მე და ჩემი ტრენინგომანია

მსოფლიოში ბევრი მანია არსებობდა და არსებობს. ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული მახსოვს მამაჩემის სამეგობროს ბიტლომანია, ფეხბურთომანია, მონეტომანია და სხვა მრავალი. მანია ვიღაცისთვის შეიძლება იყოს კარგი, საშიში ან კიდევ მომაკვდინებელი. ადამიანს  მრავალი რამ გაუკელთილშობილებია კაცობრიობის არსებობის მანძილზე და არც მანია გახლავთ გამონაკლისი. ასე რომ, მანია მთელი თავისი პოზიტივით თუ ნეგატივით ახლავს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. მაგალითად სერიალომანია, ყავამანია, ფეისბუქომანია, მესიჯომანია და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი. მაგრამ მოცემულ სტატიაში მინდა პროფესიულ მანიას შევეხო. ტრენინგომანიას, რომელიც ყველა სფეროში იმკვიდრებს თავს. გავარკვიოთ, ტრენინგი მითია თუ რეალობა ჩვენს ყოფით ცხოვრებაში. გავარღვიოთ დამკვიდრებული სტერეოტიპი და ვისაუბროთ ტრენინგომანიის პოზიტივზე, განსაკუთრებით კი პედაგოგთა კვალიფიკაციისა და პროფესიული ზრდის სემინარებს გავუსვათ ხაზი, ვინაიდან ჩვენს შემთხვევაში სწორედ ის წარმოდგენს ინტერესის სფეროს.

ჩემი პირველი ტრენინგომანია 2003 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც კოლეგის რეკომენდაციით აღმოვჩნდი ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე ცემში. მას შემდეგ ხელიდან არ გამიშვია არცერთი შესაძლო ვარიანტი, რაზეც კი ხელი მიმიწვდებოდა.

ხშირად მესმის კითხვები – რაღად გინდა ამდენი ტრენინგი, ვინ რაღა უნდა გვასწავლოს, ახალს რას ამბობენ ისეთს, ჩვენ რომ არ ვიცით. სავსებით მესმის და ვუგებ ჩვენს გამოცდილ, ინტელექტით სავსე პედაგოგებს. პედაგოგებს, რომლებიც საზოგადოებას მომავალ თაობას უზრდიან, რომლებიც მომავალ ისტორიას ძერწავენ. ხშირად გვისაუბრია ამ ინდიფერენტულ დამოკიდებულებაზე ჩემს ენთუზიასტ კოლეგებთან. მახსოვს, ერთხელ ჩემი ტრენერი და ამავდროულად კოლეგა ნინო დონდოლაძე გვიტარებდა ვორქშოფს, ჯგუფურ მუშაობაზე გვქონდა აქცენტი და საინტერესო რამ მოგვიყვა თავისი გამოცდილებიდან. გაიხსენა გურიაში ჩატარებული ტრენინგი ჯგუფურ მუშაობასთან დაკავშირებით ასაკით უფროს პედაგოგს უთქვამს: ,,მაი, ნენა, ჩვენთვის ახალი არაა, მაგას ჩვენ დროს ,,დასწავლა კოლექტიური წესით“ ერქვაო. ვეთანხმები ქალბატონს, საბჭოთა საქართველოში, სადაც ვიგოტსკის იცნობდნენ, ჯგუფური მუშაობა უცხო არ უნდა ყოფილიყო ჩვენთვის.

ჰოდა, აქედან გამომდინარე მეც ხშირად დავფიქრებულვარ, მართლა რატომ დავდივარ ამ ტრენინგებზე, ენთუზიაზმია მარტო მამოძრავებელი ძალა? მოტივაცია მართლა ხელფასია, როგორც ეს მავანთ და მავანთ მიაჩნია? რა თქმა უნდა, არა. მასწავლებლებს კუპონებზეც და უხელფასოდაც უმსახურიათ სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის.

აბა რა მხიბლავს ყველაზე მეტად, როცა ტრენინგებს  და სემინარებს ვესწრები?! რა მხიბლავს და ჩემი კოლეგების საინტერესო აზრები და პასუხები შეკითხვებზე, რომლებზეც ბევრი მიფიქრია, ვერ გადამიჭრია და თურმე ჩემს კოლეგებს რა მარტივი გზები უპოვიათ მათ გადასაწყვეტად. ტრენინგი ის ადგილია, სადაც ყველა შენს აზრს მეგობრულად ეცნობა, პასუხობს და აკრიტიკებს. შენ იძენ კრიტიკულ მეგობარს, რომელიც გაძლევს კონსტრუქციულ უკუკავშირს და არა ისეთს, როგორსაც წლებია მიჩვეულები ვართ: ,,უი, რა კარგი და რა მაგარი იყო“ – და მერე ზურგს უკან, სამასწავლებლოებსა და ოთახებში კულუარულად გარჩეული გაკვეთილები. ტრენინგებზე ღირებულია თითოეული გამოცდილი პრაქტიკოსი პედაგოგის რჩევა, გამოსავლის ერთად პოვნა და პროფესიული ზრდა.

დიახაც, ტრენინგომანიამ შეცვალა ჩვენი დამოკიდებულება, ღირებულებები და თანამშრომლობითი კულტურა, რაც პრაქტიკულად არ გაგვაჩნდა სკოლებში, რომელიც ჯერ კიდევ დანერგვის პროცესშია და არ გადასულა აქტიურ ფაზაში. ან კიდევ რამდენი ძლიერი, გამოცდილი პედაგოგი ამშვენებს სკოლას, მაგრამ ამაოდ. „ავმა ძაღლმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამაო“ – გვაქვს ქართველებს ერთი ასეთი შესანიშნავი ანდაზა. გამოცდილების გაზიარების სურვილი რამდენს არ უჩნდება კოლეგისთვის. ტრენინგი ის ადგილია, სადაც ყველამ ისწავლა აზრის გაზიარება, უფრო მეტიც, კონკრეტული აქტივობის ადაპტაციაზე პედაგოგთა ჯგუფი მუშაობს და ამრავლებს პრაქტიკას, ცოდნას, უნარს, მეთოდებს… ყველა ტრენინგიდან მიგვაქვს აქტივობა, რომელსაც ორშაბათის გაკვეთილზე შევიტანთ, გავახალისებთ და გავამრავალფეროვნებთ საგაკვეთილო პროცესს. მოსწავლის გახარებული სახით ხვდები, რომ რაღაცა ასიამოვნე, დღეს რაღაცა გამოგივიდა, რაღაცა ახალი იყო. და ყველაზე დიდი ის არის, რომ მადლობას უხდი შენს ტრენერსა თუ კოლეგას გაღებული ქონებისათვის, ქონება, რომელიც პედაგოგს გრჩება და გრჩება.

იყო წლები, როცა საქართველოს საერთოდ არ ჰქონდა ამ ფუფუნების საშუალება. ამ მხრივ ინგლისური ენის პედაგოგებს ამერიკისა და ბრიტანეთის საელჩოები გვანებრივნებდნენ. ჩვენთვის ახალი მიდგომები ადვილად მისაღები აღმოჩნდა და გაცილებით უფრო ადვილად ჩავებით სარეფორმო სისტემაში, ვიდრე სხვა საგნის მასწავლებლები. ამ მხრივ ფასდაუდებელია ETAG-ის საქმიანობა. ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციამ უამრავი ტრენინგი, სემინარი თუ ვორქშოფი შემოგვთავაზა და დაგვატრენინგა.

ყოველ ახალ ტრენინგზე ღებულობ ინფორმაციას, ერთვები აქტიურ ცხოვრებაში და არ აძლევ საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას. არსებობს უამრავი პროექტი, გაცვლითი პროგრამა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობები. სწორედ ტრენინგებია ის ადგილები, სადაც კოლეგებისაგან ფასდაუდებელ ინფორმაციებს ღებულობ. E

ETAG-ი საქართველოს ყველა რეგიონში ზრდის და ავითარებს ინგლისური ენის პედაგოგებს. ჩემს განვითარებაშიც მეტი წვლილი ETAG-ს ეკუთვნის. მინდა აქვე ვახსენო ნელი კუხალეიშვილი, იტაგის ბათუმის ჰედი, რომელიც დაუღალავად ატარებდა და ატარებს უწყვეტ ტრენინგებსა და ვორქშოფებს, რომელიც ახერხებს და არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. იგი ჩვენს ქალაქში ტრენინგომანიის დანერგვის ერთ–ერთი ინიციატორი და ინოვატორია.

ამ უწყვეტი ტრენინგების დამსახურებაა ისიც, რომ დღეს მდიდარი ვარ კოლეგა–მეგობრებით. ჩემს ფეისბუქის მეგობრებში უამრავი მასწავლებელია. მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, უნიჭიერესი, უმაგრესი ადამიანები. ერთმანეთს ერთი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ვაწვდით მასალებს, იდეებს და მხარდაჭერას სხვადასხვა საკითხებში.

ტრენინგომანიითა და ენთუზიაზმით შეპყრობილმა ამოვყავი თავი ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ხანგრძლივ ტრენინგზე. პროექტმა ,,ჰარმონიამ“ მოგვცა მოტივირებულ მასწავლებლებს რეალიზაციის საშუალება ზაფხულის ბანაკის, კონფერენციის და გაცვლითი პროგრამის ორგანიზების საშუალებით. 30 შერჩეულ მასწავლებელს გვაჩუქა დაუვიწყარი დღეები შტატებში. ტრენინგები და კულტურულ–შემეცნებითი აქტივობები ფასდაუდებელი აღმოჩნდა ჩვენთვის. ტრენინგები გვხვეწს და გვასწავლის აუდიტორიასთან მუშაობას. სწორედ ტრენინგომანიის დამსახურება იყო ისიც, რომ მე და ჩემმა ორმა კოლეგამ მონაწილეობა მივიღეთ მასწავლებელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელსაც ინგლისურის, როგორც უცხოური ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია ყოველწლიურად, გაზაფხულზე მართავს დიდ ბრიტანეთში. 2015 წელს 10–15 აპრილს რიგით 49–ე ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა ქალაქ მანჩესტერში. ეს ინგლისური ენის სწავლებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. კონფერენცია 5 დღეს გრძელდება და მას 2500-ზე მეტი პროფესიონალი ესწრება 100-ზე მეტი ქვეყნიდან. სიამოვნებით დავარქმევდი ამ ადგილს პედაგოგთა სამოთხეს. ამდენი პროფესიონალი მასწავლებელი ერთად თავმოყრილი ნამდვილი საოცრებაა. წარვადგინეთ თემა შემდეგი სათაურით: „საუბრის უნარის განვითარება ვიდეოს გამოყენებით“. გამოგვეყო 45 წუთი ვორქშოფის წარსადგენად. აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ საქართველომ 2015 წლის 12 აპრილს პირველად წარადგინა მოხსენება საერთაშორისო კონფერენციაზე. პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა. თავდაჯერებული გამოსვლა ამდენ კორიფეს შორის და ჩვენი ეს წარმატება სწორედ მრავალი წლის ტრენინგომანიის დამსახურება იყო. მართალია, დღეს ჰორიზონტი გაფართოვდა და დატრენინგება სახლის პირობებშიც შეგვიძლია, ოთახიდან გაუსვლელად. უამრავ ონლაინტრენინგს გვთავაზობენ საელჩოები. ამ ზაფხულში გავიარე ბრიტანეთის საკონსულოს მიერ შემოთავაზებული ონლაინტრენინგი, მაგრამ ტრენერთან და კოლეგებთან ერთად ჩატარებულ ტრენინგს, მერწმუნეთ, მაინც არაფერი არ სჯობს. ყველაზე დიდი მაინც ადამიანური რესურსია. ყოველი დანახული მიმიკა და ფიზიკურად განხორციელებული აქტივობა ფასდაუდებელია. ერთი გუნდის შეგრძნების პრინციპი და ერთად განხორციელებული შრომა ენთუზიაზმს და საკუთარი თავის რწმენას გმატებს.

ვიცი და დარწმუნებულიც ვარ, ჩემს ამ ტრენინგომანიისადმი დადებით დამოკიდებულებას კონტრარგუმენტებიც მოეძებნება, მაგრამ მაინც, კარგია თუ არა ტრენინგომანია? ამ შეკითხვას შეიძლება მარტივად ვუპასუხოთ. ჩვენი პროფესია ჩვენი ნაწილია. ასე რომ, შევცვალოთ ჩვენი პროფესიის კლიმატი. ტრენინგები კი ამისათვის საუკეთესო ხერხია. ტრენინგომანია იმედია უკეთესი საგაკვეთილო პროცესის წარმართვისათვის. ტრენინგები ზოგადად ის სივრცეა, სადაც მისაღებია ყველა ინდივიდის ნააზრევი და მოსალოდნელი კრიტიკა არ იწვევს შიშს. ტრენინგები ჩვენი ჰორიზონტის გაფართოებისა და გამდიდრების საშუალებაა.

Top of Form

კომენტარები

comments