ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
21 მაისი, ოთხშაბათი, 2025

მასწავლებლის სახე ალბერ კამიუს „სტუმარში“

0

ალბათ მემილიონედ ვკითხულობთ და ვეკითხებით ერთმანეთს: მაინც როგორი უნდა იყოს მასწავლებელი? გარდა ცოდნის გადაცემის მისიისა, კიდევ რა როლი უნდა შეასრულოს მან მოსწავლის ცხოვრებაში? ვფიქრობ, ამ კითხვას პასუხობს ალბერ კამიუს მოთხრობა „სტუმარი“, რომელიც ყველა მასწავლებელმა უნდა წაიკითხოს.

ამას წინათ თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი ფეისბუქზე წერდა, რომ კაბინეტში რამდენიმე მეშვიდეკლასელი ესტუმრა. დირექტორი მოემზადა რამე პრობლემის, ნებართვის ან სათხოვრის მოსასმენად, მაგრამ ბავშვებმა უთხრეს, რომ მსგავსი არაფერი აწუხებდათ, უბრალოდ მოუნდათ, რომ დირექტორს ჩახუტებოდნენ; ეთქვათ მისთვის, რამდენად ძვირფასი იყო, რომ უყვარდათ, სურდათ სითბოს მიღება და გაცემა. ქალბატონმა თამარმა ჩაიხუტა ბავშვები და ემოციური პოსტით მიმართა თავის მოსწავლეებს, უთხრა, რომ მისი კარი ყოველთვის ღიაა ყოველი მათგანის მოსასმენად.

რამდენად ვართ ჩვენ მზად საიმისოდ, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის ვიყოთ საიმედო ადამიანები, თანამდგომნი, გამგებნი, მიმღებნი, მომფერებელნი? ბავშვებს ყველაზე მეტად ეს სჭირდებათ ჩვენგან. საგნის სწავლა მეორეხარისხოვანია, ყველას ყველა საგანი არ აინტერესებს, არც სურვილი აქვს და არც უნარები, რომ მაღალ აკადემიურ დონეზე აითვისოს პროგრამა. თუკი ბავშვი გრძნობს, რომ მასწავლებლის თვალში ის მხოლოდ წარუმატებელი მოსწავლე და კლასში ბალასტია, რომლის თავიდან მოშორებასაც ცდილობს ყველა, დამრიგებელიც, დირექციაც და თანაკლასელებიც, ეს მის დემოტივირებას იწვევს.

რატომ აყოლებს ჯერომ სელინჯერი თავის რომანში „კლდის პირზე ჭვავის ყანაში“ ჰოლდენ კოლფილდს პენსის პრივილეგირებული სკოლიდან გარიცხვის ამბებს? ბიჭმა ოთხი საგანი „ჩააფლავა“, ამიტომაც სკოლას მისი თავიდან მოშორება სურდა. ჰოლდენისთვის ეს უკვე მეოთხე სკოლიდან გარიცხვა იყო. ბიჭს ამ სკოლების ადმინისტრაციისა და მასწავლებლებისადმი ნდობა სრულიად დაკარგული ჰქონდა, მისთვის სულერთი იყო მათი შეფასებები, მათთან ურთიერთობა სრული სიყალბე იყო. როცა მისტერ სპენსერი მორალისტურ შეგონებებს ეუბნებოდა, ჰოლდენი მისგან თავის დაძვრენაზე ფიქრობდა, მიაჩნდა, რომ „თუკი ნაღდი მასწავლებელი რამეს ამოიჩემებს, თავისას ყოველთვის გაიტანს“. „გამოღმით ის იყო, გაღმით – მე“, – ამბობს ჰოლდენი. ბიჭს არ აქვს მოლოდინი, რომ დირექტორს მისი მოსმენა, მიღება და გაგება შეუძლია, ამიტომ ამბობს: „მოდი, ახლა აუხსენი ამას, რატომ და რისთვის, მაინც ვერ გაიგებს“. ის თავიდან მოსაშორებლად ასეთ ტრაფარეტულ ფრაზას ეუბნება მისტერ სპენსერს: „უბრალოდ, ახლა ეგეთ დინებაში ვარ მოხვედრილი, ყველა ხვდება ხოლმე რაღაც დინებაში და თვითონ უნდა გამოაღწიოს იქიდან“. ჰოლდენს აღარ უნდა მისტერ სპენსერის სინდისის ქენჯნის გამომხატველი ტექსტების მოსმენა და არც მის მიერ მორთმეული ცხელი შოკოლადი, მისი გონება ნიუ-იორკის სენტრალ-პარკის სამხრეთით მდებარე გაყინულ ტბაზე მიუსაფრად დარჩენილ იხვებს დასტრიალებს. და სწორედ რომ მოყინულ ტბაზე უმწეოდ დარჩენილი იხვი ალეგორიულად განასახიერებს გარშემომყოფთა უგულობით „სულგაყინულ“ მოსწავლეს, რომელმაც არც კი იცის, რა გზას უნდა დაადგეს.

„შევხედოთ სიმართლეს თვალებში – მასწავლებლები გონებაჩლუნგების ხროვაა“, – ათქმევინებს თავის გმირს, კაფკა თამურას, ჰარუკი მურაკამი. თუკი 15 წლის ბიჭი, გონიერი და გულიანი ადამიანი, ასე ფიქრობს, ცხადია, მასწავლებლები სცოდავენ…

ალბერ კამიუს „სტუმარში“ მოქმედება ალჟირში ხდება. დარუ ერთ-ერთი პროვინციის სკოლაში მასწავლებლად მუშაობს და იქვე ცხოვრობს. მისი ღატაკი მოსწავლეები პლატოზე გაფანტულ სოფლებში ცხოვრობენ და ოქტომბერში უეცრად თოვლი რომ მოვიდა, უამინდობის გამო სკოლაში აღარ დადიან. მასწავლებელი სკოლაში მარტო დარჩა. მთავრობა მას უზიდავს ხორბალს, რომ მოსწავლეების ოჯახებს გაუნაწილოს. ცხოვრება ამ ხრიოკ ადგილას ჯოჯოხეთია, მაგრამ „დარუ აქ დაიბადა და სხვაგან რომ ეცხოვრა, გადასახლებაში ეგონებოდა თავი“. მასწავლებელი უდავოდ მისიონერია. ალბათ მისიონერი ყოველი ადამიანია, მაგრამ, მასწავლებლისგან განსხვავებით, ყველას არ აქვს სამსახურებრივი და მორალური ვალდებულება, რომ სხვებს მიუძღვნას თავისი ადამიანური რესურსები თუ უნარ-ჩვევები.

და აი, როცა სკოლა დაცლილი იყო მოსწავლეებისგან, დარუს მოხუცმა კორსიკელმა ჟანდარმმა ბალდუჩიმ ტყვედ მოუყვანა დამნაშავე არაბი, რომელსაც ნასესხები ხორბლის გამო გაჩაღებული კონფლიქტის დროს საკუთარი ბიძაშვილისთვის ნამგლით ყელი გამოეჭრა. გარშემო ომიანობის მოლოდინში იყო ყველა. ბალდუჩი ჩიოდა, რომ ელ ამერში პოლიციის მთელ დეპარტამენტს 12 კაცი იცავდა და რესურსი არ ჰყოფნიდათ, ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ ელ ამერიდან ტანგიტამდე დამნაშავის მიყვანა დარუსთვის ეთხოვათ. მას ტყვესთან ერთად 20 კილომეტრი უნდა გაევლო და დამნაშავე მართლმსაჯულებისთვის ჩაებარებინა. ბალდუჩი წუხდა, დამნაშავის სოფელი დრტვინავს და თანამოძმის გათავისუფლებას ითხოვსო. თვითონ დამნაშავე ერთი უწყინარი, საწყალი ახალგაზრდა კაცი იყო, ძალიან ეშინოდა სამართალდამცველებისა. მის მზერაში შიში და მუდარა ირეკლებოდა. რას მიზამენ? – ეკითხებოდა მასწავლებელს. დარუს იმის გაგება აინტერესებს, ნანობს თუ არა დამნაშავე დანაშაულს. მასწავლებელი უარს ეუბნება ბალდუჩის ტყვის დატოვებასა და სამართალდამცველებისთვის გადაცემაზე. კი, ის მკვლელია, მაგრამ დარუსთვის ადამიანი იყო და არ სურდა მის გაცემაში მონაწილეობა. „ვერა, ვერ გავცემ!“ – ეუბნებოდა მასწავლებელი ჟანდარმს. თუმცა სხვა გზაც არ იყო. დარუ ენდო მკვლელს. ღამე თავისთან დაიტოვა, შეკრული ხელები გაუხსნა, გულუხვად მიართვა სასმელ-საჭმელი. მიუხედავად ჟანდარმის გაფრთხილებისა, უიარაღოდ იყო მის გვერდით, არ შეშინებია მის სიახლოვეს დაძინების. მეორე დილასაც კარგად ასაუზმა და გზას გაუყენა. მისთვის მომარაგებული ჰქონდა ფულიც, საკვებიც და როცა გზაგასაყართან დადგნენ, დარუმ ტყვეს ორი გზა აჩვენა, გზა, რომელიც აღმოსავლეთით, ტანგიტისკენ, ციხისკენ, მიდიოდა და მეორე გზა – სამხრეთისკენ, პლატოზე, საიდანაც მომთაბარეთა იალაღები იწყებოდა და ტყვეს შეეძლო იქ ეპოვა თავშესაფარი. მასწავლებელმა სტუმარი ამ გზაგასაყარზე დატოვა და თავად სკოლაში დაბრუნდა. დაფაზე მის მიერ დახატულ საფრანგეთის მდინარეთა ხვეულებს შორის ვიღაცას გაუწაფავი ხელით წაეწერა: „შენ ჩვენი ძმა გაეცი და იცოდე, გაზღვევინებთ!“. მასწავლებელი მარტო იყო შურისმაძიებელი ბრბოს წინაშე, ხოლო იმ ბრბომ არც იცოდა, რა გააკეთა მასწავლებელმა მათი თანამოძმისთვის.

მოთხრობის იდეა სწორედ დარუს მიერ მკვლელისთვის შეთავაზებულ არჩევანთან არის დაკავშირებული. მასწავლებელმა დაინახა, რომ დამნაშავემ მართლმსაჯულების გზა აირჩია. დარუ ხედავდა, როგორ მიაბიჯებდა არაბი აღმოსავლეთისკენ: „დარუს გული შეეკუმშა, როცა ამ მსუბუქ ნისლში თვალი მოჰკრა არაბს, მძიმედ რომ მიაბიჯებდა ციხისაკენ მიმავალ გზაზე“.

ღირსეული მასწავლებელი მოსწავლეს იმპერატიულად კი არ კარნახობს გზასა და არჩევანს, არამედ უთითებს, ასწავლის არჩევას თავისუფალი ნებით.

ნდობის მოპოვება, ღირებულებების სწავლება, ჰუმანიზმის, სიყვარულისა და თავისუფლების შეთავაზება, ცხოვრების გზის ჩვენება – მასწავლებლის საქმეა.

რევაზ ინანიშვილის ნოველა „შორ, თეთრ მწვერვალში“ ვხვდებით შინდელაშვილის მეოცნებე ბიჭს, რომელიც ფიქრებით თავისი სოფლის სანახებში დაფრინავს, ხოლო მასწავლებელს მისი არაფერი ესმის, მხოლოდ გრამატიკულ ნორმას ეკითხება. ბიჭს თვალებში გაურკვევლობის ბურუსი უდგას, მასწავლებლის კომენტარი კი გამგმირავია. „ვაი, შენს პატრონს, უბედურს, ჰგონია სკოლაში გამოგგზავნა შენც!“- ზიზღით თქვა მასწავლებელმა, მაგიდიდან ბლოკნოტი აიღო და წითელი ავტოკალმით რაღაც ჩაინიშნა“. ასეთი მასწავლებლებიც არიან და არიან რეზო ინანიშვილის ნოველა „დამრიგებლის“ მთავარი გმირის მსგავსი ადამიანებიც, რომლებიც ცხოვრების გზის მანათობლად რჩებიან თავიანთი მოსწავლეებისთვის.

კამიუს „სტუმარი“ დარუს სახით გვთავაზობს იდეალური მასწავლებლის სახეს. მისთვის ღვთის მიერ გამოგზავნილი სტუმარია ყოველი ადამიანი, ყოველ მათგანში სიკეთის მარცვლების დანახვა სურს, სწამს ადამიანთა გაკეთილშობილების იდეისა. ძალაც შესწევს საიმისოდ, რომ გავლენა მოახდინოს, შეცვალოს, გააჯანსაღოს ადამიანთა სულები. ალბათ ეს არის მაღალი მისია მასწავლებლისა, რომლისთვისაც ღირს სიცოცხლეც და ენერგიის გაღებაც.

ნივთები მხატვრული ლიტერატურიდან

0
A pile of books on wooden table

გახსოვთ, ჰაკლბერი ფინი ჯიმთან ერთად ორსართულიან მცურავ სახლში ბალთებმოგლეჯილ სამგზავრო ჩემოდანს, თუნუქის ძველ სანათს, ბამბის დაძენძილ საბანს, ირმის დახვეულ ტყავს რომ იპოვის? ალბათ, თქვენც გააცოცხლებდით გონებაში პეპის სკივრიდან ამოქექილ ნივთებს: ტანსაცმელს, ჭოგრიტს, ძველებურ წიგნებს, ოქროს ფულით სავსე ტომარას… დედამიწის ცენტრის გამოსაკვლევად პროფესორი ლიდენბროკი საჭირო ხელსაწყოებს რომ იმარაგებს, თუ დაჰკვირვებიხართ? ეიგელის თერმომეტრი, მანომეტრი, ქრონომეტრი, წერაქვები, კომპასები, ღამის ჭოგრი, რუმკორფის აპარატი – ასე ერთად თავმოყრილი უცნაური სახელწოდებები სხვაგან არ შემხვედრია. სიერა-მორენას მთებში ფათერაკების საძებრად მიმავალმა დონ კიხოტმა ნახევრად დამპალ ჩემოდანში ჰოლანდიურ ტილოს პერანგებთან და ოქროს ფულთან ერთად ძვირფასყდიანი უბის წიგნაკი რომ იპოვა, ეს ეპიზოდიც ჩემს მეხსიერებაში დაილექა.

წიგნის კითხვისას დიდ სიამოვნებას მანიჭებს ნივთების ჩამონათვალი. სათითაოდ ვხაზავ, ვაკვირდები და ვცდილობ, გამოვიცნო მწერლის ჩანაფიქრი. მის ინტელექტსაც კიდევ უფრო ნათლად ვხედავ და მრავალფეროვანი ნივთები წიგნის გარემოს მეტ ინდივიდუალიზმს ანიჭებს.

წიგნებში აღმოჩენილი ნივთების მიხედვით მოსწავლეებისთვის საინტერესო გაკვეთილის ჩატარების სურვილი გამიჩნდა. სხვადასხვა ხერხით შეიძლება ნივთების ირგვლივ გაკვეთილის აკინძვა, მაგალითად:

  1. სახალისო დავალებების შეთავაზება;
  2. წიგნის გაცნობა;
  3. ცნობისმოყვარეობის აღძვრა;
  4. ახალი სიტყვების სწავლება;
  5. ნივთების ჩამონათვალზე ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა და თარგმანზე დაკვირვება-შედარება;
  6. კეთებით სწავლების ჩართვა – დიორამის ან ნივთების კოლაჟის დამზადება.

მოსწავლეთა ასაკის მიხედვით შევარჩიოთ წიგნები. ამოვბეჭდოთ ეპიზოდი, სადაც ნივთებია ჩამოთვლილი. დავურიგოთ ჯგუფებს და დავავალოთ, დააკვირდნენ ნივთების ნუსხას, გამოიცნონ წიგნის ჟანრი, პერსონაჟის ადგილმდებარეობა და მიზანი, გააანალიზონ ეპიზოდში აღწერილი სიტუაცია.

შემდეგ ამოწერონ უცნობი სიტყვები. განვუმარტოთ და შევავსებინოთ სიტყვის რუკა, მოიფიქრონ ახალი წინადადებები. მოვამზადოთ უცხო სიტყვათა პოსტერი და ფერადი ბუშტის გამოყენებით წყვილებში ვათამაშოთ მოსწავლეები. დაფაზე გაკრული პოსტერიდან უნდა ამოიკითხონ ერთი სიტყვა და მეწყვილეს გადაუგდონ ბუშტი. ასე სათითაოდ იქამდე უნდა ითამაშონ, სანამ სიტყვებს არ ამოწურავენ. ამ თამაშის წესები შეგიძლიათ სიტუაციის მიხედვით ცვალოთ, მაგალითად, ცოტა ხნის შემდეგ დაფიდან ჩამოხსნათ პოსტერი და რისი დამახსოვრებაც შეძლეს, იმ სიტყვების გამოყენებით განაგრძონ თამაში.

სიტყვების შესწავლის შემდეგ დაფაზე ვაკრავთ პოსტერს, რომელზეც დახატული იქნება  წიგნების  ყდები. იმ ეპიზოდის მიხედვით, რომელშიც ნივთებია ჩამოთვლილი, თითოეული წიგნის შესახებ ვესაუბროთ მოკლედ, ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი კითხვით დავიწყოთ და შემდეგ ყურადღება გავამახვილოთ წიგნის პერსონაჟებსა და მთავარ სათქმელზე.

 „ჯადოქრის ქუდი“ – ტუვე იანსონი

„დედა მუმინმა ბარგის ჩალაგება დაიწყო. მან ერთ ადგილას დაახვავა პლედები, ქვაბები, ყავადანი, უამრავი საჭმელი, მზესუმზირას ზეთი, ასანთი… შემდეგ ჩაალაგა ქოლგები, თბილი ტანსაცმელი, სათქვეფელა, ბალიშები, კოღოების ბადე, საბანაო კოსტიუმები, სუფრა და თავისი ჩანთა“. – გვ. 57-58

გაიხსენეთ, როდესაც პიკნიკზე მიდიხართ, რა ნივთებს ამზადებს დედა? – ამ კითხვით დავიწყებდი წიგნის შესახებ საუბარს. პასუხების მოსმენის შემდეგ კი ტუვე იანსონის „ჯადოქრის ქუდს“ გავაცნობდი: წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეგობრებთან ერთად იპოვეთ ცილინდრი, მოგრძო ფორმის ქუდი და თქვენი ზაფხული ათასი საინტერესო, სახალისო, ცოტა საშიში და ამავე დროს, კეთილი ამბებით დაიხუნძლა. ამ ეპიზოდში მწერალმა დედა მუმინის ხასიათი გამოკვეთა. ის ძალიან მზრუნველი და თადარიგიანია. თუკი გსურთ, შეიტყოთ, რისთვის ამზადებდა დედა მუმინი ნივთებს, წაიკითხეთ წიგნი და თავად აღმოაჩინეთ.

ეპიზოდის მიხედვით შევთავაზოთ დავალების ინსტრუქცია:

  • წარმოიდგინე, რომ დედა პიკნიკისთვის ემზადება. მოიფიქრე ათი საჭირო ნივთი, რომლებსაც დედა წასაღებად მოაგროვებდა და ჩამოწერე.
  • თითოეულ ნივთს შეურჩიე ერთი შესაბამისი ზედსართავი სახელი, მაგალითად, თუკი ჩაწერ პლედს, როგორი იქნებოდა იგი: ჭრელი, ნაქსოვი, კუბოკრული თუ დალაქავებული?

 

„გედის საყვირი“ – ე.ბ. უაითი

„ბანაკში გამგზავრების წინა საღამოს სემი ზურგჩანთის ჩალაგებას შეუდგა. ჩაალაგა კედები და მოკასინები, ჩადო მაისურები, რომლებსაც გულზე ბანაკი „კუკუსკუსი“ ეწერა, პირსახოცში გაახვია და ჩადო ფოტოაპარატი, ჩააწყო ანკესი, კბილის ჯაგრისი, სავარცხელი და თმის ჯაგრისი, სვიტერი, პონჩო და ჩოგბურთის ჩოგანი; ასევე, ერთი დასტა ფურცლები, ფანქრები და საფოსტო მარკები, სამგზავრო აფთიაქი და წიგნი სათაურად „როგორ გავარჩიოთ ფრინველები ერთმანეთისგან“.

ოდესმე თუ ყოფილხარ ბანაკში ან რა იცი ბანაკების შესახებ? წიგნში „გედის საყვირი“ შენი ტოლი ბიჭი, სემი, ბანაკში მიემგზავრება. როგორც ხედავ, ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მისი ზურგჩანთა. ალბათ, იფიქრებ, ეს წიგნი ბანაკში თავსგადახდენილ თავგადასავლებზეა, თუმცა, ეს მხოლოდ ერთი მონაკვეთია. სემთან ერთად შენ გაიცნობ გედების ოჯახს და მის ერთ-ერთ წევრს, ლუის. პატარა გედს ლაპარაკი არ შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერავის მოხიბლავს და თავსაც გარიყულად გრძნობს. ლუი დედ-მამის ბუდიდან გაიქცევა და დამოუკიდებლად შეეცდება თავის დამკვიდრებას. შეიძლება, გაგიკვირდეს, როცა გაიგებ, რომ გედმა, სახელად ლუიმ, საყვირზე დაკვრა ისწავლა და საკუთარი შესაძლებლობებით ადამიანებიც მოხიბლა. სემი კი ლუის ერთგული მეგობარია. მუსიკოსი გედის ზღაპრული ამბების მიღმა ეს წიგნი სიკეთეს, მეგობრობას, გულწრფელობას, დანაშაულის აღიარებას გასწავლის, თავგადასავლებისა და საკუთარი ძალების სურვილს აღგიძრავს, ისეთი ადამიანების შემჩნევას გასწავლის,  რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ და მათი ცხოვრების წესის გაცნობა კარგ მოქალაქედ გაქცევს.

დავალების ინსტრუქცია:

  • წარმოიდგინე, რომ ბანაკში მიდიხარ. დახატე ზურგჩანთა და ის ნივთები, რომლებსაც ბანაკში წასაღებად მოამზადებდი.
  • სემმა ბანაკისთვის ერთი წიგნი წაიღო, სახელად „როგორ გავარჩიოთ ფრინველები“. შენც შეარჩიე ერთი წიგნი ბანაკში წასაკითხად. დაწერე წიგნის ავტორი და სათაური. პასუხი წერილობით დაასაბუთე, რატომ წაიღებდი შენ მიერ შერჩეულ წიგნს?

 

„ექიმ დულიტლის მოგზაურობა“ – ჰიუ ლოფტინგი

„ამ ძებნაში მათ ბევრი საოცარი ნივთი აღმოაჩინეს, რომლებიც, სავარაუდოდ, მეკობრეებს გემების ძარცვით მოეგროვებინათ. რა აღარ იყო აქ: ობობას ქსელივით ნაზი ქიშმირის შალი – ოქრომკედით ნაქარგი და ყვავილებით მორთული; იამაიკური თამბაქოს ქილები; სპილოს ძვლის, ჩუქურთმიანი, არომატული ჩაით სავსე ყუთები; ძველი, მოხატული ვიოლინო, მარჯნისა და ქარვისაგან გამოთლილი ჭადრაკის ფიგურები; ხელჯოხი, რომლიდანაც სახელურს თუ ამოსწევდი, ხმალი ამოდიოდა; ფირუზისა და ვერცხლის არშიით დამშვენებული, ობოლი მარგალიტისგან დამზადებული ღვინის ჭიქები, მარგალიტებისგან გაკეთებული დიდი, ლამაზი საშაქრე… მაგრამ, აი, გასაღები კი, მთელ გემზე ვერსად იპოვეს“.

 შენ თუ იცნობ ვეტერინარს, ცხოველების მკურნალს? „ექიმ დულიტლის თავგადასავალი“ გაგაცნობს მსოფლიო ლიტერატურაში  ერთ-ერთ ყველაზე კეთილ ექიმს, რომელიც ფულს მეგობრისგან ისესხებს და დაავადებული მაიმუნების გამოსაჯანმრთელებლად შორეულ აფრიკაში გაემგზავრება. გზაში ბევრ ხიფათში გაეხვევა, თუმცა დამხმარე ძალებიც მყისიერად გამოუჩნდებიან ხოლმე. ერთხელ დელფინებმა წყალმცენარეებისგან მოქსოვილი ბადით ხახვი მიუტანეს, მერცხლებმა კი საბაგირო თოკი წვრილად დაშალეს, ნისკარტებზე გამოიბეს და ექიმის ძველი გემი მთელი სისწრაფით გააქროლეს. რას გვასწავლის ეს წიგნი? იმას, რომ სიკეთის კეთება მარტივი არ არის. სიკეთის გზის არჩევისას ბევრი ფათერაკი ხვდება ადამიანს, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს. სამყარო საჭირო დროს მუდამ გვიგზავნის კეთილ ძალებს და უფრო უშიშრებიც ვხდებით.

დავალების ინსტრუქცია:

  • ექიმი დულიტლი და მისი ცხოველები მეკობრეების მიტოვებულ გემის განჯინაში ბევრ უცხო ნივთს იპოვიან. წარმოიდგინე, რომ მეგობრებთან ერთად მიტოვებულ გემზე აღმოჩნდი. ჩამოწერე ნივთები, რომლებსაც შენი წარმოდგენით იქ იპოვიდი. შეეცადე ნივთებს ზედსართავი სახელები შეურჩიო.

შემაჯამებელი დავალების ინსტრუქცია:

  • შენ რომ მწერალი იყო, რის შესახებ დაწერდი წიგნს? შეარჩიე თემა – ზღვაზე, მთაში ან უცხო ქვეყანაში მოგზაურობა, მიტოვებულ კუნძულზე აღმოჩენა, მეკობრეობა, განძის პოვნა… დაწერე ერთი ეპიზოდი, რომელშიც აღწერდი მთავარი პერსონაჟის ზურგჩანთას. მოიფიქრე, რა ნივთებს წაიღებდა შენი გამოგონილი პერსონაჟი მოგზაურობის დაწყებისას.

ვფიქრობ, ნივთების ირგვლივ აკინძული გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეები თავადაც დაიწყებენ წიგნებში ნივთებზე დაკვირვებას, გაზიარებას და დროსთან ერთად წიგნებში აღმოჩენილი ნივთებით ავტორებისა და სათაურების კოლაჟს შექმნიან.

 

შეკრების სტრატეგიები. გაკვეთილის გეგმა

0

დაწყებით საფეხურზე მნიშვნელოვანია შეკრების სტრატეგიების დაუფლება. ეს სტრატეგიები არის დამხმარე ხელსაწყოები იმისთვის, რომ მოსწავლეებმა გამოთვლები უფრო ადვილად და სწრაფად აწარმოონ. ამიტომ მათ ხშირად ზეპირი ანგარიშის ხერხებსაც უწოდებენ.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რჩევებს, დაწყებით კლასში შეკრების რამდენიმე სტრატეგიის სწავლებისთვის.

თემატური ბლოკი: რიცხვები და მოქმედებები

სამიზნე ცნება: მათემატიკური მოდელი, კანონზომიერება, ლოგიკა

ცნება: მიმატება

საკითხები:

1.       100-მდე რიცხვების მიმატება. მიმატება ვიზუალური მოდელების გამოყენებით;

2.       შეკრება სხვადასხვა ხერხის (შეფასება, ზეპირი ანგარიში, წერითი ალგორითმები) გამოყენებით.

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით; მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  1. 100-ის ფარგლებში შეკრების ცოდნის დემონსტრირება ვიზუალური მოდელების, სათვლელი ნივთების, სქემისა და შესაბამისი ჩანაწერის გამოყენებით (მათ.მოდ., კანონზ., ლოგ.);
  2. 100-ის ფარგლებში შეკრება სხვადასხვა ხერხის გამოყენებით (ზეპირი ანგარიშით, ვიზუალური მოდელით, წერითი ალგორითმით) (მათ.მოდ., კანონზ., ლოგ.);
  3. განახევრების და გაორმაგების მოქმედების შესრულება და მათი დაკავშირება შეკრებასთან (კანონზ., ლოგ.).

სტანდარტის მიხედვით მისაღწევი შედეგი: მათ.დაწყ.(I).2

მკვიდრი წარმოდგენები:

  • შეკრების თვისებების ცოდნა ხელს უწყობს გამოთვლების შესრულებას. შესრულებისას აუცილებელია მოქმედებათა თანმიმდევრობის დაცვა.

 

  • რიცხვების შეკრების რამდენიმე სტრატეგია არსებობს; შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე.

კლასი მე-2

მიზანი:

მოსწავლეები შეძლებენ 100-ის ფარგლებში რიცხვების შეკრებას ვიზუალური მოდელების, ზეპირი ანგარიშის, სქემებისა დაწერითი ალგორითმის გამოყენებით.

წინარე ცოდნა: რიცხვის თანრიგი. რიცხვის დაშლა სათანრიგო შესაკრებთა ჯამის სახით.

აქტივობა 1. რიცხვების შეკრება დაშლის მეთოდით

რიცხვების შეკრების ერთ-ერთი გზა არის რიცხვის „დაშლა“. მოსწავლეები ჯერ რიცხვებს დაშლიან სათანრიგო შესაკრებთა ჯამის სახით და შემდეგ შეკრებენ შესაბამის თანრიგებს. გაკვეთილზე გამოვიყენე სხვადასხვა თვალსაჩინო მასალა, მანიპულატივი, მოდელი და ა.შ. მათი დახმარებით მოსწავლეებმა მათემატიკური სამუშაოების უმეტესი ნაწილი თავად შეასრულეს.

განვიხილოთ შეკრების მაგალითი:

37+46 =

კითხვა-პასუხი: – იფიქრეთ თითოეული ციფრის მნიშვნელობაზე თითოეულ რიცხვში.

– 37 შედგება 30 და 7-ისგან (3 ათეული, 7 ერთეული);

– 46 შედგება 40 და 6-ისგან;

შევკრიბოთ ათეულები (30 + 40 = 70);

შევკრიბოთ ერთეულები (7 + 6 = 13);

70 + 13 = 83;

ასე რომ, 37 + 46 = 83.

 

ვიყენებთ მანიპულატივებს

(გამოიყენეთ ვირტუალური მანიპულატივები

https://mathigon.org/polypad#number-tiles)

ბარათებით

(სასურველია დაამზადოთ თითოეული მოსწავლისათვის. შესაძლებელია ვირტუალური მანიპულატივების გამოყენებაც https://mathigon.org/polypad#number-cards)

სქემატურად მისი გამოსახვა ასეთნაირად შეიძლება.

 

ქვეშმიწერით რიცხვების შეკრება.

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მსჯელობა წერითი ალგორითმის შესრულების დროს

ამ ორი რიცხვის დამატების პროცესი ასე გამოიყურება:

ვკრებთ ერთეულებს: 7+6=13

ერთეულებში დავწერთ 3-ს. 1-ს გადავიტანთ ათეულებში.

ვკრებთ ათეულებს 3+4=7. დავამატებთ გადატანილ 1-ს, მივიღებთ 8-ს.

შედეგი არის 83

 

აქტივობა 2: სავარჯიშოების შესრულება

მომდევნო აქტივობებით მოსწავლეები ასრულებენ შეკრების სავარჯიშოებს რიცხვების დაშლის მეთოდით, ცხრილი ეხმარება მათ სწრაფად მოქმედების შესრულებაში

მაგალითი შესაკრებები დავშალოთ სათანრიგო შესაკრებთა ჯამის სახით. დავაჯგუფოთ შესაბამისი თანრიგები. პასუხი
22+25 20+2+20+5 20+20+2+5=40+7 47
66+34
14+23
50+47

 

აქტივობა 3. შეკრების თვისებები

მოსწავლეებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში აქტიური ჩართულობითა და სხვადასხვა მანიპულატივის გამოყენებით, დაკვირვებისა და მსჯელობის საფუძველზე თავად უნდა ჩამოაყალიბონ შეკრების თვისებები; გაიაზრონ, რომ შეკრების თვისებები ეხმარებათ მათ სწრაფად ანგარიშში.

მაგალითი დავაკავშიროთ შესაკრებები
შეკრების თვისებების

გამოყენებით

იპოვეთ ჯამი

1+26+99=
2+24+33+36  

 

აქტივობა 4. სავარჯიშოების შესრულება

მოსწავლეები შეკრების თვისებების გამოყენებით ვარჯიშობენ გამოთვლებზე

ა) 4+25+56= ბ) 35+16+45=
გ) 74+8+16=

 

დ) 41+38+19=

 

ე) 7+33+13=

 

ვ) 42+18+37=

 

ზ) 43+28+7+12= თ) 3+29+27+11=

 

აქტივობა 5. „გაორმაგების“ სტრატეგია

25+27 ჯამის საპოვნელად, შეგვიძლია გამოვიყენოთ „გაორმაგების“ სტრატეგია. გაორმაგებული 25 არის 50. შემდეგ დავამატებთ 2-ს და ვიღებთ 52-ს.

  1. სავარჯიშოების შესრულება: ნიმუშის მიხედვით შეასრულე შეკრება
მაგალითი გავაორმაგოთ შევავსოთ ჯამი პასუხი
25+27 25+25=50 დავამატოთ კიდევ 2 52
15+19 15+15= დავამატოთ კიდევ 4
26+26 25+
50+59
30+35

 

 

აქტივობა 6: „ნახტომის“ სტრატეგია

შეგვიძლია გამოვიყენოთ „ნახტომის“ სტრატეგია რიცხვით სხივზე.

მაგალითად 50+52=

პასუხი: 50+52=102

 

აქტივობა 7: სავარჯიშოების შესრულება

მოსწავლეები ვარჯიშობენ ნახტომის სტრატეგიის გამოყენებით ჯამის პოვნაზე.

აქტივობა 8: „კომპენსაციის“ სტრატეგია

დამატების კიდევ ერთი გონივრული სტრატეგია არის „კომპენსაციის სტრატეგია“, სადაც შესაკრების დამრგვალებაა საჭირო. 74+19 მაგალითში, შეიძლება 19 დავამრგვალოთ 20-მდე და წარმოვადგინოთ ასე: 74+20, შეავსეთ ნიმუშის მიხედვით ცხრილი.

 

მაგალითი დაამრგვალეთ შესაკრები/ები აღვადგინოთ „წონასწორობა“ პასუხი
74+19 74+20=94 გამოვაკლოთ 1 93
56+41 56+40=96 დავუმატოთ 1
25+69 25+70=95 გამოვაკლოთ 1
136+198 136+
195+249
1238+501
1645+1998

 

 

აქტივობა 9: გასასვლელი ბარათები:

გაკვეთილის შეჯამებაში გასასვლელი ბარათები დამეხმარა, რომლის ანალიზის საფუძველზე შევაფასე საკითხის გაგების ხარისხი და მომდევნო გაკვეთილიც დავგეგმე.

ბარათი თითოეული მოსწავლისათვის უნდა დამზადდეს.

1)      გამოიყენე „შესაკრებთა თანრიგებად დაშლის“ სტრატეგია ჯამის საპოვნელად:

მაგალითი შესაკრებები დავშალოთ სათანრიგო შესაკრებთა ჯამის სახით დავაჯგუფოთ შესაბამისი თანრიგები პასუხი
25+32 20+5+30+2
55+34

2)      გამოიყენე „ნახტომის“ სტრატეგია ჯამის საპოვნელად:

ა) 43+38 =

 

ბ) 64+27 =

 

3)      გამოიყენე „კომპენსაციის“ სტრატეგია, ჯამის საპოვნელად:

ა) 35+29

ბ) 24+41

 

მოსწავლეთა ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი მაფიქრებინებს, რომ მოსწავლეებმა საკითხი გაიაზრეს. შეკრების სხვადასხვა სტრატეგის გამოყენების შემთხვევაში შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა. სტრატეგიების გამოყენება ხელს უწყობს რიცხვის ცნებისა და შეკრების მოქმედების უფრო ღრმა გაგებას და არა უბრალოდ ფაქტების დამახსოვრებას. დამეთანხმებით, ამ ბალანსის მიღწევაში მნიშვნელოვანია პროცედურის დაუფლებაც. ის დაეხმარა მოსწავლეებს სწორედ სტრატეგიების ცოდნისა და მისი საჭიროებისამებრ გამოყენების დაუფლებაში.

გაკვეთილის გეგმა შესაძლებელია მცირედი მოდიფიცირებით გამოიყენოთ დაწყებითი საფეხურის სხვა კლასებშიც.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198;

  1. მათემატიკის გზამკვლევი დაწყებითი საფეხურის. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/;
  2. https://luckylittlelearners.com/14-strategies-for-teaching-addition/.

 

როგორ მუშაობს სკოლამდელი განათლება თურქეთში

0

თურქეთში მუშაობს როგორც კერძო, ასევე საჯარო საბავშვო ბაღები. სახელმწიფო ბაღში მოსახვედრად თქვენ უბრალოდ წინასწარ უნდა წარადგინოთ განცხადება თქვენი საცხოვრებელი რაიონის ადმინისტრაციაში და თან დაურთოთ ცნობა ჯანმრთელობისა და ვაქცინაციის შესახებ. თქვენ შეგირჩევენ იმ ბაღს, რომელშიც თავისუფალი ადგილები ექნებათ. საბავშვო ბაღებში მოსახვედრად თურქეთშიცაა რიგები, თუმცა, როგორც წესი, არცთუ დიდი. უმჯობესია, რაიონის ადმინისტრაციაში განცხადება ივნისში შეიტანოთ, სექტემბრისთვის კი ბაღში ადგილი უკვე გექნებათ. სახელმწიფო საბავშვო ბაღი თვეში დაახლოებით 100 ლირა ღირს (დაახლოებით 15 ლარი).

თუ ვსაუბრობთ კერძო ბაღებზე, სხვადასხვა ბაღში ფასი განსხვავებულია და საშუალოდ თვეში 2000 თურქული ლირიდან (დაახლოებით 280 ლარი) იწყება. ასევე, სურვილისამებრ, თქვენ იხდით დამატებითი მომსახურების საფასურსაც – ბავშვების წაყვანა ბაღში და უკან მოყვანა სკოლის ავტობუსით, დაახლოებით 500 თურქული ლირა ჯდება (დაახლოებით 70 ლარი). ასევე თურქულ ბაღებში ცალკე ფულს კრებენ საკანცელარიო ნივთების, ლაშქრობებისა და ექსკურსიებისთვის.

თურქეთში კერძო საბავშვო ბაღებს კრეშს უწოდებენ. ასევე შეგიძლიათ იპოვოთ მონტესორისა და რეჯიოს სისტემით მომუშავე ბაღები, მაგრამ ისინი გაცილებით ძვირი დაჯდება.

საჯარო საბავშვო ბაღებში ბავშვებს 3 წლიდან იღებენ, კერძო საბავშვო ბაღებში კი შეგიძლიათ ბავშვი 2 წლის ასაკშიც მიაბაროთ. თურქეთში არ არსებობს ბაგა-ბაღები.

თურქეთში 5 წლის ასაკში ბავშვები სკოლის მოსამზადებელ კლასებში დადიან – მათ ანაოკულუ ჰქვია, 7 წლის ასაკში კი – სკოლაში გადადიან.

თურქეთში საბავშვო ბაღების სამუშაო საათები საკმაოდ სტანდარტულია. საჯარო ბაღები 16:00 საათამდე მუშაობენ. გარდა ამისა, არის ორი ცვლა: 9-დან ლანჩამდე და ლანჩიდან 16-მდე. კერძო ბაღები კი 9:00-დან 18:00 საათამდე მუშაობენ.

თურქეთში დეკრეტი მხოლოდ 4 თვე გრძელდება.ა ქალები აქ უპირატესად შვილებთან ერთად რჩებიან სახლში. არიან, რა თქმა უნდა, ისეთი ოჯახებიც, სადაც ბავშვის მოვლა ბებიებსა და დეიდებს ბარდება, დედები კი სამსახურში დადიან.

საინტერესოა, რომ თურქულ საბავშვო ბაღებში ბავშვებს არ აძინებენ. ბაღებს არ აქვთ საძინებლები. თუ გინდათ, რომ თქვენმა ბავშვმა საბავშვო ბაღში დაიძინოს, კერძო ბაღის მოძებნა მოგიწევთ.

თურქეთში ჰიგიენას ბევრად უფრო მარტივად უყურებენ. ყველაფერი დამოკიდებულია ბაღის ხელმძღვანელობასა და მასწავლებელზე. სადღაც ჰიგიენას მკაცრად იცავენ და მშობლებს ბახილების ჩაცმას ავალდებულებენ, სადღაც კი თვალს ხუჭავენ ბაღის სტუმრების დაუბანელ ხელებზე.

თურქულ საბავშვო ბაღში ღამის ქოთნის გამოყენებას ბავშვს არავინ ასწავლის, მაგრამ აქ არის ძიძა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ბავშვს პამპერსსაც გამოუცვლის და გულმოდგინედ დაბანს კიდეც. ინდივიდუალური სავარცხელი და პირსახოცი ბავშვებს იმ შემთხვევაში აქვთ, თუ მშობლები ამ ყველაფერს სახლიდან მოიტანენ.

რაც შეეხება ჯანდაცვის მუშაკებს, საბავშვო ბაღს ისინი არ ჰყავს. გაციებული ბავშვით აქ ვერავის გააკვირვებ. ბაღში არის პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები და თუ ბავშვს სიცხე აქვს, დამწევ საშუალებას მისცემენ, ხოლო თუ ბავშვმა რაიმე დაზიანება მიიღო, სასწრაფოსა და მშობლებს ერთდროულად გამოიძახებენ.

სახელმწიფო ბაღებში ორჯერადი კვებაა – საუზმე და ლანჩი, კერძო ბაღებში კი სამჯერადი. ეს განპირობებულია ბაღის სამუშაო გრაფიკით. ამავდროულად, ბაღებში არ არსებობს სპეციალურად შემუშავებული საბავშვო მენიუ.

ბაღებში იკვებებიან ისევე, როგორც სახლში. საუზმეზე აქვთ კიტრი, პომიდორი, ზეთისხილი და ყველი. ტიპური თურქული საუზმეა ბევრი ბოსტნეულითა და ახალი პურით. ზოგჯერ შეიძლება იყოს კვერცხი, კარაქი და ჯემი. ლანჩისთვის კი ყოველთვის არის წვნიანი და მეორე კერძი. მეორე კერძი საკმაოდ მრავალფეროვანია. ეს შეიძლება იყოს ლობიო ბრინჯით და სოიას კატლეტი, ჩაშუშული კომბოსტო, ისპანახი კვერცხით, ძეხვეული. თურქები ბევრ მაკარონსა და პურს მიირთმევენ.

თურქეთში სკოლისთვის ძირითადი სამზადისი 5-7 წლის ასაკში იწყება, როდესაც ბავშვები უკვე მიდიან ანაოკულში. საბავშვო ბაღში ისინი ბევრს ხატავენ, ძერწავენ, უყურებენ მულტფილმებს, სწავლობენ ანბანს, თვლას, გეომეტრიულ ფორმებსა და მათ გარშემო არსებულ სამყაროს, მაგრამ საკმაოდ მარტივი ფორმატით. თუ საბავშვო ბაღი კერძოა, შეიძლება ინგლისური ან სხვა ენა ასწავლონ.

სახელმწიფო ბაღში უცხო ენებს არ ასწავლიან. საჯარო საბავშვო ბაღებში დამატებითი გაკვეთილები გათვალისწინებული არ არის.

მაგრამ ის, რაც ხალხს ნამდვილად უყვარს თურქეთში, დღესასწაულებია. აქ აუცილებლად აღნიშნავენ ბავშვთა დღეს (23 აპრილი). როგორც წესი, ბავშვები ამ დღეს წითელ-თეთრებში არიან გამოწყობილი (თურქეთის დროშის ფერებში), ამბობენ ლექსებს, მღერიან ჰიმნს, აღნიშნავენ ათათურქის გარდაცვალებას წუთიერი დუმილით, ემზადებიან ბაირამისთვის. მაისში აღინიშნება დედის დღე. სასწავლო წლის დასასრულს კი ყოველთვის დიდი კონცერტია, რომელზეც ყველა ნათესავი იყრის თავს. მშობლებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ საკონცერტო კოსტიუმების მომზადებაში, ოღონდ მხოლოდ საკუთარი სურვილით. როგორც წესი, ყველაფერს აღმზრდელები ამზადებენ, მშობლები კი მხოლოდ საპატიო მაყურებლები არიან.

ამავე დროს, პარადოქსულია, რომ აქ მიუღებელია დაბადების დღის აღნიშვნა. თუმცა, ამ მხრივ ბავშვების დაბადების დღეები გამონაკლისია. მათ იხდიან საჩუქრების გარეშე. მაქსიმუმ შეგიძლიათ ბაღში ტორტის მოტანა.

სხვა ამბავია პიკნიკები, რომლებსაც საბავშვო ბაღები საკმაოდ ხშირად აწყობენ. მშობლებს შეუძლიათ სახლიდან მოიტანონ კერძები. აქ ყველა ერთად ილხენს. საბავშვო ბაღების ეზოები პატარაა, მაგრამ გასართობები მაინც აქვთ. ზოგიერთ ბაღს აქვს ბოსტანი და ბავშვებს მცენარეები მოჰყავთ.

ზოგადად, ბევრი რამ დამოკიდებულია კონკრეტულ ბაღზე და იქ მომუშავე ადამიანებზე. ყველა ბაღი განსხვავდება ერთმანეთისგან, თუ პიკნიკების სიყვარულს არ ჩავთვლით.

 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

 

 მოქნილი ელექტრონული რესურსების შექმნა – გამოყენება   

0

სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.  შესაბამისად,  ყველა პედაგოგი ცდილობს, გაკვეთილზე გამოიყენოს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსები. ამ რესურსებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ელექტრონულ რესურსებს. დაწყებითი კლასებისათვის მომზადებული ელექტრონული რესურსები, ვიზუალური მხარის გარდა, შეიცავს თამაშის ელემენტებს, რაც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, გახალისებას და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას განსაკუთრებით უწყობს ხელს.

გთავაზობთ საგანმანათლებლო ელექტრონულ რესურსებს, რომელთაც წარმატებით გამოიყენებთ სწავლების სხვადასხვა ეტაპზე: გაკვეთილის ახსნის, გააზრების, განმტკიცების დროს, ან უბრალოდ ხალისიანი განწყობის შესაქმნელად.

ქვემოთ წარმოდგენილი ელ. რესურსები მომზადებულია wordwall.net პროგრამაში. ეს პროგრამა სხვა პროგრამებისაგან იმით განსხვავდება, რომ უკვე ერთ ფორმატში  გამზადებული რესურსი პედაგოგს შეუძლია სხვა ფორმატით წარმოადგინოს. მაგალითად, „დაწყვილება“ შეიძლება გადააქციოს „კროსვორდად“ და ა. შ.  ეს პროგრამა ასევე იძლევა საშუალებას, რომ რესურსი ან პირდაპირ დავბეჭდოთ, ან  PDF ფაილის სახით შევინახოთ, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია დამოუკიდებელ რესურსად.

https://wordwall.net/ru/resource/29149001        მათემატიკა  I კლასი

ეს რესურსი  ვიქტორინის სახითაა წარმოდგენილი. მოსწავლემ ყურადღებით უნდა შეასრულოს სხვადასხვა მათემატიკური ოპერაცია და სავარაუდო პასუხებს შორის ამოირჩიოს სწორი პასუხი. შეცდომის შემთხვევაში რესურსი ავტომატურად მონიშნავს სწორ პასუხს.

https://wordwall.net/ru/resource/29148138            იპოვე სიტყვები

მოცემულია ასოების ცხრილი. ამ ცხრილში უნდა აღმოაჩინოთ სიტყვები ან ვერტიკალურად, ან ჰორიზონტალურად, ან დიაგონალზე. სიტყვების მოძებნაში დაგეხმარებათ მინიშნებები, რომლებიც სურათების სახითაა მოცემული. იპოვით სიტყვას და შემდეგ მონიშნავთ სურათს.

https://wordwall.net/ru/resource/29147886             დაალაგე სიტყვები

ამ რესურსში მოცემულია წინადადებები, რომლებშიც სიტყვები არეულია. მოსწავლემ უნდა გადააადგილოს სიტყვები ისე, რომ მიიღოს გამართული წინადადება.

 

https://wordwall.net/ru/resource/29295137             შეამოწმე შენი ცოდნა

https://wordwall.net/ru/resource/29150258             ტყუილი თუ მართალი     

ორივე რესურსი მოსწავლეს ეხმარება ცოდნის გააქტიურებაში. პირველი ვიქტორინის სახით არის მოცემული, მეორე კი სთხოვს, წაიკითხოს მორბენალ სტრიქონზე გამოსული წინადადება, ამოიცნოს ტყუილია თუ მართალი და მონიშნოს შესაბამისი კატეგორია. ვფიქრობ, ორივე რესურსი საკმაოდ სახალისოა.

https://wordwall.net/ru/resource/53609550        გამოიცანი ნაწარმოები პერსონაჟის მიხედვით

არანაკლებ სახალისო დავალებაა, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები პერსონაჟის სურათის მიხედვით ამოიცნობენ ნაწარმოებს და მონიშნავენ. შეცდომის შემთხვევაში, რესურსი იძლევა შეცდომის გამოსწორების საშუალებას.

https://wordwall.net/ru/resource/53731018        ანტონიმები

ამ რესურსში მოსწავლეებმა მოძრავ სიტყვას ჩამონათვალიდან უნდა მოუძებნონ საწინააღმდეგო მნიშვნელობის სიტყვა. ანტონიმური წყვილის  სწორად მოძებნის შემთხვევაში ორივე სიტყვა გაქრება. შეცდომის შემთხვევაში კი მოსწავლეები შეძლებენ გამოსწორებას.

https://wordwall.net/ru/resource/53731195           გავიმდიდროთ ლექსიკური მარაგი

ეს რესურსი შეიძლება გამოიყენოთ მესამე, მეოთხე კლასში ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით.  შეცდომის შემთხვევაში, რესურსი ავტომატურად გიჩვენებთ სწორ პასუხს.

შემდეგი რესურსები შეგიძლიათ წარმატებით  გამოიყენოთ ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე.

https://wordwall.net/resource/53608628                 მცენარის ნაწილები

ამ რესურსში მოსწავლემ მცენარის ნაწილის სახელწოდება სწორად უნდა შეაერთოს მცენარის მონიშნულ ადგილთან.

https://wordwall.net/ru/resource/54053683           მოვიაროთ საქართველო

ამ რესურსშიც, წინა რესურსის მსგავსად, უნდა შევაერთოთ საქართველოს კუთხეების სახელწოდებები მათ  სწორ ადგილებთან.

https://wordwall.net/ru/resource/53505392            ცხოველების მოძრაობა

      კონკრეტულ მოძრაობას შეუსაბამებთ ცხოველს. რესურსი არ ასწორებს დაშვებულ შეცდომას. შეცდომის შემთხვევაში, გთხოვთ, ხელახლა ყურადღებით შეასრულოთ დავალება.

https://wordwall.net/ru/resource/53662134            ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება

       რესურსი საშუალებას იძლევა, მოსწავლემ  გაიხსენოს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება და წარმოდგენილი საგნები შესაბამის ჯგუფებში განათავსოს. წინა რესურსის მსგავსად, ეს რესურსიც არ იძლევა შეცდომის გამოსწორების საშუალებას.

https://wordwall.net/ru/resource/53507355           კოსმოსში მოგზაურობა

ეს რესურსი კროსვორდის სახით არის მოცემული. უპასუხებთ კითხვას და ჩაწერთ შესაბამის უჯრებში.

https://wordwall.net/resource/54055363              წყლის ბინადრები

ბოლო რესურსი ძალიან სახალისოა, რადგან უხვადაა თამაშის ელემენტებით დატვირთული და მოსწავლეებისაგან ითხოვს ყურადღებას, წყლის ბინადრების სწრაფად ამოცნობას, სწორად მონიშვნას. დონეების მიხედვით თამაში თანდათან რთულდება. მოსწავლეებს გზადაგზა შეუძლიათ,  ბონუსების სახით, დროის ლიმიტის გაზრდაც.  ასევე შეუძლიათ დონეების რაოდენობისა და სიჩქარის ცვლილებაც.

 

ვფიქრობ, wordwall.net  პროგრამაში შექმნილი რესურსები თქვენც გაგიმარტივებთ და გაგიხალისებთ  შესაბამისი თემების შესწავლას.

 

 

 

 

ვანილი და ვანილინი

0

ადრე ასპირანტობისას უნივერსიტეტში ხშირად ვხედავდი ერთ სადად ჩაცმულ კაცს, დაბერილი ჯიბეებით. დერეფანში მოგიახლოვდებოდა და ყურში რაღაცას ჩაგჩურჩულებდა. რატომღაც ყველა ხელებს უქნევდა, თავი დამანებეო. მოსაუბრეც მორჩილად მიდიოდა და ახლა სხვა საჩურჩულო ობიექტს ეძებდა. მერე სადღაც დაიკარგებოდა ხოლმე. ალბათ სხვა დაწესებულებაში თუ მიდიოდა საჩურჩულოდ. ცოტა ხანში ისევ გავახსენდებოდით და გამოჩნდებოდა. ერთ დღესაც სამ სხვადასხვა სართულზე მიჩურჩულა ყურში. ვავიწყდებოდი ეტყობა და ახალ სართულზე, ახალი ადამიანი ვეგონე. რა მიჩურჩულა?

  • საუკეთესო ვანილი მაქვს და იაფად მოგცემო.

როცა მეც ხელი გავიქნიე, არ მინდა-მეთქი, კვლავ მიჩურჩულა:

  • გოგონა, ვანილი მაქვს, ვანილინში არ შეგეშალოსო.

ეტყობა, ვიღაცები მართლაც ყიდულობდნენ, რადგან მერე ერთი-ორმა თქვა, კარგი ხარისხის გამოდგაო.

ჰოდა, დღეს ვანილზე და ვანილინზე მოგიყვებით.

 

ვანილის შესახებ ამოიკითხავთ, რომ ის კლასიკური სანელებელია. კლასიკურში ვგულისხმობ მის საყოველთაო გავრცელებას. მაგ. ინგლისურ ენაში სიტყვა Vanilla რაღაც ჩვეულებრივ ამბავს ნიშნავს. ანუ, ამბავს, რომელსაც წარმოსახვა აკლია (lacking distinction: Plain, Ordinary, Conventional-Merriam-Webster). არადა, ვერც ვანილის ისტორიას, ვერც მისი მოპოვების ტექნოლოგიას და ვერც მის ადგილს ბაზარზე მოსაწყენს და ჩვეულებრივს ვერ უწოდებ.

ვანილი მცენარეული წარმოშობის გახლავთ და მას სამი სახეობის ორქედეასებრთა ოჯახის ლიანების ნაყოფისგან იღებენ. ჯადვარისებრთა ოჯახის გვარის წარმომადგენელია. მცოცავი ლიანაა და საჰაერო მისაკიდი ფესვები აქვს. ცნობილია მისი 100-მდე სახეობა, რომლებიც ტროპიკებშია გავრცელებული. ზოგიერთ სახეობას განსაკუთრებული სურნელი აქვს, ამიტომ პარფიუმერიასა და კვების მრეწველობაში იყენებენ. ამ საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Vanilla planifolia-ს ნაყოფი. 0, 00000000002გ/1ლ. საკმარისია, რომ მისი სურნელი გავრცელდეს.

თავად სანელებელი ან ამ ნაყოფის დასრესვით შეგიძლიათ მიიღოთ, ან სუპერმარკეტში მისი სპირტხსნარი შეიძინოთ. აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შეძენილი სპირტხსნარის 90% ვანილისგან კი არა ვანილინისგან არის დამზადებული. ეს უკანასკნელი ლაბორატორიაში სინთეზური გზით მიღებული ნივთიერებაა. მიღების გზები განსხვავებულია. მაგ. შესაძლებელია მისი მიღება ქაღალდის წარმოების ნარჩენების გადამუშავების გზით.

აქ პრუსტის კანონიც გავიხსენოთ, რომ მიღების გზასა და წყაროს მნიშვნელობა არ აქვს. ყოველთვის ერთნაირი შემადგენლობის პროდუქტი მიიღება, ოღონდ სინთეზური. მოკლედ, ეს იგივე ნივთიერებაა, რასაც ვანილის ნაყოფი შეიცავს, თუმცა ეს მხოლოდ ერთი ქიმიური კომპონენტია. ბუნებრივ ვანილში სხვა უამრავ სასარგებლო ნივთიერებას იპოვით. ამიტომ, სინთეზური ვანილინის ფასი ბევრად იაფია. აი, მთლიანი ნაყოფის ფასი კი მხოლოდ შაფრანს ჩამორჩება სიძვირეში. ამიტომ, ძალიან ბევრი ადამიანი მსოფლიოში ვანილით ვაჭრობისა და სპეკულაციის ხარჯზე საკმაოდ გამდიდრდა. მათ ხუმრობით „ვანილიარდერებსაც“ კი უწოდებენ. იმ ქვეყნებში, რომლებშიც ვანილი ხარობს, ამ ამბავმა ახალი სამუშაო ადგილები გააჩინა, მაგრამ დამატებითი სოციალური პრობლემებიც შექმნა. ძალიან ბევრ მოზარდს ვანილის ქურდობისთვის გაუსამართლებლად პირდაპირ ციხეში უშვებენ, ზოგს კი ლინჩის წესით ადგილზე კლავენ; ეროვნული მნიშვნელობის ტყეებსა და ნაკრძალებს ანადგურებენ (რომ შემდეგ იქ ვანილის პლანტაცია გააშენონ).

თავად ვანილის სამშობლო მექსიკაა. ადგილობრივი მოსახლეობა მას საუკუნეების განმავლობაში იყენებდა, როგორც არომატიზატორს, ასევე ადგილობრივი ვალუტის სახითაც. ევროპელებმა ვანილი ესპანელებისგან გაიცნეს. ესპანელებმა აცტეკების იმპერია დაიპყრეს და მას შემდეგ ვანილი შოკოლადთან ერთად ევროპაში ჩამოიტანეს. მას შემდეგ, დაახლოებით 300 წლის განმავლობაში, ფრანგები, ინგლისელები, ბელგიელები ცდილობდნენ ვანილი თავიანთ მიწებზე მოეყვანათ. პრინციპში თავად ვანილი თბილ ადგილებში წარმატებით ხარობდა და როგორც ლიანა, ორანჟერეებშიც ცოცავდა კედლებზე. მერე ყვავილობდა და მორჩა… ნაყოფს აღარ იკეთებდა.

ერთადერთი ადგილი მექსიკა, იგივე ესპანეთის იმპერია იყო, რომელიც ვანილს ისეთ მაღალ ფასს ადებდა, როგორიც მოესურვებოდა. ვანილს არცერთ სხვა ქვეყანაში ნაყოფის მოცემა არ სურდა. იმ დროისთვის საუკეთესო ბოტანიკოსები თავს იტეხდნენ და ვერავინ ვერაფერს აკეთებდა.

1838 წელს ბელგიელმა ბოტანიკოსმა შარლ მარენმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერდა, რომ ვანილი იმტვერება ერთადერთი მწერის მიერ. ეს არის პატარა ფუტკარი, რომელიც მხოლოდ მექსიკაში ცხოვრობს. ამიტომ, იქ სადაც ეს ფუტკარი არ იყო, ვანილი ხელოვნურად, ხელით უნდა დაემტვერათ. სრულიად ევროპის ბოტანიკოსებმა მოიმარჯვეს ფუნჯები და შეუდგნენ ვანილის დამტვერვას. თუმცა, უშედეგოდ. ის ნაყოფს მხოლოდ ზოგჯერ და ისიც იშვიათად ისხამდა.

1841 წელს კუნძულ რეუნიონზე საინტერესო ამბავი მოხდა. ეს კუნძული წყნარ ოკეანეშია და დღესაც საფრანგეთს ეკუთვნის. 12 წლის შავკანიანმა მონა ბიჭუნამ, სახელად ედმონდმა, ვანილის წარმატებულად დამტვერვის მეთოდს მიაგნო. ამ ბიჭის პატრონი ენთუზიასტი ბოტანიკოსი – ბელიე მონონი იყო. სწორედ თავისი პატრონისგან ჰქონდა ნასწავლი ვანილის დამტვერვის ძირითადი და უშედეგო მეთოდი. ჰოდა, მიირბინა მუსიე ბელიესთან და თავის აღმოჩენაზე უამბო.

საქმე ვანილის თავისებურ ანატომიაში გახლდათ.

ეს მცენარე ჰერმაფროდიტია და მისი დამტვერვა მართლაც თავისებურ ტექნოლოგიას საჭიროებდა. თვითდამტვერვის თავიდან ასაცილებლად ბუნებამ მტვრიანებსა და ბუტკოს შორის ბუნებრივი ტიხარი შექმნა. ამ ტიხრის ქვეშ შეძრომა მხოლოდ პატარა მექსიკელ ფუტკარს შეუძლია, რომელიც სხვა მცენარე ვანილის მტვერშია უკვე ამოგანგლული. პატარა ედმონდმა თხელი წკირით მოახერხა ტიხრის აწევა და მცენარის სწორად დამტვერვა.

ბელიე მონონმა არა მხოლოდ მოუსმინა და დაუჯერა ბიჭს, მის მიერ აღმოჩენილი ტექნოლოგია არ მიისაკუთრა და ყოველთვის ყველგან აღნიშნავდა მეთოდს ედმონდმა მიაგნოო.

ბრავო, მუსიე მონონ!

ედმონდი ცნობილი ბიჭი გახდა. მალე მას თავისუფლება აჩუქეს და გვარად ამბიუსი უბოძეს. ედმონდ ამბიუსი ვანილის დამტვერვის ტექნოლოგიის აღმომჩენია. ვანილს დღესაც ედმონის მეთოდით ამტვერიანებენ. თითოეულ მცენარეს სათითაოდ. ყვავილობს მხოლოდ ერთ დღეს, ოღონდ სადილის შემდეგ ყვავილი ჭკნება. ასე რომ, ვანილის მთელი პლანტაცია უნდა დაიმტვეროს ერთ დღეს, ისიც დილის 11 საათიდან დაახლოებით 14 საათამდე. დღემდე ვერ შეუძლებელია ამ პროცესის მოდერნიზება და ავტომატიზება. ამის შემდეგ, წარმოიქმნება ნაყოფი, რომელსაც ჯერ კიდევ მწვანეს აგროვებენ და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ხან აშრობენ და ფერმენტაციას ატარებენ, მერე კვლავ აშრობენ და ა.შ. ამ პროცესის დაჩქარება შესაძლებელია ხარისხის ხარჯზე.

ფერმენტაციის დროს ვანილინი შესაბამისი გლიკოზიდისგან მიიღება, რომლის მოლეკულაში ვანილინი შაქრის ფუძესთან არის დაკავშირებული.

დღეს ვანილის წარმოების ლიდერი კუნძული მადაგასკარია. ვანილმა კუნძულის მოსახლეობას პროგრესიც მოუტანა და პრობლემებიც. ვანილზე ფასების ზრდამ გამოიწვია ის, რომ მოსახლეობას გაუჩნდა ფული და შეძლეს ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. მეორეს მხრივ, იმატა ქურდობამ. ქურდები ძირითადად მოზარდები არიან, რომლებიც ცდილობენ, ფერმერს ერთი-ორი დღით ადრე დაასწრონ და მოსავალი დაუკრიფონ. არადა, ვანილი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ისხამს ნაყოფს და გამოდის, რომ ქურდი ფერმერს მთელი წლის შრომას წყალში უყრის. ამიტომ, თუ ქურდს წაასწრებენ, ადგილზე კლავენ. თუ პოლიცია მიუსწრებს, მაშინ აპატიმრებენ. გარდა ამისა, ფერმერები ცდილობენ, მოსავალი ქურდზე მალე აიღონ და სულ უფრო და უფრო ადრე კრეფენ ვანილს. ეს კი აისახება მის ხარისხზე.

გარდა ამისა, ცდილობენ უფრო მეტ ტერიტორიაზე იყოს ვანილის პლანტაციები. ამიტომ ჩეხენ ტყეებს, რასაც ეწირება მადაგასკარის უნიკალური ფლორა და ფაუნა. შედეგად, მადაგასკარში უკვე ტყის საფრის 90% დაიკარგა, რამაც შეცვალა ნიადაგი და უნიკალური ფლორა.

ვანილინის ქიმიურმა წარმოებამ ვანილი ვერ ჩაანაცვლა, რადგან ბუნებრივ ვანილში ვანილინის გარდა, კიდევ 199 აქტიური ნივთიერება გახლავთ, რაც მას თავისებურ უნიკალურ სურნელსა და დამატებით თვისებებს ანიჭებს.

ზემოთ უკვე დავწერე, რომ ვანილინს სხვადასხვა გზით იღებენ. ქაღალდის წარმოების ნარჩენებიც ვახსენეთ. თუმცა, შესაძლოა ნავთობის წარმოებიდანაც მიიღონ. ყველაზე სუფთა და ბუნებრივი გზა დაფნის ფოთლის გადამუშავებაა, რადგან ვანილინი ევგენოლიდანაც იწარმოება.

პირველად კი, 1874 წელს, გერმანელმა ქიმიკოსმა ვილჰელმ ვააგმა ვანილინი წიწვოვანი ხის ქერქისგან მიიღო. შემდეგ უმეტესად ლიგნინისგან დაიწყეს წარმოება. ეს ნივთიერება ხის ქერქში ერთმანეთთან აკავშირებს ცელულოზის ბიჭკოებს. სინთეზს 13 საათი სჭირდება.

სახლში ვანილის ერთი ნაყოფი მეც მაქვს. 2015 წელს ერთმა მექსიკელმა მოსწავლემ მაჩუქა საერთაშორისო ოლიმპიადაზე. მასწავლებელო, აი, ამის სურნელი კარგ ხასიათზე დაგაყენებთ და კარგად შეგვაფასებთო, შემომცინა. მეც გამოვართვი და მთელი ოლიმპიადა თან დავატარებდი, ყველა კარგად, რომ შემეფასებინა.

ეს ხუმრობით… თუმცა ვანილის ნაყოფი ზოგჯერ დღესაც მახსენდება და მისი სურნელი მეხმარება, ამ გაბოროტებულ სამყაროში სიკეთე შევინარჩუნო.

 

 

 

კონკურსი სკოლებისთვის- გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური

0

შესარჩევი კონკურსი თბილისის სკოლებისათვის
საერთაშორისო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად

კონკურსის აღწერა:

GOPA Intec, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის (GESRP)“ ფარგლებში, თბილისის სკოლებისათვის აცხადებს შესარჩევ კონკურსს საერთაშორისო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად.
4-თვიანი კამპანია დაეხმარება სკოლებს ენერგიის დაზოგვის ევროპული პრაქტიკის შემოღებასა და ენერგოეფექტურობის წახალისებაში. კამპანია ასევე ხელს შეუწყობს მოსწავლეებისა და მასწავლებლების ენერგოეფექტურობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის ცვლილებას.
კონკურსის შედეგად შეირჩევა 10 სკოლა, რომელიც ჩაერთვება 4-თვიან კამპანიაში და მონაწილეობას მიიღებს შემდეგ აქტივობებში:
– ტრენინგები ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგიაზე მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის;
– სკოლების აუდიტი ენერგეტიკული და წყლის რესურსების გამოყენების გაუმჯობესებაზე (აუდიტი ხორციელდება ევროკავშირში დანერგილი მოხალისეობრივი ინსტრუმენტის – Energy Display-ის,- გამოყენებით, რომლის მიზანია, წაახალისონ ქვეყნები, გახადონ შენობები მეტად ენერგოეფექტური და გარემოსადმი მეგობრული);
– 4-თვიანი კამპანია სკოლებში ენერგეტიკული და წყლის რესურსების გამოყენებაზე (კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩაერთვებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები).
კამპანიის დასრულების შემდეგ:
– გაიცემა სერტიფიკატები შერჩეული 10 სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის;
– საუკეთესო კამპანიის ავტორი 3 სკოლა დაჯილდოვდება პროექტ GESRP-ისგან ტექნიკური აღჭურვილობითა და სხვა თემატური საჩუქრებით.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილე სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები გამოიყენონ ნერგების (ქულების) დასაგროვებლად.
კონკურსის პირობები და მონაწილეობის კრიტერიუმები
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სკოლებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი. კამპანიაში მონაწილე 10 სკოლის შერჩევა მოხდება როგორც სამოტივაციო წერილით, ისე აღწერილი აქტივობების შესაბამისად.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:
(1) სკოლა უნდა იყოს დარეგისტრირებული თბილისში (მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს);
(2) სკოლას უნდა ჰყავდეს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული მოხალისეთა, მინიმუმ, 10-წევრიანი გუნდი;
(3) სკოლის მოხალისეთა გუნდს უნდა ჰყავდეს, მინიმუმ, ერთი პასუხისმგებელი მასწავლებელი.
შესარჩევი კონკურსის ვადები: 5-20 მარტი, 2023
კამპანიის განხორციელების ვადები: მარტი – ივნისი, 2023
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/dmh4zNukFM5qgcd66

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს

0

რამდენიმე დღის წინ ორ ქალბატონს შორის საინტერესო და საყურადღებო დიალოგის უნებლიე მოწმე გავხდი – „არ ვიცი როგორ მოვიქცე, რა მოვუხერხო ჩემს პატარას. ჯერ მხოლოდ ხუთი წლისაა და მის გამოსაყვანად საბავშვო ბაღში მისული ყოველ დღე საყვედურებს ვიღებ. რამდენს ველაპარაკები, ჭკუას ვარიგებ, რამდენჯერმე დავსაჯე კიდეც, მაგრამ არაფერი მოქმედებს. საუბრისას ვამჩნევ, რომ ის საერთოდ არ მისმენს და ორი წუთის შემდეგ აღარც კი ახსოვს რა ვუთხარი. მეგონა მეხსიერების პრობლემა ჰქონდა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ბევრი რამ, რაც მისთვის სარგებლის მომტანია, საკმაოდ დიდხანს ახსოვს და არ ივიწყებს; ჭკუის დარიგების დროს კი ერთი სული აქვს საუბარი დავამთავრო, რომ ის აკეთოს, რაც მას სურს“ – ვერ მალავდა თავის გულისტკივილს ხუთი წლის ნინის დედა. „მე კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ვარ. ჩემი გიო მეშვიდე კლასშია და საერთოდ გაურბის ჩემთან საუბარს. თუ მოვახერხე და ვაიძულე მოსმენა, ვგრძნობ, რომ გონებით სხვაგანაა და ჩემი არცერთი სიტყვა არ ესმის. ორი დღის წინ საერთოდ გამომიცხადა, რომ დაიღალა ჩემი ამდენი ჭკუისდამრიგებლური საუბრებით. უკვე აღარ ვიცი როგორ მოვიქცე“.

მართალია ბავშვის ქცევა, უპირველეს ყოვლისა, მისი ასაკობრივი თავისებურებებით არის განპირობებული, მაგრამ მოსმენასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეიძლება ნებისმიერი ასაკის ბავშვთნ ურთიერთობისას წავაწყდეთ. ხშირია შემთხვევა, როცა რამდენჯერმე გვიწევს განმეორება, რათა ბავშვმა მოისმინოს და გააკეთოს ის, რასაც ვთხოვთ. ეს ძალიან ღლის და სასოწარკვეთილებაში აგდებს მშობლებს.

რეკომენდაციები – რა გავაკეთოთ, რომ ბავშვმა მოგვისმინოს. როგორ ვესაუბროთ მას, რომ გაიგოს და გაითვალისწინოს ჩვენი ნათქვამი:

  • საუბრისას აუცილებლად დავამყაროთ მხედველობითი კონტაქტი ბავშვთან, ვუყუროთ მას თვალებში. თუ ამის საჭიროება იქნება, „დავეშვათ მის დონეზე“, ჩავჯდეთ, რომ ჩვენი თვალები ერთ დონეზე იყოს;
  • მიმართვისას აუცილებლად გამოვიყენოთ სახელი. ეს ბავშვს ჩვენს მიმართ მეტ ნდობას და პატივისცემას გაუჩენს;
  • ვესაუბროთ მარტივად, მოკლედ და გარკვევით. ჩვენ მიერ გამოყენებული ფრაზები, სიტყვები, წინადადებები უნდა იყოს მოკლე და გასაგები. რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ, რაც უფრო მეტ სიტყვას გამოვიყენებთ საუბრისას, მით ნაკლები იქნება იმის ალბათობა, რომ ბავშვი მოგვისმენს; ველაპარაკოთ ისე, როგორც ის ლაპარაკობს;
  • ვთხოვოთ ბავშვს გაიმეოროს ჩვენი თხოვნა ან დავალება;
  • ვთხოვოთ ისე, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს უარის თქმა, შევთავაზოთ ისეთი რამ, რომელზეც უარს ვერ იტყვის – „ჩაიცვი, რომ წახვიდე სათამაშოდ“; „დაალაგე სათამაშოები, რომ ეზოში გავიდეთ სასეირნოდ“;
  • უარი ვთქვათ ყვირილზე და ხმააწეული ტონით საუბარზე, თუ გვინდა, რომ ბავშვმა მოგვისმინოს და გაითვალისწინოს ჩვენი რჩევები. პატივისცემა და მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ნებისმიერ ასაკში. ძნელი იქნება ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელსაც ერთხელ მაინც არ აუწევია ხმისთვის ბავშვთან ურთიერთობისას. თუმცა, თვითკონტროლის, თავშეკავების და გამძლეობის გავარჯიშებით შესაძლებელი იქნება უარი ვთქვათ ხმააწეული ტონით საუბარზე, რადგანაც წყნარი, მშვიდი ხმა უფრო ძლიერ მოქმედებს ბავშვზე, ვიდრე ყვირილი. რაც უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს ბავშვი, მით უფრო მშვიდად უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ. საჭირო შემთხვევაში გამოვიყენოთ ფრაზები: „მე მესმის შენი“, ან „როგორ შემიძლია დაგეხმარო?“
  • ნუ დავიზარებთ გავუმეოროთ ბავშვს ჩვენი თხოვნა რამდენჯერმე. პატარებს უჭირთ ყველაფრის ერთდროულად დამახსოვრება. ასაკის მატებასთან ერთად ნაკლებად დაგვჭირდება ნათქვამის განმეორება;
  • დავუსვათ ბავშვს შეკითხვები ასაკის მიხედვით. სამი წლის ასაკის ყველა ბავშვს არ შეუძლია უპასუხოს შეკითხვას: „რატომ გააკეთე ეს?“ უკეთესია ვუთხრათ: „მოდი ვისაუბროთ იმის შესახებ, რაც გააკეთე“;
  • მივცეთ კონკრეტული მითითებები. მოვერიდოთ ორაზროვანი ფრაზების გამოყენებას. ნუ გვექნება იმის იმედი, რომ ბავშვი შეძლებს ჩვენი აზრების წაკითხვას;
  • ატირებული, ისტერიკაში მყოფი, გაღიზიანებული ბავშვი ჯერ დავამშვიდოთ და შემდეგ ვესაუბროთ, ავუხსნათ, რაც გვსურს, რასაც მოვითხოვთ მისგან;
  • ნებისმიერ აღმზრდელს სურს, რომ ბავშვმა ისწავლოს სიტყვების – „გთხოვ“ და „მადლობა“ – საუბრისას გამოყენება. თუ ბავშვს ვთხოვთ, რომ გვითხრას  ეს სიტყვები, გამოვიყენოთ ისინი თავად ჩვენ ბავშვთან საუბრისას;
  • რაიმეზე უარის თქმის შემთხვევაში შევთავაზოთ ალტერნატიული ვარიანტი – „შენ ჯერ ვერ შეძლებ პარკში მარტო წასვლას, მაგრამ შეგიძლია მეგობრებთან ერთად თამაში მეზობელ ეზოში“;
  • გულჩათხრობილ, საკუთარ თავში ჩაკეტილ ბავშვებთან საუბრისას განსაკუთრებით მოვერიდოთ დახურული კითხვების გამოყენებას, რომელზეც შეიძლება პასუხის მხოლოდ ორი ვარიანტის – „კი“ ან „არა“ – მიღება. ნაცვლად „შენ კარგად გაატარე დღე საბავშვო ბაღში?“, უკეთესია ვკითხოთ „რა მოგეწონა დღეს ყველაზე მეტად საბავშვო ბაღში?“
  • თუ ბავშვს ვერ შევაცვლევინეთ აზრი, ვერ გადავარწმუნეთ, შევინარჩუნოთ სიმშვდე, ნუ შევიცვლით ტონს; დამაჯერებელი ტონით ვუთხრათ: „მე არ შევიცვლი ჩემს აზრს ამის შესახებ, ბოდიში“. ეს ბევრად უკეთესად იმოქმედებს ბავშვზე, ვიდრე მკვეთრი ტონით ნათქვამი – „საუბარი დასრულდა“;
  • ბავშვთან საუბრისას ნაკლებად გამოვიყენოთ სიტყვა „არა“, მოვერიდოთ პირდაპირ უარის თქმას. რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს სწორედ ხშირად გამოყენებული „არა“ უბიძგებს ბავშვს მოითხოვოს რაც მას სურს კიდევ უფრო მეტი შემართებით. მაგრამ, თუ ჩვენ ვუპასუხებთ – „შეიძლება“, ან დავპირდებით, რომ ვიფიქრებთ, პატარა ბევრად უფრო მშვიდად აღიქვამს სიტუაციას და მორჩილად ელოდება გადაწყვეტილებას. თუმცა, თუ ის რაიმე ისეთს ითხოვს, რისი შესრულებაც ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება, ავუხსნათ თუ რატომაა ეს შეუძლებელი. ამასთან, შევთავაზოთ ალტერნატივა. მუდმივი უარი ძირს უთხრის ნდობას და შეიძლება ბავშვთან გაუცხოების წინაპირობაც გახდეს;
  • ნუ მოგვერიდება ბოდიში მოვუხადოთ ბავშვს, თუ შემთხვევით უსამართლობა გამოვიჩინეთ მის მიმართ და არასწორად მოვექეცით. ბოდიში ძალიან დაგვეხმარება ბავშვთან საუბრის მშვიდად წარმართვაში. მას ეცოდინება, რომ ჩვენ სანდო ადამიანი ვართ და ყოველთვის ობიექტურად ვაფასებთ სიტუაციას. ბავშვის პიროვნების პატივისცემა ხდება ნდობით განმსჭვალული ურთიერთობის გასაღები, ურთიერთობის, როცა ბავშვი გვისმენს და ესმის ჩვენი, იღებს და პატივს სცემს ჩვენს აზრს;
  • დავეხმაროთ ბავშვს გაერკვეს საკუთარ გრძნობებში, ამისათვის უბრალოდ მოვუსმინოთ მას, ნუ შევაწყვეტინებთ საუბარს, პერიოდულად გამოვიყენოთ ფრაზები: “დიახ”, „გასაგებია“. დაველოდოთ სანამ იტყვის ყველაფერს, რაც სურს. შემდეგ შევეცადოთ დავასახელოთ მისი გრძნობები და დავადასტუროთ მათი არსებობა: „ოჰ, ამან შენ ალბათ ძალიან გაგაბრაზა“, ან „ბრაზობ ამაზე?“ ეს მარტივი ფრაზები დაეხმარება ბავშვს დამშვიდდეს და გააგრძელოს საუბარი პრობლემის შესახებ. თუ ჩვენ არ თანავუგრძნობთ მას, ის მოტყუებულად იგრძნობს თავს, დაკარგავს ჩვენს ნდობას და საკუთარი პრობლემების ჩვენთვის გაზიარებას;
  • საუბრის პროცესში ნუ დავუსვამთ ბავშვს ძალიან ბევრ შეკითხვას. გაუთავებელი შეკითხვებით მობეზრებული ბავშვი ნებისმიერ დიალოგს აღიქვამს, როგორც ზეწოლას, მის პირად სივრცეში შეჭრის მცდელობას და დაიწყებს თავის დაცვას, უარს იტყვის შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე, ჩაიკეტება საკუთარ თავში და არანაირ რჩევას არ მიიღებს ჩვენგან როგორი სწორიც არ უნდა იყოს ის. მივცეთ ბავშვს საშუალება გაიაზროს როგორ მოიქცეს. ასეთ შემთხვევაში უფრო მეტია შანსი თავად მოგვმართოს,  რომ განიხილოს ჩვენთან საკუთარი პრობლემა და გაარკვიოს, გვკითხოს, თუ რამდენად სწორად იქცევა. გვახსოვდეს, რომ დუმილი ხანდახან ყველანაირ საუბარზე, ყველანაირ მზრუნველობაზე უკეთესია.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვთან ეფექტიანი საუბრის ძირითადი ხერხი იმისათვის, რომ მან მოგვისმინოს და გაგვიგოს, სიკეთე და სიყვარულია. ვიყოთ ბავშვის მეგობარი, მოვუსმინოთ მას და ისიც აუცილებლად მოგვისმენს და გაგვიგებს ჩვენ.

 

რამდენიმე ტექსტ-სქემა გრამატიკული საკითხების სწავლებისთვის

0

გრამატიკული სტრუქტურების გაგება კონტექსტისა და ტექსტის გარეშე რთული და ზოგჯერ შეუძლებელიცაა. ამიტომაა, რომ ჩვენი მოსწავლეები, რომელთაც ბრუნებისა თუ უღლების სქემები საგულდაგულოდ აქვთ გაზეპირებული, კონკრეტულ მოცემულობაში მათ ვერც ასახელებენ, ვერც იყენებენ და შეცდომებსაც უშვებენ. ჩემი აზრით, სრულიად დაუშვებელია გრამატიკული სისტემების ტექსტის გარეშე სწავლება. გრამატიკა რაღაც თეორიული მოძღვრება არ არის, რომელიც ტექსტის მიღმა და ტექსტის გარეშე არსებობს. გრამატიკა პრაქტიკული, გასაგები, ბუნებრივი წესრიგია, რომელიც მეტყველებისა და ტექსტის მიღმა, ყოველ შემთხვევაში, განათლების საწყის საფეხურზე არ უნდა ვასწავლოთ. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ყველამ კარგად დავინახეთ, რომ ყველა მოსწავლეს აღქმისა და შესწავლის ინდივიდუალური უნარი აქვს: ზოგს განზოგადება უჭირს და რომელიმე გრამატიკულ პარადიგმას ყოფით სიტუაციაში ვერ იყენებს, ზოგს პირიქით – სისტემა პროცესს უადვილებს; ზოგს – თვალსაჩინოება სჭირდება, ზოგს კი სმენით დამახსოვრების უნარი აქვს განვითარებული.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ პრაქტიკული გრამატიკისათვის გამიზნულ რამდენიმე ტექსტ-სქემაზე, სადაც მოსწავლეებს წერა-კითხვის უნარებთან ერთად გრამატიკული ცოდნის აპარატსაც ვუვითარებთ.

  1. სახელის ბრუნება

იმის გასაგებად, რამდენად კარგად იციან მოსწავლეებმა სახელის ბრუნების სისტემა, ხშირად ვუსვამთ კითხვას ან ვაწერინებთ სავარჯიშოს, სადაც მოსწავლეს ევალება რომელიმე სიტყვა აბრუნოს.

წარმოიდგინეთ, რომ გვაქვს ისეთი ტექსტი, სადაც თხრობა დაწყებითი საფეხურისათვის საჭირო განვითარების ლოგიკას ემყარება და ტექსტის გამოყენება კითხვისა და გაგების გასავითარებლადაც შეგვიძლია და, ამავე დროს, ერთი და იგივე სიტყვა სხვადასხვა ბრუნვაში კონტექსტურად გვხვდება.

მაგალითად:

წვიმა

წვიმა მოვიდა.

წვიმამ ყვავილებს ფურცლები დაუსველა.

წვიმას გაუჯავრდნენ ყვავილები.

წვიმის მოწვდილი წყალი აღარ დალიეს.

წვიმით დასველებული ფურცლები ნიავს გააშრობინეს.

წვიმას წვიმად ყოფნა აღარ უნდოდა, მოიწყინა…

ცოტა ხანში ყვავილებს ისევ მოსწყურდათ და წვიმას დაუძახეს:

  • ეი, წვიმავ, წვიმავ, მოდი, მოდი, შეგირიგდებითო!

წვიმა სასწრაფოდ მიცუნცულდა ყვავილებთან.

 

 

  1. მრავლობითი რიცხვი

ასეთივე სავარჯიშო შეგვიძლია გამოვიყენოთ სახელის მრავლობითი რიცხვის ილუსტრაციისათვის:

 

ბაჭია მინდორზე მიცუნცულებდა.

უცებ დაინახა, რომ კუნელის ბუჩქის ძირში სამი ბაჭია თამაშობდა.

ბაჭიას ძალიან მოუნდა ბაჭიებთან თამაში.

მიუახლოვდა და იქვე, მორცხვად დადგა.

უცებ ერთ ბაჭიას ბურთი გამოუგორდა და მორცხვი ბაჭიას თათებთან გაჩერდა,

ბაჭიამ ბურთი ბაჭიებს გადაუგდო.

ბაჭიებმა ერთად თამაში დაიწყეს.

 

  1. ნაცვალსახელები

 

 

მე სკოლისკენ მარტო მივდიოდი, როცა შენ შემომხვდი.

ჩვენ ერთად გავაგრძელეთ გზა.

ცოტა ხანში ის შემოგვიერთდა.

თქვენ თქვენი სკოლისკენ წახვედით, მე – ჩემი სკოლისკენ გავეშურე.

გზად ჩემი კლასელები დავინახე, ისინიც სკოლისკენ მოდიოდნენ.

ჩვენ ერთად ავედით ჩვენს კლასში.

 

  1. წინადადების შედგენა და წინადადების წევრთა რაოდენობა:

 

ა. დაზამთრდა.

თოვლი მოვიდა.

ქალაქში თოვლი მოვიდა.

ქალაქში ქათქათა თოვლი მოვიდა.

პატარა ქალაქში ღამით ქათქათა თოვლი მოვიდა.

ჩვენს პატარა ქალაქში ღამით ქათქათა, ლამაზი თოვლი მოვიდა.

ჩვენს პატარა ფერად ქალაქში ღამით ლამაზი თოვლი მოვიდა.

 

 

 

ბ. გათენდა.

მზე ამოვიდა.

ჩიტებმა ჭიკჭიკი დაიწყეს.

ბიჭი საწოლიდან სწრაფად წამოხტა.

დედამ ბიჭს გემრიელი ბლინები გამოუცხო.

მერე ფინჯანში რძეც დაუსხა.

ბიჭმა გემრიელად ისაუზმა.

მზე ანათებდა

თბილოდა.

 

ასეთივე ტექსტ-სქემების შედგენა შეგვიძლია გრამატიკის სხვადასხვა საკითხზე, იქნება ეს უღლება, დროის თუ გვარის კატეგორია, კონტექსტი და სხვა.

 

 

 

  აფრიკელი ბებია და ქართველი საბავშვო მწერალი

0

როგორი და სადაური ბებია აღარ უნახავს ქართულ საყმაწვილო თუ სადიდო ლიტერატურას – ფუმფულა თუ გამხდარი, მხიარული თუ ნაღვლიანი, მარტოსული თუ უჭულბუჭულებიანი, კახელი თუ გურული, იმერელი თუ ხევსური… მხატვრულად რომ ვთქვათ, ბებიების ჰერბარიუმია ჩვენი მწერლობა – კრძალვით და სიყვარულით „მოწყვეტილნი“ წუთისოფლის ველ-მინდვრებში და ჩაფენილნი მარადისობის ფურცლებში, როგორც მშვენიერი ყვავილების ხსოვნა…

ყველაფერიც უნახავს, მაგრამ აი აფრიკელი ბებია – ეს, მგონი, პირველად ხდება ჩვენს მხატვრულ სიტყვიერებაში. თანაც, ისეთი აფრიკელი – ბოლომდე იქაური კი არა, აქაურიც, ჩვენებური, მაგრამ ცხოვრების ხრიკების გამო, ბავშვობაში გაგანია აფრიკაში მზის თვალივით ჩაგდებული, იქ გაზრდილი და იქაურობით დამუხტული.

ქართული ლიტერატურის საზღვრებიც, დღეიდან აგერ აფრიკამდე გადაიჭიმა და ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ განსაკუთრებულმა ბებიამ თავისი დიდი მისია „ინტეგრაციისა“ (ასეთ ტერმინებზე ბევრს ხალისობენ მის თავგადასავალში) ზედმიწევნით აღასრულა.

ხოლო ვიდრე საზღვრებსა და გეოგრაფიაზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებდეთ, თავდაპირველად აფრიკელი ბებიას ჯალაბი და ისტორია წარვუდგინოთ მკითხველს. ეს ყველაფერი კი, როგორც იტყვიან, ერთ წიგნში დაიწყო. უფრო სწორად, ერთი კარგი მწერლის ფიქრში. ამ მწერალს – მარიამ წიკლაურს კარგად იცნობენ ბავშვებიც და დიდებიც, რადგან ის მრავალი წელია, აქტიურად მუშაობს როგორც საყმაწვილო, ასევე „სადიდო“ ლიტერატურაში, ქმნის პოეზიას, თარგმნის, წერს პუბლიცისტურ-ესეისტურ ტექსტებს, მის ყველა ნაწარმოებს ოსტატის ბეჭედი აზის, ძარღვიანი ენის შედეგია და მკითხველსაც მუდმივად უღვივებს ღრმა და ფხიზელ ფიქრებს.

„ჩემი აფრიკელი ბებია“ – ასე ჰქვია მარიამ წიკლაურის პირველ საყმაწვილო რომანს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამომცემლობა „პალიტრა ლ“-მ გამოსცა და უკვე უამრავი მკითხველი მოიპოვა.

ამ წარმატების ერთი მიზეზი, წიგნის ბოლოთქმაშიც იკითხება: „როცა ყველას ბებია ჩვეულებრივად იბადება, შენი კი მზიდან ჩამოვარდება და პირდაპირ შუა აფრიკაში, ნიანგების ტბაში მოადენს ტყაპანს, კი უნდა მიხვდე, რომ შენს თავს რაღაც უჩვეულო ხდება“. უჩვეულო ამბები კი ყველას იზიდავს – დიდსაც და, განსაკუთრებით პატარებს. ეს ამბავიც გულგრილს არავის დატოვებს, ისეთები ხდება მასში. ზღაპრის საზღვართან დაწერილი წიგნია „ჩემი აფრიკელი ბებია“ – ბოლომდე ზღაპარი არაა, თუმცა მთელი ატმოსფერო და დინამიკა სწორედ ზღაპრული მუხტითაა სავსე. მკითხველიც ამ ზღაპრულობის განცდით ივსება, გამონაგონის და ილუზიის სიტკბოთი კი არა, არამედ რწმენის ღონიერებით.

წიგნის მთავარი გმირი ათი წლის ელენეა. აფრიკელი ბებია კი მის თხრობაში ცოცხლდება, ყველაფერს ელენე გვიამბობს, წარსულის სურათებსაც ის აღადგენს, თავის და თავისი და-ძმების თავს დატრიალებულ ამბებზეც ის მოგვახსენებს; ელენე კარგი მთხრობელია – ნანახსაც გვიზიარებს და განცდილსაც, შთაბეჭდილებებსაც და დასკვნებსაც, მსჯელობს კიდეც, არც შეცდომების აღიარება უჭირს. ეს ყველაფერი კი, როგორც თავად ამბობს, სწორედ ბებიასგან ისწავლა – ატატო ბებიასგან, რომელსაც შინ და გარეთ მზეს ადარებენ და ასეცაა – მის ცეცხლოვან თმას, მუდამ მხურვალე გულისწადილებს და სიყვარულით გაბადრულ სახეს რომ შეხედავ, ბუნებრივად იფიქრებ, რომ ეს ქალი მზეს ჩამოუვარდა დედამიწაზე.

ხოლო ის, რომ შვილიშვილი მოგვითხრობს ბებიაზე და არა პირიქით, ამ წიგნის ერთი ღირსებაცაა – აფრიკელი ბებიას საქმეც და საქციელიც მომავლის შუქიდანაა დანახული, მას უკვე მომავალი თაობა აფასებს და მეტიც – ის შთამომავლობაში ცოცხლობს, ოქროსფერი ფესვი აქვს გადგმული.

ამიტომაცაა მთელი ეს ოჯახი – ელენეთი, სანდროთი, თანოთი, ანდრია-ნუცათი, ლეო-მაგდანათი და მათი მშობლებით და პაპა-ნათესავებით – სინათლის ამქვეყნიური გამოსხივებაა, თითქოს სიცოცხლის იმ ძარღვზე ამოსულიყვნენ, საიდანაც საერთოდ, სამყარო იწყება…

ცოტა ძველმოდურად თუ ვსაუბრობ, არ გეგონოთ, წიგნიც მხოლოდ არქაული ხატებითაა სავსე. „ჩემი აფრიკელი ბებია“ თანამედროვეზე თანამედროვე წიგნია – მასში ტექნოლოგიების სიკეთეებიც დაფასებულია, დღევანდელ ცხოვრებას რაც ახლავს, ის ნიუანსებიც მოხელთებულია, პანდემიაც კი ნახსენებია, ისე ცოტა ხნის წინ მოხდა ეს ამბავი… მაგრამ მე ისეთ სიძველეებზე მოგახსენებდით, რომლებიც ნებისმიერ საგანსა თუ მოვლენას არათუ აუშნოებს, არამედ პირიქით – ალამაზებს და ბევრად უფრო ღრმად და უსასრულობის პერსპექტივიდან წარმოაჩენს.

აი, ასეთი სიძველეების მოტრფიალეა თავად ატატო ბებია, ქალი, რომლის ოჯახსაც მითური დემონივით სდევდა სიტყვა „ომი“ – ჯერ, საუკუნის წინ, რუსული ოკუპაციის გამო მოუწიათ საფრანგეთში ემიგრაცია, მერე იქიდან – აფრიკაში, აფრიკიდან ისევ ომის გამო გამოდევნეს და საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნდნენ… აქაც ბევრი ომი გადაიტანეს, თუმცა ყველაზე მშვიდობიან, სიკეთით და სიყვარულით სავსე ადამიანებად დარჩნენ და ეს თვისებები/ფასეულობები შვილიდან შვილს უმემკვიდრევეს.

იკითხავთ, ეს როგორ მოახერხესო? წიგნში პასუხებსაც მიაგნებთ. აბა, ატატო ბებიას მოვუსმინოთ: „სამყაროს ყველაზე დიდი სიმართლე ბავშვობაა – ბაოდ ყოფნის ჯადოქრული უნარი. ნურასოდეს გააგდებ გულიდან ბაოს! ბაო სასწაულებს ჩუქნის ადამიანებს! გულში აცხოვრე და ყველაფერი – სიხარული, ბედნიერება, ცრემლი თუ ტკივილი, ყველაფერი მას გაუზიარე და გაუყავი. ასე შეძლებ სიხარულთან ერთად ცხოვრებას და მზესთან ერთად ცეკვას…“.

ატატო ბებია, იგივე კოცონების მომთვინიერებელი, იგივე მზის შვილი – დასაბამიერი სიბრძნის მატარებელია. აი, ხომ იბადებიან ასეთი ადამიანები, ვისთვისაც ამ სიბრძნის ცოდნა თუ ხსოვნა მუდმივად ცოცხალია, გონების დიდხანს დაძაბვა ან ფიქრით მჭმუნვარება კი არ სჭირდება, რომ გაიხსენოს, არა – ეს ისედაც მისი ყოველწამიერი ფიქრი და საქციელია, მისი მარადიული მეხსიერებაა, ამიტომ, ასეთი ადამიანები ხშირად იზიდავენ სასწაულებს. უფრო სწორად, სასწაულებს ჩვენ ვეძახით, თორემ თავად ამას სამყაროს ჰარმონიულ წესრიგს უწოდებენ, ამ წესრიგში ყოფნის მშვენიერებად აღიქვამენ…

ელენეც უფრო და უფრო მეტი ინტენსივობით აკვირდება ამ სამყაროს წესრიგს, ბავშვური გულითა და ფიქრით, თუმცა ბებიასგან ნამემკვიდრევი, თანდაყოლილი ცოდნითა და მეხსიერებით. ელენე და ბებია ერთმანეთის მესაიდუმლეები არიან, მათ შეუძლიათ, ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ქვაში ტროლი დაინახონ, მათურის ტყეებში ბუბა-ბიჭის არსებობა დაიჯერონ, მოვლენები მიზეზებთან დააკავშირონ… მოკლედ რომ ვთქვათ, მათ ბუნების სულის მოხელთება და შეცნობა შეუძლიათ. ეს კი ხუმრობა ნამდვილად არ გახლავთ.

ხუმრობაზე კი ის გამახსენდა, რომ ამ წიგნში მეტად თავისებური, საყვარელი, მახვილგონივრული იუმორიცაა. სხვანაირად შეუძლებელიც კია – ეს ხომ საბავშვო წიგნია! სწორედ იუმორის ლაზათითაა შეზავებული მთელი ეს სამყაროსეული სიბრძნეები და ამიტომაცაა ასეთი მიმზიდველი და ადვილად დასამახსოვრებელი. თავად ატატო ბებია დიდი მხიარული ქალია, მასთან არ მოიწყენ, უფრო სწორად, თუ, ვთქვათ, სეირნობის ბებიასთან მოიწყინე, ამ ფაქტს სათამაშოებში სიარულის ბებია გამოასწორებს, ერთს – ატატო ჰქვია, მეორეს – ლარიუს უხვლარისა, რეცხვის დროს – ქაფუნელა სარჭია და ასე… ათასი სამსახური და წოდება აქვს აფრიკელ ბებიას, თავისი კანონები და ქცევის წესები (რა თქმა უნდა, ძალიან სასაცილო), და რაც ყველაზე მთავარია – თავისი საიდუმლოებები…

და აი, ჩვენს ბოლო სიტყვასაც მივადექით – სად დააგროვა, ან სად გააცხადებს აფრიკელი ბებია ამ საიდუმლოებებს? ამისთვის დიდი და ვრცელი გეოგრაფიული რუკა შემოგვთავაზა მარიამ წიკლაურმა – თბილისის ერთი ლამაზსახელიანი ქუჩიდან დაწყებული, აფრიკის, ნორვეგიის და ბოლოს ფშავის წვეროკინა სოფლის მათურის ლანდშაფტებით დამთავრებული… არც მახსენდება სხვა ქართული საბავშვო წიგნი, სადაც ასე მასშტაბურად გაეშალოს მწერალს თხრობა და რაც მთავარია, დიდი ქვეყნების გრძედ-განედებიდან ცას მიბჯენილი, მითებით და ანდრეზებით სავსე ფშავის ციცქნა სოფლებში ამოეყვანოს თხრობის ძაფი, იდუმალების ფარდაგ-ნაჭრელების შესაქმნელად…

ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, კოცონის გარშემო შემომსხდარი დიდ-პატარა „ატატოები“ – ის ფერწერული სცენაა, რომელმაც მთელი ეს მხიარული და ჭკვიანი თავგადასავალი უნდა დააგვირგვინოს… ესაა მწერლის მიერ ბავშვის თვალით და ბავშვის გულისთვის დანახული საიდუმლო სერობაც და შობის მისტერიაც – ეს სახარებისეული მიზანსცენაა – ყველაზე ძვირფასთან და გაცხადებულთან შეხების ელდა და სიხარული…

ასეთ სურათში აუცილებელიც კია, ცხოვრების მთავარი სასწაული გაცხადდეს – დიდი ხნის დაკარგულმა მეგობრებმა, პლანეტის სხვადასხვა მხარიდან, ერთმანეთი ისევ იხილონ და ერთმანეთს ბავშვობის საჩუქრები მიუძღვნან, როგორც აღმოსავლელმა მოგვებმა, ვინც პირველებმა იხილეს შობის ვარსკვლავი…

„ჩემი აფრიკელი ბებია“ ამ ვარსკვლავის შუქზე დაწერილი წიგნია.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...