სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

ბიოლოგიის საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვისათვის

სწავლების ყველა ინოვაციური მეთოდი დაფუძვნებულია იმაზე, რომ შეიქმნას საინტერესო და მნიშვნელოვანი რესურსი საგაკვეთილო პროცესში ექსპერიმენტული ნაწილის უკეთ ათვისებისა და განხორციელებისათვის.

მოსწავლის მოტივაციის ამაღლება ყველა პედაგოგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია. დაგეგმილი, სწორად შერჩეული ვიზუალური მასალები, ვირტუალური ლაბორატორიები, პრეზენტაციები, ჯგუფებში თამაში და ექსპერიმენტული ნაწილი იწვევს მოსწავლის, როგორც დაინტერესებას საგნისადმი, ისე მის უკეთ ათვისებას. საჩვენებელი მასალები შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს, რადგან საგნის ათვისება მოსწავლისათვის გულისხმობს არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ინფორმაციის ცოდნად გარდაქმნასა და მის შენახვას დიდი ხნის განმავლობაში, ყოველივე ამას საჩვენებლი მასალების გამოყენებით ვახერხებთ.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ინოვაციურ მეთოდებს მიეკუთვნება:
საგანმანათლებლო თამაშებისა და ვირტუალური ლაბორატორიების აქტიური გამოყენება, ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებების შესრულება ნახატების, ნახაზების და დიაგრამების სახით, რეფერატებისა და პრეზენტაციების მომზადება ელექტრონული წიგნების სახით, ბლოგების შექმნა გარკვეულ თემის ირგვლივ და ა. შ.
სასწავლო ელექტრონული რესურსების გამოყენებისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს გარკვეული კრიტერიუმები საგაკვეთილო პროცესში მის გამოყენებასთან დაკავშირებით. მათ შორის აუცილებელი და მნიშვნელოვანია:
·ყველა რესურსი დაკავშირებული იყოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან;
·ელექტრონული რესურსი შექმნილი უნდა იყოს მოსწავლისათვის გასაგებ ენაზე;
·სხვადასხვა ტიპის რესურსები იძლეოდეს, როგორც მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, ასევე მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის საშუალებას ცოდნის რეალიზაციისა და განმტკიცებისათვის;
·მოსწავლესათვის რესურსების ხელმისაწვდომობა არ უნდა წარმოადგენდეს სირთულეს.
ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოიყენება სხვადასხვა სასწავლო საგანმანათლებლო სახელმძღვანელოს ელექტრონული ვარიანტები. პედაგოგებისათვის და მოსწავლეებისათვის ძალიან საინტერესოაhttps://www.calameo.com/ (ინგლისურ ენაზე) ან https://fr.calameo.com/ (ფრანგულ ენაზე) ინტერნეტ-რესურსი, რომლის გამოყენებაც საშუალებას იძლევა, პედაგოგმა ან მოსწავლემ შექმნას ელექტრონული წიგნი. შესაძლებელია, თითოეული თემის ირგვლივ შეიქმნას ბიოლოგიურ სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონი და ა.შ. ბუნებრივია, ამისათვის საჭიროა, საიტზე დარეგისტრირება. დარეგისტირების შემდეგ შესაძლებელია სხვადასხვა ფაილებში(doc. ppt. pdf. xsl. txt ) მომზადებული მასალები აიტვირთოს web – ზე, რომელიც მიიღებს ელექტრონული წიგნის სახეს, რაც ხელმისაწვდომი იქნება, როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე დაინტერესებული მშობლებისთვის.
როგორც რეფერატების მოსამზადებლად, ასევე საშინაო დავალებებისათვის საინტერესოა ბლოგების შექმნა, რაც წარმოადგენს უშუალო კავშირს პედაგოგსა და მოსწავლეს შორის ინტერნეტ-სივრცეში.
ბლოგი ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ წარმოებული ვებ-საიტია, რეგულარული ჩანაწერებით, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენებს ან შეიცავენ გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალას. ყველაზე ცნობილი ბლოგების ძიების სისტემა Technorati – ა, რომელიც რამდენიმე ათეულ მილიონ ბლოგს შეიცავს. ქართული ბლოგოსფერო ძალიან სწრაფად ვითარდება. ქართული ბლოგები ძირითადად უცხოურ დომენებზეა განთავსებული უმეტესწილად www.Blogger.com და www.wordpress.com-ზე. ამ ბლოგებზე საკმარისია დარეგისტრირება, დარეგისტრირების შემდგომ შესაძლებელია შეიქმნას კონკრეტული კლასის ბლოგი, სადაც პედაგოგს საშუალება ექნება განათავსოს, როგორც დავალებები, ასევე საინტერესო და აქტუალური ინტერნეტ-რესურსები საგაკვეთილო პროცესების უკეთ წარმართვისათვის. ბოლო 20 წლის განმავლობაში, სტატისტიკური მონაცემებით, საფრანგეთში გაუმჯობესებულია სწავლის ხარისხი სკოლის ბლოგებისა და ვებ-საიტების გამოყენების გამო. ევროპის ძირითადი სკოლების უმრავლესობა სასწავლო საგანმანათლებლო პროცესში აქტიურად იყენებს ბლოგებს, რომელშიც წარმოდგენილია ბიოლოგიის რჩეული თავები მოსწავლეების სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის. შექმნილია რამდენიმე საიტი, სადაც თავმოყრილია თემები ბიოლოგიაში. საფრანგეთში, ამ მიმართულებით, გამოიყენება ერთ-ერთი პოპულარული საიტი : www.intellego.fr , სადაც თავმოყრილია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სასკოლო თემები თეორიული და პრაქტიკული ნაწილის ასათვისებლად.
მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სასკოლო საგანმანათლებლო სფეროში მუდმივად იქმნება ახალი პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს ვირტუალურ ლაბორატორიებში როგორც ექსპერიმენტული ნაწილის განხორციელებას, ასევე თეორიული ნაწილის უკეთ სწავლებას სქემების მიხედვით. ძალიან ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში skoool, რომელიც წარმოადგენს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სასწავლო რესურსების ბაზას. მნიშვნელოვანია ამ მხრივ საიტები: https://www.skoool.com/ https://lgfl.skoool.co.uk/ (ინგლისურ ენაზე),https://www.skoool.com/skoool_french/index.html (ფრანგულ ენაზე). ბუნებრივია, ელექტრონული სასწავლო რესურსები საქართველოშიც იქმნება. 2011 წლის დასაწყისში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა შეიქმნა საქართველოშიც, რომლის მიზანს წარმოადგენს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება განათლების სექტორში.
ინოვაციაა რესურსები ბიოლოგიაში ქართულ ენაზე https://skoool.emis.ge/biology_all.php, რომლის დახმარებით წინასწარ შესაძლებელია შეირჩეს თემა, რომელიც გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.
ამ რესურსების გამოყენებით მოსწავლე შეაბიჯებს მეცნიერების შთამბეჭდავ სამყაროში.
სოციალურ ქსელში შეიქმნა აგრეთვე გვერდი “საუბრები-ბიოლოგთან”, სადაც ყოველდღიურად ახლდება გვერდი სასწავლო-საგანმანათლებლო სივრცეში არსებული მრავალი საინტერესო სიახლეებით.
მუდმივად ხდება სახელმძღვანელოების შერჩევა საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ბოლო 10 წლის განმავლობაში ავტორები ცდილობენ სახელმძღვანელოებს დაურთონ ქვეთავების მიხედვით რესურსები ინტერნეტში, რომელიც შეაჯამებს ქვეთავს და გააადვილებს მასწავლებლებისათვის შემაჯამებელ შეფასებას. ასევე ეს რესურსი იძლევა საშუალებას, დავალება იყოს სახალისო და მოსწავლისათვის ადვილად ასათვისებელი. ამ მხრივ, საფრანგეთში ბიოლოგიის სწავლება ახლებური კუთხით წარიმართება.
https://www.editions-breal.fr/actualites-decouvrez-les-animations-interatives-et-le-manuel-numerique-48.html წიგნის ქვეთავს დაერთვის მასალა, ელექტრონული ვერსიის სახით გასაკეთებელი სავარჯიშოები, რომელიც ძალზე საინტერესოდაა წარმოდგენილი. იქმნება მრავალი კომპიუტერული პროგრამა ბიოლოგიის რჩეულ თავებზე.https://www.gallerand.fr/.
ამგვარად, წარმოდგენილი მასალების დამუშავების გზით მასწავლებლები თავიანთ პროფესიულ საქმიანობას გაამდიდრებენ სხვადასხვა ტიპის რესურსებით. მოცემული მეთოდები გახდის მათ მუშაობას მაღალეფექტურს, რადგან სასწავლო პროცესში მათი დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე მაღალ შედეგს იძლევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი