ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

    „სიბრძნე სიცრუისას“ სტილის სწავლებისათვის

სტილი მწერლის ინდივიდუალობის მთავარი გამომხატველია. სტილური ძიებების თვალსაზრისით კი აღსანიშნავია სულხან-საბა ორბელიანი. მისი ეპოქის პროზაული ტექსტები გამოირჩეოდნენ ორნამენტულობით, რაც დამახასიათებელი იყო აღმოსავლური ყაიდის თხრობისთვის, სულხან-საბამ კი სხვა გზა აირჩია, მან ამგვარი სტილი გამოიყენა, როგორც ერთ-ერთი ხერხი და თხრობაში მეტი სისადავე და გამჭვირვალება შემოიტანა. “სიტყვის კონის” შემქმნელის პროზაში თანაბარი ძალით იჭრება როგორც მწიგნობრული, ასევე, სასაუბრო, ხალხური ენა. უნიკალური და უმდიდრესი ლექსიკა მისი თხრობის ძარღვს ქმნის. სულხან-საბას პოეტური ტალანტი (რაც კარგად წარმოჩნდა „ქილილა და დამანას“  „გაჩალხვისას“) აღიბეჭდა მის იგავ-არაკებშიც. ლირიკული თხრობის შენაკადები მეტ სილაღესა და გამომსახველობას ანიჭებენ ცალკეულ დეტალს. თხრობის სხვადასხვა სტილის ოსტატურ მონაცვლეობას ხელს უწყობს ისიც, რომ ნაწარმოებში პერსონაჟთა მრავალფეროვნებაა. მეფე ფინეზის მეტყველება მწიგნობრულ-ამაღლებულია, აქ ჩანს, რომ  ავტორმა სიღრმისეულად  იცის ბიბლიური წიგნების თხრობის მანერა. ფინეზის შეგონებებში მოჩანს სულხან-საბა _  “სწავლანის” ავტორი. მისი მჭევრმეტყველება ერთგვარ საზეიმო ელფერს მატებს მსჯელობას, რელიგიურ-ფილოსოფიური სიღრმეები ჩნდება მისი საუბრისას.

ნაწარმოებში ავტორი _ მთხრობელი არ დომინანტობს, იგი თითქოს უჩინარდება, თუმცა ის წარმართავს სიუჟეტურ ხაზს. მესამე პირში ჰყვება ფინეზის სასახლის კარზე მომხდარ ამბებს. მისი ფუნქციაა შემოიყვანოს ახალი პერსონაჟი და მკითხველს აუწყოს, ვინ ვის და როდის რას ეუბნება.  სხვა მხრივ, ის არანაირ კომენტარსა და შეფასებას არ აკეთებს.  მისი წილი თხრობაში ამბის დასაწყისში ყველაზე მეტია, ე. ი. მანამ, სანამ აქტიურად არ გაჩაღდება იგავ-არაკებით პაექრობა.  მთხრობელი მაშინ გამოჩნდება ხოლმე, როცა პერსონაჟთა გარეგნობასა თუ თვისებებს აღწერს. მაგალითად, ავტორი მთხრობელი ნაწარმოების დასაწყისისთვის ირჩევს კლასიკური ზღაპრის ფორმას. ამ მხრივ, ის უფრო დასავლური ტიპის მთხრობელია, ჰერმან ჰესე მიიჩნევს, რომ  “ათას ერთი ღამის” სქელ-სქელი ტომები შინაარსით გრიმის ერთ რომელიმე ზღაპარს ან შუა საუკუნეების ერთ რომელიმე ქრისტიანულ თქმულებას ვერ გადასწონის, მაგრამ მათ მაინც სიამოვნებით ვკითხულობთ, თუმცა იმ წამსვე ვივიწყებთ, რადგან ერთი ამბავი ტყუპისცალივით ჰგავს მეორეს და ცოტა ხანი რომ გავა, იმავე ამბავს ხელახლა ისეთივე სიამოვნებით ვკითხულობთ ხოლმე. რატომ ხდება ასე? ჰესეს აზრით, ამას, ჩვეულებრივ, აღმოსავლელ მთხრობელთა მშვენიერ, დახვეწილ ოსტატობას მიაწერენ. აღმოსავლელ მთხრობელს თითქოს დაუსაზღვრავი დრო აქვს და ყოველთვის სცალია იმისთვის, რომ სანამ თავის პრინცსა და პრინცესას რამეს ათქმევინებს, ნაწილ-ნაწილ აღგვიწერს მათი ბაგეების სიწითლესა და მოყვანილობას, მათი მშვენიერი თეთრი კბილების ელვარებასა და ფორმას, თამამი, ანთებული მზერისა თუ მორცხვად დახრილი თვალების მომხიბლაობას” (ჰერმან ჰესე, „უსაქმურობის ხელოვნება“).

სულხან-საბა  არ არის ასეთი “მოცლილი”და ამიტომ სხარტად გადადის ერთი ამბიდან მეორეზე, ისე, რომ მკითხველს სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ “სიბრძნე სიცრუისას” სიუჟეტი მარტივია და ამ თვალსაზრისით ბევრი არაფერი ხდება, სამაგიეროდ, მოვლენებით სავსეა ჩართული იგავ-არაკები და სხვადასხვა ამბავი. ასე რომ, მკითხველი მუდმივად მოლოდინშია, ყოველი ახალი იგავ-არაკი დაძაბულობის ახალ კერას ქმნის და მკითხველს მოსაწყენად არ აცლის.

ავტორის თხრობა გამოირჩევა რიტმულობით, რასაც ქმნის სიტყვათა თუ აზრის ვარიაციული გამეორება, აგრეთვე, ახალი წინადადების დაწყება “და” კავშირით. მაგალითად,  “და ჰყვა ვაზირი ეგეთი, რომე სიბრძნითა მისითა ცათა აღწევნილ იყო”; “და იყო სახელი ვაზირისა მის სედრაქ”; “და იყო საჭურისი მეფისა კაცი გულჩქარი და ფიცხელი”.

მეფის თვისებათა შესახებ მსჯელობისას ავტორი ყოველი თვისების გამოსაკვეთად მიმართავს შედარებას, რათა მკითხველს ნათლად შეაგრძნობინოს მისი ღირსებანი. ყურადღებას იქცევს მეტაფორა: მეფე ფინეზს “სიფიცხლე და უწყალოება ჯავრისანი გულისაგან ღვთის შიშისა ნიავით გაექარვებინა”. ღვთის შიში შედარებულია ნიავთან, რომელიც კაცს  სასიამოვნოდ ელამუნება. ეს ნიავი  თითქოს გულიდან მსუბუქად და სასიამოვნოდ ფანტავს სისასტიკესა და ულმობლობას.

ყურადღებას იქცევს ჯუმბერის გარეგნობის აღწერაც, აქ სულხან_საბა  მიმართავს აღმოსავლური პოეზიისთის დამახასიათებელ მხატვრულ არსენალს. თუმცა ვრცლად არ აღწერს სახის ცალკეულ ნაკვთს და ერთი მოკვეთილი შედარებითა თუ მეტაფორით შემოიფარგლება.  აქაც შეგხვდება ნაცნობი “ბროლი”, “მელნის გუბენი”, “მერცხლის მხარნი”, “გიშრის ლერწამი”, “ვარდი და ზამბახი” და სხვა.

ავტორი ტროპებს უპირატესად პერსონაჟთა დახასიათებისას მიმართავს, სხვა შემთხვევაში კი ავტორის თხრობა განძარცულია მხატვრული სამკაულებისაგან, რომელთაგან ეპითეტებს იყენებს შედარებით უხვად.

როგორც აღვნიშნეთ, თხრობის მრავალფეროვნებას ის ქმნის, რომ “სიბრძნე სიცრუისაში” პერსონაჟები იგავ-არაკებს ჰყვებიან, ამის მიხედვით შეგვიძლია ვისაუბროთ თითოეულის “ხმაზე”. ფინეზის მეტყველება სიდინჯითა და რიტმული სიმდოვრით გამოირჩევა.

ნაწარმოებში მთავარი ხმა, რა თქმა უნდა, ლეონს ეკუთვნის. იგი ავტორის ალტერ ეგოა, ამ მხრივ სედრაქიც შრიძლება მის მეორე მედ ჩავთვალოთ, თუმცა ამ “საქმიდან” არც რუქა  უნდა გამოირიცხოს. ეს პერსონაჟები შეიძლება, ზოგადად, ადამიანის პერსონიფიცირებულ ვნებებად მივიჩნიოთ. ეს ნაწარმოები ხომ ალეგორიის პრინციპზეა აგებული და ამგვარი ალეგორიაც არ გამოირიცხება. ამ შემთხვევაში,  მეფე _ ადამიანის გონებაა, ჯუმბერი _ სული, სედრაქი, რუქა და ლეონი სხვადასხვა გარემოება, რომლებიც ზემოქმედებენ სულზე და გონების თანხმობით აღზრდიან, წვრთნიან, აყალიბებენ.

ლეონის ნარატივი ნაწარმოების ხერხემალს ქმნის, სიუჟეტური ხაზი მას მიჰყავს, მის გარშემო ტრიალებს ფაბულა. ის ჰყვება ყველაზე მეტ იგავ-არაკს, ამბავს და მასვე მიეწერება უმეტესობა შეგონებებისა. მისი თხრობის სტილი ექსპრესიულია. იგი საუბრობს სხარტად, მოსწრებულად, მისი ყოველი ნათქვამი აღბეჭდილია გონებამახვილობით. ის თავისუფალი ბრძენის პარადიგმაა. მას თავის ნებისად აქვს ყოფა მოწყობილი. ის, რომ მეფეს სიზმარში მოევლინება და თავს “მოახვევს”, ჩემ გარდა შენს ძეს ვერავინ აღზრდისო, ერთგვარი იდუმალებით მოსავს მის სახეს. რა თქმა უნდა, სიზმარში მის გამოჩენას სხვა დატვირთვაც აქვს,  ავტორი ამ შემთხვევაში მიანიშნებს ნებაზე ღვთისა, რომელიც თვით არჩევს უფლისწულის აღმზრდელს, რადგან, მეფე ღვთის სახეა. ასე რომ, ლეონი მკითხველზე  მანამ  ახდენს შთაბეჭდილებას, სანამ რეალურად გამოჩნდება.

ავტორი ზრუნავს, რომ მკითხველს ლეონი მოაწონოს, ამისთვის ხატავს საგანგებოდ იმ შემოგარენს, სადაც მეფესთან მის შეხვედრას ხატავს. ასევე, შთამბეჭდავად წარმოაჩენს მის გარეგნობას, მეფესთან პირველ შეხვედრას, მის დახვეწილ სიტყვა-პასუხს.  იგავ_არაკებმა გამოავლინა ლეონის “სიტყვატკბილობა” და მეფეც მოიხიბლა მისი მჭევრმეტყველებით. პარალელურად, რა თქმა უნდა, მკითხველი იხიბლება მისი თხრობის გამომსახველობით, ემოციურობით, აზრის სიღრმით.

ლეონი ხშირად ჰყვება ღიმილისმომგვრელ არაკებს, მაგალითად, “ბერი და ყრმა” ამით თითქოს ცდილობს ღიმილით დაძლიოს ყოფის ამაოება. მისი თხრობის სტილი ხან ლირიკულია, ხან ფილოსოფიური აზრით დატვირთული. მისი ფრაზა გამოირჩევა დახვეწილობითა და სილამაზით, მაგალითად: “ხელმწიფეთა წინა მდგომი კაცი სანთელია: თავსა თვისსა დასწვავს და სხვათ გაუნათლებს”. ლეონის სიტყვა მეფის წინაშე, როდესაც იგი მეფეს თავსი აღზრდის მეთოდს უხსნის, მჭევრმეტყველების მწვერვალია. ლეონს საოცარი სიზუსტით აქვს გათვლილი ყოველი ფრაზისა და აზრის ადგილი. შესავალი ფრაზა, ზოგადი ნაწილი, დასკვნა შეიძლება. ეს სიტყვა რიტორიკის სახელმძღვანელოში ნიმუშად შეტანილიყო, როგორც საკუთარი თვალსაზრისის ბრწყინვალე დასაბუთების მაგალითი.

ლეონმა ამ სიტყვის წარმოთქმისას “აუბნა თავისი ბულბულის უტკბესი ენა. ყოველსა კაცსა ასე ეგონა, პირსა იადონი უბუდებსო, ან მერცხალი ჭიკჭიკებსო”. ამ სიტყვის წარმოთქმისას მან გამოიყენა რიტორიკის გამოცდილი ხერხები, ზეაწეული ტონი, პარადოქსული აზრის შემოტანა, სიტყვათა გამეორება, ანდაზების მოშველიება, ცხოვრებისეული მაგალითებით აზრის ცხადყოფა. ამ სიტყვამ მეფეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ამიტომაც წერს ავტორი, მოისმინა “სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი. დიდად მოიწონა”. მისი ეს მონოლოგი სიმძაფრით რომის სენატში წარმოთქმულ ციცერონის თავბრუდამხვევ სიტყვებს გვაგონებს. მეფეს და მასთან ერთად მკითხველსაც არ სწყინდება ლეონის მიერ მოყოლილი ამბების მოსმენა, მაგალითად,  ეს არის უნაღვლოთა მძებნელი მეფის ამბავი, რომელიც დაასრულა იმით, რომ თეზისურად ჩამოაყალიბა მეფის მოვალეობანი.

მოთხრობილი ამბები ხშირად რიტმული პროზითაა გადმოცემული, მაგალითად: “მე ვიყავ ძე მეფისა, ვლახეთისა. ვითა მეფეთა წესია, ეგრე მზრდიდენ. ითხოვა მამამან ჩემმან ჩემთვის ცოლად ქალი დიდებული კაცისა და თხოვნასავე თანა მოკვდა. მეორე ითხოვა და, რა ნიშანი დასდვეს, იგიცა მოკვდა, მესამე ითხოვა, ასული მეფეთა, რა მაწვიეს წვეულებასა ჩემსა, იგიცა მოკვდა”. სულხან-საბას თხრობაში ხშირად შემოაქვს რიცხვი სამი, პერსონაჟები ყოველთვის სამ გვარად ყოფენ სათქმელს. სამი საკრალური რიცხვია, ღვთის სიმბოლო. იგი სამყაროულ სიმტკიცესაც წარმოაჩენს, სწორედ ამიტომაც ლეონი მეფის მოვალეობებზე საუბრისას სწორედ სამზე აკეთებს აქცენტს, მაგალითად: “მეფეთაგან სამს დაიმადლებს უფალი: სამართალსა უქრთამოსა, მოწყალებასა და დიდსა სიყვარულსა ყოველთასა.

მეფეთაგან სამს ინატრიან ქვეყანანი: ზავთსა მართებულსა, სიმართლესა უზაკველსა და დიდსა სიყვარულსა ყოველთასა და ა. შ.” ეს საოცარ დინამიკას მატებს თხრობას. მსჯელობის ამგვარივე ლოგიკა აქვს ჯუმბერსაც, რომელსაც  სწორედ ლეონმა ასწავლა სიბრძნე და მჭევრმეტყველების ხელოვნება.

ყურადღებას იქცევს მხატვრული სახეები, რომლებსაც მწერალი საგანგებოდ  ამ ამბების თხრობისთვის ქმნის, მაგალითად, სედრაქზე რომ ამბობს, ამბავტკბილიო, ან  “დღესა ერთსა კლიტე გაელმდა” (ვაზირის ნაამბობი “უბედური დიდვაჭარი”), ან კიდევ: რუქა ეუბნება მოკამათეებს: “თქვენ რომ ორნი-სამნი გაბიძამამიდებულხართო”.

“სიბრძნე სიცრუისას” თხრობას თავისებურებას მატებს ირონია, რომელიც “იგავ-არაკებში” ვარიაციულად წარმოჩნდება. კონცეფციურად სიცილის ძალა და მნიშვნელობა გამოკვეთილია “მოტირალსა და მოცინარში”, რომელშიც მოცინარი კაცი მოტირალივით უჩივის წუთისოფლის სიმოკლეს, კაცთა უგუნურებას, ამაო და უსარგებლო ქადაგებას, თუმცა მოტირალისგან განსხვავებულ დასკვნას აკეთებს: “აწ სიცილს ძალი მივეც, მეც რომ ზრუნვით თავი მოვიკლა, რას მარგია და ან მათი რა სარგებელიაო”.

პერსონაჟები ხშირად ხუმრობით ამბობენ სათქმელს, არ ერიდებიან ერთმანეთის გაქილიკებასა და დაცინვასაც კი. მაგალითად, აშკარად, ლეონის გამასხარავება უნდოდა რუქას, როდესაც ლეონი ჰყვებოდა თავისი მშობლების დახოცვისა და აქა-იქ სვლაში გაზრდის ამბავს, რუქამ კი უთხრა: “დიდად ბედუკეთური თურე ხარო”, რაზეც ლეონმა მოსწრებულად მოუჭრა: “თუცა ბედკეთილი ვყოფილვიყავ, დღეს შენ არა გნახევდიო” და ამ პასუხით რუქა იქ მყოფთა თვალში მასხრად აიგდო.

ირონია ხშირად არის  იგავ_არაკებში,  მაგალითად, ხან სასაცილო მთელი იგავ_არაკია, ხან მისი რომელიმე პერსონაჟი.  ერთმა კაცმა მარგალიტები პირში დამალა. მეკობრენი შემოხვდნენ და მუნჯი ეგონათ: “ერთმა თქვა: გავძარცვოთო, მეორემ თქვა: რა წაუღოთო? მესამემ თქვა: არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავსა ხდიდნენ და ვერ გახადესო. ამ სიტყვასა ზედა მას კაცსა გაეცინა და ორი თვალი პირით გადმოაგდო” (ვაზირის ნაამბობი “უბედური დიდვაჭარი”).

შავ იუმორს ჰგავს “ჯოჯოხეთში დაუტევნელი”.  ერთი კაცი “რა ბოროტისგან მოიცალის, დაიწყის ლოცვა და ტირილი”. ამ კაცის უკვე ასეთი დახასიათება, რომ ჯერ  ბოროტებას ჩადიოდა, ეს მიაჩნდა მთავარ საქმედ და მერე, რომ მოიცლიდა, დასვენების ჟამს, ლოცულობდა, სასაცილო და ღიმილისმომგვრელია. იგი თითქოს ძალას იკრებდა ახალი ბოროტების ჩასადენად. რეალურად, მართლაც, ასე ხდებოდა. ჯერ უკვე ჩადენილს ინანიებდა  და ახლისთვის განწმენდილი ემზადებოდა. თავისთავად, ამგვარი ფარისევლური დამოკიდებულება რწმენა-ლოცვისადმი სასაცილოა. მაგრამ ერთგვარი მოულოდნელობით არის აღბეჭდილი, როგორ “გააცურებს” ეს კაცი უფალს. ანგელოზმა უთხრა, ავნაქმართა გამო უფალი სამოთხეს არ გაძლევს, მაგრამ ასეთი მლოცველობისთვის სამოთხის გარდა, რასაც ითხოვ, მოგეცემაო. ანგელოზის შეთავაზებაც ხუმრობას ჰგავს, რადგან ამ კაცს მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს: ან სამოთხე ან ჯოჯოხეთი. რეალურად, ანგელოზი ბოროტ კაცს ფორმალურად აყენებს არჩევანის წინაშე, რასაც იმსახურებს კიდეც იგი, მაგრამ დახეთ მის მოხერხებულობასა და ეშმაკობას, ჭკუაში  მოუგო ანგელოზს, თუ სამოთხე არ მომეცემა, ერთი სათხოვარი მაქვს, უფალმა ისეთი დიდი შემქმნას, რომ ჩემ მეტი ჯოჯოხეთში ვერავინ დაეტიოსო.  “ეს ვეღარ უყო ღმერთმან და ისევ სამოთხე მისცა მას კაცსაო”. სიცილს ვერ შეიკავებს მკითხველი იგავ-არაკებზე: “მეფე და ავსიტყვა”, “მელი მოძღვრად” და სხვ.

სასაცილოა ხან აზრი და ხან გამოთქმა. მაგალითად,  იგავ-არაკში  ღიმილს იწვევს სიტყვა, რომელიც ამ კონტექსტისთვის შეუფერებელია. მაგალითად, ლილით შეღებილი მელა მამალს რომ ეუბნება: “ბერად შევდეგ. იერუსალემს მინდა წავიდეო”. ნასოფლარზე ნაცანცარები მელასგან უცებ ბერად შედგომა და ირუსალიმს წასვლა იმდენად კონტრასტულია, რომ ღიმილს იწვევს.  ხოლო მამალი რომ ამას სრულებით სერიოზულად და დაუეჭვებლად მიიღებს, სიცილის შეკავება შეუძლებელია. შემდეგ ოფოფი და ძერაც რომ გაბრიყვდებიან, წერია: “შეიყარნენ ოთხნი ამხანაგნი”. ამავე წიგნში ამხანაგის ცნების საბას (სედრაქისეულ) შეგონებებს თუ გავითვალისწინებთ, რომელთა მიხედვითაც: “კარგი ამხანაგი ადვილად არ იშოვების, გზაზე ცუდად არ იპოვების, იაფად ვერავინ იყიდის”, რა თქმა უნდა, სასაცილოდ მოჩანს ფრაზა: “შეიყარნენ ოთხნი ამხანაგნი” ან კიდევ “მელი სოროსკენ გაუძღვა”. აქ თითქოს უადგილო “გაუძღვა” ღიმილის მომგვრელია. ამავე რიგისაა  “სოროში შეასხა”. აქცენტია სიტყვა “შეასხაზე”. შეასხა, როგორც გზადაბნეული ცხვარი  და არა შეიყვანა.   ან კიდევ, როცა მელი ეტყვით, ორ ცოდვას შეგინდობთ, მესამეს კი არაო. ისინი არც დაფიქრებულან და, მით უმეტეს, არ შემკრთალან, “თავი უბრალონი ეგონათ”. აქ “უბრალონი ეგონათ”_სასაცილოა.  “უბრძანა პირველსა მოწაფეს, მამალსა”. აქ სიტყვა “მოწაფის” ხსენება იმდენად მოულოდნელად უადგილოა, სახარებისეული კონტექსტის საპირისპირო, რომ მკითხველს ისღა დარჩენია, გულიანად იხარხაროს მელის ეშმაკობასა და მის “მოწაფეთა” სიბრიყვეზე. ასე რომ, ამ წიგნში სიბრძნე სიცრუისაც წარმოჩნდება  და სიბრძნე სიცილისაც.

“სიბრძნე სიცრუისას” თხრობის რიტმი ხან ჩქარდება და ხან შედარებით ნელდება, აჩქარებულია, როცა პერსონაჟები ერთმანეთს სიტყვიერად  ეპაექრებიან ან იგავ-არაკებით უსაბუთებენ სათქმელს, მაგრამ თხრობა შედარებით მდორდება, როცა ლეონი სხვადასხვა მეფისა და ქვეყნის ამბებს  ჰყვება. თხრობას ამრავალფეროვნებს გამოცანებიც. მაგალითად, თხისა, მგლისა და თივის, ან ექვსი ცოლ-ქმრის შესახებ. ამ დროს მკითხველი აქტიურად ერთვება და ცდილობს პერსონაჟის პასუხამდე თვითონვე სწორად გამოიცნოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი