როდესაც ბავშვები კითხვას იწყებენ, ყველაზე დიდი სირთულე ყოველთვის სიტყვების სიგრძე არ არის. ზოგჯერ პრობლემა ის ხდება, რომ ისინი ზოგ სიტყვას პირველად ხედავენ. ბავშვების გონება ყოველ ასეთ უცნობ სიტყვას ახალ ობიექტად აღიქვამს, რომელსაც დამუშავება და დასწავლა უნდა. ასეთ დროს, ზოგჯერ, ყურადღება ეფანტებათ და კითხვა უცებ სტრესად გადაიქცევა ხოლმე.
უმჯობესია, თუ კითხვის ათვისების გასამარტივებლად ერთ ძალზედ ეფექტურ ფონეტიკურ ხრიკს მივმართავთ. ვსაუბრობ, სიტყვათა ოჯახებზე (word families) ანუ ‘რაიმინგ პატერნებზე.
(-at, -an, -ig, -op და სხვ.). ზოგჯერ მათ CVC (consonant-vowel-consonant) სიტყვებსაც ეძახიან.
Word families არის სიტყვების ჯგუფი, რომლებსაც ერთნაირი დაბოლოება აქვთ: cat, hat, bat, rat. ვიზუალურად და ხმოვანებით ეს სიტყვები ერთმანეთის მსგავსია. ბავშვებისთვის ეს არ არის რაიმე მორიგი წესის დამახსოვრება. შეგვიძლია მათ იმის აღმოჩენაში დავეხმაროთ, რომ ეს სიტყვები და-ძმები არიან.
კითხვის პროცესში ტვინი ორ მთავარ საქმეზეა ფოკუსირებელი: გაშიფვრაზე და გაგებაზე. თუ გაშიფვრის პროცესი ნელია, გაგებამდე საქმე საერთოდ არ მიდის. სიტყვების ოჯახებად სწავლა გაშიფვრის პროცესს ამარტივებს, რადგან ბავშვი მთელ სიტყვას თავიდან აღარ კითხულობს. ის უკვე ცნობს პატერნს.
მეცნიერებაში ამას pattern recognition ეწოდება. ესაა ტვინის უნარი, ნაცნობი სტრუქტურები სწრაფად და მარტივად ამოიცნოს. მაგალითად, თუ მოსწავლემ ერთხელ უკვე მოახერხა და ამოიკითხა სიტყვა ‘cat’, მომდევნო ჯერზე სიტყვა ‘hat’ მისთვის უკვე ნაცნობია. ეს უნარი ბავშვებსაც ისევე ბუნებრივად აქვთ, როგორც მოზრდილებს. მასწავლებლები უბრალოდ ამის გააქტიურებაში უნდა დავეხმაროთ.
მსგავსი სიტყვათა ოჯახების სწავლა განსაკუთრებით ეფექტურია საწყის დონეზე, რადგან აძლიერებს ე.წ ‘blending’-ის უნარს, ამცირებს კითხვის შიშს და ავითარებს სწრაფი კითხვის უნარს, სიზუსტის დაკარგვის გარეშე.
არსებობს რამდენიმე სახალისო თამაში, რომლებიც მასწავლებლებს განსაკუთრებით დაეხმარებათ სასწავლო პროცესის სასარგებლოდ და ენერგიულად წარმართვისთვის.
Word Family House
დაფაზე ან ფურცელზე დახატეთ სახლი, მაგალითად „-at“. ბავშვებმა ამ სახლში სიტყვები უნდა შეასახლონ: cat, hat, bat. შეგიძლიათ დაუმატოთ უცნაური მეზობლებიც და იკითხოთ ისინიც ამ ოჯახიდან არიან თუ არა?
Sound Switch Game
თქვით სიტყვა cat. შემდეგ შეცვალეთ მხოლოდ პირველი ხმა: hat, rat, bat. ბავშვები სწრაფად კითხულობენ და ამჩნევენ, რომ ახალ-ახალი სიტყვები აღარ აშინებთ.
Odd One Out
დაწერეთ: cat – hat – dog – bat. ბავშვები პოულობენ ‘უცხოს’ და ხსნიან რატომაა ზედმეტი. აქ უკვე აზროვნებასა და ლოგიკასაც ივითარებენ.
Reading Chains
ერთი სიტყვა იცვლება მეორეთი, ძალიან მცირე ნაბიჯით:
cat → hat → hot → hop
ასე ბავშვები გრძნობენ, რომ კითხვა მუდმივი მოძრაობაა, სიტყვები კი ხშირად ცეკვავენ კიდეც.
მნიშვნელოვანია, რომ ეს აქტივობები მოკლე იყოს, სულ რაღაც 5-7 წუთიანი. რადგან მიზანი სიტყვების დაზეპირება კი არა, ბავშვების დარწმუნებაა იმაში, რომ მათ უკვე იციან, თუ როგორ უნდა ამოიკითხონ მსგავსი სიტყვები.


