ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026
8 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

ციტატა

0

 

ზამთრის ყველაზე გრძელ ღამეს ჩემი 29 მეშვიდეკლასელი მოსწავლისთვის ბალიშები შევკერე. წიგნების მიხედვით მოხატულ ბალიშებზე მოგიყევით სტატიაში სახელად „წიგნებისა და ბალიშების შესახებ“. ექვსი თვე დასჭირდა ერთი კლასის ყველა მოსწავლისთვის წიგნის შერჩევას, წაკითხვას, ბალიშის მოხატვას, ციტატის შერჩევასა, ბალიშისპირზე დაწერას, ვიდეოს ჩაწერას. ამჯერად მხოლოდ ბალიშისპირებს ვამზადებდი, რადგან იმდენად დიდ ადგილს იკავებს ერთად თავმოყრილი 29 ბალიში, რომ სახლში სამოძრაო ადგილი აღარ რჩებოდა.

ხვალ ვაპირებ ბავშვებისთვის ბალიშების სკოლაში მიტანას და გადავწყვიტე, გაგიზიაროთ, როგორ და რატომ ვარჩევდი ციტატებს წიგნებიდან. ბალიშების შეკერვამდე სათითაოდ ამოვწერე, ამოვბეჭდავ, მაფინებში ჩავარჭობ და იმ ბავშვის სახელსაც მივაწერ, ვისთვისაც გამიზნული მაქვს წიგნი, შემდეგ კი ციტატისა და წიგნის სათაურის მიხედვით თავად მოძებნიან კუთვნილ წიგნებს.

ბალიშებეზე ილუსტრაციასთან ერთად ერთი ციტატის წარწერის მიზანია:

  • ინტერესის აღძვრა;
  • მთავარი გზავნილის გაზიარება;
  • ვიზუალური გამოსახულებისთვის საზრისის მიცემა;

მეცხრეკლასისთვის გადაცემულმა ბალიშებმა და წიგნებმა იმაზე ნაკლები შედეგი გამოიღო, ვიდრე ველოდი. თავიდანვე ვიცოდი, რომ ყველა არ წაიკითხავდა წიგნს, თუმცა, 26 ბავშვიდან მხოლოდ შვიდმა მოსწავლემ წაიკითხა ჩემი შერჩეული წიგნი. ჩემი დაკვირვებით, ბავშვები წიგნებს ახლა უფრო ნაკლებად კითხულობენ, ვიდრე – რამდენიმე წლის წინ. ინტერნეტ-სივრცე მთლიანად ისრუტავს მათ დროს, ნებელობას, ენერგიას. სოციალურ ქსელებში პარალელური რეალობა აქვთ, სადაც გამუდმებით ლათინური შრიფტით სწერენ ერთმანეთს. ეს ერთგვარი მოდაა, რომლის გავლენას თავს ვერ აღწევენ. დღის უმეტეს ნაწილს წერილობით კომუნიკაციას ლათინური შრიფტით რომ ამყარებენ, ქართულ ანბანს გაუუცხოვდნენ და ეს კითხვის პროცესზეც მოქმედებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვცდილობ, გამოსავლის პოვნას.

ერთადერთ ნუგეშად ის დამრჩა, რომ ჩემს ნაჩუქარ ბალიშებს ყოველდღე უყურებენ და ზედ დაწერილ ციტატასაც ხომ კითხულობენ. აი, როგორია ჩემი ჩანაფიქრი – ეს ციტატები თავის საქმეს ადრე თუ გვიან აუცილებლად იზამენ. ჯერ არ ვიცი, როგორ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უკვალოდ არ ჩაივლის მოზარდების სახლებში დაბინავებული  ციტატები.

ციტატის შერჩევაც გამოსამუშავებელი უნარია. ფიქრს, გააზრებას, გონებრივ ძალისხმევას საჭიროებს. თავად სიტყვის „ციტატა“ დამახსოვრებაც უჭირთ რატომღაც. შემაჯამებელ სამუშაოებში ხშირად მქვს მითითებული, რომ საკუთარი აზრის დასასაბუთებლად  ტექსტიდან ამოიწერონ ციტატა. მიუხედავად ამისა, გამუდმებით მეკითხებიან, რას ნიშნავს ციტატა. ალბათ, თქვენც ხართ დაკვირვებული, გარკვეული დრო რომ სჭირდება სიტყვის ცნებების დამახსოვრებას.

ბალიშებზე დაწერილი ციტატების შესახებ გაკვეთილების დაგეგმვას ვაპირებ, მაგალითად, 1. ბალიშების გადაცემამდე ვთხოვ, რვეულში გადაწერონ კუთვნილი ციტატა და წერილობითი კომენტარში გამოხატონ, რის შესახებ იქნება წიგნი, როგორი მოლოდინი აქვთ ან რას ფიქრობენ ციტატით გაჟღერებული სათქმელის შესახებ;

  1. წაკითხვის შემდეგ თავადაც შეარჩიონ ერთი ციტატა, რომელსაც ბალიშისპირზე დაწერდნენ. უნდა დაასაბუთონ, თუ რატომ შეარჩიეს.
  2. საშინაო დავალების რვეულის ყდაზე დაწერონ საკუთარი ნებით შერჩეული ციტატები.

ჩემ მიერ შერჩეული ციტატების მთავარი გზავნილები ამგვარია:

გოგოებს უზარმაზარი ძალა აქვთ; მრავალბინიან კორპუსში ზოგს ულხინს, ზოგს უჭირს; უშეცდომო არავინ არის; ცხოვრების ადამიანების ბავშვის ირგვლივ ყოფნა უზომო სიხარულია; ზრდასრულები უდარდელები აღარ არიან; დედის მოფერება, გამხნევება, მისი ნათქვამი სიტყვა „შემოგევლე“ ყველაზე ძვირფასი საჩუქარია; გამოსავლის პოვნა ზოგი ბიჭის მნიშვნელოვანი უნარია; ნდობას მოპოვება სჭირდება; ომი სამყაროს ყველაზე დიდი უსწერიგობაა; სამყარო ერთიანია; ყოველგვარ საქციელს სათანადო პასუხი მოსდევს; ხეებზე დაკვირვება მშვენიერებაა; გუნდის კარგი მმართველი მეგობრობას აფასებს; უახლოესი მეგობრის ყოლა ბედნიერებაა, თუნდაც ის გოლიათი იყოს; სხვსი შვილისთვის მოქსოვილი შალის ჯემპრი ზრუნვის ამაღელვებელი ფორმაა; წამოსროლილ სიტყვებს უკან ვეღარ ჩაიბრუნებ; განსაკუთრებულობა კარგია; დედის მეგობრებთან ერთად ნამღერი სიმღერები არასდროს გავიწყდება; ხელნაწერებში ადამიანის გული ფეთქავს… ბოლოს კი შემოვიტოვე ციტატა, რომელმაც განსაკუთრებულად ამაღელვა.

ასტრიდ ლინდგრენის „მიო, ჩემო მიო“ პირველად 13 წლის წინ წავიკითხე. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი მასწავლებელი. მალევე სოფელ უწერის სკოლაში აღმოვჩნდი და ჩვენს პირველ ლიტერატურულ კაფეს მიოს ცხენის სახელი „მირამისი“ დავარქვით.

13 წლის შემდეგ წაკითხულ წიგნში ამოვიკითხე: „-ო, ჩემო მირამის! სად აღარ ვიმოგზაურე შენზე ამხედრებულმა! შენ პირველმა გამაქროლე დილის ნათების ხიდზე. ეს არასდროს დამავიწყდება“.

ამ დროის მანძილზე რაჭველ მოსწავლეებთან ერთად 19 ლიტერატურული კაფე „მირამისი“ გავმართე. მიოს მიმართვა მირამისისადმი სიმბოლურად ასახავდა ჩვენს ლიტერატურულ მოგზაურობას, რომელმაც დილის ნათების ხიდზე გაგვიყვანა და ეს მართლაც არასდროს დაგვავიწყდება.

 

 

გიზიარებთ ბალიშებისთვის შერჩეულ ციტატებს, რომლებიც ხვალ თავის პატრონებს იპოვნიან და  მჯერა, რომ 29 ოჯახში გაბნეულ ციტატებს ბევრი ადამიანის თვალი წაიკითხავს:

  1. „ – მაინც უნდა მოვძებნოთ! ის მთა კი, რომელმაც მიწისქვეშეთში ჩასასვლელი ამოქოლა… ის მთა… უნდა გადავდგათ! – ფეხზე წამოიჭრა ზილხა.“

„პატარა ზილხას დიდი თავგადასავალი“, ნატო დავითაშვილი

  1. „ – მამა, მოდი, ვილაპარაკოთ. როგორ ფიქრობ, დღეს კორპუსში ყველა ბედნიერია?

-ალბათ, არა, – მიუგო მამამ, – ეს კორპუსი ხომ მთელი სამყაროა, სამყაროში კი ზოგს ულხინს და ზოგსაც უჭირს“.

„ავრორა Z კორპუსიდან“, ანე-კატარინე ვესტლი

  1. „ზოგჯერ ყველანი ვცდებით. ხომ ასეა?“

„თევზი, სახელად ალეგრია“, ბეატრის ხიმენეს დე ორი

  1. „ყველანი აქ იყვნენ…ჩემი ცხოვრების ადამიანები“.

„სული-ჩიტი“, თამარ გეგეშიძე

  1. „-…ზრდასრული ადამიანები ძალიან მხიარულები არასოდეს არიან ძალიან მხიარულები, არც მიამიტები და უდარდელები. ხოლო ფრენა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც უდარდელი, მიამიტი და უზომოდ მხიარულია“.

„პიტერ პენი“, ჯეიმს მეთიუ ბარი

  1. „-მიყვარხარ და შენით ვამაყობ, – თქვა დედამ, წამოდგა და გამეცალა“.

„სამი წითელი თევზი“, რაკელ პულიდო

  1. „ბიჭს ჰქონდა განსაკუთრებული ნიჭი, ყოველთვის მოენახა გამოსავალი“.

„ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“, თეა თოფურია

  1. „-რამდენიმე კვირის წინ ვიპოვე გასაღები, მაგრამ შენთვის თქმა ვერ გავბედე, იმიტომ რომ მეშინოდა, ვაითუ სანდო არ იყოს-მეთქი… ნამდვილად სანდო“.

„საიდუმლო ბაღი“, ფრენსის ჰოდსონ ბერნეტი

  1. „-ო, ჩემო მირამის! სად აღარ ვიმოგზაურე შენზე ამხედრებულმა! შენ პირველმა გამაქროლე დილიდ ნათების ხიდზე. ეს არასდროს დამავიწყდება“.

„მიო, ჩემო მიო“, ატსრიდ ლინდგრენი

  1. „ტისტუ მიხვდა, რომ ომი ყველაზე დიდი და საზიზღარი უწესრიგობაა, რაც შეიძლება ქვეყნად მოხდეს, რადგან ომში ყველა კარგავს მისთვის უძვირფასესს“.

„მწვანეთითება ტისტუ“, მორის დრიუონი

  1. “ხეები, ქვები, ჩიტები, ცხოველები თუ ვარსკვლავები – ყველანი ერთნი ვართ და ყველას ერთი და იგივე ხვედრი მოგველის“.

„მერი პოპინსი“, პამელა ტრევერსი

  1. „მამაჩემი ამბობს, რასაც გასცემ, იმას მიიღებო. „ქვითარი ყოველთვის გამოჩნდება“ – მისი ფრაზაა. თუ კარგად მოიქცევი, კარგი რამ გადაგხდება, ცუდად მოქცევის შემთხვევაში კი ცუდად იქნები. არ ვიცი, მართლა ასეა თუ არა, მაგრამ თვითონ ასე სჯერა. ჩემთვის უთქვამს“.

„იშმაელი არ დამიძახოთ!“, მაიკლ ჯერარდ ბაუერი

  1. „- თვალები დახუჭე, – უთხრა ტუვამ და უამბო, როგორ იღვიძებდნენ ხეები გლიმერდალში“.

„ტუვა გლიმერდალიდან“, მარია ფარი

  1. „ყველაზე მეტად ანა მასწავლებლის მოყოლილი ზღაპრები უყვარდა“.

„მეკობრეთა სკოლა“, აგუსტინ ფერნანდეს პასი

  1. „და, აი, აკა კებნეკაისე ისევ ცაში აიჭრა – ისევ წინ გაუძღვა თავის გუნდს. დიახ, წინამძღოლმა ნამდვილად იცოდა მეგობრობის ფასი“.

„ნილს ჰოლგერსონისა და გარეული ბატების თავგადასავალი“, სელმა ლაგერლოფი

  1. „-ჰე, ჰანს, – მიმართა დედამ, როცა ბიჭი კართან შეყოყმანდა, – ფეხს რაღას ითრევ, შემოგევლე?“

„ვერცხლის ციგურები“, მერი დოჯი

  1. „-კეთილი გოლიათია, თქვენო უდიდებულესობავ, ოდნავადაც არ გახლავთ საშიში.
  • მოხარული ვარ, თუკი ასეა, – კვლავ ღიმილით თქვა დედოფალმა.
  • ჩემი უახლოესი მეგობარია, თქვენო უდიდებულესობავ“.

„დიკეგო“, როალდ დალი

  1. „ჰარიმ ქაღალდი შემოახია და ხელით ნაქსოვი, ზურმუხტისფერი,  სქელი შალის ჯემპრი და შინაური ტკბილეული ამოიღო“.

„ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, ჯოან როულინგი

  1. „მაშინვე უნდება, წამოსროლილი სიტყვები უკანვე წაიღოს, პირში ჩაიტენოს და გადაყლაპოს, მაგრამ ნათქვამი ნათქვამია“.

„ულისი“, ინგუნ თონი

  1. „კაქტუსა ჯერ პატარა ბიჭი იყო, მაგრამ იცოდა, რომ ცოდნა მნიშვნელოვანი ძალაა“.

„კაქტუსა აფრიკაში“, სოფია ბარშოვა

 

  1. „-არაფერს მიაქციო ყურადღება: არც შეცდომებს, არც სტილს, არც შენს ბატიფეხურ ნაწერს… საერთოდ არაფერზე ინერვიულო…მხოლოდ ის დაწერე, რაც ნამდვილად გულში გაქვს, კარგი?“

„35 კილო იმედი“, ანა გავალდა

  1. „გაჭირვებაც ბევრი ვნახე, მაგრამ ერთი აზრი მუდამ მამხნევებდა: ამიერიდან მარტო აღარ ვიყავი, გვერდით მეგობრები მყავდნენ. ისინი მძიმე წუთებში მხარში ამომიდგნენ და დარწმუნებული ვიყავი, ადრე თუ გვიან, უკეთეს მომავალს შევქმნიდით ყველა იმ დიდი თუ პატარა მაწანწალასთვის, ვისაც ბავშვობიდანვე არ ღირსებია ოჯახური სითბო, ალერსი და სიხარული“.

   „პატარა მაწანწალა“, ჯეიმს გრინვუდი

  1. „-ჩვენ ყველანი ჩვენებურად განსაკუთრებულები ვართ, -ამბობს მისის ბრუკი, განსაკუთრებულობა კარგია“.

„ჯაფარა“, ქეთრინ ერსკინი

  1. „როცა ერთხელ გაუჩენ ადამიანს რწმენას, მერე ყველაფერი ადვილია“.

„მელორი ტაუერსი“, ენიდ ბლაიტონი

  1. „ის ცდილობს, სულ უმნიშვნელო რამითაც გაიხაროს“.

„პოლიანა“, ელინორ პორტერი

  1. „-სკოლაში წასვლა შემეძლება?

-არა მხოლოდ სკოლაში, ტიტო. შეგიძლია უნივერსიტეტშიც ჩააბარო.

ტიტო გაოცდა: ეგ რა არის?

-ადგილი, სადაც სწავლობენ გემების აშენებას, სიცოცხლის გადარჩენას და სადაც მსოფლიო რუკებს ხაზავენ“.

„ბიჭი, ჩიტი და ოსტატი ალბერტო“, მატილდა ვუდსი

  1. „მერე ხმამაღლა წამოიწყებენ ხოლმე რაღაც სიმღერას: “We all live in a yellow submarine” ან “killing me softly with this song” ანდა ხალხურ სიმღერას „ქვეყნად არ არის ასეთი მხარეს“ შემოსძახებდნენ“.

„ქარიყლაპიას ზაფხული“, იუტა რიხტერი

  1. „მთელი ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის განმავლობაში არაერთხელ გამკვირვებია, როგორ ახერხებდა სხვების დამშვიდებასა და რაღაცაში დარწმუნებას ყოველგვარი ღრმააზროვანი და მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე“.

„მამა მუმუნის მემუარები“, ტუვე იანსონი

  1. „მგონი, ყველაზე კარგი ის განცდაა, როცა ჯერ გგონია, მარტოდმარტო ვარ და შველას ვერავის ვთხოვო და მერე იგებ, რომ თურმე უამრავი ადამიანი გპატრონობს ისე, რომ შენ არც კი იცი“.

„წერილი ოქროსფერი მარკით“, ონჯალი რაუფი

  1. „აქ იყო მისი სული და სხეული. იმ ხელნაწერებში მწერლის გული ფეთქავდა“.

„კაფკა და მოგზაური თოჯინა“, ჯორდი სიერა ფაბრა

 

 

 

 

კითხვის უნარების გასაუმჯობესებლად: სიტყვათა ოჯახები

0

 

როდესაც ბავშვები კითხვას იწყებენ, ყველაზე დიდი სირთულე ყოველთვის სიტყვების სიგრძე არ არის. ზოგჯერ პრობლემა ის ხდება, რომ ისინი ზოგ სიტყვას პირველად ხედავენ. ბავშვების გონება ყოველ ასეთ უცნობ სიტყვას ახალ ობიექტად აღიქვამს, რომელსაც დამუშავება და დასწავლა უნდა. ასეთ დროს, ზოგჯერ, ყურადღება ეფანტებათ და კითხვა უცებ სტრესად გადაიქცევა ხოლმე.

 

უმჯობესია, თუ კითხვის ათვისების გასამარტივებლად ერთ ძალზედ  ეფექტურ ფონეტიკურ ხრიკს მივმართავთ. ვსაუბრობ, სიტყვათა ოჯახებზე (word families) ანუ ‘რაიმინგ პატერნებზე.

(-at, -an, -ig, -op და სხვ.). ზოგჯერ მათ CVC (consonant-vowel-consonant) სიტყვებსაც ეძახიან.

 

Word families არის სიტყვების ჯგუფი, რომლებსაც ერთნაირი დაბოლოება აქვთ: cat, hat, bat, rat. ვიზუალურად და ხმოვანებით ეს სიტყვები ერთმანეთის მსგავსია. ბავშვებისთვის ეს არ არის რაიმე მორიგი  წესის დამახსოვრება. შეგვიძლია მათ იმის აღმოჩენაში დავეხმაროთ, რომ ეს სიტყვები და-ძმები არიან.

კითხვის პროცესში ტვინი ორ მთავარ საქმეზეა ფოკუსირებელი: გაშიფვრაზე  და გაგებაზე. თუ გაშიფვრის პროცესი ნელია, გაგებამდე საქმე საერთოდ არ მიდის. სიტყვების ოჯახებად სწავლა გაშიფვრის პროცესს ამარტივებს, რადგან ბავშვი მთელ სიტყვას თავიდან აღარ კითხულობს. ის უკვე ცნობს პატერნს.

 

მეცნიერებაში ამას pattern recognition ეწოდება. ესაა ტვინის უნარი, ნაცნობი სტრუქტურები სწრაფად  და მარტივად ამოიცნოს. მაგალითად, თუ მოსწავლემ ერთხელ უკვე მოახერხა და ამოიკითხა სიტყვა ‘cat’, მომდევნო ჯერზე სიტყვა ‘hat’ მისთვის უკვე ნაცნობია. ეს უნარი ბავშვებსაც ისევე ბუნებრივად აქვთ, როგორც მოზრდილებს. მასწავლებლები უბრალოდ ამის გააქტიურებაში უნდა დავეხმაროთ.

 

მსგავსი სიტყვათა ოჯახების სწავლა განსაკუთრებით ეფექტურია საწყის დონეზე, რადგან აძლიერებს ე.წ ‘blending’-ის უნარს, ამცირებს კითხვის შიშს და ავითარებს სწრაფი კითხვის უნარს, სიზუსტის დაკარგვის გარეშე.

 

არსებობს რამდენიმე სახალისო თამაში, რომლებიც მასწავლებლებს განსაკუთრებით დაეხმარებათ სასწავლო პროცესის სასარგებლოდ და ენერგიულად წარმართვისთვის.

 

Word Family House
დაფაზე ან ფურცელზე დახატეთ სახლი, მაგალითად „-at“. ბავშვებმა ამ სახლში სიტყვები უნდა შეასახლონ: cat, hat, bat. შეგიძლიათ დაუმატოთ უცნაური მეზობლებიც და იკითხოთ ისინიც ამ ოჯახიდან არიან თუ არა?

 

Sound Switch Game
თქვით სიტყვა cat. შემდეგ შეცვალეთ მხოლოდ პირველი ხმა: hat, rat, bat. ბავშვები სწრაფად კითხულობენ და ამჩნევენ, რომ ახალ-ახალი სიტყვები აღარ აშინებთ.

 

Odd One Out
დაწერეთ: cat – hat – dog – bat. ბავშვები პოულობენ ‘უცხოს’ და ხსნიან რატომაა ზედმეტი. აქ უკვე აზროვნებასა და ლოგიკასაც ივითარებენ.

 

Reading Chains
ერთი სიტყვა იცვლება მეორეთი, ძალიან მცირე ნაბიჯით:
cat → hat → hot → hop
ასე ბავშვები გრძნობენ, რომ კითხვა მუდმივი მოძრაობაა, სიტყვები კი ხშირად ცეკვავენ კიდეც.

 

მნიშვნელოვანია, რომ ეს აქტივობები მოკლე იყოს, სულ რაღაც 5-7 წუთიანი. რადგან მიზანი სიტყვების დაზეპირება კი არა, ბავშვების დარწმუნებაა იმაში, რომ მათ უკვე იციან, თუ როგორ უნდა ამოიკითხონ მსგავსი სიტყვები.

 

 

 

 

 

 

ერთი კომპლექსური დავალების „შეფასების დღიური“

0

თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომები, როგორიცაა კომპლექსური, შემოქმედებითი დავალება: „დროის ღერძი და ცვლილების დინამიკა“ (იხილეთ სტატია: „დროის ღერძი და ცვლილების დინამიკა“), მოითხოვს მოსწავლეებისგან არა მხოლოდ ცოდნის ათვისებას, არამედ პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ და ჯგუფურ სასწავლო პროცესებზე. თუკი პირველი სტატია გვიჩვენებდა, როგორ აქცევს მათემატიკა ისტორიულ მონაცემებს „გასაზომ მოდელად“, ეს სტატია ფოკუსირდება იმაზე, თუ როგორ აქცევს შეფასების პროცესი მოსწავლეებს კრიტიკულ ანალიტიკოსებად.

ქვემოთ გაგიზიარებთ მე-7 კლასში ამ თემის პრაქტიკულ განხორციელებას.

თემატური ბლოკი: რიცხვითი სიმრავლეები

თემა: მთელი რიცხვები

საკითხები:

  • მთელი რიცხვები
  • მთელი რიცხვის მოდული.
  • მთელი რიცხვების შედარება
  • მთელი რიცხვების მიმატება და გამოკლება
  • მთელი რიცხვების გამრავლება და გაყოფა

სამიზნე ცნებები:

მათემატიკური მოდელი -მთელი დადებითი და მთელი უარყოფითი რიცხვები. რიცხვითი ღერძი. რიცხვის მოდული

კანონზომიერება-მოქმედებები მთელ  დადებით და უარყოფით რიცხვებზე

ლოგიკა – ლოგიკური კავშირები და მსჯელობა

იმისათვის, რომ შემოქმედებითი დავალება ეფექტური ყოფილიყო, სასწავლო პროცესი რამდენიმე ეტაპად დავგეგმე:

მუშაობა იმით დავიწყე, რომ თითოეულ მოსწავლეს დავალება ინდივიდუალურად შევასრულებინე. ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგი, რომ მინდოდა უზრუნველმეყო საკითხის სიღრმისეული გააზრება და თითოეულ მოსწავლეს საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა დავალების შესრულებაზე. ინდივიდუალური ეტაპის დასრულების შემდეგ, კლასი 5 სამუშაო ჯგუფად დავყავი. მოსწავლეებს მივეცი შესაძლებლობა, თავად აერჩიათ ჯგუფის ლიდერები, რომლებსაც შემდგომში პროცესის კოორდინაცია და სამუშაოს სამართლიანი განაწილება დავავალე. პრეზენტაციების პროცესი რომ ერთფეროვანი და მოსაწყენი არ ყოფილიყო, ჯგუფებს კენჭისყრის პრინციპით გავუნაწილე დავალების 5 სხვადასხვა ნაწილი (მათ შორის ისტორიული კვლევის ბლოკი). ამ მიდგომამ მოსწავლეებში აზარტი გაზარდა და საშუალება მომცა, თითოეული ჯგუფისგან სრულიად განსხვავებული და საინტერესო კუთხით წარმოჩენილი ნაშრომი მიმეღო.

ამ შემოქმედებით დავალებაში, სამიზნე ცნებებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების ობიექტურად შესაფასებლად, გამოვიყენე შეფასების ერთიანი სისტემა. სისტემის უმთავრესი პედაგოგიური ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეებმა თავად მიიღეს მონაწილეობა რუბრიკების შემუშავებაში. ამან გაზარდა მათი პასუხისმგებლობა და ხელი შეუწყო მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას:

  • მოსწავლეებმა თავად განსაზღვრეს წარმატების სტანდარტები.
  • გაიაზრეს, რომ შედეგთან ერთად გადამწყვეტია პროცესიც (თანამშრომლობა, სიზუსტე, დროის მართვა)

ჯგუფური მუშაობის თვითშეფასების რუბრიკა

დავალება: “დროის ღერძი და ცვლილების დინამიკა”

ჯგუფის წევრი: სახელი გვარი…

ინსტრუქცია: შეაფასე შენი წვლილი ჯგუფურ მუშაობაში თითოეული კრიტერიუმის მიხედვით. შემოხაზე შესაბამისი ქულა (1 = ყველაზე დაბალი, 4 = ყველაზე მაღალი).

კრიტერიუმი 1 ქულა (საჭიროებს გაუმჯობესებას) 2 ქულა (ნაწილობრივ შევასრულე) 3 ქულა (კარგად შევასრულე) 4 ქულა (შესანიშნავად შევასრულე)
1. ჩართულობა და წვლილი ნაკლებად ვმონაწილეობდი დისკუსიებში; ჩემი წვლილი დავალების შესრულებაში მინიმალური იყო. შევასრულე ჩემზე დაკისრებული ნაწილი, თუმცა თავად ინიციატივა არ გამომიჩენია და დამოკიდებული ვიყავი სხვის მითითებებზე. აქტიურად ვმონაწილეობდი დავალების შესრულებაში და გავაკეთე ჩემი ნაწილი დათქმულ ვადებში. ინიციატივა გამოვიჩინე დავალების ნაწილების შესრულებაში და შევთავაზე დამატებითი დახმარება სხვებს.
2. მასალის სიზუსტე (ხარისხი) ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია/გამოთვლები  ხშირად საჭიროებდა შესწორებას. ჩემი გამოთვლები ზოგადად სწორი იყო, თუმცა მცირე შეცდომებით ჩემი დავალება მაღალი სიზუსტით იყო შესრულებული (გამოთვლები, დასაბუთება). ჩემი გამოთვლები იყო უზადო და დავეხმარე ჯგუფს სხვა წევრებს გამოთვლების სიზუსტის შემოწმებაში.
3. თანამშრომლობა და კომუნიკაცია არ ვიზიარებდი იდეებს; არ ვუსმენდი სხვების აზრს; ჩემთან კომუნიკაცია რთული იყო. ვმუშაობდი ინდივიდუალურად და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ვკონტაქტობდი ჯგუფთან. მეგობრული და ღია ვიყავი კომუნიკაციისთვის; პატივს ვცემდი სხვის აზრს და ვაზიარებდი ჩემსას. აქტიურად ვეხმარებოდი კონსენსუსის მიღწევაში და ვქმნიდი პოზიტიურ გარემოს.
4. დროის მართვა ვადაგადაცილებით მოვიტანე ჩემი ნაწილი, რამაც მთელი ჯგუფი შეაფერხა. ჩემი ნაწილი შევასრულე ბოლო მომენტში. ჩემი ნაწილი ვადაზე ადრე ან ზუსტად ვადაში წარვადგინე. ჩემი ნაწილი ვადაზე ადრე შევასრულე და დრო გამოვიყენე ჯგუფის საერთო პროდუქტის გასაუმჯობესებლად.

შეჯამება

გთხოვთ, მოკლედ დაწერეთ:

  1. ჩემი მთავარი წვლილი დავალებაში იყო ———————————

————————————————-

  1. რის გაკეთებას შევძლებ უკეთესად მომავალ ჯგუფურ დავალებაში? —————————————————————

 

 

ლიდერის შეფასება თითოეული წევრის ინდივიდუალურ წვლილს დაეფუძნა, რაც მოიცავდა მათემატიკურ სიზუსტესა და სამიზნე ცნებების გააზრებას — მაგალითად, უარყოფითი რიცხვის ლოგიკურ დაკავშირებას ისტორიულ კონტექსტთან. ამასთანავე, გადამწყვეტი იყო გუნდური თანამშრომლობა, იდეების გაზიარება და თითოეული წევრის აქტიური ჩართულობა საბოლოო პროდუქტის მომზადებასა თუ პრეზენტაციის ვიზუალურ გაფორმებაში.

ჯგუფის ლიდერის შეფასების რუბრიკა: ინდივიდუალური წვლილი

ჯგუფის წევრისახელი გვარი:

ინსტრუქცია: შეაფასეთ ჯგუფის წევრის მუშაობა 1-დან 3 ქულამდე თითოეულ კრიტერიუმში, სადაც 3 არის უმაღლესი შეფასება.

# კრიტერიუმი 1 ქულა (არადამაკმაყოფილებელი) 2 ქულა (დამაკმაყოფილებელი) 3 ქულა (შესანიშნავი) ქულა
1  დავალების შესრულება (მათემატიკური სიზუსტე) წევრის მიერ შესრულებული დავალება შეიცავდა უამრავ შეცდომას, რამაც დააზარალა საბოლოო პროდუქტი. წევრმა შეასრულა თავისი ნაწილი, მაგრამ საჭირო გახდა ლიდერის/სხვა წევრების მიერ დროის დახარჯვა მის მნიშვნელოვან კორექტირებაზე. წევრის მიერ შესრულებული დავალების ნაწილი მაღალი სიზუსტით იყო შესრულებული და არ მოითხოვდა კორექტირებას.  
2  თანამშრომლობა და კომუნიკაცია უჭირდა კომუნიკაცია, არ იყო მზად კომპრომისისთვის ან არ ესწრებოდა შეხვედრებს. ჩართული იყო ჯგუფურ კომუნიკაციაში, მაგრამ პასიური იყო იდეების გენერირებისას. ეფექტურად იზიარებდა იდეებს, მიიღო კრიტიკა და ხელს უწყობდა ჯგუფის საერთო მუშაობას.  
3 პროდუქტის დასრულება და პრეზენტაციის მზაობა (ნაცვლად დროის მართვისა) წევრმა თავისი წვლილი შეიტანა გვიან, რამაც პროდუქტის ვიზუალიზაციასა და საბოლოო შეკვრას ხელი შეუშალა. წევრმა შეასრულა თავისი ნაწილი, მაგრამ არ მიიღო მონაწილეობა პროდუქტის საბოლოო გაფორმებასა და პრეზენტაციის მომზადებაში. წევრმა დროულად დაასრულა თავისი ნაწილი და აქტიურად მიიღო მონაწილეობა პოსტერის/პრეზენტაციის დასრულებაში/გაფორმებაში.  

 

შეფასების შეჯამება (ლიდერის კომენტარი)

  1. ამ წევრის (გვარი სახელი) ყველაზე დიდი წვლილი დავალებაზე მუშაობისას იყო:   ————-
  2. რაში სჭირდება ამ წევრს გაუმჯობესება მომავალი ჯგუფური დავალებებისთვის? ———-
  3. საბოლოო ქულა: (ჯამური ქულა 9 -დან)—
  4. საბოლოო შეფასება (10 ბალიანი შეფასების მიხედვით) —

იმისათვის, რომ ლიდერის მიერ განსაზღვრული ქულები მოსწავლისთვის გასაგებ და სამართლიან აკადემიურ შეფასებად გარდაიქმნას, ჯგუფის ლიდერებს შევთავაზე კონვერტაციის შემდეგი სქემა:

კონვერტაცია 10 ბალიან შეფასებაზე

მიღებული ქულა (რუბრიკიდან) შეფასება (10 ბალი) განმარტება
9 (მაქსიმალური) 10 შესანიშნავი შესრულება ყველა კრიტერიუმში.
8 9 მაღალი დონე, მცირე ხარვეზებით ერთ კრიტერიუმში.
7 8 დამაკმაყოფილებელზე მაღალი დონე.
6 7 დამაკმაყოფილებელი დონე (საშუალო ჯამური ქულა სამივე კრიტერიუმში).
5 6 საშუალო დონე, საჭიროებს გაუმჯობესებას.
4 5 სუსტი შესრულება.
3 (მინიმალური) 4 ძალიან სუსტი შესრულება, მუშაობა ძირითადად არადამაკმაყოფილებელი იყო.

 

პროექტის დასრულების შემდეგ, როდესაც მოსწავლეებმა თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების პროცესი გაიარეს, მათმა პასუხებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა ინტერდისციპლინარული სწავლების და განმავითარებელი შეფასების ერთობლივ ძალაში. აი, რამდენიმე ამონარიდი მათი რეფლექსიებიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ მათემატიკური სიზუსტე და ისტორიული კონტექსტის აღქმა პიროვნულ პასუხისმგებლობაში გადაიზარდა:

ანო (VII კლასი): „თავიდან უარყოფითი რიცხვები მხოლოდ მათემატიკური სიმბოლოები მეგონა. როდესაც ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დანაკარგი გამოვთვალე, მივხვდი, რომ მინუსი სინამდვილეში დანაკარგს ნიშნავდა“

ლუკა (ჯგუფის ლიდერი): „ქულების დაწერაზე ბევრი ვინერვიულე, იმიტომ რომ მინდოდა ყველას მიმართ სამართლიანი ვყოფილიყავი. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ მერე ჩემს მეგობრებთან ერთად განვიხილეთ ეს ქულები –  ამან ერთმანეთს უფრო დაგვაახლოვა.“

ნიკო (VII კლასი): საინტერესო იყო საკუთარი თავისთვის ქულის დაწერა. მივხვდი, რომ ზოგჯერ მეზარებოდა რაღაცები და დავაკელი, ზოგგან კი მართლა ყოჩაღი ვიყავი. მთავარია, ვისწავლე, რომ დროის გაფრთხილებაა საჭირო და შემდეგში უფრო მოვინდომებ.“

 

ამგვარი შეფასება აყალიბებს კლასში უკუკავშირის ღია კულტურას. მოსწავლე სწავლობს, რომ შეფასება არის არა დასჯის, არამედ განვითარების ინსტრუმენტი. ეს არის გარდამტეხი მომენტი, როდესაც თვითრეგულაცია ხდება სწავლის ხარისხის მთავარი მამოძრავებელი ძალა.

როგორც მასწავლებელი, ამ პროცესში დავინახე, რომ როდესაც სწავლება ასეთ კომპლექსურ სახეს იღებს, ჩვენ აღარ ვასწავლით მხოლოდ “საგნებს”. ჩვენ ვეხმარებით მოსწავლეს, ჩამოყალიბდეს მოაზროვნე პიროვნებად, რომელსაც შეუძლია მონაცემების ანალიზი, გუნდური მუშაობა და საკუთარ თავზე მუდმივი დაკვირვება.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. მათემატიკის გზამკვლევი მეშვიდე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ,

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/meshvide-klasi/

 

დროის ღერძი და ცვლილების დინამიკა

0

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში სულ უფრო აქტუალური ხდება  ინტერდისციპლინარული სწავლება,   ეს მიდგომა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ცოდნა აღიქვან არა როგორც იზოლირებული ფრაგმენტების ერთობლიობა, არამედ როგორც ერთიანი, ურთიერთდაკავშირებული სისტემა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათემატიკური ცნებების დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან და სხვა საგნობრივ სფეროებთან, რათა მოსწავლეებმა დაინახონ რიცხვების მიღმა არსებული პრაქტიკული და შემეცნებითი ღირებულება.

სტატიაში წარმოგიდგენთ შემოქმედებით ინტერდისციპლინარულ დავალებას — დროის ღერძი და ცვლილების დინამიკა, რომელიც მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის არის ადაპტირებული. დავალება აერთიანებს მათემატიკას (მთელი რიცხვები, მოდული, არითმეტიკული მოქმედებები) და ისტორიას (ქრონოლოგია, ძვ. წ. და ახ. წ. პერიოდების დინამიკა).

დავალების არსი მდგომარეობს ისტორიულ მოვლენების მათემატიკურ მოდელირებაში. მოსწავლეები ისტორიულ თარიღებს დროის ღერძზე მთელი რიცხვების გამოყენებით ასახავენ.  აქ მათემატიკური სიმბოლოები შინაარსობრივ დატვირთვას იძენს:

  • რიცხვის მოდული: განსაზღვრავს ისტორიულ მოვლენებს შორის დროის ზუსტ ხანგრძლივობას (პერიოდს).
  • არითმეტიკული ოპერაციები: მიმატება და გამოკლება აღარ არის მხოლოდ ფორმალური პროცედურა — ისინი ისტორიული ცვლილებების ტემპს, ცივილიზაციურ პროგრესსა თუ ეკონომიკურ დანაკარგს გამოხატავენ.

ამგვარად, მათემატიკური მოქმედება იქცევა ინსტრუმენტად ისტორიული დინამიკის სიღრმისეული გააზრებისთვის.

აღნიშნული მიდგომის მთავარი მიზანია მოსწავლეებში ანალიტიკური და ლოგიკური უნარების კომპლექსური განვითარება, რაც ციფრულ მონაცემებსა და რეალურ ისტორიულ ფაქტებს შორის მყარი კავშირების დამყარებით მიიღწევა. საგნობრივი სინერგიის საშუალებით, მოსწავლეები აცნობიერებენ მათემატიკას, როგორც ისტორიის კვლევის მძლავრ იარაღს, რაც ზრდის მათ მოტივაციას და აბსტრაქტულ რიცხვებს საინტერესო ისტორიული „საიდუმლოების“ ნაწილად აქცევს. ამგვარი სწავლება ხელს უწყობს ისტორიული მოვლენების არა ზეპირსიტყვიერ, არამედ სტრუქტურულ და დინამიკურ აღქმას, რაც საფუძველს უყრის გააზრებულ ქრონოლოგიურ აზროვნებას.

თემატური ბლოკი: რიცხვითი სიმრავლეები

თემა: მთელი რიცხვები

საკითხები:

  • მთელი რიცხვები
  • მთელი რიცხვის მოდული.
  • მთელი რიცხვების შედარება
  • მთელი რიცხვების მიმატება და გამოკლება
  • მთელი რიცხვების გამრავლება და გაყოფა

სამიზნე ცნებები:

მათემატიკური მოდელი -მთელი დადებითი და მთელი უარყოფითი რიცხვები. რიცხვითი ღერძი. რიცხვის მოდული

კანონზომიერება-მოქმედებები მთელ  დადებით და უარყოფით რიცხვებზე

 

ლოგიკა – ლოგიკური კავშირები და მსჯელობა

შემოქმედებითი დავალება: დროის ღერძი და ცვლილების დინამიკ

ნაწილი I: დროის ღერძი და ინტერვალები (ფუნდამენტური ოპერაციები)

თქვენი მისია: როგორც ისტორიული კოდექსის ავტორებმა, ასახეთ მოვლენები რიცხვით ღერძზე და გამოთვალეთ დროის ინტერვალები.

ინსტრუქცია: შეავსეთ ცხრილში „მთელი რიცხვის“ სვეტი შემდეგი წესით:

·         ძვ. . = უარყოფითი რიცხვი (მაგ: ძვ. წ. 400 არის -400)

·         ახ. . = დადებითი რიცხვი (მაგ: 2024 არის  2024)

ისტორიული მოვლენა წელი (ისტორიული) მთელი რიცხვი
ქართული ანბანის შექმნა ძვ. წ. 400 -400
რომის დაარსება ძვ. წ. 753  
პირველი სახმელეთო იმპერია

(კიროს II დიდი სპარსეთის და მიდიის მეფე)

ძვ. წ. 533  
რომის იმპერიის დაარსება ძვ.წ 30  
ქრისტეს შობა 1 1
ქრისტიანობის გავრცელება ქართლის სამეფოში 337  
წარმართულმა რომმა არსებობა შეწყვიტა (ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება) 381  
ალექსანდრიის ცნობილი ბიბლიოთეკის დაარსდა ძვ.წ  III საუკუნე (დაახლოებით ძვ. წ. 280)  
ალექსანდრიის ცნობილი ბიბლიოთეკის დაწვა ახ.წ IVსაუკუნე (დაახლოებით 400)  
რომის იმპერიის დაშლა ახ. წ 476  
საქარვთელოს ეროვნული ბიბლიოთეკა „ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა“ დაარსდა 1847  

ამოცანები (შეკრება/გამოკლება): გამოთვალეთ მოვლენებს შორის მანძილი (ინტერვალი)

  1. რამდენი წელი გავიდა რომის დაარსებიდან, რომის იმპერიის შექმნამდე  ?
  2. რამდენი წელი გავიდა რომის დაარსებიდან, რომის იმპერიის დაშლამდე ?
  3. რამდენი წელი აშორებს ქართული ანბანის შექმნა, „ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა“ დაარსებას  ?
  4. რომელია ყველაზე ძველი (ყველაზე შორი) მოვლენა? გამოიყენეთ მოდული და ახსენით, რატომაა ის საუკეთესო ინსტრუმენტი „სიძველის“ დასადგენად.
  5. შეადარეთ ძვ. წ. ორი მოვლენა: რომელი რიცხვია ნაკლები? რომელი მოვლენა მოხდა უფრო ადრე? რატომ ითვლება ძვ. წ. პერიოდში „უფრო მცირე რიცხვი“ „უფრო დიდ“ დროდ

ნაწილი II: ისტორიული დინამიკა და საიდუმლო შიფრი

მისია: თქვენი, როგორც ისტორიკოსების, მისიაა ალექსანდრიის ბიბლიოთეკის საიდუმლო სეიფის გახსნა, სადაც უნიკალური გრაგნილი ინახება. სეიფის კომბინაციის გამოსათვლელად გამოიყენეთ ისტორიული მონაცემები და დაადგინეთ ბიბლიოთეკისა და რომის იმპერიის დანაკარგის საშუალო ტემპები.

A. კოდი 1: დანაკარგის პროგნოზი

ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დაწვის შემდეგ, ყოველ 150-წლიან ციკლში წიგნების რაოდენობა საშუალოდ 12 პერგამენტით მცირდებოდა.

·         დავალება: რა იქნება წიგნების რაოდენობის მთლიანი ცვლილება 9 ასეთი ციკლის შემდეგ?

·         ლოგიკა: ახსენით, რას ნიშნავს უარყოფითი პასუხი (-108) და რატომ მივიღეთ ის დადებითი და უარყოფითი რიცხვების გამრავლებით?

B. კოდი 2: საშუალო ცვლილება (ეკონომიკური ზარალი)

დიოკლეტიანეს რეფორმების პერიოდიდან (+284-305წწ) იმპერიის დაშლამდე (+476), ანუ დაახლოებით 2 საუკუნის განმავლობაში, რომის ოქროს რეზერვი სულ 200 ერთეულით შემცირდა, რაც ინფლაციისა და კორუფციის ტემპს ასახავს.

·         დავალება: რა იყო რეზერვის საშუალო ცვლილება ერთ საუკუნეში?

·         ლოგიკა: რატომ არის შედეგი (-100) უარყოფითი? ახსენეთ უარყოფითი რიცხვის დადებითზე გაყოფის წესი.

C. კოდი 3: საეკლესიო მშენებლობის ტემპი (ზრდა)

ქრისტიანობის გავრცელების (+337 წ) შემდეგ, ქართლის სამეფოში 7 საუკუნის განმავლობაში, აშენდა  14 დიდი ტაძარი

·         დავალება: რა იყო ტაძრების მშენებლობის საშუალო რაოდენობა ერთ საუკუნეში?

·         ლოგიკა: რას მიგვანიშნებს დადებითი შედეგი (+2) და რატომ მივიღეთ ის ორი დადებითი რიცხვის გაყოფით?

ნაწილი III: ოპერაციის დასრულება (სეიფის გახსნა)

მისია: თქვენ გაქვთ ყველა საჭირო მონაცემი. დროა, შეკრათ საიდუმლო კომბინაცია და გახსნათ ალექსანდრიის ბიბლიოთეკის სეიფი.

1. საიდუმლო კომბინაცია

ჩამოწერეთ მიღებული კოდები ზედიზედ და გამოთვალეთ მათი ჯამი:

კოდი 1 (პერგამენტები) + კოდი 2 (ოქროს რეზერვი) + კოდი 3 (ტაძრები) = საბოლოო კოდი.

2. მისიის დასრულება

ნაწილი I-ის ლოგიკაზე დაყრდნობით (თარიღების შედარება), უპასუხეთ:

·         თუ რომის დაარსება უფრო ადრე მოხდა, ვიდრე ქართული ანბანის შექმნა, რას გვეუბნება ეს რიცხვების განლაგებაზე დროის ღერძზე?

·         თუ პასუხი სწორია, ჩაწერეთ დასკვნითი ფრაზა: სეიფის ფარული მექანიზმი ჩაირთო. მისია შესრულებულია!“

3. დასკვნა

მოკლედ დაასაბუთეთ:

·         როგორ დაგეხმარათ უარყოფითი ნიშანი დანაკარგის აღსაწერად?

·         რატომ გახდა მოდული აუცილებელი ყველაზე ძველი მოვლენის საპოვნელად?

შემოქმედებითი პროდუქტი

შექმენით ერთიანი ანალიტიკური პოსტერი ან ციფრული დროის ხაზი, რომელიც ვიზუალურად აერთიანებს თქვენს ყველა კვლევასა და ანალიზს. მთავარი ელემენტია ზუსტი რიცხვითი ღერძი, სადაც ნულოვანი წერტილი პირობითად ჰყოფს ძვ. წ. და ახ. წ. პერიოდებს და წარმოადგენს აბსოლუტური მანძილის (მოდულის) ათვლის საწყისს. ამ ღერძზე მკაფიოდ მონიშნეთ ყველა შესწავლილი ისტორიული მოვლენა და მათემატიკური სიზუსტით ასახეთ პერიოდებს შორის არსებული ინტერვალები.

პოსტერის ანალიტიკურ ნაწილში წარმოადგინეთ ყველა გამოთვლა, რომელიც ეხება დანაკარგებისა და ზრდის ტემპებს (გამრავლება/გაყოფა). ნამუშევარს დაურთეთ არგუმენტირებული დასაბუთება იმის შესახებ, თუ როგორ დაგეხმარათ უარყოფითი რიცხვები მოვლენათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობის დადგენაში და რატომ არის მოდული აუცილებელი ხელსაწყო რეალური მანძილების გასაზომად. განმარტეთ, რას ნიშნავს პრაქტიკულად უარყოფითი შედეგი ისტორიულ კონტექსტში და როგორ ასახავს ის იმპერიებისა თუ ბიბლიოთეკების დინამიკურ ცვლილებებს.

ნაწილი IV: ისტორიული კვლევა და დასაბუთებ (დამატებითი კითხვები/დავალებები)

(ეს ნაწილი გულისხმობს ინტერნეტის ან სახელმძღვანელოების გამოყენებას)

თქვენი მათემატიკური ანალიზის დასასრულებლად, საჭიროა, დააკავშიროთ რიცხვითი დინამიკა რეალურ ისტორიასთან. მოიძიეთ ინფორმაცია და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

1. ბიბლიოთეკის დანაკარგის რეალური მიზეზები

თქვენი ანალიზით დადგინდა, რომ ბიბლიოთეკა კარგავდა108 პერგამენტს  (კოდი 1). მოიძიეთ ინფორმაცია ალექსანდრიის ბიბლიოთეკის შესახებ და დაასახელეთ მინიმუმ ორი ძირითადი ისტორიული მოვლენა ან მიზეზი, რამაც გამოიწვია მისი ფონდის ასეთი მასშტაბური რეგრესიული დინამიკა (დანაკარგი).

2. რომის “პარადოქსი”

ნაწილი I-ში თქვენ შეადარეთ რომის დაარსება (ძვ.წ. 753) და კიროს II დიდის მიერ სპარსეთის იმპერიის შექმნის (ძვ.წ.533) თარიღები. მათემატიკურად -753 < -533. ახსენით, რატომ არის ნაკლები რიცხვი (-753) ამ კონტექსტში ქრონოლოგიურად უფრო ადრეული მოვლენის აღმნიშვნელი? მოიძიეთ მოკლე ინფორმაცია კიროს II დიდის შესახებ – რატომ ითვლება მის მიეს შექმნილი სახელმწიფო პირველ დიდ  „სახმელეთო იმპერიად“

3. ქართული ხუროთმოძღვრების ტემპი

თქვენ გამოთვალეთ, რომ ქართლის სამეფოში სალოცავების მშენებლობის საშუალო ტემპი იყო 2 სალოცავი 1 საუკუნეში (კოდი 3). დაასახელეთ 3 ისტორიულად მნიშვნელოვანი სალოცავი (მაგალითად, ჯვარი, ბაგრატი, ბოლნისი), რომელიც ადასტურებს ამ პერიოდის (IV-XI სს.) მაღალ კულტურულ დინამიკას. მოიძიეთ ინფორმაცია თქვენ მიერ შერჩეული ერთ-ერთი ტაძრის შესახებ.

4. რომის იმპერიის ეკონომიკური დაშლის დინამიკა

თქვენ გამოთვალეთ ოქროს რეზერვის საშუალო შემცირება ერთ საუკუნეში (კოდი 2). მოიძიეთ ინფორმაცია იმპერატორ დიოკლეტიანეს რეფორმების შესახებ და დაასაბუთეთ, რატომ იყო რომის იმპერიის დაშლის წლამდე (+476) ეკონომიკური დინამიკა უარყოფითი დაასახელეთ მინიმუმ 2 ისტორიული მიზეზი

5. დროის ღერძის საჭიროება (დასკვნა)

არგუმენტირებულად ჩამოაყალიბეთ, როგორ გვეხმარება უარყოფითი მთელი რიცხვები და მოდულის ცნება ისტორიული მოვლენების ქრონოლოგიური  თანმიმდევრობისა და მათ შორის დროის ზუსტი ინტერვალების (ხანგრძლივობის) დადგენაში.

 

შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმი / დონე საჭიროებს გაუმჯობესებას (1-4ქულა) დამაკმაყოფილებელი (5-6 ქულა) კარგი (7-6 ქულა) მაღალი (9-10 ქულა)
1. მათემატიკური მოდელი მოსწავლეს უჭირს ძვ. წ. პერიოდის უარყოფითი რიცხვებით აღნიშვნა; დაშვებულია შეცდომები მოდულის გამოყენებაში. სწორად იყენებს მთელ რიცხვებს თარიღების აღსანიშნავად. მოდულის გამოყენება ზუსტია, მაგრამ დასაბუთება ზერელე. მკაფიოდ ასახავს ისტორიულ მოვლენებს რიცხვით ღერძზე. ზუსტად იყენებს მოდულს „დროის აბსოლუტური მანძილის“ გასაზომად და ადეკვატურად ასაბუთებს მის საჭიროებას. უშეცდომოდ ასახავს ყველა მოვლენას; მოდულს იყენებს დროის ინტერვალის აბსოლუტური ხასიათის ზუსტად დასაბუთებლად.
2. კანონზომიერება დაშვებულია მნიშვნელოვანი შეცდომები გამრავლებისა და გაყოფის მოქმედებებში; ვერ ხსნის ნიშნის კავშირს ისტორიულ დინამიკასთან. სწორად ასრულებს არითმეტიკულ მოქმედებებს. ხსნის, რომ უარყოფითი შედეგი „დანაკარგია“, მაგრამ ვერ ასაბუთებს გამრავლებისა და გაყოფის მათემატიკურ კანონზომიერებას. ზუსტად ასრულებს ყველა ოპერაციას. ნათლად უკავშირებს მათემატიკურ კანონზომიერებას (ნიშნების წესი) ისტორიულ კონტექსტს: „უარყოფითი = რეგრესი, დადებითი = პროგრესი.“ ყველა გამოთვლა უშეცდომოა; ლოგიკურად და სიღრმისეულად ასაბუთებს, თუ როგორ მოქმედებს ნიშნების წესი ცვლილების ტემპზე . „უარყოფითი = რეგრესი, დადებითი = პროგრესი“
 

 

3. ლოგიკა (შედარება და კვლევა)

უჭირს ძვ. წ. მოვლენების თანმიმდევრობის ლოგიკური დასაბუთება. კვლევის ფაქტები არ არის დაკავშირებული მათემატიკურ შედეგებთან. სწორად ადარებს რიცხვებს და მოვლენებს,  ფაქტები სწორია, მაგრამ მოკლებულია ანალიზს.ახსნა სუსტია. ლოგიკურად და თანმიმდევრულად ასაბუთებს, თუ რატომ არის მათემატიკურად ნაკლები რიცხვი ქრონოლოგიურად ადრეული მოვლენა. კვლევის შედეგებით ამყარებს მათემატიკურ შედეგებს (მაგ., დანაკარგის მიზეზები). ასაბუთებს ქრონოლოგიურ ლოგიკას. კვლევის ფაქტებს იყენებს, როგორც მტკიცებულებას მათემატიკური მოდელის სისწორის დასადასტურებლად (მაგ., ეკონომიკური ზარალის მიზეზები).
4. შემოქმედებითი პროდუქტი პროდუქტი მოუწესრიგებელია; არ არის მონიშნული რიცხვითი ღერძი; აკლია ძირითადი გამოთვლები. პროდუქტი შეიცავს ყველა საჭირო ელემენტს, მაგრამ ვიზუალიზაცია სუსტია. რიცხვითი ღერძი მონიშნულია, მაგრამ დეტალები აკლია. პროდუქტი არის ორგანიზებული და ვიზუალურად გამართული. ნათლად ჩანს რიცხვითი ღერძი და ყველა ძირითადი ანალიტიკური ბლოკი (გამოთვლები და დასაბუთებები). პროდუქტი არის სრული, ვიზუალურად მიმზიდველი და ინფორმაციული. ლოგიკურად აერთიანებს მათემატიკურ მოდელს, გამოთვლებსა და ისტორიულ დასაბუთებას, როგორც ერთიან დროის კოდექსს.

მოსწავლეებმა მათემატიკა “ისტორიული მისიის” ნაწილად აქციეს და საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტები პოსტერებისა თუ ციფრული პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს, რამაც სწავლების პროცესში მათი ინტერესი და ჩართულობა მკვეთრად გაზარდა. მთელი რიცხვების ნიშანი ხარისხობრივ ინდიკატორად იქცა: უარყოფითი ნიშანი ისტორიულ რეგრესსა და დანაკარგს დაუკავშირდა, ხოლო დადებითი – პროგრესსა და ზრდას. მათემატიკური ლოგიკის ისტორიულ კანონზომიერებასთან სინთეზმა მნიშვნელოვნად გააძლიერა მოსწავლეთა ანალიტიკური მსჯელობა.

თხრობას ვაგრძელებ მომდევნო სტატიაში, სადაც დეტალურად აღვწერ, თუ როგორ შეაფასეს მოსწავლეებმა შესრულებული სამუშაო თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&amp;lang=geo
  2. მათემატიკის გზამკვლევი მეშვიდე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ,

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/meshvide-klasi/

 

 

 

 

 

 

ჩანაწერები მხატვრობაზე

0

 

*
არ მახსოვს, ხატვა რა ასაკში დავიწყე, მაგრამ რაც თავი მახსოვს, მგონი, სულ ვხატავდი. სკოლაში უფროსკლასელი ბიჭები „სიყვარულის ხის“ დახატვას მთხოვდნენ, როცა რომელიმე გოგოსთვის უნდოდათ ჩუქება. რაღაც გრაფიკული ნახატი მქონდა ამ სახელწოდებით, თან ხე იყო და თან – ქალისა და კაცის სახე, ჰოდა, იქიდან ვიხატავდი. მეზობლებიც მთხოვდნენ პეიზაჟების ხატვას ან მოდიოდნენ და არჩევდნენ ნახატს და მიჰქონდათ. ვჩუქნიდი. ზოგ მეზობელს, მგონი, დღესაც უკიდია სახლში. ერთხელ „გაეროს ბავშვთა ფონდმა“ გამოფენა-კონკურსი მოაწყო. იქ რომელიღაც საპრიზო ადგილზე გავედი და ბადმინტონი მაჩუქეს. მერე თანდათან ძერწვა-გამოქანდაკებაც დავიწყე. ხობისწყლის ნაპირების გასწვრივ არის ასეთი დანალექსი ქანი – მერგელი. ფერად მუქი ცისფერია. როცა ნესტიანია, პლასტელინივითაა. მერეც ნესტიან გარემოში უნდა იყოს, თორემ თუ გამოშრა, იბზარება და იფშვნება. აი, ამ მერგელისგან ვძერწავდი ხოლმე რაღაცებს. ერთხელ ვაჟა-ფშაველას ნატურალური ზომის ბიუსტი გამოვძერწე და შევღებე, რომ გაეძლო. რამდენიმე წელი გაძლო კიდეც. მთელი სოფელი დადიოდა ამ ბიუსტის სანახავად. საიზოლაციო პენოპლასტისგანაც ვთლიდი პატარა სტატუეტებს – მსუბუქი და ადვილად დასამუშავებელია სამართებლით. დღესაც მაქვს სოფელში იმდროინდელი რამდენიმე ფიგურა. როგორც შეუმდგარ მხატვარს და მოქანდაკეს, მიყვარს მხატვრობა და ქანდაკება.

 

*
დიდი მხატვარი, ისევე როგორც დიდი პოეტი, ის არის, ვისაც მკვეთრი ხელწერა აქვს. დიდი მხატვარი და დიდი პოეტი ავტორის დაუსახელებლად უნდა იცნო. როგორც საკუთარი მეტრული სისტემის ან უბრალოდ ინტონაციური ინდივიდუალიზმის მქონე პოეტის ერთი პატარა სტროფი და სტროფოიდი იძენს მნიშვნელობას ავტორის მთლიან, უნიტარულ შემოქმედებით სამყაროსთან მიმართებით, ასევეა მხატვარიც – დიდი მხატვრის უმნიშვნელო ჩანახატიც ფასდაუდებელია, როგორც დიდი სამყაროს პატარა ფრაგმენტი. მიყვარს ბოტიჩელი, მონე, ვან გოგი, მოდილიანი, ფიროსმანი, გუდიაშვილი, მერაბ აბრამიშვილი და სხვები.

 

*
ლიტერატურა და კინო ჩემთვის უფრო გრძნობად-სენსუალური რეცეფციის წყაროა, სტატიკური ვიზუალური არტი კი (მხატვრობა, ქანდაკება, ფოტოგრაფია) უფრო სპირიტუალურ-სულიერი. კარგ ნახატს რომ ვუყურებ, მკერდში რაღაც მეღვრება, რაღაცით ვივსები, და ეს არ არის ფიგურალური ნათქვამი – არა, ეს სომატურად საგრძნობია.

 

*
მხატვრებზე გადაღებული უამრავი ბიოგრაფიული ფილმი მინახავს, მაგრამ საუკეთესოდ ესენი მიმაჩნია:

  1. ალექსანდერ კორდა, „რემბრანდტი“, 1936 წ. მთავარ როლში – ჩარლზ ლოუტონი;
  2. გიორგი შენგელაია, „ფიროსმანი“, 1969 წ. მთავარ როლში – ავთო ვარაზი;
  3. ედ ჰარისი, „პოლოკი“. 2000 წ. მთავარ როლს რეჟისორი თვითონვე ასრულებს;
  4. მაიკ ლი, „მისტერ ტერნერი“, 2014 წ. მთავარ როლში – ტიმოთი სპოლი.

ჩვენი „სულის“ პოვნას ვცდილობთ…

0
Upset siblings ignoring each other at home

„სულებზე“ ალქიმიკოსები საუბრობდნენ. არ შეშინდეთ, სული სხვა არაფერია, თუ არა დამახასიათებელი სურნელი ჩვეულებრივი ქიმიური ნივთიერებები და თუ ისინი ღრმად ჩაისუნთქე, მოწამვლა ან სასუნთქი გზების გაღიზიანება არ აგცდება. მაგალითად, ამონიუმი და მისი მარილები, დარიშხანი, წითელი დარიშხანი, იგივე არომატული ცვილი, ოპერმენტი, იგივე დარიშხანის სულფიდი, ყვითელი გოგირდი, წითელი გოგირდი და თეთრი გოგირდი. გამოდის, რომ ყველაფერი „სულია“, რასაც მძაფრი სურნელი აქვს და დიფუზიით შეუძლია გავრცელება. მაშინ სუნამოც „სული“ გამოდის და ამ სულს თანამედროვე ადამიანი ძველ ადამიანზე არანაკლებ ეტანება.

 

ზოგ ნივთიერებას სუნი აქვს, ზოგს კი – არა. მაგალითად, რკინა უსუნოა, იოდს კი თავისი აქროლადობის გამო გამოკვეთილი სუნი ახასიათებს. ჩვენი ცხვირი სხვადასხვა მოლეკულას „იჭერს” და სუნს ვგრძნობთ. ცხვირში 50 მილიონი უჯრედია, რომლებიც მოლეკულებს „გრძნობენ” და თავის ტვინში ამა თუ იმ სუნის აღქმის შესახებ სიგნალს აგზავნიან. ჩვეულებრივი ადამიანის ცხვირი დაახლოებით 10 ათას სუნს არჩევს, დეგუსტატორისა – 30 ათასს. ცხვირში მოლეკულა იმ რეცეპტორს უკავშირდება, რომელსაც მისი მსგავსი ფორმა აქვს. ეს ჯერ კიდევ ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა ლუკრეციუსმა ივარაუდა და თანამედროვე მეცნიერებმა დაუდასტურეს.

 

ყნოსვის ცენტრი თავის ტვინის ლიმბურ სისტემას უკავშირდება, რომელსაც ემოციების მართვის ცენტრსაც უწოდებენ, ამიტომ სურნელმა შესაძლოა სხვადასხვა ემოცია აღგვიძრას და მოგონებები აგვიშალოს.

 

სუნის მქონე მოლეკულებს ოდოროვექტორებს, ოდოროფორებს ან ოსმოფორებს უწოდებენ. ოსმოფორი აქროლადი უნდა იყოს, სხვაგვარად ცხვირამდე უბრალოდ ვერ მიაღწევს. გარდა ამისა, ოდნავ მაინც უნდა იყოს წყალში ხსნადი, თორემ ცხვირის ლორწოვანში ვერ გაიხსნება. ლორწო, თავის მხრივ, ცილებისა და ნახშირწყლების წყალხსნარია, რომელსაც ცხვირის ეპითელიუმი გამოყოფს და რომელიც ნერვულ დაბოლოებებს ფარავს. თუმცა ლორწოს ორგანულ მოლეკულებს უნარი შესწევთ, გაუხსნელი მოლეკულები რეცეპტორებამდე მიიტანონ. ოსმოფორს უნდა შეეძლოს ლორწოს ცილის მოლეკულასთან ურთიერთქმედება და ნერვული რეცეპტორიდან თავის ტვინამდე სიგნალის გადაცემის პროვოცირება.

 

ჩვენი რეცეპტორები ტვინს სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიან და ყველა ჩვენგანი ერთნაირ სურნელს სხვადასხვაგვარად აღიქვამს. მაგ. ბეტა იონონის მოლეკულას ადამიანების 50% აღიქვამს იის სურნელად, 30% საერთოდ ვერანაირ სუნს ვერ გრძნობს, 20% კი მას შეიგრძნობს, როგორც ობის სუნს. სურნელი ტვინში იბადება, ზედ ემატება პირადი გამოცდილება, მეხსიერება-ასოციაცია და ეგაა.

 

ძველ დროში არომატები რელიგიასთან იყო კავშირში. მაშინ ადამიანები ბალახებს და ცვილს წვავდნენ, რომ არომატით ღმერთებისთვის ესიამოვნებინათ.

 

თავად სიტყვა „Parfume“ სიტყვა „Per Fumum“-ისგან მოდის. ეს ნიშნავს კვამლის გავლითო… დიახ, ღმერთებისადმი მიძღვნილი კვამლი იგულისხმებოდა.

 

შეიძლება ითქვას, სურნელი ერთი დიდი ნარევია. უფრო, რომ დავაკონკრეტოთ: სპირტის სუნი, სპირტის სუნია. აი, ვარდის სურნელში კი ნივთიერებების ნარევი მოიაზრება – Beta-damascenone 0.01-1.85%; Beta-damascone <1%; Beta-ionone <1%.

 

კიდევ უფრო ძველ დროში მცენარიდან სურნელის მისატაცებლად მას ხელში სრესდნენ. ამ დროს მცენარეში არსებული არომატული ნივთიერებები ხელში არსებულ ტენსა და ცხიმში იხსნებოდნენ. ასე ძველი ბერძნები და ეგვიპტელები იქცეოდნენ.

 

ასე იღებდნენ ცვილს და ცეცხლში წვავდნენ. გარშემო საოცარი არომატი ვრცელდებოდა. იყენებდნენ არომატულ მერქანს, მაგ. სანდალის ხეს და მისგან ავეჯს ამზადებდნენ. ხის მერქნის ცვილი წყალში არ იხსნება, თუმცა იხსნება ცხიმში. ხალხმაც ცვილის გახსნა ზეთებში დაიწყო და არომატული ზეთები მიიღეს. ბერძენი ფილოსოფოსი თიოფრასტი ტრაქტატში, რომელშიც სურნელს აღწერდა, წერდა პირველი სუნამოს დამზადების ტექნიკაზე. ძირითად საფუძველს ყოველთვის ზეთი წარმოადგენდა. ისეთი ზეთის პოვნა იყო პრობლემა, რომელსაც თავად სუნი არ ექნებოდა. ზეთში გახსნითა და გაცხელებით მიღებულ ზეთოვან სურნელებს სპეციფიკური სურნელი ჰქონდათ. იმ ძველ დროს სუნამოში ყვავილის სუნი არც არსებობდა. პირველი ყვავილი, რომლის სურნელიც გამოიყენეს, ვარდი იყო და მისი სურნელი გაცხელებით არ იკარგებოდა.

 

პირველი მოდური სუნამოს სახელი იყო „მეგალეონი“. მას უფრო სუნელის სუნი ჰქონდა, ვიდრე სუნამოსი. ამასობაში შუა საუკუნეებში არაბებმა სადისტილაციო ჭურჭელი გამოიგონეს.

სურათზე თანამედროვე ლაბორატორიული გამოსახდელი აპარატი (სურათი აღებულია პროგრამა „ვირტუალური ქიმია“).

ჯერ კიდევ ძველ ბაბილონში „ერთობოდნენ“ გამოხდით. საერთოდაც პირველ პარფიუმერად ვინმე ტაპუტი მიიჩნევა. ის სამეფო კარის სურნელოვანი ნივთიერებების შემქმნელი ყოფილა. ეს ინფორმაცია ბაბილონში ნაპოვნ ჩვ.წ.აღ.-ის 12 საუკუნის თიხის ფირფიტებზე იკითხება. სწორედ ამ ტაპუტიმ მოიფიქრა პირველად მეთოდი, როგორ „წაერთმია“ მცენარეებისთვის სურნელი. მცენარეებისა და ყვავილების ნარევებს მრავალჯერადად ადუღებდა, კონდენსირებულ ორთქლს უკან აბრუნებდა და მოკლედ…. მუშაობდა ქალი.

არაბული ფილოსოფიის სწავლულმა ერუდიტმა ალ ქინდიმ მეცხრე საუკუნეში დაწერა წიგნი „სუნამოს ქიმია და დისტილაცია“. აქ არომატული სუნამოების და ნელსაცხებლების ასზე მეტი რეცეპტია აღწერილი. აღწერილია აგრეთვე სადისტილაციო ჭურჭელიც, სახელად al-ambiq. იბნ სინამ კი ვარდის წყლის რეცეპტი აღწერა იგივე სადისტილაციო ჭურჭლით.

სადისტილაციო ჭურჭელი al-ambiq (სურათი აღებულია https://al-ambiq.com/en/ გვერდიდან)

ირანელმა ალქიმიკოსებმა საქმეში ცხოველური ინგრედიენტები შემოიტანეს. ეს პირველ რიგში მუსკუსი იყო. მთის ჯიხვებს აქვთ ჯირკვალი თავისებური ნივთიერებით და მის მოსაპოვებლად საბრალოებს მუსრი გაავლეს. ჯირკვალს აჭრიდნენ, აშრობდნენ და შავ მარცვლებს იღებდნენ, სურნელიც მკვეთრი ცხოველური იყო. ეს სურნელი შედარებით სასიამოვნო მხოლოდ მრავალჯერადი განზავების შემდეგ ხდება. როგორც აღწერდნენ, საკმაოდ რთული არომატი ყოფილა. ერთდროულად იყო მიწიერი, თბილი, ტკბილი, მაგრამ ამავე დროს სპეციფიკური და ცოტა რთულად გადასატანი. თუმცა, თუ მისი კონცენტრატის თუნდაც უმცირეს რაოდენობას ყვავილების სურნელიან სუნამოს დაამატებდით, არომატი საათობით მდგრადი ხდებოდა, მუსკუსის სუნიც რბილდებოდა და ყვავილებში ირეოდა. ძალიან მოთხოვნადი და ძვირი გახდა. მოგვიანებით მუსკუსის მისაღებად ანდატრებს მიადგნენ. ასევე, რაღაც ჯიშის კუს, ცხვრებს, ჯიხვებს და შეიძლება სხვა უწყინარ ცხოველებსაც და ეს ყველაფერი სურნელის გამო ხდებოდა. დღეისათვის ყველა ასეთი დანამატი, უკვე ქიმიურად სინთეზირებული ანალოგია. ჰოდა, იმედი მაქვს, დღეს თახვს აღარავინ მოკლავს, მხოლოდ იმიტომ, რომ კუდქვეშ არსებული ჯირკვლიდან არომატი მოიპოვოს.

კიდევ ერთი ინგრედიენტი ე.წ. „ამბრა“ იყო, რომელიც ვეშაპის კუჭიდან მოიპოვებოდა. ერთგვარი ცვილი გახლდათ, რომელიც ვეშაპის კუჭში ძნელად მოსანელებელი საგნის გარშემო ფორმირდებოდა. რა თქმა უნდა, ამ სურნელის მოსაპოვებლად ვეშაპებიც ბლომად ხოცეს. „ამბრას“ ოქროს ფასი ჰქონდა, რადგან სუნამოს ინგრედიენტების ფიქსატორად იყენებდნენ.

თუ ჰერმან მელვილის „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი“ წაგიკითხავთ, გემახსოვრებათ ეპიზოდი, როდესაც „ამბრას“ ვეშაპის ნახევრად გახრწნილი სხეულისგან იღებენ.

სუნამოები ძველ დროში წამლად ითვლებოდა. ამიტომ, ალქიმიკოსები სუნამოებს შესხურების შემდეგ სვამდნენ კიდეც. სწორედ მათგან გაიკვალა სუნამომ გზა ევროპისკენ. მეთოთხმეტე საუკუნეში უნგრული წყალი გამოჩნდა, რომელიც იქაურმა დედოფალმა დაამზადებინა. ეს იყო როზმარინის, ლავანდის, პიტნისა და სხვა ბალახების სპირტხსნარი. ასევე იყო პირველი მცდელობა სპირტის გამოყენების.

1708 წელს იტალიელმა ჯიოვანი ფარინამ, რომელიც კიოლნში ცხოვრობდა, მისწერა თავის ძმას, ჟან ბატისტს: იტალიური დილის მსგავსი არომატი მოვძებნეო. თავის ქმნილებას EAU de COLOGNE, ანუ კიოლნის წყალი უწოდა და ახალ მიმართულებას დაუდო საფუძველი.

სულ მალე ფრანგი მეყვავილე-პარფიუმერების გილდიამ სუნამოების შექმნასა და წარმოებას მიჰყო ხელი. პარფიუმერები ამტკიცებდნენ, რომ თითოეულ ადამიანს თავისი სურნელი („სული“) ესადაგებოდა…

მას შემდეგ, ჩვენც, ჩვეულებრივი მოკვდავები“, სულების მაღაზიაში“ სწორედ ჩვენთვის შექმნილი „სულის“ პოვნას ვცდილობთ.

 

 

„დღეები რბიან და…“ შემოდგომის ფოთლები ზამთრის ქარს მიაქვს

0

ფუნჯები დავრეცხე ეს-ესაა…
რა უნდა ქნას ამ უმძიმეს რეალობაში კაცმა, თუ არა „გაემგზავროს მადრიდს“, ნუ, ჩემს შემთხვევაში, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გადაკვეთაზე, „ზილიკოში“.
ჩვენს ჯგუფში ერთი 63 წლის კაცია. რამდენიმე წელიაო დავიწყე ხატვა. ხატავს რაღაცა კუბისტურ-სიურეალისტურ სტილში. ჰოდა, მეც თუ ისევ მომინდა ხატვა და დამიბრუნდა ამ პროცესის სურვილის მაგია თუ ინტიმი, ამ მეცადინეობებს ღვთის წყალობად ჩავთვლი.
ფერწერა პირონების სულის პროექციაოო, ბატონმა გია ხუციშვილმა. მე კი, „გარე თვალით“, ასე ვთქვათ, ვიტყოდი: მხატვრობა, კანონიკაზე მეტად, ინტერპრეტაცია ყოფილა. ცხრა კაცი ვიყავით და არცერთმა არ დახატა მსგავს სტილში ნატურმორტი. ანუ ყველას ნახატზე (ჯერ არ დასრულებულა, ცხადია) ისაა, რაც თითოეულმა დაინახა. თუმცა არსი ერთი და იგივეა – ყოფაზე ამაღლება მის მიღმა ხედვით, წვდომით. ფიროსმანის ჟირაფს უფრო მოკლე ყელი რომ ჰქონდეს და იდელური პროპორციები, მსოფლიოს არ ეყოლებოდა ნიკალა!
…დაჯექით და ხატეთო, რომ მითხრეს, ძალიან დავიბენი, რადგან ზეთის საღებავთან პირველი იყო ჩემი შეხება. თან სამი ფერი მქონდა, ე.წ. „ბელილა“(ფერებს რატომღაც რუსული სახელებით იცნობს ქართველი სამხატვრო საზოგადოებრიობა), შავი და ოხრა, გამიკვირდა; ბატონმა გიამ, აი, ზუსტად ისე, ახალშობილს წყალში რომ აგდებენ, რომ მან ცურვის ინსტინქტი განივითაროს, – ადექი შენც და მაგ სამი ფერის შეზავებით შექმენიო ფერები. ცოტა კი დავიძაბე, მაგრამ ბოლოსკენ ჯორჯო მორანდის ნატურმორტსაც კი შეადარა ჩემი დაწყებული ნახატი, ამიტომ ეს მხატვარიც გავიცანი…
დაბოლოს, თუნდაც იმ სამხატვრო კანონიკას სკრუპულოზურად იცავდე ძველი ეპოქის მხატვრებივით, შენეული იმპროვიზაცია თუნდაც სამყაროს აღქმაში, შეცნობაში, შეგქმნის მხოლოდ თვითმყოფად მხატვრად. ისე, რასაც დავაკვირდი, ნაწერისა არ იყოს, ნახატი შემქმნელის ხასიათსაც ასახავს, აპრიორი!
„როლში შევედი“ და წინსაფარიც ვიყიდე. ხვალ სინათლის ათინათის „დასმის“ ოსტატობას „შევეჭიდები“. წვალება უნდა, პრაქტიკა, მაგრამ ზეთი აკვარელი არაა, თუ ფერი არ მოგწონს, სხვას დაადებ ზემოდან, თან ისე, რომ არავინ გეტყვის:
„მალჲარი ხარ, ბიჭო?!“

  • >     >    >

დღეს ჩავატარე ლექციები ონლაინ; შემდეგ, შებინდებულზე, წავედი მარკეტში პროდუქტებზე; შემდეგ დავიწყე ყვითელი ყვავილოვანი კომბოსტოს ცხობილას გაკეთება, რომელიც ეს-ესაა შევდგი ჰაერღუმელში. მერე ჩამოვჯექი და მომინდა, ამაღლებულზე მესაუბრა, რა ვიცი…
მოდი, ვთქვათ ენის პოტენციალზე და „ინდივიდუალიზმზეც“. ავიღოთ ინგლისური და ქართული ენები და ურთულესი და უბანალურესი ცნება „სიკვდილი“. რას ამბობენ ეს ენები წუთისოფლის „ფინალზე“?
„გარდაიცვალაო“, იტყვის ქართველი და როგორც უცხოელ სტუდენტებსაც ავუხსენი, ეს არ ნიშნავს დასრულებას. ესაა ტრანსფორმაცია, გადადინება ერთი მდგომარეობიდან, სამყაროდან, სუბსტანციიდან მეორეში: მატერიალურიდან – სულიერში; ფიზიკურიდან – მეტაფიზიკურში, ტრანსცენდენტურში; ასე რომ, ჩვენი ენა „აზროვნებს“ რელიგიურადაც, ფილოსოფიურადაც და „განახმევს“ ამსოფლიურ ჩარჩოებს, გაგახედებს ზესთასოფლისკენ….
ახლა ინგლისური ავიღოთ. კი, თითქოს, მარტივად ითქვა: She was died; მაგრამ ეს მხოლოდ „მოკვდას“ არ ნიშნავს მისთვის, ვინც იცის ინგლისურის გრამატიკა. ესაა ვნებითი გვარი (Passive Voice), რაც გულისხმობს, რომ ადამიანის ნებაზე აღმატებულია სხვა „ნება“, რომელმაც მისი სიკვდილი „გადაწყვიტა“, ანუ ადამიანი პასიურია ამ შემთხვევაში, სხვისი „განაჩენია“ მისი სიკვდილი, რომელსაც იგი ემორჩილება…და თუ ენა ამ უზენაეს ნებას აღიარებს, ის სამყაროს ხედვის ქრისტიანული კონცეფციის ნაწილია, ცხადია. მოკლედ, ინგლისური აზროვნებს ისევე რელიგიურად, როგორც ქართული! ისიც აღიარებს სამყაროს შემოქმედს; ვერ ვიტყვით, რომ აქ ბედისწერაა „სიკვდილის გამომწვევი“, რადგან ინგლისელს უფრო „ლაითი“ დამოკიდებულება აქვს თუნდაც საბედისწერო შემთხვევითობისადმი (რომელიც შემდეგ „ჯაჭვად“ ქმნის განგებას, ანუ, ისევ და ისევ, უზენაეს ნებასო, რუსთველმა), ვიდრე, ვთქვათ, ჩვენს „ვეფხისტყაოსანს“. ისე გეტყვიან „Good luck“-ო, რომ, აშკარად, იღბლის სიმსუბუქეა და არა ბარათაშვილსეული „მერანზე ამხედრება“!
მოკლედ, ვიტყოდი, რომ ორივე ენა „ჭკვიანია და მოაზროვნე“.
ეს სენტიმენტალური „ტირადაც“ ჩავთვალოთ, როგორც კიდევ ერთხელ „სიყვარულის ახსნა“ ქართული თუ ევროპული, ქრისტიანული, ცივილიზაციებისადმი…

  • >     >    >     >

არ დამეძინა. სხეული კია მოთენთილი, მაგრამ ტვინი აქტიურად მუშაობს, ამიტომ გავავარჯიშებ, როგორც მღვიძარებას შეეფერება, რა ვიცი…
ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში არის მასად ქცევის საშიშროება. გავიხსენოთ მიხეილ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვა“; როგორ ემართება ეს სრულიად კეთილშობილ, ინტელექტუალურ ადამიანს და როგორ ეწირება ამ ცხოვრებისეულ „ჩავარდნას“. ამ საკითხზე ფიქრისას ასევე სულ მახსენდება ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ჩემი მოსწავლეობისა, „სუფთა დაფა“. იქაა ცნობილი სააზროვნო, შემოქმედებითი „სქემა“ – ჭეშმარიტება მიმალულია ადამიანურ სიმართლეებში და სანამ ის გამჟღანდება, მანამდე ადამიანები ძალიან უსამართლოდ იქცევიან, ასე „თვალახვეულნი“. ანუ არ იცის გონმა და ვერც გული ხვდება ვერაფერს, ამიტომ ასე შეიძლება ვინმე გაიწიროს. ასე ემართება იმ ფილმის პერსონაჟს, გოგონას, რომელსაც კლასი განუდგება; არადა, ის ცამდე მართალია და მათზე, ყველაზე, ბევრად ამაღლებული. უყიჟინებენ, ქოქოლას აყრიან ჯგუფურად, თითქმის ყველა ჩართულია ამ ძალადობაში, გარდა ერთისა. არ ვიცი, ეს კადრი შემთხვევითია თუ გენიალური, თუ ორივე ერთად. ამ ახორხოცებული, უშნოდ თითგაშვერილი ბავშვების მიღმა, უკანა მერხზე ზის ბიჭი, რომელიც სრულიად ამოვადნილია ამ დემონური კონტექსტიდან და თითქოს, „უფლის დაფაზეა“ – გარინდებული, სევდიანი, დიდივით ფიქრიანი. ვგიჟდები ამ მომენტზე და ამ ბავშვზე! ის არ გახდა მასა! მან ეს შეძლო! არ ვიცი, რანაირად, იქნებ ინტუიციურადაც?!
ცხოვრებაშიც გავიხსენებდი. უნივერსიტეტში პირველად რომ მივედი, ერთი ნაცნობი ინგლისურის სპეციალისტი მეუბნება: იცით, ეს რამხელა გამოწვევაა თქვენთვის? ვიცი-მეთქი და ამიტომაცაა აზარტული …
ჰოდა, შევდივარ, ახლა, პირველად, სრულიად უცნობ სტუდენტებთან, მე-3 დონეა, თან ეს დასაწყისში, სანამ ალღოს ავუღებდი ყველაფერს. მანამდე, სანამ ეს ბავშვები ძალიან მალე ჩემი მეგობრები გახდებიან, სარა – „ჩემი მარჯვენა ხელი“, აბი – ისეთი მცოდნე ქართული ზმნისა, რომ თემის ნიშნების ამოცნობასაც „შეეჭიდება“; სანამ ძალიან შემიყვარებენ…იყო რაღაცა უხერხული მომენტი, როცა გათვალიერებენ, ათვალწუნებითაც, გიმოწმებენ ყველაფერს და ვდგავარ მეც უცხო მათთვის და ისინი – ჩემთვის. ამ დაძაბულ მომენტში დავინახე ალი. თავისებური გარეგნობის მუსლიმი ბიჭი, ლიბანიდან იყო, თუ სწორად მახსოვს. იჯდა რაღაცა არაამქვეყნიურად ჭკვიანი და ნაღვლიანი, რაც მთავარია, სრულიად ჩემიანი.
ეს იმ მომენტში, თორემ ჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო, მხიარული, იუმორით სავსე, თავმოყვარეც ძალიან. ვეხუმრებოდი ხოლმე; პრეზენტაციაზე არ უნდოდა მოსვლა, ჰალსტუხს ვერ იტანდა და მე ვაბრაზებდი, წითელი ჰალსტუხი უნდა გიყიდო და გაიკეთო-მეთქი. იცოდა, რომ იუმორი იყო, მაგრამ მაინც ბრაზდებოდა. ვიცი, რომ ის მაგარი კაცი და ექიმი დადგება…მენატრება ალი, უცნაური, ღირსეული ბიჭი, უცხო მენტალობით, უცხო ქვეყნიდან!
P.S. დავაბოლოებ იმით, რომ ადამიანის ყველაზე დიდი ღირსება საკუთარი აზრის შენარჩუნება მგონია მაშინაც კი, როცა არის პიროვნების გავლენა თუ გარემოს, საზოგადოებრივი აზრის, მასის ზეწოლის საფრთხე. საკუთარ თავში ადამიანის შენარჩუნება კი ჩვენი ცხოვრებისეული კრედოა. სულ ამას უნდა ვაკეთებდეთ, მითუმეტეს, საქართველოში…ეს მარტივი არაა და უამრავ რთულ რაღაცას მოიაზრებს. თუნდაც იმას, რომ მატერიალურისადმი „ჩათრევას ჩაყოლა არ ამჯობინო“, რაც პიროვნული კრახია…სულიერზე აქცენტირება სწორედ იქ და მაშინ, სადაც და როდესაც ის ნიველირებულია, ძალაცაა და მიზანიც, რომლებიც ყოველთვის სინათლესთან, გამარჯვებასთან, ღმერთთან მიმყვანია!…

 

 

 

დითირამბი ლიტერატურას

0

(ჩარლზ დიკენსის „წერილი უკაცრიელი კუნძულიდან“)

ჩემთვის, ლიტერატორისთვის, აუღელვებლად პასუხის გაცემა კითხვაზე „რა არის ლიტერატურა“ ძნელი წარმოსადგენია, მითუმეტეს, რომ მისი „მაგიის“ ტყვეობაში სრულიად ადრეული ბავშვობიდან ვარ მოქცეული.

სიტყვა, ვიცით, რომ ლათინურია (ლიტერა – ასო, ლიტერატურა – ასოებით დაწერილი); თუმცა ანბანით დაწერილ ტექსტებს შორის ლიტერატურის გამორჩევის საუკეთესო პრინციპი ალბათ ისევ დიდებული გურამ დოჩანაშვილისეული „ხელზე ბურძგლია“ („კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“). აქ ყველაზე დიდებული ისაა, რომ მკითხველიც მოიზარება, როგორც სათანადოდ აღმქმელ/შემფასებელი. იმის თქმა მინდა, რომ კარგი ლიტერატურა არა მასაზე, როგორც ამბობდნენ ყალბად „მონუმენტურ საბჭოეთში“, არამედ, სწორედაც რომ, ელიტარულ, განათლებულ, გემოვნებიან მკითხველზეა გათვლილი. თუნდაც ჯეიმს ჯოისის „ულისეს“, „ვეფხისტყაოსანს“ ან თუნდაც ფოლკნერის ბენჯამინის „ცნობიერების ნაკადს“ მხოლოდ სათანადოდ მომზადებული ადამიანი თუ ჩასწვდება და გაიგებს…

თავად ტერმინი, როგორც მხატვრული მწერლობის აღმნიშვნელი, XVIII საუკუნიდანაა დამკვიდრებული. მანამდე კი უძველესი ეპოქების სიტყვიერი შემოქმედების ძეგლებს („გილგამეშიანი“, „ილიადა“, „ოდისეა“) პოეზიად მოიხსენიებდნენ (ბერძნულად პოესიის, სიტყვიდან პოისო – ვქმნი, ვთხზავ). ეს პოეტური ქმნილებები წარმოითქმებოდა, უმეტესწილად კი, სიმღერით სრულდებოდა. ამიტომაც უწოდებდნენ ჰომეროსს აედს  – მგალობელს. ეს ისევ ჩამოჰგავდა ხელოვნების სინთეზურობა/სინკრეტულობას, როგორც ადრეულ, პრეისტორიულ ეპოქებში და დროთა განმავლობაში, როცა ტექსტების ჩაწერა დაიწყო, კაცობირობამ ლიტერატურას სათანადო, საპატიო ადგილი მიუჩინა ცივილიზაციის, კულტურის, ისტორიაში.

მწერლობის ადრეულ ნიმუშებში გადაწნეხილი იყო მითოლოგიური, რელიგიური, ზნეობრივი და ყოფითი ასპექტები, შრეები, თუმცა გამოიკვეთა მხატვრული მწერლობაც – სიტყვის ხელოვნება, რომლის სპეციფიკას მხატვრული სახეებით აზროვნება, სამყაროს სახისმეტყველებითი აღქმა წარმოადგენდა. ლიტერატურა საუკეთესო ამსახავ/შემნახავია ამაღლებულისა, იდეალურ/ღირებლებრივისა, საკაცობრიო დიადი მისწრაფებებისა, ადამიანთა გრძნობა-განცდა-ტკივილ-სიხარულისა. ის არის „მოდელი“ ცხოვრებისა, რომელსაც ესა თუ ის მწერალი გვთავაზობს და მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია, მათი ზოგადობა ისაა, რომ ისინი ქმნის სხვა, ამაღლებულ სინამდვილეს, რომელში გადანაცვლებაც ჩვენს სულს მეტად რაფინირებულს ხდის, ზრდის, ხვეწს არისტოტელესეული „კათარსისით“…

მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ასეთი საამაყო ლიტერატურა გვაქვს. ლიტერატურის შექმნამდეც უმდიდრესი ზეპირსიტყვიერების „მარგალიტების“ პატრონები ვართ, ჩვენი მითოსური წარმოდგენები კი (თუნდაც ამირანის მითი) მსოფლიოსაა მოდებული, მოდი, ლიტერატურის ძალისა და მადლის წარმოსაჩენად ჩემს ძვირფას ინგლისურ ლიტერატურას მივმართავ, რომლის სიყვარულმაც გამიხსნა გზა მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებამდე. მაგალითისთვის ავიღებ ჩარლზ დიკენსის, ვიქტორიანული ეპოქისა და ყველა დროის ყველაზე პოპულარული მწერალთაგანის, ერთ-ერთ მოთხრობა-შედევრს „წერილი უკაცრიელი კუნძულიდან“.

დიკენსი მწერალთა იმ დიდი იშვიათობას განეკუთვნება, მთელ ეპოქას რომ მოიაზრებენ და „დაატარებენ“; ისინი „უკანასკნელი მოჰიკანები“ არიან, რადგან კაცობრიობის სულისკვეთებაში ისე გაერია „რკინა“, რომ იმ ამამაღლებელი რომანტიზმისგან თითქმის აღარაფერი დარჩა, ამიტომ მისი ერთგულები სულის საგანგებოდ გამორჩეულ „კუნჭულებში“ ვინახავთ ამ განწყობებსა თუ იდეალებს, რომ მთელი ცხოვრება გამოვიზოგოთ და წუთისოფლის „მავნე ქარებმა“ სული ისე არ „დაგვიშაშროს“, რომ ღირებული და ფსევდო ერთმანეთისგან ვეღარ გავარჩიოთ. მოკლედ, ასეთი ლიტერატურა არის ორიენტირი არა მარტო მწერლობისა, არამედ ჩვენი ცხოვრებისაც და როცა ძალიან გადავიღლებით, მას უნდა მივაშუროთ, რომ აღვიდგონოთ ის დაკარგული წესრიგი, შელახული ზნეობა, შერყეული თავმოყვარეობა, ცხოვრების აგდებული სიხისტე რომ „თავზე დაგვაბერტყავს ხოლმე“ ყალბად მოჭრილი მონეტებივით.

თავადაც მძიმეცხოვრებაგამოვლილ ჩარლზ დიკენსს ჰქონდა ის, მოდით, „იობისა“ ვუწოდოთ, სიბრძნე, რომ მიუხედავად ძნელბედობებისა, არ ეღალატა იმისთვის, რაც ასე მასულდგმულებელია ჩვენი მაღალი ადამიანობისთვის, სიყვარული იქნება ეს, სხვისი თანადგომა თუ სულაც თავგანწირვა, ყველაზე დიდი რამ, რაც შეუძლია კაცს ამსოფლად გაკეთოს მეორე ადამიანისა თუ იდესითვის…

დავიწყე ამ დიდებული მწერლის კითხვა და მაშინვე აღმოვჩნდი ჩემი „ბავშვობის სულის სახლში“, რომელშიც საოცარი ჰარმონია სუფევს, ყველა წარმოდგენა თუ საგანი თავის ადგილზეა. ეს რაფინირებულობა თავმოყრილია მთავარი გმირის, კაპიტან ჯორგანის, ფენომენალური მეხსიერებისა და მაღალი ინტელექტის მქონე ამერიკელი მეზღვაურის, გემების მფლობელის, სამართლიანი და ძლიერი ადამიანის სახეში და ეს არაფრით არაა გამაღიზიანებელი, რომ თქვას კაცმა – ეს არაა რეალიტური გმირიო. აქედან გამომდინარე, ყველაზე მთავარი, რაც ლიტერატურული ნაწარმოების კითხვისას ინტერესის შენარჩუნებისთვსი გვჭირდება, სწორედ ეს ნდობაა მწერლისადმი! დასაწყისიდანვე „შემოგანათებს“ ძველი, კლასიკური ინგლისური პროზის სიმწყობრე და დელიკატური კულტურა მეტყველებისა თუ აზროვნებისა. ეს ზემოაღნიშნული „წესრიგი“ კი დიდი პროზის „საფუძველთა საფუძველია“.

ამბავი, თითქოსდა, დიდი ორიგინალურობით არ გამოირჩევა: ესაა მძაფრი, თუმცა ეტაპობრივად და საოცარი სიმშვიდით მოწოდებული, ამბავი ძმების, ალფრედ და ჰიუ რეიბრუკებისა. „სახელსა და ღირსებას ისე უფრთხილდებოდა, თითქოს საქვეყნოდ ცნობილი, დიდი ადამიანი ყოფილიყო“(15), ნათქვამია დიდად არაფრით გამორჩეულ პერონაჟზე, გარდაცვლილ მამა რეიბრუკზე, წვრილ ვაჭარზე და ხვდები, რომ იმ ეპოქოს „სიომ დაუბერა“, რომლისთვისაც პატიოსნება სიცოცხლის ტოლფასი ფასეულობის ცნებაა.

რა განსხვავებაა ვიქტორიანულ ეპოქის მსოფლმხედველობასა და დღევანდელს შორის? განა, მაშინ არ იცდნენ, რომ ბოროტებას დიდი ძალა ჰქონდა ? იცოდნენ, ცხადია, რადგან ამ მხრივ („აბელ-კაენობისა“) ადამიანი არ იცვლება. უბრალოდ, მათ იცოდნენ ასევე, რომ სიკეთეს უფრო დიდი ძალა აქვს და ნიცშესავით სულიერ სისუსტედ არ თვლიდნენ მას. მათ იცდნენ, რომ არის ნება ამ ზენაარი სიკეთისა, რომლის ძალით უნდა დალაგდეს ყველაფერი საბოლოო პერსპექტივაში („ბოროტსა სძლია კეთილმან…“). ეს იყო მათი სულიერი „გაუბზარაობის“ წინაპირობა; – „ზოჯერ უაზრო ქმედებასაც აქვს აზრი, რადგან მან შეიძლება ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზაზე დაყენოს კაცი“ – ეს იყო მათი ჯერ კიდევ დროისგან შეუბღალავი რწმენა!

ეს არის ამბავი ხუთი გირვანქა სტერლინგისა, რომელსაც ნათელს მოჰფენს უკაცრიელი კუნძულზე ნაპოვნი, ბოთლში ჩატოვებული წერილი; ესაა ფული, რომელიც მამა რეიბრუკმა შვილებს დაუტოვა, როცა გარდაცვალებამდე ყველა ვალი გაისტუმრა. მან არ იცოდა, რომ ეს იყო მოპარული ფული, რომელიც მას ვალის ასანაზღურებლად დაუტოვეს. სწორედ ის ულახავს ღირსებას მთავარ გმირებს, რომ ფულის პატიოსანი გზით ნაშოვნი არაა, ამიტომ ცდილობენ მოვლენებისა თუ ადამიანებისათვის „თავისი საკადრისი ადგილის მიჩენას“. აპირებენ, გაშიფრონ წყლით გადღაბნილი წერილი და მოცხებული ჩირქიც ჩამოირეცხონ.

რა არის სამართალი და როგორია ის? უზენაესი „შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“, რუსთველური გაგებით, ჩვენთვის მიუწვდომელია. მოდი, მაშინ ადამიანურ, ზოგად სამართლიანობაზე ვთქვათ, რომელიც პიროვნული პატიოსნებისა და ობიექტივიზმის განცდის ჯამს, ნაკრებს უდრის. თორემ , საქმე საქმეზე რომ მიდგეს, სუბიექტურად, „ყველა მართალია“. სწორედ ეს დარღვევა სუბიექტურობის, ეგოიზმის ჩარჩოებისა, ადის ზემოთ, „მიუკანკუნებს კარს“ ღვთაბრივ სამართალს. სწორედ ასეთი „თქმა მართლისა სამართლისა“ აღსრულდება მოთხრობაში, ფინალში…

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ბავშვური ფანტაზიის გულუბრყვილობითაა ყველა და ყველაფერი ზღაპრულად ურთიერთდაკავშირებული ერთმანეთთან, ეს ლიტერატურა არ ტოვებს ცრუ გამონაგონის შთაბეჭდილებას და საუკეთესო სახელმძღვანელოა წუთისოფლისეული დიდაქტიკისთვის. ამ უბრალოებაშია ზღაპრის სიბრძნეც…

ბოლოც ზღაპრულია – თუ მოთხრობაში ყველაფერი უზენაეს წესრიგს ემორჩილება, განა, შეიძლება, რომ ფინალი უარყოფითი იყოს?!

ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ – აი, ეს არისო ჩვენი ამქვეყნიური დანიშნულება, ბრძანა დიდმა ჩარლზ დიკენსმა. ესაა ამ მოთხრობის იდეაც. „ცხოვრებაში იშვიათად შევხვედრივარ ასეთ ბოროტებას. უფლება არ მქონდა, განზე ვმდგარიყავი და არ მებრძოლა მის წინაღმეგ“(59); – ამას ამბობს კაპიტანი ჯორგანი, რაინდული სულით, ბოლო წარმომადგენელი რომანტიკოსების „ცივილიზაციისა“, რომელმაც შემდგომ ადგილი დაუთმო უშნო პრაგმატიზმს, კონცეფციას – „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი“ – ესაა „პირველი აგურები“ იმ დიდი გაუცხოებისა და გულგრილობისა, რომელმაც დაბადა ადამიანისადმი, ღვთისა თუ სამყაროსადმი, ცხოვრებისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ.

აი, რატომ მივტირი მე, პირადად, მსგავს ფასეულობებსა და ლიტერატურას, რომელიც მათი მტვირთველია. ამიტომ ვმშვიდდებით და ვივსებით „იქ“ გადანაცვლებით, სადაც ისევ ფასობს სულიერი სისპეტაკე და ბოროტება ჯერ „თვალშეუდგამი ძალა“ არ გამხდარა, რომელიც „აღმართს ხნავს“.

გეპატიჟებით ნაღდი ლიტერატურის მადლიან, ჩვენს საუკუნეში მიტოვების პერსპექტივის მქონე „უკაცრიელ კუნძულზე“, თუნდაც ჩარლზ დიკენსი რომ გვთავაზობს, რომლის მადლმა უნდა გვაჩვენოს საუკეთსო გზა წუთისოფლის ძნელბედობების არიდებისა და თავშესაფრადაც ექცეს მათ, ვინც ამის ღირსია….

 

 

 

ციტატები წიგნიდან – ჩარლზ დიკენსი „წერილი უკაცრიელი კუნძულიდან“, გამომცემლობა „პალიტრა“, თბილისი, 2022

 

რა არის ჰილოძოიზმი?

0

მითოსის მსოფლხედვაა ბრძენის (სოფოსის), როგორც სამაგალითო ადამიანის, ცხოვრების მასწავლებლის, სახე. ბერძნულ კულტურაში თალესმა, ერთ-ერთმა პირველმა საპატიო შვიდ ბრძენთაგან (თალესი, პიტაკოსი, ბიასი, სოლონი, კლეობულოსი, პერიანდროსი, ხილონი. სხვა ჩამონათვალიც იყო ბრძენთა, მაგრამ თალესის ადგილი ხელუხლებელი იყო), მოინდომა დასაბუთებული სახე მიეცა საკუთარი სიბრძნისთვის, გონებრივი სამსჯავროს წინაშე შეემოწმებინა მსოფლმხედველობრივი პრობლემები. ეს მიზანი გახდა ფილოსოფიის დასაბამიც.

თალესი (624-547) – ექსამიას შვილი, მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთით არსებულ ბერძნულ კოლონიათა მთავარი ქალაქის – მილეტის – მკვიდრი იყო. ეს ქალაქი საბერძნეთისა და აღმოსავლეთის საზღვარზე მდებარეობდა და კარგ საშუალებას იძლეოდა უცხო კულტურათა გაცნობისა და ათვისებისა. თალესზე ზუსტი ცნობები პლატონსა და არსიტოტელესაც არ ჰქონდათ, მაგრამ, გადმოცემით, თალესმა სრულიად აითვისა აღმოსავლური სიბრძნე და დააფუძნა კიდეც ახალ ნიადაგზე. როგორც ჩანს, თალესმა პირველმა მიაქცია ყურადღება ადამიანის იმ უნარს, რომლის საშუალებითაც, გამოცდილების გაზიარებით, შეიძლება იმგვარი ცოდნის დადგენა, რომელსაც საყოველთაო და აუცილებელი მნიშვნელობა აქვს. ასე იქცა კოსმოგონია კოსმოლოგიად, ხოლო ემპირიული მეცნიერებანი (მაგ., გეომეტრია ეგვიპტეში) – თეორიულად. ამიტომ იყო, რომ შთამომავლობა მას პირველ მათემატიკოსად, ფიზიკოსად, ასტრონომად თვლის. თალესმა იწინასწარმეტყველა 585 წ. 26 მაისს მზის სრული დაბნელება, წრეში სამკუთხედი ჩაწერა, თავად ეგვიპტელებს გაუზომა პირამიდების სიმაღლე (დაელოდა, როცა ადამიანის ჩრდილი მისი სიმაღლისა გახდა და პირამიდების ჩრდილი გაზომა). მასვე უჩვენებია დამაჯერებლად თანამემამულეებისთვის, რომ თეორიული დასაბუთებისკენ ფილოსოფოსთა მისწრაფება სულაც არ ნიშნავს, რომ პრაქტიკულ ასპექტში ისინი „მოიკოჭლებენ“. მას გაუთვალისწინებია ზეთისხილის დიდი მოსავალი, წინასწარ შეუსყიდია ზეთის სახდელები და ძალზე გამდიდრებულა. გარდა ამისა, სასარგებლო რჩევებიც ხშირად მიუცია თანემემამულეებისთვის და სწორედ მისმა დიდმა პოლიტიკურმა ალღომ გადაარჩინა მილეტი განადგურებას, არ ჩაერია რა სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაში.

თალესმა დააგვირგვინა დასაბუთებისკენ სწრაფვა, რამაც ცოდნის კერძო დარგები მეცნიერებად აქცია, ანუ ის შეეცადა პირველსაწყისის, არხეს, დასაბუთებას. ამ უკანასკნელს უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე: რატომ უნდა ჩავთვალოთ არხედ ანუ პირველსაწყისად რაიმე ვითარება და არა რომელიმე სხვა? მითოსი კითხვის ამგვარად დასმას გამორიცხავდა, ანდა სავსებით დააკმაყოფილებელ პასუხად მიიჩნევდა, რომ ეს ასეა განსაზღვრულ-გადმოცემული, რადგან ამ დონეზე ადამიანის კრიტიკული გონება ბურუსით იფარებოდა, განიარაღებული იყო. ამიტომ თალესი შეიძლება აზროვნების რევოლუციონერად მივიჩნიოთ და ეს გულისხმობდა დასაბუთების პრინციპის აქტივიზაციას, გონების უფლების შეუზღუდველობის მტკიცება-აღიარებას.

ძველბერნულად „არხე“ ნიშნავს დასაწისს, წყაროს, მიზეზს, ელემენტს და ამავე დროს, ბელადობას, ბატონობას (მაგ., ჰომეროსთან). სწორედ ამგვარი პირველსაწისი იყო მილეტელი ფილოსოფოსების ძიების საგანი ანუ წყარო ყოველივესი, რომელიც საკუთარ ბუნებას უმორჩილებდა არსებულს, ბატონობდა მათზე. ამგვარ საწყისს მითოსში ეძებდნენ, ეგვიპტური იქნებოდა ის თუ ბერძნული. ერთიდან მრავლის ახსნა ადამიანის ცნობიერების ჩვეული, თანამყოფი მისწრაფებაა. სწორედ ამას უწოდა არისტოტელემ ფილოსოფოსობა, რადგან მისი შედეგი მსოფლმხედველობის „დაბადებაა“, ხოლო თალესს, რომელიც მსოფლმხედველობის დასაბუთებას ცდილობდა – ახალი სახის ფლოსოფიის დამწყები. არისტოტელე „მეტაფიზიკის“ პირველი წიგნის მესამე თავში ამბობს, რომ თალესი საწყისად წყალს თვლიდა. იგი  აცხადებდა, რომ დედამიწა წყალზეა მოტივტივე. არისტოტელეს თანახმად, თალესი ალბათ იმიტომ მივიდა ამ აზრამდე, რომ ყველა არსების საკვები წყალს შეიცავს; რომ სითბოც სინესტიდანაა და მისით ცოცხლობს. უფრო ზუსტი ცნობები არისტოტელეს არ აქვს, მაგრამ მას ეჭვი არ ეპარება, რომ თალესი გარკვეულ არგუმენტებს ემყარებოდა და არა თქმულებებს. თუმცა არისტოტელე საეჭვოდ მიიჩნევს იმ აზრს, რომ ეს შეხედულება იმდენად ძირძველია, რომ  მითში ღმერთები წყალს იფიცებდნენ. ზოგი მკვლევარი კი ფიქრობს, რომ წყლის პირველადობა თალესმა ეგვიპტური მითოსიდან აიღო, რაც არცაა გამორიცული, მაგრამ თუ ბერძენ მოაზროვნესთან რაიმე ბერძნული ტრადიციითვე აიხსნება (ამ შემთხვევაში, მითოსით), ძირითადი წყარო სხვაგან აღარ უნდა ვეძებოთ.

წყლის პირვესაწყისობა ნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული არსებული წყლის სახეცვლილებაა, მისგან წარმოიშობა და მას უბრუნდება. ამდენად, მოძრაობა წყლისთვის, როგორც მატერიალური პირველსაწყისისა და ასევე ყოველი არსებულისთვის – მნიშვნელოვანია. თვითმოძრაობა კი ძველი ბერძნებისთვის წარმოუდგენელი იყო სულის გარეშე. ამგვარად, თუ ყოველივე მოძრაობს და ეს მამოძრავებელი კი მის გარეთ იმყოფება, გამოდის, ყველაფერი გასულიერებულია, ცოცხალია. ყოველი თვითმოძრავი ცოცხალია და პირიქით. შეხედულება, რომ ყოველი აქტივობის წყარო სულია, ჰ ი ლ ო ძ ო ი ზ მ ა დ იწოდება („ჰილე“ – მატერია, „ძოონ“ – ცოცხალი). არისტოტელე თავის ნაშრომში „სულისათვის“ გვამცნობს, რომ თალესი არაორგანულ საგნებსაც მიაწერდა სულს, რადგან მათშიც ხედავდა აქტოვობას – მაგ.; მაგნიტსა თუ გიშერში. იქნებ თალესმა მითოსის ღმერთებიც მატერიის შინაგან მამოძრავებელ ძალად გაიაზრა, ამიტომაც ამბობდა, რომ „ყველაფერი სავსეა ღვთაებებით“. პირველი ფილოსოფოსი მითოსს დაუპირიპირდა არა ტრანსცენდენტულის უარყოფით (მითოსის ღმერთებიც სამყაროში ცხოვრობდნენ), არამედ მან ღმერთები გრძნობად სხეულებში „ჩაასახლა“. ამით ეს ბუნების ამხსნელი კვლევა ბუნებისვე შინაგანი ძალებისკენ წარმართა. ღვთაებრივისა და ბუნებრივის ამგვარ გაერთიანებას შემდგომში ინგლისელი ფილოსოფოსი ჯ. ტოლანდი (1670-1722) „პანთეიზმს“ (ბერძნულად „პან“ ნიშნავს ყოველივეს, მთელს, ხოლო „თეოს“ – ღმერთს) უწოდებს.

თალესის სიახლის შედეგად პროგრესირდა ფილსოფია და მეცნიერება, ხოლო  მემკვიდრეებმა მისი მეთოდი განავითარეს, ანუ მის მოძღვრებასაც კრიტიკას უქვემდებარებდნენ.

თალესმა პირველმა თქვა, რომ სულნი უკვდავნი არიან. ასევე, ზოგიერთის გადმოცემით, მზის მობრუნების გზებიც მან აღმოაჩინა პირველად და თქვა, რომ მზის სიდიდე უდრის 1/720 მაწილს იმ წრისა, რომელსაც მზე გადის; რომ სწორედ ასეთი მიმართებითაა მთავრის სიდიდე მის მიერ გავლილ წრესთან. თალესია პირველი, ვინც თქვა, რომ ოცდამეათე დღე არის თვის უკანასკნელი დღე და ასევე პირველმა დაიწყო მსჯელობა ბუნებაზე.

თალესი, როგორც ჰერაკლიდე (პონტოელი) გადმოგვცემს, განმარტოებულად ცხოვრობდა.

ზოგნი იმასაც ამბობდნენ, რომ იგი ცოლიანი იყო და ჰყავდა ვაჟი კიბისთე. სხვათა გადმოცემით კი, უცოლო იყო და დისშვილის იშვილა. ხოლო როცა მას შეეკითხებოდნენ, რატომ არ ჰყავს შვილები, არ შობს მათ, უპასუხებდა: „ბავშვების სიყვარულის გამოო“. ასევე გადმოცემით, თურმე როცა მას დედა დაქორწინების აუცილებლობას არწმუნებდა, იგი ამბობდა: „ჯერ ადრეაო“; შემდეგ კი, როცა ხანს გადასცდა, დედის დაჟინებულ თხოვნას მიუგებდა: „უკვე გვიანააო“.

მან წლის დროები აღმოაჩინა და წელიწადი 365 დღედ დაყო.

„ასეთია შვიდ ბრძენთაგან თალესი, ბრძენი ასტრონომი.“ – ასე აქებს მას ტიმონი „სილებში“.

ასევე ამბობენ, რომ თალესს დაუწერია 200 ლექსამდე და რომ ცოდნით ის პირველია ყველა ასტრონომთა შორის.

თალესსვე მიაწერენ შემდეგ წარმონათქვამს: „ყველა არსებულთა შორის უხუცესია ღმერთი, რადგან ის არაა დაბადებული“ ან „უმშვენიერესია ქვეყანა, რადგან ის ღვთის ნაწარმოებია“; „უდიდესია სივრცე, რადგან ის ყოველივეს შეცავს“; „უსწრაფესია გონება, რადგან ის ყველაფერს წვდება“; „უძლიერესია აუცილებლობა, რადგან ის ყოველივეზე ბატონობს“; „უბრძენესია დრო, რადგან ის ყოველივეს აღმოაჩენს“; „სიკვდილი არაფრით განსხვავდება სიცოცხლისგან“ და ა.შ.

როცა ჰკითხეს, დღე უფრო ადრე წარმოიშვა თუ ღამეო, მან უპასუხა: „ღამე ერთი დღით ადრე“. ხოლო კითხვაზე, დაემალება თუ არა ღმერთებს უსამრთლობის ჩამდენი კაცი, მისი პასუხი ყოფილა: „ღმერთებს განმზრახველიც კი ვერ დაემალება“. კითხვაზე „რა არის ძნელი?“ მან უპასუხა „საკუთარი თავის შეცნობა“; „და რა არის ადვილი?“ – „რჩვევა-დარიგება მისცე სხვას“; „რა არის ყველაზე სასიამოვნო?“ – „გექნეს წარმატება“; „რა არის ღვთაება?“ – „ის, რასაც არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული“; „რისი ნახვა იქნება საოცარი?“ – „მოხუცი ტირანისა“; „როგორ აიტანს კაცი უბედურებას ადვილად?“ – „როცა იგი მიხვდება, რომ მის მტრებს უარესი სჭირთ“; „როგორ გავატაროთ ჩვენი ცხოვრება საუკეთესოდ და სამართლიანად?“ – „ჩვენვე არ ჩავიდნოთ ის, რასაც სხვას ვუძრახავთ“; „ვინაა ბედნიერი?“ – „ვისი სხეულიც საღია, სული – მდიდარი, ბუნება კი კარგადაა აღზრდილი“. თალესის შეგონებით, უნდა გვახსოვდეს, გვიყვარდეს მეგობრები, ახლოსმყოფნიც და შორსმყოფნიც. კაცი მშვენიერია არა გარეგნული სილამაზით, არამედ ზნით, ჩვეულებებით. „ნუ გამდიდრდები ცუდი საშუალებით და ნუ შეიცვლი ჭორების გამო დამოკიდებულებას მათ მიმართ, ვინც მოგენდო“; „როგორი სამსახურიც მშობლებს გაუწიე, ზუსტად ისეთივეს ელოდე საკუთარი შვილებისგან“.

თალესი გარდაცვლილა 78 წლისა (ან, როგორც სოკრატე ამბობს, 50 წლისა).

 

 

 

 

 

 

ბუნებრივი ლანდშაფტები და ცოდნის ტრანსფერი საზოგადოებრივი მეცნიერებების გაკვეთილზე AI გამოყენებით

0

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე მოითხოვს ისეთი სწავლების მოდელებს, რომლებიც არ შემოიფარგლება ფაქტობრივი ცოდნის გადაცემით, არამედ უზრუნველყოფს მოსწავლეთა მიერ მიღებული ცოდნის გამოყენებას რეალურ კონტექსტებში. ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ცოდნის ტრანსფერი – უნარი, რომლითაც მოსწავლე ახერხებს თეორიული ინფორმაციის გადატანას პრაქტიკულ  რეალობაში (სოციალური და სამოქალაქო). განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ეს უნარი გამოვლინდება ინტერგირებული სწავლებისას, როდესაც კონკრეტული თემის ფარგლებში მიმდინარეობს მოსწავლეთა ტრანსფერული უნარების განვითარება.

ისეთ საკითხებზე აქცენტირება, როგორიცაა ბუნებრივი ლანდშაფტები (რელიეფი, კლიმატი, ჰიდროგრაფია, ბუნებრივი რესურსები) წარმოადგენს ეფექტურ საგანმანათლებლო რესურსს, რომელიც აერთიანებს ისტორიის, გეოგრაფიისა და მოქალაქეობის საგნობრივ შინაარსს და  კომპეტენციებს და ქმნის ინტერდისციპლინარული სწავლების მყარ საფუძველს.

ლანდშაფტზე დაფუძნებული სწავლებისას  ცოდნის ტრანსფერი გულისხმობს:

  • მიღებული ცოდნის გამოყენებას ახალ სიტუაციაში;
  • მიზეზ–შედეგობრივი კავშირების გააზრებას და
  • პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარებას.

თავად მიდგომა  – ლანდშაფტზე დაფუძნებული სწავლება (Landscape-based learning) – ეყრდნობა მოსაზრებას, რომ სივრცე და გარემო შეიძლება განვიხილოთ როგორც „ცოცხალი ტექსტი“, რომლის წაკითხვაც მოსწავლეს ეხმარება ისტორიული პროცესების, ეკონომიკური ურთიერთობებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გააზრებაში.

ამგვარი მიდგომით ბუნებრივი ლანდშაფტები შეიძლება განვიხილოთ როგორც  ისტორიული მოვლენების განმაპირობებელ ფაქტორი,  რომელიც განსაზღვრავს ადამიანთა დასახლების, მეურნეობისა და პოლიტიკის ფორმებს და,  ამავდროულად, პირდაპირ კავშირშია თანამედროვე გლობალურ გამოწვევებთანაც  (კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები, რესურსების მართვა).

ზოგადად ისტორიის სწავლებისას ბუნებრივი გარემო ხშირად განიხილება როგორც ისტორიული მოვლენების განმაპირობებელი ფაქტორი, ამ მოვლენათა კონტექსტი, თუმცა მისი გააზრება, ცოდნის ტრანსფერის თვალსაზრისით, აძლიერებს სწავლების ეფექტიანობას.

განვიხილოთ მაგალითები:

  • ძველი ეგვიპტის შესწავლისას მოსწავლეს ისე მივაწოდოთ საკითხი, რომ  შეძლოს  დაინახოს:
  • ნილოსის ხეობა  არ იყო  ეგვიპტის ცივილიზაციის მხოლოდ გეოგრაფიული არეალი, არამედ ის შეუძლია შეიძლება განვიხილოთ როგორც წყლის რესურსებზე დაფუძნებული სოციალური ორგანიზაციის მოდელიც;
  • მესოპოტამიის მდინარეთა აუზმა, ბუნებრივი პირობებისა და სახელმწიფო მმართველობის ურთიერთკავშირის შედეგად,  ძველი  შუამდინარეთის ცივილიზაციას დაუდო სათავე;
  • საბერძნეთის მთიანმა რელიეფმა   პოლისურ  სისტემას  ჩაუყარა საფუძველი.
  • და ა.შ.

როგორ მივიყვანოთ მოსავლე ამ აღმოჩნენებამდე? პრაქტიკული თვალსზრისით, მოხერხებულია   სიმულაციური და როლური თამაშები:

დავალება 1 – საბაზო გაკვეთილზე, ისტორიული ნარატიული მასალის შესწავლისას, მოსწავლეები აანალიზებენ გეოგრაფიულ რუკას და პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებზე:

  • რა გავლენა მოახდინა ბუნებრივმა გარემომ კონკრეტული ისტორიული მოვლენის, მაგალითად, ძველი ეგვიპტის სახელმწიფოს შექმნასა და გაერთიანებაზე? შუმერული ქალაქების ჩამოყალიებება/განვითარებაზე? ბერძნული პოლისების ჩამოყალიბებაზე და ა.შ.
  • წარმოიდგინე, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა ჩაგაბარეს (ლაგაში, ბაბილონი, ათენი..), უნდა მიიღო გადაწყვეტილება შენი ქალაქის წყლით და სხვა რესურსებით მომარაგებაზე. შეაფასე  ბუნებრივი გარემოს როლი შენი ქალაქის მომავალ განვითარებაში.

სიმულაცია და როლური თამაში ეხმარება მოსწავლეს გააცნობიეროს,   რომ ბუნებრივი ლანდშაფტი რეალურად მოქმედი ფაქტორია, ის არა  მხოლოდ უბრალოდ სივრცეა, არამედ ის ადგილია, სადაც ისტორია ვითარდება. ამავდროულად ისინი  ხელს უწყობს მათ სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებასაც.

დავალება 2. ისტორიისა და  გეოგრაფიის გაკვეთილებზე, გეოგრაფიული აღმოჩენების განხილვის დროს, სასურველია მოსწავლეებს შევთავაზოთ  ისეთი დავალება, რომელიც მოქალაქეობის საგნობრივ კომპეტენციებსაც მოიცავს, მაგალითად:  

თემა: „გეოგრაფიული აღმოჩენები და მსოფლიო განვითარების ტრანსფორმაცია“.

დავალება: მოამზადეთ  ინფოგრაფიკა ან პრეზენტაცია თემაზე:
„გეოგრაფიული აღმოჩენები – გლობალური სამყაროს დასაწყისი“. ამისათვის    შეისწავლეთ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები (XV–XVI სს.) და იმუშავეთ შემდეგ კითხვებზე:

  • როგორ შეცვალა აღმოჩენებმა მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა?
  • რა გავლენა იქონია კოლონიზაციამ თანამედროვე სახელმწიფოების ჩამოყალიბებაზე?
  • როგორ უკავშირდება ეს პროცესები თანამედროვე გლობალიზაციას?

 დავალების შესრულების პროცესში მოსწავლეები აქტიურად გამოიყენებენ ტრანსფერულ ცოდნას:   ისტორიულ  მოვლენებს და გოეგრაფიულ ცოდნას დააკავშირებენ თანამედროვე პოლიტიკურ  და სამოქალაქო პროცესებთან; ამავე დროს  გეოგრაფიულ ცოდნას გამოიყენებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის.

მსგავს შემთხვევებში თეორიიდან პრაქტიკაში გადასვლა ხდება მაშინ, როდესაც მოსწავლე გარემოს აღიქვამს როგორც აქტიურ საგანმანათლებლო რესურსს და არა მხოლოდ ინფორმაციად მოცემულ ფაქტს.

იმისათვის, რომ საგაკვეთილო საქმიანობა კიდევ უფრო სახალისო და მოსწავლის ინტერესებზე მორგებული იყოს, შესაძლებელია   სწავლებაში ციფრული და AI ინსტრუმენტების გამოყენება და უფრო მეტი დაინტერესების გამოწვევა მოსწავლეებში. ამ მიზნით სასურველია NotebookLM-ის მსგავსი AI პლატფორმების გამოყენება, რადგან ის  საშუალებას აძლევს მოსწავლეებს:

  • იმუშაონ წყაროზე დაფუძნებულ ტექსტებზე;
  • დააკავშირონ ისტორიული და თანამედროვე კონტექსტები;
  • გააკეთონ დასკვნები არა მზა პასუხების, არამედ ანალიზის საფუძველზე.

ატომ არის NotebookLM შესაფერისი  დავალებებისთვის?

NotebookLM მუშაობს „წყაროზე დაფუძნებული AI“-ის პრინციპით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლაში, რადგან:

  • მოსწავლე არ იღებს „ჰაერიდან მოტანილ“ პასუხს;
  • AI მუშაობს მხოლოდ იმ მასალაზე, რასაც მოსწავლე ატვირთავს;
  • ძლიერად ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას და ცოდნის ტრანსფერს.

პრაქტიკული ნაბიჯები NotebookLM -ით მუშაობის დროს:

  1. მოსწავლე ატვირთავს:
    • სახელმძღვანელოს ამონარიდს;
    • ტექსტს ძველი ეგვიპტის, მესოპოტამიის, საბერძნეთის და სხვ. შესახებ (სახელმძღვანელოს ტექსტს, ასევე შეუძლია ფოტომასალის გამოყენებაც);
  2. „სთხოვს“  NotebookLM-ს
    • დააჯგუფოს  ინფორმაცია მიზეზ–შედეგობრივი კავშირების მიხედვით;
    • ტექსტიდან ამოკრიფოს ფაქტები, რომლებიც აჩვენებს კლიმატის გავლენას;
    • იპოვოს პარალელები  გეოგრაფიულ აღმოჩენებსა და თანამედროვე გლობალიზაციას შორის;
    • როგორ აისახება  აღნიშნული ცვლილებები   მოსახლეობის უფლებებზე?
    • და ა.შ.

AI პასუხობს მოსწავლეს მხოლოდ იმ წყაროებზე დაყრდნობით, რაც შესთავაზა  მოსწავლემ. შედეგად, მიღებულ პასუხს მოსწავლე  აანალიზებს  და აკეთებს დასკვბებს  ანუ რეალურად ახდენს თეორიული ცოდნის გადატანას პრაქტიაკში.

ინსტრუქცია NotebookLM-ში მუშაობისათვის:

  • NotebookLM შესვლა Google ანგარიშით  https://notebooklm.google/
  • დააჭირეთ ღილაკს “Create new notebook”
  • ყაროების დამატება:  NotebookLM მუშაობს მხოლოდ იმ მასალაზე, რომელსაც მოსწავლე დაამატებს (მაგალითად, სახელმძღვანელოს ტექსტი (PDF / DOC), მასწავლებლის მიერ მიწოდებული ტექსტი, სამეცნიერო კვლევები (კოპირება–ჩასმით) და ა.შ.
  • მთავარი პრინციპი NotebookLM -ში მუშაობისას არის: „თუ წყარო არ არის, პასუხიც არ იქნება-იფიქრე ტექსტზე დაყრდნობით“;
  • მოსწავლეები კითხვებს წერენ ჩატში, მაგალითად:
  • რა იყო ამ ტექსტის მთავარი იდეა?
  • რომელი ფაქტორები უკავშირდება ბუნებრივ გარემოს?
  • რომელი ინფორმაცია აღწერს ბუნებრივ გარემოს?
  • როგორ იმოქმედა კლიმატმა ისტორიული პროცესის განვითარებაზე?“
  • როგორია ლანდშაფტის მნიშვნელობა ისტორიულ პროცესებში?
  • და ა.შ.

ფაქტები მიზეზშედეგობრივი კავშირებით:

  • რომელი ცვლილებები გამოიწვია გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა?
  • იპოვეთ პარალელები წარსულ მოვლენებსა და თანამედროვე გლობალიზაციას შორის;
  • როგორ აისახება ეს პროცესები დღევანდელ პოლიტიკაზე?
  • და სხვ.

მოსწავლეები NotebookLM -ის პასუხებს აანალიზებენ და აკეთებენ კომენტარებს, დასკვნებს.  ფაქტობრივად NotebookLM გამოიყენება როგორც ანალიზის, გააზრებისა და ცოდნის ტრანსფერის მხარდამჭერი ინსტრუმენტი.

ლანდშაფტზე დაფუძნებული სწავლებისას, რომელიც  ხელს უწყობს ტრანსფერული უნარების აქტივაციას,  AI-ის გამოყენება მოტივაციას  და ხალისს სძენს მოსწავლის საქმიანობას,  ავითარებს კრიტიკულ და სისტემურ აზროვნებას, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ამყარებს ინტერდისციპლინარულ კავშირებს და ხელს უწყობს ისტორიის, გეოგრაფიის საგნობრივი ცოდნის გაზრდას და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გააზრებას. მოსწავლე სწავლობს არა მხოლოდ „რა მოხდა“, არამედ რატომ მოხდა და როგორ შეიძლება მსგავსი პროცესები განვითარდეს მომავალში.

  • რამდენად მიზანშეწონილია ტრანსფერზე ორიენტირებისას https://notebooklm.google/ გამოყენება?

როდესაც მასწავლებელი მსგავსი კონკრეტული მიზნით იყენებს AI-ის,  ამ შემთხვევაში ის არ ანაცვლებს აზროვნებას, არამედ აძლიერებს კიდეც ცოდნის ტრანსფერს.

შეფასების სავარაუდო რუბრიკა  უნებრივ     ლანდშაფტებსა და  ცოდნის ტრანსფერზე ორიენტირებული გაკვეთილების  დროს AI -ის გამოყენებით :

8-9-10: ზუსტად და სიღრმისეულად იყენებს ისტორიულ და გეოგრაფიულ ცოდნას; ტერმინები სწორად გამოყენებულია; იყენებს არგუმენტებს, მიზეზ-შედეგობრივი კავშირებს; ავლენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, წარმატებით აკავშირებს ისტორიულ/გეოგრაფიულ ცოდნას რეალურ / თანამედროვე კონტექსტთან, წარმატებით იყენებს AI ინსტრუმენტებს.

5-6-7:  ძირითადად სწორად გადმოსცემს შინაარსს, თუმცა დავალება მეტწილად აღწერითი ხასიათისაა და ანალიზი ზედაპირულია/ ან – ნაწილობრივი; არგუმენტებიც სუსტია, დასაბუთებაც არასკამარისი და შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს; სამოქალაქო ასპექტი წარმოდგენილია, თუმცა არ არის სიღრმისეულად დანახული; ტრანსფერული კავშირებიც სუსტია.

ისტორიის, გეოგრაფიისა და მოქალაქეობის სწავლებისას ბუნებრივი ლანდშაფტების ინტეგრირება AI -ის ჩართულობით ტრანსფერული ცოდნის აქტივაციის ეფექტური  გზაა და   ხელს უწყობს აკადემიური მიღწევების გაზრდას, მოტივაციას და პიროვნულ ზრდას. 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...