ ხშირად ისინი ნაჩქარევია და მცდარი. ბავშვები, იმის გამო, რომ სმენის შემოწმებას გამოცდად აღიქვამენ, ხშირად სრულყოფილად ვერ ამჟღავნებენ თავიანთ შესაძლებლობებს, ამიტომ სმენა მხოლოდ გამოცდილმა მასწავლებელმა უნდა შეამოწმოს.

სმენის დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია სამი ძირითადი კრიტერიუმის: ხმის ზუსტი ინტონირების, რიტმის გრძნობისა და მუსიკალური მეხსიერების, – შემოწმება. სმენის სწორი და ხარისხიანი შემოწმება ბავშვის უნარების მაქსიმალურად გამომჟღავნების საშუალებას მოგვცემს, რომლებიც შემდგომ უნდა განვავითაროთ.

არსებობს სმენის შემოწმების რამდენიმე გამოცდილი და ხელმისაწვდომი ხერხი:

  • ბავშვს ფორტეპიანოსთან ზურგით დააყენებენ, დაუკრავენ რომელიმე ბგერას და სთხოვენ მის ამოცნობას ანუ გამეორებასა და მოძებნას. ამის შემდეგ ბავშვმა იმავე ნოტის სხვა ოქტავებში ამოცნობაც უნდა შეძლოს.
  • მომდევნო ეტაპზე მეხსიერების შესამოწმებლად კლავიატურაზე რაიმე მარტივ მელოდიას დაუკრავენ, რომელიც ბავშვმა კვლავ უშეცდომოდ უნდა გაიმეოროს.

„ჟღერადობაზე მოყურადე“ რამდენჯერმე უნდა გამოიცადოს. ეს პროცესი რაღაცით ყველასთვის კარგად ნაცნობ საბავშვო თამაშს – „დახუჭობანას“ მოგვაგონებს, ოღონდ ეს „მუსიკალური დახუჭობანაა“.

  • მომდევნო ეტაპი რიტმის გრძნობის შემოწმებაა. გამომცდელი მაგიდაზე ფანქრით აკაკუნებს რიტმს ან ტაშით გამოჰყავს რიტმული ნახაზი, მერე კი ბავშვს მის გამეორებას სთხოვს. ბავშვი უნდა შეეცადოს, რაც შეიძლება ზუსტად დაიცვას ყველა პაუზა და გრძლიობა. შემოწმება რიტმული ნახაზის თანდათანობითი გართულებით გრძელდება. უნდა ითქვას, რომ სმენის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ რიტმის გრძნობაა.

 

შინაგანი სმენა

მუსიკალური სმენა საკმაოდ ფაქიზი რამაა. მის სახეობებსა და უმთავრეს კომპონენტებზე წინა წერილში უკვე გესაუბრეთ. ამჯერად მუსიკალური სმენის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე – შინაგან სმენაზე – შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.

მუსიკალური სმენის მნიშვნელოვანი თვისებაა შინაგანი სმენა. სმენის წარმატებული განვითარებისთვის უმთავრეს ფაქტორს შინაგანი მუსიკალური სმენის სრულყოფა წარმოადგენს.

შინაგან სმენას უწოდებენ მუსიკალურ ნაწარმოებში ცალკეულ ბგერათა სიმაღლის, მელოდიური და ჰარმონიული აგებულების აზრობრივად ნათლად წარმოდგენის უნარს რეალური მოსმენისა და გახმოვანების გარეშე. ანუ შინაგანი სმენა ნოტების წაკითხვის ან შემოქმედებითი წვის პროცესში მუსიკის შინაგანად წარმოდგენის, მოსმენისა და განცდის, მეხსიერებაში აღდგენისა და გამეორების უნარია. უფრო მარტივად რომ ითქვას, სმენის ეს სახეობა უკავშირდება ადამიანის უნარს, მოისმინოს და განიცადოს მუსიკა „საკუთარ თავში“.

შინაგანი სმენის ელემენტარული გამოხატულება შეიძლება ფურცლიდან ნოტების კითხვისას დავინახოთ, როდესაც შინაგანი სმენა თითქოსდა წინ უსწრებს და წინათგრძნობით აღიქვამს იმ ხმოვანებას, რომელიც შემდეგ ლოგიკურად მოსდევს მუსიკას ან ბგერას. ჩვენ შეგვიძლია, ადრე მოსმენილი რომელიმე მუსიკალური ნაწარმოები (აქ შინაგანი სმენის საყრდენი მეხსიერებაა) ზუსტად ისევე წარმოვიდგინოთ, როგორც სანოტო ჩანაწერის კითხვა შინაგანი მოსმენით. ამ შემთხვევაში სმენით წარმოდგენებს ხედვის ფაქტორი იწვევს.

გამოჩენილი მუსიკოსები უმეტესად განსაკუთრებული მუსიკალური მეხსიერებით გამოირჩევიან. ეს განსაკუთრებულობა მუდმივი მუზიცირებისა და შინაგანი სმენის აქტიურობის შედეგია. მოცარტი, რომლის მუსიკალური მეხსიერება დღემდე ლეგენდად რჩება, ცხოვრების ყოველ წამს მუსიკას უძღვნიდა.

შინაგანი სმენა მუსიკალური მეხსიერების საფუძველში დევს. კარგი შინაგანი სმენა სამართლიანად მიიჩნევა პროფესიონალური მუსიკალური სმენის მაღალ საფეხურად და დიდი მნიშვნელობა აქვს მუსიკოსისთვის. ის აადვილებს ფურცლიდან კითხვას, აჩქარებს სწავლის პროცესს, უფრო სიღრმისეულს ხდის მუსიკის აღქმას და ამაღლებს თვითკონტროლს ნაწარმოების შესრულებისას.

კომპოზიტორისა თუ მუსიკოს–შემსრულებლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია კარგად განვითარებული შინაგანი სმენა ანუ მუსიკის „შინაგანად“, ხმის აჟღერების გარეშე მოსმენის უნარი. სწორედ საუკეთესო შინაგანმა სმენამ შეაძლებინა სმენადაკარგულ ბეთჰოვენს შემოქმედებითი მოღვაწეობის გაგრძელება.

smena

ალბათ ყველამ იცით, რომ უდიდესი კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი სასმენი ორგანოს დაავადებით იტანჯებოდა და სიცოცხლის ბოლოს სრულიად აღარ ესმოდა. შესაბამისად, ბოლო წლებში შექმნილი და კონცერტზე ორკესტრის მიერ აჟღერებული ნაწარმოებების მოსმენა არ შეეძლო. გენიალურ ნაწარმოებებს ავტორი უკვე ყრუ ქმნიდა.

ჩემს ერთ-ერთ ადრინდელ სტატიაში „როგორ გადავირჩინოთ ყურთასმენა“ დაწვრილებით აღვწერე ბეთჰოვენის დაყრუების ამბავი და ამის შესაძლო მიზეზები. ამჯერად მეხსიერებაზე ვლაპარაკობ, რომლის წყალობითაც კომპოზიტორი წერას განაგრძობდა. კარგად განვითარებული შინაგანი სმენა რომ არა, ბეთჰოვენის საუკეთესო ქმნილებები: მე-14 სონატა („მთვარის სონატა“), მე-3 სიმფონია („გმირული“), 21-ე („ავრორა“) და 23-ე („აპასიონატა“) სონატები, ოპერა „ფიდელიო“, მე-5 სიმფონია და გენიალური მე-9 სიმფონია, – დღის სინათლეს ვერ იხილავდა.

შინაგანი სმენის განვითარების მეთოდები

  1. ნაწარმოების სმენით გარჩევა (რეკომენდებულია სწავლების დაწყებით პერიოდში). გარჩევა როგორც მუშაობის განსაკუთრებული სახეობა ძალზე სასარგებლოა, ვინაიდან მოსწავლისგან ზუსტ სმენით წარმოდგენებს მოითხოვს.
  2. კლავიატურაზე უხმოდ დაკვრა (შეიძლება კლავიატურის თავსახურზე ან მაგიდაზეც) – ეს შინაგან სმენას ამახვილებს.
  3. მუსიკალური ნაწარმოების დაკვრა შემდეგი ხერხით: ერთი ფრაზა – „ხმამაღლა“, მეორე – „შინაგანად“.
  4. მუსიკალური ჩანაწერის მოსმენა და შესაბამის სანოტო ტექსტთან შედარება, რაც ტექსტის მხედველობით შესწავლა-დამახსოვრებას განაპირობებს.

თუ პირველივე მცდელობისას რამე არ გამოგვივიდა, ნუ დავღონდებით. ყველა რაღაცას საიდანღაც ვიწყებთ. ვირწმუნოთ ჩვენი შესაძლებლობების, ვიმოქმედოთ, ვისწავლოთ და სისტემატური ვარჯიშით ყველაფერი გამოგვივა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“