შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

კოკასა შიგან რაცა დგას…

მდიდარია ქართული მწერლობა თუ ხალხური სიტყვიერება ანდაზებითა და აფორიზმებით. ბევრ მეცნიერულ თეორემასა და აქსიომას შეშურდება მათი სისხარტე, ლაკონიურობა თუ სიღრმე. და კიდევ, მათი მნიშვნელობა ყველას ესმის, ამისთვის ამა თუ იმ დარგის ცოდნა არ არის საჭირო.

ვინ და როგორ ქმნიდა მათ? ჩანს, კვლევა-ძიება მარტო დიპლომირებულ მეცნიერთა ინტერესი არ ყოფილა. მილეთის მკვიდრთა შორის დასაბამიდან აღმოჩნდებოდნენ ხოლმე კირკიტა ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაზე, საზოგადოებაზე, გარემოზე დაკვირვების შედეგებს ანდაზებად და აფორიზმებად გამოთქვამდნენ. მათი ეს შედევრები დაწერილი თუ დაუწერელი ფორმით თაობიდან თაობას, საუკუნიდან საუკუნეს გადაეცემოდა. მრავალი მათგანი ალბათ რამდენიმე საუკუნის წინათ შეიქმნა, მაგრამ დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორიც ბაგეებიდან მათი პირველმოწყვეტის ჟამს. ამ „საზეპიროების“ დასწავლას არავინ არავის აიძულებს, მაგრამ მაინც ყველამ იცის – წიგნიერმაც და წერა-კითხვის უცოდინარმაც, დიდი აუდიტორიის წინ კათედრაზე მდგომმა პროფესორმაც და ყანაში მიმავალმა მხარზე თოხგადებულმა გლეხმაც.

სათაურად გამოტანილი აფორიზმის დასასრულიც ყველას კარგად მოეხსენება, თუმცა ვეჭვობ, მის მნიშვნელობას ბოლომდე ვაცნობიერებდეთ. თავს ვერ დავდებ, შესაძლოა მე მართლაც მეტისმეტად პროფესიულად ვუდგები მას, მაგრამ, ბუნებისმეტყველების დარგის მიმდევარს, სხვაგვარად არ შემიძლია.

ჩემი ღრმა რწმენით, ანდაზები და აფორიზმები, ისევე როგორც თანამედროვე თეორიები, დიდი და მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად იქმნებოდა. არც ერთი მათგანი „ანაზდად“ ნათქვამი არ არის. როგორც მემატიანენი წერენ, კეკულესაც და მენდელეევსაც ერთი ჩათვლემა დასჭირდათ, რომ ბენზოლის ფორმულა და ელემენტების პერიოდულობის კანონი დაეტოვებინათ შთამომავლებისთვის, მაგრამ თვალზე რულის მოკიდებამდეც მათზე ფიქრობდნენ. ასე იშვა მათი გონების ნაყოფი. „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდებისო“, – თქვა ჩვენმა წინაპარმა. ალბათ, ისიც კეკულესავით დიდხანს აკვირდებოდა, სანამ მას ასეთ ფორმულირებას მოუძებნიდა. კოკასა შიგან რაცა დგასო…. მაგრამ რატომ მაინცდმაინც კოკა? რატომ არა თუნგი, სათლი ან რომელიმე სხვა იმჟამინდელი სარწყული?..

…პირველი, რასაც ქიმიაში ვასწავლით, მოქმედ მასათა კანონია. დაფაზე ვწერთ უმარტივეს ქიმიურ რეაქციას, ვასწორებთ სტექიომეტრიულ კოეფიციენტებს და ვუხსნით, რამდენი გრამი საწყისი ნივთიერებაა საჭირო განსაზღვრული რაოდენობის პროდუქტის მისაღებად ან პირიქით, თუ ავიღებთ განსაზღვრული რაოდენობის საწყის ნივთიერებას, რამდენ გრამ პროდუქტს მივიღებთ. მაგალითად, ქვემოთ მოყვანილი ესტერიფიკაციის რეაქციიდან ჩანს, რომ 60 გრამი ძმარმჟავას 46 გრამ ეთილის სპირტთან ურთიერთქმედებით მიიღება 88 გრამი ძმარმჟავა ეთილის ესტერი და 18 გრამი წყალი.

eliz_26022016-1

ერთი შეხედვით, ყველაფერი სწორია. აღებული ნაერთების მასების ჯამი მიღებული ნაერთების მასების ჯამს უდრის, რითაც მოქმედ მასათა უზენაესი კანონის მოთხოვნები სრულდება. ეთანოლთან ძმარმჟავას ურთიერთქმედება რომ ესტერსა და წყალს იძლევა, ესეც არაერთი კვლევის შედეგადაა დადგენილი და იმასაც კი მივაკვლიეთ, წყალში ჟანგბადის ატომი მჟავადან გადადის თუ სპირტიდან. მაგრამ აქ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას ვივიწყებთ: ჩვენი მსჯელობა სამართლიანია მხოლოდ იდეალურ პირობებში, ჩვენ კი იდეალურ გარემოში არ ვცხოვრობთ, ამიტომ პრაქტიკაში სულ სხვაგვარადაა საქმე. ყოველი კარგად გათვლილი, ზედმიწევნით დაგეგმილი და ჩატარებული რეაქციის შემდეგ მე და ჩემს კოლეგებს პირველად ეს კითხვა გვიჩნდება: „ნეტავი რამდენი მივიღეთ მიზნობრივი პროდუქტი? რატომ?“ დავუბრუნდეთ ზემოთ მოყვანილ უმარტივეს რეაქციას. არ უნდა დავივიწყოთ, რომ აღებული მორეაგირე კომპონენტების ურთიერთქმედება მჟავა კატალიზატორის თანაობისას დუღებით მომდინარეობს, ამ დროს კი ესტერთან ერთად შეიძლება წარმოიქმნას ეთერი, ალკენი, ოლიგომერი და ა.შ. და წარმოიქმნება კიდეც. მხოლოდ ექსპერიმენტატორის მოხერხებაზეა დამოკიდებული, რამდენად შეამცირებს მათ წარმოქმნას.

eliz_26022016-2

ისევ კოკას დავუბრუნდეთ. მინდვრად გასული ადამიანისთვის ზაფხულის ხვატში კოკა ერთადერთი ჭურჭელი იყო, რომელიც გრილად ინახავდა წყალს და თაკარა მზით გაწამებულ მაშვრალს წყურვილის მოკვლის საშუალებას აძლევდა. რატომ მაინცდამაინც კოკა? თიხის ამ ჭურჭელს უხილავი ფორები აქვს, რომელთა ტალანებში გზის გაკვლევას მხოლოდ წყლის ზოგიერთი ანცი მოლეკულა ახერხებს და ჭარბ ენერგიასაც (სითბოს) ხელს გააყოლებს ხოლმე. კოკაში დარჩენილი წყალი კი თითქმის ისეთივე გრილი რჩება, როგორიც დილით წყაროზე აიღეს. ამრიგად, „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“ მის შიგთავს ხარისხობრივად უფრო ახასიათებს, ვიდრე რაოდენობრივად.

ეს რეალური სამყაროს ერთგვარი ფუნდამენტური კანონია. მაღალი ხარისხი გადარჩევის, ბალასტის ჩამოცილების გზით მიიღება. მიღებული ნაერთების გასუფთავება (ზოგჯერ – დიდი დანაკარგებითაც) ყოველი ქიმიური ექსპერიმენტის აუცილებელი საბოლოო პროცედურაა. ბაზარში ჯანსაღ ბოსტნეულს იმისთვის ვარჩევთ, რომ სადილის ქვაბამდე რაც შეიძლება მეტმა მასალამ მიაღწიოს. შეადარეთ ნატრიუმის ქლორის (სუფრის მარილის) ფასი სუპერმარკეტსა და აფთიაქში (ფიზიოლოგიური ხსნარი). ფასთა შორის უზარმაზარი სხვაობა ხარისხითა და სისუფთავით არის განპირობებული.

ჩვენდა სამწუხაროდ, ერთადერთი სფერო, რომელიც „გადარჩევის ამ ფუნდამენტურ კანონს“ არ ცნობს, ზოგადი, უფრო მეტად კი უმაღლესი საგანმანათლებლო სექტორია. დღეს უმაღლეს სასწავლებს პრაქტიკულად იმდენივე სტუდენტი ამთავრებს, რამდენი აბიტურიენტიც ირიცხება, თუ არ ჩავთვლით იმ ერთეულ შემთხვევებს, როდესაც სტუდენტები თავად აღარ ან ვეღარ აგრძელებენ სწავლას. მთავარია აბიტურიენტმა გადალახოს საგამოცდო ზღვარი და გახდეს სტუდენტი – დიპლომი, პრაქტიკულად, გარანტირებული აქვს.

როგორ ახერხებს ყველა სტუდენტი „სპეციალისტის“  დიპლომის მიღებას?

უნივერსიტეტის მენეჯმენტისთვის თითოეული სტუდენტის უკან ვაუჩერი დგას. ზოგიერთ უნივერსიტეტში გამიგონია, რომ ასეთი სტუდენტები საჭიროა, რათა კრიტიკული მასა შეიქმნას და სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებს სწავლის საშუალება მისცენ. ერთი შეხედვით, არის ამაში ლოგიკა… ისევე როგორც ფრანგულ კინემატოგრაფიაში – იღებენ ათ მდარე ხარისხის „ჰოლივუდურ“ ფილმს, რათა შეძლონ კომერციულად არამოგებიანი ერთ „ფრანგული“ ფილმის გადაღება… თუმცა…

რატომ უწერენ პროფესორ-მასწავლებლები სტუდენტებს დაუმსახურებელ ნიშნებს? ხშირად ამ კითხვაზე პასუხად გაიგონებთ: „ცოდოა, მეტს ვერ სწავლობს“… დიახ, ადამიანურად ალბათ მართლაც შესაბრალისია სტუდენტი, რომელსაც საკმაოდ დიდი ხარჯის გაღება უწევს ამ დუხჭირ ცხოვრებაში, მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა: რატომ არ გვეცოდება სტუდენტი, რომელიც დღესა და ღამეს ასწორებს სწავლისათვის და მაინც ისეთივე დიპლომს იღებს, როგორსაც მისი უსწავლელი კოლეგები? ამგვარად ვიღებთ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ცხოვრების ასპარეზზე გასულ ორი კატეგორიის სპეციალისტებს: ერთხელ უკვე წარმატებამიღწეულ, წაქეზებულ-წახალისებულ ცრუდიპლომიანებს და მცოდნე, მაგრამ ცხოვრებაზე ხელჩაქნეულ, გულგატეხილ ადამიანებს, რომლებსაც მუდამ შეაწუხებთ კითხვა, რისთვის იწვალეს ამდენი. ასე ჩაისახა რამდენიმე ათეული წლის წინ სწავლისადმი ნიჰილიზმი და ღრმად გაიდგა ფესვი ნოყიერ ნიადაგში. გადავავლოთ თვალი ფილმებსა თუ სხვა მხატვრულ ნაწარმოებებს, რამდენ „ბეთჰოვენას“, „ჭკუისკოლოფას“, „ბოტანიკოსს“ შევხდებით.

უცოდინრობის ჰორიზონტი ძალიან ახლოსა. თუ ნიჰილიზმის ჭოგრიტით ვუმზერთ – ხომ მთლად ხელის გაწვდენაზე, და ერთადერთი ბილიკი, რომელიც ამ ჰორიზონტისკენ მიიკლაკნება, სინამდვილეში მენტალური მონობისკენ მიმავალი გზაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი