პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

დემოკრატიული პედაგოგიკა

პესტალოცის პროგრამის ფარგლებში, 2015 წლის ნოემბერში, ვიმყოფებოდი გერმანიაში, ქ. მაისენის განათლების ინსტიტუტში. დავესწარი სამუშაო შეხვედრას: „დემოკრატიული პედაგოგიკა და ჩართულობა”, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნების პედაგოგებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ზაქსენის გიმნაზიების დემოკრატმა პედაგოგებმა და განათლების სპეციალისტებმა. დისკუსია, ძირითადად, დემოკრატიული პედაგოგიკის რაკურსში წარიმართა. ყურადღება გამახვილდა მის ძლიერ მხარეებზე. მსჯელობა მიდიოდა საკითხზე, როგორ შეიძლება გავხადოთ სასწავლო პროცესი დემოკრატიული და მოსწავლის დემოკრატიულ ღირებულებებზე უფრო მეტად ორიენტირებული.

საქართველოში, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, კიდევ მეტად მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებებით საგაკვეთილო პროცესის გაჯერება. სასურველი იქნებოდა ქართველი პედაგოგების ამ კუთხით გადამზადება და მათი ცნობიერების ამ მიმართულებით ამაღლება. წარმოგიდგენთ იმ ძირითად საკითხებსა და პოსტულატებს, რომლებიც განვიხილეთ „დემოკრატიული პედაგოგიკისა და ჩართულობის” სამუშაო შეხვედრაზე.

სკოლა ორ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს უზრუნველყოფს: მოსწავლეთა განათლებასა და სოციალიზაციას. ძნელია, მათი გამიჯვნა, რომელია, მათ შორის უმთავრესი ან მოიცავს თუ არა ერთი მეორეს.

სკოლის განვითარებისა და მოსწავლეთა განათლების პროცესში ფუნდამენტური ადგილი უჭირავს დემოკრატიულ პედაგოგიკას. როგორ ხდება სკოლის უმთავრესი პრობლემის – სოციალური სწავლის/თანამშრომლობითი სწავლის ფორმების, გაგება-შემეცნებაზე ორიენტირებული სწავლების (სწავლის სერვისი, მომსახურება – Service Learning) ჩამოყალიბება და განვითარება? რამდენად ხორციელდება სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა? (თვითმართველობა, კონფლიქტების მოსწავლეთა მხრიდან მოგვარება, მედიაცია, მოსწავლეთა ინიციატივები, არბიტრთა გუნდი, კლასის საბჭო, თანამშრომლობითი სწავლება).

დემოკრატიული პედაგოგიკა მოიაზრებს პედაგოგიურ, განსაკუთრებით კი სასკოლო და სასწავლო აქტივობებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კომპეტენციების განვითარებას. ეს კომპეტენციები ადამიანებს ესაჭიროებათ,

  • რათა შეძლონ, დემოკრატია გახადონ თავიანთი ცხოვრების ნაწილი და აქტიურად წარმართონ იგი სხვა ადამიანებთან ერთად;
  • რათა დემოკრატიას, როგორც საზოგადოებრივ ფორმას მისცენ ასპარეზი და თანამონაწილეობის გზით შეძლონ ლოკალურ და გლობალურ კონტექსტში მისი გააზრება;
  • რათა მიიღონ დემოკრატია, როგორც მმართველობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს გააზრებულ გადაწყვეტილებასა და გადაწყვეტილების მიღებას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოში სკოლებში მოსწავლეთა სოციალიზაციისა და დემოკრატიული ჩართულობის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ძვრები შეინიშნება. საქართველოს ყველა სკოლას ჰყავს მოსწავლეთა თვითმმართველობები, სამეურვეო საბჭოები, სადაც პედაგოგებსა და მშობლებთან ერთად მოსწავლეებიც მონაწილეობენ. სკოლებში გაჩნდა მოსწავლეთა პარლამენტები, მედიაციის ჯგუფები, დებატკლუბები, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, დემოკრატიული გზით გამოხატონ თავიანთი ინიციატივები და დააფიქსირონ მოსაზრებები და სურვილები. გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ქ. რუსთავის 21-ე საჯარო სკოლაში პირველად საქართველოში გაჩნდა მედიაციის კლუბი. მეხუთე კლასს ზევით თითოეული კლასიდან თანაკლასელების მიერ ფარული კენჭისყრით შეირჩა და გამოვლინდა თითო მოსწავლე, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა კლასი და რომელიც მონაწილეობას მიიღებს მედიაციის კლუბის წევრთა შეხვედრებზე, სადაც განხილული იქნება სკოლის, კლასებისა და მოსწავლეებისათვის სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხი. მედიაციის კლუბის ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ მოსწავლეები ისწავლიან, თავად შეეცადონ და შეძლონ კონფლიქტების მოგვარება და მართვა დირექციის, მანდატურებისა და მასწავლებლებისაგან დამოუკიდებლად.

„სკოლაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება ნიშნავს, ყველა პირის თანამონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებისას, გამჭვირვალობასა და აზრების გაცვლას, ტოლერანტულობასა და მრავალფეროვნებას, აღიარებას, სამართლიანობას, გუნდურ მუშაობასა და პასუხისმგებლობის აღებას. შეუძლებელია ამ ღირებულებების მხოლოდ გაწერა, ისინი შესისხლხორცებული უნდა იყოს ყოველდღიურობასთან და დისკურსში უნდა განმტკიცდეს. დემოკრატიული კულტურის დანერგვა უშუალო კავშირშია მოსწავლეთა საჭიროებებთან აზრის, ავტონომიის, გამჭირვალობის, აღიარების, თვითგანვითარებისა და პასუხისმგებლობის განცდასთან” (ედელშტაინი, ფლეი-EDELSTEIN, FREY).

დემოკრატიულ პედაგოგიკას, განსაკუთრებით, მძლავრად აქვს ფეხი მოკიდებული გერმანიის განათლების სისტემაში. შესაბამისად, აღნიშნული საკითხების ირგვლივ შევისწავლეთ გერმანიის სასკოლო სისტემა, გავეცანით გერმანიაში დანერგილ დემოკრატიული პედაგოგიკის ძირითად პრინციპებს, გავესაუბრეთ დემოკრატ პედაგოგებს, სკოლის დირექტორებს, ექსპერტებს, მოსწავლეებს. გერმანიაში (კერძოდ, ზაქსენში) 2006 წელს დასრულდა დემოკრატი პედაგოგების გადამზადება და მას შემდეგ დაინერგა სკოლებში დემოკრატიული პედაგოგიკის ძირითადი ელემენტები, რაც გულისხმობს შემდეგს:

  • ქმედითუნარიანობის ხელშეწყობა;
  • ადამიანის უფლებები და კულტურული განსხვავებულობები;
  • კონფლიქტების მოგვარება / სკოლის განვითარება;
  • სამოქალაქო განათლება (Civicedukation);
  • ღირებულებებსა და მორალზე ორიენტირებული აღზრდა;
  • მოქალაქეობრივი გამბედაობის სწავლა – Training von Zivilcourage;
  • პროექტების მენეჯმენტი, პროექტების განვითარება, პროექტებით სწავლება.

განვიხილოთ დემოკრატიული პედაგოგიკის ძირითადი ელემენტები:

  1. ქმედითუნარიანობის ხელშეწყობა

ქმედითუნარიანობა გულისხმობს საკუთარი პერსონალური კომპეტენციების ნდობას და სირთულეების საკუთარი ძალისხმევით გადალახვას. საკუთარი ქმედითუნარიანობის აღქმა დასაბამს უდებს მოქმედების (ქმედითობის) პარამეტრებს და ხელს უწყობს პასუხისმგებლობის აღების მზაობას. საჭიროა მუშაობა შემდეგი მიმართულებით:

– მოტივირებული სწავლა;

– კომპეტენტური სოციალური ქცევა;

– პრობლემების გადაჭრის უნარი.

  1. ადამიანის უფლებები და კულტურული განსხვავებულობები

ადამიანის უფლებები, როგორც ნორმატიული საფუძველი და საზომი დისკრიმინაციის, რასიზმისა და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ძირითადი დატვირთვა მოდის შემდეგ ასპექტებზე:

– პედაგოგიური სტრატეგიებით შუამავლობა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული აღზრდისას;

– ინტერკულტურული სკოლის განვითარების ხელშეწყობა.

  1. კონფლიქტების მოგვარება და სკოლის განვითარება

კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობა სკოლის განვითარების კონტექსტში ცენტრალური დემოკრატიულ-პედაგოგიური კომპეტენციაა. ის უნდა განვავითაროთ როგორც მასწავლებლებში, ასევე მოსწავლეებში. მასში მოიაზრება:

– ძალადობის პრევენცია;

– კონფლიქტების განხილვა.

  1. სამოქალაქო განათლება – Civic Education

სამოქალაქო განათლება უზრუნველყოფს გამოცდილებაზე დაფუძნებულ სასწავლო სიტუაციების განვითარებას დემოკრატიულ საუბრებში და ხელს უწყობს პასუხისმგებლობის აღების მზაობას. შესაძლებელია ამ პროცესის შემდეგი ინოვაციური სწავლის ორგანიზების (arrangements) ხელშეწყობა:

– კოოპერატიული სწავლის ფორმების მეცადინეობის პროცესში ჩართვა;

– დემოკრატიული საუბრის ფორმები – დებატები და განხილვები – მეცადინეობის შიდა და გარე პროცესში;

– სწავლის პასუხისმგებლობის ფორმები (Service Learning);

– გარე პარტნიორებთან (თემთან) თანამშრომლობა;

– მენეჯერობის ტრენინგი ახალგაზრდებისთვის.

  1. ღირებულებებსა და მორალზე ორიენტირებული აღზრდა.

დემოკრატიული აღზრდა უპირველეს ყოვლისა ღირებულებებით აღზრდა. მისი მიზანია პასუხისმგებლობის უნარის განვითარება. ძირითადი საკვანძო საკითხები გახლავთ:

– მასწავლებელი, როგორც მაგალითი თანამშრომლობითი, ემპირიული ქცევისა;

– საგნობრივი მეცადინეობა, როგორც შესაძლებლობა, საგნისათვის დამახასიათებელი დილემების გააზრებისა და დისკუსიისა;

– კლასის საბჭოს დაარსება და ორგანიზება.

  1. მოქალაქეობრივი გამბედაობის სწავლა

მოქალაქეობრივი გამბედაობა არის ძირითადი სოციალური კომპეტენცია. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როდის და როგორ უნდა მოხდეს ჩარევა. ამიტომაც მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი გამბედაობის განათლების პროცესებში დანერგვა და გამოცდილ სიტუაციებში გამოყენება.

ცენტრში დგას:

– როლური თამაშები და პრობლემური ქეისები;

– კამათის, ჩხუბისა და დაშინების თავის გართმევა;

– შემოქმედებითი უნარის ამაღლება.

  1. პროექტების მენეჯმენტი, პროექტების განვითარება, პროექტებით სწავლება.

პროექტი მნიშვნელოვანია ახალი სასწავლო გეგმებისა და პროგრამების გზით სკოლის დემოკრატიული კულტურის განვითარებისათვის .

ძირითადი ყურადღება უნდა დაეთმოს:

– პროექტებით სწავლების მეთოდს;

– პროექტს, როგროც სასკოლო პრაქტიკის შემადგენელ ელემენტს.

დემოკრატი პედაგოგების კონკრეტული შემოთავაზებები

დემოკრატი პედაგოგები მიიჩნევენ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია:

  • სკოლის დირექტორის როლი სკოლის დემოკრატიულ-პედაგოგიური განვითარების პროცესში;
  • სკოლის პროგრამების განვითარება;
  • მთელი დღის სკოლის კონცეპტის შედგენა;
  • ევალუაცია (თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული სავარჯიშოები);
  • დემოკრატიული სკოლის კულტურის განვითარება სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის ქვეშ;
  • სკოლის პრობლემატიკა – სოციალური სწავლა/თანამშრომლობითი სწავლის ფორმები;
  • დემოკრატი პედაგოგების როლი სკოლის განვითარების პროცესში;
  • ბავშვები და მათი უფლებები – სამოქალაქო გამბედაობა;
  • მოტივირებული მოსწავლეები – სურვილი ან იმედგაცრუება (სოციალური და თანამშრომლობითი სწავლება საკლასო ოთახში);
  • მოსწავლეთა მონაწილეობა (კლასის საბჭო, მოსწავლეთა ინიციატივები);
  • დემოკრატიული სკოლის კულტურის განვითარება (კონფლიქტების მართვა, კომუნიკაცია, კლასის საბჭო და თვითმართველობა);
  • თანამშრომლობითი და თანამონაწილეობითი სწავლების ფორმები.

ვფიქრობთ, საქართველოში დემოკრატიული პედაგოგიკის განვითარება განათლების სისტემაში მნიშვნელოვან ძვრებს დაუდებს ასპარეზს. დემოკრატიული პედაგოგიკის თანამედროვე მიდგომები დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასა და მოტივაციაზე. დემოკრატიული ღირებულებებით გაჯერებული სასწავლო პროცესი, ცხადია, მეტად აუმაღლებს აღსაზრდელების როგორც პიროვნულ, ასევე მოქალაქეობრივ თვითშეგნებას. გაგებაზე, შემეცნებაზე, ურთიერთპატივისცემაზე, თანამონაწილეობასა და თანამშრომლობაზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიები ხელს შეუწყობს მოსწავლეების ღირსეულ პიროვნებებად ფორმირებასა და ჩამოყალიბებას. კონფლიქტების მოგვარების ადრეულ ასაკშივე საკუთარი ძალებით თავის გართმევის მცდელობა უზრუნველყოფს დამოუკიდებელი, ასერტული, მტკიცე იმიჯისა და ღირსებების მქონე ახალგაზრდების ჩამოყალიბებას, რომელიც ყველა ასპარეზზე შეძლებენ წარმატების მოპოვებასა და დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებას.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Dorpinghaus, A. , A. poentisch , L. Wigger .2013. Einführung in die Theorie der Bildung. 5 Auflage. Herausgeber: Lothar Wigger, Peter Vogel. Universität Dortmund.
  1. W. Althof, R. Bending, M. Bonsen und andere. 2014 Der Demokratiepädagogik.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი