შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

გრასი, ფრიში და კრილოვი

განსაკუთრებით ბედნიერი ვარ მაშინ, როდესაც რომელიმე სკოლაში მოსწავლეებს ჩემთან საუბრის სურვილი უჩნდებათ ხოლმე. ასეთი რამ ძალიან იშვიათად, წელიწადში ერთხელ ხდება. მეც ხელიდან არასდროს ვუშვებ საკუთარი ცხოვრების გამრავალფეროვნებისა და ჩემთვის უსაყვარლეს, უძვირფასეს გარემოში დროებით დაბრუნების შანსს. თან რატომღაც ვფიქრობ, რომ ჩემზე ოდნავ უმცროს ადამიანებს ძალიან ცოტა ვინმე თუ უსმენს. ჩემი დაკვირვებით, მათ ზოგად საგაკვეთილო გეგმებს მიღმა დარჩენილ საკითხებზე თავისუფალი მსჯელობის მწვავე დეფიციტი აქვთ. მათ სურთ, რომ საკუთარი აზრი ღიად გამოხატონ და სხვების ალტერნატიული მოსაზრებებიც მოისმინონ. აქედან გამომდინარე, შიში მიქრება და თავისუფლად შევდივარ მოსწავლეთა ნებისმიერ აუდიტორიაში, რადგან მოსმენასა და გულთბილ საუბარს ზეკაცის განათლება და ცოდნა ნამდვილად არ სჭირდება.

ცოტა ხნის წინ, სამოქალაქო აქტივიზმის წრის წევრებთან შესახვედრად თბილისთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი პატარა სოფლისკენ გავეშურე. ადგილობრივი მოსწავლეების მეგობარმა წინასწარ გამაფრთხილა, რომ მცოდნე ადამიანებთან მომიწევდა შეხვედრა. გაფრთხილებამ გამახარა. თუმცა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ  დანგრეული გზის გავლის შემდეგ, საუკუნის წინანდელი სკოლის შენობაში აკადემიკოსი თინეიჯერები დამხვდებოდნენ. მათ ჩემთან ერთად დემოკრატიის, სოციალური მოძრაობების, პოლიტიკური იდეებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესახებ მსჯელობა არ ისურვეს. უფროსკლასელებმა ჩემთვის გამოცდის ჩატარება გადაწყვიტეს. მათ არ სწამთ არცერთი ადამიანის პროფესიონალიზმისა თუ ელემენტარული განათლების, თუ იგი მსოფლიო რანგის თუნდაც რამდენიმე მხატვრულ ტექსტს არ იცნობს. სადისკუსიო კლუბის წევრებმა მკაცრად მომთხოვეს ჩემთვის უცნობი პრინციპის დაცვა – მოხსენების შინაარსი მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის მაგალითების საფუძველზე უნდა გადმომეცა. ეს რომ მცოდნოდა, ჩემს გონებაში წიგნების არსებულ მოუწესრიგებელ, არეულ-დარეულ, არც თუ ისე მდიდარ თაროს დავალაგებდი მაინც. სხვა გზა აღარ მქონდა, ამიტომ უდიდესი სიფრთხილით დავიწყე ბეწვის ხიდზე გადასვლა.

თავდაპირველად, გიუნთერ გრასი გამახსენდა, რომლიც მოსწავლეთა მნიშვნელოვან ნაწილს არათუ გაგონილი, არამედ წაკითხულიც კი ჰქონდა. მეოცე საუკუნის გენიალური გერმანელი მწერალი თავის რომანში „თუნუქის დოლი“ დიდი ქალაქის პატარა სასადილოს აღწერს. სასადილოს „ხახვის სარდაფი“ ჰქვია. სარდაფში თავისუფალ დროს გაღარიბებული საშუალო კლასის რიგითი მშრომელი მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი სასადილოში არაფერს მიირთმევენ, არაფერს სვამენ. მხოლოდ ხახვს ჭრიან, ტირიან და მუსიკას უსმენენ. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიური, რუტინული, საკუთარი რეალური სურვილებისა და მიზნების საწინააღმდეგო სამუშაოების შესრულება უწევთ. „ხახვის სარდაფის“ სტუმრები თავიანთი შრომის შედეგად მხოლოდ გადარჩენას ახერხებენ, მათ აღარ რჩებათ რესურსი არც თვითრეალიზებისათვის, არც შემოქმედებითი საქმიანობისთვის, არც ფიქრისთვის. გრასის სამყაროში უბედურება, ჩაგვრა, გაჭირვება იმდენად ჩვეულებრივ მოვლენებად არის ქცეული, ადამიანები იმდენად არიან დაკავებულნი კარიერისთვის, შემოსავლისა თუ სარგებლის  გაორმაგებისთვის ბრძოლაში, მოქალაქეთა შორის თანაგრძნობა ისეთი გაიშვიათებულია, რომ ხალხს ხშირად ტირილის, გრძნობის გამოხატვის უნარიც კი აქვს დაკარგული.

ნობელიანტის წიგნის ერთ-ერთი თავის სიუჟეტი საქართველოში, ჩვენ ირგვლივ შექმნილ სიტუაციას დავუკავშირე და დემოკრატიად შენიღბულ მმართველობაზე საკუთარი აზრი მოსწავლეებს გავუზიარე.

მცირერიცხოვანი აუდიტორიის რეაქციამ უზომოდ გამახარა. დისკუსიის ერთ-ერთმა მონაწილემ უხარისხო ქაღალდზე დაბეჭდილი ძველი წიგნი ამოიღო ჩეხოსლოვაკიაში დამზადებული საწერი მაგიდის უჯრიდან და თავისი საყვარელი ავტორი წარგვიდგინა. გოგონამ უგულო, ადამიანური გრძნობების გარეშე დარჩენილი, თეატრისგან, კინოსგან, ხელოვნებისგან, ლიტერატურისგან, ბუნებისგან და მეგობრებისგან გაუცხოებული ინჟინერი გაიხსენა, რომელსაც, მკაცრი ლოგიკისა და ტექნოკრატიული მიდგომების გარდა, არაფრის სჯერა. ცხოვრების განსხვავებულ, თავისუფალ წესზე ვალტერ ფაბერი მხოლოდ დიდი ტრაგედიის შემდეგ დაფიქრდა. მას დააგვიანდა და მუდმივი მობილიზაციისაგან, წინასწარ განსაზღვრული მომავლისგან, განმარტოებისგან თუ დაუნდობელი კონკურენციისგან თავისუფალი ცხოვრება ვეღარ მოასწრო. მასპინძელ აბიტურიენტებს მაქს ფრიშიც ჰყვარებიათ.

ბოლოს ვიღაცას ცნობილი მეიგავე ივანე კრილოვიც გაახსენდა. ალბათ, თქვენც არ გაგიჭირდებათ მისი მეეტლის გახსენება. მეეტლე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა, ათობით ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ მან საკუთარი ტრაგედიის, მამის სიკვდილის გაზიარება ვერავისთან მოახერხა. იგი იძულებული შეიქნა ტკივილი ცხენისთვის გაეზიარებინა.

ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ამ მოსწავლეებთან შეხვედრა. ისინი ერთგანზომილებიანი ადამიანები არ არიან. მხოლოდ მატერიალურ სიკეთეებსა და ფინანსურ წარმატებაზე არ ფიქრობენ. მათ არ სურთ, რომ მხოლოდ ხახვის გარჩევის დროს შეეძლოთ გრძნობის გამოხატვა. მათ არ სურთ, რომ მსმენელებად მხოლოდ ცხოველები ჰყავდეთ. ისინი ცხოვრებას, ტრეინინგებისა და მოდელირებების ნაცვლად, ლიტერატურით იმეცნებენ. მათ აქვთ იმედი, რომ საკუთარი შრომით მხოლოდ სხვისი მონები არ იქნებიან და რაღაც ახლის შექმნაში მიიღებენ მონაწილეობას. სოფლის სკოლის სამოქალაქო აქტივიზმის კლუბის წევრები მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობენ, ისინი საერთო სიკეთის შექმნისთვის იბრძვიან. ჩემი მასპინძლები ცხოვრების დასაწყისშივე მიხვდნენ იმას, რასაც ბევრი მხოლოდ სიკვდილის წინ აღმოაჩენს.

ბეწვის ხიდი გავიარე და სახლში უდიდესი იმედით დავბრუნდი. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ერთმანეთს დაველაპარაკებით ბევრ ამგვარ სიახლესა თუ მოულოდნელობას აღმოვაჩენთ ერთმანეთშიც და ჩვენზე უმცროს ადამიანებშიც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი