კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

      რამდენიმე რჩევა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მასწავლებელს

შენ მასწავლებელი ხარ და იგებ, რომ შენს კლასში ახალი მოსწავლე გადმოდის, მას, პირობითად, თომა ჰქვია, აუტისტური სპექტრის აშლილობა და ძალიან ჭკვიანი თვალები აქვს. პირველი რეაქცია შიშია, პრობლემის არცოდნით თუ პრაქტიკის არქონით გამოწვეული შიში. სხვადასხვა ტრენინგსა თუ სემინარზე ინკლუზიური განათლების შესახებ ბევრი გსმენია და წაგიკითხავს, მაგრამ ათასგვარი თეორია სხვაა და მისი პრაქტიკული განხორციელება – სხვა. მესმის, ოდნავ დაბნეული და შეშინებული ხარ, გინდა არაფერი გააფუჭო, არც ბავშვს და არც სასწავლო პროცესს არაფერი დაუშავო.

            პირველი, რითაც უნდა დაიწყო, სწორედ ამ შიშისგან გათავისუფლებაა. პასუხისმგებლობის გრძნობით გამოწვეული შეცბუნება თავისთავად ცუდი არ არის, ოღონდ მაინც საჭიროა მისი მოშორება. იცოდე, შენ გაქვს იარაღი, რომელიც სხვადასხვა მიდგომასა და  აქტივობასთან ერთად, შესანიშნავ შედეგს მოგიტანს. ეს იარაღი – სიყვარულია.

მეკი, ჩემი მხრიდან, შემიძლია, რამდენიმე რჩევა გაგიზიარო, როგორც დედამ და როგორც მასწავლებელმა.

  1. ნუ ეცდები, ყველაფერი ერთ დღეში მოგვარდეს. ერთ დღეში შემოგხედოს თვალებში, თქვას შენი სახელი, შეასრულოს შენი მითითებები. იცოდე, რომ ყველა ბავშვს და განსაკუთრებით თომას უჭირს უცხო გარემოში, უცხო ადამიანებთან ადაპტირება. ამიტომ მიეცი უფლება, ცოტა ხანს თავისთვის იყოს, მერხის ქვეშ დაიმალოს ან სულაც, ფანჯრის რაფასთან მიიტანოს სახატავი ფურცელი და იქ დაიწყოს ხატვა. აცალე და დაელოდე!
  2. გაკვეთილის ახსნისას მაქსიმალურად გამოიყენე ვიზუალური მასალა. სასურველია, მასალა გულდასმით შეარჩიო. მარტივი სურათები და გამოსახულებები ძალიან დაეხმარება, გაიგოს ის, რის ახსნასაც ცდილობ;
  3. ნუ გამოიყენებ იდიომებს, გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამ სიტყვებს, მეტაფორებს – თომას ამ ყველაფრის გაგება გაუჭირდება;
  4. დავალების ინსტრუქცია დაყავი რამდენიმე მარტივ მითითებად და ისე მიეცი, აკონტროლე მითითებათა მიმდევრობა, რადგან რომელიმეს ამოვარდნისას მოსწავლე შეიძლება დაიბნეს;
  5. ილაპარაკე რაც შეიძლება გასაგები წინადადებებით;
  6. არ დაარღვიო გაკვეთილის სტრუქტურა, თომას სისტემა და რუტინა უყვარს. უხარია, როცა იცის, რას უნდა ელოდეს შენი გაკვეთილისგან;
  7. არ გამოიყენო სარკაზმი, ხუმრობითაც კი. მაგალითად, თუ ცუდად შესრულებული დავალებისთვის ეტყვი – ყოჩაღ, როგორ მოახერხე? ის ამას პირდაპირ გაიგებს და გაუკვირდება, რატომ აქებ, თუ მისი დავალება ცუდია;
  8. თუ შეამჩნიე, რომ სკამზე ვეღარ ზის, ცქმუტავს, მოძრაობს, დაასაქმე – დაფის გაწმენდა, რვეულების აკრეფა ან რამე ასეთი, მარტივი საქმე დაავალე;
  9. ჩართე ტექნოლოგიები – თომას ძალიან უყვარს ახალი ტექნოლოგიები, გამოიყენე სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამა თუ თამაში წერა-კითხვის ან მათემატიკის სწავლებისას;
  10. ეცადე, საკლასო ოთახის კედლები არ გადატვირთო ფერად-ფერადი ფოტოებითა და აპლიკაციებით. მესმის, რომ მოსწავლეების შემოქმედება ყველას გინდა ანახო, მაგრამ მგონია, რომ ყურადღება მხოლოდ თომას არ გაეფანტება;
  11. დაიხმარე კლასი, მაგალითად, როდესაც რაიმე საკითხს ხსნი და ხვდები, რომ თომამ ვერ გაიგო, იმავეს ახსნა შენს რომელიმე მოსწავლეს სთხოვე და ასე იქამდე, სანამ მარტივად გასაგებ დეფინიციას არ მიიღებ;
  12. გამეორება და კიდევ ერთხელ, გამეორება – არ დაიზარო, გაიმეორო ახალი თემა თუ ძველი საკითხები;
  13. თუ თომას რაღაც ჰკითხე და მან ყურადღება არ მოგაქცია, ფრთხილად შეეხე მხარზე და ისე მოახედე, ოღონდ ფრთხილად და სიყვარულით;
  14. ეცადე ყოველთვის ჩართო ჯგუფურ აქტივობებში, გაუხსენი მას კარი სხვა მოსწავლეების გულებისკენ;
  15. არასდროს აღნიშნო ხმამაღლა, რომ ის სხვანაირია, რამეს ვერ აკეთებს და, მით უმეტეს, არასდროს თქვა, რომ ის „ცოდოა’“;
  16. აუცილებლად დაეკონტაქტე თომას მშობელსა და პირად ფსიქოლოგს. ისინი გასწავლიან, როგორ მართო სიტუაცია კრიზისის დროს, რა ამშვიდებს თომას, როგორ მიაღწიო იმას, რომ მოგისმინოს და დაგიჯეროს. თუ თქვენს სკოლაში არის ფსიქოლოგი, მისი რჩევაც წაგადგებოდათ.;
  17. შეძლებისდაგვარად სხვადასხვაგვარი, მრავალფეროვანი რესურსები გამოიყენე.
  18. ყველაზე მთავარი – დამშვიდდი, იყავი ბუნებრივი და შეიყვარე! შედეგით აუცილებლად იამაყებ.

ძალიან ბევრი ბავშვი ვიცი ამ თუ სხვა დიაგნოზით, რომლებიც ახლა წარმატებული, რეალიზებული ადამიანები არიან. ეს კი პირველ რიგში, იმის დამსახურებაა, რომ დაწყებით კლასებში მათ შენნაირი მასწავლებლები შეხვდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი