შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ბაბუშერა: ერთი დღე. ორი ამბავი

საბედისწერო შემთხვევა შეიძლება წინასწარ გააზრებულმა ან გაუცნობიერებელმა საფრთხემ კი არა, ადამიანების კეთილმა, პატიოსანმა ქმედებებმაც გამოიწვიოს. 1993 წლის სექტემბერი – ომითა და გადატრიალებით, ერთდროულად რამდენიმე რეგიონში გაჩაღებული კონფლიქტებით დაუძლურებული ქვეყანა დანგრევის პირასაა. ამ დროს, სახელმწიფო მეთაურის კანცელარიაში ამერიკელი ჟურნალისტი გოგონა რეკავს და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს გელა ჩარკვიანს თხოვს („შემევედრა – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“), ვიცი, დროის სიმცირის გამო ეს შეუძლებელია, მაგრამ იქნებ მოახერხოთ, რომ დღესვე მივიღო ვიზა, ხვალ დილით თბილისში ვიქნები და მივუსწრებ სოხუმში მიმავალ თვითმფრინავსო. „ძალიან გთხოვთ. ეს ჩემი კარიერისთვის გადამწყვეტი მომენტია“. (1)

გაზეთ „7 დღის“ კორესპონდენტ შორენა ლებანიძეს კონფლიქტის ზონიდან დაბრუნების შემდეგ ჰგონია, რომ გული აღარასდროს გაუწევს აფხაზეთისკენ, მაგრამ ატყობს, ომი თანდათან პირად ტკივილად, პირად ცხოვრებად რომ ექცა, მისი ბაცილა სისხლში აქვს გამჯდარი და მოსვენებას აღარ აძლევს. და როცა კოლეგა და თანამშრომელი ლია ტოკლიკიშვილი ეტყვის, – დღესვე მივფრინავთ, შევარდნაძე აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობიდან მოგვიწოდებს, ვისაც გული გერჩით, ყველანი სოხუმის დასაცავადო, – დაუფიქრებლად გადაწყვეტს, ისევ მიბრუნდეს კონფლიქტის ზონაში. (2)

„ძალიან გთხოვთ. ეს ჩემი კარიერისთვის გადამწყვეტი მომენტია“ – გელა ჩარკვიანი საკითხის მოგვარებას თავის მოადგილეს შალვა ფიჩხაძეს ავალებს, რომელიც აიკლებს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სრულიად უიმედო მდგომარეობაში ბიუროკრატიულ სასწაულს ახდენს – ამერიკელი ჟურნალისტი გოგონა თბილისშიც ჩამოფრინდება და სოხუმშიც ასწრებს გაფრენას… სწორედ იმ ტუ-154-ით, რომელიც აფხაზებმა 1993 წლის 22 სექტემბერს ჩამოაგდეს. (1)

ქანცისგამცლელი გაწევ-გამოწევის შემდეგ, როცა ეგონათ, თვითმფრინავის სალონში ვართ უკვეო, ვიღაცამ უხეშად უბიძგა და ხელის ერთი მოქნევით ორივე ძირს ჩამოყარა. ვითარებაში გარკვევა რომ სცადეს, ტრაპის ასასვლელთან მდგომმა ჯარისკაცმა მკვახე პასუხი დაახვედრა: „ადგილი არ არის“. „7 დღის“ ჟურნალისტებმა დახმარების სათხოვნელად ნაცნობ გვარდიელებს დაუწყეს ძებნა, მაგრამ მათთვის არავის სცხელოდა. ისინი, ვისაც ყურადღების გამოხატვის უნარი ჯერ კიდევ შერჩენოდა, მოთმინებითა და დაბეჯითებით უხსნიდნენ საზენიტო არტილერიის ცეცხლში გახვეული ქალაქის თავზე ფრენის რისკსა და აბსოლუტურ უაზრობას. ზოგი არც ზედმეტი ახსნა-განმარტებებისთვის იწუხებდა თავს… რედაქციაში დაბრუნებულებმა, ორიოდე საათის შემდეგ, ფაქსით მიიღეს ცნობა ბაბუშერას აეროპორტში, დაშვებისას, ჯარისკაცებით სავსე „ტუ-154“-ის აფეთქების შესახებ. ცნობა ჯერ ლია ტოკლიკიშვილმა წაიკითხა, შემდეგ კი, გაფითრებულმა, შორენა ლებანიძეს გაუწოდა. (2)

ერთ მხარეს – თავისი დიდი სურვილისა და ბიუროკრატიული სასწაულის შედეგად თვითმფრინავში მოხვედრილი ამერიკელი ჟურნალისტი გოგონა, რომლის მძიმე და ფატალურ ამბავსაც ტკივილითა და სინანულით ასრულებს გელა ჩარკვიანი: „რომ არა ჩემი დიდი მონდომება და შალვას შეუდარებელი პასუხისმგებლობის გრძნობა, ის, დღეს უკვე შუახნის ამერიკელი მატრონა, ქმარ-შვილთან ერთად ბედნიერი ისეირნებდა LA-ს ან Frisco-ს ქუჩებში“.

და მეორე მხარეს – იმავე თვითმფრინავიდან უადგილობის გამო ჩამოყრილი, სასწაულებრივად გადარჩენილი ორი ქართველი ჟურნალისტი. მათგან ერთ-ერთს, შორენა ლებანიძეს, ავტობიოგრაფიული რომანის წერისას სწორედ ის ჯირკივით ჩადგმული, შავტუხა, ბრაზიანი და დაბღვერილი ჯარისკაცი ახსენდება, ტრაპი რომ კისრისტეხით დაატოვებინა; ნაცნობი გვარდიელებიც, ილუმინატორთან მსხდომები, ყელგამოწვდილებსა და ხვეწნა-მუდარად ქცეულებებს მზერას რომ არიდებდნენ…

ამ ერთი ტრაგიკული დღის ორი ეპიზოდი ადამიანის ბედსა და უბედობაზე კი არ არის მხოლოდ, არამედ პროფესიის სიყვარულზეც, თავის გაწირვას რომ შეგაძლებინებს და საჭირო დროს, საჭირო ადგილას ყოფნისათვის ყველას შეაწუხებ, არავის მოერიდები; ერთი ადამიანის მნიშვნელობაზეცაა და მისი სიცოცხლის აბსურდულობაზეც ომისა და გამოუვალი მდგომარეობის დროს; იმ უხილავ ძაფებზე, რომელიც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებლებს – ცოცხლებსაც და მკვდრებსაც – აკავშირებს ერთმანეთთან.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გელა ჩარკვიანი, „ნაგერალა“ (ჩანაწერები), 2015.
  2. შორენა ლებანიძე, „საშვი კონფლიქტის ზონაში“ (დოკუმენტური რომანი), 2014.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი