შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

წარსული მოითხოვს ჩვენგან – ვოლე შოიინკა

ერთხელ, ლონდონის ერთ თეატრში სპექტაკლის დროს, კულისებს მიღმა გათამაშდა საკმაოდ უცნაური სცენა, რასაც პიესის ტექსტი სულაც არ ითვალისწინებდა. აი, რა მოხდა: მსახიობმა უარი თქვა როლის შესრულებაზე და სცენაზე არ გამოვიდა. მოქმედება შეჩერდა. ერთმა კოლეგამ სცადა მსახიობის დაყოლიება, მაგრამ იგი ჯიუტად აქნევდა თავს. ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა. მეორე მსახიობმა იფიქრა, რამპის თვალისმომჭრელ სინათლეზე მაყურებლის თვალწინ რომ აღმოჩნდება, უნდა თუ არ უნდა, გაჯიუტებული კაცი როლის თამაშს გააგრძელებსო. უეცრად წაავლო ხელი გაკერპებულ კოლეგას და სცადა კინწისკვრით გაეყვანა სცენაზე. ეს არ მოხერხდა, გაიმართა ხანმოკლე, მაგრამ მძაფრი ცემა-ტყეპა. როლის თამაშზე რომ უარი თქვა, ის მსახიობი შეშფოთებული და დაბნეული გამოიყურებოდა, რადგან ბრძოლა მაყურებლის თვალწინ ხდებოდა.

უნდა განვმარტო, რომ ეს სპექტაკლი იყო იმპროვიზაცია კონკრეტულ, წინასწარ მოცემულ თემაზე. რეჟისორის ჩანაფიქრის მიხედვით, მსახიობებს შეეძლოთ შეეწყვიტათ თამაში, თავიანთი სურვილისამებრ ხელახლა ეთამაშათ პიესის ნებისმიერი ეპიზოდი, სცენაზე მოეწვიათ მაყურებლები, ერთმანეთში გაეცვალათ როლები და კოსტიუმები. და ეს ყველაფერი ხდებოდა პუბლიკის თვალწინ, ამიტომ სპექტაკლის მონაწილეებს ადვილად შეეძლოთ, საბოტაჟის მომწყობთან კონფლიქტი თავიდან აეცილებინათ, რაც მათ დიდი გულმოდგინებით შეასრულეს. გაჯიუტებულმა მსახიობმა სცენა დატოვა სწორედ იმ ეპიზოდის დაწყების წინ, რომლის გააზრებას იგი არ ეთანხმებოდა. იგი რეპეტიციების დროსვე აფრთხილებდა რეჟისორს, რომ ამ ეპიზოდში მონაწილეობას არ მიიღებდა. ბოლოს და ბოლოს მან თავისი სიტყვა შეასრულა, მაგრამ მრავალი კვირის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა ის, რაც მოხდა. მას უნდოდა გაერკვია, რატომ დასცილდა ასე ერთმანეთს მისი და პარტნიორების პოზიცია. ამას გარდა, ვერც იმას ურიგდებოდა, რომ მაყურებლებმა იგი ჩათვალეს იმ კაცად, რომელსაც არ შეუძლია გარემომცველ სინამდვილეს დაუპირისპირდეს, არა აქვს სასცენო გარდასახვის ნიჭი, დათრგუნულია სასტიკი რეალობით და კიდევ უარესი: ნებას აძლევს თავის ემოციებს, დათრგუნონ პროფესიული ოსტატობა. მაგრამ თვითონ ხომ კარგად იცოდა, რომ ეს არ იყო მთავარი. ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივად გახლდათ. განსხვავებით თავისი კოლეგებისაგან, რომელნიც, სხვათა შორის, იზიარებდნენ მის პოლიტიკურ შეხედულებებს სცენაზე წარმოდგენილი ამბების შესახებ, ეს მსახიობი ფიქრობდა, რომ მათი გამოსახვის ხერხები არ იძლევა საშუალებას, ნაჩვენებ იქნეს მთელი სიმახინჯე იმისა, რაც ხდება. ამიტომ მიაჩნდა მას, რომ არ ჰქონდა უფლება მდგარიყო ამ სცენაზე, ამ თეატრში, იმ მაყურებელთა წინაშე, რომელთაც თვლიდა დამნაშავედ სინამდვილის დეჰუმანიზაციაში.

ახლა, მოდი, ცოტათი ფარდა ავხადოთ საიდუმლოს და რამდენადმე ნათელვყოთ აღწერილი ეპიზოდი. მოქმედება მიმდინარეობდა ლონდონის სამეფო თეატრში 1958 წლის ერთ-ერთ კვირა საღამოს. ეს საღამოები ეთმობა შესანიშნავი რეჟისორის ჯორჯ დევინის ექსპერიმენტულ დადგმებს. დევინმა განაახლა ინგლისური თეატრი, აღმოაჩინა ისეთი ტალანტები, როგორიცაა ჯონ ოსბორნი, ნ. ფ. სიმპსონი, ედვარდ ბონდი, არნოლდ უესკერი, ჰაროლდ პინტერი, ჯონ არდენი და ა. შ. მან იმ წლების კონსერვატიული ინგლისური პუბლიკა აიძულა ეღიარებინა სემუელ ბეკეტი და ბერტოლდ ბრეხტი თავიანთი სკანდალური სტილისტიკითა და იდეოლოგიით. საღამო, რომლის შესახებაც არის საუბარი, ეძღვნებოდა “ცოცხალი თეატრის” ერთ-ერთ ნაირსახეობას; მთავარ სიუჟეტს ერქვა “თერთმეტი სიკვდილი ჰოლაში”. მსახიობთა შორის პროფესიონალები პრაქტიკულად არც ყოფილან. როლებს ასრულებდნენ მწერლები, რომლებიც სცენარისტებიც იყვნენ და დამდგმელებიც. ვისაც პოლიტიკური მეხსიერება კარგი აქვს, ალბათ, ახსოვს ის ამბები, რაც მოხდა კენიაში, ბანაკში ჰოლა, განმათავისუფლებელი მოძრაობა მაუ-მაუს დროს. ბრიტანეთის კოლონიურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჯანყის ჩაქრობას მოვახერხებთ, თუ ადგილობრივ მცხოვრებთ საგანგებო ბანაკებში შევრეკავთ, აჯანყებულებს გავთიშავთ ეჭვმიტანილებად და თანა­მგრძნო­ბებადო. შეგიძლიათ მერწმუნოთ, ყველაფერი იდეალურად გააკეთეს. ერთ-ერთი ასეთი ბანაკი იყო ჰოლაში, სადაც დაიღუპა თერთმეტი დატუსაღებული – ოფიცრებმა და მცველებმა ცემით მოკლეს ისინი. ამ ფაქტის თაობაზე ჩატარდა მოკვლევა, რომლის შესახებ ანგარიში დაედო სწორედ საფუძვლად დადგმას.

ახლა ისღა დაგვრჩენია გავამჟღავნოთ იმ ჯიუტი მსახიობის ვინაობა (თუ აქამდე თვითონ ვერ მიხვდით): დიახ, დიახ, ის ჯიუტი მე გახლდით, თქვენი უმორჩილესი მონა. დღემდე წარმოუდგენელი სიზუსტით მახსოვს ის, რაც მაშინ მოხდა: ასე სამარადისოდ აღიბეჭდება მსახიობის მეხსიერებაში გონების უეცარი დაბნელება, როცა გავიწყდება არა მხოლოდ ტექსტი, არამედ პიესის სიუჟეტიც. მე უნდა შემესრულებინა ერთ-ერთი მკვლელის – ბანაკის მცველის როლი. მოგვცეს მსხვილი ხელკეტები და როცა წამყვანი მოწმეთა ჩვენებებს კითხულობდა, ჩვენ ბანაკის ხელმძღვანელის ბრძანებით ეს ხელკეტები დინჯი, თითქმის რიტუალური მოძრაობით უნდა აგვეწია და ტუსაღთათვის თავში ჩაგვერტყა. ეს იყო სიურრეალისტური სცენა! რეპეტიციის დროსვე ცხადად ჩანდა, რომ ეს სცენა სიურრეალისტი მხატვრის ტილოს მოგვაგონებდა. დგას წამყვანი მაღლობზე შუქჩრდილში; სულის მოსახსენიებელ ლოცვასავით მონოტონურად მჟღერი სიტყვები გადმოგვცემს ფაქტებს, რომლებიც ამჟღავნებს მსხვერპლთა და მწვალებელთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. მჭიდრო უძრავ რკალად დგანან ოფიცრები – ყველა თეთრკანიანია, ყველა შეიარაღებულია. ერთი მათგანი მცველს ხელიდან გამოგლეჯს ხელკეტს, რათა ყველას დაანახოს, როგორ უნდა დაარტყა კაცს, რომ ცემის კვალი არ დარჩეს. შუაში არიან ერთად თავმოყრილი ტუსაღები, რომელთა ერთადერთი იარაღია პასიური დაუმორჩილებლობა. ისინი გაიფიცნენ – აღარ წავიდნენ სამუშაოდ და თხოულობენ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. მათი მდუმარე პროტესტი იმით გამოიხატება, რომ ჩაცუცქულან, მუხლებზე ხელი შემოუჭდიათ და არ იძვრიან ადგილიდან. ისმის ბრძანების ხმა. მუქკანიანი მცველების წრე ვიწროვდება, ისინი ძალით ააყენებენ ტუსაღებს, იღლიებში ხელებს ამოსდებენ, გაშე­შებული გომბეშოებივით მიჰყავთ და ჯგუფებად ყოფენ.

მსხვერპლთა სახეები სრულ გულცივობას გამოხატავს. ისინი შეთანხმდნენ, რომ არავითარი წინააღმდეგობა არ გასწიონ. იწყება ცემა-ტყეპა. ურტყამენ გვერდებში, ზურგში, ხელებზე – მარჯვნიდან, მარცხნიდან, წინიდან, უკნიდან. ეს კეთდება ძალიან რიტმულად – ხელკეტებს ასწევენ და დაუშვებენ ერთიანი რიტმით. თეთრკანიანი მცველების სახეზე პროფესიული კმაყოფილებაა აღბეჭდილი. ხანდახან ერთმანეთს ანიშნებენ, ახლა მომდევნოზე გადავიდეთო, ან ყურადღებას აქცევენ ჯერ ხელუხლებელ ადგილებს. სცენა დადგმულია კოხტად და ნარნარად, თითქმის ისე, როგორც ბალეტი.

შემდეგ კონტრასტის შესაქმნელად სცენაზე თამაშდება ოფიციალური ვერსია, ის, თუ როგორ ახსნა ხელისუფლებამ ტუსაღთა სიკვდილი: თურმე პატიმრებმა მოწამლული წყალი დალიეს და იმიტომ დაიხოცნენ. ეს ვარიანტიც დავდგით. პატიმრები, რომლებიც იხრჩობიან წყურვილისაგან, მწკრივად მიადგებიან წყლიან ცისტერნას. როცა რამდენიმე მათგანმა მოსვა წყალი და ტკივილისაგან იგრიხება, ჰუმანური მცველები ცდილობენ შეაჩერონ დანარჩენები, მაგრამ ამაოდ – წყურვილისაგან გაცოფებული ადამიანები გაარღვევენ მცველთა კორდონს და მოწამლულ წყალს მიაწყდებიან. ბრბო კვნესის და ყვირის, ემართებათ კონვულსია, ვარდებიან აგონიაში, რასაც მოსდევს მტანჯველი სიკვდილი. ასეთი გახლდათ ბანაკის ხელმძღვანელთა ვერსია.

სიუჟეტი საკმაოდ უბრალოა, ფორმა – განსაზღვრული ესთეტიკური მიდგომის ფარგლებში – გასაგებია და ადვილად მისახვედრი. მაშ, რატომღა გაჩნდა პრობლემა – პრობლემა, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, დგას თითქმის ყველა მწერლის წინაშე? როდის უპირისპირდება ხელოვნება სინამდვილეს? რა დოზით არის შესაძლებელი გამონაგონი? შეუძლია თუ არა ხელოვნებას რაიმე შეცვალოს? დრამატურგიული მიდგომის ერთ-ერთი უდავო ღირსება ის არის, რომ იგი შეჩერებული დროის ეფექტს ქმნის, ძალაუნებურად გვაფიქრებინებს: “აქ ნამყოფი ვარ”, “ეს ნანახი მაქვს”, “ეს წარსულია აწმყოს სახით”. ჩვენს შემთხვევაში შეჩერებული დროის ეფექტი შეიძლება განვიხილოთ როგორც მაგიური ფორმულა, როგორც თვითგამოხატვის უფლება და – განსაკუთრებით ასეთი აუდიტორიის წინაშე – როგორც ნარკოტიკიც კი. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს მაყურებელთა უმრავლესობას მიაჩნია, თავისუფლებისათვის ყოველ მებრძოლს ტყვია უნდა ესროლოო, რომ მისი მოკვლა ურჩხულის, ცხოველის, არაკაცის მოკვლაა და არა გმირის მოწამებრივი აღსასრულიო.

თუმცა ცხოვრება გვიდასტურებს, რომ ჩვენს ღონისძიებებს მაინც შეუძლია რაღაც შეცვალოს, სტატისტიკური და საგაზეთო ანგარიშების სცენური გარდასახვით შეიძლება გადატრიალება მოახდინოთ ხავსმოდებულ ტვინში, შეიძლება გაჩნდეს შეხედულებათა გადასინჯვის, შეცვლის მოთხოვნილება. ასეც მოხდა: ჩვენი პიესის დადგმის შემდეგ ინგლისის პარლამენტში საკითხი წამოიჭრა – და ძალიან მწვავედაც წამოიჭრა. ლიბერალებმა, ჰუმანისტებმა, რეფორმატორებმა ხმა აიმაღლეს მსხვერპლთა დასაცავად, ზოგნი კენიაშიც კი გაემგზავრნენ, რათა მოეპოვებინათ დამატებითი ცნობები და უარეყოთ ოფიციალური სიცრუე. ის მღელვარება, რომელმაც როლის თამაშზე უარი მათქმევინა, მაყურებელთა დარბაზიდან გარეთ გაიჭრა და მე ბოლოს და ბოლოს მივხვდი, სად არის მისი სათავე: საკუთარი თავი ვიგრძენი ფეხქვეშ გათელილი ჰუმანიზმის მსხვერპლად. მეჩვენებოდა, რომ ჩვენს დადგმაში არის რაღაც ბუნების საწინააღმდეგო, რომ იგი ჰგავს კეთროვანის დასახიჩრებულ ხელს, რომელიც თანაგრძნობის გამოწვევის მიზნით გაუწვდია მას ჯანმრთელი ადამიანისაკენ. მე მგონია, სწორედ ეს იყო მიზეზი სულის სიღრმიდან მომდინარე იმ შეუცნობელი პროტესტისა, რომელმაც ახლებურად დამანახა ჩემი ხელობა, მიჩვენა მისი უმაქნისობა და სასაცილოდ გახადა ჩემი კოლეგების გულწრფელობა. მსოფლიოში გამეფებული არაადამიანურობა, რომლის მხოლოდ ნამცეცი იყო ნაჩვენები იმ სცენაში, თითქოსდა მოგვძახოდა ჩვენ: “თქვენი იაფფასიანი სენტიმენტალობა თქვენთვის შეინახეთ, გეთაყვა!”

ეს ეპიზოდი გავიხსენე, როგორც ილუსტრაცია ღრმა შინაგანი პროცესისა, ყოველი ხელოვანის სულში რომ მიმდინარეობს, პროცესისა, რომელიც მწერლისათვის ორმაგ საფრთხეს შეიცავს: გახდეს სავსებით გულქვა ან კალამი შეცვალოს მიუღებელ სინამდვილესთან ბრძოლისათვის უფრო ქმედითი მეთოდებით. ამას გარდა, ჰოლას ბანაკში მომხდარი ამბები მშვენიერ შესაძლებლობას იძლევა ჩემი კონტინენტის ცხოვრების იმ მხარეთა გასაშუქებლად, რომლებიც ჩვენთვის – მის მკვიდრთათვის, – ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია დედამიწაზე მშვიდობის შესანარჩუნებლად. არის თავისებური სევდიანი სამართლიანობა იმაში, რომ სწორედ წელს, როცა მოკლეს თქვენი სტუმართმოყვარე ქვეყნის პროგრესულად მოაზროვნე პრემიერ-მინისტრი, წელს, როცა რასობრივი უპირატესობის მომაკვდავი თეორიის მომხრეთა ხელით დაიღუპა სამორა მაშელი, ამ ტრიბუნაზე დგას აფრიკის წარმომადგენელი შავკანიანი კაცი. თუმცა ულოფ პალმეს სიკვდილის გარემოებებში ბევრი რამ დღესაც საეჭვოა, მისი ცხოვრება მცირეოდენ ეჭვსაც არ იწვევს. რასობრივ ნიადაგზე ჩაგვრას პალმე გადაჭრით უარყოფდა და თავის სიტყვას საქმით ამტკიცებდა. შესაძლებელია, ისინი, ვისაც შეურაცხყოფდა ეს რასობრივი “გამცემლობა”, თავიანთი სიბეცის გამო ფიქრობდნენ, რომ ერთი კაცის სიკვდილი აღკვეთს მის შეხედულებათა გავრცელებას, შესაძლებელია, ეს იყო კიდევ ერთი აფეთქება ტერორიზმის ეპიდემიისა, რომელსაც ჩვენს დროში ასულდგმულებს არა გონება, არამედ შიში. ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. თეთრი რასის სინდისის მაუწყებელი იძულებით ჩააჩუმეს და ეს აუნაზღაურებელი დანაკლისია თქვენთვისაც და ჩემთვისაც. ასევე იდუმალებით მოცულ ვითარებაში დაიღუპა სამორა მაშელი, სახელმწიფოს ლიდერი, რომელმაც გაბედა და ბრძოლაში გაიწვია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. დიახ, ჩვენ ყველას გვახსოვს ნკომატის შეთანხმება, რომელმაც არარაობად აქცია ყველა აფრიკელის კეთილი ნების ზეიმი. მაშელის მტრებს საზღვარგარეთ სრული საფუძველი აქვთ უხაროდეთ მისი სიკვდილი, მაგრამ, რა პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, მაინც უნდა ითქვას: სამორა მაშელის დაღუპვა შავი რასის თავისებური ტრიუმფია.

ხომ არ არის ეს მეტისმეტად აღმაშფოთებელი წინააღმდეგობა? მაგრამ, მოდი, კვლავ ჰოლას ბანაკში დავბრუნდეთ. როგორც ცნობილია, მათრახითა და კეტით ათვინიერებენ პირუტყვებს – ცხენებს, ყოჩებს, სპილოებსა და მისთანებს. ზოგჯერ მათ ისე სცემენ, სიკვდილის პირამდე მიიყვანენ ხოლმე. მაგრამ ჰოლაში მომხდარი ამბიდან ოცდაათი წლის შემდეგაც დასაშვებად მიიჩნევა აზრი, რომ თავისუფლებისათვის მებრძოლი აფრიკელის მოსაკლავად უთუოდ საჭიროა რთული ელექტრონული ტექნიკა. ამით რასისტები ძალაუნებურად აღიარებენ იმას, რასაც მთელ მსოფლიოს უმალავდნენ: ჩვენ, რჩეულ თეთრ რასას, ახლა სულ სხვანაირად წარმოგვიდგენია მტერი, რომელიც ჰოლას ამბების დროს არსებობდაო. რასისტები ძალიან დაშორდნენ იმ დროს, როცა შარპევილში ზურგში ესროდნენ უიარაღო აფრიკელებს; მეტისმეტად გრძელი გზა გაიარეს 1930 წლიდან და ძალიან დაშორდნენ იმ დროს, როცა მოხდა პირველი ორგანიზებული გამოსვლა პასპორტების გაუქმების მოთხოვნით: დინგაანის დღეს (ასე ეწოდა ზულუსთა ლიდერის დამარცხების სახსოვრად) სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შავკანიანმა მოსახლეობამ გადაწყვიტა პროტესტი გამოეთქვა აფრიკელთა სავალდებულო პასპორტიზაციის სისტემის წინააღმდეგ; გადაწყვიტა და გაანადგურა ეს დამამცირებელი პასპორტები. დაწვეს ათასობით პასპორტი, რის საპასუხოდ დურბანის პოლიცია თავს დაესხა უიარაღო ხალხს, მოკლეს ხუთი და დაჭრეს ასობით კაცი. ამ აქციას დაემატა “გადა­ბუგული მიწის” ტაქტიკა, რის შედეგადაც ათასობით აფრიკელი გარეკეს მშობლიური ადგილიდან, დააპატიმრეს ან გაასახლეს. მაგრამ 1930 წლის რეპრესიები მაინც წინსვლად ჩაითვლება იმას­თან შედარებით, რაც მოხდა 1919 წელს: ჩაახშეს აფრიკელთა სავალდებულო პასპორტიზაციის წინააღმდეგ სტიქიური გამოსვლა – პოლიციელებმა უცერემონიოდ ცხენებით გასრისეს ადამიანები, დაუშინეს მათრახები, ფარას მოწყვეტილი ცხვრებივით გროვა-გროვად შეტენეს ვიწრო ქოხმახებში. რასობრივი ტერორის აქტები თანდათან უფრო დახვეწილი და სისხლიანი ხდება, რაც იმასაც მოწმობს, რომ ჩაგრულთა მოძრაობას სულ უფრო მეტად უწევენ ანგარიშს და ახლოვდება ჟამი თავისუფლებისა.

თუ ახლა კვლავ წარმოვიდგენთ ჰოლას ბანაკში ჩადენილ დანაშაულს, მე ყველაზე მეტად მაოცებს ის, რაც იგრძნობოდა ყველა თეთრკანიანი ოფიცრის ჩვენებაში: ისინი პირდაპირ ან არაპირდაპირ ამჟღავნებდნენ სრულ გულგრილობას იმ მკვლელობის მიმართ, რაც მათ თვალწინ ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ თეთრკანიან ზედამხედველებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ მსხვერპლნი, მართალია, მათი მსგავსი არა, მაგრამ მაინც ადამიანები იყვნენ. სრულიად ცხადად ჩანდა, რომ ისინი ტუსაღებს ადამიანებად ვერ აღიქვამდნენ; ისინი მიაჩნდათ პირუტყვებად, შესაძლებელია, რომელიმე შხამიან მცენარედ, მაგრამ არა ადამიანებად. არაფერს ვამბობ კოლონიური ხელისუფლების შესახებ, იმათ შესახებ, ვინც წამოაყენა და მხარი დაუჭირა კოლონიალიზმის თეორიას, ვინც აფრიკაში გზავნიდა “მაქსიმეს” ტყვიამფრქვევებს და ხელმძღვანელობდა ბრიტანულ ანსამბლს. მათი აზრით, აქ რომ იმპერიები არსებობდა, ისინი უნდა დაინგრეს, საუკუნოვანი ცივილიზაცია უნდა განადგურდეს. აღმოჩნდა, რომ მითი “უმდაბლეს რასაზე”, რომელიც წყალობასავით ელოდება “ცივილიზატორულ მისიას”, სხვა არაფერია, თუ არა იმპერიული სიძუნწის ნამცხვარზე თვალის გასახარად მოყრილი შაქრის ფხვნილი. მაგრამ ხომ იყვნენ უბრალო შემსრულებლებიც, რომელნიც სხვის ბრძანებას ემორჩილებოდნენ (მაგალითად, აიხმანი თეთრ კონტინენტზე). მათ – ჩინოვნიკებს, ტექნიკოსებს, ბანაკთა უფროსებს – ვერაფრით წარმოედგინათ, რომ შავკანიანებიც ადამიანები არიან. მე მგონია, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის თეთრკანიან მცხოვრებთა უმრავლესობის გონებაში გასული საუკუნის ბოლოდან ამ მხრივ დიდი რამ ცვლილება არ მომხდარა.
ვნახოთ, მაგალითად, ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული, უფრო მეტიც – მოწინავე ადამიანის გულახდილი აღიარება: “მხოლოდ გამოსაშვებ კლასში უცბად მივხვდი, რომ შავკანიანებს, მასას, რომელსაც ხმის უფლება ჩამორთმეული აქვს, აქვთ რაღაცნაირი დამოკიდებულება სოციალიზმთან, მე რომ ვაღიარებდი. მივხვდი, რომ მათაც გარკვეული როლი უნდა შეასრულონ გრანდიოზულ სოციალურ რევოლუციაში, რომელიც მაშინ გარდუვალი ჩანდა. “მშრომელები”, რომელთაც უნდა აეშენებინათ ახალი მსოფლიო, ჩემთვის იყვნენ, რა თქმა უნდა, თეთრკანიანი დურგლები და ქვისმთლელები, შოფრები და მაღაროელები – პროფკავშირის წევრები და ლეიბორისტთა მხარდამჭერები. აზრადაც არ მომივიდოდა, პოლიტიკაზე მესაუბრა შავკანიან ბიჭთან, ასევე ფიქრადაც ვერ გავივლებდი, სახლში მიმეწვია იგი სათამაშოდ, დამეპატიჟა სადილად ან წამეყვანა საფეხბურთო კლუბში “კარნარვონი”. აფრიკელები სხვა სამყაროს ეკუთვნოდნენ, ისინი ადამიანები კი არ იყვნენ, არამედ – პეიზაჟის ნაწილი, როგორც ძაღლები, ძროხები ან ხეები, მათ მიმართ არ გამაჩნდა არანაირი გრძნობა – არც ინტერესი, არც სიძულვილი, არც სიყვარული; ისინი საზოგადოების შესახებ ჩემი ცნობიერების მიღმა იმყოფებოდნენ. ასე მტკიცედ მქონდა მე ათვისებული იმდროინდელი ტრადიციული შეხედულებანი”.
ამას ამბობს ედი რუ – აფრიკანერი (ბური) სწავლული და პოლიტიკოსი. მგონია, რომ ედი რუს ეს აღიარება ასახავს იმ შეხედულებას, რომელიც დღესაც დამახასიათებელია აფრიკანერთა (ბურების) უმრავლესობისათვის. “არავითარი გრძნობა – არც ინტერესი, არც სიძულვილი, არც სიყვარული” შედეგია “ტრადიციულ შეხედულებათა” ათვისებისა. ამ სიტყვებში გამოსჭვივის რასობრივი ცრურწმენების თავისებური ტაბულა რაზა, ისეთი, როგორც იყო იგი XX საუკუნის პირველ ათწლეულში, ესე იგი დაახლოებით იმ დროს, როცა დააწესეს ნობელის პრემიის მინიჭება. მაგრამ ყველაზე უფრო სუფთა დაფაზეც კი, თუ მასზე მოქმედებს სუფთა ან ჭუჭყიანი ჰაერი, ჩნდება ნადები. ახლა კი, 1986 წელს, ეს ზემოქმედება თითქმის ერთი საუკუნის ხდება, რადგან იგი დაიწყო მხარეთა პირველი შეტაკებიდან, იმ პროტესტიდან, რომელიც მიმართული იყო დამამცირებელი დაღის წინააღმდეგ – აფრიკელთა სავალდებულო პასპორტიზაციის კანონის წინააღმდეგ.

ედი რუმ, როგორც ასობით და ათასობით მისმა თანამემამულემ, ძალიან მალე შეიცვალა შეხედულება. მის ხალხს ჰყავს რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლი თავისი მარტიროლოგი. დღესაც შეუძლებელია, დიდი ტკივილის გარეშე მოვიგონოთ რუფ ფერსტი, რომელიც აპარტეიდის გრძელი ხელით ნატყორცნი ბომბის აფეთქებისაგან დაიღუპა. იყვნენ სხვებიც: ანდრე ბრინკი, აბრამ ფიშერი, ელენ სუზმანი, ბრაიტონ ბრაიტენბახი. მათი სულების ჭრილობებიდან დღესაც მოწვეთავს მოწამებრივი სისხლი.

ინტელიგენტები, მწერლები, მეცნიერები, უბრალო მუშები, პოლიტიკოსები – ყველანი ოდესღაც აღწევენ ზღვარს, რომლის მიღმა საზოგადოებრივი რეალობა აღარ აღიქმება, როგორც ქსოვილის მიკროსკოპული ანათალი ანდა როგორც სახეთა სისტემა წიგნში, მხატვრულ ტოლოზე ან სცენაზე. რა თქმა უნდა, შავკანიანთათვის პრობლემის ერთადერთი გადაწყვეტა არსებობს; მე არ მჭირდება მოვუწოდო მათ. შესანიშნავად ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი, მე ვსარგებლობ მოცემული შესაძლებლობით მოვუწოდო სხვებს, არა მხოლოდ წყეული ბანაკის საზღვრებში ჩაკეტილთ, არამედ იმათაც, ვინც ცხოვრობს მის ფარგლებს გარეთ, ცნობიერების პერიფერიაზე. განსაკუთრებით იმათ მოვუწოდებ, ვინც ნელ-ნელა, მაგრამ უსირცხვილო თავდაჯერებულობით მორალურ გამართლებას უძებნის თავის უმოქმედობას და პოლიტიკანის გაბღენძილობით წარმოთქვამს: “პირადად მე იმ აზრისა ვარ, რომ ნებისმიერი სანქცია კიდევ უფრო საძრახისი იქნებოდა”. და რა უნდა ითქვას ლიდერზე, რომელსაც მიაჩნია, რომ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა მიმართ შემოღებული ეკონომიკური სანქციები აფრიკულ აპარტეიდზე ვერ იმოქმედებს. ეს ბუფონადის ოსტატი მზად არის მთელი მსოფლიოს გასაგონად იყვიროს: “ხელები შორს პოლონეთისაგან!”, მაგრამ რადიომიმღებს გამორთავს მაშინ, როცა მსოფლიო ყვირის: “ხელები შორს ნიკარაგუისაგან!”1 მაგრამ ვიკმაროთ ლიდერებზე, მათს ყალბ სიტყვებსა და სულმდაბლურ მორალზე საუბარი.
ცოტათი მაინც რაციონალური გონებისათვის ეს ყველაფერი სრული აბსურდია, საშინელი, ავის მაუწყებელი აბსურდი. შესაძლებელია თუ არა, კონტინენტი, რომელმაც დაამტკიცა, რომ შესწევს ემპირიულ გამოცდილებაზე დაფუძნებული გონივრული მოქმედების უნარი, კონტინენტი, რომელმაც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ (ეს ხომ ორი-სამი თაობის ცხოვრების ხანაა) წარმოშვა ისეთი ადამიანები, როგორიცაა ბანტინგი, რუა, უოლტონი, სოლი საქსი, გიდეონ ბოტა, – შესაძლებელია თუ არა, ორმოცდაათი, სამოცი, სამოცდაათი წლის შემდეგაც კი ამ კონტინენტზე ცხოვრობდნენ ისტორიაში იმდენად უვიცი ადამიანები, რომ 1919 წელს პასპორტების დაწვისას გახმიანებული მოწოდებანი მიაჩნიათ მხოლოდ სამწუხარო გაუგებრობად, რომელიც დიდი ხნის წინათ უნდა დაგვევიწყა?!

აშკარად ჩანს, რომ საქმე გვაქვს ატავიზმის საშინელ, მეცნიერულად გაუგებარ შემთხვევასთან, ევოლუციის პროცესის შეყოვნებასთან, რაც საეჭვოდ ხდის ადამიანის მთელ ცოდნას! ბუნებრივია, შეკითხვა დავუსვათ საკუთარ თავს: რა კატაკლიზმის შედეგად შეიცვალა ეს ხალხი? როგორ აღვადგინოთ იმ მკვდარი უჯრედების ფუნქცია, რომლებსაც ევალებათ ისტორიული შორს­მჭვრეტელობა? გვიშველის თუ არა ისეთი საჯარო გამოსვლები და შეხვედრები, დღეს რომ გვაქვს? გავბედავთ თუ ვერა, დავძლიოთ ქედმაღლობა და ვუთხრათ მათ: “მიმოიხედეთ ირგვლივ! თქვენ პასუხისმგებლობა მოგიწევთ. როცა ცდილობთ დაამტკიცოთ, რომ თქვენ პასუხისმგებლობას ვერ დაგაკისრებენ, ამით თქვენ კლავთ, ანადგურებთ, ასახიჩრებთ, ტანჯავთ, თავსა კვეთთ და აუბედურებთ ასობით ათას არსებას, რომელთაც აი, ასეთი კანი, ასეთი თმა აქვთ, არსებებს, რომელნიც ამაყნი და კმაყოფილნი იყვნენ იმითაც, რომ არსებობენ. გულის გადანერგვის პრობლემის შესწავლის საქმეში რამდენი პოტენციური პარტნიორი დაკარგეთ? ვინ იცის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან რამდენი შავკანიანი სწავლული და მწერალი იდგებოდა დღეს აქ, თქვენ რომ თავი შეგეწუხებინათ და მთელი მსოფლიოსათვის განგემარტათ, რა მშვენიერია ის საზოგადოება, რომელშიც ყველა რასა თანასწორია!”

ჯეკ კოუპმა დაწერა წიგნი “შინაური მტერი”, რომელიც ეძღვნება დისიდენტობას აფრიკანერთა ლიტერატურაში. წინასიტყვაობაში ავტორი წერს: “დღეს რომ უკან მივიხედავთ, მგონია, დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 1924 წელს აფრიკანერთა ლიდერებმა სწორი გზა ვერ აირჩიეს. ისინი თვითონ იყვნენ ყველაზე სასტიკი ფორმის იმპერიალიზმის მსხვერპლნი, მაგრამ ტანჯვა და ადამიანთა ურიცხვი მსხვერპლი არ გამოადგა მათ აუცილებელ ისტორიულ გაკვეთილად. ისინი იქცნენ ნეოიმპერიალისტებად, როცა ბრიტანული კოლონიალიზმის მანტია თვითონ მოირგეს, ისინი წინ უნდა აღდგომოდნენ აგრესიას, დაპყრობას, კოლონიურ ექსპლუატაციას, ჩაგვრას, რასობრივ ცრურწმენას, აშკარა სიცრუეს, რომელთა მსხვერპლი თვითონვე აღმოჩნდნენ. ისინი ხელგაშლილი უნდა შეჰგებებოდნენ ჰუმანისტურ იდეებს, კულტურის გავრცელებას და თვალუწვდენი ტერიტორია და მისი უთვალავი სიმდიდრე მეორე ამერიკად გადაიქცეოდა.

ამის მაგივრად ისინი ყველანაირად ცდილობდნენ შეეჩერებინათ ჟამთასვლა. მათ ბრიტანეთის იმპერიისგან დაითრიეს მბრძანებლობის უფლება ათიოდე მილიონ ადგილობრივ მცხოვრებზე და მათ ჩამოართვეს ის ცოტაოდენი უფლებები, რაც მოპოვებული ჰქონდათ ასწლიანი ბრძოლის შედეგად, უფრო მაგრად მოუჭირეს ხალხს კოლონიური მონობის მარწუხები”.

შესაძლებელია, ჩაკის, დინგაანისა და დინგისვაიოს წინააღმდეგ ომები მაშინ ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ თქვენი ბანაკის ადამიანებს. ჩვენ ხომ გამუდმებით ვიხსენებთ, რომ იმ დროიდან მთელი საუკუნე გავიდა, საუკუნე, რომლის განმავლობაში კაცობრიობამ, თუ წინანდელ ტემპს გავითვალისწინებთ, სამი საუკუნით მაინც წაიწია წინ. ჩვენ დავრწმუნდით, რომ ყველა რასის წარმომადგენელს უნარი შესწევს ჩაწვდეს ბუნებისა და კოსმოსის ყველაზე ფარულ საიდუმლოებას. ადამიანის აზრმა გააკეთა დიდი ნახტომი საბუ­ნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერების ყველა დარგში, ჩვენს თვალწინ დაიმორჩილა მტრული გარემომცველი სამყარო, გამოიყენა იგი, შეცვალა, მოათვინიერა, ჰარმონიული გახადა და დათრგუნა კიდეც. ახლა დროა, გამოვასწოროთ შეცდომები და დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორია. ეს უნდა გაკეთდეს მანამ, სანამ კაცობრიობას კიდევ აქვს შესაძლებლობა მოირჩინოს ადრინდელი ჭრილობები და კვლავ მიაყურადოს სულის ძახილს.

რაც შეეხება ისტორიას, ცრუ და წინასწარ აკვიატებული თვალსაზრისი მის შესახებ უკვე გადასინჯულია, აღდგენილია ჭეშმარიტება, რადგან ისინი, ვინც სხვის ისტორიას ამახინჯებდა, მიხვდნენ, რომ, რაც უფრო შორს შეტოპავენ, მით უფრო მეტად გადაეღობებათ წინ თეთრი ლაქები, რომლებსაც ისინი განზრახ ტოვებდნენ სხვა ხალხთა ისტორიაში. საკუთარმა ინტერესებმა უბიძგა მათ იმისკენ, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგათ რევიზიონიზმის გზაზე და დაიწყეს წვრილმანი, უმნიშვნელო დათმობებით, მაგრამ კაშხალი უკვე გარღვეულია და სტიქია კონტროლს არ ექვემდებარება. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ გამოჩნდებოდა კავშირგაბმულობის კოსმოსურ თანამგზავრებზე დაყენებული ურთულესი ტელეკამერები, ჯუნგლის შუაგულიდან წამოიმართნენ მთელი ცივილიზაციები, რომლებმაც თავიანთი არსებობის უტყუარ საბუთად წარმოადგინეს ფერწერა და იკონოგრაფია.

კიდევ უფრო საოცარია ჩანაწერები ძველი დროის მოგზაურებისა – პირველაღმომჩენი ვაჭრებისა, რომელნიც იმ დროს ცხოვრობდნენ, როცა ევროპა ჯერ კიდევ არ ცდილობდა იმ კონტინენტზე ბატონობას, საიდანაც შეიძლებოდა მიეღოთ ნედლეული თავისი ქარხნებისათვის. ზღვაოსანთა და პირველაღმომჩენთა ამ მიუკერძოებელი დაკვირვებებით დადასტურდა ის, რაც დიდი ხანია ცნობილია არქეოლოგიური გათხრების შედეგად. ეს ჩანაწერები გვიამბობს ცხოვრებას თემისა, რომელიც დამოუკიდებლად აწესრიგებს შინაურ ურთიერთობებს, გაცხოველებული კავშირი აქვს ბუნებასთან, იკმაყოფილებს მოთხოვნილებებს და სხვის დაუხმარებლად უზრუნველყოფს თავის მომავალს. ჩანაწერები, რომელთა ავტორებს არ ჰქონდათ ბინძური მიზანი – შეენიღბათ დამოუკიდებელ ხალხთა დამონების სურვილი, ბრალს სდებენ ევროპელ მეცნიერებს, ფილოსოფოსებს, ადამიანის ევოლუციის საკითხთა სპეციალისტებს. ყველამ იცის, ვინ არის გობინო, მაგრამ რაღა გობინო! ევროპული აზროვნების ისტორიას რომ გადავხედავთ, ჩვენ, აფრიკელებსაც კი გვახსენდება, რომ ყველაზე უფრო გამოჩენილი ევროპელი ფოლოსოფოსებიც – ჰეგელი, ლაოკი, მონტესკიე, იუმი, ვოლტერი (ეს სია ძალზე გრძელია) – რასობრივი უპირატესობის თეორიის მიმდევრები იყვნენ და ზიზღით უყურებდნენ აფრიკელ ხალხს, აფრიკის ისტორიას. რაც შეეხება რევოლუციური მოძრაობისა და კლასობრივი ბრძოლის ყველაზე გამოჩენილ თეორეტიკოსებს, მათზე აღარაფერს ვიტყვი: მივუტევოთ მათ თავიანთი ცდომილება თუნდაც იმიტომ, რომ ისინი ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლოატაციის მოსპობაზე ოცნებობდნენ.

თუმცა ჩემი მიზანი გახლავთ არა ის, რომ წარსული შევაჩვენო, არამედ ის, რომ თქვენი ყურადღება მივაპყრო შიგნიდან ხრწნად აწმყოს, რომელიც ჩამორჩა დროს. მინდა ვუთხრა ამ მილეულ აწმყოს: შენა ხარ პირმშო სიცრუის, ნახევარსიმართლის და მოტყუების საუკუნისა, მანკიერებებისა, რომლებიც მომდინარეობს ყველაზე მაღალი სფეროებიდან და მათ შორის წმიდათაწმიდა მეცნიერული ობიექტურობიდან. სამყარო იზრდება, შენ განზრახ რჩები ბავშვად, ჯიუტ, სისასტიკისადმი მიდრეკილ, მაგრამ მაინც ბავშვად, რომელსაც შეუძლია ყველაფერი მოსპოს ირგვლივ. მე მინდა, მსოფლიო კვლავ ჩაუფიქრდეს თავის ისტორიულ წარსულს, სავსე რომ არის სიცრუით, წარსულს, რომელსაც ბევრი დღესაც ებღაუჭება და რომელმაც ხელი შეუწყო იმ ბავშვის ცუდი მონაცემების სწრაფად განვითარებას. სულაც არ არის გასაკვირი ის, რომ ჩვენ, შეგნებული მოტყუების მსხვერპლნი, მოვითხოვთ, მსოფლიომ, რომელიც გონს მოეგო ბოლოს და ბოლოს, თავისი ცოდვები გამოისყიდოს. მოვითხოვთ, რომ მან კონკრეტული ქმედებით ჩამოირეცხოს ის სირცხვილი, რომელიც ჭამა იმ ურჩხულის წარმოშობით. ეს მით უფრო საჭიროა, რომ ამ საზარელ ბავშვს საკვები, ჟანგბადი და საყოველთაო მხარდაჭერა კვლავ მოსდის ოკეანეებსა და კოსმოსზეც კი გადაჭიმული ჭიპლარით, რაც ხორციელდება ეგრეთ წოდებული ტექნოლოგიური თანამშრომლობის პროგრამის მეშვეობით. ჩვენი მოთხოვნა მარტივია, მაგრამ მტკიცე: გადაჭერით ჭიპლარი! უწოდეთ ამას საერთაშორისო სანქცია, ბოიკოტი, ფინანსური ბლოკადა, რაც გნებავთ, ის უწოდეთ, მაგრამ გადაჭერით ჭიპლარი და ის გადაგვარებული ან დაუძლურებისაგან მოკვდება, ან გარდაიქმნება აქამდე მისგან უარყოფილი ჰუმანიზმის საფუძველზე. დაე, დაიღუპოს საშინაო სოციალური კონფლიქტებისაგან, ეკონომიკური გადახრებისაგან, ქანცგამცლელი ომისაგან, რომელსაც გამოუცხადებენ მწარმოებლურ შრომას; დაე, გახმეს, როგორც დედის საშოდან გამოგდებული ჩანასახი, რადგანაც იგი კვლავ გონებას უხშობს და არაქათს აცლის ადამიანებს.

განწირულთა საზოგადოება, როგორიც არის სამხრეთ აფრიკა აპარტეიდის რეჟიმის პირობებში, ამასხარავებს ადამიანის ცნობიერებას. აი, ამის მაგალითი: როდესაც მთელი მსოფლიო მოითხოვდა ნელსონ მანდელას განთავისუფლებას, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობამ თავაზიანად განმარტა, ნელსონ მანდელა ციხეში ზის იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ჰყავთ დაპატიმრებული მოკავშირეებს რუდოლფ ჰესიო! ამნაირი განცხადება სრულიად ცხადად გამოხატავს საყოველთაო მიდრეკილებას უაზრობისადმი. ბუნებრივია, რომ ამან შთამაგონა, დამეწერა რაღაც სატირული პოემის მსგავსი – რუდოლფ ჰესი ნელსონ მანდელას როლში! რა უნდა ქნას მწერალმა, რომ ამისთანა შემზარავი ბრალდებისაგან დაიცვას თავისი ხალხი? ნელსონ მანდელას გათანაბრება სუპერდამნაშავე რუდოლფ ჰესთან ხომ იმას ნიშნავს, რომ ცინიკურად ამართლებ შენს დამოკიდებულებას მანდელასადმი – მას ადამიანად არ მიიჩნევ.

აპარტეიდის დაღდასმული მიწა – ეს ჩემი სამშობლოა, რომელიც სულითა და გულით მიყვარს. მე გავაკეთე არჩევანი და ბუნებრივად მიმაჩნია, რომ ახლა აქ ვარ. მშობლიურ მიწაშია ჩემი ფესვები, ეს მიწა ისეთი უხვია, ისეთი მდიდარია, მის ხალხს კი ისე ცხადად აქვს შეცნობილი თავისი თავიც და თავისი ბედიც, რომ არ ეშინია არც სხვა ხალხებთან ურთიერთობის და არც იმის, რომ მოუსმინოს მათ. ასეთია ჩვენი მსოფლაღქმის, ჩვენი შემოქმედების საფუძველი. მაშასადამე, ჩვენი ხედვა მხოლოდ ჩვენი სულისაკენ არ უნდა იყოს მიმართული, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გავიგებთ, ვინ არის ჩვენი მტერი და როგორ უნდა განვაიარაღოთ იგი. როცა სამხრეთ აფრიკის მთავრობა მსოფლიოსადმი თავის მიმართვებში აცხადებს, რომ ეს მიწა-წყალი ცივილიზაციის უკანასკნელი საყრდენია, რომელიც უპირისპირდება ბარბაროსთა ურდოებს, ქვეყნის ჩრდილოეთიდან რომ გვიტევენ, ჩვენ მხოლოდ მოწყალედ გვეღიმება. ამ მთავრობას მიაჩნია, რომ საკმარისია გავიხსენოთ რამდენიმე ყოფილი აფრიკელი ლიდერი, რომელნიც ჩამოსცილდნენ შავთა მოძრაობას (ფსიქოპათები, მძარცველები, მდიდრები, რომელთა მსხვერპლი ჩვენ თვითონ გავხდით, რის თაობაზეც წარამარა ვეუბნებით მთელ მსოფლიოს) და დავინახავთ ჩვენი მომავლის რეალურ სურათს, რის თავიდან აცილება მხო­ლოდ ჩემს პოლიტიკას შეუძლიაო. ეს მთავრობა ამტკიცებს, რომ ამ კონტინეტზე მხოლოდ ნგრევა შეუძლიათ, რომ აქ მცხოვრებ რასას აბსოლუტურად არაფერი არ ჩაუგდია ადამიანური ცოდნის ყულაბაში. ჩვენ ვართ ვაკუუმი, გაუმაძღარი სტომაქი, რომელიც ნთქავს მრავალსაუკუნოვანი ევროპული ცივილიზაციის ნაყოფს და ამოანთხევს მხოლოდ ნარწყევს. გამოდის საოცარი უაზრობა: სახელმწიფო, რომელიც აცხადებს, რომ ყველა ხიფათის მიუხედავად მაინც პროგრესისკენ მივყავართ, თვითონ შუა საუკუნეების ილუზიებით იკვებება, განცხრომას მისცემია და ვერ გრძნობს, რომ ფაქტობრივად იგი არის მექანიზმი, რომელიც ევრო-იუდეისტური მოძღვრების მოძველებული დოგმატების საფუძველზე მოქმედებს.
მაგალითად, გავსინჯოთ წარმოდგენები (განსაკუთრებით წინანდელი) ღმერთისა და კანონის თაობაზე. შავ რასას საკმარისზე მეტი ისტორიული საფუძველი აქვს იმისათვის, რომ უნდობლად მოეკიდოს თავის ბედიღბალში სხვისი რელიგიის ჩარევას. აპარტეიდის მომხრეთა იდეოლოგია, მათივე კატეგორიული მტკიცების მიხედვით, დღესაც ხომ იმას ემყარება, რომ წარუმატებელი იყო ცდა იმ რელიგიის მემკვიდრეობით გადაცემისა, რომელსაც მე ქრისტიანობას ვერ დავარქმევდი. აპარტეიდის მომხრენი არიან, ერთი მხრივ, ქამის შვილობილები, მეორე მხრივ კი – სემის შთამომავალნი და ისიც უნდა ითქვას, რომ პირველი სალანძღავი სიტყვებით იხსენიებიან მარად. კანონთან მიმართებით კი ასეთი ვითარებაა: უმაღლესი ხელისუფლება თანაბარ უფლებას არ აძლევს შავკანიანებს – მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ მმართველობაში და ამას იმით ასაბუთებს, რომ აფრიკელები პატივს არ სცემენ კანონს, არა აქვთ არავითარი მიდრეკილება კანონისადმი, ესე იგი არ ცნობენ, რომ საზოგადოებრივსა და საკუთარს შორის რაიმენაირი ზღვარი არსებობს.

არიან აპარტეიდის შედარებით ნამუსიანი, ზომიერი, ლიბერალური მომხრეები, კაცმა რომ თქვას, არა აპარტეიდის, არამედ რაღაც სტატუს-კვოს შენარჩუნების მომხრენი, მაგრამ ისინიც კი თავის შეხედულებას იმით ასაბუთებენ, რომ შავკანიანთა ცნობიერებაში კანონის ცნება არ არსებობს. საკმარისია გავიხსენოთ ახლახან გამოქვეყნებული ავტობიოგრაფია ქირურგისა, რომელმაც სახელი გაითქვა გულის გადანერგვის ოპერაციებით. ის არის ფრიად ღირსეული პიროვნება, რომელიც, ალბათ, იმსახურებს ნობელის პრემიას მედიცინის დარგში. ფრიად სამწუხაროა, რომ აფრიკანერები, სულ სხვადასხვა ინტე­ლექტუალური დონის ადამიანები, შავკანიანებზე მსჯელობენ ცრურწმენით, რომელსაც ედი რუ ასე გამოთქვამს: “დროს ტრადიციულად წარმოდგენის” სავსებით გაზიარების ნაყოფი. ცნობილია, რომ ისინი ფრიად “ღირსეული” მასწავლებლების ნაკვალევზე მიაბიჯებენ. მე ყველაზე მეტად მიყვარს ციტირება ჰეგელისა, რომელსაც შესაძლებლად მიაჩნდა ეთქვა: აფრიკელებმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს იმ დონეს, როცა “შეიძლება რეალიზებულ იქნეს ისეთი უმნიშვნელოვანესი ობიექტური არსნი, როგორიცაა ღმერთი და კანონი, რომლებსაც ემყარება ადამიანის ნება-სურვილი და რომელთა მეშვეობით ახდენს კაცი საკუთარი არსის რეალიზებას”.

და ისევ ჰეგელი: “თავიანთი დაუნაწევრებელი ერთფეროვანი არსებობით აფრიკელები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ერთმანეთისაგან გამიჯნონ ინდივიდუალური პიროვნება და საყოველთაო ყოფიერება; მათ ჯერ კიდევ არ იციან, რომ არსებობს აბსოლუტური გონი, ადამიანის ცოდნაზე აღმატებული უზენაესი ძალა”.

მე აღარ დავხარჯავ დროს ამ ბანალური მცდელობის უარსაყოფად და დავკმაყოფილდები იმით, რომ მივიღო იგი იმ გაკვეთილად, რომელიც დღესაც ვერ მიუღია მათ, ვისაც მიაჩნია, ადამიანური ინტელექტის გამოვლენის მწვერვალი მხოლოდ ის არისო, წარმოიდგინო საკუთარი თავი რაღაც უზენაეს გონებად. რამდენადაც ვიცი, არსებობს ჯანსაღი ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც არა მარტო უპირისპირდება ჰეგელიანურს, არამედ შექმნა ეფექტური სოციალური მექანიზმები, რომელნიც მოქმედებენ სრულიად დამოუკიდებლად იმ შთაგონებული და პროდუქტიულიც კი ფილოსოფიური მითებისაგან, თავგზას რომ უბნევენ ადამიანს.

თავი უნდა დავანებოთ აფრიკელთა გონებრივი უნარის თაობაზე ცილისწამებათა შესახებ დავას და მიუკერძოებლად გამოვიკვლიოთ, რით განსხვავდება ერთმანეთისაგან ორი საზოგადოება: ის, რომელიც, ჰეგელისა და კომპანიის აზრით, ვერასდროს მოახერხებს ყოვლადძლიერ გარღვევას უსასრულო სივრცეში, და ის, რომელმაც ეს უკვე მოახერხა. ეს არის განსხვავება ეკონომიკისა თუ მხატვრული შემოქმედების, სოციალურ ურთიერთობათა თუ მეცნიერული კვლევის დარგებში, სხვანაირად რომ ვთქვათ, ადამიანთა ურთიერთობის ყველა დარგში, რომელშიც მტკიცებულება შეიძლება შეამოწმო და არ დააფუძნო რასის შეჩვენების თეორიაზე.

როცა ამნაირად მივუდგებით საქმეს, ერთ ფრიად საინტერესო ფაქტს წავაწყდებით. აფრიკის სახელმწიფოთა კოლონიალიზმამდელი ისტორია (ვგულისხმობ ევრო-ქრისტიანულსა და არაბულ-ისლამისტურ კოლონიზაციას) ნათლად გვიჩვენებს, რომ თავიანთი განვითარების არც ერთ პერიოდში ამ სახელმწიფოებს რელიგიური ომი არ ჰქონიათ. შავი რასის წარმომადგენლებს არასოდეს გამოუჩენიათ “წმიდათაწმიდა” გულმოდგინება და არ უცდიათ, დაემორჩილებინათ და თავიანთ რჯულზე მოექციათ რომელიმე სხვა ხალხი. იყო ომები ეკონომიკური მოტივით, პოლიტიკური მოტივით, მაგრამ არასდროს ყოფილა რელიგიური ომი. ვინ იცის, ეგებ ამ არაჩვეულებრივმა ფაქტმა უკარნახა ჰეგელს ზემოთ ნახსენები აზრი? თავისთავად ჩნდება ეჭვი, რომ უმთავრესმა მსოფლიო რელიგიებმა (როგორც უწოდებენ მათ გამოჩენილი ფილოსოფოსები) თვითშემეცნებამდე მისვლა შეძლეს მხოლოდ სისხლიანი ომებით, რომელიც ალაგ-ალაგ დღესაც მიმდინარეობს.

დღეს, XX საუკუნის მიწურულს, საუკუნეებია გასული ჯვაროსნული ლაშქრობებისა და ჯიჰადებიდან, რომელთა შედეგად ისპობოდა ძველი ცივილიზაციები, ნადგურდებოდა მათი საზოგადოებრივი ურთიერთობის სისტემები, სპობდნენ სხვა ხალხთა სულიერ ფასეულობებსა და კულტურას. და ეს ხდებოდა უხილავი ღმერთების სამსჯავროს წინაშე შიშის გამო. როცა ახლაც ვხვდებით ხალხს, ვისი სოციალური მისწრაფებანი ბიბლიური კანონებით განისაზღვრება, უფლება არ გვაქვს მივიჩნიოთ, რომ წყვდიადის ეპოქა დამთავრებულია. ის სახელმწიფო, რომელიც ამართლებს მკვიდრი მოსახლეობის განადგურებას და ეს მოსახლეობა ქვეყნის მცხოვრებთა უმრავლესობაა, ამართლებს წმინდა წიგნების მოშველიებით, სახელმწიფო, რომელიც თავისი კეთილდღეობის საფუძვლად მიიჩნევს ნაციონალიზმს, დიდ საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ასეთი სახელმწიფო წარსულს ეკუთვნის. ჩვენც გვაქვს მითები, მაგრამ არასდროს გამოგვიყენებია ისინი სხვა ხალხთა დასამონებლად. ჩვენ ვცხოვრობთ რეალურ მსოფლიოში და მზად ვართ მისი კეთილდღეობისთვის სიცოცხლე გავწიროთ, რადგან სხვა არჩევანი არა გვაქვს.

მსოფლიოზე რომ ვლაპარაკობთ – რეალური იქნება თუ მითიური, – უნდა გვახსოვდეს ჩვენი მოვალეობა; შესაძლებელია, ჩვენი უკანასკნელი კაცური მოვალეობაა მოვაგონოთ ჩვენს დაუძინებელ მტრებს და საზღვარგარეთელ მათ მხარდამჭერებსაც, რომ აფრიკისადმი წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას აქვს გრძელი ისტორია, რომელშიც ყველაზე უფრო გულღვარძლიანნი ცდილობენ ვერ შეამჩნიონ ის, რაც მათ ხელს არ აძლევს. შეიძლება, ყველაზე დროული ის იქნებოდა, მოვაგონოთ რასისტულ სახელმწიფოს, რომ ჩვენმა აფრიკამ, მისმა კულტურამ და ფილოსოფიურმა მოღძვრებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თეთრკანიან მოსახლეობაზე, მათსავე ქვეყნებში წარმოიშვა მრავალნაირი მიმდინარეობანი როგორც მღვრიე, ისე ანკარა შენაკადებით.
აფრიკული კულტურის მიღებაც და არმიღებაც, რა თქმა უნდა, იმით არის გამოწვეული, რომ არსებობს მისწრაფება ახალ მიმართულებათა შექმნისა, მსოფლიოში შეუწყვეტელი მექანიზაციის საფუძველთა ძიებისა, სხვანაირად რომ ვთქვათ, ცდილობენ, მიაგნონ ცხოვრების საიდუმლოების ახალ აზრს, უნდათ აღმოფხვრან ის სოციალური სნეულებანი, რომლებიც გამოიწვია დასავლეთის ცივილიზაციის მიღწევებმა. და თუმცა დიდ პატივს მიაგებენ აფრიკას იმ ყველაფრისათვის, რაც მან შეიტანა მსოფლიო ცოდნის ყულაბაში, მაინც არ უჩანს ბოლო სამწუხარო ჩვეულებას – დაამცირონ აფრიკული სამყარო. თუ ზოგი უზომოდ აღმერთებს აფრიკელებს, გვეთაყვანებიან, ვითარცა მეფეებს, სხვები უაღრესად პრიმიტიულ შიშს განიცდიან შავკანიანთა წინაშე, შიშს, რომელიც სიძულვილით არის შეზავებული. ასეთი ერთმანეთის საწინააღმდეგო შეფასებანი არავითარ გავლენას არ ახდენს ჩვენს ყოფიერებაზე, რადგან შავმა რასამ უამისოდაც იცის ის, რაც უნდა იცოდეს – იგი იცნობს თავის თავს. ეს დასავლეთის სამყაროა, თავისთვის დამახასიათებელი გულმოდგინებით რომ ცდილობს ჩასწვდეს თავის არსს წინააღმდეგობათა მეშვეობით, რომლებსაც იგი, სხვათა შორის, აფრიკის გამოცდილების ათვისებით აღმოაჩენს ხოლმე.

მაგალითისთვის მოვიხმოთ ევროპული ექსპრესიონიზმი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ აფრიკული ხელოვნება, მუსიკა და წეს-ჩვეულებანი ადამიანზე ზემოქმედების იმავე სფეროს ეკუთვნის, რასაც განეკუთვნება სავსებით თავისებური, ერთმანეთთან შეუთავსებელი იდეები, იდეოლოგია, სოციალური კონცეფციები ფროიდის, კარლ მარქსის, ბაკუნინის, ნიცშესი; ასეთივე ყოფილა თავისუფალი სიყვარული, კოკაინი. რაკი ასეა, რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბაკოტას, ნიმბას, იორუბას, დოგონას, დანას და სხვა ტომთა პლასტიკურმა და სულიერმა ერთიანობამ შთააგონა ევროპელები, განსაკუთრებით ტევტონები და გალები, და თავს დაატეხა მათ გაშმაგებული წყევლა-კრულვა XIX და XX საუკუნეების სულ ცოტა ოთხი ათწლეულის განმავლობაში. კაცობრიობის ნათელ მიზნად დღესაც რჩება სრული განთავისუფლება ადამიანისა, მის გამოუყენებელ შესაძლებლობათა განთავისუფლება, რათა მან ახალი სამყარო ააშენოს მარმარილოს ლოდებისაგან, სამყარო, რომელიც არ იქნება შებოჭილი ევროპულ ბურჟუაზიულ მოძღვრებათა ჩარჩოებით, რათა გააჩაღოს ქურა და გამოჭედოს “ახალი მშვენიერი სამყაროს” შვილთა ახალი ძმობა. ამრიგად, თუ ერთიან მოძრაობად შევკრავთ ევროპულ მოძღვრებათა მთელ სპექტრს ფაშიზმის, ანარქიზმისა და რევოლუციური კომუნიზმის ჩათვლით, მივაღწევთ იმას, რომ რეალობა, რომელსაც აფრიკა ჰქვია, ყოველთვის იყოს კეთილსურნელოვანი, გვიღიზიანებდეს ყნოსვას და გემოვნებას, ჭამდეს და სვამდეს, აბოყინებდეს კიდეც, იხვეჭდეს საშოვარს, შიოდეს და სწყუროდეს, იყოს აღთქმული ქვეყანა და შეჩვენებულიც თავისი შემოქმედებითი ენერგიის შეუჩერებელი დუღილით.

გავიხსენოთ ოსკარ კოკოშკა: ამ მხატვარმა და დრამატურგმა აფრიკული წეს-ჩვეულებისაგან აიღო ის, რაც დაინახა მათში – სადიზმი, სექსუალური უკუღმართობა და საერთო თვითკმაყოფილება. ამათი მეშვეობით მან მოგვცა ნიცშეანელობის აპოკალიფსური ქადაგება, რომელიც გამსჭვალულია ექსტაზური სიძულვილით სოციუმისადმი, ესე იგი მთელი მსოფლიოსადმი. ვასილი კანდინსკიმ კი, გაეცნო რა აფრიკული ხელოვნების პრინციპებს, აღმოაჩინა, რომ “ხელოვნების თეორია წარმოიშვა ფართო საფუძველზე, რომელიც თავისი ხასიათით ინტერნაციონალურია”. იგი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ “ხელოვნების მხოლოდ ევროპული თეორიის შექმნა საინტერესოა, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, საკმარისი არ არის”. კანდინსკის აზრით, ხელოვნების თეორიამ “უნდა მოგვცეს ყოვლისმომცველი სინთეზი, რომელიც გასცილდება ხელოვნების საზღვრებს და ადამიანურისა და “ღვთაებრივის” ერთიანობას გვიჩვენებს”.

ამ მიმდინარეობას, რომლის გაჩენიდან ასი წლისთავს ოციოდე წლის შემდეგ აღნიშნავენ ევროპული ქვეყნების დედაქალაქთა მხატვრები, მიეკუთვნებიან ისეთი პარადოქსული პიროვნებები და ევროპული ფერწერის საყოველთაოდ აღიარებული ტიტანები, როგორიც არიან მოდილიანი, მატისი, გოგენი, პიკასო, ბრანკუსი და სხვები, მხატვრები, რომელთაც მეტ-ნაკლებად ყველგან აქებენ და ადიდებენ, მხატვრები, რომელთა სალოცავად იქცა აფრიკული და პოლინეზიური ხელოვნება, თავისი ექსპრესიონისტული სიშმაგით ცნობილი იოჰანეს ბეხერიც კი, რომელმაც დაიფიცა, ახალ სამყაროს შევქმნიო, მიუხედავად მოარული სნეულებებისა: “ზანგთა ტომებში გავრცელებულია ციებ-ცხელება, ტუბერკულოზი, ვენერული სენის ეპიდემიები, გონებრივი და ფიზიკური მანკიერებანი, – ვებრძვი ამათ და დავამარცხებ კიდეც”.

ისე მოხდა, რომ ამ მგზნებარე განცხადების ერთდროულად იორუბას ტომის დედაქალაქი და აკვანი ილე-იფე ინახულა კიდევ ერთმა ენთუზიასტ­მა, გერმანელმა ლეო ფრობენიუსმა, რომელიც ექსპრესიონისტად არ მიიჩნევდა თავს და არც მაინცდამაინც აინტერესებდა იგი. ფრობენიუსი გააოცა იორუბას ტომის ჭკუითა და ხელით შექმნილმა მშვენიერმა ნაკეთობებმა, რომლებზეც აღბეჭდილიყო კლასიკური გამომხატველობა და ჰარმონიული სიცხადე. იგი ამბობს: “ჩვენს თვალწინ იყო ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული საოცრად მშვენიერი, საოცარი მუქ-მწვანე ელფერის პლატინით მოვარაყებული თავი, რომელიც ცოცხალივით გამოიყურებოდა. ეს გახლდათ აფრიკის ატლანტიკის პოსეიდონის – ოლოკუნის თავი”.

ახლა ვნახოთ, რას წერს ფრობენიუსი იმ ადამიანების შესახებ, რომელთა ნახელავმა აგრძნობინა მას სილამაზის მთელი სიდიადე: “ღრმად შეძრული დიდხანს ვიდექი იმის წინაშე, რაც შემორჩა ატლანტიკის წყლის ყოფილი ბატონისა და მბრძანებლის ქანდაკებისაგან. ჩემი თანამგზავრები ჩემზე არანაკლებ გაოცებული იყვნენ. დიდხანს ვიდექით მდუმარედ, თითქოს წინასწარ შეთანხმებული ვიყავით. შემდეგ თვალი შევავლე შავ წრეს, რომელშიც გამოსახული არიან “მისი მაღალღირსება” ქურუმის შვილები, მისი უწმინდესობა ოუნის მეგობრები და მრჩევლები. როცა გავიფიქრე, რომ ამ ჭკუასუსტი გადაგვარებულების ბრბო არის ასეთი საუნჯის მემკვიდრე, სევდა შემომაწვა გულზე და სიტყვა ვერ დავძარი”.

თეთრი კაცი, რომელიც ყველაფრის ნებას აძლევს თავს, აშკარად მოუწოდებს – ძველთაძველ პატრონებს ჩამოერთვათ საკუთრების უფლებაო და ამას იმით ამართლებს, ისინი (ძველი პატრონები) თითქოს ღირსი არ არიან. ეს გვახსენებს სხვა შიზოფრენიულ განცხადებებსაც, რომლებიც საფუძვლად დაედო კიდევ უფრო უკუღმართ თეორიებს. ასეთია, მაგალითად, ვან ლვიკ ლოუვას მიერ შეთხზული მითები. ნაციზმის ეს მომხრე თავის თანამემამულე რასისტებს ასეთ ტირადებს უტენიდა ტვინში: “ღმერთო, გვასწავლე, რას ნიშნავს “ჩვენი”, ღმერთო გვასწავლე! და მაშინ, როცა შავკანიანების, თეთრკანიანების, ყავისფერკანიანების და მათი საქმიანობისადმი სიძულვილს დავთრგუნავთ, მხოლოდ მაშინ გავბედავ წარვდგე შენი სამსჯავროს წინაშე”.
ხშირად ვფიქრობ იმის თაობაზე, თუ რა მშვენიერი გაკვეთილი მისცა მსოფლიოს შავმა რასამ თავისი მიმტევებლობის უნარით, რაც მისი მსოფლმხედველობისა და ძველთაძველი რწმენის ეთიკური საფუძვლების ნაწილია. ეს მსოფლმხედველობა და რწმენა მთლიანად ვერ მოსპო უცხოელთა რელიგიისა და მისთვის დამახასიათებელი ეთნოცენტრიზმის დანერგვამ. ავად სახელგანთქმული ფრობენიუსი, რომელმაც შეაჩვენა არა მარტო მთელი რასა, არამედ თავისი თვალით ნანახი მისი ფრიად ფასეული შემოქმედებითი საგანძურიც, აღმოჩნდა ევროპიდან მოსული ერთ-ერთი პირველი მძარცველი არქეოლოგი. ევროპელთა დაუოკებელი სიხარბის საბუ­თები მათსავე მუზეუმებში ინახება. მესამე სამყაროს ქვეყნების კულტურის სამინისტროებისა და იუნესკოს სასოწარკვეთილება იმას მოწმობს, რომ მოპარული საგანძურისადმი ევროპელთა სიყვარული ურყევია. განა საკვირველი არ არის, რომ აფრიკის სკოლებსა და ინსტიტუტებში დღესაც ადიდებენ ფრობენიუსს, შავკანიან ლიდერებს ცამდე აჰყავთ იგი? მის საიუბილეოდ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებს მართავენ შავ კონტინენტზე; იმის მიუხედავად, რომ მისი თეორია სულაც არ არის, თანმიმდევრული და მწყობრი, არავისა აქვს უფლება, დაეჭვდეს ამ რასისტის ღვაწლში აფრიკის შესწავლისა და მისი კულტურის გაგების საქმეში.

ყოფილი კოლონიების ყველა ხალხი დიდსულოვანია იმის მიუხედავად, რომ ბევრმა მათგანმა თავის თავზე გამოსცადა პლანტატორული კოლონიალიზმის ყველაზე უფრო სასტიკი ფორმა, როცა გაუმაძღარი ექსპლოატაციის თანმხლები ადამიანთა დეგრადაცია და უკუღმართობა აიძულებდა აფრიკელებს, სამრეწველო წარმოებაში თავიანთი მარცხი საკუთარი თვალის, ცხვირისა თუ ხელის ფასად გამოესყიდათ. განმათავისუფლებელი ომების ტანჯვა-წვალებაში გამოვლილი ადამიანები, რომელთა მიწა-წყალი გაჟღენთილია უდანაშაულო მსხვერპლთა თუ უცნობ მოწამეთა სხეულებით, დღეს გუშინდელ მჩაგვრელთა გვერდით ცხოვრობენ და ხშირად თავიანთ ბედ-იღბალს ანდობენ იმათ, ვინც სულ რამდენიმე წლის წინათ საკუთარ მოძმეთა დახოცვისაკენ მოუწოდებდა. ისინი ისე იქცევიან, თითქოს აღორძინებისაკენ სწრაფვით ქრისტიანულ გულმოწყალებაზე მაღლა დგანან. ძალიან ადვილად შეიძლება, თანამშრომლობის ეს სულისკვეთება ზოგიერთი ლიდერის ვერაგულ ხრიკებში აგვერიოს, ლიდერებისა, რომლებიც საკუთარი უსაფრთხოებისათვის კომპრომისებზე მიდიან და საკუთარივე სარფისათვის მზად არიან ყოფილი პატრონების გალაქულ ფეხსაცმელებს უდარაჯონ. ასეთები არ უნდა დაგვავიწყდეს. მაგრამ, ისეთი მაგალითების მოტანაც შეიძლება, როცა თავისი ხალხის ერთგული მთავრობები შავი კონტინენტისა იზიარებენ ზუსტად ასეთივე პოლიტიკურ ფილოსოფიას. ყველა შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხალხის ნებაა და მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე დამყარებულ მის დასკვნებს უნდა მიეცეს კანონიერი აზრის ძალა, დავკმაყოფილდები მხოლოდ ამის შეხსენებით. ბოლოს და ბოლოს ევროპის ისეთი ხალხებიც არსებობს, რომლებიც დღემდე ცხოვლად ინახავენ ხსოვნას უცხოთა ბატონობის შესახებ და განთავისუფლებიდან ორასი წლის შემდეგ ოცნებობენ შური (პოლიტიკური, სოციალური, კულტურული) იძიონ ყოფილი დამპყრობლების შთამომავალთაგან. ვყოფილვარ ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც უცხოელ დამპყრობთა უღელქვეშ ყოფნის მკაცრი ისტორიის შესახებ ხსოვნა შემონახულია ძეგლებში, პარკებში, ეკლესიებსა და მუზეუმებში, დოკუმენტებში, გრავიურებსა და ფოტოგრაფიებში; ისინი ვიტრინებშია გამოფენილი, მაგრამ გაცილებით უფრო მეტის მთქმელია ის, რომ კოლონიზატორთა შთამომავალნი მდუმარე თანხმობით შეურიგდნენ თავიანთი სოციალური სტატუსის დადაბლებას, სამოქალაქო უფლებათა და პრივილეგიების შეზღუდვას, ითმენენ უმცირესობაში ყოფნას. ყველაფერი ეს გამოიხატება დახრილი თვალებით, ქედმოდრეკილობით, ოდესღაც ქედმაღალი რასის წარმომადგენელთა ბრალდებულის ტონით. მე ეს იშვიათად მინახავს, რადგან მათ ხშირად როდი შევხვედრივარ. ამის თაობაზე ბევრი რამ უკვე დაიწერა, იყო მსჯელობა საერთაშორისო შეხვედრების დროსაც. მაგრამ მომხდარის სიმბოლური სამართლიანობა პრინციპულად რომც ვაღიაროთ, მაინც გასაკვირია ერთი რამ: უფალი ღმერთი, რომელმაც უზომოდ დიდი ფასი დაადო ახალდაბადებული ადამიანის რამდენიმე გირვანქა ხორცს, როგორღა აიძულებს მას, მეათე და მეთორმეტე მუხლის წინაპართა ცოდვებიც მოინანიოს.

ჩამოქვეითებული უმცირესობის რასობრივი და კულტურული მედიდურობის ასეთ დაცხრომას რომ ვხედავ, კვლავ ვუბრუნდები ფიქრს ჩვენს საზოგადოებაზე, რომელშიც ჯერ კიდევ ცოცხალია ასეთი დამოკიდებულების მიზეზთა ხსოვნა, ვუბრუნდები ჩემს მიწა-წყალს, სადაც ოდესღაც აყვავებული სახელმწიფოების ნანგრევები და მბოლავი ნახანძრალები ფრიად მჭევრმეტყველი ბრალდებაა კოლონიალიზმისა და რასიზმის პოლიტიკის წინააღმდეგ. ჩვენს ქუჩებს ყოფილ დამპყრობელთა სახელები ჰქვია, მოედნებზე დგას ძეგლები და დამონების სხვა სიმბოლოები. ჩვენს ხალხს საკმარისად აქვს საკუთარი ღირსების გრძნობა და თავდაჯერებულობა – იგი ვერ ირწმუნებს, რომ ეს ძეგლები და სიმბოლოები ქალაქთა მორთულობაა, მით უფრო, რომ მათ ძალიან ეტანებიან მტრედები და ღამურები. ჩვენს ბიბლიოთეკებში ინახება ძველი წიგნები; ჩვენი ახალგაზრდობა კითხულობს ფრობენიუსის, იუმის, ჰეგელის, მონტესკიეს და სხვა მათ მსგავსთა წიგნებს, რომლებზეც უნდა იყოს და არ არის შტამპი: “ფრთხილად იყავით! ეს წიგნები საშიშია თქვენი რასობრივი ღირსებისათვის”.

მაგრამ შერიგების ყველა ეს ნიშანი, იქნება იგი მნიშვნელოვანი თუ მიზერული, საზოგადოებრივი, დაკანონებული თუ პირადი, არ უნდა მივიჩნიოთ აფრიკელთა უსაზღვრო მოთმინების მოწმობად. არსებითად ისინი ერთგვარი ტესტია, მოთხოვნათა კრებული, მდუმარე მოწოდება თანხმობისაკენ, რომლის მიღწევა შეიძლება სავსებით კონკრეტული ვალის გადახდით. ეს გახლავთ ელემენტები ხიდისა, რომელსაც აშენებენ უფსკრულის მხოლოდ ერთი ნაპირიდან და – უნდათ ეს მშენებლებს თუ არა უნდათ – მატერიის კანონების თანახმად, იგი ეჭვიანობის, იმედგაცრუებისა და საყოველთაო სიძულვილის უძირო უფსკრულში ჩაინგრევა. ჩვენთვის სასინჯ ქვად იქცა სამხრეთ აფრიკა – ბიბლიურ საშინელებათა და პრიმიტიული ცრურწმენების ციტადელი. მშვიდობის მომხრეებმა უნდა აირჩიონ ორი შესაძლებლობიდან ერთი: ან უნდა შეიყვანონ იგი თანამედროვე ცივილიზაციის ფარგლებში, საშუალება მისცენ თანასწორი პარტნიორობის სულისკვეთებით მოაწყოს გონივრული ცხოვრება, რის უნარი უკვე გამოავლინა აფრიკის განთავისუფლებულმა ქვეყნებმა, ანდა სასტიკად დაამციროს იგი იმით, რომ არ მისცეს დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობის საშუალება. არჩევანი როგორიც უნდა იყოს, არ უნდა დავუშვათ, რომ ეს შემზარავი გამოწვევა მიიღონ ჩვენგან XXI საუკუნის ადამიანებმა, კაცობრიობის სიმბოლური სრულწლოვანების, საზეიმო საუკუნისა, რომლის დადგომას ყველგან თავისებურად აღნიშნავენ დედამიწაზე მცხოვრები ხალხები. კალენდარი სხვადასხვანაირია, მაგრამ ერთიანია მისი მოთხოვნები. ამათგან ყველაზე უფრო გარდუვალი, ყველაზე უფრო აუცილებელი ჩვენი არსებობისათვის, ჩვენი სიცოცხლისათვის, ადამიანური სახის შენარჩუნებისათვის, არის რასიზმის, ხალხთა უთანასწორობისა და მათი მხარდამჭერი სოციალური ინსტიტუტების მოსპობა. ნობელის პრემია უსიტყვოდ აღიარებაა იმისა, რაც უპირისპირდება რასიზმსა და ხალხთა უთანასწორობას: საყოველთაო სწრაფვა მშვიდობისა და თანხმობისაკენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი