შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

პროფესორი იმნაიშვილი

ტოლსტოისეული ბედნიერი და უბედური ოჯახების მსგავსად, ყველა ცუდი ლექტორი ერთმანეთს ჰგავს, ყველა კარგი ლექტორი კი – კარგია თავისებურად.

ვახტანგ იმნაიშვილი სტუდენტობის პირველსავე დღეს დავინახე. ვერ ვიტყვი გავიცანი-მეთქი. ახალბედა სტუდენტი, თავისი ნებით, ერთი შეხედვით, უმკაცრესი იერის მქონე პროფესორის გაცნობას ვერ გაბედავდა. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VI  კორპუსის, მძიმე კარი 08:15 საათზე სანახევროდ გამოაღო და ქვის ფილაქნებზე სწრაფი ნაბიჯებით გამოიარა, თუმცა ჩანთა, რომლის სახელურიც მაგრად ჰქონდა მუჭში მოქცეული, არც კი ირხეოდა. იმნაიშვილი, მას შემდეგ, რაც დაცვის სამსახურის თანამშრომელს აუდიტორიის გასაღები გამოართვა, კიბისკენ დაიძრა. მერე კიბის პირველ საფეხურთან მდგომ ბიჭს წარბების ქვემოდან ამოხედა და მის მიერ ნათქვამ გულწრფელ სალამს სალმითვე უპასუხა. ის ბიჭი მე ვიყავი.

ამ დღის შემდეგ ერთი წელი გავიდა. მე ვცდილობდი პირველი, მშობლებისგან დამოუკიდებელი ნაბიჯები გადამედგა ცხოვრებაში. დღეები ერთმანეთს მისდევდნენ, მოუმზადებელი დავალებები უხმოდ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, წასაკითხი თაბახის ფურცლები კი ჩემს საწერ მაგიდაზე კურდღლებივით მრავლდებოდნენ. მე ვცდილობდი მესწავლა ის საგნები, რომლებიც მაინტერესებდა. მეეშმაკა იმ საგნების კოლოკვიუმებზე, რომლებიც ინტერესს არ იწვევდნენ ჩემში. ცოდვა გამხელილი ჯობს – ამას იოლად ვახერხებდი. პერიოდულად მახსენდებოდა ის მკაცრი პროფესორი, რომელიც პირველ დღეს დავინახე. “ნეტავ, რას ასწავლის ის კაცი?” – ვეკითხებოდი საკუთარ თავს, მაგრამ, როგორც ახალგაზრდას გონებას სჩვევია, მალევე მავიწყდებოდა ეს ფიქრი.

Vakhtang Imnaishvili

მეორე კურსზე საბოლოოდ გადავწყვიტე, ჟურნალისტი გავმხდარიყავი. სკოლის პერიოდში შეთხზული თავისუფალი თემების გამო, მეგონა, რომ წერა კარგად გამომდიოდა. აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი. ამიტომაც  ქართული ენის კურსის არჩევა მომიწია.  საქართველოში ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ქართულ ენაზე მომუშავე ჟურნალისტმა ქართული ენაც უნდა იცოდეს. სკოლაში ქართული ენა ნესტან კუბლაშვილმა ძალიან კარგად მასწავლა (ვფიქრობ, რომ ის ერთერთი საუკეთესოა მათ შორის, ვინც კი დღეს ქართულ საჯარო სკოლებში ქართულს ასწავლის), მაგრამ სკოლიდან უნივერსიტეტში გადადგმული ნაბიჯი ადამიანის თავში ყველაფერს დავდაყირა აყენებს. იმხანად სემესტრის დასაწყისში, საგნების არჩევის დროს, თსუ-ის ელექტრონულ ბაზაში ქრისტეს ტირილი ისმოდა. სასურველ საგანზე, სასურველ ლექტორთან მოსახვედრად იუდა კიდევ ერთხელ გაყიდდა მაცხოვარს, ძმა კი ძმას სიამოვნებით გამოუსვამდა ყელში ბლაგვ დანას. ამის გამო, გადავწყვიტე, წინასწარ გამეკითხა, ვინ, სად და როგორ ჯობია და კომპიუტერთან მედარაჯა. ალბათ ჩემს ცხოვრებაში ერთით ნაკლები ჭკვიანი ადამიანი იქნებოდა, VI კორპუსის წინ, სტუდენტურ ბირჟაზე ერთი წინადადება რომ არ დამცდენოდა: “ვინ ავირჩიო ქართულ ენაში?” – ვიკითხე და თითქოს თბილისმა ერთხმად იხუვლა: “იმნაიშვილი, იმნაიშვილი”, ისევე როგორც მაჰმუდის სახელს აგუგუნებენ შორეულ მიწაზე. ეს ხმა ექომ გაიტაცა ჭავჭავაძესა და მელიქიშვილზე.

მერე მოხდა ის, რაც ჰოლივუდურ ფილმებში ხდება ხოლმე. უმკაცრესი პროფესორი, რომლის ვინაობაც სულ მაინტერესებდა, ვახტანგ იმნაიშვილი აღმოჩნდა. კაცი, რომელიც ქართული ენის გარდა, გასწავლიდა იმასაც, თუ როგორ დარჩენილიყავი ადამიანად ისეთ გარემოშიც კი, სადაც ადამიანობას არავინ გთხოვდა. გირჩევდა, ყოფილიყავი შენი პრინციპების ერთგული და თავისუფალი ადამიანი. ღიად შეგეტანა ეჭვი იმაში, რაც ყოველთვის გიღრღნიდა გონებას, მაგრამ, საზოგადოებაში გამეფებული ტაბუს გამო, თქმას ვერ ბედავდი.

მისი ლექციები ყოველთვის 08:30 საათზე იწყებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთ ზარმაც ყმაწვილს, რომელიც ვაზისუბანში ცხოვრობდა, ცივი ზამთრის დროს 06:30-ზე უნდა გაეღვიძა, მომზადებულიყო და 07:00-ზე გასულიყო სახლიდან, როცა ჩაბნელებული უბნის კორპუსებში ჯერ არცერთი ფანჯრიდან არ გამოდიოდა სინათლე. ქუჩის ძაღლთან ერთად მდგარიყო გაჩერებაზე და კანკალით დალოდებოდა #35 სამარშრუტო ტაქსის. გაჰყოლოდა მას ელბაქიძის აღმართამდე და უნივერსიტეტამდე ფეხით გაეგრძელებინა გზა. ამ რთული დავალების შესასრულებლად ენერგიასა და შთაგონებას თავად ვახტანგ იმნაიშვილი მაძლევდა. ის ყოველთვის თხუთმეტი წუთით ადრე მოდიოდა VI კორპუსთან და ლექციის დაწყებამდე ეზოში სეირნობდა. “როგორ ბრძანდებით, ბატონო ვახტანგ” – ვკითხავდი ჯერ კიდევ ნამძინარევი და უსიცოცხლო ხმით 70 წლის პროფესორს. ის კი ენერგიულად და სხარტად მპასუხობდა: “ყველაზე კარგად”. არც ტყუოდა.

ცხადია, ისეთი ადამიანის ლექციები, როგორიც ვახტან იმნაიშვილია, სტანდარტული ვერ იქნებოდა. ის გვერდს უვლიდა სწავლების რუტინულ და მოსაბეზრებელ მეთოდს – წესების დაზუთხვას და დაუჯერებელია, მაგრამ გვასწავლიდა ისეთი მეთოდით, რომ 06:30-ზე აწკრიალებული მაღვიძარას ხმა თავზარს კი არ გცემდა, სასიამოვნოდ ჩაგესმოდა ყურში. იმნაიშვილის მიერ შექმნილი ტესტები დანაღმულ ველს ჰგავდა, რომელიც ფრთხილად უნდა გაგევლო, ნაღმები აღმოგეჩინა, ანუ შეცდომები გეპოვა, გაგენეიტრალებინა, ანუ შეგესწორებინა და გზა გაგეგრძელებინა. პირადად მე, თითო ტესტში, ასე, ხუთჯერ-ექვსჯერ მაინც ვფეთქდებოდი ხოლმე. სულ რამდენჯერმე გამიღწევია ჯანმრთელს სამშვიდობომდე.

დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ვხედავ: ვახტანგ იმნაიშვილმა უსისხლო, უმტკივნეულო ოპერაცია ჩამიტარა, რომელიც ორი აკადემიური სემესტრის განმავლობაში გრძელდებოდა. ისევე როგორც ალკოჰოლიკებს უდგამენ ხოლმე კუნთში კაფსულებს, მან ჩამიმონტაჟა მოწყობილობა, რომელიც ჩემს გონებას მუდმივად აიძულებს იმუშაოს ქართულ ენაზე; შეეცადოს სწორად დაალაგოს წინადადებები; აღმოაჩინოს შეცდომები და გაასწოროს ისინი.

იმნაიშვილის კოლოკვიუმები და გამოცდები სხვათა გამოცდებს არ ჰგავდა. აქ ინტელექტუალურ ქურდობას, ანუ სხვისი ნაწერიდან გადაწერის მეთოდს, არ მივდევდით. განა იმიტომ, რომ ჩვენი ჭინკებით სავსე ტვინები რაიმე მანქანას ვერ მოიფიქრებდნენ. უბრალოდ იმიტომ, რომ გადაწერის გვერიდებოდა. ვიცოდით, რომ ამით მასთან ურთიერთობას გავაფერმკრთალებდით, ურთიერთობას, რომელიც ჩემთვის დღემდე ძალიან ძვირფასია.

ქართული ენის კურსის მიწურულს ვახტანგ იმნაიშვილმა საკუთარი წიგნი მაჩუქა იმის ნიშნად, რომ ჩვენი ურთიერთობა არც მისთვის იყო უმნიშვნელო. წიგნში წერილი დამხვდა, რომელიც ამ სიტყვებით მთავრდებოდა: “მიხარია, რომ მშობლიური ენის მასწავლებლად მაინცდამაინც მე ამირჩიე, და, რაც უფრო მნიშვნელოვანია – თუკი შენი მოლოდინი გავამართლე”.

რამდენიმე თვის წინ ვახტანგ იმნაიშვილი ერთერთ (სწორედ მისი კურსის შემდეგ ვწერ ამ სიტყვას ერთად და არა დეფისით) სატელევიზიო გადაცემაში ვნახე, სადაც საკუთარი სიყვარულის ისტორიაზე ლაპარაკობდა. ეს თემა ირიბად, მაგრამ ყოველთვის თან სდევდა იმნაიშვილის ლექციებს. ერთხელ მელიქიშვილზე შემხვდა. გაიცანი, ეს ჩემი შვილიაო – მითხრა. მეორე დღეს, ლექციის წინ მკითხა:

–         დათო, გახსოვს გუშინ ჩემი შვილი რომ გაგაცანი?

–         რა თქმა უნდა.

–         ის სინამდვილეში ჩემი ცოლია – თქვა და გულიანად გაიცინა. ამ ამბავს ხშირად მახსენებს, როდესაც ტელეფონით ვსაუბრობთ.

ასე გავიცანი ქალბატონი ქეთინო, რომელიც, მართალია, ქმრის ლექციებს არ ესწრებოდა, მაგრამ ყოველთვის ვხედავდით მას, როცა კი იმნაიშვილს სიყვარულზე დასცდებოდა რამე.

ჩემი და იმნაიშვილის ურთიერთობა დღემდე გულწრფელი და სიყალბისგან დაცლილია. ხანდახან ის მირეკავს და მთხოვს, რომ Facebook-ზე ბილწსიტყვაობის გარეშე გამოვთქვა ჩემი აზრი. მე მას ყოველ ჯერზე ვაძლევ პირობას, მაგრამ ხანდახან მაინც მომდის გადაცდომები, რის გამოც ბოდიშს ვუხდი ხოლმე.

… და მაინც, ბატონო ვახტანგ, ნეტავ რამდენჯერ ავფეთქდი ამ წერილის წერისას?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი