პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლების საფუძვლები

როდის არის სკოლა უფლებამოსილი, გაათავისუფლოს მასწავლებელი? რა წესების დაცვით უნდა მიიღოს მან ეს გადაწყვეტილება?

საზოგადოდ, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:

  1. ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის დასაქმებულთა შემცირებას;
  2. შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
  3. შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;
  4. დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;
  5. მხარეთა წერილობითი შეთანხმება;
  6. დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;
  7. დასაქმებულის მიერ მისთვის ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;
  8. დასაქმებულის მიერ მისთვის ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;
  9. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა, თუ შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს და, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს შრომის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება;
  10. სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს;
  11. შრომის კოდექსის 51-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ;
  12. დასაქმებულის გარდაცვალება;
  13. სკოლის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება;
  14. სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

გასათვალისწინებელია, რომ შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია.

დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა რაიმე სხვა საფუძვლით, გარდა ზემოთ მითითებული საფუძვლებისა.

აკრძალულია ხელშეკრულების შეწყვეტა დისკრიმინაციის საფუძვლით. საზოგადოდ, შრომით ურთიერთობებში აკრძალულია ყოველგვარი დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი თუ წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის – პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების გამო.

დისკრიმინაციად ჩაითვლება მასწავლებლის პირდაპირი ან ირიბი შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა მასწავლებლისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა მასწავლებელთან შედარებით. დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება.

დაუშვებელია ხელშეკრულების შეწყვეტა დასაქმებული ქალის მიერ თავისი ორსულობის შესახებ დამსაქმებლისთვის შეტყობინებიდან შვებულების მთელი პერიოდის განმავლობაში. იგულისხმება შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

ასევე დაუშვებელია შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა დასაქმებულის სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის გამო ან/და დასაქმებულის მიერ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში.

შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა არ შეიძლება სასამართლოში ნაფიც მსაჯულად ყოფნის პერიოდში, თუმცა აქ მითითებულ წესებში გამონაკლისიც არსებობს. კერძოდ, ასეთ პირობებში მასწავლებლის გათავისუფლება დასაშვებია სტატიის მეორე აბზაცში მითითებული მე-2–დან მე-5 პუნქტის ჩათვლით გათვალისწინებული საფუძვლებით, აგრეთვე – მე-7, მე-8, მე-10 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი საჯარო სკოლების შემთხვევაში რამდენიმე განსაკუთრებულ რეგულაციას ადგენს. კერძოდ, საჯარო სკოლის დირექტორი უფლებამოსილია, ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში. ამასთან, თუ მასწავლებელი სამეურვეო საბჭოს წევრია, დირექტორი უფლებამოსილია, მასწავლებელს ხელშეკრულება შეუწყვიტოს მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში.

როგორი წესით არის დასაშვები მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლება?

თუ სკოლის დირექტორი მასწავლებელს ათავისუფლებს მეორე აბზაცში მოყვანილ პირველ, მე-6, მე-9 ან მე–14 პუნქტებში მითითებული რომელიმე საფუძვლით, მაშინ იგი ვალდებულია, არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე წერილობით გააფრთხილოს მასწავლებელი. ამასთანავე, მასწავლებელს მიეცემა კომპენსაცია – არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობისა – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

ალბათ, უკვე შეეგუეთ იურისპრუდენციის „ნეგატიურ“ მახასიათებელს: თუ არსებობს წესი, შეიძლება არსებობდეს გამონაკლისიც. ასევე შეიძლება არსებობდეს გამონაკლისი წესის გამონაკლისი და ა.შ. ზემოაღნიშნული წესის გამონაკლისი არსებობს. თუ სკოლის დირექტორი მასწავლებელს ათავისუფლებს პირველ, მე-6, მე-9 ან მე–14 პუნქტებში მითითებული რომელიმე საფუძვლით, მაშინ იგი უფლებამოსილია, არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს მასწავლებელი წერილობით. ამ შემთხვევაში მასწავლებელს მიეცემა არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობის კომპენსაცია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

გათავისუფლების შემთხვევაში მასწავლებელს შეუძლია მიმართოს სკოლას და მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის დასაბუთება. სკოლა ვალდებულია, ასეთი მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. მასწავლებელს შეუძლია სკოლის დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს სკოლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

მაგრამ ხომ შეიძლება, სკოლამ არ დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი მითითებულ ვადაში? ამ შემთხვევაში გათავისუფლებულ მასწავლებელს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს სკოლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ ვალდებულების დარღვევისთვის გათავისუფლებული მასწავლებლის ნაცვლად სკოლას დაეკისრება დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი.

თუ სასამართლოს ბათილად ცნობს (გააუქმებს) მასწავლებლის გათავისუფლების გადაწყვეტილებას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სკოლა ვალდებულია, პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, აღადგინოს პირვანდელ სამუშაო ადგილზე, უზრუნველყოს ტოლფასი სამუშაოთი ან გადაუხადოს სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობის კომპენსაცია.

ასეთი ხასიათის დავებს განიხილავს სამოქალაქო სასამართლო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი