პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ შეიძლება აღმოიფხვრას ჰაგიოგრაფიის სწავლებისას რეპეტიტორის   საჭიროება

 

რეპეტიტორობის თემაზე ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე არაერთხელ დაწერილა. კერძოდ მომზადება, ერთი მხრივ, მეტ-ნაკლებად ასწორებს იმ ხარვეზებს, რომელსაც ქართული სკოლა ვერაფერს შველის, მეორე მხრივ, წარმოშობს სოციალურ უთანასწორობას. განათლებას ის ღებულობს, უმაღლესი სასწავლებლისთვის სახელმწიფო გრანტს ის იგებს (უმეტეს შემთხვევაში), ვის მშობელსაც მეტი ფული აქვს. ეს კი ერთგვარ ჩაკეტილ წრეს ქმნის.

ამ წერილის დაწერისკენ ჩემივე კოლეგის, ნინო ლომიძის სტატიის „განათლება თუ მარათონის“  ბოლოში დასმულმა შეკითხვამ მიბიძგა. „სად არის გამოსავალი“ – კითხულობს ავტორი და გამოსავალი იმდენად შორი და ბუნდოვანია, რომ ფიქრისაც გეშინია.

მიუხედავად შიშისა და უიმედობისა, რომ ქართული განათლების სისტემაში როდესმე ისეთი ძირეული ძვრები დაიწყება, რომელიც შეძლებს ამ საყოველთაოდ გავრცელებული, უკვე ნორმად ქცეული წარმონაქმნის დარღვევას, ფიქრი და გზების დასახვა ყველას გვევალება, იმ დონესა და სიბრტყეში მაინც, სადაც რამე ვიცით, სადაც სწავლების გამოცდილება გვაქვს. იქნებ პატარ-პატარა სტრატეგიები, ლოკალური გზები ერთი კონკრეტული ხარვეზის აღმოსაფხვრელად ბოლოს ერთიან მოზაიკად აეწყოს და უკეთ გამოჩნდეს ერთიანი რეფორმის სახე, რომელიც პასუხს გვაპოვნინებს ძალიან მწარე კითხვაზე, როგორ შეძლებს ქართველი მოსწავლე რეპეტიტორის გარეშე მიიღოს სასურველი განათლება?!

ამ წერილში ქართულის სწავლების ერთ-ერთ საკითხს მინდა შევეხო – ჰაგიოგრაფიის სწავლებას. კერძოდ, შევეცდები წარმოგიდგინოთ  ხედვა, როგორი იქნებოდა სასულიერო მწერლობის ჩემთვის იდეალური მოდელი, რომლითაც კერძო მასწავლებლის საჭიროება აღმოიფხვრებოდა.

წლებია გვესმის, უამრავი სპეციალისტი წერს და ლაპარაკობს, მაგრამ მაინც არ იცვლება სასულიერო მწერლობის სწავლების დრო. ქართულის პროგრამა რატომღაც ისევ ქრონოლოგიას მიჰყვება და ირღვევა ელემენტარული პედაგოგიკური პრინციპი – მარტივიდან რთულისკენ. მეცხრე კლასში სრულიად წარმოუდგენელია ამ ტექსტების ისე შესწავლა და გააზრება, რომ მეთორმეტე კლასში რეპეტიტორთან ნამეცადინებ თანატოლს კონკურენცია გაუწიო. შეიძლება პედაგოგი და სწავლების ხარისხი იგივეც იყოს, მაგრამ დასწავლის დონე მაინც უფრო მაღალი იქნება.

ჰაგიოგრაფიის სწავლებისას ძალიან ხშირად მიტივტივდება გონებაში დავით გურამიშვილის შედარება: „ვით უსაჭურვლოდ მამაცი…“ ქრისტიანობის ცოდნის გარეშე ამ ტექსტების შესწავლა ძალიან ჰგავს უსაჭურვლო მეომრის ბრძოლას. ნებისმიერ სახელმძღვანელოში, რომლითაც ჩვენი მოსწავლეები სასულიერო მწერლობას გადიან, ქრისტიანობაზე, მის არსზე, მის მნიშვნელობაზე ჩვენი, და საერთოდ ევროპული კულტურის განვითარებაში, ძალიან ცოტა წერია. ახსნილია ცალკეული იგავების შინაარსი, მაგრამ ეს საერთოდ არ იძლევა საშუალებას, მოსწავლემ აღიქვას ნაწარმოები, იკვლიოს და თავად დაინახოს რელიგია, როგორც მთავარი წყარო, გამიჯნოს მხატვრული გამონაგონი რელიგიური დოგმისგან, ან პირიქით, იპოვოს სახარებისეული სახეები ქართველი ჰაგიოგრაფის ნააზრევში. მოსწავლეს არა აქვს მთავარი ცოდნა, არ წაუკითხავს სახარება, არ უფიქრია იმ რელიგიის არსზე, რომლის კულტურულ სივრცეშიც ცხოვრობს და, შესაბამისად, ვერ უყალიბდება სასულიერო მწერლობის გაგება-გააზრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.

დაისმის კითხვა, როგორ ახერხებს ამას რეპეტიტორი? ერთი პასუხი უკვე გავეცი, მისი მოსწავლე მეთორმეტეკლასელია და არა – მეცხრე. თანაც კერძო მასწავლებელს მეტი აქვს დრო და საშუალება ქრისტიანობაზე სასაუბროდ; მისი გაკვეთილის ბოლოს ზარი არ ირეკება; თუ კეთილსინდისიერია და კომპეტენციაც ჰყოფნის, აუცილებლად შეეცდება აბიტურიენტს წინასწარ მისცეს ყველა ის  სააზროვნო იარაღი, რომელიც სასულიერო მწერლობის გაგებისათვის დასჭირდება (აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სკოლა მოსწავლეს საბაზისო ცოდნას მაინც აძლევს და  ეხმარება რეპეტიტორს, აბიტურიენტს ზღვა მასალა ერთ წელიწადში დააძლევინოს).  თუმცა სახარების შესწავლის გარეშე, ქრისტიანული ლიტერატურის სწავლა მაინც ეფემერულია.

ჩემი აზრით, ჰაგიოგრაფიის შესწავლამდე ქართულ სკოლებში ჯერ სახარება უნდა ისწავლებოდეს. ერთი მაინც, ალბათ მათეს სახარება. ეს პროცესი კატეგორიულად უნდა იყოს გამიჯნული ქადაგებისგან. პედაგოგს, მიუხედავად მისი მრწამსისა, უნდა შეეძლოს, ერთმანეთისგან გამიჯნოს რწმენა და რელიგია, როგორც კულტურის საწყისი და უნდა ჰქონდეს უნარი, მისცეს მოსწავლეებს ამ ტექსტში აზროვნების საშუალება. უნდა შეეძლოს, ისე წარმართოს საგაკვეთილო პროცესი, დისკრიმინაციული არ იყოს სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის, კარგად ახსნას სწავლების მიზანი, ინტერესების სფერო.

ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი დღეს საკმაოდ უტოპიად ჩანს. მიუხედავად დიდი ისტორიისა, დღეს, სამწუხაროდ, გაწყვეტილია ქრისტიანული კულტურის ჯაჭვი. რელიგიისადმიც ისეთივე ნეკროფილური დამოკიდებულება გვაქვს, როგორც, ვთქვათ, ენისადმი. ვუდგამთ ძეგლებს და ვკრძალავთ აზროვნებას. გვეშინია ყველა კითხვის, რადგან არ გვაქვს პასუხები, ხოლო დაბალი თვითშეფასება არ იძლევა იმის საშუალებას, ხანდახან მაინც ვაღიაროთ, რომ ეს პასუხები მოსწავლეებთან ერთად გვაქვს მოსაძებნი.

დღევანდელ სკოლაში, სადაც ხშირად გაკვეთილები ლოცვით იწყება და მთავრდება, ძნელი წარმოსადგენია, რა შეიძლება მოჰყვეს სახარების შეტანას, მაგრამ მის გარეშეც ქართული მწერლობის ერთი დიდი და საინტერესო ნაწილის სწავლება სანახევროდ თავის მოტყუება გამოდის (და არა მხოლოდ მისი). ამიტომ, მნიშვნელოვანია, იმ მიზეზებთან ბრძოლაც, რომლებიც ამ საფრთხეებს ქმნიან. მასწავლებელიც საზოგადოების ნაწილია და განათლების სისტემა მიმართული უნდა იყოს მთლიანად საზოგადოებრივი შიშების, აკრძალვების, დოგმების, დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

გარდა რელიგიური დოგმებისა და შიშებისა, სახარების სწავლების შემთხვევაში თავად  ტექსტის ცოდნა-არცოდნის საკითხი მასწავლებლებში პრობლემას შექმნის. 90-იან წლებში, როდესაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი, სახარებას, როგორც ტექსტს, მხოლოდ ჩემი ჯგუფი სწავლობდა, ანუ ეს იყო კონკრეტული ლექტორის ინიციატივა. თუმცა ჩვენც ფაქტების დონეზე ცოდნა გვევალებოდა. არავის უთქვამს, აზროვნება გაბედეთო. არადა, ნათქვამი სიტყვა, უპირველეს ყოვლისა, ახსნის ინტერპრეტაციას გულისხმობს.

სახარებასთან, როგორც ტექსტთან, ურთიერთობის,  კვლევის  გამოცდილებას მასწავლებელი, რაღა თქმა უნდა, უნივერსიტეტში უნდა ღებულობდეს. რა ქნან იმ პედაგოგებმა, რომელთაც ეს გამოცდილება არ აქვთ? (უმრავლესობა ასეთი იქნება). თუმცა მონდომების შემთხვევაში, ყველა პრობლემა შეიძლება დაიძლიოს, შეიძლება შეიქმნას სპეციალური კურსები, სადაც ისწავლიან, მიიღებენ შესაბამის ცოდნასა და უნარებს, თუმცა ეს სახელმწიფოსგან კონკრეტულ ძალისხმევასა და ფინანსებს მოითხოვს.

როდესაც სახარების სწავლაზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს ძველი თარგმანები. პედაგოგებმა კარგად იციან, რომ ჰაგიოგრაფიის სწავლებისას ყველაზე რთული „შუშანიკის წამებაა“, რადგან ის პირველი ტექსტია და ძველ ქართულ ენასთან მოსწავლეებს პირველად უწევთ შეხება. თუკი ენას სახარებისეული ძველი თარგმანით გამართავენ, კიდევ უფრო მომზადებული მივლენ თავად ქართული ლიტერატურის შესწავლამდე.

შევეცდები მოვიტანო მაგალითი:

ვთქვათ, მოსწავლეებს გავლილი აქვთ მათეს სახარება. ტექსტი დამუშავებულია შესაბამისი განმარტებებითა და სააზროვნო კითხვებით ყოველი თავის შემდეგ. მათ ნაფიქრი აქვთ ჯვარცმული ქრისტეს სიტყვებზე: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისთვის დამიტევებ მე?“ (მათე 27. 46 ). პირველივე ტექსტში, „შუშანიკის წამებაში“ ხვდებათ პასაჟი, სადაც შუშანიკი, უკვე სულიწმიდას ზიარებული („უშვილოთა – შვილი, სნეულთა – კურნებაი…“), მაინც წუწუნებს თავისი დაკარგული დიდებისა და ხორციელი მშვენიერების გამო. დედოფალი, რომელსაც სასწაულებრივი ძალა აქვს მინიჭებული, მოულოდნელად ისევ სუსტია, ისევ ხორციელ, წარმავალ ამბებზე ტირის.

როგორც წესი, ჩნდება კითხვა, რატომ?

ტყუის იაკობ ხუცესი, როდესაც მას, ჯერ კიდევ ცოცხალს, წმინდანის თვისებებს მიაწერს? არის ქრისტიანობასთან წინააღმდეგობაში ღმერთადქცეული ადამიანის სისუსტე, ზედმეტად თამამი და ჩარჩოებიდან გასულია ქართველი ჰაგიოგრაფი, თუ მას ამის საშუალებას თავად წმინდა წერილი აძლევს?

ამ და მსგავს კითხვებზე პასუხი დღეს მხოლოდ მასწავლებელს აქვს.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ქართული ლიტერატურისა და ენის სწავლებისას სკოლას ევალება, მოზარდს “ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარი“.

ამ უნარებით აღჭურვილი აბიტურიენტი თავადაც შეძლებს მისაღები გამოცდისთვის მომზადებას, მაგრამ როგორ განუვითარდება მას ეს უნარი, თუკი კითხვათა, პრობლემათა დიდ ნაწილზე მხოლოდ პედაგოგს შეიძლება ჰქონდეს პასუხი. მით უფრო, რომ არცერთი სახელმძღვანელო არ არის თვითკმარი რესურსი, თუკი  ეროვნულ სასწავლო გეგმაში დასახულ უმაღლეს ამოცანებს მივუსადაგებთ.

ამრიგად, ქართული სასულიერო მწერლობის სწავლებისას ნათლად იკვეთება რეპეტიტორის აუცილებლობა.

გადაჭრის გზებია: სახარების, როგორც მსოფლმხედველობითი საფუძვლის სწავლება, პედაგოგების აღჭურვა შესაბამისი ცოდნითა და უნარებით, ჰაგიოგრაფიული ტექსტების უფრო მაღალ კლასებში გადატანა.

ამრიგად, ასე მგონია, გამოსავალი მოიძებნება, თუკი პრაქტიკოსი მასწავლებლები, მეცნიერები, განათლების სფეროს მუშაკები ერთად დასხდებიან და დასახავენ გზებს, როგორ დააწიონ ეროვნულ სასწავლო გეგმებსა და სტანდარტებს სახელმძღვანელოების დონე, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, საათობრივი ბადე თუ სხვა ამგვარი საკითხი, რომლებიც რეპეტიტორთა აუცილებლობას ქმნის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი