სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

სიყვარულის მეტაფორები: დაავადება

„ყოველ სნეულებაზე სიყვარული ძნელია,

ოი და,  შეყვარებულისათვის,

ოი და, ნათელიც კი ბნელია…“

 აკაკი წერეთელი

შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად არცერთი კონცეპტი, საგანი, მოვლენა არ არის დარჩენილი, რომელიც სიყვარულის მეტაფორად არ ქცეულა.  არც ერთ, თუნდაც უნივერსალურ, მეტაფორას და არც ყველას ერთად, არ შეუძლია სრულად გამოხატოს სიყვარულის ბუნება.

ის არის სტიქია (ცეცხლი), რომელიც წვავს და გარდაქმნის,  ის მცენარეა, რომელსაც ზრდი… ჭაა, რომელშიც ვარდები;  ვარდია, რომელზეც ბულბული გალობს; სიგიჟეა, რომელიც არ კონტროლდება; დაავადებაა, რომელიც განუკურნებელია და სხვა და სხვა…

მაგრამ რომელი მეტაფორა მოგცემთ სიყვარულის სრულ ახსნას?  რა თქმა უნდა, არცერთი.

უმეტესად სიყვარულის „ახსნას“ მაინც პოეტები და ექიმები ცდილობენ, ხშირად მათი დასკვნები ერთნაირიც კია.

პოეტების აღწერით:

„ტრფობა კვამლია, წარმომდგარი ოხვრით და ხვნეშით,

ხან, თუ აღეგზნო, ცეცხლს აკვესებს მიჯნურთ თვალებში,

გზა თუ დაუხშეს, ცრემლების ზღვად იქცევა მაშინ.

კიდევ რა არის სიყვარული? სიგიჟე არის,

ბრძნული სიგიჟე, ნაღველი და სიმწარე მტკბარი.“ („რომეო და ჯულიეტა“)

თუ შექსპირთან  სიყვარული „ბრძნული სიგიჟეა“, „ვეფხისტყაოსნის“ ტარიელის სიშლეგეს ბრძნულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ:

„ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი, ხელი ვითა იქმს ბრძნობასა?

ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა“.

ან:

აქიმნიცა იკვირვებდეს: „ესე სენი რაგვარია?“

სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია.“

ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია…“

მიჯნური ხომ ისედაც „შმაგს“ ნიშნავს და რატომ შმაგდება შეყვარებული, ამას შოთა ასე განმარტავს:

„მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა,
მით რომე შმაგობს მისისა ვერ-მიხვდომისა წყენითა;“

მოუხელთებლის ვერ-მოხელთება  და მიუწვდომლის ვერ-მიწვდენა აშმაგებს და აავადებს შეყვარებულს…

ექიმების განმარტებით: სიყვარული იწვევს ფსიქიკურ აშლილობას, შფოთიანობას, ტემპერატურის მომატებას, უძილობას, დეპრესიას და ეიფორიას, ცნობიერების დაბინდვას; პაციენტები, დიაგნოზით-სიყვარული, განიცდიან შეპყრობილობას, არაადექვატურები არიან, აწუხებთ ტრფობის საგნის აკვიატება… პროცესი უფრო შორსაც შეიძლება წავიდეს და სიყვარული იქცეს სასიკვდილო იარაღად.

სემიოტიკური აღწერით:

სიყვარულის გამოვლენა სამყაროში ყველაზე მეტად აღიწერება ტერმინით- სემიოზისი. სიყვარული სემიოზისის პროცესია – მუდმივად ფორმაცვალებადი ღრუბელი: ხან ავდრის და ხანაც – დარის მომასწავებელი,  განსხვავებული არომატების გამოსავლენად განსხვავებული მეტაფორების სათვალეს ირგებს. სემიოზისის პროცესის  შედეგია ნიშნის შექმნა; სიყვარულის მეტაფორები სიყვარულის ნიშნებადაც შეგვიძლია განვიხილოთ…ნიშანი არ არის ის, რაც ამ ნიშნით გამოითქმის;  სიყვარულის ყველა მეტაფორა რომ ერთად შევკრიბოთ, უბრალოდ, მოზაიკას მივიღებთ… ყველა ნიშანი ხომ მაინც პირობითია…?

სიყვარულის თითოეული მეტაფორა განპირობებულია, თავისი კონტექსტი აქვს… უპირობო გრძნობის პირობითი ნიშნებით გადმოცემა შეუძლებელია. საბოლოოდ, ყველა ნიშანი იშლება, უქმდება და მისი აზრი მხოლოდ ის არის, რომ პირობათა და ფორმათა სამყაროდან შექმნას ნაპრალი, რომელიც სხვა გაზომილებაში გასასვლელია.

სიყვარულის უნივერსალური მეტაფორებიდან „ავადმყოფობა“, „სენი“, „სიგიჟე“ _ ყოველთვის აქტუალური იყო და არის. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიყვარული დაავადებათა ნუსხაში შეიტანესო. ამ თემას შემდეგ ბევრი სერიოზული განხილვა და ანალიზი მოჰყვა სხვადასხვა საიტსა და ბლოგზე.

 „სიყვარული დაავადებაა, რომელსაც უნდა უმკურნალო ისევე, როგორც სხვა დაავადებებს“. თურმე ნუ იტყვით და, გარკვეული ნიშნებით, სიყვარულის დაავადება მოხვდა ისეთი დაავადებების გვერდით, როგორებიცაა: ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, კლეპტომანია და სხვა მისთანები.  არ ვიცი, ვინ შეუმოწმა მსოფლიო ჯანდაცვის საზოგადოებას ეს დასკვნა, მაგრამ, ფქტია, რომ თემა აქტუალური აღმოჩნდა. შეყვარებულების ავადმყოფებად გამოცხადება ახალიც არ არის. ბევრსაც საკუთრ თავზე გამოუცდია…

ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები სიყვარულის შფოთებს სხვაგვარ განმარტებებს აძლევენ: ჯგუფებად ჰყოფენ, ახარისხებენ და ასე შემდეგ. ერთი ეგ არის, რომ  მას ვერავინ ვერ მკურნალობს.

მოკლედ, სიყვარული ამ მოდელის მიხედვით, არის დაავადებაც და სხვა დაავადების გამომწვევიც. სხვა მეტაფორული მოდელის მიხედვით კი, სიყვარულია ის, რომლითაც ყველა დაავადება იკურნება.

ამ ბოლოს ორ ფრანგულ ფილმს ვუყურე: ერთს ჰქვია: „სიყვარულის ავადმყოფობა“ და მეორეს: „ყველა დაავადებას სიყვარული კურნავს“.  თავიდანვე გაგაფრთხილეთ, რომ ეს გრძნობა იმდენად ამბივალენტურია, ერთდოულად შეიცავს კისაც და არასაც, შავსაც და თეთრსაც, ცხელსაც და ცივსაც („ცხელი გული“ და „ცივი წყლის გადასხმა“), სიტკბოსაც და სიმწარესაც, ერთდროულად მიგიზიდავს და განგიზიდავს, დაგწვავს და აღგადგენს; გულიანი და უგულო –  ორივე სიყვარულის მეტაფორებია…

ყველა მეტაფორის „გავლის“ შემდეგ დგება ალბათ მთავარი მდგომარეობა: სიყვარული – ღმერთია… ღმერთი კი განუმარტავია… სიყვარულიც…

ერთ თანამედროვე სულიერ მასწავლებელს ჰკითხეს:

_ გვითხარი, რა არის სიყვარული, რომელსაც ყველა ასე ესწრაფვის?

მან უპასუხა: _ მე არ შემიძლია გითხრათ, რა არის სიყვარული, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რაც არ არის: ძალადობა – არ არის სიყვარული, ემოცია – არ არის სიყვარული, ფლობა – არ არის სიყვარული. ნამდვილი სიყვარული შეუძლებელია, სიტყვებით აღიწეროს, ის უნდა განიცადო… აზრი არა აქვს მასზე ლაპარაკს, რადგან ყველაფერი, რაც ვიცით, პირობითია, ნამდვილი სიყვარული კი უპირობოა: მას არა აქვს მიზეზი, არა აქვს ახსნა, ის უბრალოდ არის და მორჩა!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი