ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
10 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

ოქტომბრისთვის ჩანაწერები

0

 

 

სოფელში, ეზოს შესასვლელ ჭიშკართან ახლოს თუ ჭა არის, ჭის გვერდით ჯერ კიდევ დგას ქალი, ასე 60 – 63 წლის. დგას სახელოებდაკაპიწებული და ხელებზე ძარღვები უცნაურად ლურჯი აქვს, თითქოს კანს გაადაკრესო ზერელად და სადაცაა ქარი აყრის. დგას და ცივი წყლით ქმრის და შვილების ტანსაცმელს რეცხავს. გვერდით სარეცხის ფხვნილის კოლოფი უდგას და ისე ფრთხილად ყრის ფხვნილს, იფიქრებ, რამე სასიცოცხლოდ ძვირფასია – თუმცა, ეს სიფრთხილე უკვე ჩვევა უფროა მგონი – ფხვნილი შეიძლება აღარც უჭირს. თვალები ისეთი შორს გამქცევი აქვთ ამ ქალებს, ძნელად მოიხელთებ, ფიქრითაც რომ სდიო. როცა მათ ვხედავ, კიდევ ვხედავ მოლურჯო ალბომს, გარეკანზე ორ ვარდ მიხატულ ალბომს და ალბომში ქორწილის კიდეებგაფერმკრთალებულ სურათებს – უკან ხალიჩა. ლარნაკში მიხაკები. შამპანურის ბოთლი. ტორტი. სხვა ლარნაკი შოკოლადებით. გვერდით გაღიმებული მეჯვარეები. ნეფე-პატარძალიც გაღიმებული. ზოგჯერ უნებლიე ნათესავი ბავშვი კადრში. ზოგჯერ კიდევ უფრო უნებლიე კლასელი. უკვე მთვრალი კლასელი, რომელიც ხუთი წლის შემდეგ ავარიაში მოკვდა. მგონი სამტრედიამდე არმისული.

ცოტა რამ არის ამ ალბომებზე უფრო სევდიანი. მე რომ ცხოვრების დარდზე რამე სურათოვანი სანახავის შექმნა მთოხოვონ, სწორედ მოლურჯო ალბომებს გადმოვიღებდი წიგნების კარადის მეორე თაროდან, სადაც ოდესღაც შემოდეს და მხოლოდ სტუმრები ათვალიერებდნენ ხოლმე. შემოდეს და ცხოვრება გაგრძელდა ჭის გვერდით, სახელოებაწეული და გაქცეული მზერით.

 

////

 

ოქტომბრის მიწურულს იწყებოდა ხერხვა. ხერხვა მოხურულაში. ხერხვა სასიამოვნო რამ არის. ოღონდ, ასე 12-13 წუთი. მერე იღლები, ცალკე – ხელის გაწევით, ცალკე – ერთფეროვნებით. მაგრამ დაღლაზე ბლომად უარესია, თუ მეზობელთან მისი ნათესავი და შენი იმდროინდელი სიზმარი მოვიდა სტუმრად. მაგალითად – ფატიმა ბერიძე.

– ,,პაწა, მევიცადოთ, წავა იი გოგო და გავაგძელოთ მერე!”

– ,,რეიზა?”

– ,,იმიზა, რომე მცხვენია ასე ხერხით ხელში!”

– ,,რაია, კი მარა ხერხვაში და მუშავში სამარცხვინო? თან არ გქონდეს შენც ახლა ცხრაი მაშინა შეშა დასაპობი! ხერხვა კაია პირიქით!”

– ,,რაფერაა კაი? სა წერია რომ ხერხვა კაია?”

,,ლომონოსოვი! – თქვა მამაჩემმა მტკიცედ და ხერხი მიიზიდა – ლომონოსოვი სკოლაში ჩვიდმეტი წლის შევიდა, მანამდე მუშაობდა ხან თევზის ბაზარში მწონავად და ხან შეშის მჭრელად და მერე რაი? გიჟდებოდნენ ქალები ლომონოსოვიზა!”

მე წარმოვიდგინე რუსულის კაბინეტში ,,ნეზნაკომკას” და ,,აპიატ დვოიკას” შუაში დაკიდებული ნახატი ,,ლომონოსოვი მიდის სკოლაში” – შესაბამისად ვერ წარმოვიდგინე, რატომ გიჟდებოდნენ ქალები ლომონოსოვიზა და ამ დროს ისევ მამაჩემის ხმა მომესმა:

,,აგერ, შაქროიას კითხე, ჩემი თუ არ გჯერა!”

,,კი, ლომონოსოვი მაგარი იყო!” – თქვა ცოტა გულსგარეთ შაქროიამ, აქეთა მეზობელმა, რომელიც ჩეჩმას ხურავდა – ,,მაგარი იყო, გეუბნებით; ერთ დღეში დაწერა მაგან მენდელევის ტაბულა…მარა, ამბობენ, დეესიზმრაო და რა ვიცი, მარა ნაღდია, რომ მაგარი იყო – მენდელეევის ტაბულას რომ კაცი დაწერ!”

ის გოგო ძაღლს ეთამაშებოდა და ვიცი მხედავდა. ვიცი ისიც, რომ ხვდებოდა, შემრცხვებოდა და ამიტომაც ის გოგო ძაღლს ისე ეთამაშებოდა, თითქოს ოზურგეთი უდაბნოდ ქცეულიყო და მხოლოდ ის და ძაღლი შემორჩენილიყვნენ უკაცრიელ ნაქალაქარს.

ეგეთია სიყვარული. ხან ისეთ ჩიხში მიგიმწყვდევს, დანებდები – შენ აქ ძველი ბუშლატით და თავზე გერმანიის რომელიღაც ქარხნის სახელიანი ქუდით ხერხავ, ვიღაც კიდევ… ეგ ვიღაც ან არსებობს ან არა, მაგრამ წარმოიდგენ და ასე, წამში, ხერხის ოთხ გასმა-გამოსმაში კარგავ ფატიმას. ძნელია. კაცმა რომ თქვას, ვერც გადარჩებოდი, მაგრამ კიდევ კარგი, სიზმრები იცვლებიან. თან თავისით. კიდევ კარგი, ადამიანი ასეთად გაჩნდა.

 

///

 

– მეიცა, საცხაიდან მეცნობი! – მეუბნება ბათუმელი ტაქსის მძღოლი.

– ეგ არაფერი. – ვეუბნები მე.

– მეიცა, შენ იიი არ ხარ? იმასრომშობი?

– კი! – დარწმუნებით ვპასუხობ მე.

ვიღიმით და ერთმანეთს ხელს ვართმევთ.

გურულს და აჭარელს შორის ყველაფერი გასაგებია. აფერი არაა გუუგებარი.

 

 

 

ოდნავ მკვახე შეძახილი

0

 

ვიღაც მარადამღელვარე ხალხი აღელვებულა ჩემი ახალი წიგნის გამო. წინასწარ და წაუკითხავად. წიგნის გამო, რომელიც საოცარი ადამიანის, დევნილი დედის დაუჯერებელ ისტორიას, ამ ისტორიის თანმდევ ოკუპაციას, სისხლს და ლტოლვილობას ეხება – იმას, რაც ჩვენი ახალი დროის მკაფიო ნიშანია და აუცილებელ შეხსენებას მოითხოვს. ეგ ხალხი, როგორც მითხრეს, ადრე სხვა წიგნის გამოც ღელავდა. იტალიელ მკითხველს ერთი შესანიშნავი ფეხბურთელის გამოისობით საქართველოზე და სამეგრელოზე რომ უყვებოდა – იმის. და რა გასაკვირია, რომ ახლაც აღელდნენ. კი, ამ წიგნის არსი სრულიად სხვაა, მაგრამ ცალკე სპორტსმენზე რომ დაწეროს კაცმა, თან ისეთზე, ვისზეც უკვე ფილმები გადაუღიათ, ეგ რა გასაკვირია. მაგრამ არის ხალხი, ვისაც ყველაფერი უკვირს – ან უფრო ცხადად და გულწრფელად რომ დავაზუსტოთ – ძალად იკვირვებს. მიზეზი ერთია და სულხან-საბა მას ძალიან პოეტურად განმარტავს. ჩაიხედეთ.

ისე, ზერელე ცნობისთვის, სპორტზე და უფრო ფეხბურთზე წერა, ჩემი შემოქმედების ერთ-ერთი ხაზია. კიდევ ვაპირებ – მესხი და გუცაევია სამუშაო მაგიდაზე.ბავშვობაზე წერა – სხვა ხაზი გახლავთ. ბავშვებისთვის – სხვა.

ზოგადად, თუ სხვა ,,ხაზები” გაინტერესებთ კიდევ ჩემი, რამდენიმე წიგნწაკითხულ მეგობარს ჰკითხეთ – აი, მათ, ვისაც თუნდაც თანამედროვე ქართული პოეზია გაუგია. ჰკითხეთ – გიპასუხებენ. ან – არ. არ ვიცი. მათი საქმეა. არა, როგორ არ ვიცი, რომ ამას აისხლეტთ და წაიყრუებთ – განა რამე – ისე, ვამბობ, ჩემთვის. იმ ცალკე ანეკდოტისთვის, მე რომ ვიღაცაზე წერა ,,მჭირდება”.

ჰოდა – სპორტი ნუ გაშინებთ. თქვენც ხომ სპორტსმენები ხართ და რა საქმეში – თავადაც იცით.

მაგრამ, როგორც გითხარით, ეს წიგნი სპორტზე არ არის. მას სპორტული წარმატება აგვირგვინებს. და თუ ამონარიდებს წაიკითხავთ – სოხუმის, ჭუბერის, ემიგრაციის და ა.შ. და უამრავ გამოხმაურებას გაეცნობით, იოლად მიხვდებით, რომ ეს ამონარიდიც კი ყოფნის იმ განზრახულობას, რაც მას ჰქონდა. ეს წიგნი აუცილებელად ბესტსელერი გახდება. ამ ქვეყანაშიც და სხვაგანაც. ხალხი შეიყვარებს. და რასაც ხალხი შეიყვარებს – შეგძულდებათ თქვენ – ნაცადი ალგორითმია.

ჰოდა, კიდევ, ზოგადი ცნობისთვის, ნამდვილად ძვირფასო მეგობრებო, მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ხალხი, ახლა რომ ღელავს და თავს თავს, შესაძლოა, რამის მცოდნედ და პროგრესულად გაჩვენებთ, არის ასმაგი სტანდარტით აღსავსე და სრულიად ყველაფრის მკადრებელი – აგერ, საკუთარ თავს ლიბერალს უწოდებენ და ამავდროულად მენტალურ ჯანმრთელობაზე და სუიციდზე ღლიცინებენ ხოლმე. არის დიდწილად სრულიად უვიცი, ნიჭგამოცლილი, ზედაპირული, თუნდაც ლიტერატურის არსის ძნელად მცოდნე, შესაბამისად – წარუმატებელი და მოშურნე. რაღა დაგიმალოთ და ალბათ ძალიან ბოროტებიც გახლავან – მაგრამ ეს მათი სპორტია, საკუთარი მცირე მაყურებლით. ყველაზე სასაცილო ის არის ხოლმე, რომ რასაც მიჩვენებენ და გადავხედავ, იმ ათეულთაგან (მეტი არ არიან) – უმეტესს, ჩემი ქებით ენა ჰქონდა სხვა წლებში გადატყავებული, ზოგს რაღაც ვალი აქვს, ზოგს სხვა რამ ჰმართებს – პასუხისმგებლობის გაუქმების საუკეთესო გზა ხომ უმადურობა და აქეთ ,,შემოტევაა”. ეგეც ვიცი.

ახლა, ის არ მითხრათ, კრიტიკა უნდა მიიღო. კრიტიკას მივიღებ. მაგრამ: პირველი – კრიტიკა და წინასწარ მოტივირებული ბოდვა ღრმად სხვადასხვაა საქმეებია. ეს ერთი. და მეორე – ჩემივე უფლებაა კრიტიკას კრიტიკით ვუპასუხო ხოლმე, თუ ჩავთვლი, რომ უვარგისია.

ჰოდა, თქვენ, არცთუ ისე ძვირფასო მეგობრებო – არავითარი შანსი ჩემთან პერსონალურ ომში წარმატების არ გაქვთ. ეგ თქვენს უსაგნო, შურით ნაკარნახევ და სასარგებლოდ იდიოტურ მცდელობებს კი არა – გამძვინვარებულ მანქანებს ვერ გამოუვიდათ. მე შეიძლება, ჩემმა თავმა დამამარცხოს – რაც უქნია და ახლაც ვებრძვი, მაგრამ თქვენ – ვერა – საკუთარ თავს თუ დაიზარალებთ საბოლოოდ. სხვა რომ არაფერი, დრომ ეგრე მოიტანა და იმ საქმეების გამო, რასაც ეს წლებია, ბედის განგებით, სათავეში ვუდგავარ და მართლა კატორღული მუხლჩაუხრელობით ვაკეთებ, უამრავი ადამიანის წარმოუდგენლად დიდ სიყვარულს ვგრძნობ ყველა კუთხე-კუნჭულში – იმაზე გაცილებით მეტის, ვიდრე თქვენ ხართ, თუნდაც საკუთარი თავი ასზე გადაიმრავლოთ. რიცხვითაც და არსითაც – ეს მეორე ხომ გაცილებით ფასობს. მიხარია, რომ ახალგაზრდები, ვისთანაც მიტმასნებას თავ-ფეხით ცდილობთ, არაფრად გთვლიან. მიხარია, რომ თქვენგან ბევრი გამოერკვა, მანდ რა ჭაობსაც რწყავდა და სხვაგვარ გზას დაადგა.

კი, არსით და რიცხვითაც იმდენად მწირი ხართ, პასუხადაც არ ღირდით ალბათ და ეს პასუხიც იმ რამდენიმე შემცდარი ადამიანის გამო უფროა, ვინც თქვენგან გამოფხიზლებას ლამობს, ვიდრე თქვენთვის. ბევრს ამ ამბავზე ლაპარაკს აღარ ვაპირებ. უფრო სწორედ – საერთოდ აღარ ვაპირებ. კომიკური იქნება. ეს წერილი დარჩეს ყველა სხვა სამომავლო ,,აღელვებების” პასუხადაც. რაც, გპირდებით – ბლომად იქნება.

P.S.

ისე, ისიც ხომ ზუსტად ვიცი, რომ ოდესმე, როცა დაგჭირდებათ, ისევ ჩემს კარს მოუკაკუნებთ. ერთი ყოფილხართ თუ ორი ასეთი. აგერ – გუშინ. და იმ ,,ერთი-ორს” შესანიშნავად ახსოვს, რომ კარი ფართოდ გავუღე და ისე მივიღე, თითქოს არაფერი ვიცოდი. არაფერი მომხდარა. ხვალაც იგივეს ვიზამ. ეგ არის ჩემი სისუსტეც და ძლიერებაც.

 

 

სიცოცხლის ხარისხის ინდექსი (LPI)

0

ბუნების დაცვა რომ შევძლოთ, უნდა გვესმოდეს, როგორ იცვლება გარემო დროსა და სივრცეში.

WWF-ის (მსოფლიო ბუნების ფონდი) 2024 წლის მოხსენებაში „ცოცხალი პლანეტა“ დაფიქსირებულია მნიშვნელოვანი მაჩვენებელი – სიცოცხლის ხარისხის ინდექსი (ცოცხალი პლანეტის ინდექსი – LPI), რომელიც ასახავს ფრინველების, ძუძუმწოვრების, ქვეწარმავლებისა და თევზების 10 ათასამდე სახეობას. 1970 წლიდან დღემდე ეს მაჩვენებელი 58%-მდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველების თითქმის ნახევარი უბრალოდ გადაშენდა, რადგან ვერ შეეგუა ბუნების ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა: გაჩეხილი ტყეები, მოწამლული წყალი და ნიადაგი.

ცოცხალი პლანეტის ინდექსი (LPI) შემუშავდა 1997 წელს, რათა გაეზომა მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების ცვალებადი მდგომარეობა ცხოველთა მრავალფეროვნებისა და სიმრავლის ზრდისა და შემცირების შესწავლით.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გამოსცემს პლანეტაზე სიცოცხლის შესახებ ანგარიშს, რომლის მომზადებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ წამყვან ექსპერტებსა და ორგანიზაციებს.

ანგარიშში წარმოდგენილია პლანეტის სიჯანსაღის მეცნიერული შეფასება, რაც ასახავს რა მდგომარეობაშია ცოცხალი ბუნება, რა საფრთხეების წინაშეა იგი და რას ნიშნავს ეს ყოველივე ადამიანებისთვის. მოცემული დასკვნები და რეკომენდაციები ეფუძნება სხვადასხვა მეთოდით განსაზღვრულ მაჩვენებლებს, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია პლანეტაზე სიცოცხლის ხარისხის ინდექსი (LPI).

მსოფლიოს ექსპერტები პერიოდულად აფასებენ დროის გარკვეულ მონაკვეთში ცხოველთა ათასობით სახეობის პოპულაციებში მიმდინარე ცვლილებებს. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, მეცნიერები ქმნიან მონაცემთა ბაზებს და აანალიზებენ მათ, რათა განსაზღვრონ პლანეტაზე სიცოცხლის ხარისხის ინდექსი (LPI). ამისთვის იყენებენ მხოლოდ იმ სახეობების შესახებ შეგროვებულ მონაცემებს, რომლებზეც 1970 წლიდან (ათვლის საბაზისო წელი) რომელიმე გარკვეულ პერიოდში, სულ მცირე, ორჯერ მაინც განხორციელებულა მონიტორინგი. თუმცა, ამ პირობებშიც კი, პლანეტაზე სიცოცხლის ხარისხის ინდექსის (LPI) მეშვეობით შესაძლებელი ხდება ძუძუმწოვრების, ფრინველების, რეპტილიების, ამფიბიებისა და თევზების 5,230 სახეობის 32,000-ზე მეტ პოპულაციაში მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვება. ეს მონაცემები კი მეცნიერებს უფრო მასშტაბური ეკოსისტემების სიჯანსაღის შესახებ დასკვნების გამოტანაში ეხმარება.

ცოცხალი პლანეტის ინდექსი

ცოცხალი პლანეტის ინდექსი (LPI) ზომავს ველური ბუნების პოპულაციების საშუალო შემცირებას 1970 წელთან შედარებით (ანუ 1970 = 100%).

წყარო: https://ourworldindata.org/2024-living-planet-index

2022 წლის ცოცხალი პლანეტის ინდექსი გვიჩვენებს საშუალოდ 69%-იანი კლებას 1970 წლიდან. 2024 წლის განახლებაში კი კლება 73%-ია. ბოლო 2 წლის მონაცემებით ველური ბუნების პოპულაციები კიდევ 4%-ით  შემცირდა.

თუმცა, თითქმის არცერთი ეს ცვლილება არ დაწყებულა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და ახალი LPI არ უნდა განიხილებოდეს როგორც წინას უბრალო გაფართოება.  რადგან პროექტს წვდომა მეტი პოპულაციისა და სახეობის მონაცემზე აქვს, შეცვალა ინდექსის გასაზომი პოპულაციების რაოდენობა და მასთან ერთად LPI-ის მთელი ტენდენციის ხაზი. კერძოდ, LPI-ში პოპულაციების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 3000-ით (10%-იანი ზრდა), ხოლო სახეობების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 250-ით (5%-იანი ზრდა).

LPI არის მრავალ ინდიკატორთა შორის ერთ-ერთი, რომელიც ადასტურებს, რომ ბიომრავალფეროვნების მოცულობა საგრძნობლად იკლებს. ჩვენს პლანეტაზე ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის ცვლილება 1970 წლიდან მკვეთრ ვარდნას განიცდის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ცხოველთა პოპულაციები შემცირებას განაგრძობს. უაღრესად მნიშვნელოვანია, დროულად ვიმოქმედოთ ამ ტენდენციის შესაცვლელად და ბიომრავალფეროვნების კარგვის შესაჩერებლად. ეს გულისხმობს არა მხოლოდ ამ პროცესის შეჩერებას, არამედ ასევე მის აღსადგენად საჭირო ცვლილებებს. ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ, თუ ზომებს დროულად მივიღებთ და კარგად გავიაზრებთ, რომ ცოცხალი სისტემის სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთზეა დამოკიდებული, ჩვენ შევძლებთ, აღვადგინოთ და მივიღოთ უფრო ჯანსაღი და გამძლე ველური ბუნება.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ადარებს LPI-ს 2022 და 2024 წლებში გლობალურად და სხვადასხვა რეგიონისთვის.

ცოცხალი პლანეტის ინდექსის შედარება მოხსენებებში

შედარებისთვის ნაჩვენებია 2022 და 2024 წლის ანგარიშში გამოქვეყნებული LPI.

ამ ანგარიშში ყველაზე დიდი ძვრები, წინასთან შედარებით, ევროპას, ცენტრალურ აზიასა და აფრიკაშია.

აფრიკაში ცვლილების მიზეზი არის პოპულაციის რაოდენობის 45%-იანი ზრდა, თუმცა ბევრი მათგანი მცირდება. ამან გამოიწვია ამ რეგიონის LPI-ის შემცირება.

მთლიანი მონაცემთა ნაკრების მიხედვით, პოპულაციის ზუსტად 50% შემცირდა; იზრდებოდა 43%; ხოლო დანარჩენი 7% სტაბილური იყო.

პოპულაციების შემცირების სიდიდის შეფასებები განახლებულია ცოცხალი პლანეტის ინდექსის ყოველი ანგარიშით, მაგრამ ბიომრავალფეროვნების დაკარგვის ძირითადი ფაქტორები იგივე რჩება.

პირდაპირი ზეწოლა – მათ შორის ტყეების განადგურება , ჰაბიტატის დაკარგვა, ნადირობა, გადაჭარბებული თევზაობა და საკვების წარმოება – ყველაზე დიდი მიზეზია.

კლიმატის ცვლილება ასევე გავლენას ახდენს ბიომრავალფეროვნებაზე. მაგალითად, სახეობები გადადიან პოლუსებისკენ და უფრო მაღალ სიმაღლეებზე, რათა იპოვონ შესაბამისი კლიმატი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილების ზემოქმედება ბიომრავალფეროვნებაზე ამჟამად ნაკლებად არსებითია, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი პირდაპირი ზეწოლა, მოსალოდნელია, რომ ის გაძლიერდება გლობალური ტემპერატურის მატებასთან ერთად.

რა უნდა გავაკეთოთ ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შესანელებლად? საჭიროა შევამციროთ სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი მიწების რაოდენობა, შევწყვიტოთ ტყეების განადგურება, უპრიანია სასუქებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების უფრო ეფექტურად (…) გამოყენება, ასევე ზედმეტი თევზაობის შემცირება და სახეობებისა მდიდარი და უნიკალური ბიომრავალფეროვნების მქონე ტერიტორიების დაცვა.

აღდგენისა და რეინტროდუქციის პროგრამებთან ერთად, შესაძლებელია არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შენელება, არამედ ასევე შეგვიძლია სახეობების გადარჩენა. ჩვენ ვნახეთ ეს ისეთი სახეობებისთვის, როგორიცაა ევროპული ბიზონი, ევრაზიული თახვი და მგლები მთელ ევროპაში.

მსოფლიოს ველური ბუნების ბევრ პოპულაციას უჭირს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც მდგომარეობას შეცვლის.

 

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://ourworldindata.org/2024-living-planet-index

https://wwfeu.awsassets.panda.org/downloads/lpr2022_youth_edition_geo.pdf  https://www.livingplanetindex.org/documents/LPR2024_Technical_Supplement.pdf

გეოგრაფია – მდგრადი განვითარებისთვის

0

გეოგრაფიული ცოდნის გამოყენება მდგრადი განვითარებისთვის (SD) დამოკიდებულია არა მხოლოდ თავად ცოდნაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ ვასწავლით მას. გეოგრაფიაში მდგრადობის ხელშეწყობის სწავლებისა და სწავლის მეთოდები საფუძვლიანად არ არის შესწავლილი.

გეოგრაფიული განათლების საერთაშორისო ქარტია გეოგრაფიას განსაზღვრავს, როგორც მეცნიერებას „დედამიწის, მისი ბუნებრივი, ფიზიკური და ადამიანური გარემოს შესწავლის შესახებ“.

გეოგრაფია მოიცავს ადამიანის გარემოსთან ურთიერთდამოკიდებულებისა და ურთიერთქმედების შესწავლას  ლოკალური და გლობალური მასშტაბით. იგი აკავშირებს სოციალურ მეცნიერებებს, ეხება მოვლენებსა და პროცესებს, რომლებიც იცვლება დროსა და სივრცეში. ამიტომ გეოგრაფია უნდა განიხილებოდეს, როგორც ყველა საზოგადოების ყველა მოქალაქის განათლების არსებითი ნაწილი. გეოგრაფიის ზემოაღნიშნული საფუძვლები შეიძლება ჩაითვალოს მდგრადი განათლების (SE) ხელშემწყობად. ინტერდისციპლინარული მიდგომები, რომლებიც აერთიანებს სამ ასპექტს – მდგრადობის ეკონომიკურ, სოციალურ და ფიზიკურ ასპექტებს – არა მხოლოდ შეეფერება გეოგრაფიას, არამედ რჩება წინაპირობებად მისი მრავალმხრივი განზომილებების გასაგებად.

გეოგრაფიის განათლების ძირითადი ცნებებია სივრცე, ადგილი, ლანდშაფტი და მდგრადობა. გარდა ამისა, მდგრადობა შეიძლება კონცეპტუალირებული იყოს როგორც ძირითადი გეოგრაფიული კონცეფცია. SE-ში, მდგრადი განვითარების (SD) სავარჯიშოებმა შეიძლება ჩამოაყალიბოს ჰოლისტიკური გამოცდილება ფილოსოფიური, თეორიული და პრაქტიკული მდგრადობის საკითხების ირგვლივ. ამ უკანასკნელთა მაგალითებია სწავლა საკლასო ოთახის გარეთ და განათლებისადმი შემოქმედებითი მიდგომები.

განათლება განიხილება, როგორც ძირითადი სტრატეგია მდგრადი განვითარების მისაღწევად. Global Education და SE-ს შეუძლიათ დაეხმარონ მოსწავლეებს განავითარონ კრიტიკული აზროვნების უნარები და ღირებულებები, დაეხმარონ მათ გააცნობიერონ გლობალიზებული, ურთიერთდამოკიდებული სამყარო, საკუთარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთისა და პლანეტის მიმართ. ეს საზოგადოებრივ გეოგრაფიაში ის თემებია, რომლებიც უნდა გაიაზრონ მოსწავლეებმა, თუ მათ ამ მიზნების მიღევა სურთ გეოგრაფიაში. გარემოსდაცვითმა პრობლემებმა გაზარდა SE-ს საჭიროება. თავის მხრივ, გადაწყვეტილების მიმღებებმა უნდა წაახალისონ მოქალაქეების ერთგულება გარემოსადმი და „ეკოლოგიური წიგნიერების“ მიმართ. ეკოლოგიური წიგნიერების ჩარჩოები ხაზს უსვამს სისტემურ აზროვნებას, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ბიოფიზიკური და სოციალური კომპონენტების იდენტიფიცირებას მოცემულ გარემოსდაცვით კონტექსტში და მათი ურთიერთდამოკიდებულების გამოყოფას. ეკოლოგიურად განათლებულ ინდივიდს აქვს მკაფიო აღქმა და გაგება სისტემის დინამიკისა და რღვევების, აგრეთვე მისი წარსულის და ალტერნატიული მომავლის შესახებ. მათ ესმით შესწავლილი ობიექტებისა და პროცესების სირთულე, რაც საშუალებას აძლევს უკეთ მიიღონ გადაწყვეტილებები. უფრო მაღალი დონის სააზროვნო უნარები, როგორიცაა სისტემური აზროვნება, შეიძლება განვითარდეს ადგილობრივ პრობლემებზე დაფუძნებული განათლების (PBE) მეშვეობით.

PBE აღნიშნავს საზოგადოებაზე ორიენტირებულ სკოლას, ეკოლოგიურსა და ბიორეგიონალურ განათლებას. PBE არის განათლება მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც უნდა იყოს ჰოლისტიკური. ნაცნობი და საყვარელი ადგილები ყველაზე მეტად იქნება დაცული მომავალი თაობებისთვის.

გეოგრაფიაში SD-ის სწავლება დამოკიდებულია არა მხოლოდ მაღალხარისხიან საგნობრივ ცოდნაზე, არამედ თანამედროვე პედაგოგიურ შინაარსობრივ ცოდნაზეც, რაც გულისხმობს მასწავლებლების ინტერპრეტაციას და საგნობრივი ცოდნის ტრანსფორმაციას მოსწავლეთა სწავლის ხელშეწყობის მიზნით. თუმცა, გეოგრაფიაში SD-ს განათლებასთან დაკავშირებით სწავლებისა და სწავლის მეთოდები საფუძვლიანად არ არის შესწავლილი.

ბევრი გეოგრაფი აკრიტიკებს გარემოსდაცვითი განათლების (EE), განათლების მდგრადი განვითარებისთვის (ESD) და მდგრადი განვითარების განათლების (SDE) კონცეფციებს. ცნებების განმარტება განსხვავდება კონტექსტის მიხედვით . ლუკასის (ავსტრალია) მიხედვით, EE არის უწყვეტი სწავლის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ადგილობრივი, რეგიონული და გლობალური გარემოსდაცვითი აქტივობების ხელშეწყობას. იუნესკოს თანახმად , ESD-ს მიზანია ადამიანებს გააცნობიერებინოს მიმდინარე და მომავალი გარემოსდაცვითი პრობლემები და გამოწვევები და შექმნას უფრო მდგრადი საზოგადოებები. SDE, თავის მხრივ, განიხილავს ეკოლოგიურ და სოციალურ სისტემებს შორის ურთიერთქმედებას სხვადასხვა მოულოდნელ სიტუაციებში გადაწყვეტილებების შემუშავების მიზნით. სამივე ორიენტირებულია ხარისხიან განათლებაზე და საზოგადოებაზე, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოს შესაძლებლობებს.

გეოგრაფია და მდგრადობის განათლება გვთავაზობს გზებს ამ სულ უფრო რთული და სახიფათო სამყაროს გასაგებად. გეოგრაფიული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელია წესრიგის, კრიზისისა და ქაოსის პროგნოზირება. გეოგრაფია თავისი ინტერდისციპლინური მიდგომებით, აკავშირებს სოციალურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. განათლება გეოგრაფიაში ხელს უწყობს ცოდნას, უნარებსა და ცნებებს ჩვენი არსების, სხვა ადამიანებთან ჩვენი ურთიერთობებისა და სამყაროს უკეთ გასაგებად. ასე რომ, გეოგრაფიული ცნობიერება და გეოგრაფიული აზროვნება ასევე მნიშვნელოვანი მიზნებია SE-ში.

გეოგრაფიული განათლების საერთაშორისო ქარტია აცხადებს, რომ გეოგრაფიის შესწავლა დაეხმარება ახალგაზრდებს გაიგონ და დააფასონ, თუ როგორ იქმნება ლანდშაფტები, დედამიწის მრავალფეროვანი და ურთიერთდაკავშირებული კულტურებისა და საზოგადოებების მოზაიკა,  როგორ ურთიერთქმედებენ ადამიანები და გარემო. ჰაუბრიხის მიხედვით, SD-ს მიღწევა მოითხოვს გეოგრაფიულ კომპეტენციებს, როგორიცაა დედამიწის ძირითადი ბუნებრივი სისტემების ცოდნა და გაგება (მიწის ფორმები, ნიადაგები, წყლის ობიექტები, კლიმატი, ფლორა), ეკოსისტემების ურთიერთქმედებები და დედამიწის ძირითადი სოციალურ – ეკონომიკური სისტემები (სოფლის მეურნეობა, დასახლება, ტრანსპორტი, მრეწველობა, ვაჭრობა, ენერგეტიკა, მოსახლეობა და სხვა).

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის საფუძველზე ადგილობრივი, რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო პრობლემების გადაჭრა, დამოკიდებულებები და ღირებულებები შეუცვლელია. უფრო მეტიც, SD-ის შესახებ სწავლება ნიშნავს ჰოლისტურ სწავლებას. ასეთი მიდგომის რეალიზაციისთის პრაქტიკაში გამოიყენება გეოგრაფია, როგორც ხიდი საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს შორის. გეოგრაფიული განათლება ხელს უწყობს  ინდივიდებს გააცნობიერონ საკუთარი და მათი საზოგადოების ქცევის გავლენა გარემოზე, და რომ მათ ჰქონდეთ წვდომა ზუსტ ინფორმაციაზე და უნარებზე, რათა მიეცეთ საშუალება მიიღონ ეკოლოგიურად სწორი გადაწყვეტილებები და განივითარონ ეკოლოგიური ეთიკა, რომელიც განაპირობებს მათ ქმედებებს.

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) ჩართულია  SDG მე-4 მიზნის მიღწევის მონიტორინგში, რომელიც ფოკუსირებულია გლობალური მოქალაქეობის განათლებაზე (GCED) და განათლება მდგრადი განვითარებისთვის (ESD). მიზანში 4.7 ნათქვამია: 2030 წლისთვის, უზრუნველყოს, რომ ყველა მოსწავლემ შეიძინოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები, მათ შორის, განათლების მდგრადი განვითარებისა და მდგრადი ცხოვრების წესის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, მშვიდობისა და კულტურის ხელშეწყობის გზით. მოსწავლემ უნდა შეძლოს კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტურის წვლილის შეფასება მდგრად განვითარებაში. SD-ის პარადიგმა უნდა იყოს გეოგრაფიის ინტეგრირებული სწავლება ყველა საფეხურზე.

2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის მოიცავს სწავლების შემდეგ თემებს: ნიადაგის/მიწის დეგრადაცია; გაუდაბნოება; ბიომრავალფეროვნების დაკარგვა; კლიმატის ცვლილება; წყალი/ოკეანეები; სიღარიბე და სამართლიანობა; ჯანმრთელობა და კვება; გენდერული განსხვავებები/გენდერული თანასწორობა; უსაფრთხო/საცხოვრებელი, გამძლე და მდგრადი  დასახლებები და ქალაქები. აგრეთვე აღსანიშნავია გარემო და განვითარება; დაბინძურება; სოფლის მეურნეობა; ბიოტექნოლოგია და ახალი ტექნოლოგიები. ეს უკანასკნელი ასევე ხაზს უსვამს ეკოსისტემების დაცვას, მდგრად ენერგიას და მდგრად ინდუსტრიალიზაციას. ამრიგად, ამ აღწერილობებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გეოგრაფიის განათლებისთვის შესაფერისი სასწავლო თემები მოიცავს დედამიწის მეცნიერებისა და ადამიანის გეოგრაფიის შესაბამის საკითხებს.

კრეატიულობა და ინოვაცია, შემოქმედებითი აზროვნება და პრობლემების გადაჭრის, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები ეხმარება მოსწავლეებს სამომავლო გამოწვევების დაძლევაში. კრეატიულობა მოიცავს წარმოსახვის გამოყენებას, მიზნის მიღწევას, ორიგინალურობას და ღირებულებების შეფასებას. წარმოსახვა გულისხმობს სიტუაციის სხვა პერსპექტივიდან შეხედვას ან ალტერნატივების ძიებას. მიზნის მიღწევა და ორიგინალობა საშუალებას აძლევს მოსწავლეს ჰქონდეს გარკვეული ქმედება ან განზრახვა ახალი იდეების ჩაფიქრებისას. კრეატიული აზროვნება გულისხმობს ახალი შესაძლებლობების გამოცდას. უნარი, რომელიც ასევე შეესაბამება გეოგრაფიას, არის პრობლემის გადაჭრა. იგი მოიცავს ექვს ძირითად საფეხურს: პრობლემაზე დაკვირვებას; პრობლემის პოტენციური მიზეზების გამოკვლევას; პრობლემის გადაჭრის ალტერნატივების იდენტიფიცირებას; პრობლემის გადაჭრის მიდგომის შერჩევას; გადაწყვეტის განხორციელებას; და დამოწმებას, რომ პრობლემა მოგვარებულია. კომუნიკაცია და თანამშრომლობა ავითარებს სხვისი აზრისა და არგუმენტების გაგებასა და პატივისცემას, აზროვნებას და საკუთარი პირადი მოტივების შეფასებას, საერთო ამოცანების ურთიერთობას საკუთარ კომპეტენციებთან, საკუთარი მიზნების დასახვას და პრობლემებსა და პროცესებზე სხვადასხვა პერსპექტივიდან ფიქრს. კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარება ასევე ავითარებს გლობალურ ცნობიერებას. ყველა ეს უნარი არის SD-სთვის საჭირო სამოქმედო კომპეტენციის ნაწილი, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ადეკვატური ღირებულების ორიენტაციას. თუმცა, მრავალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ცოდნა და უნარები არ არის საკმარისი ადექვატური მდგრადი ქცევის წარმოებისთვის. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ შანსი, რომ განიცადონ, რამდენად ლამაზი შეიძლება იყოს ბუნება, რამდენად ძვირფასია კულტურა, რამდენად ღირებულია საზოგადოებები, ასე რომ ისინი მზად იქნებიან დაიცვან ადამიანი-დედამიწის ეკოსისტემის ყველა ნაწილი.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://www.euroschoolindia.com/blogs/interesting-geography-games-for-children/    https://www.mdpi.com/2227-7102/10/1/5

 

ვაჟა-ფშაველას „კაი ყმის“ სწავლებისათვის

0

ქართული ლიტერატურის სასკოლო პროგრამაში ყველა საფეხურზე ვასწავლით ვაჟა-ფშაველას ლექსებსა და მოთხრობებს, საშუალო საფეხურზე კი – პოემებს. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა იმ ავტორთა შორისაა, რომელთა შემოქმედება ყველაზე მშობლიურია ქართველი მკითხველისთვის, მისი ტექსტების სწავლება სკოლაში მაინც საგანგებო მომზადებას საჭიროებს, რადგან სპეციფიკურია მისი ფშავ-ხევსურული დიალექტური ენა, სამყარო, სადაც ხდება მოქმედება მის ნაწარმოებებში; წინა ეპოქების მთიელი ხალხი, მათი ხასიათები, ხედვა, გემოვნება, წეს-ჩვეულებები დაკვირვებასა და ღრმად გააზრებას ითხოვს.

„კაი ყმა“ ვაჟას საპროგრამო ლექსია. მწერალი თავის ცნობილ ესეში “გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით” წერდა: “გმირი ფშაურს ლექსებში „ვაჟკაცად”, „კაი ყმად” იხსენიება; იგი თემიდამ გამოდის, თემს ემსახურება, იმის გულისათვის იბრძვის. გმირის მაღალი ზენობა და საგმირო საქმენი თემს ემსახურება. გმირის მაღალი ზნეობა და საგმირო საქმენი თემს დატრიალებს თავზედ”. კაი ყმა – ეს ფშაური სინტაგმა იმდენად იპყრობს ქართველთა გულსა და გონებას, რომ მას ყველგან ვხვდებით, როგორც ადამიანური იდეალის გამომხატველ სიმბოლოს. ვაჟამ ეს ტერმინი ფართოდ დაამკვიდრა საერთო ქართულ ცნობიერებაში.  მისი პოემების გმირებსაც კაი ყმებს ვეძახით. ლექსი მეცხრე კლასში ისწავლება, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბავშვები არ იცნობენ ვაჟას პოემების სამყაროს, ნაცნობია მხოლოდ მისი საბავშვო მოთხრობები, მინიატურები და ლექსები.

“კაი ყმის” ტექსტზე მუშაობას, რასაკვირველია, ვიწყებთ ტექსტის აღქმა-გააზრებით და ვქმნით ლექსის სიტყვა-ფრაზების სტილიზებულ ლექსიკონს. ლექსიკონი შეგვიძლია გაკვეთილზევე ერთობლივად, ურთიერთთანამშრომლობით შევადგინოთ, ან მასწავლებელმა წინასწარ მოამზადოს, როგორც რესურსი, ან დავავალოთ ენის საკითხებით დაინტერესებულ რომელიმე მოსწავლეს, ან საშინაო დავალებად მივცეთ კლასს და მომდევნო გაკვეთილზე წარმოვადგინოთ, განვიხილოთ, შევაჯეროთ, შევაფასოთ. მსგავსი ლექსიკონის შექმნა სასარგებლო აქტივობაა მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად. აქ ჩვენ გვიწევს განმარტებითი ლექსიკონის შედგენა, რაც ითხოვს სინონიმების მოძიებას და ლინგვისტურ კომპეტენციებს ავითარებს. გთავაზობთ ერთ-ერთ ნიმუშს:

მსმენლის გულს აბორგოვებდეს –  მსმენელს აღელვებდეს, აღუძრავდეს მძაფრ ემოციებს;

ფარების დადგეს ჯღრდეები – დახოცილ მეომართა საომარი ფარები გროვებად ეყაროს;

თვალები თვალებს სწველავდეს – მტრები ერთმანეთს თვალს არ აშორებდნენ, თვალებით სიძულვილს გამოხატავდნენ;

ჭიაფრად მუზარადებსა სისხლის წვიმაი ჰფერავდეს – მუზარადებზე სისხლის წვიმა წითლად დიოდეს;

დაგელაობდეს სიკვდილი – დაქროდეს, დათარეშობდეს სიკვდილი;

სუდარაებსა ჰკერავდეს – სუდარა მიცვალებულის გასაპატიოსნებელი ქსოვილია. სიკვდილი რომ სუდარებს კერავს, მეტაფორული გაპიროვნებაა;

ქორებულად ფრინავდეს – ქორის მსგავსად… სიკვდილი უძლეველი ძალაა და შედარებულია ძლიერ მონადირე ფრინველთან;

ბრძოლის ველს ბოლოს სწირავდეს – ბრძოლის ველს ბოლომდე არ ტოვებს;

მიძღვნილსა საუფროსოსა ამხანაგებსვე სწირავდეს –   ომში თავის გამოჩენისთვის რჩეულ მეომრებს მიართმევდნენ საუფროსო ძღვენს, რომელსაც კაი ყმა მოძმეებს უბრუნებს თავისი უანგარობის გამო;

გაბეჩავებულს სიმართლეს უსამართლობა სძალავდეს – დაუძლურებულ, დამცირებულ სიმართლეს უსამართლობა ერეოდეს/ჯაბნიდეს;

უხვად შუქს ჩამოჰლალავდეს – ზეციურ ნათელს მიწაზე ეზიდებოდეს (მეტაფორაა და გულისხმობს ღვთაებრივი სიკეთის თანამოძმეებისთვის გადაცემას)

საკაცე – თავის ლურჯადა – ფშაველ-ხევსურები საკაცეს ეძახდნენ კუბოს, მიცვალებულის ჩასასვენებელს. გმირს საკაცე თავის ლურჯა ცხენად ეჩვენება საიქიოში ანუ მას სიკვდილის შიში დაძლეული აქვს, მამაცია.

დენა ცრემლისა – ხორხოშა, ღრუბელთა გადმონაყარი – ხორხოშა ფშაურ დიალექტზე არის ხშირი სეტყვა, ხოშკაკალა. მეტაფორაა. კაი ყმას სიკვდილის შემდეგ თავისი სიმამაცის წყალობით დამტირებელთა ცრემლები ხოშკაკალად ეჩვენება.

სულეთს შავიდეს ხმლიანი – საქართველოს მთიელების მითოსურ წარმოდგენებში საიქიო სასუფეველს, მიცვალებულთა საუფლოს ერქვა სულეთი, შავეთი, ქვესკნელი. კაი ყმა სულეთში ომახიანად, მხნედ, ხმალშემართული შედის.

ხმით მოყაშყაშე – ვაჟა ფშაურ დიალქტზე ყაშყაშს ეძახის მყივარი, მყეფარი ფრინველების: ორბის, არწივის ხმას. კაი ყმას საიქიოში არწივი (გამარჯვებისა და სიძლიერის სიმბოლო, ფრინველთა მეფე) მიუძღვის ყაშყაშით, რაც ალეგორიულად კაი ყმის ძლევამოსილების გამოხატულებაა.

ლეში ალაღოთ, ჰკვებდითა – ლეშში ავტორი გულისხმობს ხორციელების მოყვარე სადიაცეთა უმაქნის, მცონარა სხეულს, მძორს, რომლის გამოკვება-გალაღება (ნაყროვანება) ამ ადამიანების ერთადერთი საზრუნავია.

უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს – უქმად დალევთ, დაასრულებთ სიცოცხლეს… იგულისხმება სადიაცეთა სიზარმაცე და უმოქმედობა.

არ იცით, დასჩნდით რისადა – არ იცით, რისთვის გაჩნდით… სადიაცეებს (ლაჩრებს) არ გააჩნიათ ცხოვრების მიზანი, მათთვის ცხოვრების წესია მცონარობა/სიზარმაცე/უაზრო ყოფა.

ტექსტის აღქმა-გაგების საფეხურის შემდგომ იწყება იდეურ-სახეობრივი და სტილური ანალიზი. სახეობრივი ანალიზისთვის საუკეთესო მასალაა კაი ყმისა და სადიაცეთა ლირიკული პორტრეტები. მათ შთამბეჭდავად და მკვეთრი ხაზებით ხატავს ვაჟა-ფშაველა. აქ სასურველი აქტივობაა მოქნილი კოგნიტური სქემა T დიაგრამა, რომლის სვეტებშიც მოსწავლეები ლირიკული გმირების ხასიათის თვისებების მარკირებაზე მუშაობენ. გთავაზობთ ერთ-ერთი მოსწავლის მიერ შესრულებულ ვერსიას:

  კაი ყმის მახასიათებლები სადიაცეთა თვისებები
1 ლიდერი, წინამძღოლი ნაყროვანები
2 ამტანი, მომთმენი ეგოისტები
3 მამაცი, უდრეკი ხორციელებას დამონებულნი
4 სანდო, საიმედო, დასაყრდენი შურიანები, ბოროტები
5 მტკიცე ნებისყოფის,

მაღალი პასუხისმგებლობის

მცონარები, ზარმაცები
6 უანგარო უმიზნო, უიდეო, უაზრო ადამიანები
7 გონიერი  
8 სამართლიანობისთვის მებრძოლი,

ჩაგრულთა დამცველი

 
9 თავმდაბალი  
10 იდეური და შთამაგონებელი  
11 ლაღი და თავდაჯერებული  

 

“კაი ყმის” იდეურ ანალიზზე მუშაობისას საუკეთესო რესურსია ვაჟას პუბლიცისტური წერილი “გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით”. ვაჟა გვიხსნის, რომ ფშაურ ფოლკლორში კაი ყმა და სადიაცენი იხსენიებიან, როგორც სვილისფერა  და ქალისპირა კაცები. სვილისფერა შავგრემანი, მამაცი, ზნეობრივად ამაღლებული გმირია, ხოლო ქალისპირა – მხდალი და უნებისყოფო.

ვაჟა ხაზგასმით აღნიშნავს: “გმირმა ისეთი საქმისათვის უნდა მოიკლას თავი, რომ ჰღირდეს სიკვდილად და სახელად. ეს საგმირო, ღირსი თავის განწირვისა რაღაა, რა საგანია?.. გმირი იმდენად თავის თავისთვის არ ცოცხლობს და იმდენს არ აკეთებს, რამდენსაც თემისთვის, მაგრამ ამ სამსახურისათვის სახელის მეტი არაფერი ჰრჩება. მხოლოდ ხატობის დროს ხევისბერი განსაკუთრებულ დიდის თასით გმირს საკარგყმოს (კაი ყმა) ასმევს. გმირი ხდება საგნად ქება-დიდებისა ლექსებში. სიკვდილს შემდეგ მთელი თემი ჰგლოვობს, ხატობის დროს ოფიციალურად ისმის გმირის შესანდობარი. დიაღ, გმირი მსხვერპლია სოფლისა: სხვას აძღობს, თითონ მშიერია, სხვის სიცოცხლისათვის მებრძოლი თითონ სიკვდილს ეძლევა პირში”.

ამ წერილის პათოსი იდეურად ზუსტად ეხმიანება ჩვენს საანალიზო ლექსს. სვილისფერა გმირი კაი ყმაა, ის “მშიერა მგელია”, სხვებისთვის, თემისთვის იღვწის და საკუთარ სურვილებს არაფრად აგდებს. “მინდას” კაცი კი არ არის, “უნდას” კაცია. ავთანდილის დარიგებას მისდევს: “რაც არა გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა”. სიტყვამ მოიტანა და აქვე გავავლოთ პარალელი ავთანდილთან. ჩვენი ლექსის ანალიზის გზაზე ბოლო აკორდია სინთეზირება, ტექსტების, იდეების, სახეების შედარება, პარალელების გავლება. ავთანდილი (რასაკვირველია, ტარიელი და ფრიდონიც) კაი ყმის საუკეთესო მაგალითია. ის უკან პლანზე სწევს საკუთარ სურვილებს და მოყვასის დასახმარებლად ურთულეს გზებს ირჩევს.

მოსწავლეებს ასევე შეგვიძლია პარალელების სახით შევთავაზოთ რჩეული ლიტერატურული და ისტორიული გმირების სახეები, როგორებიც არიან: მეფე დიმიტრი თავდადებული (როგორც ისტორიული წყაროებიდან, ასევე ილია ჭავჭავაძის პოემიდან) , ცოტნე დადიანი, თევდორე მღვდელი, სოლომონ ლეონიძე, თორნიკე ერისთავი, ალუდა ქეთელაური, ჯოყოლა ალხასტაისძე, კვირია, ლუხუმი, ზეზვა, გოგოთური, გველისმჭამელი მინდია, ხევისბერი გოჩა, ხორასნელი ჭაბუკი (რევაზ ინანიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის გმირი), მუნჯი ახმედი (გურამ რჩეულიშვილის მოთხრობიდან “მუნჯი ახმედი და სიცოცხლე”), ასევე გურამ რჩეულიშვილის “ალავერდობის” გმირი გურამი, კონსტანტინე არსაკიძე კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენიდან” და მრავალი სხვა…

დამატებით საკითხავად სარეკომენდაციოდ შევთავაზოთ ბავშვებს გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა “აჩხოტელების ბატონი. შიოლა ღუდუშაური და მთრეხელი აქ  ანტიგმირების/სადიაცეთა პორტრეტებს განასახიერებენ, ხოლო იაგორა – კაი ყმის საკმაოდ შთამბეჭდავი სახეა. ასევე მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად გაავლონ ლიტერატურული პარალელები. საამოსოდ მასალა ამოუწურავია მსოფლიო ლიტერატურაში. კაი ყმაც და სადიაცენიც განზოგადებული, უნივერსალური მხატვრული სახეები არიან.

ლექსი მდიდარია ტროპული ხერხებით. ტექსტზე მუშაობის დასასრულს კლასი მუშაობს მხატვრული ხერხების მარკირებასა და დეკოდირებაზე. ვინაიდან ლექსში კონტრასტის ხერხით იხატებიან ურთიერთსაპირისპირო სახეები, მთავარ მხატვრულ ხერხებად გამოყენებულია ჰიპერბოლა და ლიტოტესი, ასევე მდიდარია ლექსი მეტაფორებით. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოხდენილი მხატვრული ხერხებით ვაჟა თავის სათქმელს საოცარი გამომსახველობით გვიზიარებს.

 

სასწავლო მენიუ და  დიფერენცირებული დავალებები  ისტორიის გაკვეთილზე

0

ყველა საგანს სწავლების სპეციფიკური ხასიათი გააჩნია. ასეა ისტორიის საგნობრივი დისციპლინის მიმართაც. სპეციფიკური მიზნების მიღწევასთან ერთად მასწავლებელი მუდმივად      ზრუნავს  მოსწავლეთა  ინდვიდიუალური შესაძლებლობების გააქტიურებაზე, მათ აქტიურ ჩართულობაზე საგაკვეთილო პროცესში. ეს ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროცესია  მასწავლებლის საქმიანობაში. პრობლემის მოგვარების ეფექტურ საშუალებად ითვლება დიფერენცირებული დავალებები, რომელიც მორგებული იქნება მოსწავლის შესაძლებლობებს და საინტერესოც იქნება მუშობის თვალსაზრისით.      მაგალითი

გთავაზობთ ნიმუშს VII კლასის ისტორიის სწავლების კურსიდან. თემაა  „ბრინჯაოს ხანა/ ძველი აღმოსავლეთი“, რესურსი: ისტორია, მოსწავლის წიგნი, კლასი VII, გამომცელობა „დიოგენე”; ე.ს.გ. შედეგები:  სტანდარტით განსაზღვრული შედეგები: სტ. საბ. 1. 2.  4.  7.  8. 9.  11 .

თემატური მიზნების შესაბამისად, მოსწავლეები გაეცნობიან, თუ როგორ გახდა აქემენიანთა სპარსეთი ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოების და ხალხების დაპყრობის, ადმინისტაციული,  სახელმწიფო მმართველობის, სამხედრო და რელიგიური რეფორმების გატარების შედეგად ძველი აღმოსავლეთის პირველი სახმელეთო იმპერიად; რომელი    ქართველური  ტომი ცხოვრობდა აქემენიანთა სპარსეთის  ორ სატრაპიაში, რომ      კოლხები  ამ სახელმწიფოზე დამოკიდებული ხალხი  იყო, რომ ისინი  სხვადასხვა  რაოდენობის  გადასახადს  იხდიდნენ; რომ ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში მმართველობის ფორმა  განსხვავებული  იყო, იყენებდნენ სხვადასხვა  დამწერლობას, მოწესრიგებული ჰქონდათ კანონები და განათლების სიტემა, ამ  ქვეყნებისთვის  დამახასიათებელია სხვადასხვა  რელიგია და  მონუმენტური  არქიტექტურა.

თემის საკვანძო კითხვებია: აქემენიანთა სპარსეთი  – პირველი სახმელეთო იმპერია? როგორ აღმოჩნდნენ  ქართველური ტომები აქემენიანთა  სპარსეთის შემადგენლობაში? რატომ არის მნიშვნელოვანი ,,ვიმოგზაუროთ ძველ აღმოსავლეთში’’?

 

 სამიზნე  ცნებასთან   თემატური ცნების  მიმართება გულისმობს: აქემენინთა სპარსეთი: დრო –  ძველი წელთაღრიცხვა; სივრცე –   აზია, აფრიკა; საზოგადოება –  სოციალური  ფენები; რელიგია –   ზოროასტრიზმი; ძალაუფლება – სახელმწიფო (იმპერია);  ისტორიული კვლევა –  ფაქტი/ინტერპრეტაცია; აქემენინთა სპარსეთი,  ქართველური ტომები:  დრო – ძველი წელთაღრიცხვა; სივრცე აზია, კავკასია,  საქართველო; საზოგადოება –  სოციალური ფენები, ეთნოსი,  გადასახადები; ძალაუფლება –  სახელმწიფო   (იმპერია); ისტორიული კვლევა  –  ფაქტი/ ინტერპრეტაცია; ძველი აღმოსავლეთი:  დრო – ძველი წელთაღრიცხვა; სივრცე – ეგვიპტე,  შუამდინარეთი; საზოგადოება – სოციალური ფენები, კანონები, მსოფლმხედველობა. ძალაუფლება  – სახელმწიფო (სამეფო). ისტორიული კვლევა –   ფაქტი/ინტერპრეტაცია.

შეფასების  ინდიკატორები:  ძველაღმოსავლური ,პერიოდისთვის დამახასიათებელი არსებითი  ნიშნების (დამწერლობა, სახელმწიფოებრიობა, რელიგიური სისტემები,  „კომპლექსური საზოგადოება“) გამოკვეთა;  ძველაღმოსავლური  საზოგადოების (სოციალური ფენები, სახელმწიფო მოწყობა, სამართლებრივი აზროვნება  (კანონები), მეურნეობის  ფორმები, რელიგია და მსოფლმხედველობა) სხვა  ისტორიული ეპოქის საზოგადოებასთან შედარება; დამწერლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წარმოქმნის მიზეზებზე მსჯელობა;  სახელმწიფოს წარმოქმნით გამოწვეული კომპლექსური ცვლილებების  დახასიათება და სხვა  ისტორიულ მოვლენებთან მათი შედარება; ძველაღმოსავლური საზოგადოების  (სოციალური ფენები,  სახელმწიფო მოწყობა, სამართლებრივი  აზროვნება (კანონები), მეურნეობის  ფორმები, რელიგია და მსოფლმხედველობა)  თანამედროვე და/ანსხვა ისტორიული ეპოქის საზოგადოებასთან შედარება; ძველაღმოსავლური  პერიოდისთვის დამახასიათებელი არსებითი  ნიშნების (დამწერლობა, სახელმწიფოებრიობა, რელიგიური სისტემები,  „კომპლექსური საზოგადოება”) გამოკვეთა; ძველაღმოსავლური საზოგადოების  (სოციალური ფენები,  სახელმწიფო მოწყობა, სამართლებრივი  აზროვნება (კანონები), მეურნეობის  ფორმები, რელიგია და  მსოფლმხედველობა)  თანამედროვე და/ან  სხვა ისტორიული ეპოქის საზოგადოებასთან  შედარება; დამწერლობისა და  სახელმწიფო ინსტიტუტების წარმოქმნის  მიზეზებზე მსჯელობა;  სახელმწიფოს წარმოქმნით გამოწვეული  კომპლექსური ცვლილებების დახასიათება  და სხვა ისტორიულ  მოვლენებთან მათი  შედარება.

   დიფერენცირებული  დავალების ნიმუში:

I – ძირითადი (სავალდებულო) დავალება:

  1. შეასრულე სავარჯიშო: წაიკითხეთ ტექსტი ძველი სპარსეთის იმპერიის შესახებ და შეავსეთ რუკა, სადაც აღნიშნავთ სპარსეთის იმპერიის მთავარ ქალაქებსა და ტომებს.
  2. უპასუხე კითხვებ: ა) ვინ იყო კიროს II დიდი და რომელი სამხედრო ლაშქრობები ჩაატარა? ბ) რომელ თანამედროვე სახელმწიფოებს მოიცავს ისტორიულად არსებული  სპარსეთის იმპერია?

II – საშუალო სირთულის დავალება  (არასავლდებულო):

  1. შეასრულე სავარჯიშო: მოამზადეთ პრეზენტაცია სპარსეთის შაჰის დარიოს I-ის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ.
    1. უპასუხე კითხვებ: ა)  როგორ შეიცვალა სპარსეთის მართვის სისტემა დარიოსის მმართველობის  დროს? ბ) რატომ იყო მნიშვნელოვანი მის მიერ გატარებული  ეკონომიკური რეფორმები?

III – გაფართოებული დონე (არჩევითი დავალება):

კვლევაზე ორიენტირებული დავალება: მოსწავლეებს შეუძლიათ დაამზადონ პროექტი თემაზე „სპარსული კულტურის გავლენა მეზობელ ხალხზე“, სადაც განიხილავენ, რა ეკონომიკური და კულტურული გავლენა მოახდინა სპარსეთმა დაპყრობილ ხალხზე.

უპასუხე შეკითხვებს: ა) რა განსხვავებები იყო სპარსეთის იმპერიის მმართველობასა და სხვა ძველ იმპერიებს შორის? ბ) როგორ ახდენდნენ სპარსელები დაპყრობილი ხალხების ინტეგრაციას?

თემიდან გამომდინარე  შემაჯამებელი დავალების ვარიანტებია:

  1. კრეატიული დავალება: მოსწავლეებმა მოამზადონ ილუსტრაცია ან მოდელი, რომელიც ასახავს სპარსეთის კულტურულ ცხოვრებას (მაგალითად, ზოროასტრიზმის რელიგიური სისტემის შესახებ ან აქემენდითა  სასახლეების და სამშენებლო კულტურის შესახებ და ა.შ.).
  1. დისკუსია: ჯგუფური სამუშაო თემაზე: „რატომ აღმერთებდნენ სპარსეთში სახელმწიფოს მმართველებს  და რა გავლენა ჰქონდა ამას სახელმწიფოს მაპოლიტიკურ მდგომარეობაზე“?

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ სწავლის მრავალფეროვანი სტრატეგიებიდან და  მიდგომებიდან   სასწავლო მენიუ, ფორმატის თვალსაზრისით, ეფექტურად ეხმარება მასწავლებელს დასახული მიზნების მიღწევაში, რადგან  ამ დროს ყველაზე მეტად ხდება ყურადღება  გამახვილება  სხვადასხვა უნარების მქონე მოსწავლეთა საჭიროებებზე.

სასწავლო მენიუს ნიმუში მოცემულ თემასთან მიმართებაში:

  1. სავალდებულო (ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო) დავალებები, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს ფაქტობრივი ცოდნის გაღრმავებაში და თემის ძირითადი კონტექსტის გაგებაში:   
      • წაკითხული ტექსტის მიხედვით იმუშავეთ კონტურულ რუკაზე:   „სპარსეთის იმპერიის ტერიტორიები და ქალაქები”.
      • კიროს II-ის სამხედრო ლაშქრობების მიმართულებები დაიტანეთ რუკაზე. იპოვეთ, რომელი თანამედროვე ქვეყყნების ტერიტორიებს ემთხვევა ისინი?
  1. არასავალდებულო დავალებები (ის მოსწავლეები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები და ათვისებული აქვთ ძირითადი მასალა, ამგვარი დავალებით კიდევ უფრო  განამტკიცებს   ანალიტიკურ  უნარებს):
  • მოამზდეთ პრეზენტაცია დარიოს I-ის რეფორმების შესახებ.
  1. არჩევითი დავალებები (ანუ გაფართოებული დონე, რომელიც  სიღრმისეულ მუშაობას მოითხოვს და მას ძირითადად ირჩევენ მოტივირებული, მაღალი სააზროვნო უნარების მქონე მოსწავლეები):
      • მოამზადეთ პროექტი თემაზე „სპარსული კულტურის გავლენა სხვა ხალხზე“.
      • დისკუსიაში მონაწილეობა თემაზე: „რატომ მიიჩნევდნენ სპარსელ მეფეებს ღმერთებად?”.
      • კრეატიული ხასიათის დავალება: მოცემული თემატიკის მიხედვით შექმენით ილუსტრაცია  ან მოდელი.

ამგვარი მიდგომა  საშუალებას მისცემს მოსწავლეებს შეასრულონ სავალდებულო დავალებები, ხოლო სხვა, არჩევითი დავალებები დაეხმარება მათ დამატებითი ცოდნის მიღებაში.

რაც შეეხება შემაჯამებელ დავალებას სასწავლო მენიურ გამოყენებით კონკრეტულ თემასთან მიმართებაში, გამოვიყენოთ სახელმძღვანელოს ავტორების მიერ შემოთავაზებული დავალება, რომლის  პირობაა:   “წარმოიდგინე, რომ ძველ აღმოსავლეთში ცხოვრობ, ბრინჯაოს ხანის რომელიმე ქართველური ტომის ერთ-ერთი წევრი ხარ და ტომის ბელადმა შორეულ მხარეებში სამოგზაუროდ გაგგზავნა. სამხრეთ კავკასიიდან ჯერ შუამდინარეთისკენ გაეშურები, შემდეგ კი ეგვიპტისკენ აიღებ გეზს. დავალება შემდეგში მდგომარეობს: პირველ პირში უნდა აწარმოო დღიური, აღწერო მოგზაურობა, ჩაინიშნო ყველაფერი, რაც ამ ქვეყნებში მოგეწონა და სურვილი გაგიჩნდა, რომ შენი ტომის ბელადს გაუზიარო. დღიურის წარმოების გარდა, კონტურულ რუკაზე დაიტანე შენი მოგზაურობის მარშრუტი (მოსწავლის რვეული, დავ. #17). შეადარე ეს რუკა რეგიონის ფიზიკურ რუკას, მონახე, რომელი მდინარეების, ტბებისა და მთების გავლით თუ გასწვრივ მოგიწევს მოგზაურობა. ეს მონაცემები დღიურის წარმოებისას გამოიყენე”.

მოცემულ დავალებასთან დაკავშრებით ასე შეიძლება გამოიყურებოდეს სასწავლო მენიუ:

  1. სავალდებულო დავალებები (მინიმალური დონე, რომელიც მიმართულია საბაზისო უნარების განვითარებაზე):
    • დღიურის წარმოება, რომელშიც  მოსწავლე აღწერს საკუთარ, ვირტუალურ მოგზაურობას შორეულ ქვეყნებში (შუამდინარეთსა და ეგვიპტეში). ყურადღება უნდა გამახვილდეს კულტურულ მახასიათებლებზე, რა მოეწონა, რისი გაზიარება სურს საკუთარი ქვეყნის მმართველებისთვის (აქ შეიძლება ჩანდეს     რიგითი მეთემის როლი;   ქვეყნების კულტურული, გეოგრაფიული და სოციალური მახასიათებლების აღწერა; პირადი მოსაზრებები იქაური ტრადიციების შესახებ და შეფასებები იმაზე, რაც მოგზაურობაში მოსწონდათ და სხვ.).
    • კონკრეტულ რუკაზე მონიშნოს მოგზაურობის მარშრუტი, რომელიც მოიცავს სამხრეთ კავკასიიდან შუამდინარეთამდე მანძლს და შემდეგ ეგვიპტემდე სავალ გზასაც. ეს დავალება დაეხმარება მოსწავლეებს სივრცეში ორიენტაციაში;
    • რუკების შედარება: შეადარე  ფიზიკური რუკა ისტორიულ რუკას, ყურადღება გაამახვილე    მდინარეებზე, ტბებზე და მთებზე, მონაცემები კი შეიტანე   დღიურში.
  2. არასავალდებულო  დავალება (ანუ საშუალო სირთულის დავალება, რომელიც ორიენტირებულია  დამატებითი ცოდნის გაღრმავებაზე ):
  • კულტურის კვლევა:
  • მოსწავლეებს შეუძლიათ უფრო სიღრმისეულად გამოიკვლიონ კულტურული კონტაქტები შუამდინარეთს, ეგვიპტეს და ქართველურ ტომებს შორის: ა)  ის, თუ როგორ აისახებოდა მათი რელიგია, არქიტექტურა და ტრადიციები ქართველურ ტომებზე. მაგალითად, შეადარონ ზიკურატების,  პირამიდებისა და სვანური კოშკების მშენებლობის ტექნიკა; ბ) ზოგადად  შეადარონ ზიკურატები და პირამიდების მშენებლობის წესი  ერთმანეთს; გ) ასევე  რელიგიური სისტემების (შუმერული და ეგვიპტური) და მათი ზეგავლენა ქართველურ ტომებზე;
  • მოამზადონ პრეზენტაცია, სადაც გაანალიზებენ, რა ასპექტები შეიძლებოდა შუამდინარეთისა და ეგვიპტის მმართველობითი სისტემიდან გადმოეღოთ ქართველურ ტომებს.
  1. არჩევითი დავალებები (გაფართოებული დონის დავალება, რომელიც ხელს უწყობს  ინდივიდუალური და შემოქმედებითი მუშაობის გაღრმავებას ):
    • შექმნან „კულტურული დოკუმენტი“ –  ერთგვარი  სია, ჩამონათვალი   იმ  ნივთების, წესებს ან ტექნოლოგიების შესახებ, რაც მოგზაურობისას შეაგროვეს, დაამახსოვრდათ და  სურთ შთაბეჭდილებები  სხვებსაც გაუზიარონ   (აქ შეიძლება იყოს  არქიტექტურული ხასიათის  ელემენტების ჩამონათვალი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის აღწერა და მათი დასახელებები, რელიგიური რიტუალები და ა.შ.).
    • კულტურული და გეოგრაფიული ანალიზი: გაანალიზონ,  რით განსხვავდება სამხრეთ კავკასიის გეოგრაფიული ლანდშაფტი შუამდინარეთისა და ეგვიპტისგან და როგორ მოქმედებდა ეს გეოგრაფია მათ კულტურულ განვითარებაზე (შესაძლებელია,  შეადრონ მდინარეების როლი, სარწყავი სისტემები, კლიმატური ზონები და სხვ).

როგორ შევაფსოთ მსგავსი დავალებები?

დავალებების შეფასების კრიტერიუმები:

  1. სავალდებულო დავალებების შეფასებისას აქცენტს ვაკეთებთ: ა)  დღიურის წარმოებაზე: სწორ  ფაქტობრივ  ინფორმაციაზე, სწორი გეოგრაფიული ტერმინების გამოყენებაზე,   პირადი მოსაზრებებისა და შთაბეჭდილებების  ჩართვაზე; ბ) რუკაზე მუშაობისას – რამდენად სწორადაა მონიშნული მარშრუტი,   ასევე  გეოგრაფიული ობიექტების იდენტიფიკაციაზე;
  2. არასავალდებულო დავალებების შეფასებისას  კრიტერიუმია: ა) დამატებითი კვლევის ხარისხი და სიღრმე და ბ) პრეზენტაციის სტრუქტურა და შინაარსი.
  3. არჩევითი დავალებების შეფასებისას: ა) კრეატიული პროექტის ორიგინალურობასა  და კულტურულ  მნიშვნელობის წინ წამოწევაზე; გეოგრაფიული და კულტურული ანალიზის უნარზე.

აღნიშნული ფორმატის  მენიუ დაეხმარება მოსწავლეებს ისტორიული მასალების ინტერაქტიულად ათვისებაში და გააძლიერებს მათ უნარებს სხვადასხვა დონეზე.

 

სასწავლო პროცესში ვიზუალური მასალის ინტეგრაცია შესანიშნავი საშუალებაა მოსწავლეთა ინტერესის გაზრდისთვის.  როგორ  გამოვიყენოთ სასწავლო მენიუ ვიზუალურ მასალაზე მუშაობისას?

საიტნერესო სამუშაოა  ვიზუალური მასალის სასწავლო მენიუ.

ნიმუში:

  1. სავალდებულო დავალებები:
  • ვიზუალური მასალის აღწერა: მოსწავლეები აღწერენ  ერთ-ერთ  სურათს ან რუკას   (მაგალითად, პირამიდების ან ზოროასტრიზმის  სურათს) და პასუხობენ კითხვებზე:
  • რა არის გამოსახული მოცემულ სურათზე? ისტორიული თვალსაზრისით, რატომ არიან ისინი მნიშვნელოვანი?
  • რუკის ინტერპრეტაცია: მოსწავლეები მონიშავენ   რუკაზე (მაგალითად, სპარსეთის იმპერიის რუკა)     ძირითად  ქალაქებსა და ტომებს, შემდეგ კი შეადარებენ  მათ თანამედროვე რუკას და უპასუხებენ კითხვებზე:
  • რა ცვლილებები მომხდარა საუკუნეების განმავლობაში ამ რეგიონში ეთნიკური თუ პოლიტიკური ნიშნით?
  • რომელი ქალაქები ან ტერიტორიები გამოირჩეოდა სპარსეთის იმპერიაში?
  • რომელ თანამედროვე ქვეყნებს შეიძლება შეესაბამებოდეს ეს ტერიტორიები?
  1. არასავალდებულო დავალებები (საშუალო სირთულე):
  • ილუსტრაციის ინტერპრეტაცია: მოსწავლეები აირჩევენ  სურათს  (მაგალითად, პერსეპოლისის ნანგრევებს ან ეგვიპტის პირამიდებს ) და:
  • დაწერენ მოკლე ესეს, სადაც გააანალიზებენ, რას ასახავს ეს სურათი და რა კავშირშია ის კულტურასა და რელიგიასთან;
  • უპასუხებენ კითხვებზე, რა კულტურულ სიმბოლოს ატარებს ეს ნაგებობა ან მონუმენტი? როგორ გამოიყენებოდა ის ყოველდღიურ ცხოვრებაში ან რელიგიურ ცერემონიებში?
  • დროითი ხაზი და კულტურული მემკვიდრეობა:
  • მოსწავლეები იმუშავებენ იმუშაონ დროით ხაზზე და დაიტანენ ზედ    ვიზუალური მასალისგან შერჩეულ ნაგებობებს  ან მონუმენტებს და  განალაგებენ მათ  დროის, პერიოდების  მიხედვით;
  • უპასუხონ კითხვებზე: ა) რომელ საუკუნეებში აიგო ეს ძეგლები? ბ) როგორ იცვლებოდა არქიტექტურული სტილი დროთა განმავლობაში?
  1. არჩევითი დავალებები (მაღალი სირთულე, შემოქმედებითი მიდგომა):
  • ვიზუალური მასალის მოდელირება:
  • მოსწავლეები შექმნიან   მოდელს ან მაკეტს  ერთ-ერთი ნაგებობის მიხედვით კონკრეტული სურათის მიხედვით   (მაგალითად, ზიკურატს ან სპარსეთის მეფეთა სასახლეს);
  • უპასუხებენ კითხვებზე: ა) რა მასალებით და რა ტექნიკით შეიძლება ამ ობიექტის შექმნა? ბ) რა იყო მისი განსაკუთრებული არქიტექტურული ელემენტები?
  • მულტიმედიური მასალის შექმნა და  პრეზენტაცია,  სადაც მოსწავლეები  სურათებით, ვიდეოებით ან სხვა მულტიმედიური ელემენტებით ახსნიან თითოეული ნაგებობის კულტურულ და ისტორიულ მნიშვნელობას და ამ დროს უპასუხებენ კითხვებზე:  ა) რა გავლენა იქონია  ამ არქიტექტურულმა ნაგებობამ    მომდევნო ცივილიზაციებზე? ბ) როგორია მათი როლი დღევანდელ ტურისტულ ინდტუსრიაში?

შეფასების კრიტერიუმები მოცემული საკითხისთვის:

  1. სავალდებულო დავალებები შემთხვევაში:
    • ვიზუალური მასალის სწორად ინტერპრეტაცია და ისტორიულ კონტექსტთან დაკავშირება.
    • გეოგრაფიული და ისტორიული ობიექტების სწორად მონიშვნა რუკაზე.
  2. არასავალდებულო დავალებების შემთხვევაში:
    • კულტურული და რელიგიური თემების ანალიზი.
    • არქიტექტურული სტილის ცვალებადობის გაგება და აღწერა.
  3. არჩევითი დავალებების შემთხვევაში:
    • მოდელებისა და მაკეტების ორიგინალურობა და ისტორიულად სიზუსტე.
    • მულტიმედიური პრეზენტაციის ხარისხი და შინაარსის ღრმა გააზრება.

ეს მენიუ დაეხმარება მოსწავლეებს ვიზუალური მასალის გამოყენებით ისტორიული ცოდნის გააზრებაში და მათ შემოქმედებითი უნარების გაღმრავებაში, ამიტომ წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ პრაქტიკაში.

 

 

მოსწავლეებში მოტივაციის დაქვეითების პრობლემა და მოტივაციის ამაღლების ეფექტური საშუალებები

0

მასწავლებელს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. მისი მთავარი საზრუნავია, აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოსწავლე. იმისთვის, რომ მოსწავლე ეზიაროს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთეს, აუცილებელია, მას ჰქონდეს მოტივაცია. მოტივაცია არის იმპულსი, სურვილი, შინაგანი პროცესი, რომელიც ადამიანს მოქმედებისკენ უბიძგებს გარკვეული მიზნის მისაღწევად. მაგალითად, მოსწავლე, რომელიც ბევრს მეცადინეობს, კეთილსინდისიერად ეკიდება სასწავლო პროცესს და ორიენტირებულია სიახლეებზე, შეიძლება დავახასიათოთ როგორც მაღალმოტივირებული. მოტივაცია განაპირობებს მოსწავლის შესაძლებლობებისა და უნარების რეალიზებას. მოსწავლის მოტივირების თვალსაზრისით მასწავლებლის როლი ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორც სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს, სასკოლო მოტივაციის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება სასკოლო სწავლების საშუალო საფეხურზე გადასვლისას. თუ გავითვალისწინებთ სასწავლო მოტივაციის ასაკობრივ დაქვეითებას გარდამავალ პერიოდში, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება იმის განსაზღვრა, რით შეიძლება მოსწავლის მოტივირება, მასზე ზემოქმედება, როგორ უნდა ააგოს მასწავლებელმა სწავლების პროგრამა, რომ გადალახოს აკადემიური მოსწრების ტრადიციული დაქვეითება. მასწავლებლების მიერ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება მრავალ სკოლაში (განურჩევლად ქვეყნისა) აქტუალური თემაა. არაერთი კვლევა ჩატარებულა და ლიტერატურა შექმნილა იმის შესახებ, როგორ უნდა მოხდეს მოსწავლის მოტივაციის ამაღლება. ეს საკმაოდ ფართო, კომპლექსური საკითხია და მრავალ თეორიას მოიცავს. ლიტერატურა მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომია. მოსწავლეთა მოტივაციის დაქვეითებას ხშირად იწვევს წასაკითხი მასალის მოცულობა, ერთფეროვნება. მოსწავლეებს რუტინა ბეზრდებათ. ზოგ მათგანს ექსკურსიები, კონცერტები, ვიქტორინები უყვარს, აქედან გამომდინარე, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები, ინტერესები,სურვილები და განწყობა.

საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის ცოდნა არის წინაპირობა იმისა, რომ მოსწავლე პატრიოტად და პოლიტიკურად განათლებულ მოქალაქედ ჩამოყალიბდება. ისტორიის სწავლებამ მოსწავლეს ასევე უნდა განუვითაროს პრობლემის გადაჭრის უნარი.

ამ ამოცანების შესრულება მოითხოვს, რომ მოსწავლეს ჰქონდეს ისტორიული აზროვნება: მას უნდა შეეძლოს ისტორიული ეპოქის აღქმა (ისტორიული ეპოქის აღწერისას მოვლენების დანახვა იმ პერიოდში მცხოვრები ადამიანების თვალით; წარსულში მომხდარი მოვლენების შეფასება არა მხოლოდ დღევანდელი გადასახედიდან, არამედ იმ ეპოქის ფასეულობებისა და შეხედულებების გათვალისწინებით), ისტორიულ მოვლენებს შორის რთული მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენა და ანალიზი; ისტორიული მოვლენის მიზეზებისა და შედეგების განსხვავებულ შეფასებათა შედარება და ანალიზი, კანონზომიერებების შესახებ საკუთარი მოსაზრების დასაბუთება, დამოუკიდებელი ისტორიული კვლევა (ისტორიული კვლევა-ძიების მიზნის განსაზღვრა და დაგეგმვა; წერილობითი, ვიზუალური, ლიტერატურული წყაროების მოძიება; ისტორიული დოკუმენტის ანალიზი; ისტორიკოსთა განსხვავებული შეხედულებების შედარება; ჩატარებული კვლევის საფუძველზე ისტორიულ თემაზე ნაშრომის დაწერა). მაგრამ როგორ უნდა შეძლოს მასწავლებელმა ამ ამოცანების შესრულება, თუ მოსწავლეთა უმრავლესობას არ აქვს მოტივაცია? საჭიროა საკუთარი პრაქტიკის შესწავლა, რომელიც ემსახურება სასწავლო ატმოსფეროს გაჯანსაღებას, პრობლემების იდენტიფიცირებას, მათი გადაჭრის გზების პოვნას და პრაქტიკაში დანერგვას.

მოტივაციაზე საუბრისას, პირველ რიგში, უნდა განვიხილოთ ოთხი თეორიული მიდგომა: ბიჰევიორისტული, ჰუმანისტური, კოგნიტური და სოციოკულტურული. საინტერესოა თითოეულის მიგნებები.

ბიჰევიორისტული მიდგომა ხაზს უსვამს სწავლა–სწავლებაში გარეგან მოტივებს: წახალისებას, ჯილდოს. მთავარია, მიიღო სიამოვნება და აიცილო უსიამოვნება. უნდა ითქვას, რომ ყველაზე ჰუმანური მასწავლებლებიც კი მიმართავენ წახალისებასთან ერთად დასჯას: აქებენ და საყვედურობენ მოსწავლეებს, წერენ მაღალ და დაბალ ნიშნებს. ქება და დასჯა აძლევს მოსწავლეს მნიშვნელოვან ინფორმაციას მისი კომპეტენტურობის შესახებ. საზოგადოდ, დასჯა უეფექტოა. აუცილებლობის შემთხვევაში ის უკიდურესად დიდი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული. სასჯელი უნდა იყოს ხანმოკლე, ინტენსივობა – ლიმიტირებული. ეს უნდა იყოს პასუხი ქცევაზე და არა პიროვნულ თვისებებზე.

ჰუმანისტური მიდგომა: მეოცე საუკუნის სამოციან წლებში ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მომხრეები, მათ შორის კარლ როჯერსი, ამბობდნენ, რომ ფსიქოლოგიის ვერცერთი დომინანტური სკოლა ადეკვატურად ვერ ხსნიდა ადამიანის ქცევას. მოტივაციის ჰუმანისტური ინტერპრეტაცია ხაზს უსვამს ისეთ შინაგან წყაროებს, როგორიცაა პიროვნების თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება, თანდაყოლილი აქტუალიზაციის ტენდენცია ან თვითგანსაზღვრის მოთხოვნილება. ასე რომ, ჰუმანისტურ ჭრილში, მოტივირება ნიშნავს ადამიანის შინაგანი რესურსების – კომპეტენტურობის, თვითშეფასების, ავტონომიისა და თვითაქტუალიზაციის წაქეზებას.

კოგნიტური და სოციალურკოგნიტური მიდგომა: კოგნიტიურ თეორიებში ადამიანი განხილულია როგორც ცნობისმოყვარე, აქტიური, ინფორმაციის მაძიებელი არსება, რომელიც ცდილობს გადაჭრას პიროვნული პრობლემები. ამდენად, კოგნიტიური თეორეტიკოსები აქცენტს შინაგან მოტივაციაზე სვამენ. მოტივაციის კოგნიტიური თეორიები, შეიძლება ითქვას, ბიჰევიორისტული შეხედულებების საპასუხოდ განვითარდა. კოგნიტივისტებს სჯერათ, რომ ჩვენი ქცევა აზროვნებით არის განპირობებული და არა უბრალოდ იმით, რომ წარსულში ასეთივე ქცევის გამო დაგვაჯილდოეს ან დაგვსაჯეს. ქცევა წამოწყებულია და რეგულირდება გეგმების, მიზნების, სქემების, მოლოდინებისა და ატრიბუციების მიერ.

მოტივაციის სოციოკულტურული კონცეფციები: მოტივაციისადმი სოციოკულტურული მიდგომა ხაზს უსვამს ერთობის წევრობას. ადამიანები ერთვებიან აქტივობაში, რათა განამტკიცონ თავიანთი იდენტობა და ინტერპერსონალური ურთიერთობები ამ ჯგუფის შიგნით. ამდენად, მოსწავლეები მოტივირებულნი არიან ისწავლონ, თუ ისინი არიან წევრები იმ საკლასო ან სასკოლო ჯგუფისა, რომლისთვისაც სწავლას დიდი ღირებულება აქვს. როგორც სოციალიზაციის პროცესში ჩვენი კულტურის უფრო გამოცდილი წევრებისგან ვსწავლობთ ლაპარაკს, ჩაცმას, სუფრასთან მოქცევას, ასევე იმათზე დაკვირვებით, ვინც ჩვენი სასკოლო ჯგუფის წევრია, ვსწავლობთ, როგორი მოსწავლეები უნდა ვიყოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვსწავლობთ იმ ჯგუფისგან, რომლის წევრებიც ვართ (მანანა მელიქიშვილი. „მოტივაცია“. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი).

აღნიშნულ თემაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით დ. უზნაძის განწყობის თეორიას, ისევე როგორც მარია მონტესორის პედაგოგიურ იდეებს. XX საუკუნის იტალიელი პედაგოგისა და მეცნიერის მარია მონტესორის პედაგოგიკა არის პედაგოგიურ მეცნიერებაში ჰუმანური პრინციპებისა და თავისუფალი აღზრდის ეფექტური, პრაქტიკული რეალიზაციის მაგალითი.

მოცემული ლიტერატურის განხილვამ ნათელი გახადა, თუ რატომ კარგავენ მოსწავლეები საშუალო საფეხურზე მოტივაციას, რატომ აშინებთ დიდი მოცულობის ტექსტები, რატომ აღარ უნდათ კითხვა.

განხილულ თეორიებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საგაკვეთილო პროცესში გათვალისწინებულ იქნეს მრავალმხრივი ინტელექტი, მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები და ინტერესები, მოსწავლეებს ჰქონდეთ არჩევანის, შეცდომების დაშვებისა და გამოსწორების უფლება, მასწავლებელი იყოს ფასილიტატორი, მოსწავლეებს ჰქონდეთ სასურველი როლი. იმისთვის, რომ კვლევის შედეგები არ იყოს ერთჯერადი, რომ წინსვლა გაგრძელდეს და მიღწეული დაინერგოს პრაქტიკაში, ძირითადი დასკვნების ჩამოყალიბების შემდეგ მნიშვნელოვანია არსებითი რეკომენდაციების შემუშავება.

საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო ღონისძიებების დროს გამოყენებულმა აქტივობებმა თუ სტრატეგიებმა შესაძლებელი გახადა მოსწავლეთა ძირითადი ნაწილის მოტივირება და სასკოლო ცხოვრებით მათი დაინტერესება.

კვლევის შედეგმა ცხადყო, რომ მოსწავლეები მაშინ აქტიურობენ, როდესაც თავად წარმართავენ სასწავლო პროცესს,           არიან მასწავლებლის როლში, თავად ქმნიან პრეზენტაციებს, სვამენ კითხვებს და აყალიბებენ სადისკუსიო თემებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მელიქიშვილი მანანა, „ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2013
  2. მელიქიშვილი მანანა, „მოტივაცია“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2013
  3. https://mastsavlebeli.ge/?tag=მანანა-ბოჭორიშვილი -23 აპრილი, 2012)
  4. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი, მე-2 ნაწილი

როგორ გავუმკლავდეთ ეჭვიანობას მოზარდებში

0

ეჭვიანობა მეგობრობაში

ვფიქრობ, ეჭვიანობა საკმაოდ ნაცნობი გრძნობაა განვითარების ნებისმიერ ასაკობრივ საფეხურზე მყოფი ადამიანისათვის. ყველაზე ხშირად ის თავს იჩენს სიყვარულის ობიექტთან მიმართებაში, როდესაც ჩვენთვის საყვარელი ადამიანი მოულოდნელად მეტ ინტერესს იჩენს სხვა ადამიანის მიმართ, ან დიდ დროს უთმობს მისთვის საყვარელ საქმიანობას. მაგრამ მხოლოდ შეყვარებულები არ არიან ეჭვიანები, ეჭვიანობა მეგობრებს შორის გაცილებით მეტი სიხშირითაც კი შეიძლება შეგვხვდეს და სერიოზულად დააზიანოს მათი ურთიერთობა. ეჭვიანობა უკვე საკმაოდ ადრეულ ასაკში იჩენს ხოლმე თავს. სამ წლამდე ასაკის ბავშვი სრულიად არ არის მზად იმ ფაქტის მისაღებად, რომ ყველაფერი, რასაც ის მის გარშემო ხედავს, მას არ ეკუთვნის, მისი არ არის. ამ მიზეზით არ სურს, მას გაუზიაროს სათამაშოები სხვა ბავშვებს, არ უშვებს დედას მეგობრებთან შესახვედრად და ტირის, როცა ის მის პატარა დაიკოს, ან ძამიკოს ხელში აიყვანს. შემდეგ დგება სამი წლის კრიზისი. ამ დროს პატარას უწევს შეგუება იმასთან, რომ სხვა ადამიანებსაც აქვთ გარკვეული სურვილები. ის თანდათან აცნობიერებს, რომ თუ თავად არ გაუზიარებს საკუთარ სათამაშოს თანატოლს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის დათანხმდეს თავისი თოჯინა ათხოვოს მას. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრება სამი წლის კრიზისში რჩება. სავარაუდოდ, მის მიმართ ადრეულ ასაკში არ იჩენდნენ ყურადღებას და ახლა უკვე ზრდასრულობის ასაკში ცდილობს ის მის მოპოვებას. შეიძლება ითქვას, რომ ეჭვიანობა ბავშვური გრძნობაა. ეჭვიანი ადამიანი, განურჩევლად იმისა, რა ასაკშია ის, არის სამი წლის ბავშვი, რომელიც ტირის და ფეხებს აბაკუნებს, რომელიც „ვერ გაიზარდა“ და ჯერ კიდევ თვლის, რომ ამ სამყაროში ის ერთადერთი სრულუფლებიანი მესაკუთრეა.

ჩვენ, ადამიანებს გვსურს, ვიყოთ ახლო ურთიერთობაში სხვა ადამიანებთან. ჩვენთვის, როგორც სოციალური არსებისთვის ეს ძალიან ბუნებრივი და მნიშვნელოვანია. აღნიშნულის გამო, თუ ახლობელი ადამიანი, მეგობარი იწყებს ურთიერთობას ვინმე სხვასთან, ჩვენ ვგრძნობთ საფრთხეს. ეს საფრთხე შეიძლება იყოს როგორც რეალური, ისე წარმოსახული. ეჭვიანობის მიზანი ამ საფრთხის შემცირებაა. ეჭვიანობა ახლობელი ადამიანის, მეგობრის დაკარგვის შიშია.

მეგობრის მიმართ ეჭვიანობას საკმაოდ ხშირად ვხვდებით ბავშვებში, მოზარდებში. სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ რთულდება, როდესაც მშობლები ერთვებიან საკუთარი შვილისა და მისი მეგობრების გართულებულ ურთიერთობაში და ცდილობენ პრობლემის გადაჭრას ბავშვისთვის არცთუ ისე მისაღები ფორმით.

ვფიქრობ, ეჭვიანობის ბუნებაში გარკვევა სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს ჩვენც, უფროსებს და დაგვანახებს იმ გზებს, რომლითაც შევძლებთ ბავშვთა შორის მეგობრობაში ეჭვიანობის თავიდან აცილებას.

არაფერს ისე სწრაფად არ შეუძლია მეგობრობის დარღვევა, როგორც ეჭვიანობას. საყურადღებო ფაქტია, რომ ეჭვიანობით დისკომფორტს განიცდის არა მხოლოდ ის ადამიანი, ვინც ეჭვიანობს, არამედ ისიც, ვის მიმართაც ავლენენ ეჭვიანობას და ზღუდავენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში. ცხოვრებაში ერთხელ მაინც ნებისმიერი ადამიანი ყოფილა ერთ-ერთი მათგანის ადგილას.

საიდან ჩნდება ეჭვიანობა მეგობრობაში და როგორ დავაღწიოთ მას თავი, რა ხერხები არსებობს ეჭვიანობის თავიდან ასაცილებლად – ნებისმიერი პრობლემის დასაძლევად, როგორც წესი, მის გამომწვევ მიზეზებში გარკვევაა საჭირო.

მეგობრობაში ეჭვიანობის გამომწვევი ფსიქოლოგიური მიზეზები:

  • მეგობრის დაკარგვის შიში – დაკარგვის შიში შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი მეგობრებს შორის ურთიერთობაში და ეჭვიანობის საკმაოდ სერიოზული მიზეზი. მეგობრის დაკარგვის შიში ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს საკუთარი თავის, მეგობრის, ან სხვა ადამიანების მიმართ უნდობლობის გამო;
  • დაურწმუნებლობა საკუთარ თავში – ეჭვიანობა მეგობრობაში ხშირად ასოცირდება საკუთარ თავში დაურწმუნებლობასთან, დაბალ თვითშეფასებასთან. ის შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვლინდეს, მაგ. საკუთარი თავის მუდმივი შედარება ჩვენთვის ძვირფასი ადამიანის სხვა მეგობრებთან. ასევე გვხვდება შემთხვევები, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ის არ არის ღირსი ისეთი მეგობრობის, როგორიც მას აქვს, მაგრამ არ სურს მეგობრის დაკარგვა;
  • მესაკუთრეობა – ეჭვიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მესაკუთრეობაა. გვხვდებიან მოზარდები, რომლებსაც სურთ, რომ მეგობარი მთელ დროს მხოლოდ მას უთმობდეს, მისი ყურადღება იყოს განუყოფელი. უხეშად რომ ვთქვათ, მას თავისი მეგობრის მისაკუთრება სურს და იწყებს ეჭვიანობას თუ მისი მეგობრის ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომელთანაც იწყებს მეგობრობას და დროის რაღაც ნაწილს მასაც უთმობს;
  • ურთიერთობა დედასთან – მეგობრის მიმართ ეჭვიანობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს დედასთან ურთიერთობის პროექცია. თუ ადრეულ ბავშვობაში მოზარდი არ უყვარდათ და ყურადღების ნაკლებობას განიცდიდა, მოგვიანებით შესაძლოა მას მეგობრებთან ურთიერთობაში გაუჩნდეს უნდობლობის გრძნობა.

რეკომენდაციები – როგორ გავართვათ თავი ეჭვიანობას, როგორ გავუმკლავდეთ მას:

  • გავერკვეთ საკუთარ გრძნობებში, ემოციებში. ეჭვიანობის დროს ჩვენ, როგორც წესი, ვადანაშაულებთ მეგობარს, ნაცვლად იმისა, რომ გავერკვეთ საკუთარ გრძნობებში. შევეცადოთ გავაანალიზოთ და შევაფასოთ საკუთარი ემოციები და გრძნობები, რომლებიც იწვევს ეჭვიანობას და თან ახლავს მას. თუ ეჭვიანობა უსაფუძვლოა და მხოლოდ საკუთარ თავში დაურწმუნებლობით არის განპირობებული, შევეცადოთ გავიგოთ, რომ ჩვენს მეგობარს აქვს საკუთარი ცხოვრება, საქმე, ურთიერთობები, ჰყავს სხვა მეგობრებიც, თუმცა ეს ყველაფერი არ გამორიცხავს ჩვენთან მის მეგობრობას;
  • გავითვალისწინოთ, რომ ბევრად უკეთესია გრძნობების ღიად გამოვლენა, ვიდრე მათი დაფარვა, რადგანაც დაგროვილი უკმაყოფილება და უარყოფითი გრძნობები, ემოციები ერთ დღეს აუცილებლად ამოიფრქვევა და ბევრად მეტი უარყოფითის მომტანი იქნება, ვიდრე გრძნობების თავის დროზე გამოვლენა;
  • თუ ჩვენზე განაწყენებულ მეგობარს ესმის, რომ მისი ეჭვიანობა ნორმა არ არის და თავად ცდილობს, გაუმკლავდეს უსიამოვნო გრძნობებს, კარგი იქნება მივცეთ მას დრო, რომ ყველაფერი გააცნობიეროს და ახალი რეალობა მიიღოს. მთავარია არ გაგვიჩნდეს დანაშაულის გრძნობა და არავითარ შემთხვევაში არ დავიწყოთ თავის მართლება. ეს მხოლოდ გაართულებს პროცესს;
  • თუ ეჭვიანობა საზღვრებს სცდება, კარგი იქნება, განვიხილოთ ყველაფერი მეგობართან, ვესაუბროთ გულწრფელად, ვუთხრათ, თუ რა მნიშვნელოვანია ის ჩვენთვის, ავუხსნათ, რომ არ არსებობს ეჭვიანობის საფუძველი, რომ ჩვენ გულს გვტკენს მისი წყენა და გაბრაზება. ასეთი საუბარი ხსნის შფოთვას და შიშს, რომ ურთიერთობები გაცივდა და მეგობრობა მალე დასრულდება. გულწრფელი საუბარი საპასუხო განაწყენებისა და საკუთარი უფლებების დაცვის გარეშე დაგვეხმარება შევინარჩუნოთ მეგობრობა. თუ ადამიანი ჩვენთვის ძვირფასია და არ გვსურს მისი დაკარგვა, დავეხმაროთ მას, შეეგუოს სიახლეებს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენი ცხოვრების ახალ გარემოებებს.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ თუ ეჭვიანობა არ არის კონტროლირებადი და მართვადი, შეიძლება მან არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანოს, ისევე, როგორც მინიმუმ ეჭვით შეპყრობილი ადამიანი, დიდი ალბათობით, სერიოზულად დააზარალებს სხვა ადამიანებთან ჩვენს ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, ეჭვიანობა მეგობრობის დასრულების მიზეზიც შეიძლება გახდეს, ამასთან საკმაოდ სკანდალური შედეგებითაც. უკიდურეს შემთხვევაში კი ეჭვიანობა და იმაზე აქცენტირება, რომ მეგობარი მხოლოდ ჩვენთან უნდა მეგობრობდეს, შეიძლება გადაიზარდოს ფსიქოლოგიურ პრობლემებში და დაავადებებში. ამიტომ, უმჯობესი იქნება ამ გრძნობის სრულად აღმოფხვრა საკუთარ თავში და ეჭვიანობისაგან განთავისუფლება.

 

როგორ ეხმარება ChatGPT მოსწავლეებს სწავლების პროცესში?

0

დღეს უკვე თითქმის ყველა მოსწავლეს აქვს ინტერნეტთან დაკავშირებული სმარტფონი, რომელიც ცოდნის, გართობისა და ინფორმაციის მიღების მრავალფეროვან საშუალებას წარმოადგენს. თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე სრულიად წარმოუდგენელია ჩვენი ცხოვრება, ყოველდღიურობა და სასწავლო პროცესი. ყოველი გონიერი ადამიანი ცდილობს, ცოდნა ტექნოლოგიების დახმარებით მიიღოს, გაიუმჯობესოს პროფესიული ჩვევები, ისწავლოს რაღაც ახალი და გამოსადეგი, გაიმარტივოს საქმე და ჩართოს ის ყოველდღიურობის სამსახურში. ციფრული სამყაროს შესაძლებლობები ნამდვილად შეუზღუდავია და ჩვენ შეგვიძლია მათი ჩვენდა სასიკეთოდ გამოყენება.

ჩვენს ჟურნალში ცირა ბარბაქაძის არაერთი საინტერესო წერილი გამოქვეყნდა AI-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შესახებ, სადაც ავტორი განიხილავს AI ჩატბოტების გამოყენებას სასწავლო პროცესში. სწორედ ამ წერილებიდან შეიტყო ბევრმა ადამიანმა, როგორ მუშაობს ჩატბოტები ჩვენს ციფრულ მოწყობილობებში, რა ტიპის კომუნიკაცია შეგვიძლია ვაწარმოოთ მათთან და როგორ შეგვიძლია მათი გამოყენებით გადავჭრათ სხვადასხვა პრობლემა. ალბათ, საინტერესო იქნებოდა კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია, მეტი პრაქტიკული ცოდნა და მაგალითი გვქონდეს იმის შესახებ, როგორ უნდა გამოიყენონ ისინი მოსწავლეებმა სწორად და გონივრულად, რომ სწავლის პროცესი უფრო საინტერესო, ნამდვილად ნაყოფიერი და დინამიკური გახდეს.

იმისათვის, რომ AI-ის გამოყენება შევძლოთ, უნდა ვიცოდეთ, რა არის იმ AI ჩატბოტის დანიშნულება, რომელსაც ვიყენებთ. ჩვენს შემთხვევაში საკმაოდ პოპულარულია ChatGPT, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელსაც შეუძლია, დაეხმაროს მომხმარებლებს სხვადასხვა ამოცანის შესრულებაში, როგორც ინფორმაციის მიწოდებით, ისე კომუნიკაციის გამარტივებით. ის ხელს უწყობს სწრაფი და გასაგები პასუხების მიღებას სხვადასხვა თემაზე – იქნება ეს მეცნიერება, ტექნოლოგია, ხელოვნება თუ განათლება; აგროვებს ცოდნას სხვადასხვა წყაროდან და ეხმარება მომხმარებელს ამ ცოდნის სწორად გაგებაში. მას შეუძლია ასევე დახმარება გაგვიწიოს ტექსტების შექმნაში, ტექსტების სტრუქტურირების, რედაქტირების ან იდეების გენერირებაში. ჩატბოტების მთავარი უპირატესობა – მათი უნარია, რთული საკითხები მარტივ ენაზე ახსნან, რაც აადვილებს სწავლის პროცესს და უფრო მოქნილსა და ეფექტურს ხდის მას.

AI ჩატბოტების გამოყენება უფრო ინტენსიური ხდება მოსწავლეების მხრიდანაც. ბავშვები დღეს ძალიან ბევრი პლატფორმიდან იღებენ ინფორმაციას, გარკვეული აზარტითაც კი ერკვევიან ტექნოლოგიურ სიახლეებში და ციფრულ სამყაროში თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი – წყალში. ისინი ნამდვილად ამ ეპოქის ადამიანები არიან, რომელთათვისაც არანაირი ტექნოლოგიური სიახლე არ არის ბარიერი, პირიქით, შემეცნების, თვითგანვითარებისა და ახალი უნარების დაუფლების შესაძლებლობაა. ამ წერილის დაწერის იდეაც, სწორედ მათ გამო გამიჩნდა.

„რონალდო თუ მესი?“ – ამ შეკითხვით დაიწყო ჩემი შვილის დიალოგი ChatGPT-თან ერთი წლის წინ და გაგრძელდა იმით, რომ დღეს უკვე გარკვეული პერიოდულობით მისთვის AL ერთგვარი ციფრული მეგზური გახდა სასწავლო პროცესში. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმები მოსწავლეს ეხმარება, მისგან მიიღოს პერსონალიზებული რჩევები, რომელიც შეესაბამება მის ინტერესებსა და სწავლის დონეს; ეხმარება, ნათელი მოჰფინოს ბუნდოვან საკითხებს და რთული საკითხები მისთვის მარტივი და გასაგები გახადოს.

AI ჩატბოტების გამოყენება მოსწავლეებს გაუადვილებს დავალებების შესრულებას, დაეხმარება დამოუკიდებელი კვლევა-ძიების უნარების მოპოვებაში, რათა მან თავად გადაჭრას ის პრობლემები, რომლებიც სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ჩნდება. ჩატბოტების გამოყენება პლაგიატთან დაკავშირებულ გამოწვევებსაც შეიცავს, თუ მოსწავლეები გადაწყვეტენ ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი მასალა საკუთარ ნაშრომად წარმოადგინონ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა ჩატბოტების სასარგებლოდ და პატიოსნად გამოყენება ისწავლონ და ეს იყოს მათი დამხმარე საშუალება სწავლის პროცესში და არა კოპირების მარტივი საშუალება.

 „სხვა დროს, თუ რთულ დავალებას უბრალოდ შევეშვებოდი, გვერდზე გადავდებდი რვეულს და შემდეგ არც გაკვეთილზე იქნებოდა იმის დრო, მასწავლებლისთვის მეკითხა, რაღაც რატომ ვერ გავიგე და ბოლოს საერთოდ ვერაფერს გავიგებდი, ახლა შემიძლია ასე უკეთესად გავერკვე. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე არ ვაზროვნებ, პირიქით, კარგად ვაზროვნებ და უფრო მეტი ინფორმაციის მიღება შემიძლია იმაზე, რაც მაინტერესებს“, – დამამშვიდა ჩემმა 12 წლის შვილმა, როდესაც, საფუძვლიანად ან იქნებ უსაფუძვლოდაც შევშფოთდი მისი გამოყენების შედეგებზე. და მაინც, მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ და მოსწავლეებიც დავაფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება ჩატბოტების გონივრულად გამოყენება და რა ტიპის გამოწვევები არსებობს ამ მხრივ. თუმცა მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ გამოწვევების არსებობა არ უნდა გახდეს მისი აკრძალვის მიზეზი, რადგან დაინტერესებული მოსწავლისთვის, რომელიც ფლობს ტექნიკურ უნარ-ჩვევებს, ეუფლება კვლევა-ძიების გამოცდილებას, ეს მისთვის დამატებითი ინფორმაციის წყაროა და აკრძალვით უფრო მეტად დავაზარალებთ ამ პროცესს.

როგორც მშობელმა, ძალიან კარგად ვიცი, რომ მოსწავლეს ისე არაფერი ეზარება, როგორც წერითი დავალების შესრულება. ურჩევნია დაისწავლოს ტექსტი, დრო დაუთმოს მის კითხვას, მაგრამ როდესაც წერაზე მიდგება საქმე, მის წინაშე გადაულახავი ზღუდედ წამოიმართება ცარიელი ფურცელი. ცხრა მთის გადალახვის, ცხრათავიანი გველეშაპის მოკვლის და საბედისწერო გზების გავლის შემდეგ მართლა შესაძლებელია, მოსწავლემ დაწეროს რაღაც. მაგრამ თუ ის იოლ გზას მიაგნებს ამ პროცესის გასამარტივებლად, ამაზე უარს ნამდვილად არ იტყვის. წერა რთული პროცესია, არა მარტო მოსწავლისთვის, ზოგადად რთული სამუშაოა, რომელიც მოითხოვს დიდ კონცენტრაციას, ლექსიკურ მარაგს, ლექსიკური ერთეულების მოქნილობას და ასევე შემოქმედებითობას, რომელიც ნაწერს ანიჭებს ინდივიდუალურ ხასიათსა და უნიკალურობას. ამიტომ, შესაძლებელია ჩატბოტი დაეხმაროს მოსწავლეს ტექსტის სტრუქტურის გამართვაში, თუმცა ტექსტი უშუალოდ მოსწავლემ უნდა დაწეროს.

არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ თუ მოსწავლეები ძალიან ხშირად გამოიყენებენ ხელოვნურ ინტელექტს ტექსტების დასაწერად, ამან შეიძლება შეაფერხოს მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება. ინფორმაციის სწრაფად და ერთი ხელის მოსმით მოპოვებამ შესაძლოა შეამციროს სიღრმისეული შესწავლის სურვილი და კრიტიკული ანალიზის უნარი, კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. კვლევის უნარები კი გამჭოლი კომპეტენციებია, რომლის განვითარება მნიშვნელოვანია ცხოვრების ყველა ეტაპზე. ამიტომაც, ჩატბოტის გამოყენება შესაძლოა იმ შემთხვევაში, როცა მოსწავლე აცნობიერებს მის სწორ მნიშვნელობას, ფუნქციასა და დანიშნულებას.

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ჩატბოტებს გამოვიყენებთ?

ChatGPT-სგან პასუხის მოლოდინში, სანამ ის მონაცემებს ელვის სისწრაფით ამუშავებდა, ყავა მოვწრუპე და აი, პასუხიც:

ჩატბოტები სხვადასხვა მიზნისთვის გამოიყენება, იმისათვის, რომ მათი გამოყენება ეფექტური და ეთიკური იყოს, უნდა ვიცოდეთ რამდენიმე საკითხი:

მიზანი და ფუნქცია

ჩატბოტები სხვადასხვა მიზნისთვის გამოიყენება, მაგალითად, მომხმარებლის დახმარება, ინფორმაციის მოწოდება ან დავალებების ავტომატიზაცია. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რა შეუძლია და რა არ შეუძლია ჩატბოტს, რათა ზედმეტი მოლოდინები არ გვქონდეს.

მონაცემების უსაფრთხოება

ჩატბოტებს ხშირად სჭირდებათ მომხმარებლის მონაცემებზე წვდომა, რაც შეიძლება შეიცავდეს პირად ინფორმაციას. მნიშვნელოვანია გავიგოთ, როგორ ხდება მონაცემების დაცვა და ვის აქვს მათზე წვდომა. საჭიროა წაკითხვა და გააზრება იმ პირადი ინფორმაციის დამუშავების პოლიტიკის, რომელსაც პლატფორმა გვთავაზობს.

სიზუსტე და შეცდომები

ჩატბოტები 100%-ით სანდო არ არიან. მათ შეიძლება გასცენ არაზუსტი ინფორმაცია, ამიტომ ყოველთვის საჭიროა მიღებული ინფორმაციის გადამოწმება სანდო წყაროებიდან.

ეთიკური გამოყენება

ჩატბოტების ეთიკური გამოყენება მნიშვნელოვანია. აკადემიურ სფეროში ჩატბოტის გამოყენება უნდა მოხდეს ისე, რომ ხელი შეეწყოს სასწავლო პროცესს და არა ინფორმაციის ავტომატურ კოპირებას ან პლაგიატს.

კიდევ ერთი შეკითხვაც დავუსვი:

როგორ გამოიყენონ ChatGPT და სხვა AI ჩატბოტები მოსწავლეებმა დავალების შესრულების დროს?

მოსწავლეებს ჩატჯიპიტი შეიძლება, დაეხმაროს სხვადასხვა დავალების შესრულებაში, თუ ის სწორად და გონივრულად გამოიყენებს მას. არსებობს რამდენიმე გზა მისით სარგებლობისას:

  1. ინფორმაციის მოძიება: ChatGPT-ს შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეებს თემების უკეთ გაგებაში. მაგალითად, მას შეუძლია რთული კონცეფციების ახსნა მარტივ ენაზე ან სხვადასხვა წყაროს მოტანა.
  2. დავალებების დაგეგმვა: მას შეუძლია, დაეხმაროს მოსწავლეებს, შექმნან და დაგეგმონ თავიანთი დავალებები ეტაპობრივად, რათა დავალების შესრულება უფრო მარტივად წარიმართოს.
  3. საკითხების განხილვა. ChatGPT-ის განხილულ საკითხებს მოსწავლეები უკეთ გაიგებენ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ, როგორ გააკრიტიკონ და გადაამოწმონ მოპოვებული ინფორმაცია.
  4. ChatGPT-ს შეუძლია, დაეხმაროს მოსწავლეს გრამატიკული ან სტილისტური შეცდომების აღმოჩენაში, რაც დაეხმარება მას თავიანთი ტექსტების რედაქტირებაში.

მიუხედავად მრავალი სიკეთისა, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა არ გამოიყენონ AI პლატფორმები ისე, რომ მთლიანად მასზე იყვნენ დამოკიდებულნი. ისინი უნდა შეეცადონ დამოუკიდებლად აზროვნებას და პრობლემის გადაჭრას, და AI ჩატბოტები გამოიყენონ, როგორც მხოლოდ დამხმარე საშუალება, როგორც ციფრული მეგზური სასწავლო პროცესში.

 

 

 

მანიპულაციის პათანატომია – სარა მესას „ნაიარევი“

0

სარა მესას „ნაიარევი“, ახლახან გამოსცა „ინტელექტმა“. რომანი ესპანურიდან ლანა კალანდიამ თარგმნა, მე კი ძალიან გამიმართლა, რომ წიგნის პრეზენტაციაზე ვიყავი. თავად მთარგმნელმა და გამომსვლელებმა ისე საინტერესოდ ისაუბრეს, ეს ჩემი წერილი მათ მსჯელობასთან ახლოსაც ვერ მივა. მაინც გადავწყვიტე, ჩემი შთაბეჭდილებები გადმომეცა, რადგან „ნაიარევი“, უპირველესად, თემატურად მგონია ძალზე მნიშვნელოვანი წიგნი. აი, რატომ:

თანამედროვე სამყაროში ყველაფერი შეიძლება, კოშმარად იქცეს. ამ წიგნში კი კოშმარად ნივთები ქცეულა: ძვირადღირებული ნივთები, სუნამოები, ტანსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები და წიგნებიც კი.

ესაა რომანი, რომლის მთავარი თემაც მანიპულაციაა. მანიპულაციის მოხელთება რეალურ ცხოვრებაშია შეუძლებელი და წარმოიდგინეთ, რამხელა ოსტატობას მოითხოვს მისი ლიტერატურად ქცევა.

ყველაფერი თითქოს უწყინარი თამაშით იწყება: მთავარი პერსონაჟი, სონია, ლიტერატურულ ფორუმზე გაიცნობს კაცს ფსევდონიმით კნუტ ჰამსუნი. ისინი მიმოწერას გააბამენ. კნუტი თავიდან წიგნებს უგზავნის საჩუქრად, შთაბეჭდილებები გამიზიარეო. მერე კი უკვე ძვირადღირებული ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სუნამოების გაგზავნაზე გადადის. აქ კიდევ ერთი, საგულისხმო დეტალია, რომელიც თავიდანვე ვიცით – კნუტი ამ ნივთებს არ ყიდულობს, ის მათ იპარავს.

ამასობაში, ჩვენ თვალწინ იშლება მანიპულაციის მთელი პათანატომია: მანიპულატორს არ ესმის შენი ნათქვამი „არა“, მანიპულატორი გიმსგავსებს და იძულებულს გხდის თავი მოიტყუო, თუმცა, რა თქმა უნდა, აქეთ გადანაშაულებს სიცრუესა და ღალატში. და სონიაც იჯერებს, რომ დამნაშავეა:

„სონია ეუბნება, რომ რცხვენია. მისთვის გულის ტკენა განზრახული არა ჰქონია, უნდა დაუჯეროს. არ უნდა, თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს, იძულებული შეიქნა, ასე მოქცეულიყო, ერთადერთი არჩევანი ჰქონდა, რომ ნაგვის კონტეინერში არ გადაეყარა. ყოველ ჯერზე, როდესაც სონია გადაკვრით ეუბნებოდა, რომ მეტი არაფერი სჭირდებოდა ან გამოგზავნილი ნივთები მის სტილს არ შეეფერებოდა, ან რომ უკვე საკმარისი ჰქონდა, ან მეტ ტანსაცმელს ვეღარ დააგროვებდა, კნუტი ყურს არ უგდებდა. ჯიუტად განაგრძობდა თავისას, ქანცის გაწყვეტამდე, ასე ეუბნება“ (გვ. 201).

ნიშანდობლივია ისიც, რომ კნუტთან ერთხელ შეწყვეტილ ურთიერთობაში სონია თავადვე ბრუნდება იმიტომ, რომ მოიწყინა: „იმ დროს ყველაფერი ახალი იყო. მაგრამ ახლა სიახლემ გაიარა. სულ ესაა. სიახლემ გაიარა, განმეორდა“ (გვ. 87) და ეს მოწყენილობა, ეს სიცარიელე, რომელსაც ვერც კნუტის მანიპულაციური თამაში ავსებს, თავიდან ბოლომდე მსჭვალავს წიგნს.

სადღაც შუისკენ იძულებული ვიყავი, კითხვა შემეწყვიტა – თითქოს აშკარა საშინელება არ ხდებოდა, არავინ მოუკლავთ, სისხლი არ დაღვრილა, მაგრამ მაინც ცუდად გავხდი. ერთი მკითხველის ემოციური დამოკიდებულება სრულიად არაფერს მეტყველებს თავად წიგნის მხატვრულ ღირებულებაზე, მაგრამ, აი, რა: თუ წლევანდელ „ბუკერს“ თვალს ადევნებთ, ჟიურის შეფასებებსაც წაიკითხავდით. ჰოდა, ჟიურის ერთ-ერთი წევრი ინტერვიუში ამბობს, ისეთი წიგნები შევარჩიეთ, ისეთი რომანები, რომელთა სამყაროშიც გადავსახლდითო. რომელთა გამოც მეგობრებს ვურეკავდით და საათობით ველაპარაკებოდით წაკითხულზეო. ალბათ, ხვდებით, რის თქმაც მინდა: ემოციურ ზემოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეცეფციისთვის.

როგორ ახერხებს ამას სარა მესა?

ჩვენ ვიცით, როგორც იქმნება ტექსტში დაძაბულობა. მგონი, ყველაზე კარგად დენ ბრაუნმა ახსნა: „It’s all about making promises to your reader”. შენს მკითხველს რაღაცას ჰპირდები. ის ამ დაპირების ხათრით კითხვას აგრძელებს და ბოლოს დაპირება სრულდება – საიდუმლოს უხსნი.

სარა მესა კი არც არაფერს გვპირდება და არც არაფერს გვისრულებს – მან სრულიად სხვა ფორმა აირჩია, ლაკონიური და ხისტი. და სწორედ ამის ხარჯზე ის, რაც ტექსტში ხდება, ორმაგად შემზარავია.

როგორ შეიძლება, დამთავრდეს ასეთი ამბავი? საერთოდ, შეიძლება კი, ოდესმე დამთავრდეს? – ეს ის კითხვებია, სარა მესა რომანის ფინალში რომ სვამს, რომანის, რომელშიც კაპიტალისტური სისტემის წინააღმდეგ ჯანყი ლიტერატურის სიყვარულს ერწყმის…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...