ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ერთი კონცეპტის ბიოგრაფია  – ფოლკლორი და ქართულის გაკვეთილები

რამდენიმე კვირის წინ ღია გაკვეთილს დავესწარი, რომელიც ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას ეძღვნებოდა. გაკვეთილზე მასწავლებელმა ძალიან საინტერესოდ ახსნა „კაი ყმის“ ფენომენი. იმავე პერიოდში პროექტით გათვალისწინებულ თემაზე ვმუშაობდი, რომელიც საგმირო ზეპირსიტყვიერ პოეზიას შეეხებოდა. ზღვა მასალის დამუშავებისას უამრავი პარალელი შევნიშნე. ვიფიქრე, ურიგო არ იქნებოდა, თუკი ჩემეულ დაკვირვებებს ინტერნეტგაზეთის საშუალებით ქართულის მასწავლებლებსაც გავუზიარებდი. თანაც, ჩემი აზრით, გაკვეთილზე ფოლკლორული ნიმუშების ადეკვატურად გამოყენება მხოლოდ გაამდიდრებს მოსწავლეთა ლექსიკასაც და მათ სულიერ სამყაროსაც.

       ქართველი მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი „კაი ყმის“ კონცეპტი, რომელიც მხატვრულ ლიტერატურასა და ფოლკლორში ერთი და იმავე ფენომენის აღმნიშვნელია. არავინ იცის, როდიდან მოხდა ამ სახით ამ ორი სიტყვის ერთმანეთთან დაკავშირება, თუმცა ცხადია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე ერთიც და მეორეც სხვადასხვა კონტექსტში აქტიურად იხმარება, ორივე სიტყვა ერთიმეორის ნაწილად იქცა და გარკვეულ კონტექსტში მათი დაშორიშორება წარმოუდგენელიცაა. ამიტომაც, როდესაც ამ წყვილზე ვსაუბრობთ, მართებული იქნება, თუკი სიტყვა „კაი“-ს გაყინულ ეპითეტს ვუწოდებთ. ამგვარი გაყინული ეპითეტები საკმაოდ ხშირია საგმირო პოეზიასა და ეპოსში, ისიც აღსანიშნავია, რომ რომელიმე ეპითეტი „მიეწებება“ ერთ გმირს და ამ გმირის ხსენება სხვაგვარი ფორმით წარმოუდგენელიც კი ხდება. გავიხსენოთ ჰომეროსის ეპოსი. აქილევსი „ილიადა“-ში ძირითადად „ფეხმარდია“, არა აქვს მნიშვნელობა, საჭიროა თუ არა კონკრეტულ სიტუაცაში გმირის ამ ეპითეტით შემკობა, ანუ აქილევსი ომშიც, კრებაზეც, ფხიზელიც და დაძინებულიც, აუღელვებელ და განრისხებულ მდგომარეობაშიც ფეხმარდია. ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით, ამგვარი გაყინული ენობრივი კონსტრუქციები (ჰომეროსის შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ ეპითეტებზე, არამედ მთელ რიგ ფორმულადქცეულ სიტყვათა შეთანხმებებზე) უადვილებდა მთქმელს ლექსის დაზეპირებას. „კაი ყმის“ შემთხვევაში საქმე ცოტა სხვაგვარადაა. კაი ყმა შეიძლება იყოს კონკრეტული სახელისა და გვარის მქონე გმირი, იმავდროულად „კაი ყმა“ შეკუმშულ ცოდნას წარმოადგენს, რომელსაც სხვადასხვა მთქმელი განსხვავებული პერსპექტივიდან ხსნის (თუმცა ისინი დიდად არაა დაშორებული) და ამ პერსპექტივების ცალ-ცალკე შესწავლის შედეგად ერთიანი წარმოდგენა კონკრეტულ ფენომენზე კი არ ზარალდება, არამედ ივსება და მთლიანობაში უკეთესად აღიქმება. საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ „კაი ყმა“ ლაკონიურად ასახავს ერთგვარ ქცევის კოდექსს, რომლის აღწერაც სხვადასხვა მხატვრული საშუალებების გამოყენებითაც შეიძლებოდა, თუმცა ზეპირ პოეზიაში მთქმელის დროში შეზღუდულობის გამო, დროის ეკონომიიდან გამომდინარე, მოხდა ორ სიტყვაში მთელი საგმირო კონცეფციის ჩატევა. მაინც როგორ ხდება ამ კონცეპტის გახსნა, ვინ არის კაი ყმა? „კარგი ყმა მაშინ კარგია,  ხმალნი რო შევლენ ელვასა, მოციქულობდეს ისარნი, შუბნი აძლებდენ ენასა“;  „მაშინ კარგია კაი ყმა, რა დილა ბინდით დგებოდეს“; „კაი ყმა მაშიც კარგია ომჩიგით ამადიოდეს, არ იკვეხოდეს ბიჭობას, ცხოთა უქმობას ჩიოდეს აბჯარსა, სისხლში გასვრილსა, სწმენდდეს და ჩამაზდიოდეს“; „კაი ყმა, მგელი, არწივი არც ერთ არ გაიწურთნება“; „კაი ყმა სოფლის ფასია“; „არაუშავს რა წისქვილსა, შემობრუნდება, დაჰფქვავსა, რაც უნდა საძრახ დაეთქვას, საჯაყ არა სძე კარგ ყმასა“; „კა ყმა არ უნდა სოფლელთა, რა მოკვდას – მოღგონდებისა, კაი ყმის ნასადგომარსა მოძალე გადმოდგებისა“; „კარგ ყმას არ იპატიჟებენ, -ხალხს არ გვიყენებს ჯარზედა. არც იცის ამპარტავნობა, არც დაკვეხება სხვაზედა. იმას კი აღარ ამბობენ, გაჭირდეს, გამოგვადგება“; „შაუპატივეთ კას ყმასა ჯარზედა დიდის თასითა, რახან გაჭირდას, კაი ყმა, საყიდ ას დიდის ფასითა“; „ნადირი როგორ მაიკლას სამჯერ მთა გადუვლელადა, კაი ყმა როდი იცდება, ომში შიგ შაუსვლელადა“; „კარგ ყმას ჰშურობს სოფელი, იტყვიან: კარგი რად არის? საქმე რომ გაუჭირდება, ყველა იბარებს: სად არი?“; „კარგ ყმას შაჰყვარდი, ქალაო, ნუ-სახლსა ცხვარ-ბევრისასა,-ბევრი ცხვარი და ქონება მუხლს მოაქვს კარგის ყმისასა“; „კარგისა ყმისა ცოლობა ნუ გიხარიან ქალაო: წავა და ლაშქარს მოკვდება, დარჩები ცარიალაო.“  

       საინტერესოა, რომ რამდენიმე შემთხვევაში სიტყვა „კაი“-ს ნაცვლად მთქმელი სარგებლობს სიტყვით – „კარგი“, მაგრამ ასეთი შემთხვევები უფრო გამონაკლისს წარმოადგენს, ვიდრე ნორმას. თუმცა, ორი აზრი არაა, რომ „კაი“ „კარგი“-დან მომდინარეობს და მისი გადაქცევა ნორმად სამეტყველო ენაში ისევ და ისევ დროის ეკონომიას უკავშირდება. თუკი ლექსის რიტმიკა მოითხოვს, ხდება „კაი“-ის კიდევ უფრო დამოკლება და ზოგ შემთხვევაში ვხვდებით სიტყვას – „კა“. ამგვარი შემოკლებული ფორმით სიტყვა კიდევ უფრო ერითმება სიტყვა „ყმა“-ს და მოსმენისას თავისებურ ელფერს სძენს ლექსს. თავისთავად ისიც არაა ინტერესმოკლებული, თუ რამ განაპირობა დღევანდელ დღეს სიტყვა „კარგი“-ის შინაარსის დაკნინება. როგორც ცნობილია, ბიბლიის პირველ თავში, რომელიც ღმერთის მიერ სამყაროს შექმნაზე გვესაუბრება, ღმერთს მოსწონს თავისი შემოქმედება და ყოველი დღის ბოლოს საკუთარ ქმნილებას ამკობს ეპითეტით „კარგი“. მხოლოდ ბოლო დღეს, მას შემდეგ, რაც უფალი ადამიანს შექმნის, იგი „კარგ“-ს „ძალიან“-ს დაამატებს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტყვა „კარგი“ ყველაზე ტევადი ეპითეტია, რადგან ამ ეპითეტით თავად ღმერთი ახასიათებს სამყაროს ცალკეულ სრულყოფილ ნაწილებს. დღეს სიტყვა „კარგი“-ს მნიშვნელობა თითქოს დავიწროვდა, თითქოს იგი ვეღარ იტევს იმ საწყის სრულყოფილებას და არასაკმარისია ამა თუ იმ საგნის დასახასიათებლად და ახალი ეპითეტებით ხდება მისი შევსება. ფოლკლორმა ამ ეპითეტს შეუნარჩუნა თავდაპირველი სრულყოფილების გამოხატვის შინაარსი. გასაგებია, რომ ამ ყველაფრის საფუძველი მხოლოდ ამ სიტყვის სიმოკლე და სისადავეა, იგი წარმოსათქმელად მარტივია, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც „კარგი“-ის ნაცვლად კიდევ უფრო მოკლე ვარიანტი „კაი“ გამოიყენება.

       ხშირ შემთხვევაში „კაი ყმის“ კონცეპტის გახსნა „ცუდი“-ის წარმოჩენის ხარჯზე ხდება (ამ ეპითეტს, ცხადია, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არ მოსდევს საზღვრული „ყმა“, რადგან ყმა, ამ კონტექსტში უკვე გამორიცხავს ცუდს). ეს საკმაოდ გავრცელებული მხატვრული ხერხია და არა მარტო ფოლკლორის, არამედ ზოგადად მხატვრული ლიტერატურისთვისაცაა დამახასიათებელი. შესაბამისად, თუკი გავაკეთებთ ერთგვარ რუკას, რომელზეც დავიტანთ „კაი ყმისთვის“ დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, იქვე დაგვჭირდება „ცუდი“ ყმის მახასიათებლების დატანაც, რომელთა საპირისპირო ამპლუაში გადატანისას გავალთ ისევ და ისევ „კაი ყმის“ მახასიათებლებზე (აქ დავესესხე იმ პედაგოგის, ლელა მელიქიშვილის, გამოცდილებას, რომლის ღია გაკვეთილსაც დავესწარი). „კაი ყმა ლაშქარ მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდაი – ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა“; „კაი ყმა ხმალსა ჩახედავს: ნეტარ, გამიჭრის თუ არა? ცუდაი – ქალის უბესა: ნეტარ, შამიხვევს თუ არა?“; კას ყმას აჭმიე, დედაო, დილა ადრიან სადილი:ან ხმა რა შამაღვარდების, ან მთას გაუვას ნადირი. ცუდას რად უნდა დედაო, მზის დაცხომამდე სადილი? არც რა ხმა შამაღვარდების, არც მთას გაუოს ნადირი“; „კაი ყმის ნაბინავარში შეშანი დარჩებიანო, ცუდაის ნაბინავარში ქარნი ნაცართა ჰყრიანო“.

       როგორც ვხედავთ, შეპირისპირება არაჩვეულებრივ ეფექტს იძლევა და ნეგატივის წინ წამოწევით უფრო ძლიერდება „კაი ყმის“ პოზიტიური მხარე. ამ დროს საჭირო აღარ ხდება დამატებითი ეპითეტებისა და სხვა მხატვრული ხერხების გამოყენება. მხოლოდ მარტივი შეპირისპირებას გავყავართ საბოლოო მიზანზე, რაც შეიძლება უკეთ წარმოჩინდეს „კაი ყმა“, რომლის მახასიათებლები სრულიად სხვადასხვანაირია, ზოგჯერ გმირი ღარიბი და უქონელია, ზოგჯერ სულაც არაა ლამაზი, რომ მისი გარგენული ღირსებები განდიდების საგანს წარმოადგენდეს. ამიტომაც ბევრად უფრო იოლია, მთქმელმა ჩამოთვალოს ის ნიშნები, რომლებიც არ უნდა ჰქონდეს „კაი ყმას“ და, რომლებიც ცუდისთვისაა ნიშანდობლივი. ასე უფრო ადვილია, შევიქმნათ აზრი, რომელიც შეიძლება არც დაემთხვეს სხვის აზრს, მაგრამ სადავოც არაფერი იქნება. აქ ერთი ხრიკი მახსენდება, რომელსაც ანტიკური დროის ხელოვანები მიმართავდნენ. მაგ. ჰომეროსი არსად არ აღწერს ელენეს, ქალს, რომლის გამოც ტროას ათწლიანი ომი დაიწყო, ბევრი არაფერი ვიცით ელენეზე, არ ვიცით არც მისი სიმაღლე, არც მისი თვალის ფერი, არც მისი ცხვირის სიგრძე… ამ მხრივ სიტყვაუხვი ჰომეროსი საკმაოდ სიტყვაძუნწია. ეს კი იმის გამო ხდება, რომ ჰომეროსმა იცის, რამდენი თავიცაა, იმდენი აზრია ქალის სილამაზეზე, ამიტომაც მას რომ ელენეს თვალთა სილურჯე შეექო, ზოგი მსმენელი/მკითხველი მას არ დაეთანხმებოდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ლამაზ ქალს სხვა ფერის თვალები უნდა ჰქონდეს; სილამაზის ერთიანი სტანდარტი არ არსებობს და მისი აღქმა საკმაოდ სუბიექტურია. კიდევ უფრო შორს წავიდნენ მხატვრები, როდესაც ელენეს ზურგიდან გამოხატავდნენ: მნახველს თავისი ფანტაზიის ამუშავება მოუწევდა, რომ წარმოედგინა შემობრუნებული ელენე… ამ მეთოდის გაანალიზებისას აღარ წავალ უფრო შორს და აღარაფერს ვიტყვი ნეგატიურ თეოლოგიაზე, სადაც უარყოფის/აპოფატიკის გზის შემოღებით ხდებოდა ღმერთის აღწერა. ჩემთვის საინტერესოა ფოლკლორი და ზეპირსიტყვიერების ის ნიმუშები, რომლებშიც შეპირისპირების გზით და გმირისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების გამოკვეთის ფონზე მისი „ანტიგმირის“ უარყოფითი მხარეების წარმოჩენა ხდებოდა და სწორედ ამ ხერხებით მიიღწეოდა იდეალური გმირის სახის შექმნა: „ციხე ვერ გასტეხს ვაჟკაცსა, ტანჯვა ხვედრია გმირისა, ციხე აშინებს ბეჩავსა, ვინც არ მცნობი ჭირისა“; „ომში უმყოფელს ვაშკაცსა ომი უბრალო ჰგონია, ხმლის ქნევა, ფარის ფარება ფარიკაობა გონია“; „არ ვარგა იგი ვაჟკაცი, შუა ქალებჩი მჯდარია, მან დაიხუროს მანდილი, იგივ ცოცხალი მკვდარია“; „მეტეხს რო ჯარი მიუხტა, ვერ გაისარჯნენ ბლუები, ბოსლებში იმალებოდნენ, როგორც ჩალებში ბუები.“

       აქ, ცხადია, რომ ბლუ არანაირად არ ნიშნავს ენაბრკუდობას, რადგან ენაბრკუდიც ისეთივე ვაჟკაცი შეიძლება იყოს, როგორც ენაწყლიანი. ამ კონტექსტში სიტყვა „ბლუ“ არა მეტყველების თანდაყოლილ დეფექტს გამოხატავს, არამედ იმას, რომ შიშსაც ენის დაბმა ახასიათებს, თანაც ეს სიტყვა მარჯვედაა გარითმული სიტყვასთან „ ბუები“. „ესე იციან: ჯაბან კაცს გულს უკლავს სხვის მამაცობა, თვით კარგ კაცობა არ ძალუძს, სხვისა შურს კაი კაცობა“; „ყვავსა რად უნდა ჩაჩქანი, ან ყიჭალასა ფარია? ვაჟასა თქვენისთანასა წელზე ნაბამი ხმალია?“; „ცუდი ყმა მოხეს ვერ წავა, ნადირს ვერ მახკლავს კლდისასა; რო მაკლას, ტყავსა ვერ გახდის შუნ-ჯიხვსა ბოტობისასა, რო მაეზიდას, ვერ მახგლეჯს სასულას ჯიხვ-მაზვრისასა“; „შინ რად არ იჯე, ცუდაო? დედას უკეთე ტარები. შენ იქ ვერ წახვალ, ცუდაო, საცა ჯიხვ დავა რქიანი“…

       ამდენად, როგორც დაკვირვებამ გვიჩვენა, „კაი ყმა“ ეს არის კონცეპტი, ერთგვარი შეკუმშული ცოდნა, რომლის გახსნასაც სხვადასხვანაირად ცდილობს მთქმელი და წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ მის შეხედულებებსა და უნარზე, სხარტად გადმოსცეს სათქმელი, არამედ ხშირად სალექსო ფორმაზეც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი