პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სისულელედან  ჭეშმარიტებამდე

ეს პრობლემა დიდი ხნის წინ იღებს სათავეს. ალბათ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა უზარმაზარ ქვეყანაში სულ თითზე ჩამოსათვლელი გაზეთი გამოდიოდა და რიგითი მეურნიდან დაწყებული, რაიკომის მდივნით დამთავრებული, ვალდებულებად მიიჩნევდა თავს ყველა მათგანს გაცნობოდა. დიდი თუ პატარა ქალაქის, ერთგვარ კოლორიტს წარმოადგენდა გაზეთების ჯიხურები, დილაადრიანი რიგებით. ამ უსახურ პატარა შემინულ ფიცრულებში პროდუქციის ასორტიმენტიც შესაბამისი ჰქონდათ: „კომუნისტი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“,  „სოფლის ცხოვრება“ და დედაქალაქელებისათვის დამატებით საღამოს გაზეთი „თბილისი“ და კიდევ იყო რაიონული გაზეთები, მასალითა და ბეჭდვის ხარისხით იატაკქვეშეთში დაბეჭდილებს რომ ჩამოჰგავდა  ერთობ უცნაური დასახელებით: „ლენინის გზა“, „წინ კომუნიზმისაკენ“ და კიდევ ვინ მოთვლის პარტიულ-აგიტაციურ ფანტაზიის შედევრებს…

ლიტერატურული თუ სამეცნიერო პერიოდიკა დიდი იშვიათობა იყო და პრესის მასობრივი გავრცელების დაწესებულებები მათ არ სწყალობდნენ.

ის რომ ეს გაზეთები, აგიტაციის კარგად გამართული მანქანის ნაწილები იყო, მათი დასახელებები, გამომცემელი ორგანოები და თვით ფასიც ცალსახად მიუთითებდა. მონური შრომის შედეგად გამოცემულ პირობებშიც კი  „კომუნისტისათვის“ 3 კაპიკი მხოლოდ სიმბოლური ფასი იყო.

და ასე იკითხებოდა ყველა გაზეთი ანიდან – ჰოემდე,  დარუბანდიდან – ნიკოფსიამდე. იკითხებოდა და მკითხველი დარწმუნებული იყო, რომ იქ  ტყუილის დაწერას ვერავინ გაბედავდა (ცხადია, სახელწიფო იდეოლოგია არ ითვლებოდა ტყუილად).  მას იმდენი ორგანო ადევნებდა თვალყურს, რომ შეცდომის, თუნდაც კორექტურის, გაპარვა მკაცრად ისჯებოდა.  შემდეგ მოიშალა ცენზურის მარწუხები. დაგუბებულმა ტყუილ-მართალმა, ერთიანად გაარღვია შემაკავებელი ჯებირი და აჭრელდა გაზეთების ჯიხურებიც. მახსოვს, ამ ამბავმა არაერთი შეაწუხა. ბევრი დააბნია – ამდენ გაზეთს რა წაიკითხავსო. გაზეთი ხომ იმისთვის იბეჭდებოდა, რომ აუცილებლად უნდა წაგვეკითხა.

ბეჭდურ მედიას ცივი წყალი გადაასხა ელექტრონულმა მედიამ. მიუკერძოებელ-მიკერძოებულ ბეჭდურ მედიაში მაინც „გადამოწმებული“ მასალა იბეჭდება. ელექტრონულში კი პრაქტიკულად იმდენი „სააგენტო“ გაჩნდა, რამდენი მომხმარებელიც დადის ამ ქვეყნად  და კიდევ უფრო დაიბნა რიგითი მკითხველი. მით უფრო ისინი, ვინც წარსულიდან ინერციით მოსდევენ მას-მედიას.

ხშირად შემხვედრია  სოციალური ქსელებში, ჩემი კოლეგების პირად კედელზე, სხვადასხვა სააგენტოებიდან გაზიარებული წერილები, რომლის შინაარსი არა თუ მცდარია, არამედ მსგავსი მასალის გამოქვეყნება დანაშაულის ტოლფასიც კი შეიძლება იყოს, არაერთი მიზეზის გამო.

ერთი წლის წინ შემხვდა პირველად წერილი, რომელიც დღემდის ხელიდან – ხელში, კედლიდან – კედელზე გადადის კვლავაც. ამ „სტატიაში“ ინკოგნიტო ავტორის მახვილ თვალს კბილის პასტების  ტუბებზე სადღაც  ბოლოში ფერადი კვადრატები შეუნიშნავს. და მთელი მონდომებით  გვიყვება, რომ მწვანე კვადრატი ეკოლოგიურ თუ ბიო პროდუქტის აღნიშნავს, წითელი – ქიმიურს, შავი – მთლად ჯოჯოხეთის მაშხალაა.

ცხადია, ყველა ვერ იქნება ქიმიასა და ტექნოლოგიაში განსწავლული, მაგრამ ამ საკითხის სულ მცირე კრიტიკული თვალით შეხედვა გვიხსნის სიცრუის მორებში ჩათრევისაგან.

პირველ რიგში, ეკოლოგიურად სუფთა, ბიო პროდუქტი დღეისათვის დიდი ფუფუნებაა როგორც მწარმოებლისთვის, ისე მომხმარებლისათვის.  მეწარმეს  ასეთი პროდუქტის დამზადება ისედაც ძვირი უჯდება და მის რეალიზაციას  აგრესიული რეკლამის მიხმარება სჭირდება (რომ ეს პროდუქტი „ბიო“-ს ხაზს ეკუთვნის), რათა  იგი ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს შედარებით იაფფასიან პროდუქციასთან. გარდა ამისა, „ბიო“, „ეკოლოგიურად სუფთა“ და სხვა მსგავსი მოდური დამატებითი წარწერები (რომელიც რეგულირებადია)  დამატებითი დივიდენდის მომტანია. ამიტომ იგი, როგორც წესი, ფართოდ რეკლამირდება, დიდი ასოებით ეწერება კარგად გამოსაჩენ ადგილას და არა ყოვლად გაუგებარ, პატარა, ძლივს შესამჩნევ ადგილას განთავსებული მწვანე კვადრატით.

მათ, ვისაც მაინც აინტერესებს, თუ რა დანიშნულება აქვთ ამ კვადრატებს, შევეცდები მოკლედ და მარტივად ავუხსნა. ტუბები მზადდება წინასწარ დაბეჭდილი (მოხატული) პოლიმერული მასალის ლენტიდან (თხელი ფირფიტიდან), რომელიც რულონებად არის დახვეული.  ტუბის ფორმირების დანადგარში იგი მიეწოდება სპეციალურ მაფორმირებელ (ფორმის მომცემ) უბანს, რომელიც წარმოადგენს ტუბის დიამეტრის მილს. ლენტი შემოეკვრება მილს და სპეციალური უთო თერმულად გაკერავს, რითაც პოლიმერის ლენტი იქცევა მილაკად. შემდეგ ეტაპზე საჭიროა ამ მილის ტუბის სიგრძეზე გაჭრა. პროცესი ავტომატურია და მილის გაჭრას რობოტიზირებული დანადგარი ახდენს იმ ადგილას, სადაც რობოტის „თვალი“ შენიშნავს ფერად კვადრატს. თუ რატომ არის სხვადასხვა ფერის, ეს დამოკიდებულია რობოტის „თვალის“ მგრძნობიარობაზე (თუ რომელ ფერს აღიქვამს) და ტუბის მოხატულობაზე გამოყენებულ ფერებზე. ცდილობენ, რომ კვადრატის ფერი იყოს განსხვავებული, ვიდრე ტუბის ეტიკეტი კონტრასტის შესანარჩუნებლად.

ეს ტექნოლოგია ზოგადია და მხოლოდ  კბილის პასტების ტუბები არ მზადდება ასე. თქვენ ასეთ კვადრატებს ასევე იპოვით პოლიმერულ შეფუთვის სხვა პროდუქციაზე, როგორიცაა ჩიპსები, დეტერგენტები (სარეცხი ფხვნილები) და სხვა მრავალი.

ზოგჯერ გვიკვირს თუ აშკარა ტყუილი რატომ იკიდებს ფეხს ფართო მასებში ასე ადვილად. იოზეფ გებელსი, მესამე რაიხის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, ამბობდა: თუ ვინმეს მოტყუება გინდათ, უთხარით მას ისეთი დიდი სისულელე, რომ იფიქროს, ასეთ სისულელეს ვერ იკადრებდაო და დაგიჯერებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი