პანდემია თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ გამოწვევად იქცა, რომელმაც შეცვალა არა მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრება, არამედ სახელმწიფოთა მართვის, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისა და მოქალაქეობრივი ქცევის მოდელები. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სკოლის სივრცეში მოსწავლეებმა არა მხოლოდ ფაქტობრივი ინფორმაცია მიიღონ, არამედ გააანალიზონ პანდემიის გამოცდილება როგორც ცოცხალი სოციალური პროცესი. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა IX კლასში განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტი – „პანდემიის მატიანე“.
პროექტის მიზანი
პროექტის მთავარი მიზანი იყო, პანდემიის თვითმხილველ მოსწავლეებს შეექმნათ ერთგვარი მატიანე მომავალი თაობებისთვის და გაეაზრებინათ, როგორ რეაგირებდა საზოგადოება გლობალურ გამოწვევაზე. მოსწავლეები სწავლობდნენ, როგორც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, სახელმწიფო მართვისა და საზოგადოებრივი სოლიდარობის გამოცდას.
პროექტის განხორციელების ეტაპები
პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა შეისწავლეს, თუ როგორ მუშაობდნენ პანდემიის პერიოდში ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემდეგ საკითხებს:
- მიღებული გადაწყვეტილებები;
- მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები;
- მონიტორინგის, სანქციებისა და კომენდანტის საათის პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში;
- მოქალაქეთა ქცევები და საზოგადოებრივი რეაქციები კრიზისის პირობებში.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან, გაანალიზეს მოვლენები და იმსჯელეს პასუხისმგებლობისა და უფლებების ბალანსზე საგანგებო მდგომარეობის დროს.
პრაქტიკული და სიმულაციური აქტივობები
პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იყო პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება. მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნახატები და მონაწილეობდნენ სიმულაციურ აქტივობებში, რომლებიც პანდემიის რეალურ სცენარებს ასახავდა.
აქტივობა 1. „პანდემიის ერთი დღე“ – მოქალაქის ქრონიკა
მოსწავლეებმა შექმნეს „პანდემიის ერთი დღის ნარატივი“. თითოეულმა მათგანმა აღწერა საკუთარი ან ოჯახის წევრის ყოველდღიური გამოცდილება: გადაადგილების შეზღუდვა, ონლაინსწავლა, კომენდანტის საათი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება და უსაფრთხოების წესების დაცვა. ეს მოკლე ამბები გაერთიანდა საერთო დოკუმენტად, რომელიც წარმოაჩენდა პანდემიის ყოველდღიურ რეალობას მოქალაქის თვალით და მატიანის პერსონალურ ფენას ქმნიდა.
აქტივობა 2. სიმულაცია „გადაწყვეტილება კრიზისში“
მოსწავლეები როლებში გადანაწილდნენ – ექიმი, პოლიციელი, მაშველი და სამხედრო მოსამსახურე. სიმულაციის ფარგლებში მათ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილებები პანდემიის პირობებში: მოქალაქის გადაადგილების კონტროლი, უსაფრთხოების ზომების დაცვა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა. გამოყენებული ეკიპირება და სამედიცინო რეკვიზიტები (პირბადე, დეზობარიერი, სატურაციის საზომი და სხვა) ქმნიდა რეალისტურ გარემოს. აქტივობამ მოსწავლეებს დაანახვა, როგორ იწერება მატიანე მიღებული გადაწყვეტილებებით.
აქტივობა 3. „საზოგადოების რეაქციის რუკა“
მოსწავლეებმა ჯგუფურად შექმნეს ვიზუალური რუკა, სადაც ასახეს საზოგადოების სხვადასხვა რეაქცია პანდემიის დროს – სოლიდარობა, შიში, დაუმორჩილებლობა, დახმარება, ინფორმაციის დეფიციტი. თითოეულ რეაქციას ერთვოდა რეალური მაგალითი ან მედიის მასალა. ეს რუკა იქცა მატიანის ანალიტიკურ ნაწილად, სადაც პანდემია წარმოდგენილი იყო არა მხოლოდ როგორც სამედიცინო, არამედ როგორც სოციალური ფენომენი.
პროექტის შედეგები
პროექტის შედეგად მოსწავლეებში მნიშვნელოვნად განვითარდა:
- კრიტიკული აზროვნების უნარი;
- ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის კომპეტენცია;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სამოქალაქო ცნობიერება და სოციალური სოლიდარობის განცდა.
მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ პანდემია ისტორიული მატიანეა და მისი მართვა მხოლოდ სახელმწიფოს ან ჯანდაცვის სისტემის პასუხისმგებლობა არ არის, არამედ თითოეული მოქალაქის ქცევაზეა დამოკიდებული.
შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
პროექტი სრულად შეესაბამება IX კლასის სამოქალაქო განათლების მოსალოდნელ შედეგებს. იგი ხელს უწყობდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გააზრებას, საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებას. პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულმა სწავლებამ მოსწავლეებს დაეხმარა როგორც ცოდნის მიღებაში, ისე მის გაზიარებასა და რეალურ კონტექსტში გამოყენებაში.
დასკვნა
პროექტი – „პანდემიის მატიანე” აჩვენებს თუ როგორ შეიძლება სამოქალაქო განათლება იქცეს გამოცდილებაზე დაფუძნებულ პროცესად. მსგავსი პროექტები მოსწავლეებს არა მხოლოდ ისტორიული მოვლენის გააზრებაში ეხმარება, არამედ აყალიბებს მათ პასუხისმგებელ მოქალაქეებად, რომლებიც მზად არიან გააანალიზონ, შეაფასონ და მომავალში უფრო გაცნობიერებულად უპასუხონ საზოგადოებრივ გამოწვევებს.




