პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მოლოი  მასწავლებელი

მე ზუსტად ისევე ვზივარ გამოკეტილი რაღაც ოთახში, როგორც ის. მეცნობა ნივთებიც, საგნებიც, ჩრდილები და ხმები, მაგრამ მაინც უცხოდ და ფრთხილად ვარ. ეს ჩემი სახლია, სადაც სამი წელი არ ვცხოვრობდი. თუ ზუსტად მახსოვს, მაშინ დავიწყე მასწავლებლად მუშაობა.

დღეს არაფრის გახსენება მინდა არც აწმყოდან, არც მომავლიდან. უბრალოდ ვიფიქრე, რომ მასწავლებლები, ყოველ შემთხვევაში ისინი, ვისაც მე ვიცნობ და ვიცნობდი, ძალიან ვგავართ მოლოის. ჩვენ მივდივართ წრეზე. ბეკეტის ამ წიგნის მკითხველთა განმარტებები მუდამ 2+2=4-ის გამეორებებია, რომ ეს კაცი მარადიულად მიიწევს დედისკენ და ვერ მიდის მასთან. საინტერესოა ის, რომ საერთოდ არსებობს თუ არა ის დედა და უფრო მეტად მოფიქრალები იმასაც ამბობენ, იქნებ დედა საწყისის სიმბოლოა ამ შემთხვევაში და მოლოი საკუთარი თუ საკაცობრიო ათვლის წერტილისკენ მიდისო. მოკლედ, მართალს თხზავენ და ისიც სიმართლე მგონია, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი წრეა, მოჯადოებული, წყეული წრე, რომელზეც მიბობღავს კიდურებდაუძლურებული ჩვენი გმირი. რაღაცით მოლოის ამ ამბავმა შეუძლებელია სიზიფე არ გაგახსენოს.

მოლოის აქვს ველოსიპედი, რომელსაც კარგად იყენებს, რადგან ფეხი აწუხებს. აქვს კენჭები ჯიბეებში, საწუწნად. ჩაიყრის ხოლმე პირში პატარა ქვებს და აგემოვნებს. ეს რაღაც საკუთარი თავის მონელებაა, საკუთარი ნერწყვით დაკმაყოფილება, შიგნით წრე, საკუთარ თავში.

ყველაზე უცნაური ისაა, რომ მოლოი, როგორც მდგომარეობა და რაღაც ათვლის თუ დასასრულის წერტილი წინააღმდეგობაშია ადამიანთა დაჯგუფეფების და რაღაც უმიზნო, გაუაზრებელი ერთობების, საერთო ჯამში კი ზუსტად მათი გამომხატველია. მე ვერაფერი ისეთი დამკვირვებელი ვარ, მაგრამ ძალიან ჰგავს ეს კაცი მასწავლებელს.

ორი ათწლეულია უკვე საქართველოში მასწავლებლის პროფესია ყველაზე ნაკლებად მიმზიდველ და საინტერესო საქმედ ითვლება. ამის მიზეზები სახელმწიფოს ხშირ შემთხვევებში არასწორი, ჩამოუყალიბებელი პოლიტიკა, დაბალი ანაზღაურება და პროფესიის, შეიძლება ასეც ვთქვა, ნაკლებპრესტიჟულობაა.

ჩვენ, ზუსტად ისე, როგორც პრატაგონისტები, დავდივართ სკოლაში წლების მანძილზე, რაღაცას ვაკეთებთ, ვცდილობთ ვაკეთოთ, მაგრამ ვერ ვაღწევთ სადღაცამდე, სადაც მისვლა გვინდა. მე ვიცი ბევრი მასწავლებელი, რომლებიც ენტუზიასტები არიან, აინტერესებთ ეს პროფესია, უყვართ სასკოლო გარემო და მოსწავლეებთან მუშაობა, თუმცა ძალიან უჭირთ საკუთარი პროფესიის ყოველდღიურობა.

აუცილებლად მინდა, დავწერო ორი ბლოგი ბეკეტის წიგნის მიხედვით, ისევე ორნაწილიანი, იმ განსხვავებით, რომ ორივე მთავარი გმირი პროფესიით მასწავლებელი იქნება. ამიტომ გამიზნულად აქ აღარ ვისაუბრებ ჟაკ მორანზე, დეტექტივზე, რომელიც მოლოის საძებნელად მიდის და დავალებას ასრულებს. ესეც თითქოს სხვისი კი არა, საკუთარი თავის ძებნაა და იქნებ ვინმე ჟაკ მორანი მოლოი არის და საკუთარი თავის ძებნაა ყველაფერი. საკუთარი ნაწილების, უფრო სწორი იქნება ასე ვთქვა, იმიტომ, რომ არც ტექსტის გმირები არიან სრული და არც ჩვენ – მასწავლებლები. ჩვენი სისრულე ჩვენი დანაწევრებისა და ფრაგმენტულობის სურათშია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი