ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

საინფორმაციო ტექსტის დამუშავება დაწყებით საფეხურზე

2006 და 2011 წელს საქართველოში ჩატარებულმა წიგნიერების საერთაშორისო კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველოს სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მხატვრული ტექსტების გააზრებაში უფრო კარგი მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე საინფორმაციო ტექსტების გააზრებაში, თუმცა ორივე შემთხვევაში ეს შედეგები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება კვლევის მონაწილე სხვა ქვეყნების მაჩვენებელს.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ 2006 წელთან შედარებით 2011 წლისთვის მოსწავლეები მნიშვნელოვნად უფრო მაღალ მაჩვენებელს ავლენენ ტექსტის ინტერპრეტაციასა და ინტეგრირებასთან დაკავშირებულ დავალებებში; იმ ტიპის დავალებებში, კი რომლებიც მოითხოვს ექსპლიციტურად მოცემული ინფორმაციის პოვნას და უშუალო დასკვნის გამოტანას, შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვთ. წინა კვლევასთან შედარებით  მაღალი მაჩვენებელი და ეს წინსვლა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები და მასწავლებელთა მცდელობა, გაეცნონ და დანერგონ სწავლების თანამედროვე სტრატეგიებს, ეფექტიანია, თუმცა სამუშაო, როგორც ვხედავთ, ამ მიმართულებით მაინც ბევრია.

არამხატვრული, საინფორმაციო-შემეცნებითი, ენციკლოპედიური ტექსტების კითხვა, გაგება და გააზრება თანამედროვე ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი უნარია. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, საშუალო სკოლებში ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებით საფეხურზე იწყება. საგნობრივი პროგრამის მიხედვით, დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უნდა შეეძლოს:

ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება:

სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გადმოცემა;

წაკითხული წინადადებებისა და ტექსტის კონსტრუირება;

სხვადასხვა სახის ტექსტების შეგნებულად და გააზრებულად კითხვა;

ტექსტებში მოცემული გრამატიკული კონსტრუქციების გამოყოფა და სათანადო ინტერპრეტაციით წარმოდგენა;

მისთვის ნაცნობ თემებზე სხვადასხვა ხასიათის ტექსტების გამართულად წერა;

გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის პრაქტიკულად აუცილებელი მინიმუმის შეგნებულად გამოყენება.

სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის  ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება.

დღევანდელ წერილში შემოგთავაზებთ  აქტივობას, რომლის გამოყენებითაც მასწავლებელი ზემოთჩამოთვლილი უნარების გააქტიურებას შესძლებს.

თავდაპირველად, შევაჯეროთ რამდენიმე ცნება:

საინფორმაციო(არამხატვრული, შემეცნებითი) ტექსტი:

ამ კატეგორიაში იგულისხმება ნარატიული  რესურსი, რომელიც რაიმე სახის მნიშვნელოვანი, საინტერესო, სასარგებლო ცნობების შემცველია. იწერება მესამე პირში და როგორც წესი, არ გამოხატავს ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას. აღწერს, გადმოცემს სოციალური, კულტურული, სამეცნიერო და ა.შ. მნიშვნელობის რაიმე ფაქტს, მოვლენას, ამბავს.

გაგება

 ბლუმის მიხედვით, გაგება განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა  გულისხმობს ნასწავლი მასალის მნიშვნელობის წვდომას; კერძოდ:

ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, პროცესების, ობიექტების, სტილის, მოვლენების საკუთარი სიტყვებით აღწერას;

ტექსტის ძირითადი აზრის საკუთარი სიტყვებით ახსნას მშობლიურ ენაზე;

ტექსტის შინაარსის გაგებაზე მიმართულ კითხვაზე პასუხის გაცემას;

სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის ერთი ფორმიდან მეორეში გადატანას;

შესაბამისი მაგალითის მოყვანას.

კვლევების თანახმად, დაწყებით საფეხურზე სწორედ ამ მიმართულებითაა მნიშვნელოვანი მუშაობა.

მომზადების ეტაპი

მასწავლებელმა კლასის ინტერესების, მზაობის და შესაძლებლობების გათვალისწინებით უნდა მოამზადოს საინფორმაციო ტიპის ტექსტი, რომელშიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული განვითარების უახლოესი ზონა (განვითარების ამჟამინდელი/არსებული დონე  – ბავშვს დავალებების შესრულება დახმარების გარეშე შეუძლია; განვითარების უახლოესი ზონა –  გულისხმობს იმ ამოცანათა/მოქმედებათა ზედა ზღვარს, რომელთა შესრულებაც ბავშვს შეუძლია უფრო კომპეტენტური ადამიანის დახმარებით).

პირველი ეტაპი

მოსწავლეებს ურიდებათ სამუშაო ფურცლები ( ამობეჭდილი ტექსტი). მითითება ასეთია:

წაიკითხეთ, მოიმარჯვეთ ფანქრები და ფურცელზევე დაამუშავეთ ტექსტი დაფაზე დაწერილი წესების მიხედვით.

დაფაზე იწერება:

აღვნიშო „კ“ ასოთი მონაკვეთი, ადგილი, წინადადება, რომელიც კითხვას მიჩენს;

აღვნიშნო „მ“ ასოთი აბზაცი, სადაც, ჩემი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცნობაა გადმოცემული და რაც აუცილებლად უნდა დავიხსომო;

გავხაზო ყველა სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც არ მესმის.

სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვთ გაგვაცნონ ნამუშევარი.

აქტივობის მეორე ეტაპზე მათ უნდა:

დასვან კითხვები, რომლებიც გაუჩნდათ გარკვეულ მონაკვეთებთან დაკავშირებით. კარგი იქნება, თუ ამ კითხვებზე პასუხებს კლასელებისგან მოისმენენ.  მასწავლებელი აჯამებს.

ისაუბრონ განსაკუთრებით მნიშნელოვან ადგილებზე. მნიშნელოვანი პირობაა – გადმოსცენ ამ მონაკვეთების აზრი საკუთარი სიტყვებით!

დაასახელონ სიტყვები, რომელთ მნიშნელობაც ვერ გაიგეს – მასწავლებელი ცდილობს, კონტექსტის ან სხვა მოსწავლეების დახმარებით ახსნას სიტყვები.

სამუშაო ფურცელზე მოსწავლეები მოკლედ ჩაინიშნავენ განმარტებებს საკუთარი სიტყვებით.

ამ ეტაპის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია, რომ მოსწავლეებისთვის ლექსიკურ დონეზე ტექსტი ბოლომდე გასაგებია.

მესამე ეტაპი

მასწავლებლის მიერ მომზადებული კითხვარი

კითხვარი ცალკე ფურცელზე მზადდება და ურიგდება წყვილებს.

კითხვარი მოიცავს რამდენიმე დონის კითხვას: გლობალურს, ექსტრატექსტუალურს, ენობრივს, შინაარსობრივს და ლექსიკურს.

განვიხილოთ თითოეული:

გლობალური კითხვა მოსწავლეს საშუალებას აძლევს ტექსტში მოცემული ცნობები გაიზროს მთლიანობაში. ეს შეიძლება იყოს ქვესათაურის რამდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთის შერჩევა, შესაბამისი ილუსტრაციის მოფიქრება და სიტყვიერდ აღწერა, რამდენიმე აფორიზმის, ანდაზის ან გამონათქვამის მისადაგება მთლიან ტექსტთან.

ექსტრატექსტუალური დონის კითხვა მოსწავლეს საშუალებას უნდა აძლევდეს წინარე ცოდნა დააკავშიროს ტექსტში მოცემულ რაიმე ცნობასთან, ტერმინთან, კონკრეტულ მონაკვეთთან.

ენობრივი კითხვა გრამატიკული ცოდნის შემოწმება-გააქტიურებას ემსახურება.

შინაარსობრივი კითხვა კონკრეტული მონაცემების მიხედვით უნდა შევადგინოთ. გამოვიყენოთ კითხვითი სიტყვები – რა? როგორ? რატომ?

ლექსიკური კი სინონიმია-ანტონიმიას, შესაფერისი ფრთიანი გამონათქვამის მისადაგებას ან ლექსიკური მარაგის გასააქტიურებელ ნებისმიერ კითხვას მოიაზრებს.

ქვევით გთავაზობთ ამ პარადიგმის მიხედვით მომზადებულ სამეცნიერო ტექსტსა და შესაბამის კითხვებს. მოცემული მაგალითი სანიმუშოა, მასწავლებელმა კონკრეტული კლასის შესაძლებლობების, ინტერესებისა და უნარებისა მიხედვით  უნდა შეადგინოს მსგავსი სავარჯიშო.

ტექსტი განკუთვნილია მესამე-მეოთხე კლასის  მოსწავლეებისთვის.

იეროგლიფი*

იეროგლიფი ისეთ დაწერილს ნიშნავს, სადაც ასოების ან სიტყვების ნაცვლად ნახატები და სხვა ნიშნებია გამოყენებული.

 მაგალითად,  იხატება წრე   O, მკითხველმა კი უნდა წაიკითხოს – მზე!

იეროგლიფებს სულ თავიდან, უძველესი დროიდან იყენებდნენ ძველი ეგვიპტელები, ჩინელები, იაპონელები.

 ძველად ეგვიპტელები წერდნენ და კითხულობდნენ ხან მარჯვნიდან მარცხნივ, ხან მარცხნიდან მარჯვნივ.  კითხვის მიმართულებას აუცილებლად მიანიშნებდა ის, თუ რომელ მხარეს ჰქონდა შებრუნებული თავი ადამიანის, ცხოველის ან ფრინველის აღმნიშვნელ იეროგლიფს.

 ეგვიპტელებს სწამდათ, რომ იეროგლიფები სიბრძნის ღმერთმა, თოტმა შექმნა.

ჩინეთში არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც უხსოვარ დროს ბრძენმა იმპერატორმა იეროგლიფების მსგავსი ნიშნები დრაკონის სხეულზე შენიშნა. იმპერატორი ყვითელი მდინარის (ხუანხეს) პირას სეირნობდა, როდესაც უზარმაზარი დრაკონი შენიშნა. ის დააკვირდა მის სხეულს და დრაკონის ფარფლებზე უცნაური ნიშნები დაინახა. მოგვიანებით იმპერატორმა ეს ნიშნები ჩახატა და ასე შექმნა დამწერლობა. ჩინურ დამწერლობაში 40 000-ზე მეტი იეროგლიფია.

საინტერესოა, რომ სიტყვები „ოჯახი“,  „მხნეობა“ და აგრეთვე  „ ჩაი“ ერთი და იგივე იეროგლიფით აღინიშნება.

 სიტყვა იეროგლიფი ბერძნულია და ორი სიტყვისგან შედგება. იეროს ბერძნულად ნიშნავს წმინდას, საღვთოს, გლიფო კი ამოჭრას, ამოკვეთას.

კითხვები(მოცემული ვერსია სამუშაო ვარიანტია, განკუთვნილი მასწავლებლისთვის. მოსწავლეების სამუშაო ფურცელზე კითხვების სააზროვნო დონის მითითება, ცხადია, საჭირო არაა):

გლობალური – ბავშვებს ვაჩვენებთ ორ ილუსტრაციას. ერთზე არაბული ( ლურსმული ან ნებისმიერი სხვა ტიპის, არაიეროგლიფური)დამწერლობის ნიმუშია, მეორეზე კი – იეროგლიფები. ტექსტში მოწოდებული ცნობების მიხედვით მათ უნდა ამოიცნონ, რომელზეა გამოსახული იეროგლიფური დამწერლობის ნიმუში და ტექსტზე დაყრდნობით დაასაბუთონ საკუთარი პასუხი.

მონიშნე არასწორი ვარიანტი:

სავარაუდო პასუხები

  • ტექსტში დახატული წრე არის მაგალითი, მკითხველი უფრო ადვილად რომ მიხვდეს, თუ რა იგულისხმება იეროგლიფებში;
  • ტექსტში დახატული წრე არის მაგალითი, მკითხველი უფრო ადვილად რომ მივხვდეს, თუ რა კავშირია ნიშანსა და სიტყვას შორის;
  • ტექსტში დახატული წრე არის ნიმუში იეროგლიფური დამწერლობის, რომელიც სხვადასხვა ზომის წრეებისგან და ნახატებისგან შედგება.

რომელი სათაური შეესაბამება ტექსტს?

სავარაუდო პასუხები

  • ცნობები ჩინური და ეგვიპტური იეროგლიფების წარმოშობის შესახებ;
  • ცნობები ჩინური, ეგვიპტური და იაპონური იეროგლიფების წარმოშობის შესახებ;
  • ცნობები სიტყვა იეროგლიფის წარმოშობის შესახებ.

ექსტრატექსტუალური ცოდნა – როგორ ვკითხულობთ ჩვენ?

სავარაუდო პასუხები

  • ძველი ეგვიპტელების მსგავსად;
  • მარცხნიდან მარჯვნივ;
  • მარჯვნიდან მარცხნივ.

შინაარსობრივი კითხვები – ჩინელების აზრით, რა ვითარებაში შექმნა იმპერატორმა დამწერლობა?

სავარაუდო პასუხები

  • მდინარის ნაპირზე სეირნობისას;
  • დრაკონის დანახვისთანავე;
  • მას შემდეგ, რაც ცოტაოდენი დრო გავიდა მდინარის ნაპირზე სეირნობისა და დრაკონის სხეულზე ნიშნების დანახვიდან.

სიტყვა იეროგლიფი არის:

სავარაუდო პასუხები

  • ბერძნული;
  • ეგვიპტური;
  • ჩინური.

შესაძლებელია თუ არა ერთი იეროგლიფით რამდენიმე სიტყვის აღნიშვნა?

სავარაუდო პასუხები

  • არა, რადგან ერთი ნახატი ან ნიშანი ერთ ასოს შეესაბამება;
  • კითხვაზე პასუხი ამ ტექსტში მოცემული არ არის;
  • შესაძლებელია, რადგან ტექსტში ამის მაგალითია მოყვანილი.

ლექსიკური კითხვა:

მონიშნე განსხვავებული შინაარსის მქონე სიტყვა:

სავარაუდო პასუხები

  • ბრძენი;
  • გონიერი;
  • ჭკვიანი;
  • სამართლიანი.

დააკვირდი ნიმუშს და მონიშნე სწორი ვარიანტი:

უზარმაზარი – ციცქნა

სავარაუდო პასუხები

  • უდიდესი – უმცირესი;
  • უნაკლო – სრულყოფილი;
  • უგუნური – უჭკუო.

ენობრივი დავალება:

რა შეცდომაა დაშვებული მოცემულ წინადადებაში?(მონიშნე სიტყვა და გაასწორე შეცდომა)

იმპერატორ ყვითელი მდინარის პირას სეირნობდა.

მონიშნე ყველა წინადადება, რომელშიც არასწორად დაწერილი სიტყვა შეგხვდება. შეცდომები გაასწორე:

  • ჩინელები იეროგლიფებს უძველესი დროიდან იყენებდენ;
  • ძველად ეგვიპტელები წერდნენ მარჯვნიდან მარცხნივ ან პირიქით;
  • ძველად ეგვიპტელები კითხულობდენ მარჯვნიდან მარცხნივ ან პირიქით.

მოსწავლეები კითხვარს ამუშავებენ წყვილებში, მსჯელობენ, აჯერებენ სწორ პასუხებს. დასასრულ, მასწავლებელი ამოწმებს შესრულებულ დავალებას.

სავარჯიშოებსა და დავალებებს მასწავლებელი საკუთარი შეხედულებისამებრ გადაანაწილებს რაოდენობრივად. აუცილებელი პირობაა, რომ თითო არამხატვრულ ტექსტს მოჰყვებოდეს თითოეული დონის შესაბამისი ერთი კითხვა მაინც!

ამ პრინციპით დამუშავებული ტექსტი საშუალებას მისცემს მოსწავლეს, გაააქტიუროს და გაიუმჯობესის სხვადასხვა სააზროვნო უნარი, დაძლიოს ის სირთულეები, რაც არამხატვრული ტექსტის დაამუშავების პროცესში იჩენს თავს.

* საინფორმაციო ტექსტი „იეროგლიფი“ და შესაბამისი დავალებები აღებულია შემეცნებითი პორტალიდან „ლოგიკმეტრი“   (logicmeter.com)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი