შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
26 ოქტომბერი, შაბათი, 2024

გეოგრაფია – მდგრადი განვითარებისთვის

გეოგრაფიული ცოდნის გამოყენება მდგრადი განვითარებისთვის (SD) დამოკიდებულია არა მხოლოდ თავად ცოდნაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ ვასწავლით მას. გეოგრაფიაში მდგრადობის ხელშეწყობის სწავლებისა და სწავლის მეთოდები საფუძვლიანად არ არის შესწავლილი.

გეოგრაფიული განათლების საერთაშორისო ქარტია გეოგრაფიას განსაზღვრავს, როგორც მეცნიერებას „დედამიწის, მისი ბუნებრივი, ფიზიკური და ადამიანური გარემოს შესწავლის შესახებ“.

გეოგრაფია მოიცავს ადამიანის გარემოსთან ურთიერთდამოკიდებულებისა და ურთიერთქმედების შესწავლას  ლოკალური და გლობალური მასშტაბით. იგი აკავშირებს სოციალურ მეცნიერებებს, ეხება მოვლენებსა და პროცესებს, რომლებიც იცვლება დროსა და სივრცეში. ამიტომ გეოგრაფია უნდა განიხილებოდეს, როგორც ყველა საზოგადოების ყველა მოქალაქის განათლების არსებითი ნაწილი. გეოგრაფიის ზემოაღნიშნული საფუძვლები შეიძლება ჩაითვალოს მდგრადი განათლების (SE) ხელშემწყობად. ინტერდისციპლინარული მიდგომები, რომლებიც აერთიანებს სამ ასპექტს – მდგრადობის ეკონომიკურ, სოციალურ და ფიზიკურ ასპექტებს – არა მხოლოდ შეეფერება გეოგრაფიას, არამედ რჩება წინაპირობებად მისი მრავალმხრივი განზომილებების გასაგებად.

გეოგრაფიის განათლების ძირითადი ცნებებია სივრცე, ადგილი, ლანდშაფტი და მდგრადობა. გარდა ამისა, მდგრადობა შეიძლება კონცეპტუალირებული იყოს როგორც ძირითადი გეოგრაფიული კონცეფცია. SE-ში, მდგრადი განვითარების (SD) სავარჯიშოებმა შეიძლება ჩამოაყალიბოს ჰოლისტიკური გამოცდილება ფილოსოფიური, თეორიული და პრაქტიკული მდგრადობის საკითხების ირგვლივ. ამ უკანასკნელთა მაგალითებია სწავლა საკლასო ოთახის გარეთ და განათლებისადმი შემოქმედებითი მიდგომები.

განათლება განიხილება, როგორც ძირითადი სტრატეგია მდგრადი განვითარების მისაღწევად. Global Education და SE-ს შეუძლიათ დაეხმარონ მოსწავლეებს განავითარონ კრიტიკული აზროვნების უნარები და ღირებულებები, დაეხმარონ მათ გააცნობიერონ გლობალიზებული, ურთიერთდამოკიდებული სამყარო, საკუთარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთისა და პლანეტის მიმართ. ეს საზოგადოებრივ გეოგრაფიაში ის თემებია, რომლებიც უნდა გაიაზრონ მოსწავლეებმა, თუ მათ ამ მიზნების მიღევა სურთ გეოგრაფიაში. გარემოსდაცვითმა პრობლემებმა გაზარდა SE-ს საჭიროება. თავის მხრივ, გადაწყვეტილების მიმღებებმა უნდა წაახალისონ მოქალაქეების ერთგულება გარემოსადმი და „ეკოლოგიური წიგნიერების“ მიმართ. ეკოლოგიური წიგნიერების ჩარჩოები ხაზს უსვამს სისტემურ აზროვნებას, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ბიოფიზიკური და სოციალური კომპონენტების იდენტიფიცირებას მოცემულ გარემოსდაცვით კონტექსტში და მათი ურთიერთდამოკიდებულების გამოყოფას. ეკოლოგიურად განათლებულ ინდივიდს აქვს მკაფიო აღქმა და გაგება სისტემის დინამიკისა და რღვევების, აგრეთვე მისი წარსულის და ალტერნატიული მომავლის შესახებ. მათ ესმით შესწავლილი ობიექტებისა და პროცესების სირთულე, რაც საშუალებას აძლევს უკეთ მიიღონ გადაწყვეტილებები. უფრო მაღალი დონის სააზროვნო უნარები, როგორიცაა სისტემური აზროვნება, შეიძლება განვითარდეს ადგილობრივ პრობლემებზე დაფუძნებული განათლების (PBE) მეშვეობით.

PBE აღნიშნავს საზოგადოებაზე ორიენტირებულ სკოლას, ეკოლოგიურსა და ბიორეგიონალურ განათლებას. PBE არის განათლება მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც უნდა იყოს ჰოლისტიკური. ნაცნობი და საყვარელი ადგილები ყველაზე მეტად იქნება დაცული მომავალი თაობებისთვის.

გეოგრაფიაში SD-ის სწავლება დამოკიდებულია არა მხოლოდ მაღალხარისხიან საგნობრივ ცოდნაზე, არამედ თანამედროვე პედაგოგიურ შინაარსობრივ ცოდნაზეც, რაც გულისხმობს მასწავლებლების ინტერპრეტაციას და საგნობრივი ცოდნის ტრანსფორმაციას მოსწავლეთა სწავლის ხელშეწყობის მიზნით. თუმცა, გეოგრაფიაში SD-ს განათლებასთან დაკავშირებით სწავლებისა და სწავლის მეთოდები საფუძვლიანად არ არის შესწავლილი.

ბევრი გეოგრაფი აკრიტიკებს გარემოსდაცვითი განათლების (EE), განათლების მდგრადი განვითარებისთვის (ESD) და მდგრადი განვითარების განათლების (SDE) კონცეფციებს. ცნებების განმარტება განსხვავდება კონტექსტის მიხედვით . ლუკასის (ავსტრალია) მიხედვით, EE არის უწყვეტი სწავლის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ადგილობრივი, რეგიონული და გლობალური გარემოსდაცვითი აქტივობების ხელშეწყობას. იუნესკოს თანახმად , ESD-ს მიზანია ადამიანებს გააცნობიერებინოს მიმდინარე და მომავალი გარემოსდაცვითი პრობლემები და გამოწვევები და შექმნას უფრო მდგრადი საზოგადოებები. SDE, თავის მხრივ, განიხილავს ეკოლოგიურ და სოციალურ სისტემებს შორის ურთიერთქმედებას სხვადასხვა მოულოდნელ სიტუაციებში გადაწყვეტილებების შემუშავების მიზნით. სამივე ორიენტირებულია ხარისხიან განათლებაზე და საზოგადოებაზე, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოს შესაძლებლობებს.

გეოგრაფია და მდგრადობის განათლება გვთავაზობს გზებს ამ სულ უფრო რთული და სახიფათო სამყაროს გასაგებად. გეოგრაფიული ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელია წესრიგის, კრიზისისა და ქაოსის პროგნოზირება. გეოგრაფია თავისი ინტერდისციპლინური მიდგომებით, აკავშირებს სოციალურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. განათლება გეოგრაფიაში ხელს უწყობს ცოდნას, უნარებსა და ცნებებს ჩვენი არსების, სხვა ადამიანებთან ჩვენი ურთიერთობებისა და სამყაროს უკეთ გასაგებად. ასე რომ, გეოგრაფიული ცნობიერება და გეოგრაფიული აზროვნება ასევე მნიშვნელოვანი მიზნებია SE-ში.

გეოგრაფიული განათლების საერთაშორისო ქარტია აცხადებს, რომ გეოგრაფიის შესწავლა დაეხმარება ახალგაზრდებს გაიგონ და დააფასონ, თუ როგორ იქმნება ლანდშაფტები, დედამიწის მრავალფეროვანი და ურთიერთდაკავშირებული კულტურებისა და საზოგადოებების მოზაიკა,  როგორ ურთიერთქმედებენ ადამიანები და გარემო. ჰაუბრიხის მიხედვით, SD-ს მიღწევა მოითხოვს გეოგრაფიულ კომპეტენციებს, როგორიცაა დედამიწის ძირითადი ბუნებრივი სისტემების ცოდნა და გაგება (მიწის ფორმები, ნიადაგები, წყლის ობიექტები, კლიმატი, ფლორა), ეკოსისტემების ურთიერთქმედებები და დედამიწის ძირითადი სოციალურ – ეკონომიკური სისტემები (სოფლის მეურნეობა, დასახლება, ტრანსპორტი, მრეწველობა, ვაჭრობა, ენერგეტიკა, მოსახლეობა და სხვა).

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის საფუძველზე ადგილობრივი, რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო პრობლემების გადაჭრა, დამოკიდებულებები და ღირებულებები შეუცვლელია. უფრო მეტიც, SD-ის შესახებ სწავლება ნიშნავს ჰოლისტურ სწავლებას. ასეთი მიდგომის რეალიზაციისთის პრაქტიკაში გამოიყენება გეოგრაფია, როგორც ხიდი საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს შორის. გეოგრაფიული განათლება ხელს უწყობს  ინდივიდებს გააცნობიერონ საკუთარი და მათი საზოგადოების ქცევის გავლენა გარემოზე, და რომ მათ ჰქონდეთ წვდომა ზუსტ ინფორმაციაზე და უნარებზე, რათა მიეცეთ საშუალება მიიღონ ეკოლოგიურად სწორი გადაწყვეტილებები და განივითარონ ეკოლოგიური ეთიკა, რომელიც განაპირობებს მათ ქმედებებს.

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) ჩართულია  SDG მე-4 მიზნის მიღწევის მონიტორინგში, რომელიც ფოკუსირებულია გლობალური მოქალაქეობის განათლებაზე (GCED) და განათლება მდგრადი განვითარებისთვის (ESD). მიზანში 4.7 ნათქვამია: 2030 წლისთვის, უზრუნველყოს, რომ ყველა მოსწავლემ შეიძინოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები, მათ შორის, განათლების მდგრადი განვითარებისა და მდგრადი ცხოვრების წესის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, მშვიდობისა და კულტურის ხელშეწყობის გზით. მოსწავლემ უნდა შეძლოს კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტურის წვლილის შეფასება მდგრად განვითარებაში. SD-ის პარადიგმა უნდა იყოს გეოგრაფიის ინტეგრირებული სწავლება ყველა საფეხურზე.

2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის მოიცავს სწავლების შემდეგ თემებს: ნიადაგის/მიწის დეგრადაცია; გაუდაბნოება; ბიომრავალფეროვნების დაკარგვა; კლიმატის ცვლილება; წყალი/ოკეანეები; სიღარიბე და სამართლიანობა; ჯანმრთელობა და კვება; გენდერული განსხვავებები/გენდერული თანასწორობა; უსაფრთხო/საცხოვრებელი, გამძლე და მდგრადი  დასახლებები და ქალაქები. აგრეთვე აღსანიშნავია გარემო და განვითარება; დაბინძურება; სოფლის მეურნეობა; ბიოტექნოლოგია და ახალი ტექნოლოგიები. ეს უკანასკნელი ასევე ხაზს უსვამს ეკოსისტემების დაცვას, მდგრად ენერგიას და მდგრად ინდუსტრიალიზაციას. ამრიგად, ამ აღწერილობებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გეოგრაფიის განათლებისთვის შესაფერისი სასწავლო თემები მოიცავს დედამიწის მეცნიერებისა და ადამიანის გეოგრაფიის შესაბამის საკითხებს.

კრეატიულობა და ინოვაცია, შემოქმედებითი აზროვნება და პრობლემების გადაჭრის, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები ეხმარება მოსწავლეებს სამომავლო გამოწვევების დაძლევაში. კრეატიულობა მოიცავს წარმოსახვის გამოყენებას, მიზნის მიღწევას, ორიგინალურობას და ღირებულებების შეფასებას. წარმოსახვა გულისხმობს სიტუაციის სხვა პერსპექტივიდან შეხედვას ან ალტერნატივების ძიებას. მიზნის მიღწევა და ორიგინალობა საშუალებას აძლევს მოსწავლეს ჰქონდეს გარკვეული ქმედება ან განზრახვა ახალი იდეების ჩაფიქრებისას. კრეატიული აზროვნება გულისხმობს ახალი შესაძლებლობების გამოცდას. უნარი, რომელიც ასევე შეესაბამება გეოგრაფიას, არის პრობლემის გადაჭრა. იგი მოიცავს ექვს ძირითად საფეხურს: პრობლემაზე დაკვირვებას; პრობლემის პოტენციური მიზეზების გამოკვლევას; პრობლემის გადაჭრის ალტერნატივების იდენტიფიცირებას; პრობლემის გადაჭრის მიდგომის შერჩევას; გადაწყვეტის განხორციელებას; და დამოწმებას, რომ პრობლემა მოგვარებულია. კომუნიკაცია და თანამშრომლობა ავითარებს სხვისი აზრისა და არგუმენტების გაგებასა და პატივისცემას, აზროვნებას და საკუთარი პირადი მოტივების შეფასებას, საერთო ამოცანების ურთიერთობას საკუთარ კომპეტენციებთან, საკუთარი მიზნების დასახვას და პრობლემებსა და პროცესებზე სხვადასხვა პერსპექტივიდან ფიქრს. კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარება ასევე ავითარებს გლობალურ ცნობიერებას. ყველა ეს უნარი არის SD-სთვის საჭირო სამოქმედო კომპეტენციის ნაწილი, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ადეკვატური ღირებულების ორიენტაციას. თუმცა, მრავალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ცოდნა და უნარები არ არის საკმარისი ადექვატური მდგრადი ქცევის წარმოებისთვის. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ შანსი, რომ განიცადონ, რამდენად ლამაზი შეიძლება იყოს ბუნება, რამდენად ძვირფასია კულტურა, რამდენად ღირებულია საზოგადოებები, ასე რომ ისინი მზად იქნებიან დაიცვან ადამიანი-დედამიწის ეკოსისტემის ყველა ნაწილი.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://www.euroschoolindia.com/blogs/interesting-geography-games-for-children/    https://www.mdpi.com/2227-7102/10/1/5

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“